მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ჰომილიები ექვსი დღისათვის

 

ჰომილია IV

 

წყალთა შესაკრებელის შესახებ

1. არის ზოგიერთი ქალაქი, სადაც საკვირველ საქმეთა მოქმედნი ადრიანი დილიდან ვიდრე საღამომდე მაყურებელთა მზერას მრავალფეროვანი სანახაობებით ასაზრდოებენ; და რამდენადაც არ უნდა ისმინონ მათ საჩოთირო და განმხრწნელი მელოდიები, რომელნიც სულთა შინა უცილობლად მრავალი სახის გარყვნილებას წარმოშობენ, მაინც ვერ ძღებიან. ბევრი ასეთ ადამიანებს შენატრის კიდევაც, რადგან მიატოვეს რა სავაჭრო მოედანი და ხელობა, რომლითაც ცხოვრობდნენ, მათთვის განსაზღვრულ სიცოცხლის ჟამს გართობასა და უქმად ყოფნაში ატარებენ. მათ არ იციან, რომ თეატრი, სავსე ურცხვი სანახაობებით, მათთვის, ვინც ამ სანახაობებს ესწრება, გარყვნილების საერთო-სახალხო სასწავლებელს წარმოადგენს და რომ თვით მწყობრი ხმები ფლეიტისა და ბილწი სიმღერები, რომლებიც მსმენელთა სულებზე აღიბეჭდება, სხვა არაფრისაკენ აქეზებენ მათ, თუ არა ურცხვობისა და იმისაკენ, რომ ფლეიტასა და ქნარზე დამკვრელებს მიბაძონ, ხოლო ცხენთა რბოლის თავდავიწყებით მოყვარულნი ცხენებს ერთმანეთს სიზმარშიც კი აჯიბრებენ, ეტლებში ხელახლა აბამენ და ცვლიან მეეტლეებს, ასე რომ, მთელი დღის უგუნურება მათ არც ძილის ოცნებებში ტოვებს. ჩვენ კი, რომელთაც დიდმა საკვირველთმოქმედმა ხელოვანმა უფალმა მისთა საქმეთა სახილველად მოგვიწოდა, შეიძლება მათმა ჭვრეტამ მოგვქანცოს ან სულიწმიდის სიტყვების მოსმენისათვის ვიზარმაცოთ? თუ პირიქით, ღმრთის მიერ შექმნილ ამ დიდსა და მრავალფეროვან სამყოფელს გარს უნდა შემოვუაროთ, ყოველი აზრით დროზე უნდა ავმაღლდეთ და სამყაროს სამკაულები ვიხილოთ? კერძოდ, როგორ დგას ცა, წინასწარმეტყველის სიტყვისაებრ ვითარცა თაღი (ეს. 40.22) და დედამიწა – მისი უსაზღვრო სიდიდითა და სიმძიმით, თავისთავზევე დაყრდნობილი და ჰაერი განფენილი, ბუნებით ლბილი და ნოტიო, ყველას, ვინც კი სუნთქავს, ბუნებრივსა და უცილობელ საზრდელს რომ აწვდის. თავისი სირბილის გამო მოძრავ სხეულებს რომ ემორჩილება და ადვილად განიპობა მათ მიერ (ისე რომ, მასში მავალთათვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს), და ყოველთვის ადვილად გადაადგილდება და განეფინება მათ უკან, რომელნიც კვეთენ. და ბუნება წყლისა, მასაზრდოებელი და ჩვენი სხვა საჭიროებებისათვის გამზადებული, მისი მოწესრიგებული შეკრება შემოსაზღვრულ ადგილთა შინა – ამას ყოველივეს დაინახავ იმისაგან, რაც ახლახან წავიკითხეთ.

2. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი! და იქმნა ეგრეთ: და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ (შესაქ. 1.9-10). რა დიდი ჯაფა დამაყენე წინა საუბრებში, ეძიებდი რა მიზეზს იმისა, რატომ იყო დედამიწა უხილავი, მაშინ, როცა ყველა სხეულს ბუნებრივად აქვს ფერი, ხოლო ყველა ფერი მზერით აღიქმება?

