1. და თქუა ღმერთმან: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომელისა თესლი მისი მის თანა (შესაქ. 1.11). შემდგომად დედამიწის განსვენებისა და წყლის სიმძიმის განგდებისა, ებრძანა მას, რათა პირველად გამოეღო ბალახი, ხოლო მერმე ხე, როგორც ამას აქამდე ვხედავთ. რადგანაც მაშინდელი ხმა და ეს პირველი ბრძანება, როგორც რაღაც ბუნებითი კანონი იქმნა და დედამიწაზე დარჩა, იქიდან მოყოლებული დღემდე აძლევს მას შობისა და ნაყოფის გამოღების ძალას.
ქუეყანამან გამოიღედ. დასაბამი მცენარის წარმოშობისა აღმოცენებაა: რაჟამს მცირედ ამოყოფს თავს, მორჩია, ხოლო რაჟამს გაიზრდება, ბალახად იქცევა, ვიდრე თანდათანობითი გასრულებით თესლის გამოღებამდე მიაღწევდეს, რადგანაც სინორჩე და მომწიფება ყველას ერთნაირი აქვს.
ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწამ თავისით გამოიღოს ნაყოფი, ისე რომ სხვისი მხრიდან შემწეობა არ დასჭირდეს, თუმცაღა ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიზეზი დედამიწისაგან მცენარეთა აღმოცენებისა მზეა, რადგანაც იგი მხურვალებით ამოზიდავს მის წიაღში დაფარულ ძალას ვიდრე არ წარმოაჩენსო. მაგრამ დედამიწა სამკაულებით მზეზე ადრე იმიტომ დამშვენდა, რომ შეცდომილებს თაყვანისცემა მზისა და აღაირება იმისა, რომ იგია მიზეზი სიცოცხლისა, შეეწყვიტათ.
თუკი ირწმუნებენ, რომ მთელი დედამიწა მზის დაბადებამდე გამშვენდა, მისით უზომო გაკვირვება შეუმცირდებათ და მოიაზრებენ, რომ თავისი წარმოშობით იგი უმრწემესია მორჩსა და ბალახზე. ამიერიდან, როცა პირუტყვთათვის განმზადდა საზრდელი, ჩვენც ხომ ვიქნებოდით ღირსი ზრუნვის გამოჩენისა? ვინც ხარებსა და ცხენებს განუმზადა საკვები, შენთვის კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე და განსაცხრომელი განამზადა, რადგან იმით, რომ საქონელს არჩენს, ამით სასიცოცხლოდ აუცილებელ სახმარსაც გიმრავლებს. და კიდევ: თესლთა აღმოცენება სხვა რა არის, თუ არა მარაგი სურსათ-სანოვაგისა? გარდა ამისა, მრავალი მხალიცა და მწვანილიც ხომ ადამიანთა საზრდელს წარმოადგენს.
2. ნათქვამია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი. თუმცაღა ზოგიერთი ჯიშის ბალახი სხვებისთვისაა განკუთვნილი, სარგებელი მაინც ჩვენ გვიბრუნდება და თესლის გამოყენებაც ჩვენთვისაა განსაზღვრული. ამიტომაც ნათქვამის შინაარსი ასეთია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი, რადგან ამგვარად შეიძლება აღდგეს თანმიმდევრულობა სიტყვაში, რომელიც ახლა შეუთანხმებლად გვეჩვენება და დაცულ იქნას იგი მათ შორის, რასაც ბუნება წარმოშობს: პირველად აღმოცენებაა, მერმე მორჩი, შემდგომად მისა გაზრდა ბალახისა და ბოლოს ზრდის გასრულება თესლით.
ამბობენ: როგორღა ითქვა, რომ ყოველი, რასაც მიწა აღმოაცენებს, თესლოვანია, მაშინ, როცა ლერწამი და ნამიკრეფია, პიტნა და ზაფრანა, ნიორი და ჭილი და კიდევ სხვა მრავალი ჯიში მცენარეთა, როგორც ვხედავთ, უთესლოა? ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მრავალი რამ აღმოცენდება მიწიდან, რომელსაც ძალა თესლისა ძირსა და ფესვში აქვს; როგორც მაგალითად, ლერწამს; ერთი წლის რომ გახდება, იგი ფესვისაგან გამოიღებს ყლორტს, რაც მომავალი წლისათვის მისი თესლია. ასევეა მრავალი სხვაც, რომელნიც დედამიწაზე ცხოვრობენ და ჯიშის გაგრძელების ძალა ფესვებში აქვთ. და მართლაც, ყოველ მცენარეს ან თესლი აქვს, ან სათესლე ძალა. სწორედ ამას ნიშნავს ნათესავობისაებრი, რადგან ლერწმის ყლორტი ზეთისხილს ვერ გამოიღებს, არამედ ლერწმისაგან ლერწამი გამოვა და დათესილი თესლიდან მსგავსი თესლისა აღმოცენდება. რაც კი დედამიწამ თავდაპირველი შობისას აღმოაცენა, დღემდეა შემონახული, რადგან ჯიშს მემკვიდრეობის გადაცემით ინახავს.
