1. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ (შესაქ. 1.20). მნათობთა შექმნის შემდეგ წყალი ცხოველებით აივსო, რათა თავისი წილი სამკაული მასაც მიეღო. ამ დროს დედამიწას საკუთარი სამკაული მცენარეების სახით უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო ზეცა ვარსკვლავთა ყვავილებით იყო შემკული და ვითარცა სახეს თვალები, დიდი მნათობების შეუღლებული წყვილი ამშვენებდა. წყალიღა იყო დარჩენილი და საკუთარი სამკაული მასაც უნდა მისცემოდა. მოვიდა ბრძანება და მდინარეებმა და ტბებმა, თითოეულმა თავისი ბუნების მიხედვით, მათთვის დამახასიათებელი ჯიშები წარმოშვეს. მცურავთა ყოველი მოდგმის შობისათვის მუცელი ზღვასაც ასტკივდა, წყალი არსად, იქნებოდა ეს შლამი თუ ჭაობი, ქმნილებათა გასრულების საქმეში უმოქმედოდ და მონაწილეობის გარეშე არ დარჩენილა. ცხადია, რომ ბაყაყები, კოღოები და ქინქლები სწორედ მათგან იშვნენ. რასაც ახლა ვუყურებთ, ის წარსულსაც წარმოგვიჩენს. ასე ისწრაფა ყველა წყალმა შემოქმედის ბრძანების სამსახურისათვის. ვერავის ხელეწიფება აღრიცხვა ჯიშთა, რომელთა სიცოცხლეც მოქმედად და მოძრავად ღმრთის დიდმა და გამოუთქმელმა ძალამ წარმოშვა. ასე რომ, ძალა სიცოცხლის შობისა წყალს ბრძანებით მიეცა.
გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნელთა ცხოველთა. და დაიბადა პირველი ცხოველი, მშვენიერი და მგრძნობელობასთან წილნაყარი; თუმცა მცენარეებსა და ხეებზე საზრდოობისა და აღორძინების ძალის გამო ცოცხალი ითქმება, მაგრამ ცოცხალნი და მშვინვიერნი მაინც არ არიან. ამისთვის გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები. ყოველი მცურავი, რომელიც ზედაპირზე ცურავს თუ წყლის სიღრმეებს აპობს, ქვეწარმავლის ბუნებისაა, რადგან სხეულს წყალში მიათრევს. თუმცა წყლის ცხოველთაგან ზოგიერთს ფეხები აქვს და სიარული შეუძლია (მათი უმრავლესობა ამფიბიაა, როგორც მაგალითად, სელაპები, ნიანგები, ბეჰემოთები, ბაყაყები და კიბოები), მაგრამ მათი მთავარი საქმე მაინც ცურვაა.
გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები. – ამ მცირე სიტყვით შეუქმნელი რომელი ჯიში დარჩა? რომელი აღარ იქნა შეყვანილი შესაქმის ამ ბრძანებაში? მაგალითად, ისეთი ცოცხალმშობი ცხოველები, როგორიცაა სელაპები, დელფინები, მელანთევზები და სხვა მათი მსგავსი, ე.წ. ხრტილოვანი თევზები? აგრეთვე ქვირითის დამყრელნი, როგორიცაა თითქმის ყველა ჯიში თევზებისა? მაგარქერცლიანები და რბილქერცლიანები, ფარფლებიანები თუ უფარფლებონი? ბრძანების ხმა მცირეა, უფრო მეტიც, ხმაც არაა, არამედ ოდენ წამი და აღძვრა ნებისა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბრძანების შინაარსია ისეთი მრავლისმომცველი, რამდენი განსხვავებული და საერთო თვისება არსებობს თევზებს შორის, რომელთა დაწვრილებით აღწერა იგივეა, რაც დათვლა ზღვაში ტალღებისა, ანდა მცდელობა მისი წყლის არწყვისა პეშვით.
გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები. მათ რიცხვში შედის ისინი, რომელნიც ზღვაში, მის ნაპირებზე, სიღრმეებსა და ქვებში ცხოვრობენ და ჯოგებად ან მარტო დაცურავენ – ვეშაპები, ვეებერთელა თუ წვრილი თევზები. ერთი და იმავე ძალიდან, ერთი და იმავე ბრძანებიდან ყოფიერებაში მოსვლა წილად ხვდათ დიდთა თუ მცირეთ.
