მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ჰომილიები ექვსი დღისათვის

 

ჰომილია VIII

 

ფრინველებისა და წყლის ცხოველთა შესახებ

1. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესავობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრეთ (შესაქ. 1.24). მოვიდა ბრძანება გზასა მავალი და დედამიწამაც საკუთარი სამკაული მიიღო; იქ: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველი ცხოველი და აქ: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. ნუთუ დედამიწა სულიერია და მართალნი არიან ცრუ ბრძენნი მანიქეველნი, რომელნიც დედამიწაშიც სულს დებენ? როცა თქვა გამოიღედ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაც მასში იყო, ის გამოიღო, არამედ იმას, რომ ძალა გამოღებისა მას ბრძანების მიმცემმა მიანიჭა. ამდენად, როცა დედამიწამ მოისმინა: გამოიღედ მწუანვილი თივისა და ხე ნაყოფიერი, მასში დაფარული ბალახი კი არ აღმოაცენა, ან სადღაც სიღრმეში ჩამალული ფინიკი, მუხა თუ კვიპაროსი კი არ ამოზარდა ზედაპირზე, არამედ დაბადებულთა ბუნება ღმრთის სიტყვით შეიქმნა.

ქუეყანამან გამოიღედ ანუ აღმოაცენოს არა ის, რაც აქვს, არამედ შეიძინოს ის, რაც არა აქვს – ძალა მოქმედებისა, რომელიც ღმრთისაგან ებოძა. ასეა ამ შემთხვევაშიც: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი, - არა მასში არსებული, არამედ ის, რაც მას ღმრთის ამ ბრძანებით მიეცა. ამასთან, მათი სწავლება თვით მათსავე საწინააღმდეგოდ ტრიალდება, რადგან უკეთუ დედამიწამ სული გამოიღო, თავისი თავი სულის გარეშე დაუტოვებია. ასე რომ, მანიქეველთა მოძღვრება თავის სისაძაგლეს თვითონვე წარმოაჩენს.

რისთვის ებრძანა წყალს გამოეღო ქუეწარმავალი სამშჳნველი ცხოველი და დედამიწას კი - სამშჳნველი ცხოველი? ვფიქრობთ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მცურავთა ბუნება სრულყოფილ ცხოვრებასთან შედარებით ნაკლებადაა ნაზიარები, რასაც მათი წყლის სიღრმეში არსებობა განსაზღვრავს. მათ სასმენელნიც მძიმე აქვთ და მხედველობაც სუსტი, იმიტომ, რომ წყალში ხედავენ; ამასთან, მათ არც მეხსიერება აქვთ, არც წარმოსახვანი და არც უნარი თვისტომის შეცნობის. ამიტომ სიტყვა თითქოს გვიჩვენებს, რომ წყლის ცხოველებში სამშვინველის მოძრაობებს ხორციელი ცხოვრება განაგებს, ხოლო ხმელეთის ცხოველებში, რამდენადაც მათი ცხოვრება უფრო სრულია, მთელი ძალაუფლება სამშვინველს გადაეცა. მათ გრძნობები უფრო განვითარებული აქვთ, აღქმა აწმყოსი – გამახვილებული, ხოლო ოთხფეხთა უმეტეს ნაწილს წარსულიც კარგად ახსოვს. ამიტომ, როგორც ჩანს, წყლის ცხოველთა სხეულები მშვინვიერნი დაიბადა (რადგან ქვეწარმავალნი სამშვინველთა ცხოველთა წყლისაგან წარმოაჩინა), ხოლო ხმელეთის ცხოველებში სამშვინველს ებრძანა სხეულის განმგებლად შექმნილიყო, მაგრამ ყოველი მათგანი მისი ბუნებითი ხმით მრავალ სულიერ განცდას გამოხატავს; მაგალითად, სიხარულს, მწუხარებას, თვისტომის შეცნობას, წუხილს საკვების მოკლების გამო, მახლობელთან განშორებას, თუ სხვა ათასგვარ განცდას ისინი ხმით საცნაურყოფენ.

წყლის ცხოველები კი არა მხოლოდ უტყვნი, არამედ მოუთვნიერებელნიც, განუწვრთნელნიც და ადამიანთა ცხოვრებასთან ყოველგვარი ურთიერთობისათვისაც გამოუსადეგარნი არიან. იცნა ჴარმან ბაგაჲ თჳსი და ვირმან მომგებელი (ეს. 1.31). თევზს არ შეუძლია იცოდეს, ვინც აძლევს საკვებს, ვირი კი ცნობს ხმას, რომელსაც შეჩვეულია, იცის გზაც, რომელზეც ბევრჯერ გაუვლია, ხოლო ზოგჯერ მეგზურობს კიდევაც კაცს, რომელსაც გზა შეეშლება. ამბობენ, რომ ხმელეთის ცხოველთა შორის მასზე უფრო მახვილი სმენა არავის აქვსო. ზღვის ცხოველთაგან რომელს შეუძლია მიბაძოს აქლემს გულღრძოობაში, მრისხანებასა და გულისწყრომის ხანგრძლივად გაყოლაში? ოდესღაც ვინმესგან ნაცემი აქლემი წყენას დიდი ხნის განმავლობაში ინახავს და მარჯვე დროს იპოვის თუ არა, ბოროტების წილ ბოროტად მიაგებს. ისმინეთ მრისხანენო, რომელნიც წყენის დამახსოვრებაზე ვითარცა სათნოებაზე ისე ზრუნავთ: ვის ჰგავხართ მაშინ, როცა ღვარძლს მახლობლის მიმართ ისე ინახავთ, როგორც ნაპერწკალს ფერფლით დაფარულს, ვიდრე არ იპოვით საბაბს და თქვენი გულისწყრომისაგან ცეცხლს არ აღაგზნებთ?

2. გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. რისთვის გამოიღო დედამიწამ სამშვინველი ცხოველი? იმისათვის, რომ შენთვის პირუტყვის სამშვინველსა და ადამიანის სულს შორის განსხვავება ესწავლებინა. ცოტა ხნის შემდეგ შეიცნობ, როგორ შეიქმნა სული კაცისა, ახლა კი პირუტყვთა სამშვინველის შესახებ მოისმინე. რამდენადაც წმინდა წერილის მიხედვით სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს (ლევ. 17.11), ხოლო რაჟამს სისხლი გაიყინება, ხორცად იქცევა, ხორცი კი გახრწნისას მიწას უერთდება, ამდენად სამართლიანი იქნება თქმა იმისა, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწისაგანაა.

გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. იხილე თანმიმდევრობა გარდასახვისა – სამშვინველისა სისხლად, სისხლისა ხორცად, ხორცისა მიწად და შემდეგ კი იგივე საქმენი პირიქით დაასახელე: მიწიდან ხორცი, ხორციდან სისხლი, სისხლიდან სამშვინველი და მიხვდები, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწაა. ნუ იფიქრებ, რომ იგი მათ სხეულებრივ შედგენილობაზე უწინარესია და ნურც იმას, რომ სხეულის დარღვევის შემდეგაც დარჩება. გაექეცი ამპარტავან ფილოსოფოსთა ლაყბობას, რომელთაც საკუთარი და ძაღლის სულების ერთგვარად წარმოდგენისა არ რცხვენიათ და თავიანთი თავის შესახებ ამბობენ, რომ ისინი ოდესღაც ქალებად, ბუჩქებად და ზღვის თევზებად დაიბადნენ. მე თუმცა იმის შესახებ, იყვნენ თუ არა ისინი ოდესღაც თევზები, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მზად ვარ მთელი ძალით დავამტკიცო, რომ როცა ამას წერდნენ, თევზებზე უფრო უგუნურნი იყვნენ.

გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. შეიძლება მრავალს გაუკვირდეს, სიტყვის უხვად მდინარების შემდეგ რისთვის დავდუმდი უცებ ხანგრძლივად? მაგრამ გულმოდგინე მსმენელებმა მიზეზი ამისა გამოიცნეს და ეს საიდან ჩანს? იქიდან, რომ გადახედეს რა ერთმანეთს და რაღაც ანიშნეს, ჩემი ყურადღება მიიპყრეს და გონება ჩემი იმათკენ წარმართეს, რომელნიც დამავიწყდნენ. მართლაც, ქმნილებათა მთელი სახეობა და ამასთან არცთუ უმნიშვნელო, გამოგვრჩა და სიტყვამ ისე, რომ დიდად შორს არ წასულა, იგი სრულიად გამოუკვლეველი დატოვა.

გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა (შესაქ. 1.20). გუშინ ჩვენ, რამდენადაც ამის საშუალება საღამოს ჟამმა მოგვცა, მცურავთა შესახებ ვისაუბრეთ, დღეს ხმელეთის ცხოველთა გამოკვლევაზე გადავედით, მაგრამ დაგვავიწყდა ფრინველები, რომელნიც შუაში არიან. ასე რომ, იმ გულმავიწყ მოგზაურთა მსგავსად, რომელთაც საჭირო რამ ნივთი დაავიწყდათ და თუმცა გზის დიდი ნაწილი უკვე გავლილი ჰქონდათ, ისევ იმავე გზით უკან მობრუნება მოუხდათ და უზრუნველობისათვის ზედმეტი ჯაფის გაწევით ღირსეულად დაისაჯნენ, როგორც ჩანს, ჩვენც აუცილებლად უკან უნდა მივბრუნდეთ, რადგან რაც გამოგვრჩა, არად ჩასაგდები როდია, იგი ცოცხალი ქმნილებების მესამე ნაწილია, რამდენადაც ცხოველთა სულ სამი – ხმელეთის, ჰაერისა და წყლის მოდგმა არსებობს.

ნათქვამია: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა ნათესაობისაებრ. ფრინველნი რატომღა დაიბადნენ წყლისაგან? იმიტომ, რომ ფრინველთა და მცურავთა შორის თითქოს რაღაც ნათესაობა არსებობს. როგორც თევზები აპობენ წყალს და წინ ფარფლების მოძრაობით მიისწრაფვიან, ხოლო მიხვევ-მოხვევასა და პირდაპირ მიმართულებას კუდის მოქნევის შედეგად განაგებენ, ასევე ფრინველებშიც შეიძლება დანახვა იმისა, რომ ისინიც ჰაერში ფრთების საშუალებით მსგავსად მიცურავენ. ამგვარად, რამდენადაც ერთსაც და მეორესაც ერთი თვისება აქვთ – ცურვა, წყლისგან წარმოშობის გამო რამდენადმე მსგავსებაც მიენიჭათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფრინველთაგან ფეხები ყველას აქვს, რადგანაც საკვებს მიწისაგან იღებენ და ფეხებისაგან გაწეულ სამსახურს უცილობლად საჭიროებენ. თუმცა მტაცებლებს ნადირობისათვის ბასრი ბრჭყალები მიეცათ, საკვების მოპოვებასა თუ ცხოვრებისეულ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში საჭირო სამსახურს მაინც ფეხები უწევენ. ფრინველთაგან ცოტანი არიან ისეთნი, რომელთაც ფეხები იმდენად სუსტი აქვთ, რომ მისით არც სიარული და არც საზრდელის მოპოვება არ შეუძლიათ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მერცხლები, რომელნიც ფეხებს ვერც სიარულისა და ვერც რაიმეს მონადირებისთვის ვერ იყენებენ და ასევე ისინიც, რომელთაც ნამგალებს ვუწოდებთ და რომელნიც მხოლოდ იმით საზრდოობენ, რაც ჰაერშია. სხვათა შორის, მერცხლებს ფეხების ნაცვლად სამსახურს მიწასთან ახლოს ფრენა უწევს.