ქუეყანამან გამოიღედ. მოიაზრე, თუ ვითარ მსწრაფლ აღიძრა ცივი და ბერწი დედამიწა მცირე ხმისა და მოკლე ბრძანების შედეგად მშობიარობის ტკივილისა და ნაყოფის გამოღებისათვის, განიძარცვა სამოსელი გლოვისა და მწუხარებისა, ბრწყინვალე სამოსელით შეიმოსა, საკუთარი სამკაულებით გაიხარა და მცენარეთა მრავალი ჯიში გამოიღო.
მსურს უფრო მტკიცედ ჩაგინერგო დაბადებულით გაკვირვება, რათა სადაც არ უნდა იყო და რომელი ჯიშის მცენარეც არ უნდა შეგხვდეს, ცხადად გაიხსენო დამბადებელი მისი. პირველ რიგში, რაჟამს ბალახის მორჩს ან ყვავილს იხილავ, გულისხმაჰყავ ადამიანის ბუნება და გაიხსენე სახისმეტყველება იგი ბრძენი ესაიასი: ყოველი ხორციელი თივა არს და ყოველი დიდება კაცისაჲ ვითარცა ყუავილი თივისაჲ (ეს. 40.6), რადგანაც სიცოცხლის დროისა და კაცობრივი კეთილდღეობის ხანმოკლე სიხარულსა და შვებას წინასწარმეტყველის მიერ ჭეშმარიტად შესაფერისი ხატი მოეძებნა.
დღეს ვინმე სხეულით განცხრომაშია, ფუფუნებისაგან ხორცითაა დამძიმებული, ჭაბუკური ასაკის შესაფერისად კეთილფეროვნებით ჰყვავის, ძლიერია, სიცოცხლით აღსავსე და სურვილებში დაუმარცხებელი, ხვალ კი, ან დროისაგან ჩამომჭკნარი, ან სატკივარით დაუძლურებული მხოლოდ სიბრალულსღა იწვევს.
დღეს ვინმე ცნობილია დიდი სიმდიდრით, მის ირგვლივ სიმრავლეა პირფერთა და მცველთა, რომელნიც მეგობრობის პატივს იჩემებენ და მისი წყალობის მოსაპოვებლად თავს არ ზოგავენ; უამრავი ნათესავი და მრავალრიცხოვანი გუნდი მსახურთა, რომელიც ან მისი საჭმლისათვის ზრუნავს, ან მის რომელიმე სხვა მოთხოვნას აღასრულებს, სახლიდან გასვლისას თუ შინ დაბრუნებისას თან მიჰყვებ-მოჰყვებიან და შემხვედრთა შორის შურს აღძრავენ. ამასთან, სიმდიდერეს რომელიმე სამოქალაქო ძალაუფლებაც დაუმატე, ან პატივი მეფეთაგან, ან მმართველობა ხალხებისა, ან კიდევ წინამძღოლობა ლაშქრისა, მაცნე, რომელიც მის წინაშე ხმამაღლა ღაღადებს, კვერთხოსანნი, რომელნიც ქვეშევრდომთა ზედა ისეთ საშინელ მღელვარებასა და გვემას მოაწევენ, როგორიცაა ქონების ჩამორთმევა, დაპატიმრება და საპყრობილე, რაც აუტანელ შიშს ხელქვეითთა შორის კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ რაღაა შემდგომად ამისა? ერთი ღამე, ერთი ხურვება, ჭვალი გვერდებისა ან ანთება ფილტვებისა მას კაცთაგან წარიტაცებს და სცენიდან გაიყვანს, მყის დაცარიელდება სამოქმედო ადგილი მისი და დიდება მისი, ვითარცა სიზმარი წარხდება. ამიტომაც შეადარა წინასწარმეტყველმა კაცობრივი დიდება უუძლურეს ყვავილს.
3. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი. მცენარეთა წესი დღემდე თავდაპირველ წესრიგზე მოწმობს, რადგანაც ყოველგვარ მწვანილსა და ბალახს წინ აღმოცენება უძღვის. გამოვა რა ფესვიდან მიწისქვეშა ყლორტი, ვითარცა მაგალითად ზაფრანისა და ნამიკრეფიასი, ღივი ზევით ამოიწვერება; ასევეა თესლის შემთხვევაშიც, პირველად აუცილებელია აღმოცენება, შემდეგ მორჩად ქცევა, შემდეგ მწვანე ბალახად და ბოლოს გამხმარსა და გამსხვილებულ ღეროზე ნაყოფის მომწიფება.
ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. რაჟამს თესლი მიწაზე დავარდება, რომელსაც სითბო და სინოტივე თანაბრად აქვს, გაიბერება, ფორები გაუმრავლდება და შემოწოლილი მიწით გარემოცული მისთვის დამახასიათებელსა და ნათესაურს ფორებში მიიტაცებს; ხოლო როცა მათში მიწის უწვრილესი მტვერი შეიჭრება, მოცულობით გაზრდილი თესლი ქვემოთ ფესვებს გამოიღებს, ხოლო ზემოთ ამოიწვერება. რამდენი ფესვიც ქვემოთ აქვს, ზემოთაც იმდენი ღერო ექნება; მუდმივად გამთბარი მორჩი ფესვებით სინოტივეს შეიწოვს და სითბოს საშუალებით მიწიდან იმდენ საზრდელს ამოიღებს, რამდენიც სჭირდება და მას როგორც ღეროს, ქერქსა და მარცვლის ბუდეს, ასევე თავად მარცვალსაც და ფხებსაც გაუნაწილებს. ამგვარად, ყოველი მცენარე მარცვლეულთა, პარკოსანთა, ბოსტნეულთა თუ ბუჩქნართა ჯიშიდან თანდათანობითი ზრდისას მისთვის ჩვეულ ზომას მიაღწევს.
