მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ჰომილიები ექვსი დღისათვის

 

ჰომილია VI

 

მნათობთა დაბადების შესახებ

1. მას, ვინც მორკინალთ უყურებს, თავად მხნეობა შეეფერება. ამის დანახვა ყველას შეუძლია სანაოხაობათა წესებიდან, რომელნიც მოითხოვდნენ, რომ ასპარეზობაზე მყოფნი თავშიშველნი მსხდარიყვნენ. მე ვფიქრობ, ამით სურდათ, რომ ყოველი მორკინალთა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ რამდენადმე მათი თანამებრძოლიც ყოფილიყო. მსგავსად ამისა, ვინც დიდსა და აღმატებულ სანახაობებს იძიებს და ჭეშმარიტად მაღალსა და გამოუთქმელ სიბრძნეს ისმენს, შეჰფერის თვითონაც რამდენადმე ისწრაფოდეს წინამდებარე სანახაობათა ჭვრეტისათვის, რათა შეძლებისდაგვარად ჩემი მოღვაწეობის თანამონაწილე გახდეს და არა მსაჯული, არამედ უფრო თანამოღვაწედ მექცეს, რათა ჭეშმარიტების პოვნის შესაძლებლობა არ დავკარგოთ და ჩემმა შეცდომამ საერთოდ მსმენელებს ზიანი არ მოუტანოს.

რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რამდენადაც წინ გვიძევს გამოკვლევა სამყაროს მოწყობისა და შემეცნება ყოველივესი, რასაც სათავე არა ამქვეყნიური, არამედ იმ სიბრძნისაგან დაედო, რომლითაც ღმერთმა თავისი მსახური განსწავლა, ესაუბრებოდა რა მას პირისპირ და არა იგავითა (რიცხვ. 12.8), ამდენად აუცილებელია, რომ დიდი სანახაობების მოყვარულთა გონება განუწვრთნელი არ იყოს ჩვენთვის შემოთავაზებულის შესამეცნებლად.

ამგვარად, თუკი ოდესმე ნათელ ღამეში ვარსკვლავთა მიუთხრობელი მშვენება გიხილავს, უთუოდ გულისხმაგიყვია ყოველთა შემოქმედი, ვინც ზეცა იმგვარი ყვავილებით მოხატა, რომ ხილულთა შორის მათ მშვენებას სარგებლობა აღემატება და კიდევ: თუკი დღის მანძილზე მღვიძარე გონებით საკვირველებანი დღისა შეგისწავლია და ხილულთა მეშვეობით უხილავი განგიჭვრეტია, მაშინ მოსულხარ განმზადებული მსმენელი და ღირსი იმისა, რომ ეს პატიოსანი და ნეტარი სანახაობა შენითაც შეავსო.

მოდით, და ვითარცა ქალაქს შეჩვეულებს ხელჩაკიდებულებს დაატარებენ, ასევე მეც ამ დიდი ქალაქის დაფარულ საკვირველებათა შორის შეგიყვანთ. ამ ქალაქში, ჩვენს ძველ სამშობლოში, რომელსაც ადამიანის მკვლელმა ეშმაკმა განგვაშორა, დაიმონა რა იგი თავისი ცბიერებით, იხილავ პირველ დაბადებას კაცისას და ცოდვისაგან ნაშობ სიკვდილს, რომელიც მსწრაფლ გვეწია და რომელიც პირმშოა ბოროტების დასაბამის – ეშმაკისა. აქ შეიცნობ შენს თავს, ვითარცა მიწიერი ბუნების მქონეს, მაგრამ ქმნილებას ღმრთეებრივი ხელისა, რომელიც ძალით პირუტყვებს დიდად ჩამოუვარდება, მაგრამ პირუტყვთა და უსულოთა მეუფედაა დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ საჭურველთაგან ნაკლულევანია, გონების აღმატებულობით თვით ზეცამდე ამაღლება შეუძლია. თუ ამას შევიცნობთ, საკუთარ თავსაც შევიცნობთ და ღმერთსაც, თაყვანს ვცემთ დამბადებელს, დავემონებით უფალს, განვადიდებთ მამას, შევიყვარებთ გამომზრდელს ჩვენსას, მოკრძალება გვექნება წინაშე კეთილისმყოფელისა, არ დავსცხრებით თაყვანისცემად ჩვენი აქაური და მომავალი ცხოვრების წინამძღოლისა, ვინც უკვე მონიჭებული სიმდიდრით აღთქმულსაც სარწმუნოყოფს და განგვაცდევინებს რა აწმყოს, მოსალოდნელსაც გვიმტკიცებს.

უკეთუ საწუთრო ამგვარია, მარადიული როგორიღა იქნება? თუკი ხილული ასე მშვენიერია, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება უხილავი? და თუ სიდიდე ზეცისა კაცობრივი განსჯის საზომს აღემატება, რომელ გონებას შეუძლია გამოკვლევა მარადიულად არსებულთა ბუნებისა? უკეთუ ვერ ვძღებით ცქერით ამ მზისა, რომელიც გახრწნას ემორჩილება და რომელიც ასე მშვენიერი, ასე დიდი, სწრაფი მოძრაობით მოქცევათა წესიერად აღმასრულებელია, სამყაროს შესაფერისი სიდიდე აქვს და არ წყვეტს ურთიერთობას მთელთან, ხოლო თავისი ბუნების სილამაზით თითქოსდა ნათელ თვალს წარმოადგენს, რომელიც ქმნილებას ამკობს, როგორიღა იქნება მშვენიერება სიმართლის მზისა? თუკი ბრმისთვის სასჯელია ის, რომ მას ვერ ხედავს, რამდენად დასჯილი იქნება ცოდვილი, რომელსაც ჭეშმარიტი ნათელი მოაკლდება?

2. და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა, განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა (შესაქ. 1.14). ცამ და დედამიწამ დაასწრეს, ნათელი მათ შემდეგ შეიქმნა, გაიყო დღე და ღამე; კვლავ სამყარო და გამოჩენა მყარისა; შემდეგ წყალი შეიკრიბა თავის მუდმივსა და განსაზღვრულ შესაკრებელსა შინა. დედამიწა აღივსო საკუთარი ნაშობით, აღმოაცენა ათასგვარი ბალახი და მრავალი ჯიშის მცენარე ააყვავა. ამ დროს კი, ჯერ არც მზე იყო და არც მთვარე, რათა ღმრთის უმეცართ მზისთვის დასაბამი და მშობელი ნათლისა არ ეწოდებინათ და არც მიწისაგან აღმოცენებულთა დამბადებლად მიეჩნიათ. ამისთვის იქმნა დღე მეოთხე, როცა თქვა ღმერთმა: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა. რაჟამს მთქმელს შეიცნობ, მასთან ერთად გონებით მყისვე მსმენელიც წარმოიდგინე. თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი. და შექმნნა ღმერთმან ორნი მნათობი (შესაქ. 1.16).