3. რაღა თქმა უნდა, არსებობს მრავალი განსხვავებული ჯიში ფრინველებისა, რომელთა შესახებაც თუ ვინმე იმგვარად მოგვითხრობს, როგორც ჩვენ ეს ნაწილობრივ თევზების გამოკვლევისას გავაკეთეთ, მიუხედავად ერთი საერთო სახელისა – ფრინველი, სიდიდის, აღნაგობისა და ფერის მიხედვით მრავალ სხვაობას აღმოაჩენს. შეუძლებელია აგრეთვე გადმოცემა იმ მრავალფეროვნებისა, რომელსაც მათ შორის ცხოვრების წესის, საქმიანობისა და ზნის სხვადასხვაობა ქმნის. ზოგიერთებმა მათთვის სახელის მიცემა უკვე სცადეს, რათა მანამდე უჩვეულო და უცხო სხეულების, როგორც რაღაც დამღების საშუალებით თითოეული გვარის საკუთარი თვისების შეცნობა შესაძლებელი გამხდარიყო; ზოგს ფრთაგაყოფილები შეარქვეს, როგორც მაგალითად, არწივებს, ზოგს ტყავფრთიანები, როგორც ღამურებს, ზოგს სიფრიფანა ფრთიანები, მაგალითად, ბზიკებს, ზოგსაც მაგარფრთიანები, მაგალითად, ხოჭოებსა და მათ, რომელნიც რაღაც ბუდეებსა და ნაჭუჭებში იბადებიან და ფრენისათვის საფარველის გაპობის შემდეგ თავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენთვის თვისებების მიხედვით ჯიშთა განსხვავებისათვის საკმარისი ნიშანია საერთო სარგებლობა და წმინდა წერილისეული განსაზღვრება წმიდა და უწმინდური ფრინველებისა.

ამგვარად, სხვაა მოდგმა ხორცის მჭამელთა და სხვაგვარი, ცხოვრების ნირის შესაბამისი, აგებულებაც შეეფერებათ: მათ ბასრი ბრჭყალები, მოკაუჭებული ნისკარტი და სწრაფი ფრთები აქვთ, რათა მსხვერპლი ადვილად შეიპყრონ და დაგლეჯილი ნადავლი საზრდელად აქციონ. სხვაა აგებულება თესლისმჭამელთა და სხვა კიდევ იმათი, რომელნიც, რაც შეხვდებათ, იმით საზრდოობენ, ამათ შორისაც მრავალი სახესხვაობა განირჩევა: ზოგეირთები გუნდებად ცხოვრობენ, მაგრამ არა მტაცებელნი, რადგან მათ ერთმანეთთან არავითარი ურთიერთობა არ აქვთ, გარდა საქორწინო კავშირისა. ერთად ცხოვრება ბევრს უყვარს, როგორც მაგალითად, მტრედებსა და წეროებს, შოშიებსა და ჭკებს. სხვაობა ამათ შორისაც არსებობს: ზოგიერთებს უფროსობა არ ჰყავს და ამდენად თითქოს თვითრჯულნი არიან, ხოლო სხვები, მაგალითად, წეროები წინამძღოლს ემორჩილებიან. არსებობს სხვა სახის სხვაობაც: ერთნი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას მკვიდრობენ, მეორენი კი, შორს წასვლას არიან ჩვეულენი და მოახლოვდება თუ არა ზამთარი, მათი დიდი ნაწილი გადასახლებისთვის ემზადება. ფრინველთაგან მრავალნი, რომელთაც ადამიანები ზრდიან, მოშინაურებულნი და მორჩილნი არიან, გარდა განსაკუთრებით სუსტებისა, რომელნიც გადაჭარბებული შიშისა და სიმხდალის გამო ხელის შეხებასა და შეწუხებას ვერ იტანენ. ზოგიერთი ფრინველი ადამიანებს ენდობა და ჩვენთან ცხოვრებას ეგუება, სხვანი მათში ცხოვრობენ და უდაბნოს მოყვარულნი არიან. ფრინველთა შორის დიდია აგრეთვე სხვაობა ხმების მიხედვითაც; მათ ერთ ნაწილს ხმა აქვს და მოლაყბეა, ხოლო მეორე – მდუმარე. ზოგი მაღალხმიანია და მშვენივრად გალობს, სხვები კი სრულიად არამუსიკალურნი არიან და არც გალობა იციან. ზოგი წამხედურაა და ბაძვის უნარი ან ბუნებისაგან აქვს მინიჭებული, ან კიდევ წვრთნის შედეგად შეძენილი, ზოგიც კიდევ ერთფეროვანსა და უცვლელ ხმას გამოსცემს. მამალი ამაყია, ფარშევანგი – სილამაზის მოყვარული, მტრედები და შინაური ფრინველები ავხორცნი არიან და მთელ დროს ხორციელ კავშირში ატარებენ. ცბიერი და მოშურნეა კაკაბი და მონადირეებს ვერაგობით შეეწევა.