ერთი ბალახი, მისი ერთი ღეროც საკმარისია, რომ მთელი შენი გონება მოიცვას და განჭვრიტო ხელოვნება შემოქმედისა, რომელმაც იგი შექმნა; მაგალითად, როგორ შეირტყამს სარტყლად ხორბლის ღერო მუხლებს, რათა მათ, ვითარცა საკრველთა, სიმძიმე თავთავისა, რაჟამს მარცვლებით სავსე მიწისაკენ დადრკება, ადვილად იტვირთონ; შვრიის ღერო კი ცარიელია იმიტომ, რომ მის წვერს სიმძიმე არა აქვს. ბუნებამ ხორბლის ღერო ამგვარი მუხლებით დაიცვა, მარცვალი ბუდეში მოათავსა, რათა ფრინველებს არ წარეტაცათ, ხოლო ნემსივით წამახული ფეხები პატარა ცხოველებისაგან მიყენებული ზიანისაგან დავდასაცავად მისცა.
4. რაღა ვთქვა, ან რის შესახებ დავდუმდე? ქმნილებათა მდიდარ საგანძურში სხვაზე აღმატებული პატივის მქონის პოვნა ძნელია, ხოლო რომელიმეს უყურადღებოდ დატოვება – შემაწუხებელი დანაკლისი.
ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა და საზრდელთან ერთად მომაკვდინებელიც ამოვიდა: ხორბალთან შხამა, ხოლო სხვა საზრდელთან: ლემი, ხარისძირა, ვაშლაძილა და ხაშხაში. რა ვქნათ? მადლობა აღარ შევწიროთ დამაბდებელს იმისათვის, რომ ბევრი რამ სასარგებლო მოგვცა და ბრალი დავდოთ იმისათვის, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის დამღუპველია? თუ მოვიაზროთ, რომ ყოველი, რაც შეიქმნა, ჩვენი მუცლისათვის არ შექმნილა? მაგრამ ჩვენთვის განმზადებული საზრდელი ხომ ჩვენს ხელთაა და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, ხოლო რაც შეეხება სხვებს, ქმნილებათაგან თითოეული დაბადებულთა შორის თავის საკუთარ დანიშნულებას აღასრულებს. მაგალითად, რადგანაც ხარის სისხლი შენთვის სასიკვდილოა, ამიტომ იგი ან საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო, ან უსისხლო უნდა ყოფილიყო? მისი ძალა ხომ ესოდენ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის? შენთვის საკმარისია გონება, რომელიც შენში ცოცხლობს, რათა იმისგან, რაც სასიკვდილოა, თავი დაიცვა. თუ ცხვრებიც და თხებიც კი გაურბიან იმას, რაც მათი სიცოცხლისათვის საშიშია, მაშინ როცა მავნებელს მხოლოდ ალღოთი არჩევენ, შენთვის, რომელსაც გონება და კურნების ხელოვნება მოგენიჭა, რომელიც სასარგებლოზე მიგითითებს და თანაც მავნებლისაგან მორიდებას წინაპართა გამოცდილებაც გასწავლის, მითხარი, ძნელი უნდა იყოს განშორება იმისაგან, რაც სასიკვდილოა? არცერთი ამათგანი არ შექმნილა ამაოდ და უსარგებლოდ, რადგან ისინი ან საკვებია ზოგიერთი ცხოველისა, ან კიდევ: სამკურნალო ხელოვნების მიერ რომელიმე სატკივარის შესამსუბუქებლად თავად ჩვენთვისაა აღმოჩენილი. შხამას შაშვები ძოვენ. ისინი სხეულის აგებულების წყალობით საწამლავისაგან ვნებას არ განიცდიან, რამდენადაც ფორები გულისა წვრილი აქვთ და შთანთქმულს მანამდე ალხვობენ, სანამ მის მიერ წარმოშობილი სიცივე გულამდე მიაღწევდეს. ხარისძირათი (ელევანი) კი მწყრები საზრდოობენ, რომელნიც ვნებას ასევე თავიანთი აგებულებით ირიდებენ. მაგრამ ზოგჯერ ეს მცენარენი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან. მკურნალნი ვაშლიძალათი (მანდრაგორა) აძინებენ, ხოლო ოპიუმით სხეულის ძლიერ ტკივილებს აყუჩებენ. ზოგიერთებმა შხამათი გაუმაძღრობის სიცოფე განკურნეს, ვაშლაძილათი კი მრავალი დაძველებული სენი ამოძირკვეს. ამრიგად, რისთვისაც შენ დამბადებლისათვის ბრალის დადებას ფიქრობ, ისინი უმეტესი მადლობის მიზეზად გექცა.
5. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისაჲ. თქვა და რამდენი საზრდელი წარმოაჩინა იმათ ძირებსა, თვითონ მცენარეებსა თუ ნაყოფებში, რომელნიც ან თავისით აღმოცენდნენ, ან კიდევ შრომისა და მიწის დამუშავების შედეგად. თესლისა და ნაყოფის გამოღება მაშინვე კი არ ბრძანა, არამედ ჯერ აღმოცენება და გადამწვანება დედამიწისა, ხოლო შემდეგ თესლით გასრულება ზრდისა, რათა ეს პირველი ბრძანება ბუნებისათვის შემდგომშიაც მორჩილების შეგონება ყოფილიყო.
ამბობენ: როგორღა გამოაქვს დედამიწას ჯიშის მიხედვით თესლი, მაშინ, როცა ხშირად ხორბალს ვთესთ და შავ მარცვალს ვიმკითო, მაგრამ ეს შეცვლას კი არ ნიშნავს ჯიშისა, არამედ თესლის რაღაც სენსა და უძლურებას, მან ხორბლის ბუნება კი არ განაგდო, არამედ, როგორც ამაზე მისი სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ხვატისაგან გაშავდა, დაიწვა რა გარდამეტებული ყინვისაგან, სხვა ფერი და გემო შეიძინა. ამბობენ, რომ თუკი იგი კვლავ კეთილ ნიადაგში მოხვდება და ჰაერიც შეზავებული იქნება, ძველ სახეს დაიბრუნებსო. ამგვარად, მცენარეთა შორის ვერაფერს იპოვი ისეთს, ამ ბრძანების საწინააღმდეგოდ რომ ხდებოდეს. ე.წ. ჭიოტა და სხვა ამდაგვარ სარეველთა თესლნი, რომელნიც საკვებად ვარგისებს შეერევიან და რომელთაც წმ. წერილში ჩვეულებრივ ღვარძლი ეწოდება, ხორბლის გარდასახვის შედეგად კი არ არიან წარმოშობილნი, არამედ საკუთარი დასაბამიდან წარმოდგებიან და საკუთარი ჯიში აქვთ. ესენი სახეა იმათი, რომელნიც უფლის მოძღვრებას ამახინჯებენ და სიტყვას ჭეშმარიტად კი არ ემოწაფებიან, არამედ ბოროტი სწავლებისაგან წამხდარნი ეკლესიის ჯანსაღ სხეულს შეერევიან, რათა თავიანთი ვნებანი უდანაშაულოებს ფარულად გადადონ. შეადარა რა მისი მორწმუნეების სრულყოფა თესლის აღორძინებას, უფალმა თქვა: ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა და დაიძინის, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფს გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა (მარკ. 4.26-28).
ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი. – დედამიწამაც, რათა დაეცვა სჯული დამბადებლისა, აღმოცენებიდან მოკიდებული თვალის დახამხამებაში გაიარა ყველა სახე ზრდისა და ამონაყარნი გასრულებამდე მიიყვანა: და იქმნა ვრცელი მდელონი უხვი სიმწვანით და ნაყოფიერი მინდვრები აქოჩრილი პურის ყანებით, ღელვა თავთავთა – ვითარცა ღელვა ზღვის ტალღებისა.
ყველა ამგვარი მცენარე და მწვანილი ყველა ჯიშისა, ზოგიც დატოტვილი და ზოგიც პარკოსანი, დედამიწაზე მაშინ უხვად აღმოცენდა, რადგან აღმოცენება იმ დროს ვერაფერმა ვერ შეაჩერა; ვერც მუშაკთა გამოუცდელობამ, ვერც შეუზავებელმა ჰაერმა და ვერც სხვა რომელიმე მიზეზმა აღმოცენებულებს ვნება ვერ მიაყენეს. დედამიწის ნაყოფიერებას მსჯავრდება ჯერ კიდევ არ აბრკოლებდა, რადგანაც ეს უწინარეს ცოდვისა იყო, რომლის გამოც ჩვენ პურის ჩვენი ოფლით ჭამა მოგვესაჯა.
6. ითქვა: და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. ამ სიტყვის შედეგად გახშირდა ბუჩქნარი, ამოიტყორცნა ყოველი ხე, რომელთაც ზრდისას დიდ სიმაღლეს მიაღწიეს: ნაძვი და კედარი, კვიპაროსი და ფიჭვი. ყოველი ჩირგვი მსწრაფლ დაიტოტა და უხვად გაიფოთლა; გამოჩნდნენ მცენარენი საგვირგვინონი: ვარდი, მურტი და დაფნა. ყოველივე, რაც მანამდე დედამიწაზე არ ყოფილა, თითოეული საკუთარი თვისებით ყოფიერებაში თვალისდახამხამებაში მოვიდა, სხვა ჯიშის მცენარეთაგან თვალსაჩინო სხვაობებით გამოყოფილი. ყოველი მათგანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებით გამოიცნობა. მაგრამ, ვარდი მაშინ უეკლო იყო, ყვავილის სილამაზეს მხოლოდ შემდეგ შეერთო ეკალი, რათა ტკბობის სიამესთან ახლოს გვქონდეს მწუხარებაც, შემხსენებელი იმ ცოდვისა, რომლის გამოც დედამიწას ჩვენთვის “ეკალისა და კუროჲსთავის” აღმოცენება მიესაჯა (შესაქ. 3.18).