ვინ თქვა და ვინ შექმნა? ვერ ხვდები, რომ ამაში ორი პირი იგულისხმება? თხრობის წყალობით ღმრთისმეტყველების ეს დოგმატი ყველგან ფარულადაა დათესილი. მითითებულია მოთხოვნილებაც, რომლის გამოც მნათობები შეიქმნენ, რადგან ნათქვამია: რაჲთა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. თუ ნათლის დაბადება წინ უსწრებდა, მაშინ რატომღა ითქვა, რომ ახლა მზე დაიბადა განმანათლებლად ქვეყნისა? ჯერ ერთი, თავისებურება სიტყვისა შენში ღიმილსაც კი ნუ გამოიწვევს, რადგანაც არ მივსდევთ ჩვენ თქვენს მოთხოვნებს და სიტყვის თხზვისას არც სიმწყობრის დაცვაზე ვზრუნავთ; ჩვენთან არ არიან მძერწველნი სიტყვისა და ყოველთვის უფრო დიდ პატივს არა მის კეთილხმოვანებას, არამედ სახელდებათა სიცხადეს მივაგებთ. მაგრამ დაუკვირდი, ის, რაც სურდა, მოსემ საკმარისად გამოხატა, რადგან განათლების წილ ნათობენო თქვა, რაც სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მას, რაც ნათლის შესახებაა თქმული. მაშინ ხომ ნათლის თვით ბუნება შეიქმნა, ახლა კი მზის ეს სხეული გამზადდა, ვითარცა ეტლი, რომელსაც ის პირველქმნილი ნათელი უნდა ეტვირთა.

ისევე როგორც სხვაა ცეცხლი და სხვა ლამპარი, რამდენადაც პირველს განათების ძალა აქვს, ხოლო მეორე იმისათვის შეიქმნა, რომ ვისაც სჭირდება, გაუნათოს, ასევე გამზადდა მნათობები ეტლად და მტვირთველად ამ წმინდა, შეურევნელი და უნივთო ნათელისა; ისევე როგორც სხვაა, როცა მოციქული უწოდებს ვინმეს სოფლისა მნათობს (ფილლიპ. 2.15) და სხვაა ჭეშმარიტი ნათელი სოფლისა, რომელთან ზიარებითაც წმინდანები მათ მიერ დამოძღვრილი და უმეცრების სიბნელისაგან დახსნილი სულებისათვის მნათობებად იქმნენ, ასევე ყოველთა დამბადებელმა ეს მზე ახლა იმ ბრწყინვალე ნათელით აღავსო და აანთო სოფელსა შინა.

3. ნურავის მოეჩვენება არასარწმუნოდ თქმული იმის თაობაზე, რომ სხვაა ბრწყინვალება ნათლისა და სხვა – ნათლის მტვირთველი სხეული. ჯერ ერთი, ყოველში, რაც შედგენილია, ჩვენ შემწყნარებლის არსებასა და შეწყნარებულის თვისებას ვარჩევთ. ისევე როგორც სხვაა ბუნებით სისპეტაკე და სხვა განსპეტაკებული სხეული, ასევე რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ბუნებით სხვადასხვანი არიან, მაგრამ შეერთებულნი დამბადებლის ძალით.

ნუღარ მეტყვი: შეუძლებელიაო მათი ერთმანეთისაგან გამოყოფა და არც მე გეტყვი, რომ მე და შენ შემძლენი ვართ ერთმანეთისაგან გავყოთ ნათელი და სხეული მზისა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ რის გაყოფასაც ჩვენ გონებით წარმოვიდგენთ, მათი ბუნებათა გაყოფა შემოქმედს საქმით შეუძლია.

შენ უძლური ხარ გამოყო შემწველი ძალა ცეცლისა მისი ნათლისაგან, მაგრამ რაჟამს ღმერთმა ინება საკვირველი ხილვით მოექცია მსახური თვისი, მაყვლის ბუჩქში დაანთო ცეცხლი, რომელშიც მხოლოდ ნათელი მოქმედებდა, ხოლო შემწველი ძალა კი უქმად იყო, როგორც ამას ფსალმუნიც გვიმოწმებს: ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისა (ფს. 28.7). აქედან ზოგიერთი მოძღვრება ჩვენი ცხოვრების საქმეთათვის საზღაურის მიგების თაობაზე დაფარულად გვასწავლის, რომ ცეცხლის ბუნება ორად განიყოფება: სინათლედ, რომელიც შვება იქნება მართალთათვის და მტკივნეულ შემწველობად დასჯილთა ტანჯვისათვის.

შემდეგ: ჩვენ შეგვიძლია სარწმუნო მტკიცება იმისა, რასაც ვიძიებთ, მთვარის სახეცვლილებაშიც ვიპოვოთ, რადგან რაჟამს აკლდება, სხეული კი არ ილევა მისი, არამედ ნათელს, რომელიც მასშია, განიშორებს, შემდეგ კვლავ შეიმოსს და ამგვარად ჩვენ მოკლებისა და ავსების საოცრებას წარმოგვიდგენს. იმას, რომ თვითონ მისი სხეული მოკლებისას არ განილევა, ცხადად გვიმოწმებს ის, რასაც ვხედავთ. რაჟამს ჰაერი წმინდაა და ყოველგვარი ნისლისაგან თავისუფალი, მაშინაც კი, როცა ყველაზე წვრილი ნამგლის სახე აქვს, შეგიძლია მისი უნათლო და გაუნათებელი ნაწილის იხილო იმავე რკალით შემოხაზული, რომლითაც სისავსის ჟამს მთელი მთვარეა შემოწერილი. ასე რომ, უკეთუ მზერას მთვარის როგორც განათებულ, ასევე გაუნათებელსა და ბნელ ნაწილებს ერთად მივაპყრობთ, მთელ წრეს ცხადად დავინახავთ. ნუ მეტყვი, რომ რამდენადაც მზესთან მიახლოებისას მცირდება, ხოლო განშორებისას ისევ იმატებს, ამიტომ მთვარის ნათელი ნასესხებია. ჩვენ ახლა ამას კი არ ვეძებთ, არამედ იმას, რომ სხეული მისი სხვაა, განმათებელი კი, სხვა. მსგავსად მოიაზრე მზის შესახებაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განაზავა რა ერთხელ მიღებული ნათელი თავის თავში, აღარ განუშორებია, მთვარე კი მუდმივად ნათელს თითქოს ხან განიძარცვავს, ხანაც შეიმოსავს და ამგვარად გვიდასტურებს იმას, რაც მზის შესახებ ითქვა.

ამათ ებრძანა განყოფა შორის დღისა და შორის ღამისა; ზევით კი, განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. მაშინ მან ისინი ბუნებით დააპირისპირა, რათა ერთმანეთს არ ზიარებოდნენ და ნათელს არაფერი ჰქონოდა საერთო ბნელთან. რაც დღისით ჩრდილია, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ღამით ბნელის ბუნებაა. უკეთუ ყოველგვარი ჩრდილი რომელიმე ნათლით განათებული სხეულებისა, ნათლის საპირისპირო მხარეს ეცემა – დილდილობით დასავლეთისაკენ გრძელდება, საღამოობით აღმოსავლეთისაკენ მიდრკება, ხოლო შუადღისას – ჩრდილოეთისაკენ, ღამეც ნათლის საწინააღმდეგო მხარეს მიდრეკას წარმოადგენს და ბუნებით არაფერია, თუ არა ჩრდილი დედმიწისა. ისევე როგორც დღისით ჩრდილს სინათლისათვის გზის გადაღობვა ქმნის, ასევე ღამეც მაშინ იშვება, როცა ჰაერი დედამიწაზე ბნელდება. ამას ნიშნავს თქმული: განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. ბნელი გაურბის ნათლის მოსვლას შედეგად ერთმანეთისაგან იმ ბუნებრივი გაუცხოებისა, რომელიც მათ შესაქმეშივე იყო ჩადებული. ახლა კი, ღმერთმა მზეს დღეთა გაზომვა უბრძანა, ხოლო მთვარე მისი სავსების ჟამს ღამის მეგზურად აქცია, რადგან ამ დროს მნათობები ერთმანეთს თითქმის დიამეტრულად უპირისპირდებიან – სისავსის ჟამს მთვარე მზის ამოსვლისთანავე შეუმჩნევლად ჩადის, ხოლო მზის ჩასვლისას აღმოსავლეთიდან ამოდის. იმას, რომ მთვარის სხვა სახეებისას მისი ნათელი ღამესთან ერთად არ ჩნდება, ჩვენს ნათქვამთან კავშირი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, რაჟამს იგი სავსეა, იწყებს ღამეს, აღემატება რა თავისი ნათელით ვარსკვლავებს და ანათებს დედამიწას და ასევე, თანასწორად მზისა, დროის საზომებსაც განსაზღვრავს.