გამოიღეთ წყალთა. – ამით შენ მცურავთა ბუნების წყალთან ნათესაობა გიჩვენა, რადგან თევზები წყალს მცირე ხნითაც რომ განშორდნენ, დაიღუპებიან. ისინი ხომ ამ ჰაერით ვერ ისუნთქებენ, არამედ რაც ხმელეთზე მცხოვრებთათვის ჰაერია, ის წყალია მცურავთა მოდგმისათვის. მიზეზი ამისა ნათელია. ჩვენ გვაქვს ფილტვი, ნაზი, მრავალნასვრეტიანი, დაჩვრეტილი ორგანო, რომელიც ჰაერს მკერდის გამყოფი შუასაძგიდის გზით იღებს და ჩვენს შინაგან სიმხურვალეს აგრილებს და ანიავებს, ხოლო მათთან სუნთქვის მაგივრობას ლაყუჩების გაფართოება და შეკუმშვა წევს, რომლითაც წყალს იღებენ და უკან აბრუნებენ.
თევზებს საკუთარი ხვედრი აქვთ, საკუთარი ბუნება, საკუთარი საზრდელი და ცხოვრების საკუთარი წესი. ამიტომ მცურავთაგან არათუ არცერთის მოშინაურება არ შეიძლება, არამედ საერთოდ ადამიანის ხელის შეხებასაც ვერ ითმენენ.
2. გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა ნათესაობისაებრ. ახლა უბრძანა წარმოშობა, როგორც რაღაც თესლებს ბუნებისა, ყოველი ჯიშის დასაბამს, ხოლო მათ გამრავლებას მემკვიდრეობის უწყვეტლობა წარმართავს, რაჟამს ისინი ზრდასა და გამრავლებას მოითხოვენ. სხვა ჯიშისაა ე.წ. ტყავბაკნიანები, როგორიცაა მაგალითად: ნიჟარები, სავარცხლები, ლოკოკინები, ზღვის ლოკოკინები, სტრომვები (ბზრიალები) და ხამანწკების ათასობით სახესხვაობა; სხვა ჯიშისანი არიან ე.წ. რბილნიჟარიანები, მაგალითად, ზღვის კიბოები, კიბორჩხალები და მსგავსნი ამათნი. სხვა ჯიშს მიეკუთვნებიან ე.წ. ლოქორები (რბილტყავიანები), რომელთაც ხორცი რბილი და მოშვებული აქვთ: პოლიპები, მელანთევზები და სხვა მათი მსგავსნი. ამათ შორისაც მრავალი სხვაობა განირჩევა, რადგან დრაკონები, ზღვის გველთევზები და გველთევზები, რომლებიც შლამიან მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ, ბუნებით უფრო შხამიან ქვეწარმავლებს ემსგავსებიან, ვიდრე თევზებს. სხვა ჯიში ქვირითის დამყრელთა და სხვა ცოცხალმშობთა. ცოცხალ შვილებს ზვიგენები, ძაღლთევზები და საერთოდ ე.წ. ხრტილოვანები შობენ; ცოცხალმშობია აგრეთვე ვეშაპთა დიდი ნაწილი, დელფინები და სელაპები, რომელთა შესახებაც მოგვითხრობენ, რომ ახალშობილ შვილებს, რაღაცა მიზეზით შეშინებულებს, ისინი კვლავ საშოში იღებენ და იქ მალავენ.
გამოიღედ წყალთა ნათესავობისაებრ. სხვაა ჯიში ვეშაპისებრთა და სხვა წვრილი თევზებისა. და ისევე: თევზებს შორის ურიცხვი სხვაობანია და ისინი ჯიშებად არიან დაყოფილნი, რომელთაც სახელებიც საკუთარი აქვთ, საჭმელიც განსაკუთრებული და შესახედაობით, სიდიდით და ხორცის თვისებებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დიდი სხვაობებით გამოყოფილნი, ისინი სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან.