შესაძლოა, შენ საკმარისად არ გეჩვენება ნათქვამი იმის თაობაზე, რომ დედამიწა უხილავი იყო არა ბუნებით, არამედ მხოლოდ ჩვენთვის, მიზეზით წყლისა, რომლითაც მაშინ მთელი ხმელეთი იყო დაფარული. აჰა, ახლა თვით წმიდა წერილს მოუსმინე, რომელიც თავისთავს თვითონვე განმარტავს: შეკრბა წყალი და გამოჩნდა ხმელეთი. გადაიხსნა კრეტსაბმელი, რათა ის, რაც მანამდე უხილავი იყო, გამოჩენილიყო.

ეგების ვინმემ ისიც იკითხოს, პირველ რიგში, იმას, რაც წყლის ბუნებაა – დაბლა დაქანება, წმ. წერილი შემოქმედის ბრძანებას რატომ მიაწერსო? წყალი ხომ, რომელიც აქამდე ვაკეზე წევს, უძრავია იმიტომ, რომ სადინარი არსაით აქვს, ხოლო თუ დაქანებული ადგილი შეხვდა, მისი პირველი ნაკადი მსწრაფლ ამოძრავდება, მის ადგილს მომდევნო დაიჭერს, ხოლო მომდევნოს მომდევნო მოჰყვება, ასე რომ წინა ნაწილი მუდმივად გარბის, მომდევნო კი მისდევს და მათი დინება მით უფრო სწრაფია, რაც უფრო დიდია სიმძიმე დაქანებული წყლისა და დაფერდება იმ ადგილისა, საიდანაც ჩამოედინება. და მართლაც, უკეთუ წყალი ბუნებითაა ამგვარი, ბრძანება იგი – შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ზედმეტი ყოფეილა, რამდენადაც ბუნებით დაღმა მავალი, ყველა ფერდიდან თავისთავად უნდა ჩაღვრილიყო ჩაღრმავებულ ადგილებში და მანამდე უნდა ედინა, ვიდრე არ მოვაკდებოდა ზურგი მისი, რადგან არაფერია უფრო ბრტყელი, ვიდრე ზედაპირი წყლისა. შემდეგ: იმასაც ამბობენ, წყალს ერთ ადგილას შეკრება როგორ ებრძანა, როცა მრავალ ზღვას ვხედავთ და თანაც ერთმანეთისაგან ფრიად დიდი მანძილით დაშორებულსო.

გამოსაძიებელი პირველი საკითხის შესახებ ვიტყვით შემდეგს: წლის მოძრაობანი, რომ იგი ყოველმხრივ მიედინება, დაუდგრომელია და ბუნებით უფსკრულებისა და ჩაზნექილი ადგილისაკენ მიექანება, შენთვის უფრო მეტად ცნობილი უფლის ბრძანების შემდეგ გახდა, ხოლო როგორი ძალა ჰქონდა მას ადრე და რომ არა ეს ბრძანება, ექნებოდა თუ არა მას ასეთის წრაფვა მოძრაობისაკენ, ეს არც შენ იცი და არც თვითმხილველისაგან მოგისმენია.

მოიაზრე, რომ ხმა ღმრთისა შემოქმედია ბუნებისა და რომ ბრძანებამ, რომელიც მაშინ ქმნილებებს მიეცა, წესრიგი მათ შორის (შესაქმისა) ვიდრე აქამომდე განსაზღვრა. დღე და ღამე ერთგზის შეიქმნა, მაგრამ ისინი იმიერიდან ვიდრე ამჟამამდე ენაცვლებიან ერთმანეთს, ყოფენ რა დროს მარადის თანაბარ ნაწილებად.

3. შეკერბიდ წყალნი – ებრძანა წყლის ბუნებას, რათა მდინარებდეს და ამ ბრძანებისამებრ განუწყვეტელი სწრაფვისათვის არასოდეს დაიღალოს. როცა ამას ვამბობ, წყალთა იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელნიც მდინარებენ, რადგან ზოგიერთნი თავისით დიან, როგორც მაგალითად წყალნი წყაროთა და მდინარეთანი, ხოლო სხვები, ერთ ადგილას შეკრებილნი, უძრავად დგანან. ამჯერად ჩემი სიტყვა იმ წყლებს შეეხება, რომელნიც მოძრაობენ.

შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა. თუ ოდესმე წყაროსთან მდგარხარ, რომელიც წყალს უხვად იძლევა, გონებაში არ დაგბადებია კითხვები: ვინ არის აღმომაცენებელი დედამიწის სიღრმიდან ამ წყლისა? ვინ აიძულებს წინ ისწრაფვოს? როგორია ის საგანძურნი, საიდანაც ამოედინება? რას წარმოადგენს ადგილი, საითკენაც მიისწრაფვის? ან საგანძურებს რატომ არ აკლდება, ან ის ადგილები, სადაც ჩაედინება, რატომ არ ივსება? ყოველივე ეს იმ პირველ ხმაზეა დამოკიდებული. მან მისცა წყალს ძალა ამოძრავებისა. წყლის შესახებ ყოველგვარი თხრობისას პირველი ხმა გაიხსენე: შეკერბიდ წყალნი და ისიც უნდა ამოძრავებულიყო, რათა თავისი ადგილი დაეკავებინა, ხოლო რაჟამს შემოსაზღვრულ ადგილებს მიაღწევდა, დამდგარიყო და აღარ გადმოსულიყო. ამიტომაც ვითარცა ეკლესიასტე ამბობს: ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების (ეკლ. 1.7), რადგანაც დინება წყალთა შედეგია ღმრთის ბრძანებისა, ხოლო ზღვის საზღვრებით შემოზღუდვა – პირველი სჯულდებულებისა.

შეკერბიდ წყალნი შესაკრებელს ერთსა. იმისათვის, რომ მდინარე წყალი თავისი ადგილებიდან არ გადმოღვრილიყო, უფრო და უფრო შორს არ წასულიყო, ერთი-მეორის მიყოლებით არ აღევსო ყოველი და მთელი ხმელეთი არ დაენთქა, ებრძანა წყალთა შეკრება შესაკრებელსა ერთსა. ამიტომაც ხშირად ქარებისაგან გაგიჟებული ზღვა და ფრიად მაღალი, ყალყზე წარმომართული ზვირთები ნაპირს შეეხებიან თუ არა, სწრაფად ქაფად ექცევათ და უკან იხევენ. არა გეშინისა ჩემგან, ამბობს უფალი, რომელმაც შევქმენ ქვიშაჲ საზღვრად ზღვისა? (იერ. 5.22). იმ ქვიშით, რომელიც ყველაზე უსუსურია, გაუსაძლისი ძალაა აღვირამოდებული. რა დააყენებდა მეწამულ ზღვას ეგვიპტეზე გადმოსასვლელად, რომელიც მასზე დაბალია მდებარეობითა და რა შეუშლიდა ხელს ეგვიპტესთან მიმდებარე ზღვებთან შეერთებაში, დაბორკილი რომ არ ყოფილიყო ბრძანებით თავისი შემოქმედისა?

რომ ეგვიპტე მეწამულ ზღვაზე დაბლაა, ამაში საქმით დაგვარწმუნეს იმათ, რომელთაც სურდათ ერთმანეთთან შეეერთებინათ ზღვები ეგვიპტისა და ინდოეთისა, რომელზეც მეწამული ზღვაა.

ამავე მიზეზით თქვეს უარი თავიანთ წამოწყებაზე ეგვიპტელმა სესოტორისმა, რომელმაც საქმე პირველად დაიწყო და შემდეგ მიდიელმა დარიოსმაც, რომელსაც მისი დამთავრება სურდა. ამას ვამბობ, რათა შევიცნოთ ძალა ბრძანებისა: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ანუ ამიერიდან ისინი სხვაგან უკვე ვეღარ გადავიდოდნენ, არამედ შეკრებილნი მათ პირველსავე შესაკრებელსა შინა უნდა დარჩენილიყვნენ.