უკეთუ ვინმე იტყვის: დედამიწას ებრძანა გამოეღო ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა, ჩვენ კი მრავალ ხეს ვხედავთ, რომელთაც არც ნაყოფი აქვთ და არც თესლიო, რა უნდა ვუპასუხოთ? ის, რომ უპირატესად ის მცენარეები არიან მოხსენიებულნი, რომელნიც ბუნებით უფრო კეთილშობილურნი არიან და კიდევ: უკეთუ წვრილად შეისწავლი, აღმოჩნდება, რომ ყოველ მცენარეს ან თესლი, ან რაღაც თესლის თანაბარი ძალის მქონე აქვს. შავსა და თეთრ ალვებს, ტირიფებს, ძელქვებსა და სხვა ამდაგვარებს, მართალია, არა აქვთ ნაყოფი თვალსაჩინო, მაგრამ თუ დაწვრილებით გამოვიძიებთ, ვნახავთ, რომ თესლი ყოველ მათგანს აქვს, რადგანაც მარცვალი, რომელიც ფოთლის ქვეშაა და რომელსაც მათ, ვინც ყოველივეს თავის სახელს არქმევს “მისხონ” (μισχον) უწოდეს, თესლის ძალის მქონეა. ის ხეები კი, რომელნიც ტოტებისაგან აღმოცენდებიან, მათგან მრავალ ფესვს გამოიბამენ. შესაძლებელია თესლის მნიშვნელობა ჰქონდეთ ფესვებიდან ამონაყარებსაც, რომელთა გადანერგვითაც მებაღენი ჯიშს ამრავლებენ. მაგრამ, როგორც ითქვა, პირველად მოხსენიების ღირსნი ისინი გახდნენ, რომელნიც ჩვენი სიცოცხლისათვის უფრო საჭირონი არიან, ადამიანებს თავიანთ ნაყოფს აწვდიან და უხვ საზრდელს უმზადებენ. ასეთია ვაზი, რომლისაგანაც იქმნება ღვინო, რომელიც ახარებს გულსა კაცისასა, ასეთია ზეთისხილიც, მას გამოაქვს ნაყოფი, რომელიც საცხებელითა მხიარულ-ყოფს პირს (ფს. 103.15). და ბუნებისაგან დაბადებული რამდენი მოაწყდა ასეთი სისწრაფით? ძირი ვენახისა და მის ირგვლივ მიწაზე განფენილი მწვანე და დიდი რტოები, რქა, ხვიარა ულვაშები, ისრიმი და მტევნები. საკმარისია შეხედო და ვენახის გონივრული ჭვრეტა შთაგაგონებს შენ, რა უნდა მოგაგონოს ბუნებამ, რადგან, რაღა თქმა უნდა, გახსოვს იგავი უფლისა, რომელმაც თავისთავს ვენახი, მამას მოქმედი, ხოლო ყოველ ჩვენგანს, ვინც ეკლესიაში სარწმუნოებითაა დანერგილი, რტო გვიწოდა და კეთილი ნაყოფის გამოღებისაკენ მოგვიწოდა, რათა უსარგებლობისათვის ცეცხლისთვის მიცემა არ მოგვესაჯოს (ინ. 15.16). საერთოდაც ადამიანთა სულები ვენახთან მრავალგზისაა შედარებული: ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და კიდევ: ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი (ეს. 5.2).
ცხადია, იგი ვენახში ადამიანთა სულებს გულისხმობს, რომელთათვისაც აღმართა ზღუდე – მცნებათა სიმყარე და დაცვა ანგელოზთაგან, რამეთუ დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოს მოშიშთა მისთა (ფს. 33.8) და კიდევ: თითქოსდა სანგარით შემოგვზღუდა, როცა ეკლესიაში პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი და მესამედ მოძღუარნი (I კორ. 12.28) დაადგინა. ამაღლებს რა ჩვენს აზრებს ძველი ნეტარი კაცების მაგალითებით, არ მიატოვა ისინი მზაკვრობისთვის დასამორჩილებლად და ფეხქვეშ გასათელად. მოითხოვს, აგრეთვე, ჩვენგან, რომ შევიწყნაროთ, როცა სანგარს გვავლებენ, რადგან სანგარი ამსოფლიურ საზრუნავთა განდევნით გვევლება, რომელნიც ჩვენს გულებს ამძიმებენ. ამრიგად, ვინც ხორციელ სიყვარულს განაგდებს, სიმდიდრის წადილსა და მისწრაფებას ამქვეყნიური უბადრუკი დიდებისაკენ საძაგლად და სასაცილოდ მიიჩნევს, ვითარცა სანგარშემოვლებული, შვებით ამოისუნთქავს, მოიხსნის რა ფუჭ ტვირთს მიწიერი სიბრძნისა. იგავის სიტყვისამებრ: ნურავინ განდიდდება, ანუ, რაც იგივეა, მოსაჩვენებლად არ უნდა მოქალაქობდეს და არც გარეშეთა ქებამ უნდა მოინადიროს, არამედ კეთილი ნაყოფი გამოიღოს და ჭეშმარიტ მუშაკს დაუნჯებული თვისნი საქმენი აჩვენოს.
ხოლო იყავი შენ ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა (ფს. 51.10), სასოებისაგან ნურასოდეს განიძარცვები, არამედ მუდამ ჰყვაოდეს შენში რწმენით მოპოვებული იმედი ხსნისა, რადგანაც ამით მიბაძავ მარადიულ სიმწვანეს ამ მცენარისა, ნაყოფის სიმრავლეში გაეჯიბრები და უხვად გასცემ ყოველ ჟამს მოწყალებას.