ვის შეუძლია იმათგან, რომელნიც თევზების თვისებებს აკვირდებიან, ჯიშთა შორის არსებული სხვაობანი ჩამოგვითვალოს? თუმცა მათზე ამბობენ, რომ თევზთა დიდ ქარავანში მათი რიცხვის დადგენაც კი შეუძლიათ; მათგან, ვინც ზღვისპირას დაბერდა, ყველა სახის თევზის ისტორიის თხრობა რომელს შეუძლია? სხვა ჯიშებს იცნობენ ისინი, რომელნიც ინდოეთის ზღვაში თევზაობენ, სხვას – ეგვიპტის ყურეში, სხვას – კუნძულელები და კიდევს სხვას – მავრიტანელები. მაგრამ ყველანი, - პატარებიცა და დიდებიც, იმ პირველმა ბრძანებამ და გამოუთქმელმა ძალამ წარმოშვა. მრავალი სხვაობაა მათ ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია სხვაობა ყოველი ჯიშის გამრავლების წესებს შორის. თევზების დიდი ნაწილი, ფრინველებისაგან განსხვავებით, არ ჯდება კვერცხებზე, არც ბუდეს იშენებს და არც შვილების გამოზრდისათვის შრომობს, არამედ დაყრილ ქვირითს წყალი იღებს და მათგან სიცოცხლეს წარმოშობს. არცერთი ჯიში გამრავლების წესს არ იცვლის და არც სხვა ბუნების მქონეს შეერევა. არ არსებობს თევზების იმ წესით გამრავლება, რომლითაც ხმელეთზე ჯორები მრავლდებიან, ან ისეთი შეერთება, როგორიც იმ ფრინველთა შორის ხდება, რომელნიც ნარევ ჯიშებს წარმოშობენ. თევზებს შორის არ არიან ისეთები, რომლებიც ნახევრად იყვნენ აღჭურვილნი კბილებით, როგორც ჩვენთან ხარი და ცხვარი, რადგან მათ შორის არცერთი არ იცოხნება, გარდა სკაროსისა, როგორც ამას ზოგიერთები მოგვითხრობენ; მაგრამ ყველა თევზს აქვს მიჯრით მიწყობილი მახვილი კბილები, რათა საზრედლი ხანგრძლივი ღეჭვისას არ გადმოიქცეს, რადგან თუ იგი სწრაფად არ დაქუცმაცდა და მუცელს არ გადეცა, შესაძლებელია დაქუცმაცების დროს წყალმა წაიღოს.
3. საზრდელი სხვადასხვა ჯიშის თევზისა სხვადასხვაა. ზოგი შლამით საზრდოობს, ზოგი ზღვის ბალახით, ზოგიც იმ მცენარეებით კმაყოფილდება, რომელნიც წყალში იზრდებიან. უმრავლესობა თევზებისა ერთმანეთს ჭამს; უფრო პატარა კერძია შედარებით უფრო დიდისა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ის, ვინც პატარა შთანთქა, მასზე ძლიერის ნადავლად იქცევა, - ასე რომ, ბოლოს ორივე ამ უკანასკნელის მუცელში აღმოჩნდება. სხვას რას ვაკეთებთ ჩვენ, ადამიანები, როცა იმათზე, ვინც ჩვენზე დაბლაა, ვმძლავრობთ? რა განსხვავებაა იმ უკნასკნელ თევზსა და მას შორის, ვინც სიმდიდრის გაუმაძღარი სიყვარულის გამო თავისი ანგარების ყოვლისშთანმთქმელ წიაღში მასზე უფრო სუსტებს ნთქავს? მან მიითვისა ღარიბის ქონება, შენ კი იგი შეიპყარი და შენი სიმდიდრის ნაწილად აქციე. უსამართლოზე უფრო უსამართლო და ხარბზე უფრო ხარბი აღმოჩნდი! ფრთხილად იყავ, რომ შენი ბოლოც ისეთივე არ იყოს როგორც თევზისა – ანკესი, ფაცერი ან ბადე. უეჭველია, რომ ჩვენც, ვინც მრავალ უსამართლობას ჩავდივართ, უკანასკნელ სამსჯავროს ვერ გავექცევით. უსუსურ ცხოველთა მრავალგვარი ცბიერებისა და ვერაგობის შეცნობით მინდა, რომ შენ უკეთურების მოქმედთა მიბაძვას თავი აარიდო. კიბოს ხამანწკის ხორცი სურს, მაგრამ ძნელია მისი მონადირება გარემომცველი ბაკნის გამო. ბუნებამ ხომ მისი ნაზი ხორცი შეუვალი ზღუდით შემოზღუდა. ამიტომაც ეწოდა ტყავბაკნიანი. რამდენადაც ორი