4. შემდეგ, ვინც თქვა: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, გვიჩვენა, რომ წყალი ფრიად ბევრი იყო და მრავალ ადგილას გაბნეული, რადგან მთათა ხეობები და ღრმა უფსკრულები წყალთა შესაკრებელნი იყვნენ. ასევე მრავალი დაბლობი და ვაკე ადგილი, რომელნიც სივრცელით უდიდეს ზღვებსაც კი არ ჩამოუვარდებიან, ურიცხვი სიმრავლე ველებისა და ღარტაფებისა, რომლებიც სხვადასხვა სახის ღრმულებს ქმნიდნენ და მაშინ წყლით სავსენი იყვნენ, ღმრთის ბრძანებით დაცარიელდნენ და ყოველი მხრიდან ერთი შესაკრებელისაკენ ისწრაფეს. ნურავინ იტყვის, რომ რადგანაც წყალი მიწაზე მაღლა იყო, ყველა ღრმული, რომელნიც ახლა ზღვებს იტევენ, ისედაც უკვე სავსე იქნებოდა, და რომ, რამდენადაც უკვე წინასწარ იყვნენ დაკავებულნი, წყალთა შესაკრებელნი ვერ გახდებოდნენ. ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მაშინ, როცა წყალს ერთად შეკრება ებრძანა, ჭურჭლები უკვე გამზადებული იყო, რადგან არც ზღვა გადირის მიღმა და არც ის დიდი და მენავეთაგან შეუკადრებელი ზღვა, რომელიც ბრეტანიის კუნძულსა და დასავლეთის იბერიას ადგას გარს, ჯერ კიდევ არ არსებობდა; ხოლო როცა ღმრთის ბრძანებით ვრცელი სათავსი შეიქმნა, სიმრავლე წყალთა მასში ჩაედინა.

მათ, რომელნიც შეგვეპასუხებიან და გვეტყვიან, რომ სამყაროს შესაქმეზე ჩვენი სწავლება გამოცდილებას ეწინააღმდეგება (რადგან ვხედავთ, რომ მთელი წყალი ერთ შესაკრებელსა შინა არ შეკრებილა), შეიძლება მრავალი რამ ვუთხრათ და თანაც ყველასთვის თავისთავად ცნობილი. მათთან კამათი სასაცილოც კია, ნუთუ ისინი ჩვენ ჭაობებსა და წვიმისაგან შეკრებილ წყლებზე მიგვითითებენ და იფიქრებენ, რომ ჩვენს სწავლებას ამით ამხელენ?

მაგრამ ერთი შესაკრებელი ხომ წყალთა ყველაზე დიდსა და სრულ შესაკრებელს ეწოდა. ასე ხომ ჭებიც ხელითქმნილი შესაკრებლებია წყლისა, რომელიც მიწის სიღრმეში გაფანტული სინოტივისაგან წარმოიშობა. ამიტომ სიტყვა შესაკრებელი ეწოდება არა წყალთა რომელიმე თავმოყრას საერთოდ, არამედ უპირატესსა და უდიდესს, რომელშიც მთელი ეს სტიქია აღმოჩნდა შეკრებილი. ისევე როგორც ცეცხლი აქაურ საჭიროებათათვის უმცირეს ნაწილებადაა დამსხვრეული, მაშინ როცა ეთერში მთლიანობაში განიფინება და ვითარცა ჰაერი, წვრილ-წვრილად დაყოფილი, ერთობლიობაში მიწის ზედა სივრცეს ავსებს, წყლის შესახებაც ამგვარად უნდა მოვიაზროთ: თუმცა იგი პატარ-პატარა შესაკრებლებადაა დაცალცალკევებული, მაგრამ შესაკრებელი, რომელიც მთელ ამ სტიქიას დანარჩენი სტიქიებისაგან გამოყოფს, ერთია.