4. და იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად (შესაქ. 1.14). ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელია მნათობთა ნიშნები, რადგან თუკი ვინმე მათი გამოძიებისას ზომას არ გადავა, ხანგრძლივი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მრავალ სასარგებლო რამეს აღმოაჩენს. ბევრ რამეს ისწავლის თავსხმა წვიმებზე, ბევრსაც გვალვებზე და როგორც ადგილობრივ, ისე იმ ქართა აღძვრის თაობაზე, რომელნიც ყველგან ქრიან, როგორც ძლიერებზე, ასევე სუსტებზეც. მზისაგან ნაჩვენებ ნიშანთაგან ერთ-ერთი უფალმან გვასწავლა, როცა თქვა: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ (მთ. 16.3). რადგან რაჟამს მზე ნისლში აღმოხდება, მის სხივებს ძალა ეკარგება და ნაკვერჩხლის მსგავსი მეწამეული ფერი ედება. ამგვარ სანახაობას მზერისათვის ჰაერის სისქე ქმნის. უკეთუ სქელი და დამდგარი ჰაერი მზის სხივებმაც არ გაფანტა, ცხადი ხდება, რომ ვერ დაძლია იგი. დედამიწიდან ავარდნილი ორთქლის და ტენის სიჭარბე იმ ადგილებში, სადაც იგი დაგროვდა, ავდარიანობას გამოიწვევს. მსგავსად ამისა, რაჟამს მთვარე თითქოსდა წყლითაა გარემოცული, ხოლო მზეს ირგვლივ ე.წ. შარავანდედი აკრავს, ეს ან ჰაერის წყალთა სიმრავლეს ან კიდევ მძვინვარე ქართა აღძვრას მოასწავებს; ან კიდევ: რაჟამს მზესთან ერთად მის სარბიელზე ე.წ. თანამდევი შარავანდებიც ამოდიან, ისინი ჰავის ცვლილებაზე მიგვანიშნებენ. ასევე ღრუბლებიდან სწორად ჩამოშვებული სვეტები, რომელთაც ცისარტყელას ფერები აქვთ, ან წვიმებს, ან მკაცრ ქარებს, ან კიდევ საერთოდ, ჰაერის დიდ გარდატეხას მოასწავებენ. და კიდევ მრავალი ნიშანი შეუცვნია მათ, რომელთაც მთვარის ავსება და მოკლება უკვლევიათ, როგორც მაგალითად ის, რომ მის სახეცვლილებასთან ერთად დედამიწის გარემმცველი ჰაერიც უცილობლად იცვლება.

თუ სამი დღის მთვარე წვრილი და დაწმენდილია, მშვიდსა და ნათელ ამინდს გვაუწყებს; ხოლო თუ მისი რქები შესქელებული და მეწამული ფერის ჩანს, ღრუბლებიდან დიდძალ წყალს, ან მძვინვარე ქართა აღძვრას გვპირდება.

ვინ არ იცის, რამდენი სარგებელი მოაქვს ამ ნიშნებს ჩვენი ცხოვრებისათვის?

მეხომალდეს შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს ქარის ამოვარდნა და ხომალდი ნავსადგურში დააყენოს, მოგზაურს – რაჟამს მოღუშულ ჰაერს იხილავს, რომელიც ცვლილების მოლოდინშია, თავიდან აიცილოს ზიანი; მიწადმოქმედნი კი, რომელნიც თესვითა და მცენარეთა მოვლით არიან დაკავებულნი, ამათგან პოულობენ მარჯვე დროს ყოველგვარი საქმიანობისათვის. უფალმაც ხომ იწინასწარმეტყველა, რომ მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში სოფლის წარხდომის ნიშნებიც გამოჩნდება. მზე გადაიქცევა სისხლად და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი (მთ. 24.29). ასეთი იქნება ნიშნები ყოველივეს აღსასრულისა.

5. მაგრამ მათ, რომელთაც ზომიერების საზღვრები გადალახეს, მოსეს სიტყვები შობის დღეთა შესახებ მეცნიერების დასაცავად მოიხმეს და ამბობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ციურ სხეულთა მოძრაობებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჰგონიათ ქალდეველებს, რომ ვარსკვლავები მიგვანიშნებენ იმაზე, რაც უნდა შეგვემთხვეს.

წმინდა წერილის მარტივ სიტყვაში იყვნედ სასწაულებად მათ არა ჰაერის ცვლილება და ჟამთა მიმოქცევა, არამედ ცხოვრებისეული ხვედრი გულისხმაყვეს, და რას ამბობენ? რომ შობის ამა თუ იმ სახეს ზოდიაქოს ვარსკვლავებთან ამოძრავებული ვარსკვლავების შეერთება განსაზღვრავს, როცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრის შედეგად რაღაც გარკვეულ სახეს ქმნიან, ხოლო სხვაგვარად განლაგებით საპირისპირო ცხოვრებისეულ ხვედრს იწვევენ.

შესაძლოა, უსარგებლო არ იყოს, თუ ამ საკითხზე მსჯელობას მეტი სიცხადისათვის, ცოტა ზემოდან დავიწყებ. მაგრამ ვიტყვი არა რაიმეს ჩემს საკუთარს, არამედ მათი მხილებისათვის მათივე სიტყვებით ვისარგებლებ, რათა ისინი, რომელნიც უკვე ჩავარდნილნი არიან საცდურში, რამდენადმე განვკურნო, ხოლო დანარჩენები დავიცვა რათა მათ მსგავსად არ დაეცნენ.