ჩაზნექილი ნიჟარა ერთმანეთს ზუსტად ედგმება და ხამანწკას ფარავს, კიბოს მარწუხებიც იძულებით უმოქმედო ხდება. და როგორ იქცევა? როგორც კი დაინახავს, რომ ხამანწკა უქარო ადგილას სიამოვნებით თბება და თავის ნიჟარას მზის სხივებს უღებს, ფარულად კენჭს ჩაუგდებს, ხელს შეუშლის ნაწილების შეერთებას და რისი ძალაც არ შესწევს, იმას მოხერხებით აღწევს. ასეთია ბოროტება მათი, რომელთაც არც გონება და არც სიტყვა არ მიენიჭათ. მე მინდა, რომ შენ კეთილ საქმეთა მოგებაში სიმარჯვით კიბოს მიბაძო, ოღონდაც ისე, რომ მოყვსისათვის ვნების მიყენებისაგან თავი შეიკავო. ასეთია ხომ ის, ვინც ძმასთან მზაკვრულად მიდის, გასაჭირში ჩავარდნილ მახლობელს თავს დაატყდება და სხვათა უბედურებით ხარობს. მოერიდე მიბაძვას იმ ადამიანებისა, რომელნიც საძრახის საქციელს სჩადიან და რაც შენია, ის იკმარე. სიღატაკე, როცა შენი სიმართლით კმაყოფილი ხარ, გონიერთათვის ყველა ტკობობაზე უმჯობესია.
არ შემიძლია გვერდი ავუარო მრავალფეხას ცბიერებასა და ქურდობას, რომელიც ყველა იმ ლოდის ფერს იღებს, რომელსაც მიეკრობა. ამიტომ მრავალი თევზი, ცურავს რა უშიშრად, მრავალფეხას, როგორც ქვას ისე უახლოვდება და ვერაგის განმზდებული ნადავლი ხდება. ასეთი ხასიათი აქვთ იმათაც, რომელნიც ძალაუფლების მფლობელთ შეუდგებიან და ყოველ ჟამს შესაფერისად გარდაიქმნებიან. ერთ განზრახვაზე არასოდეს დგანან, არამედ სხვად და სხვად ადვილად იქცევიან, კეთილგონიერებთან კეთილგონეირებას სცემენ პატივს, თავგასულებთან კი – თავგასულობას და ყოველი მათგანის საამებლად შეხედულებებს სწრაფად იცვლიან. მათი თავიდან მოშორება ადვილი როდია და თავის დაცვა მათგან მიყენებული ზიანისაგანაც ჭირს, რადგან განზრახული უკეთურება ღრმადაა დაფარული მეგობრობის ნიღბით. ამგვარი ზნის ადამიანებს უფალმა მტაცებელი მგლები უწოდა, რომელნიც ცხვრის ქურქით გვევლინებიან (მთ. 7.15). მოერიდე მრავალფერსა და მრავალგვარ ცვალებადობას და სიმართლეს, სიწრფელესა და უბრალოებას შეუდექი. გველს მრავალი ფერი აქვს (ჭრელია), ამიტომაც მიესაჯა მუცელზე ხოხვა, მართალი კი უბრალოა ვითარცა იაკობი (შესაქ. 25.27). ამიტომაც დაამკჳდრის ღმერთმან ერთსახენი სახლსა (ფს. 67.7).
ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა (ფს. 103.25), მაგრამ მათ შორის რაღაც სიბრძნეა და მშვენიერება წესრიგისა. თევზებზე მხოლოდ დასაყვედრებელი როდი გვეთქმის; მათში ბევრი ისეთი რამეცაა, რაც მიბაძვის ღირსია. როგორ ხდება, რომ თევზთა ჯიშები, ირგუნა რა თითოეულმა წილად მისთვის შესაფერისი ადგილი, ერთმანეთთან კი არ გადადიან, არამედ საკუთარ საზღვრებში რჩებიან? მათ შორის არავინაა მიწისმზომელი, რომელიც ყველას თავ-თავის ადგილს მიუზომავდა და არც დადგენილი საზღვრები ჰყოფთ, მაგრამ ყველას მისთვის სასარგებლო თავისთავად დაუწესდა. ეს უბე თევზების ამ ჯიშს ასაზრდოებს, მეორე – სხვას; აქ რომ მრავლად არიან, სხვაგან მათი ნაკლებობაა; მათ ერთმანეთთან გადასვლა-გადმოსვლას არც ციცაბომწვერვალებიანი მთები აბრკოლებენ და არც გამყოფი მდინარე, არამედ საცხოვრებელი ადგილები ბუნებითმა სჯულმა თითოეულს საჭიროებისდა მიხედვით თანაბრად და სამართლლიანად გაუყო.