4. როგორც ვთქვით, ფრინველები ერთმანეთისაგან საქმიანობითა და ცხოვრების წესითაც დიდად განსხვავდებიან. უტყვთაგან ზოგიერთები, იმდენად, რამდენადაც მოქალაქეობის თვისება ისაა, რომ თითოეულის საქმე ერთი საერთო შედეგისკენ იყოს წარმართული, თითქოს მოქალაქეობენ კიდეც, როგორც ეს შეიძლება ფუტკრებში დავინახოთ. მათ ერთი სახლი აქვთ, ფრენაც საერთო და საქმეც ყველასთვის – ერთი. რაც ყველაზე საოცარია, ისინი ყოველ საქმეს მეფისა და უფროსის ბრძანებით იწყებენ. ვიდრე არ დაინახავენ, რომ მათი მეფე აფრინდა, ისინი თავს მინდვრისაკენ გაფრენის ნებას არ აძლევენ; მეფე კი მათთან არც სახალხო კრების მიერაა არჩეული (რადგან ხშირად უგუნურებამ ხალხის სათავეში ყველაზე უარესი დააყენა) და ხელისუფლება არც წილისყრით რგებია (რადგან უგუნური შემთხვევითობა ძალაუფლებას ხშირად ყველაზე უკანასკნელს არგუნებს ხოლმე) და არც მამისგან მიღებული მემკვიდრეობით დამჯდარა ტახტზე (რადგან ამგვარნი ფუფუნებისა და მლიქვნელობის წყალობით უმეცარნი და ყოველგვარ სათნოებაში განუწვრთნელნი არიან), არამედ გამოირჩევიან რა სიდიდით, შესახედაობითა და ხასიათის სიმშვიდით, პირველობა ყოველთა ზედა ბუნებით აქვთ მინიჭებული. ნესტარი მეფესაც აქვს, მაგრამ მას შურისძიებისათვის როდი იყენებს. ასეთია თითქოს დაუწერელი კანონები ბუნებისა, რომელთა მიხედვით, მათ, რომელნიც უმაღლეს ხელისუფლებას აღწევენ, სამაგიეროს მიგება არ უნდა იჩქარონ. ფუტკრები, რომლებიც არ მისდევენ მეფის მაგალითს, თავიანთ უგუნურებას მსწრაფლ შეინანებენ და ნესტრის ჩასობით იღუპებიან. დაე, ისმინონ ეს ქრისტიანებმა, რომელთაც ნაბრძანები აქვთ: ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, არამედ სძლიერ კეთილითა მით ბოროტსა (რომ. 12; 17.21). მიბაძე ფუტკარს, რომელიც ფიჭებს ისე აშენებს, რომ არც არავის ზიანს არ აყენებს და არც უცხო ნაყოფს ანადგურებს. ცხადია, ცვილს იგი ყვავილებისაგან კრებს, ხოლო თაფლს – ყვავილებზე ცვარის სახით გაბნეულ ტენს, პირით ამოიზიდავს და ფიჭის უჯრედებში ჩაასხამს, რის გამოც თავდაპირველად თაფლი ნედლია, იგი მხოლოდ შემდეგ, დროთა განმავლობაში შესქელდება და თავის ჩვეულებრივ შედგენილობასა და სიტკბოს მიიღებს. ლამაზი და შესაფერისი ქება დაიმსახურა ფუტკარმა იგავებში, სადაც მას ბრძენი მუშაკი ეწოდა, რადგან გულმოდგინედ აგროვებს საზრდელს, რომლისა ნაშრომსა, ამბობს იგავი (6.8), მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. და როგორ ბრძნულად და ოსტატურად აგებს იგი სათავსებს თაფლისთვის! გადაჭიმავს რა ცვილს თხელ ქერქად, ფუტკარი მისგან ხშირსა და ერთმანეთზე შედგმულ სათავსებს აგებს ისე, რომ ეს, თვით უმცირეს ნაწილთა შორის არსებული მჭიდრო კავშირი, ყველასათვის საყრდენი გახდეს. ყოველი უჯრედი მეორეს ეყრდნობა, რომელსაც იგი თხელი ტიხარით ერთდროულად კიდევაც გამოეყოფა და კიდევაც უერთდება. ეს უჯრედი ორ და სამ სართულად ერთმანეთზეა დაშენებული. ერთი სრული სათავსის გაკეთებას ფუტკარი უფრთხის, რათა იგი სითხემ თავისი სიმძიმით არ გახვრიტოს.

შეიცანი, რომ გეომეტრიის აღმოჩენაც ბრძენი ფუტკრის საქმეთა რიცხვშია. ფიჭის ყველა უჯრედი ექვსკუთხა და ტოლფერდაა და უშუალოდ ერთმანეთზე კი არ დგას, რათა საფუძვლის ქვეშ სიცარიელე არ ჰქონდეს და არ ჩაუტყდეს, არამედ ქვემოთა ექვსკუთხედების კუთხეები ზემოთა ექვსკუთხედების საფუძველსა და საყრდენს წარმოადგენს, რათა სიმძიმეც უსაფრთხოდ იტვირთონ და სითხეც თითოეულ უჯრედში, ცალ-ცალკე ფრთხილად იქნას შენახული.

5. როგორ აღგიწერო ფრინველთა ცხოვრების ყველა თავისებურება? მაგალითად, როგორ ენაცვლებიან წეროები ერთმანეთს ღამის სადარაჯოზე? რაჟამს ერთნი იძინებენ, მეორენი გარს უვლიან და მათი ძილის სიმშვიდეს იცავენ. როცა დრო გაუვა, სადარაჯოზე მდგომი დაიყივლებს და ძილად მიდრკება; მას სხვა შეენაცვლება და სათანადოდ მიუზღავს სამაგიეროს იმ სიმშვიდისათვის, რომელიც მისი წყალობით ჰქონდა. ასეთ წესრიგს მათი გადაფრენის დროსაც ნახავ. წინამძღოლი, რომელიც ხან ერთია და ხან მეორე, განსაზღვრული დროის მანძილზე მიფრინავს თავში, რის შემდეგაც ბოლოში გადაინაცვლებს და წინამძღოლობასაც მომდევნოს გადასცემს.