7. მაგრამ მივუბრუნდეთ გამოკვლევას განბრძნობილ საქმეთა, კერძოდ, რამდენგვარი მცენარე აღმოცენდა, ზოგი ნაყოფის მომცემი, ზოგიც ვარგისი სახლებისა და ხომალდთა ასაგებად და ზოგიც დასაწველად. და კიდევ: მრავალფეროვანია ნაწილთა მოწყობა თითოეულ ხეშიც, ძნელია პოვნა თითოეულის საკუთარი თვისებისა და განჭვრეტა იმისა, რაც სხვადასხვა ჯიშის ხეებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. როგორ ხდება, რომ ზოგ მათგანს ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ზოგს კი, პირიქით, ზოგი სწორად იზრდება და ერთი ღერო აქვს, ზოგი კი დაბალია და პირდაპირ ძირიდანვე განტოტვილი? როგორ ხდება, რომ ისინი, რმელთაც გრძელი და ჰაერში შორს გაწვდილი რტოები აქვთ, ძირებსაც სიღრმეში იდგამენ, რომელთა ირგვლივაც მრავალი წვრილი ფესვია, ვითარცა ბუნებისაგან შექმნილი შესაბამისი საფუძველი, რომელმაც ზემო ნაწილის სიმძიმე უნდა იტვირთოს?
და ქერქთა რამდენი სხვადასხვა სახეა! ხეებიდან ნაწილს გლუვი ქერქი აქვს, ნაწილს კი ნაოჭებიანი. ამასთან, ზოგის ქერქი ერთფენიანია, ზოგის კი – მრავალფენიანი. და რაც საოცარია, მცენარეებში იპოვნი ნიშნებს, რომლებიც კაცობრივ სიჭაბუკესა და სიბერეს ემსგავსებიან; ნორჩსა და ჯანსაღ ხეებს ქერქი მჭიდროდ ეკვრით, ბებერ ხეებში კი იგი დაღვლარჭნილი და გამაგრებულია. ზოგიერთი მოჭრის შემდეგ ისევ აღმოცენდება, ზოგი კი, თითქოს მოკვეთა მისთვის სიკვდილს ნიშნავდა, უმემკვიდროდ რჩება. ზოგიერთებმა ისიც კი შეამჩნიეს, რომ მოჭრილი ან დამწვარი ნაძვები ძირებისაგან კვლავ აღმოცენდებიან და ტევრად იქცევიან. მიწადმოქმედთა ზრუნვის წყალობით მრავალ ბუნებით ბოროტ ხეს განკურნებულს ვხედავთ, როგორც მაგალითად, მჟავე ბროწეულსა და მწარე ნუშს, კერძოდ, მათ ძირთან ტანს უხვრეტენ და ზუსტად გულში ნაძვის მსხვილ სოლს არჭობენ, რის შედეგადაც კეთილად იცვლებიან და ნაყოფსაც კეთილს გამოიღებენ, რომელსაც უსიამოვნო გემო აღარ აქვს.
მათ მსგავსად, უკეთუ ვინმე ბოროტებასა შინაა, სასოს ნუ წარიკვეთს, რადგან უნდა იცოდეს, რომ ვითარცა მიწადმოქმედი ცვლის მცენარეთა რაგვარობას, ასევე ზრუნვას სულის სიქველეზე შეუძლია ყოველგვარი სენი დაამარცხოს.
ნაყოფის გამომღებელ ხეთა ნაყოფთა შორის სხვაობანი ისე დიდია, რომ არავის შეუძლია სიტყვით გადმოსცეს მათ შესახებ, რადგან სხვაობანი არა მხოლოდ სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა ნაყოფთა შორის არსებობს, არამედ თვით ერთ სახეობაშიც კი ხისა მრავალფეროვნებაა, მაგალითად, სხვაგვარია ნაყოფი მამრი ხისა და სხვაგვარი მდედრისა, როგორც ამას მებაღენი განარჩევენ, რომელნიც ფინიკის ხეებს მამრებად და მდედრებად ყოფენ.
შესაძლებელია შენც ნახო, რომ ზოგჯერ მცენარეს, რომელსაც ისინი მდედრს უწოდებენ, თითქოს გულისთქმით ანთებულს მამრისაგან მოხვევა სურსო, ტოტები დაშვებული აქვს. მცენარეთა მკურნალნი რტოებზე მას რაღაც მამრის თესლის მსგავსს აყრიან, რომელსაც “ფსინს” უწოდებენ, ხეც, თითქოს ტკბობა შეიგრძნოო, ტოტებს აღმართავს და მისი აგებულება ჩვეულებრივ სახეს იბრუნებს. იმავეს ამბობენ ლეღვის შესახებაც. ამიტომაც ზოგიერთები ბაღის ლეღვებთან ველურ ლეღვს რგავენ, ხოლო სხვები კეთილი ნაყოფის მომცემი ბაღის ლეღვის უძლურებას იმით კურნავენ, რომ მასზე ველური ლეღვის მკვახე ნაყოფს ჰკიდებენ და ამით ინარჩუნებენ უმწიფარ ნაყოფს, რომელსაც ჭკნობა და ჩამოცვენა უკვე დაწყებული ჰქონდა.