4. ჩვენ კი ასეთები როდი ვართ. საიდან ჩანს? იქიდან, რომ ვსცვალებთ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა ჩვენთა (შეად. იგავ. 22.28), ვყოფთ მიწებს, შევაერთებთ სახლსა სახლისა მიმართ და აგარაკსა აგარაკისა მიმართ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ვხვეჭოთ (შეად. ეს 5.8).
ვეშაპებმა იციან ბუნებისაგან მათთვის განსაზღვრული ადგილები, კერძოდ, ისინი მკვიდრობენ ზღვებში, რომლებიც დასახლებული ადგილიდან შორს მდებარეობენ, სადაც არც კუნძულებია და არც ხმელეთი მოპირდაპირე მხარეს და ამიტომაც არც ხომალდები დადიან. ვერც ცნობისმოყვარეობამ და ვერც რაღაც საჭიროებამ ვერ წააქეზა მეხომალდეები და მათში შესვლა ვერ გააბედინა. ეს ზღვები ვეშაპებმა დაიკავეს, რომლებიც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოცულობით უდიდეს მთებს ემსგავსებიან. ისინი თავიანთ საზღვრებში რჩებიან და არც კუნძულებსა და არც სანაპირო ქალაქებს ზიანს არ აყენებენ. ამგვარად, ყოველი ჯიში თევზებისა ზღვის მისთვის განსაზღვრულ ნაწილებში, ვითარცა ქალაქებში, სოფლებსა ან ძველ მამულებში, ისე სახლობს.
თევზთაგან ზოგიერთები მოგზაურობენ კიდეც. თითქოს გადასახლებისათვის საერთო განზრახვით შეკრებილებს ერთი ნიშანი მიეცათო, ყველანი ერთად მიემართებიან. რაჟამს მათთვის განწესებული შობის ჟამი დაუდგებათ, სხვადასხვა ყურიდან აღდგებიან და ბუნების საერთო კანონით აღძრულნი ჩრდილოეთის ზღვისაკენ მიიჩქარიან. ამ აღსვლის ჟამს ნახავ ერთად შეკრებილ თევზებს, რომელნიც, მსგავსად ერთი დინებისა, პროპონტიდის გავლით ევქსინოს ზღვისკენ მიედინებიან. ვინ აღძრავს მათ? მეფის რომელმა განგებულებამ ან მოედნებზე წაკითხულმა რომელმა ბრძანებულებებმა აუწყეს მათ, რომ დრომ მოაწია? ან ვინ უნდა ისტუმროს ისინი? და ხედავ შენ, რომ საღმრთო ბრძანება ყოველივეს აღავსებს და თვით უმცირესსაც კი სწვდება. თევზი ღმრთის სჯულს არ ეკამათება, ადამიანები კი მაცხოვნებელ სწავლებას არ იცავენ. ნუ აიგდებ თევზს აბუჩად იმის გამო, რომ სრულიად უტყვი და უგუნურია, არამედ გეშინოდეს, რათა შემოქმედის ბრძანების წინააღდგომით მასზე უფრო უგუნურად არ იქცე. მოისმინე, რასაც ისინი, თითქოს ხმით გამოსცემენ, საქციელით გეუბნებიან: “ამ შორეულ მოგზაურობაში ჩვენ მოდგმის გადასარჩენად მივდივართ”. თევზებს არა აქვთ საკუთარი გონება, მაგრამ აქვთ ბუნებითი სჯული, რომელიც მათში მტკიცედაა ფესვგადგმული და მიუთითებს, როგორ მოიქცნენ. “წავიდეთ, ამბობენ ისინი, ჩრდილოეთის ზღვისაკენ, რომლის წყალიც, რადგანაც მზე მასზე მცირე ხნით ყოვნდება და მთლიანად ვერ მიაქვს სიტკბო, უფრო ტკბილია ვიდრე სხვა ზღვებისა”; არადა ეს სიტკბოება ზღვის ბინადართაც ახარებს, რის გამოც მიცურავენ ისინი მდინარეებში და ზღვიდან შორს მიემართებიან. პონტოსაც ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას სხვა ზღვებთან შედარებით, ვითარცა ხელსაყრელს შთამომავლობის შობისა და გამოზრდისათვის. ხოლო რაჟამს განზრახულს საკმარისად აღასრულებენ, ყველანი კვლავ ერთად შინ ბრუნდებიან.