ტბანი, რომელნიც ჩრდილოეთის მხარეში, საბერძნეთის საზღვრებთან, მაკედონიაში, ბითვინიასა და პალესტინაშია, რაღა თქმა უნდა, შესაკრებელნი არიან; მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იმ შესაკრებელზე ვლაპარაკობთ, რომელიც ყველას აღემატება და სიდიდით დედამიწასაც კი უთანაბრდება. არავინ კამათობს იმის თაობაზე, რომ ამ ტბებში წყალთა სიმრავლეა, მაგრამ მათ ზღვას, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით არავინ უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, მსგავსად დიდი ზღვისა, მარილსა და მიწის ნაწილებს შეიცავს, როგორც, მაგალითად მკვდარი ტბა იუდეაში და სერბონი, რომელიც ეგვიპტესა და პალესტინას შორის, არაბეთის უდაბნოშია გადაჭიმული. ესენი ტბები არიან, ზღვა კი ერთია, როგორც ამას ისინი მოგვითხრობენ, რომელთაც დედამიწა შემოიარეს.

თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჰირკანიისა და კასპიის ზღვები მხოლოდ საკუთარ საზღვრებში არიან მოქცეულნი, მაგრამ თუ დედამიწის აღმწერელთა მონათხრობი ყურადღების ღირსია, კავშირი მათ შორისაც არსებობს და ყველანი ერთად დიდ ზღვაში ჩაედინებიან, ისევე როგორც მეწამული ზღვის შესახებ ამბობენ, რომ იგი უერთდება ზღვას, რომელიც გადირის უკან მდებარეობს.

მაგრამ იტყვიან: რატომ უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები? იმიტომ, რომ თუმცა წყალნი ერთი შესაკრებლისაკენ მიისწრაფოდნენ, უფალმა იმ შესაკრებლებსაც ანუ უბეებს, რომელთაც გარემომცველი მიწისაგან განსაკუთრებული სახე მიიღეს, ზღვები უწოდა: ზღვა ჩრდილოეთისა, ზღვა სამხრეთისა, ზღვა აღმოსავლეთისა და აგრეთვე დასავლეთისა. ზღვებს საკუთარი სახელებიც მიეცა: ევქსინოს პონტო, პროპონტისი, ჰელესპონტი, ზღვები ეგეოსისა, იონიისა, სარდიისა, სიცილიისა და ტვირონისა. კიდევ მრავალია სახელი ზღვებისა, რომელთა ზუსტი აღრიცხვაც ამჟამად შორს წაგვიყვანდა და შეუფერებელიც იქნებოდა. ამიტომაც უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები; მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვამ მოიტანა, ჩვენ კი იმას დავუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ.

5. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი. როგორც ვხედავთ, არ უთქვამს მიწა გამოჩნდესო, რათა განუმზადებელი, წყალთან არეული თიხა არ ეჩვენებინა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული არც საკუთარი სახე და არც ძალი. და კიდევ: მზე რომ არ გვგონებოდა მიზეზი გახმობისა, შემოქმედმა უწინარესად მზის დაბადებისა შექმნა სიხმელე მიწისა.

გონებით წარმოიდგინე დაწერილი, კერძოდ, არა მხოლოდ ჭარბი წყალი ჩამომდინარდა დედამიწიდან, არამედ ისიც გამოვიდა, რომელიც მის სიღრმეში თიხასთან აღრეული იყო, დაემორჩილა რა უფლის გარდაუვალ ბრძანებას.

და იქმნა ეგრეთ. ეს სიტყვა საკმარისია, რათა გვაჩვენოს, რომ შემოქმედის ხმა საქმედ იქცა. თუმცა, ნუსხათაგან მრავალში მათ დართული აქვს: “შეკრბეს წყალნი იგი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცასა შესაკრებელსა თჳსსა და გამოჩნდა ჴმელი”, მაგრამ ეს სიტყვები არც რომელიმე განმმარტებელს მოუცია და როგორც ჩანს, არც ებრაულში იკითხება, რადგან იმის დამოწმების შემდეგ, რომ ასე მოხდა (და იქმნა ეგრეთ), კვლავ ახსნა-განმარტების მოცემა მართლაც ზედმეტია. გამართულ ნუსხებში ამ სიტყვებზე ოველისკოსია*, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უარყოფილია.