რას ფიქრობ, რისთვისაა ეს იგავი ბუნებისა? იმისათვის, რომ ჩვენ ხშირად გულმოდგინებას კეთილ საქმეთა ჩვენებაში უცხო სარწმუნოების ადამიანებს უნდა დავესესხოთ.
რაჟამს იხილავ წარმართობაში მყოფს ან მაცდუნებელი ერესის გამო ეკლესიისაგან განდგომილს, რომელიც უბიწოდ ცხოვრობს და ხასიათის კეთილკრძალულებაზე ზრუნავს, მეტი მისწრაფება შეიძინე, რათა ნაყოფიერ ლეღვს დაემსგავსო, რომელიც ძალას ველური ლეღვის სიახლოვით იკრებს და ნაყოფი კი აღარ სცვივა, არამედ უფრო დიდი მზრუნველობით ზრდის.
8. ასეთია სხვაობანი ნაყოფთა წარმოშობის სახეთა შორის, რის შესახებაც მრავალისაგან მცირედი ვთქვით. მაგრამ ვინ მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე თვითონ ნაყოფთა? მათ ფორმაზე, ფერზე, თითოეულის გემოზე ან სარგებლობაზე? რატომ ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს მზე შიშველს ამწიფებს, ზოლო ზოგიც ბუდეში დაფარული აღივსება? მათ, რომელთაც ნაყოფი ნაზი აქვთ, ფოთოლთა საბურველი რატომღა აქვთ სქელი, როგორც მაგალითად ლეღვს? ხოლო მაგარნაყოფიანებს ფოთოლთა სამოსელი მსუბუქი – ვითარცა კაკალს? იმიტომ, რომ პირველს დიდი შემწეობა სჭირდება თავისი უძლურებისა გამო, ხოლო მეორეს უფრო სქელი საბურველი ავნებდა იმით, რომ ჩრდილში მოაქცევდა. როგორაა ვაზის ფოთოლი დაპობილი ისე, რომ მტევანს ჰაერისაგან ვნებაც ააცილოს და სითხელის გამო მზის სხივებიც უხვად მიაღებინოს?
არაფერია უმიზეზოდ და არაფერია შემთხვევითი. ყველაფერში რაღაც გამოუთქმელი სიბრძნეა, რომელი სიტყვა მისწვდება, ან კაცობრივმა გონებამ ყოველივე ზუსტად როგორ გამოიკვლიოს, რათა თითოეულის თავისებურებანი დაინახოს, მათ შორის არსებული სხვაობებით ერთმანეთისაგან გაყოს და დაფარული მიზეზებიც სრულად წარმოადგინოს?
ერთი და იგივე წყალი, რომელსაც ფესვი შეიწოვს, სხვაგვარად კვებავს თვითონ ძირს, სხვაგვარად ქერქს ტანისა, სხვაგვარად მერქანს და კიდევ სხვაგვარად გულს. ერთი და იგივე ფოთლადაც იქმნება, წვეროებადაც და ტოტებადაც იყოფა და ნაყოფსაც ზრდის, მცენარეთა ცრემლი და წვენიც ამავე მიზეზიდან მომდინარეობს. მაგრამ ყოველივე ამათ შორის როგორი სხვაობანი არსებობს, ამის გამოთქმას ვერანაირი სიტყვა ვერ შესწვდება, რადგან სხვაა ცრემლი ფისის ხისა და სხვა წვენი ბალზამისა, ხოლო ეგვიპტესა და ლიბიაში ქოლგისებური მცენარეები სულ სხვაგვარ წვენს გამოყოფენ. იმასაც ამბობენ, რომ ქარვა ხეების წვენია, გაყინვის შედეგად გაქვავებული. ამას ადასტურებს წვრილი ღეროები და პაწაწინა ცხოველები, რომელნიც ვიდრე წვენი ნედლია, ეკრობიან და მასში რჩებიან. და საერთოდ, ვინც გამოცდილებით არ იცის თვისებათა მიხედვით როგორია სხვაობა წვენთა შორის, მათი მოქმედების წარმოსაჩენად სიტყვებს ვერ იპოვნის. და კვლავ: რატომაა, რომ ერთი და იმავე ტენისაგან ვაზი ღვინოს იძლევა, ზეთისხილი კი ზეთს? საკვირველი მხოლოდ ის როდია, რომ ტენი ერთში სიტკბოდ იქცა, ხოლო მეორეში ცხიმად, არამედ ისიც, რომ თვისებათა სხვაობა თვით ტკბილ ნაყოფთა შორისაც აღურაცხელია, რადგან სხვაა სიტკბო ყურძნისა და სხვა ვაშლისა, სხვა ლეღვისა და სხვა ფინიკისა.
კიდევ მსურს, რომ შენ საქმის ცოდნით გამოიკვლიო, თუ რატომაა, რომ ერთი და იგივე წყალი, რაჟამს ამ მცენარეთა შინა დატკბება, ლბილია შეგრძნებისათვის, ხოლო რაჟამს იგი სხვა მცენარეთა შინაა, მჟავდება და სასას კბენს. როცა აბზინდასა და სკამონეაშია, აუტანლად მწარდება და შეგრძნებას აღიზიანებს, რკოსა და წაბლის ნაყოფში სიცხარეს იძენს, ხოლო სკიპიდრის ხესა და კაკალში რბილდება და ზეთს ემსგავსება?