თუ რა არის მიზეზი ამისა, მათი დუმილისაგან მოვისმინოთ: “ჩრდილოეთის ზღვა არაა ღრმა და ფიცხელ ქართა წინაშე განფენილს სანაპიროებიცა და ქვაბულებიც ცოტა აქვს, რის გამოც ქარები ძირიდანვე ისე ადვილად აღამღვრევენ, რომ ფსკერის ქვიშა ტალღებს შეერევა; ამასთან მრავალი დიდი მდინარისაგან ავსებული ზამთარში ცივია.” ამიტომაც თევზები, რომელნიც ზაფხულში მისით საკმარისად დატკბნენ, ზამთარში კვლავ თბილი სიღრმეებისა და მზიანი ადგილებისაკენ მიისწრაფვიან და გაურბიან რა ჩრდილოეთის მძვინვარე ქარებს, მყუდრო ყურეებს ეფარებიან.
5. მე ეს ვიხილე და ყოველსა შინა სიბრძნემ ღმრთისა გამაკვირვა. თუკი უგუნური ქმნილებანი თავის გადარჩენისათვის ასეთ საზრიანობას და სიფრთხილეს იჩენენ და თუ თევზმა იცის, რა აირჩიოს და რას გაექცეს, რაღა ვთქვათ გონებით პატივდებულთა, სჯულით განსწავლულთა, აღთქმათა მიერ განმხნევებულთა, სულიწმიდით განბრძნობილთა შესახებ, რომელნიც თავიანთ საქმეებს თევზებზე უფრო უგუნურად განაგებენ? მათ იციან, რომ მომავლისათვის უნდა იღვაწონ, ჩვენ კი მომავლის იმედწართმეულნი ცხოვრებას ჩვენსას პირუტყვული ტკბობანით წარვიწყმედთ. თევზი ამდენ ზღვას იცვლის, რათა თავისთვის სასარგებლო რაღაც იპოვოს. შენ რაღას იტყვი, ვინც ცხოვრებას უქმად ატარებ? უქმად ყოფნა ხომ ბოროტების დასაბამია! არცოდნას ნურავინ მოიმიზეზებს, რადგან ჩვენ ბუნებითი გონება გვაქვს, რომელიც კეთილის შეთვისებასა და მავნებლისაგან უცხოყოფას გვასწავლის.
ისევ მოვიხმობ მაგალითებს ზღვის ცხოველთაგან, რადგანაც გამოსაკვლევად თვალწინ გვიდგანან. ვინმე სანაპიროზე მცხოვრებისაგან მოვისმინე, რომ ზღვის ზღარბი, სრულიად პატარა და არად ჩასაგდები ცხოველი, მენავეებს ხშირად ასწავლის, როდის იქნება ზღვა მშვიდი და როდის აღელდება. იცის რა წინასწარ, რომ ზღვას ქარები ააღელვებენ, მოზრდილი ქვის ქვეშ შეძვრება და მისით, ვითარცა ღუზით დამტკიცებული, უძლებს ქარიშხალს, რადგანაც ტალღებს ქვის სიმძიმის გამო, მისი წაღება ადვილად აღარ შეუძლიათ. როგორც კი ამ ნიშანს იხილავენ, მენავეებმა იციან, რომ მძლავრი ქარების ამოვარდნას უნდა ელოდონ. ზღარბისათვის ეს არც ვარსკვლავთმრიცხველებსა და არც ქალდეველებს, რომელნიც ჰაერის ამოძრავებას ვარსკვლავების ამოსვლით გამოიცნობენ, არ უსწავლებიათ, არამედ ზღვისა და ქართა უფალმა ნიშანი თავისი დიდი სიბრძნისა ამ პატარა ცხოველშიც ცხადყო. არაფერია ისეთი, რომლისთვისაც უფალი არ იღვწოდესე და არ ზრუნავდეს. თვალი იგი დაუძინებელი ყოველივეს ხედავს და ხსნას ყოველს ანიჭებს. უკეთუ ღმერთმა ზღარბიც კი არ დატოვა მიუხედავი, შენ აღარ მოგხედავს?
ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თჳსნი (ეფეს. 5.25). რაჟამს ქორწინებით შეიყრებით, ერთმანეთისათვის უცხონიც რომ იყოთ, ბორკილები ბუნებისა და კურთხევის უღელი დაშორებულებს მაინც შეგაერთებთ. იქედნე, რომელიც ქვეწარმავალთაგან ყველაზე საშიშია, ზღვის გველთევზას ქორწინებით უკავშირდება, სტვენით მიანიშნებს თავის იქ ყოფნაზე და საქორწინო ხვევნისათვის სიღრმეებიდან მოუხმობს. ისიც ემორჩილება და გესლიან იქედნეს უერთდება. ამით რისი თქმა მინდა? იმისი, რომ, თუ ქმარს ტლანქი და ველური ხასიათი აქვს, ცოლმა უნდა დაითმინოს და ერთობა არცერთი მიზეზით არ უნდა დაარღვიოს. შფოთისთავია? მაგრამ ქმარია! ლოთია? მაგრამ ბუნებით ხართ შეერთებულნი! უხეშია და თავისებური? მაგრამ უკვე შენი ნაწილია და თანაც ნაწილთაგან უპატიოსნესი.
6. მისთვის შესაფერისი შეგონება ქმარმაც მოისმინოს. თუკი იქედნე გესლს წინასწარ წამოანთხევს ქორიწნების წინაშე მოკრძალებისა გამო, ნუთუ შენ სულის სისასტიკე და არაადამიანურობა შეერთების რიდით ვერ უნდა დათმო? მაგრამ იქედნეს მაგალითი შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო სხვა მხრივაც იყოს. რამდენადაც იქედნესა და გველთევზას შეერთება ბუნებაში რაღაც მრუშობაა მხოლოდ, ისწავლონ მათ, რომელთაც სხვათა ქორწინების წახდენა სურთ, რომელ ქვეწარმავალს ემსგავსებიან. მე კი მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – ყოველივე ეკლესიის სწავლებისათვის გამოვიყენო. დაე, დასცხრეს ვნებანი თავშეუკავებელთა, - ხმელეთისა და ზღვის ცხოველთა მაგალითებით ალაგმული.
ხორციელი უძლურება და საღამოს ჟამი მაიძულებენ სიტყვა აქ შევაჩერო, თუმცა შემეძლო მოსმემის მოყვარულთათვის ზღვის ნაშობთა და თავად ზღვის შესახებ კიდევ ბევრი რამ, გაკვირვების ღირსი, დამემატებინა: ვით იყინება წყალი მარილად, როგორ ხდება, რომ ფრიად ძვირფასი ქვა მარჯანი ზღვაში ბალახია და ქვად მაშინღა მყარდება, როცა ჰაერზე მოხვდება, საიდან უდებს ბუნება ისეთ უუბრალოეს ცხოველს, როგორიც ხამანწკაა, ბუდეში დიდად პატიოსან ქვას, მარგალიტს და ისიც, ასე სასურველი სამეფო განძისათვის, ხამანწკების ნიჟარებში ჩამალული, ზღვის სანაპიროზე ფრიალოსა და უხეშ ლოდებთანაა მიმოფანტული; საიდან ზრდიან ზღვის პინანი ოროვან მატყლს, რომლის მსგავსი ფერის მიღებაც დღემდე ვერცერთმა მღებავმა ვერ შეძლო, როგორ ახარებენ ლოკოკინები მეფეებს პორფირით, რომლის ფერიც სიხასხასით მინდვრის ყვავილებს აღემატება?
გამოიღედ წყალთა და რაღა აღარ შეიქმნა იმათგან, რაც აუცილებელი იყო. რამდენი ძვირფასი რამ გვებოძა ცხოვრებისათვის! ერთნი შეიქმნენ სამსახურისათვის კაცთა, მეორენი – რათა მათ ქმნილებათა საოცრებისათვის ეჭვრიტათ, სხვანი კიდევ საშიშნი – ჩვენი უდარდელობის გასაწვრთნელად.
დაბადნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი (შესაქ. 1.21). მათ დიდი მხოლოდ იმიტომ როდი ეწოდათ, რომ ზვიგენებსა და ზღვის წვრილ თევზებს აღემატებიან, არამედ იმიტომ, რომ სხეულის მოცულობით უდიდეს მთებს უტოლდებიან და რაჟამს წყლის ზედაპირზე ამოცურდებიან, ხშირად კუნძულებადაც კი გვეჩვენებიან. ასეთი ვეებერთელანი ზღვის ციცაბო ნაპირებთან თუ საერთოდ სანაპიროებთან კი არ ბინადრობენ, არამედ ე.წ. ატლანტიკის ზღვაში მკვიდრობენ. მსგავსი ცხოველები ჩვენს შესაძრწუნებლად და გასაოცებლად შეიქმნენ. რაჟამს მოისმენ, რომ პატარა თევზი, ეჰინე უდიდეს ხომალდს, რომელიც კეთილი ზურგქარისაგან სრულად გაშლილი იალქნებით მიცურავს, ადვილად აჩერებს და იგიც, თითქოს ფესვები სიღრმეში ჰქონდეს გადგმული, უძრავად რჩება, განა ამ პატარა თევზის სახითაც არ გექნება ისეთივე მტკიცება დამბადებლის ძლიერებისა? არა მხოლოდ თევზმახვილანი, ხერხიანები, ზღვის ძაღლები, ვეშაპები და ზვიგენები არიან საშიშნი, არამედ ნესტარიც ზღვის გვრიტისა და მისი გვამიც; არანაკლებ საშიშნი არიან ზღვის კურდღლები, რადგან სწრაფი და უცილობელი დაღუპვა მოაქვთ. დამბადებელს სურს მათი საშუალებით მღვიძარება გვასწავლოს და მათგან მიყენებულ ზიანს ღმრთის სასოებით თავს აღწევდე.
ახლა კი სიღრმეთაგან აღმოვისწრაფოთ და ხმელეთს მივაშუროთ, რადგან შესაქმის საკვირველებანი ერთი მეორის მიყოლებით, ვითარცა ტალღები, ჩვენსკენ ზედიზედ მოისწრაფვიან და ჩვენს სიტყვას ძირავენ. გაკვირვებული დავრჩები, თუ ჩვენი გონება ხმელეთზე კიდევ უფრო დიდ საოცრებებს არ შეხვდება და იონას მსგავსად ისევ ზღვას მიაშურებს. მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს სიტყვას, გატაცებულს ათასგვარი საკვირველებით, ზომიერება დაავიწყდა და იგივე დაემართა, რაც ზღვაში მავალებს, რომელთაც, რაკიღა მყარზე არ მოძრაობენ, არ იციან, რამდენი გაიარეს. ქმნილებათა შესახებ საუბრისას, როგორც ჩანს, ჩვენც იგივე დაგვემართა და ვეღარ ვიგრძენით, რომ საუბარი გაგვიგრძელდა. თუმცა ეს პატიოსანი კრებული მოსმენის მოყვარულია და სამეუფო საკვირველებათა თხრობაც მონათა სასმენელთათვის ტკბილია, მაინც სიტყვა აქ გავაჩეროთ და რაც დაგვრჩა, იმის გადმოსაცემად დღის დადგომას დაველოდოთ. ავდგეთ ყველანი და მადლობა შევწიროთ იმისათვის, რაც ითქვა და დარჩენილი სათქმელის გასრულება ვითხოვოთ. დაე, საზრდელის მიღების დროსაც, სუფრასთან საუბრისას, გქონდეთ თქვენ საუბრის თემად როგორც ის, რასაც სიტყვა დილით შეეხო, ასევე ისიც, რაც საღამოს გადმოსცა. მათზე მოფიქრალთ მოგისწრებთ რა ძილი, ძილშიც დღის სიხარულით განისვენეთ, რათა თქვენც შეგეძლოთ თქმა: მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს (ქებ 5.2), რადგან დღისითაც და ღამითაც უნდა ვიწვრთნებოდეთ სჯულით უფლისა, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.