ხოლო ყარყატთა მოდგმის საქმენი მეტყველის გონიერებისგან დიდად როდია დაშორებული. ჩვენს მხარეში ისინი ყველანი ერთად მოფრინავენ  და ასევე ყველანი, თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო, ერთდროულად მიდიან. მათ გარს ერტყმიან და მიაცილებენ ჩვენი ყვავები, ჩემი ფიქრით, მტრულად განწყობილ ფრინველებთან შეხვედრის ჟამს შემწეობის აღმოსაჩენად. ამას ჯერ ერთი გვიდასტურებს ის, რომ ამ დროისათვის არცერთი ყვავი არ ჩანს და მეორეც ის, რომ ისინი ჭრილობებით ბრუნდებიან და თავიანთი ღვაწლისა და გადატანილი ბრძოლის ცხად ნიშნებს ატარებენ. ვინ დაუდგინა მათ კანონები სტუმართმოყვარეობისა? ვინ დაემუქრა მათ საომარი მწყობრის მიტოვებისათვის ისე, რომ ამ გაცილების ჟამს არცერთი ყვავი შინ არ რჩება? დაე, ეს სტუმართმოძულე ადამიანებმა მოისმინონ, რომლებიც კარებს კეტავენ და მოსულებს არც ზამთარში და არც ღამით თავიანთ ჭერქვეშ არ იფარავენ.

ყარყატთა მზრუნველობა მოხუცთა მიმართ კი საკმარისია, რომ ჩვენი ბავშვები, თუკი ისინი ამის შესმენას მოისურვებენ, მშობელთა მოყვარულებად იქცნენ, რადგანაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც გონიერებამ ისე მიატოვოს, რომ უტყვი ფრინველებისათვის სათნოებაში ჩამორჩენა სირცხვილად არ მიაჩნდეს. ყარყატები გარს ერტყმიან სიბერისაგან ბუმბულგაცვენილ მამას, საკუთარი ფრთებით ათბობენ, საჭმელსაც უხვად უზიდავენ და უჭირავთ რა ორივე მხრიდან თავიანთი ფრთებით, ფრენის დროსაც დიდად ეწევიან. მათი ეს თვისებები ყველასათვის იმდენად ცნობილია, რომ ზოგიერთი ნაცვლად იმისა, თქვას – მადლი მიაგეო, ამბობს – ყარყატისებურად მიაგეო.

ნურავინ დაიჩივლებს სიღატაკეზე და თუნდაც შინ აღარაფერი ჰქონდეს, ნურც ცხოვრების სასოს წარიკვეთს, როცა მერცხლის მოხერხებულობას ნახავს. რაჟამს მერცხალი ბუდეს იშენებს, ჩალა პირით მოაქვს, მაგრამ თიხის მოტანა ფეხებით არ შეუძლია, ამიტომ ჯერ ფრთათა წვერებს დაინამავს და მერე უწვრილეს მტვერს მიიკრობს. ამ ხერხით ეზირება იგი საჭირო თიხას, ჩალას ერთმანეთთან თიხით, ვითარცა წებოთი, თანდათანობით შეაწებებს და მასში თავის შთამომავლობას ზრდის. თუ ვინმე მის ბარტყებს თვალებს დათხრის, მერცხალი, რომელსაც ბუნებისაგან რამდენადმე მკურნალობის ხელოვნებაც აქვს მიმადლებული, მათ თვალებს სიჯანსაღესა და მხედველობას უბრუნებს.

აქედან ისწავლე, რომ სიღარიბის გამო არც ბოროტი საქმეებისაკენ უნდა მიდრკე და არც უმძიმეს ტანჯვასა შინა წარიკვეთო სასო; ხელები კი არ უნდა ჩამოუშვა და უმოქმედოდ კი არ უნდა გაჩერდე, არამედ ღმერთს უნდა მიაშურო, რომელიც, თუკი მერცხალს ამდენი მიანიჭა, მით უმეტეს, ბევრს მისცემს სხვას, ვინც მას მთელი გუილთ შეევედრება.

ჭარლი (ალკუნი) ზღვის ფრინველია, რომელსაც ჩვევად აქვს ზედ ზღვის პირას დაიბუდოს, იგი კვერცხებს ქვიშაზე დებს და მათზე შუა ზამთარში ზის, როცა ხშირი და მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა ხმელეთს ეხეთქება. იმ შვიდი დღის განმავლობაში, როცა ალკუნი კვერცხებზე ზის ბარტყების გამოსაჩეკად, ყველა ქარი წყნარდება და ზღვაც მშვიდდება. რამდენადაც ახალგამოჩეკილებს საჭმელიც სჭირდებათ, მრავალმოწყალე ღმერთი ამ პატარა ფრინველს მეორე შვიდ დღესაც აძლევს ბარტყების გამოსაზრდელად. ეს ყველა მეზღვაურმა იცის და ამ დღეებს ალკუნის (ჭარლის) დღეებს ეძახის. ყოველივე ეს ღმრთის მზრუნველობით (განგებით) პირუტყვებში შენს განსასწავლად დადგინდა, რათა შენ მისგან, რაც ხსნისთვისაა საჭირო, ის ითხოვო. უკეთუ ღმერთმა ასე პატარა ფრინველისათვის დიდი და საშიში ზღვა დააყენა და შუა ზამთარში სიმშივდე უბრძანა, რა სასწაული არ მოხდება შენთვის, რომელიც ხატად ღმრთისად ხარ შექმნილი?

6. გვრიტზე ამბობენ, რომ როცა მეუღლეს განშორდება, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუება, უქორწინებლად რჩება და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ კავშირზე უარს ამბობს. მოისმინოს ქალებმა, რომ ქვრივობის პატიოსნება უტყვთა შორისაც უფრო პატივდებულია, ვიდრე სააუგო მრავალგზის ქორწინება.

შვილების გამოზრდისას ყველაზე უსამართლოდ არწივი იქცევა. გამოჩეკს რა ორ მართვეს, ერთ მათგანს ფრთების დარტყმით მიწაზე ჩამოაგდებს, ხოლო მეორეს იწყნარებს და ითვისებს. თავის ნაშობს ასე იგი იმიტომ ექცევა, საკვების მოპოვება ეძნელება.

სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, გადაგდებულს სიკვდილისათვის ზღვის არწივი ვერ იმეტებს, თავის შვილებთან მიჰყავს და მათთან ერთად ზრდის. მსგავსად იქცევიან ის მშობლებიც, რომელნიც სიღარიბის საბაბით ან შვილებს იშორებენ, ან კიდევ მემკვდირეობას თანაბრად არ უნაწილებენ. სამართლიანობა ხომ ის იქნებოდა, რომ რამდენადაც ყოველ მათგანს არსებობა თანაბრად მისცეს, საცხოვრებელიც მათთვის ასევე თანაბრად და მიუკერძოებლად გაეყოთ.

სისასტიკით ნუ დაემსგავსებით მოკაუჭებულბრჭყალებიან ფრინველებს, რომელნიც დაინახავენ თუ არა, რომ მათი შვილები უკვე ფრენას ბედავენ, ფრთებს ურტყამენ, კორტნიან, ბუდიდან აგდებენ და ამიერიდან ამთთვის აღარ ზრუნავენ.

შვილთა სიყვარულისათვის საქებია ყვავი, რადგან იგი მაშინაც დასდევს მათ, როცა უკვე ფრენას იწყებენ, აჭმევს და ფრიად დიდი ხსნის განმავლობაში ასაზრდოებს.

ფრინველთა მრავალ ჯიშს ორსულობისათვის არ სჭირდება მამრთან შეერთება, სხვებში კი, გაუნაყოფიერებელი კვერცხები უნაყოფოა. ძერებზეც ამბობენ, რომ ისინი უმეტესწილად შეუწყვილებლად შობენ; ამასთან დღეგრძელნიც არიან, რადგან მათი სიცოცხლე ხშირად ას წლამდეც გრძელდება. რაჟამს იხილავ ვინმეს, ვინც ჩვენს საიდუმლოს დასცინის და ამბობს – შეუძლებელია და არაბუნრბრივი ქალწულისაგან შობა ისე, რომ ქალწულობაც უხრწნელად შეინარჩუნოსო, ფრინველთა ისტორიიდან ეს გქონდეს ნიშნად, რათა მოიაზრო: ვინც ჯერ-იჩინა ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ (I კორ. 1.21), წინასწარ დაასწრო და ბუნებაში მრავალი საკვირველება დათესა, რათა შემდეგში  ასწაულები დაგვეჯერებინა.

7. გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. ფრინველებს ფრენა დეადმიწაზე ებრძანათ, რადგან საკვებს ყველა მიწისაგან იღებს, მაგრამ ასევე ზეცაშიც – სამყაროსაებრ ცისასა, რამდენადაც, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ცა (οὐρανός), წარმომადგარი სიტყვიდან ὅρασθαι  (რაც იხილვება), აქ ჰაერს ეწოდება; ამასთან, ამ ჰაერს, რომელიც ჩვენს ზემოთაა, მყარიც (სამყაროსაებრ) ეწოდა, რადგანაც იგი ეთერის სხეულთან შედარებით რამდენადმე ხშირი და უფრო სქელია დედამიწიდან ასული ორთქლის გამო.

გაქვს შენ ზეცა შემკული, დედამიწა გამშვენებული, ზღვა – მდიდარი თავისი ნაშობებით და ჰაერი – სავსე ფრინველებით, რომელნიც მასში დაფრინავენ! ყოველი, რამაც, ღმრთის ბრძანებით, არარასაგან არსებობა შეიძინა და ისინიც, რომელთაც ახლა სიტყვა მრავალსიტყვაობისათვის თავის არიდებისა და იმის გამო, რომ არ სურდა ზომიერებას გადაჭარბებული გამოჩენილიყო, არ შეხებია, - ეს ყოველივე, შრომისმოყვარევ, გონებით მოიაზრე და შეიმეცნებ რა ყოველივეთი ღმრთის სიბრძნეს, მუდამ გაკვირვებული დარჩი და ყოველი ქმნილებით შემოქმედი განადიდე.

გყავს შენ ფრინველთა ჯიშები საზრდელის მომპოვნებელნი როგორც ღამის სიბნელეში, ასევე დღის სინათლეზეც, რომელნიც დღისით დაფრინავენ. ღამღამობით ჭოტები, ბუები და ღამურები საზრდოობენ. ზოგჯერ, როცა ძილი გაგიტყდება, საკმარისია შენი ყურადღება მათზე შეაჩერო და მათი თვისებები გამოიძიო, რომ ღმრთის დიდებისმეტყველების სურვილი აღგეძრას. როგორ მღვიძარებს ბულბული, როცა კვერცხებზე ზის და მთელი ღამის განმავლობაში დაუცხრომლად გალობს; როგორ არის ღამურა ერთდროულად ოთხფეხაცა და ფრთოსანიც, როგორ აქვს ფრინველთაგან მხოლოდ მას კბილები, შვილებს, ვითარცა ოთხფეხნი, ცოცხლად შობს, ხოლო ჰაერში არა ფრთებით, არამედ რაღაც ტყავის აპკებით მიცურავს; და ბუნებით როგორი სიყვარუყლი მოდგამთ ამ ქმნილებებს ერთმანეთისა! ღამურები ერთმანეთს მიყოლებით დაეკიდებიან მსგავსად ჯაჭვისა, რისი მიღწევაც ჩვენთვის, ადამიანებისთვისაც კი ძნელია, რადგან განყოფილი და კერძო მრავალი ჩვენგანისათვის ზოგადსა და საერთოზე უფრო პატივდებულია. როგორ ჰგვანან თვალებით ბუს ისინი, რომელთაც ამაო ფილოსოფოსობისათვის მოიცალეს. ბუს, რომელიც ღამით ხედავს, რაჟამს მზე გამობრწყინდება, თვალთ უბნელდება. მსგავსად ამისა, მათი გონებაც, ფრიად მახვილი ამაო საგნების ჭვრეტისას, ჭეშმარიტი ნათლის შეცნობისათვის ბნელდება.