შობის დღეთა შესახებ ამ მეცნიერების გამომგონებლებმა შეიცნეს რა, რომ ვრცელი დროის მანძილზე მრავალი სახე უსხლტებოდათ, დროის საზომის საზღვრები, რაც შეიძლებოდა, დაავიწროვეს, რადგანაც ყველაზე მცირესა და უმოკლეს დროში ანუ როგორც მოციქული ამბობს: მეყსა შინა წამსა თუალისასა (I კორ. 15.52), სხვაობა შობიდან შობამდე მეტად დიდია. ამ წამში რომ ქალაქთა მფლობელი, ხალხთა მთავარი, ფრიად მდიდარი და ძალაუფლების მქონე იბადება, მეორე წამში დაბადებული ღატაკია და მოწყალების მთხოვნელი, კარიდან კარზე მოხეტიალე დღიური საზრდოს მოსაპოვებლად. ამიტომაც ზოდიაქოდ წოდებული წრე თორმეტ ნაწილად გაყვეს, რამდენადაც მზე ე.წ. უძრავი სფეროს მეთორმეტედ ნაწილს ოცდაათი დღის მანძილზე გადის, თითოეული მეთორმეტედთაგანი ოცდაათ ნაწილად, შემდეგ ყოველი ასეთი ნაწილი სამოც ნაწილად, ხოლო თითოეული მესამოცედი კიდევ სამოცად დაანაწევრეს.

განვიხილოთ ახლა დაბადებულთა შობანი და ვნახოთ, შეუძლია თუ არა ვინმეს ზედმიწევნით ზუსტად მისწვდეს დროის ამ დანაყოფებს. რაჟამს ჩვილი დაიბადება, ბებია ქალი დახედავს, ვაჟია იგი თუ ქალი, ხოლო შემდეგ დაელოდება ტირილს, როგორც ნიშანს ახალშობილის სიცოცხლისა და როგორ ფიქრობ, ამ დროისათვის რამდენი მესამოცედი ჩაიქროლებდა? აი, უკვე უთხრა მან ქალდეველს ახლადშობილის შესაებ. რამდენი უმცირესი ნაწილი დასჭირდებოდა ბებია ქალის თხრობას, კიდევაც რომ გამართლებოდა მას და საქალებოს გარეთ მდგომი ვინმე ჟამის დამდგენელი ეპოვა? რადგან მას, ვისაც ჰოროსკოპის შეცნობა სურს, ზუსტად უნდა ეცნობოს შობის დრო, დღისა იქნება ის თუ ღამისა და კიდევ რამდენი მესამოცედი ნაწილი გაირბენდა ამასობაში? აუცილებლად უნდა იქნეს ნაპოვნი შობის განმსაზღვრელი ვარსკვლავი, კერძოდ, რომელია იგი არა მხოლოდ ერთ მეთორმეტედ ნაწილში, არამედ მეთორმეტედის რომელიღაც ნაწილის რომელიღაცა მესამოცედში, რადაც იგი იყოფა, როგორც ვთქვით, რათა ზუსტად იქნეს ნაპოვნი პირველი მესამოცედიდან მოყოლებული რომელიღაცა მესამოცედი. ამგვარად, მათი თქმით, ყოველი პლანეტისათვის ასეთი უმცირესი და შეუცნობელი დრო უნდა იქნეს გამოთვლილი, რათა ვიპოვნოთ, რა მდგომარეობა ეკავათ მათ უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში და ჩვილის შობის ჟამს როგორი სახე შეადგინეს.

რამდენადაც ამ დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, ხოლო მისი ერთი მცირე ნაწილის შეცვლა მეორეთი დიდ ცდომილებას ქმნის, სასაცილონი არიან ისინი, რომელნიც ამ სინამდვილეში არარსებული მეცნიერებისათვის იცლიან და კიდევ უფრო ისინი, რომელნიც პირდაღებულნი უსმენენ, თითქოს მათგან იმის გაგება შეეძლოთ, რა ელოდებათ.

6. და როგორია დასკვნები? ისინი ამბობენ: ეს თმახუჭუჭა და თვალმშვენიერი იქნება, რადგან ვერძის დროს დაიბადა, და ამ ცხოველს კი ასეთი შესახედაობა აქვსო; დიდსულოვანიც იქნება, რამდენადაც ვერძი წინამძღოლიაო; და კიდევ: ხელგაშლილიცა და მომგებელიც, რადგანაც ეს ცხოველი უმტკივნეულოდ განიყრის რა მატყლს, ბუნებისაგან კვლავ ადვილად იმოსებაო, ხოლო კუროს დროს ნაშობნიო, - ამბობენ ისინი, - ჯაფის დამთმენნი და მსახურნი არიან, ისევე როგორც კურო, რომელიც უღლის ქვეშაა; მორიელის დროს დაბადებული მსგავსად ამ ცხოველისა, შფოთისთავია, ხოლო სასწორის ჟამს შობილი კი – სამართლიანი, ვითარცა ჩვენი სასწორი.

და რაღა უნდა იყოს ამაზე სასაცილო? ვერძი, რომლისგანაც შენ ადამიანის დაბადების დროს იღებ, ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზეცისა, და მასში ყოფნისას მზე გაზაფხულის ნიშნებს ეხება. ასევე სასწორიცა და კუროც, თითოეული მათგანიც ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზოდიაქოდ წოდებული წრისა. ამბობ რა, რომ ძირითადი მიზეზები კაცობრივი ცხოვრებისა იქედანაა, ჩვენთან შობილ მძოვართაგან ადამიანთა ზნეს როგორ ახასიათებ? უკეთუ ვერძის დროს შობილი გულუხვია არა იმიტომ, რომ ეს თვისება ზეცის ამ ნაწილმა მისცა, არამედ იმიტომ, რომ ცხვარია ბუნებით ასეთი, რატომ გვაშინებ ვარსკვლავთა ნიშნების უეჭველობით და ცდილობ დაგვარწმუნო მძოვართა ბღავილით? თუკი ზეცამ ხასიათის ამგვარი თავისებურებანი ცხოველთაგან ისესხა, მაშინ იგი, რამდენადაც მიზეზებით მძოვარზე ყოფილა დამოკიდებული, თვითონაც უცხო საწყისებს უნდა ემორჩილებოდეს. და თუ ამის თქმა სასაცილოა, კიდევ უფრო სასაცილოა ძალისხმევა, დამაჯერებლობა მიანიჭო სწავლებას საგნებზე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ.

მათი ამგვარი ბრძნობანი ობობას ქსელს ჰგავს. თუ მას კოღო, ბუზი ან სხვა ამათი მსგავსი უძლურთაგანი მიეახლება, გაებმება და დამარცხდება; მაშინ, როცა, თუ რომელიმე ძლიერი ცხოველი მიუახლოვდა, თავს ადვილად გააღწევს, სუსტ აბლაბუდას გაგლეჯს და გაანადგურებს.

7. მაგრამ ისინი მხოლოდ ამაზე როდი ჩერდებიან, არამედ იმის მიზეზებსაც, რისი არჩევაც ყოველი ჩვენგანის ხელთაა, - მე ვლაპარაკობ იმაზე, რას ავირჩევთ, სიკეთესა თუ ბოროტებას, - ზეციურ სხეულებს მიაწერენ. თუ ერთი მხრივ მათთვის პასუხის გაცემა სასაცილოა, მეორე მხრივ, რამდენადაც ამ ცდომილებით მრავალნი დასნეულდნენ, საჭიროება მოითხოვს, რომ დუმილი დავარღვიოთ.