9. რა საჭიროა შორს წასვლა, როცა თვითონ ლეღვში წყალი ურთიერთსაპირისპირო თვისებებში გადადის? ხის წვენში იგი უმწარესია, ხოლო ნაყოფში – უტკბესი. იგივე ითქმის ვაზზეც, წვეროებში იგი ფრიად მწკლარტეა, მტევნებში კი – დიდად სასიამოვნო.
და რა სიუხვეა ფერებისა! ერთი და იგივე წყალი მდელოთა შინა ერთ ყვავილში რომ წითელია, მეორეში მეწამული, მესამეში ცისფერი, სხვაში კიდევ სპეტაკი, და კვლავ: ფერთა სიჭრელეზე მეტია მრავალფეროვნება სურნელებათა, რომელსაც იგი გვფენს. მაგრამ ვხედავ, რომ ჩემმა სიტყვა ყოველივეს გამოკვლევის გაუმაძღარი სურვილის გამო ზომიერებას გადააჭარბა და თუ არ შევკრავ, არამედ დაბადებულთა თანამიყოლას ვაიძულებ, დღე დაილევა, ვიდრე თქვენ შემოქმედის დიდ სიბრძნეს უმცირესი საქმეებით წარმოგიდგენდეთ.
ქუეყანამან გამოიღედ ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, ქუეყანასა ზედა. – და მსწრაფლ შეიმოსა ხშირი ტყეებით მთათა მწვერვალები, გამშვენდნენ ბაღები და მდინარეთა ნაპირები ათასგვარი ჯიშის მცენარემ შეამკო. ზოგიერთი მათგანი კაცთა სუფრის გასამშვენებლად გამზადდა, მეორენი ფოთლებითა და ნაყოფებით პირუტყვებს ასაზრდოებენ, ხოლო სხვანი წვენებით, ტენით, რტოებით, ქერქითა თუ ნაყოფით ჩვენი მკურნალობისთვის არიან სასარგებლონი. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც კი ჩვენ ხანგრძლივმა გამოცდილებამ აღმოგვაჩენინა, შევკრიბეთ რა ცალკეული შემთხვევებიდან სასარგებლონი, ეს ყოველი შემოქმედის მსწრაფლმა განგებულებამ თავიდანვე განჭვრიტა და ყოფიერებაში მოიყვანა.
რაჟამს იხილავ ხეებს ბაღისა და ხეებს ველურებს, წყლის მოყვარეთა და უწყლობის გამძლეთ, ყვავილოვნებსა და უყვავილოებს, მცირეთაგან დიდი შეიცანი, მარადის გაოცებული დარჩი და სიყვარული დამბადებელისა ააღორძინე. გამოიძიე, როგორ შექმნა ზოგი მარადმწვანე და ზოგიც განშიშვლებული. მარადმწვანეთაგან ნაწილს ფოთლები სცვივა, ნაწილიც მარადფოთლოვანია. თუმცა ზეთისხილის ხესა და ფიჭვს წიწვები სცვივა, მაგრამ მათი ახლით შეცვლა ისე შეუმჩნევლად ხდება, რომ სამოსისაგან განძარცვულად არასოდეს გვეჩვენებიან. მარადფოთლოვანია ფინიკი, რადგან ფოთლები, რომელთაც პირველად გამოიღებს, ბოლომდე მასთან რჩება.
და კიდევ: დააკვირდი კურდღლისცოცხის ბუჩქს, როგორ ცხოვრობს ორგვარი ცხოვრებით, რადგან წყლის მოყვარულთა შორისაც ირიცხება და უდაბნოშიც მრავლდება. ამიტომაც იერემიამ ცბიერი და ორპირი ბუნების მქონე ამ მცენარეს სამართლიანად შეადარა (იერ. 17.6).
10. ქუეყანამან გამოიღედ. ეს მოკლე ბრძანება მყის დიდ ბუნებად და დახელოვნებულ სიტყვად იქმნა და ჩვენს ფიქრზე უსწრაფესად მცენარეთა ურიცხვი თვისება წარმოშვა. იგივე ბრძანება დედამიწაზე მოაქჟამამდე არსებობს და აგულიანებს მას, თავისი ძალა, რამდენიც აქვს, წელიწადის ყოველი მოქცევისას გამოიღოს ბალახების, თელსებისა და ხეების შობისათვის.
ვითარცა ბზრიალა, მიეცემა რა პირველად ბიძგი, ტრიალს აგრძელებს და წრეების შემოწერისას ცენტრს თავისთავში ურყევად ინარჩუნებს, ასევე თანმიმდევრული წესრიგიც ბუნებისა, რომელმაც დასაბამი პირველი ბრძანებით მიიღო, იქედან მოყოლებული, ყველა დროში იარსებებს, ვიდრე ყოველთათვის საერთო აღსასრული არ მოიწევა. მისკენ მივისწრაფვით ჩვენ ყოველნი, აღსავსენი ნაყოფიერნი და კეთილი საქმეებით, რათა დავინერგოთ სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა (ფს. 91.14), ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.