დღისით კიდევ უფრო ადვილია შენთვის შემოქმედის საკვირველებათა შეკრება ყოველი მხრიდან: როგორ გაღვიძებს საქმისათვის ფრინველი, რომელიც შენთან ცხოვრობს, მაღალი ხმით დაიყივლებს და მზის ამოსვლას შორიდან გაუწყებს, მოგზაურებს სისხამ დილით აყენებს ფეხზე, ხოლო მიწათმოქმედი სამკალად გაჰყავს. როგორი მღვიძარეა ბატის ჯიში და როგორი მახვილი ალღო აქვს იმის მიმართ, რაც დაფარულია; ოდესღაც მათ სამეფო ქალაქი იხსნეს, რადგან ნიშანი მისცეს მტრებზე, რომელნიც საიდუმლო მიწისქვეშა ხვრელიდან რომის სიმაგრის ასაღებად უკვე მზად იყვნენ.

ფრინველთა რომელ ჯიშში არ გვაჩვენებს ბუნება რაღაც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ საკვირველ თვისებას? წინასწარ ვინ აუწყებს ძერებს იმ ადამიანთა სიკვდილს, რომელნიც ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ემზადებიან? შეგიძლია იხილო ძერების გუნდი, ლაშქრებს რომ მისდევს და საჭურველის მზადებისაგან ასკვნის შედეგს, რომელიც ამას მოჰყვება. ეს უკვე კაცობრივ განსჯათაგან შორს როდი დგას.

როგორ აღგიწერო შენ თავზარდამცემი ლაშქრობები კალიებისა? თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო, ყველა ერთბაშად აღდგება და გაშლილ ადგილს დაბანაკდება, თუმცა ნაყოფს მანამდე არ ეხება, ვიდრე საღმრთო ბრძანება არ მიეცემა. როგორ მოსდევს მათ სელევკიდები (მგალობელი შაშვები) – მკურნალნი მათგან მიყენებული წყლულებისა, რადგანაც აქვთ ძალა განუზომლად ჭამისა და გაუმაძღარი ბუნება, რომელიც კაცთმოყვარე ღმერთმა მათ კაცთათვის სარგებლობის მოსატანად მისცა?

როგორ მღერის ჭრიჭინა? როგორ მღერიან ისინი შუადღისას ჩვეულებრივზე ხმამაღლა, შეისუნთქებენ რა ჰაერს გაფართოებით მკერდისა, რომელიც მას აღმოუტევებს? მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი სიტყყვა, რომელიც ფრინველა საკვირველებებს ასახავს, უფრო ჩამორჩა, ვიდრე მაშინ ჩამოვრჩებოდი, რომ მეცადა და მათ სისწრაფეს ფეხით ავდევნებოდი.

რაჟამს ფრინველთა შორის დაყოფილებად წოდებულებს – ფუტკრებსა და ბზიკებს (ასე უწოდეს მათ იმის გამო, რომ ყოველი მხრიდან რაღაცნაირად დაყოფილებად ჩანან), იხილავ, გულისხმაყავ, რომ მათ არც სუნთქვა იციან და არც ფილტვი აქვთ, არამედ ჰაერით მთელი სხეულით იკვებებიან. ამიტომაც, თუ ზეთით დასველდნენ, სხეულთა ნასვრეტების გადაკეტვის გამო იხოცებიან, მაგრამ თუკი მაშინვე ძმარს ვაპკურებთ, რომელიც ნასვრეტებს გახსნის, კვლავ ცოცხლდებიან. ჩვენს ღმერთს არაფერი შეუქმნია იმაზე მეტი, რაც საჭიროა და არც იმაზე ნაკლები, რაც აუცილებელია.

თუკი ისევ წყლის მოყვარე არსებებს განვიხილავთ, სხეულის სხვაგვარ აგებულებას აღმოვაჩენთ. მათ არც განყოფილი ტერფები აქვთ, ვითარცა ყვავებს და არც მოკაუჭებულბრჭყალებიანი, როგორც ხორცის მჭამელებს, არამედ ბრტყელი, მსგავსი აპკისა, რათა წყალში ადვილად იცურონ და ეს აპკებიანი ტერფები მის გასაპობად, თითქოს ნიჩბებიაო, ისე მოიხმარონ.

თუკი გედს დაუკვირდები, როცა იგი კისერს წაიგრძელებს და სიღრმეში ჩაყოფს, რათა იქედან თავისთვის საზრდელი ამოიღოს, მაშინაც ჩასწვდები დამბადებლის სიბრძნეს, ვინც გედს ყელი ფეხებზე გრძელი მისცა, რათა იგი ვითარცა ანკეზი, ჩაეშვა და სიღრმეში დაფარული საკვები ამოეტაცა.

8. თუ წმიდა წერილის სიტყვებს უბრალოდ წავიკითხავთ, ისინი მხოლოდ რამდენიმე მოკლე მარცვალს წარმოადგენს: გამოიღედ წყალთა მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. მაგრამ რაჟამს ამ სიტყვების აზრს გამოვიკვლევთ, მაშინვე წარმოჩნდება დამბადებლის სიბრძნის დიდი საოცრება, - რამდენი სახეობა გაითვალისწინა მან ფრინველებისა, როგორ გაყო ერთმანეთისაგან ერთი მოდგმისანი, როგორ მისცა თითოეულს საკუთარი თვისება! ეს დღე არ მეყოფა იმისათვის, რომ თქვენ ჰაერსა შინა მყოფთა საოცრებებზე მოგითხროთ. ამასთან ხმელეთიც გვეძახის მისი მხეცების, ქვეწარმავალთა და მძოვართა წარმოსაჩენად, რომელნიც უკვე განმზადებული ჰყავს, რათა მათაც მცენარეთა, ყველა ჯიშის მცურავთა და ფრინველთა თანაბარი პატივი მიეგოთ.

გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. რას იტყვით, თქვენ, რომელთაც არ გჯერათ პავლეს სიტყვებისა აღდგომისას განახლების შესახებ, როცა ნახავთ, რომ ჰაერის ცხოველთაგან თავის სახეს მრავალი იცვლის? მაგალითად, ინდოეთის რქოსანი მატლის შესახებ მოგვითხრობენ, რომ იგი ჯერ აბრეშუმის ჭიად (მუხლუხოდ) იქცევა, შემდეგ ჭუპრად, მაგრამ საბოლოოდ არც ამ სახით რჩება, არამედ რბილი და ფართო ფურცლების გამობმის შედეგად ფრთოსანი ხდება.

ამგვარად, რაჟამს დასხდებით, დედანი, აბრეშუმის პარკიდან ამოსახვევად ნართისა, რომელიც თქვენ რბილი სამოსის დასამზადებულად ყაჭის ჭიამ გამოგიგზავნათ, გაიხსენეთ მისი გარდასახვანი, ნათლად წარმოიდგინეთ გონებით აღდგომა და ირწმუნეთ განახლება, რომელსაც პავლე მოციქული ყველას აღგვითქვამს.

მაგრამ ვგრძნობ, სიტყვამ ზომიერების ზღვარს გადააბიჯა. რაჟამს გადავხედე სიმრავლეს თქმულისა, ვფიქრობ, რომ მართლაც გადავაჭარბე, მაგრამ როცა კვლავ ქმნილებათა შორის გამოვლენილი სიბრძნის მრავალფეროვნებას წარმოვიდგენ, ასე მგონია, საუბარი არც კი დამიწყია. ამასთან, არც თქვენი ჩემთან დაყოვნება იქნება უსარგებლო. სხვა საღამომდე რა უნდა აკეთოთ? არ გაჩქარებენ თქვენ თანამესუფრენი, არც ნადიმები გელოდებათ, სამაგიეროდ, თუ მოისურვებთ, ხორციელი მარხვა სულიერი სიხარულისთვის გამოგადგებათ; რაკიღა ხორცისათვის სამსახური ხშირად გაგიწევია, ახლა სამსახური სულს გაუწიე.

იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისაჲ (ფს. 36.4). უკეთუ სიმდიდრის მოყვარული ხარ, გექნება სიმდიდრე, ოღონდ სულიერი: განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად (ფს. 18.10-11). უკეთუ შვებანი და ტკბობანი გიზიდავს, გაქვს მისთვის, ვინც სულიერი გრძნობებით მრთელია, სიტყვები ღმრთისა უტკბილეს უფროჲს თაფლისა და გოლეულისა (ფს. 18.11). თუ გაგიშვებთ და ამ კრებულს დავშლი, ზოგი კამათლების სათამაშოდ წავა, სადაც ფიცი, ფიცხი კამათი და ანგარებისმოყვარეობის სალმობანია. იქ დგას ეშმაკი, რომელიც წერტილებიანი ძვლებით სიცოფეს აღაგზნებს და ერთი და იგივე ფული ხან ამ მხარეს და ხან იმ მხარეს გადააქვს; ახლა რომ ერთს გამარჯვებით აღზევებს, მეორეს მწუხარებაში აგდებს, მერე ამ მეორეს წარმოაჩენს ამაყად და პირველს შეარცხვენს. რა სარგებლობას მოგვიტანს ხორციელი მარხვა, თუკი სული ათასგვარი ბოროტებითაა სავსე? ხოლო სხვა, თუმცა კამათლებით არ ითამაშებს, მაგრამ დროს უქმად დაკარგავს, რას აღარ იტყვის ამაოთაგან და რომელ აბდაუბდას აღას მოისმენს. მოცალეობა, ღმრთის შიშის გარეშე, მათთვის, ვინც არ იცის გამოყენება დროისა, უკეთურების მასწავლებელია. ასე რომ, შეიძლება ჩემს მიერ თქმულში სასარგებლო რამეც იპოვოთ, ხოლო თუ ვერა, ის სარგებლობა მაინც იქნება, რომ გაატარებთ რა აქ დროს, ცოდვას მაინც აღარ ჩაიდენთ. ამიტომ, რამდენადაც მეტ ხანს გაგაჩერებთ, იმდენად დიდი ხნით დაგაშორებთ ცოდვის ჩადენას.

რაც ითქვა, გონმსჯელისათვის საკმარისია, თუკი იგი ყურადღებას არა ქმნილებათა სიმდიდრისაკენ, არამედ ჩვენი უძლურებისა და იმისაკენ წარმართავს, რომ შეკრებილებს სიხარულისათვის ესეც ეყოფათ.

დედამიწამ თავისი მცენარეებით გიმასპინძლათ, ზღვამ – თევზებით, ჰაერმა – ფრინველებით, ხმელეთიც მზადაა, მათ მსგავსად გვიმასპინძლოს. დილის ტაბლას საზღვარი აქ დავუდოთ, რათა გარდამეტებული სიმაძღრით მწუხრის საზრდელით დატკბობისათვის მადა არ დავკარგოთ. დაე, ვინც ყოველივე თავისი ქმნილებებით აღავსო და ჩვენ ისინი თავისი ცხადი სასწაულების გასახსნელად დაგვიტოვა, ყოველი თქვცენგანის გულიც აღავსოს სულიერი სიხარულით ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.