უპირველესად ეს ვკითხოთ მათ: განა ვარსკვლავები სახეს ყოველდღე ათასჯერ არ იცვლიან? რადგანაც ცდომილებად წოდებულნი მუდმივად მოძრაობენ, თუ ერთნი სწრაფად ხვდებიან ერთმანეთს, მეორენი მოქცევებს უფრო ნელა აღასრულებენ, ერთსა და იმავე დროში ხშირად ორივე იხილვება, ხშირად კი ერთმანეთს ფარავენ, ხოლო, შობის ჟამს კი, როგორც ისინი ამბობენ, დიდი ძალა აქვთ, რომ ან კეთილისმყოფელ, ან კიდევ ბოროტ ვარსკვლავთა გვერდით გამოჩნდნენ. ხშირად, ერთი უმცირესი ნაწილის შეუცნობლობის გამო, ვერ იპოვეს რა დრო, რომელშიც ვარსკვლავი თავის კეთილისმყოფელობას დაამოწმებდა, იგი უკეთურთა შორის აღწერეს. მე იძულებული ვარ, რომ მათივე გამოთქმებით ვისარგებლო.

ამგვარ მსჯელობაში ფრიად დიდია უგუნურება, და კიდევ უფრო დიდი უღმერთოება, რადგან უკეთურ ვარსკვლავებს თავიანთი უკეთურობის მიზეზი შემოქმედზე გადააქვთ. თუ ისინი ბუნებით არიან ბოროტნი, მაშინ დამბადებელი ბოროტების შექმნელი ყოფილა, ხოლო თუ ბოროტება ნებაყოფლობით აირჩიეს, მაშინ ჯერ ერთი, ისინი ნების მქონე ცოცხალი არსებანი ყოფილან, რომელნიც იძულების გარეშე, თავისუფლად მოძრაობენ; მეორეც, მტკიცება ამგვარი სიცრუისა უსულოთა შესახებ, ნამდვილ სიგიჟეს წარმოადგენს.

შემდეგ: რა დიდი უგუნურებაა თქმა იმისა, რომ სიკეთე და ბოროტება თითოეულ ვარსკვლავს წილად ღირსებისამებრ კი არ ხვდა, არამედ ამ ადგილას იგი კეთილისმყოფელი იყო, ხოლო სხვა ადგილას ბოროტი გახდა, რადგან რომელიღაცა ვარსკვლავის ქვეშ იხილვებოდა და კვლავ; გარკვეული მდგომარეობიდან რამდენადმე გადაიხარა თუ არა თავისი ბოროტება მყისვე დაივიწყა.

ამის შესახებ საკმარისად ითქვა. უკეთუ დროის ყოველ წამს ვარსკვლავთა ურთიერთგანლაგება ერთი სახიდან მეორეში გადადის, და ურიცხვი შეცვლისას დღეში ხშირად იქმნება იმგვარი სახე, რომელიც მეფის დაბადებას გვიჩვენებს, რატომ ყოველდღე არ იბადებიან მეფენი? და რატომ ერგებათ მათ სამეფო მამისაგან მემკვდირეობით? რა თქმა უნდა, მეფეთაგან ყოველი ხომ არ იაზრებს თავისი შვილის დაბადებას გამომდინარე ვარსკვლავების სამეფო განლაგებიდან? და კაცთაგან ვინ შეიძლება იყოს უფალი ამისა? როგორ შვა ოსიამ იოათამი, იოათამმა აქაზი და აქაზმა ეზეკია ისე, რომ ამათგან არცერთს არ დაემთხვა ჟამი მონად დაბადებისა? შემდეგ: უკეთუ ბოროტსა და სათნო საქმეებს ჩვენგან კი არ ეძლევა დასაბამი, არამედ დაბადებიდანვე აუცილებლობით დაგვყვება, ზედმეტნი ყოფილან სჯულისმდებელნი, რომელთაც განგვისაზღვრეს, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა გავექცეთ, ზედმეტნი ყოფილან მსაჯულნი, რომელნიც სათნოებას პატივს სცემენ, ხოლო უკეთურებას სჯიან; მაშინ ბრალი აღარც ქურდს უნდა დაედოს და აღარც კაცის მკვლელს, რადგანაც კიდევაც რომ სდომებოდა, არ შეეძლო დაეჭირა თავისი ხელი, რომელსაც ამის ჩადენისაკენ აუცილებლობა აქეზებდა. და მაინც, ყველაზე ამაოდ ხელოსნები და მიწადმოქმედნი შვრებიან, რომელთაც თურმე თესვისა და მკის გარეშეც შეეძლოთ მიეღოთ უხვი მოსავალი. ასევე ვაჭარიც, მიუხედავად იმისა, მოისურვებდა იგი ამას თუ არა, გამდიდრდებოდა, რადგანაც ქონებას ბედი შეუკრებდა. ქრისტიანთა დიდი სასოებაც უნდა განქარდეს, რადგან იქედან გამომდინარე, რომ ადამიანები საკუთარი ნებით არაფერს აკეთებენ, აღარც სამართლიანობას მიეგება პატივი და აღარც ცოდვა განისჯება; იქ, სადაც აუცილებლობა და ბედისწერა მძლავრობს, ადგილი არა აქვს ღირსების მიხედვით მიგებას, რაც უპირატესად მართლმსაჯულების თვისებას წარმოადგენს.

მათ შესახებ, რაც ითქვა, საკმარისია. ამასთან, არც თქვენ გჭირდებათ მრავალსიტყვაობა, რადგანაც სულით ჯანსაღნი ხართ და არც დრო გვაძლევს საშუალებას, რომ მათ წინააღმდეგ ზომაზე მეტი ვთქვათ.

8. კვლავ მივუბრუნდეთ სიტყვას, რომელზედაც შევჩერდით: იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად. ნიშნებზე უკვე ვთქვით, ხოლო რაც შეეხება დროებს, მასში, ვფიქრობ, წელიწადის დროთა მონაცველობა იგულისხმება: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა, რომელთა უცვლელი წესრიგით მიმოქცევას მნათობთა დადგენილი მოძრაობა გვანიჭებს. ზამთარი მაშინ დგება, ოდეს მზე სამხრეთისაკენ მიიქცევა და ჩვენს ადგილებში ღამის აჩრდილი გადიდდება, რის შედეგადაც ჰაერი დედამიწის გარშემო გაცივდება, ტენიანი ორთქლი ჩვენს ზემოთ შეიკრიბება და წვიმების, ყინვისა და გადაუღებელი თოვის მიზეზი ხდება. როცა მზე სამხრეთის ადგილებიდან კვლავ დაბრუნდება, შუაში დადგება და ამგვარად დროს ღამესა და დღეს შორის თანაბრად გაყოფს, მაშინ, რამდენადაც მეტ ხანს გაჩერდება დედამიწის რომელიმე ადგილის ზემოთ, იმდენად მეტად წარმოშობს იქ კეთილშეზავებულობას; და დადგება გაზაფხული, დასაბამი ყოველგვარი მცენარის აღმოცენებისა, გამაცოცხლებელი ხეთა უმეტესი ნაწილისა და მემკვიდრეთა შობით შემნარჩუნებელი ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ყველა ჯიშისა. აქედან მზე გადავა რა უკვე უკიდურესი ჩრდილოეთით, ზაფხულის მოქცევისაკენ, ყველაზე გრძელ დღეებს შეგვიმზადებს და იმის გამო, რომ დიდხანს დგას, ჩვენს თავს ზემოთ ჰაერს გააცხელებს, ხოლო მიწას გამოაშრობს, რითაც თესლს ამოსვლაში, ხოლო ხეთა ნაყოფებს დამწიფების დაჩქარებაში შეეწევა. თვითონ მზე ამ დროს უმხურვალესია, შუადღისას ჩრდილებს ამოკლებს, რადგან სიმაღლეზე აწეული, ადგილს ჩვენს ირგვლივ მთლიანად ანათებს. ყველაზე გრძელი ის დღეებია, რომლებშიც ჩრდილები უმოკლესია, ხოლო უმოკლესია დღეები, რომლებშიც ჩრდილები ყველაზე გრძელია. ეს ხდება ჩვენთან, ერთჩრდილიანებად წოდებულებთან, რომელნიც დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ვცხოვრობთ. იმათ შორის, რომელნიც სამხრეთში ცხოვრობენ, ისეთებიც არიან, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ჩრდილი საერთოდ ორი დღეც არა აქვთ. იქ მზე, რომელიც ზენიტში ბრწყინავს, ყოველმხრივ თანაბრად ანათებს, ასე რომ, ვიწრო პირებიდან უსულო სხივებით ჭათა სიღრმეში მდგარი წყალიც კი განათებულია. სწორედ აქედან ეწოდათ მათ უჩრდილოები. მათ, რომლებიც სურნელოვან მცენარეთა მშობელი ქვეყნის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ, ჩრდილი მონაცვლეობით ოროივე, ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან აქვთ და, რადგანაც ჩვენს მიერ დასახლებულ სამყაროში ერთადერთნი არიან, რომელნიც შუადღისას ჩრდილს სამხრეთისაკენ იძლევიან, ამიტომაც ირგვლივჩრდილიანებს უწოდებენ. ეს ყოველივე მაშინ ხდება, როცა მზე უკვე ჩრდილოეთ ნაწილში გადადის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა სიმხურვალე აქვს ჰაერს მზის სხივებისგან და ამით რა მოვლენები აღესრულება.

ჟამი შემოდგომისა, რომელიც ჩვენთან ამათ შემდეგ დგება, ზედმეტ სიცხეს ასუსტებს, განზავებულობის მეშვეობით სითბოს თანდათანობით ამცირებს და უვნებლად გადავყავართ ზამთარში, მაშინ, როცა მზე ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ისევ სამხრეთში გადადის. ეს წრიული მოქცევანი წლის დროებისა, რომელიც მზის მოძრაობას მისდევს, ჩვენს ცხოვრებასაც განაგებს.

ნათქვამია იყვნედ დღეებადო, არა იმიტომ, რომ მნათობებმა დღეები შექმნან, არამედ რათა მათზე იმეუფონ. დღეცა და ღამეც ხომ მნათობთა უწინარესად იშვნენ. ამასვე გვიდასტურებს ფსალმუნიც, რომელიც ამბობს: დაადგინა მზე მფლობელად დღისა, მთოვარე და ვარსკვლავები – ხელმწიფებად ღამისა (ფს. 135.8-9). რატომ აქვს მზეს მეუფება დღისა? იმიტომ, რომ მან ნათელი იტვირთა, რაჟამს ჩვენს ჰორიზონტზე ამობრწყინდება, სიბნელეს ფანტავს დად ღეს გვანიჭებს. ამიტომ შემცდარი არ იქნება, თუ ვინმე დღეს, როგორც მზით განათებულ ჰაერს, ისე განსაზღვრავს, ან კიდევ იტყვის, რომ დღე დროის საზომია, რომლის განმავლობაშიც მზე დედამიწის თავზე, ნახევარსფეროში იმყოფება. მაგრამ მზესა და მთვარეს წელიწადებად ყოფნაც ებრძანათ. მთვარე აღასრულებს რა თორმეტჯერ თავის სვლას, სრულ იქმნება წელიწადი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წელიწადის დროების ზუსტი სვლისათვის ხშირად დამატებითი თვე ხდება საჭირო. ასე ითვლიდნენ წელიწადს ებრაელები ძველ აღთქმაში და ძველი ელინები. მზის წელიწადი კი მისი საკუთარი მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ნიშნიდან კვლავ იმ ნიშანში დაბრუნებაა.

9. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდინი (შესაქ. 1.16). სიტყვა დიდს ზოგჯერ აბსოლუტური შინაარსი აქვს; მაგალითად: დიდი ცა, დიდი დედამიწა, დიდი ზღვა; ბევრ შემთხვევაში კი იგი სხვასთან შესადარებლად იხმარება, როგორც მაგალითად: დიდი ცხენი და დიდი ხარი (რადგანაც ისინი სიდიდეს სხეულის მოცულობით კი არ ამოწმებენ, არამედ შედარებით თავიანთ მსგავსებასთან). ამიტომ, როგორ მოვიაზროთ დიდის შინაარსი ამ შემთხვევაში? ნუთუ ისე, როგორც ჭიანჭველას ან სხვას, ბუნებით პატარას, დიდს ვუწოდებთ მაშინ, რაჟამს მათ სიდიდეს მათივე ჯიშის სხვა წარმომადგენელთან შედარებით ვამოწმებთ? თუ ამჯერად დიდი ისე გავიგოთ, რომ ეს მნათობები დიდებად შეიქმნენ? მე ასე ვფიქრობ: ისინი დიდნი არიან არა სხვა, უფრო პატარა ვარსკვლავებთან შედარებით, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი მოცულობა აქვთ იმისათვის, რათა მათგან გადმოღვრილმა ნათელმა ცა და ჰაერიც გაანათოს და მთელ დედამიწასა და ზღვაზეც მყისვე გავრცელდეს. ცის რომელ ნაწილზედაც არ უნდა იყვნენ ისინი (მზე და მთვარე), თუნდაც ამოდიოდნენ, თუნდაც ჩადიოდნენ და თუნდაც შუაში იდგნენ, კაცთათვის ყოველი მხრიდან ერთი სიდიდის მქონენი ჩანან, რაც მათ უჩვეულო სიდიდეს ამტკიცებს, რომელთან შედარებითაც დედამიწის სივრცელე არაფერს ნიშნავს და მათ ვერც უფრო დიდად და ვერც უფრო მცირედ ვერ წარმოაჩენს. ჩვენგან დაშორებულ საგნებს რამდენადმე დაპატარავებულს ვხედავთ და რაც უფრო მივუახლოვდებით, მათ სიდიდეს უფრო და უფრო აღმოვაჩენთ. მაგრამ მზესთან მიმართებაში უფრო ახლოს და უფრო შორს არავინაა, არამედ პირიქით, დედამიწის ყველა ნაწილის მცხოვრებთ თანაბრად დაშორებული წარმოუდგება. ნიშანდობლივია, რომ მას ინდოელებიცა და ბრიტანელებიც ერთნაირს ხედავენ. არც აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის კლებულობს მისი სიდიდე, რაჟამს დასავლეთში ჩადის და არც დასავლეთში მცხოვრებთ ეჩვენებათ უფრო მცირე, რაჟამს აღმოსავლეთიდან ამოდის. მისი შესახედაობა უცვლელია ორივე მხარის მცხოვრებთათვის მაშინაც, როცა იგი ზეცის შუაში დგას.

ნუ მოგატყუებს ის, რაც ჩანს და ნურც ის, რომ მხილველთათვის მოცულობით ერთი წყრთაა მხოლოდ და ნუ დაასკვნი, რომ მართლაც ესაა სიდიდე მისი. სიდიდე საგნებისა, რომელთაც დიდ მანძილზე დაშორებულებს ვხედავთ, ჩვეულებრივ მცირდება, რადგან მხედველობის ძალა არასაკმარისია, რათა გააღწიოს სივრცეს, რომელიც გვაშორებს. იგი გზადაგზა თითქოს განილევა და სახილველ საგნებამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. შემცირებული ძალა ჩვენი მხედველობისა, გადააქვს რა საკუთარი ნაკლი სახილველ საგნებზე, გვაიძულებს ისინიც შემცირებულად აღვიქვათ. თუ მხედველობა ტყუვდება, იგი არასანდო კრიტერიუმი ყოფილა. საკუთარი შეცდომები გაიხსენე და ნათქვამის დამოწმებას შენს თავშივე იპოვი. თუკი ოდესმე მაღალი მთის მწვერვალიდან გიხილავს ველი, ვრცელი და გაშლილი, რამხელა მოგჩვენებია უღელში შებმული ხარები? და რამხელა თვითონ მხვნელები? ხომ ვითარცა ჭიანჭველანი? თუკი სათვალთვალო კოშკიდან მზერა ზღვის სივრცისაკენ წარგიმართავს, რამხელა მოგჩვენებია თვით ყველაზე დიდი კუნძულები და რამხელა ერთი სატვირთო ხომალდთაგანი მუქ ლურჯ ზღვაზე თეთრი იალქნებით რომ მიცურავს? ხომ მტრედებზე უფრო მცირედ წარმოგდგომია, არა? რადგანაც, როგორც ვთქვი, ჰაერის მიერ შთანთქმული მზერა, სუსტდება და სახილველის ზუსტად აღქმისათვის არასაკმარისი ხდება. ასევე მთათა შორის უდიდესს, რომელიც ღრმა ხეობებითაა დასერილი, მზერა ყოველმხრივ ამობურცულად და გლუვად წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ გამოწეულ ადგილებს სწვდება, და მათ შორის არსებული ღარტაფების წვდომა უძლურებისა გამო არ შეუძლია. ამიტომაც მხედველობა სხეულებს ვერც იმგვარ მოხაზულობას უნარჩუნებს, რომელიც სინამდვილეში აქვთ, არამედ, პირიქით, ოთხკუთხა კოშკებს მრგვალებად წარმოგვიდგენს. ამგვარად, ყველაფრიდან ჩანს, რომ მზერა დიდი მანძილით დაშორებულ სხეულებზე არა ჭეშმარიტ, არამედ შერეულ წარმოდგენას იღებს. ასე რომ, მნათობი იგი დიდია, როგორც ამას წმინდა წერილი გვიმოწმებს და განუსაზღვრელად უფრო დიდი, ვიდრე ჩანს.

10. და კიდევ ესეც იყოს შენთვის ცხადი ნიშანი მისი სიდიდისა: თუმცა ურიცხვია სიმრავლე ზეცაში ვარსკვლავთა, მაგრამ ყველა მათგანის ნათელი რომ შევკრიბოთ, საკმარისი არ იქნება ღამის სიბნელის გასაფანტავად. ეს კი ერთი, გამოჩნდება თუ არა ჰორიზონტზე, მაშინაც კი, როცა მის ამოსვლას მხოლოდ ველოდებით, ჯერ დედამიწაზე მთლიანად არც კი ამაღლებულა, რომ სიბნელე უკვე ქრება, ვარსკვლავთა ნათელი ფერმკრთალდება და დედამიწის ახლოს მანამდე გამკვრივებული და შეკუმშული ჰაერი შეთხელდება და ამდინარდება. აქედან არიან დილის ნიავნი და ცვარნი, რომელნიც მოწმენდილ ამინდში დედამიწას ასველებენ. როგორ შეუძლია მზეს მთელი დედამიწის, რომელიც ასე ვრცელია, თვალის დახამხამებაში განათება, სხივებს რომ დიდი სფეროდან არ აგზავნიდეს? აქედან შემოქმედის სიბრძნეც შეიმეცნე, რომელმაც მას ამგვარი დაშორების შესაბამისი სიმხურვალე მისცა. მხურვალება მზისა ისეთია, რომ არცა გარდამეტებული სიცხით დაწვას ქვეყანა და არც სითბოს დაკლებით დატოვოს დედამიწა ცივი და უნაყოფო.

მთავარის შესახებაც, მსგავსად ნათქვამისა წარმოიდგინე. მისი სხეულიც დიდია და შემდგომად მზისა ყველაზე მანათობელი. ამასთან, მისი სიდიდე ყოველთვის არ იხილვება, არამედ ზოგჯერ სავსე ჩანს სიმრგვალესა შინა, ხოლო ზოგჯერ, შემცირებული და დაკლებული, თავის ამა თუ იმ დარჩენილ ნაწილს წარმოაჩენს. როცა იზრდება, მისი ერთი ნაწილი იჩრდილება, მეორე ნაწილი კი მოკლების ჟამს იფარება. ბრძენ შემოქმედს რაღაც დაფარული მიზეზი აქვს მისი ხატის ასე მრავალფეროვანი ცვლილებისათვის. შესაძლებელია, ამით მას სურდა ნათელი მაგალითი მოეცა ჩვენი ბუნებისა, კერძოდ, რაც კაცობრივია, მათგან მარადიული არაფერია, ერთი რომ არარსებობიდან გასრულებამდე მიდის, მეორე მიაღწევს რა აყვავების ხანას და მისთვის უკიდურეს ზომამდე გაიზრდება, თანდათანობითი მოკლების შედეგად განილევა, ირღვევა და დაპატარევებული ნადგურდება. ასევე მთვარის სანახაობისგანაც ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და შეგვექმნება რა აზრი კაცობრივ საქმეთა მსწრაფლ ცვალებადობაზე, მაღალი წარმოდგენა არც ცხოვრების კეთილდღეობაზე გვექნება, არც ძლიერებით გავიხარებთ და არც მერყევი სიმდიდრით აღვზევდებით; უგულებელვყოფთ ხორცს, რომელსაც ცვალებადობა ახასიათებს და ვიზრუნებთ სულზე, რომლის სიკეთეც უცვლელია. თუ შენ გამწუხრებს მთვარე, რომელსაც თანდათანობითი მოკლებისას ნათელიც უმცირდება, უფრო მეტად დაგამწუხროს სულმა, რომელმაც სათნოება შეიძინა, მაგრამ სიკეთე დაუდევრობით წარწყმიდა, არასოდეს არ რჩება ერთსა და იმავე მდგომარეობაში, უსაფუძვლო აზრების გამო აქეთ-იქით აწყდება და ხშირად იცვლება, მართლაც ისე, როგორც ნათქვამია: უგუნური იცვლება ვითარცა მთვარე (ზირ. 27.11).

ვფიქრობ, მთვარის ცვლილებას ცოტა გავლენა როდი აქვს ცხოველთა და სხვა მიწისაგან წარმოშობილთა აგებულებაზე, რადგან სხვაგვარია სხეულთა მდგომარეობა, როცა იგი კლებულობს და სხვაგვარი, როცა იზრდება. მთვარის შემცირებასთან ერთად ისინი თხელდებიან და სუსტდებიან, ხოლო როცა იგი იზრდება და სისრულეს უახლოვდება, კვლავ ივსებიან. ეს იმიტომ, რომ მთვარე მათ რაღაც სითბოსთან განზავებულ ტენს აძლევს, რომელიც სიღრმეში აღწევს. ამას გვიმოწმებენ ისინი, რომელთაც მთვარის სინათლეზე სძინავთ და თავის არე გარდამეტებული ტენით ევსებათ; ასევე სწრაფად ფუჭდება ახლადდაკლული ცხოველის ხორცი, რაჟამს მას მთვარის სხივები დაეცემა და კიდევ: ცხოველთა ტვინი, ზღვის ცხოველები და ხეთა გულები. მაგრამ მთვარე ყოველივე ამის შეცვლას თავის ცვალებადობასთან ერთად ვერ შეძლებდა, იგი რომ, როგორც ამას წმიდა წერილიც გვიმოწმებს, ძალით რაღაც განსაკუთრებული და უჩვეულო არ იყოს.

11. ჰაერის სახეცვლილებანი მთვარის ცვალებადობას უკავშირდება, როგორც ამას ხშირად მშვიდი და ნათელი ამინდის შემდეგ ახალი მთვარისას ღრუბლების მოძრაობისა და მათი ურთიერთშეხლის შედეგად მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლები გვიდასტურებენ; ასევე უკუდინებანი ევრიპებისა, მიქცევა ე.წ. ოკეანისა, რომელიც, როგორც ეს სანაპირო მცხოვრებთა აღმოაჩინეს, ზუსტად მთვარის წრიული მოქცევის დროებს მისდევს. მთვარის სხვა სახეებისას ევრიპები ორივე მხარეს მიედინებიან, ხოლო მისი შობის ჟამს ერთი წუთითაც არ მშვიდდებიან, განუწყვეტლივ ღელავენ და ირყევიან, სანამ მთვარე კვლავ არ გამოჩნდება და წინა-უკმო დინებებს გარკვეულ თანმიმდევრულობას არ მიანიჭებს. დასავლეთის ზღვაც მიმოქცევას ემორჩილება, ხან იკლებს და ხანაც იმატებს, მიქცევისას თითქოს მთვარემ შეისუნთქაო, ხოლო მოქცევისას, თითქოს მთვარემ ამოისუნთქაო, მანმადე ივსება, ვიდრე ჩვეულ ზომას არ მიაღწევს.

ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი, რომ მნათობების სიდიდე მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რომ ღმრთივსულიერ სიტყვებში არაფერია ფუჭი, თვით ერთი ასოც კი, თუმცა ჩვენი სიტყვა არაფერს მთავარს თითქმის არ შეხებია. მზისა და მთვარის სიდიდესა და დაშორებაზე დასკვნების საშუალებით მრავალი რამის პოვნა შეიძლება, თუკი მათ მოქმედებასა და ძალას ზედაპირულად არ განვიხილავთ. ჩვენი უძლურება ჩვენვე გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რათა ვინმემ უდიდესი ქმნილებანი ჩვენი სიტყვების მიხედვით კი არ გაზომოს, არამედ, პირიქით, იმ მცირედან, რაც მათ შესახებ ითქვა, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, თუ უთქმელი რამდენი მნიშვნელოვანი რამ დაგვრჩა.

ამგვარად მთვარე არა თვალით, არამედ გონებით გაზომე, რომელიც ჭეშმარიტების აღმოჩენისას თვალზე ბევრად უფრო ზუსტია. ახლა ყველგან გავრცელდა სასაცილო ზღაპრები მთვრალი დედაბრებისა, იმის თაობაზე, რომ რაღაც გრძნეულებით თავისი საფუძვლიდან დაძრული მთვარე დედამიწაზე ჩამოვარდება. მაგრამ როგორ შეუძლია გრძნეულთა შელოცვას ადგილიდან დაძრას ის, რაც უზენაესმა დააფუძნა? და თუ მაინც ჩამოვარდა, რომელი ადგილი დაიტევს მას?

გსურს, მისი სიდიდის შესახებ მტკიცებულება მცირე ნიშნებიდან ისესხო? სამყაროში ერთმანეთისაგან დიდად დაშორებული ქალაქები აღმოსავლეთისაკენ მიქცეულ ქუჩებში მთვარის ნათელს თანაბრად იღებენ. მთვარე რომ ყველას პირისპირ არ იდგეს, იგი უეჭველად მხოლოდ იმ ქუჩებს გაანათებდა, რომლებიც მის პირდაპირ მდებარეობენ, ხოლო ქუჩებს, რომლებიც მისი მოცულობის გარეთ არიან, დახრილ, ირიბად წამოსულ სხივებს ესროდა.

იგივე შეიძლება ვიხილოთ ლამპრებშიც, რომლებსაც სახლებში ანთებენ. როცა მის ახლოს მრავალი დგას, ჩრდილი პირდაპირ მდგომთა პირდაპირვე წაგრძელდება, ხოლო დანარჩენთა ჩრდილები ამა თუ იმ მხარეს მიდრკებიან, აქედან გამომდინარე, მთვარის სხეული რომ უზარმაზარი არ იყო და აღმატებული სიდიდე არ ჰქონდეს, ერთი ყველას პირდაპირ ვერ აღმოჩნდებოდა. იმ ადგილებში, სადაც დღეები თანაბარია, ამოსულ მთვარეს ერთნაირს ხედავენ როგორც მცხოვრებნი ცივ სარტყელში, დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ, ასევე ისინიც, რომლებიც სამხრეთის სიღრმეში ცხოვრობენ, მეზობლები მზიანი ადგილებისა. მისი სივრცელე ყოველი მათგანის მიმართ პირდაპირაა მიქცეული, რითაც იგი თავის სიდიდეს ცხადად ამოწმებს. ვინღა იკამათებს ისევ იმის თაობაზე, რომ სხეული მისი, რომელიც ასე ბევრ საგანს უთანაბრდება და თანაც მისგან ასე დაშორებულს, მართლაც რომ ფრიად დიდია. მზისა და მთვარის სიდიდეზე საკმარისად ითქვა.

ვინც ჩვენ მოგვმადლა გონება, რათა მცირე ქმნილებათაგან შემოქმედის სიბრძნე შევიცნოთ, დაე მოგვანიჭოს ძალა დიდი ქმნილებებისაგან დამბადებლის შესახებ კიდევ უფრო მეტის შეცნობისა, თუმცაღა მზეცა და მთვარეც შემოქმედთან შედარებით კალიასა და ჭიანჭველაზე უფრო მცირენი არიან. ამიტომაც შეუძლებელია მათგან ისეთი დასკვნის გამოტანა, რომელიც ყოველთა ღმერთის სიდიადის შესაფერისი იქნებოდა; მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ რამდენადმე მცირე და ბუნდოვან წარმოდგენებამდე მიგვიყვანონ, ისევე როგორც ყოველს პატარა ცხოველებისა და მცენარეებისგან.

დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა და მადლობა შევწიროთ მას, ვინც მე სიტყვის ეს მცირე მსახურება მომმადლა, ხოლო თქვენ – მას, ვინც სულიერი საზრდეელით გზრდით. მან ჩემი მწირი სიტყვებით, ვითარცა რაღაც ქერის პურით, ახლაც გვასაზრდოვებს, რწმენის შესაფერისად მოგვცემს რა გამოცხადებას სულისა (I კორ. 12.7) ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.