და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. რატომაა ნათქვამი ამის წინ: შეკერბიდ წყალნი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდა ჴმელი, ისევე როგორც აქაც: და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა? იმიტომ, რომ სიხმელე თვისებაა, რომელიც საგნის ბუნებას განმასხვავებელი ნიშნით გამოარჩევს, მიწა კი რაღაც შიშველი სახელწოდებაა ქმნილებისა. ისევე როგორც მეტყველება დამახასიათებელი თვისებაა ადამიანისა, ადამიანი კი არის სიტყვა, რომელიც მიგვანიშნებს ცოცხალზე, რომელიც მეტყველია, ასევე სიხმელე თვისებაა მიწისა, ამასთან უპირატესი. ვისთვისაც სიხმელე საკუთარი თვისებაა, იმას მიწა ეწოდა, ისევე როგორც მას, ვისი საკუთარი თვისებაც ჭიხვინია – ცხენი.

და ეს მხოლოდ დედამიწასთან მიმართებით როდია ასე, არამედ დამახასიათებელი და განმასხვავებელი თვისება ყველა სხვა სტიქიასაც აქვს, რომელიც სხვებისაგან გამოარჩევს და ყოველივე მათგანის რაგვარობას შეგვაცნობინებს. ასე მაგალითად, წყლის საკუთარი თვისებაა სიცივე, ჰაერისა – სინოტივე, ცეცხლისა – სიმხურვალე. მათი, როგორც შედგენილ საგანთა პირველადი სტიქიების, დასახელებული თვისებები მხოლოდ გონებით განიჭვრიტება, ხოლო სხეულებში შეპირისპირებისას, რაჟამს შეგრძნებებს ემორჩილებიან, შეუღლებული თვისებები აქვთ. ხილული და შეგრძნებადი ნივთიერებებიდან არცერთი არაა განცალკევებულობის თვალსაზრისით მარტო, მარტივი და შეურევნელი. არამედ დედამიწა ხმელია და ცივი, წყალი ნოტიო და ცივი, ჰაერი მხურვალე და ნოტიო, ცეცხლი მხურვალე და ხმელი. ასე რომ, თვისებათა შეუღლებით სტიქიებში წარმოიშობა ძალა თითოეულის თითოეულთან შეერთებისა, რადგანაც ყოველივე რომელიც საერთო თვისებით მოსაზღვრე სტიქიას შეერევა, მონათესავესთან ზიარების შედეგად საპირისპიროსაც შეუერთდება. მაგალითად მიწა, რომელიც ხმელია და ცივი, საზიარო თვისებით – სიცივით შეერევა წყალს, წყლის საშუალებითYკი – ჰაერს, რადგანაც წყალი ორივეს შორისაა განწესებული და თავისი თვისებებით, თითქოს ორი ხელით, მისი მეზობელი სტიქიებიდან ერთსაც და მეორესაც ეხება: სიცივით მიწას, ხოლო სინოტივით – ჰაერს. და კიდევ: ჰაერი თავისი შუამავლობით შემარიგებელია ბუნებით ერთმანეთთან მებრძოლი წყლისა და ცეცხლისა; ცეცხლი კი, რომელიც ბუნებით მხურვალეა და ხმელი, სიმხურვალით ჰაერს შეეყოფა, სიხმელით კი ისევ დედამიწასთან შესაერთებლად მიიქცევა. ასე წარმოიშობა წრე და მწყობრი ქორო შედეგად სტიქიათა შორის თანხმობისა და შესაბამისობისა. ამიტომაც ეწოდათ მათ ფრიად შესაფერისი სახელი – სტიქია.

ყოველივე ეს ვთქვი, რათა წარმომეჩინა მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ხმელს უწოდა მიწა და არა მიწას ხმელი, რადგან სიხმელე დედამიწის შემდეგ კი არ წარმოიშვა, არამედ დასაბამიდანვე იყო აღმავსებელი მისი არსისა ის, რაც არსებულის ერთგვარი მიზეზია, ბუნებით უწინარესი და უპირატესია შემდეგ დაბადებულზე. ამრიგად, ღმერთმა დედამიწის თვისებანი მასზე უწინარეს და უხუცეს საქმეთაგან მართებულად წარმაოჩინა.

6. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. ეს სიტყვები იმას კი არ მოასწავებს, რომ ღმერთს ზღვა თითქოსდა სახილველად მოეწონა, რადგან შემოქმედი თვალებით კი არ ხედავს ქმნილების სილამაზეს, არამედ დაბადებულებს გამოუთქმელი სიბრძნით ჭვრეტს. თუმცა დიდად სასურველია ხილვა ქაფით გადათეთრებული ზღვისა, რაჟამს იგი დამტკბარი, მშვიდად და უძრავად დგას და სახილველად ამაოა მაშინაც, რაჟამს ალერსიანი ნიავქარისაგან აქოჩრილი მისი ზურგი იისფერი და მუქი ლურჯია და რაჟამს გამეტებით კი არ შოლტავს მეზობელ ნაპირს, არამედ მშვიდობიანად ეხვევა, მაგრამ ასე როდი უნდა გავიგოთ წმიდა წერილის სიტყვები, როდი უნდა ვიფიქრით, რომ ღმერთს ზღვა ამ გაგებით მოეწონა, არამედ კეთილი აქ შესაქმის გონებით განსჯაზე მიუთითებს.

ჯერ ერთი, წყარო ყოველგვარი სინესტისა დედამიწაზე ზღვის წყალია, რომელიც დაფარული სადინარებიდან გამოდის, როგორც ამას ხმელეთის ფხვიერი და ქვაბოვანი ადგილები გვაჩვენებენ, რომლებშიც ზღვის მდინარე წყალი აღწევს. და რაჟამს იგი მიმოქცეულსა და ხვეულ სადინარებში ჩაიკეტება, მისივე სულით აღძრული გარეთ ისწრაფვის და დედამიწის ზედაპირს ამოხეთქს. ამ დროს მას სადინარები მარილისა და სიმწარისაგან წურავს და სასმელად ვარგისს ხდის. ხოლო როცა მიმოქცევისას მეტალებიდან სითბოს თვისებას იძენს, მაშინ იმავე მიზეზით, რომელიც მოძრავ სულში მდგომარეობს, ხშირად დუღილს იწყებს და ცეცხლივით მწველი ხდება, რაც შეიძლება მრავალ კუნძულსა და ზღვისპირა ქვეყანაში ვიხილოთ. ზოგჯერ ხმელთის შუაგულში მდინარე წყალთა მახლობლად ზოგიერთი ადგილი თითქმის იმავეს განიცდის, რათა ამ მცირე საქმეებით დიდ-დიდნი წარმოვიდგინოთ.

და ყოველივე ეს რისთვის ვთქვი? იმისათვის, რომ მთელი დედამიწა გასასვლელებითაა სავსე, სადაც წყალი ზღვის დასაბამიდან დაფარული სადინარებით ჩაედინება.

7. ამრიგად, ზღვა მშვენიერია წინაშე ღმრთისა, რადგან ტენი დედამიწის სიღრმეში მისგან მოედინება, მშვენიერია იმიტომაც, რომ ჭურჭელია მდინარეთა და ყოველი მხრიდან ღვარებს იღებს, ისე რომ კვლავინდებურად თავისსავე საზღვრებში რჩება და კიდევ: მშვენეირია, რადგან დასაბამი და წყაროა ჰაერის წყლებისა, რაჟამს მზის მცხუნვარებისგან გათბება, წყლის ნაწილაკები ორთქლად ამოდის და ზესკნელისაკენ მიიტაცება, მზის სხივებით აკრეფილი სიმაღლეში ცივდება, ხოლო როცა ღრუბელთა ჩრდილი კიდევ უფრო გააცივებს, წვიმად იქცევა და დედამიწას ასუქებს.

თუ ვინმე ამას არ ირწმუნებს, შეხედოს ცეცხლზე შედგმულ წყლით სავსე ქვაბებს, რომელნიც ხშირად ცარიელდებიან, რადგან დუღილის შედეგად ის, რაც მათშია, ორთქლად განილევა.

და კიდიევ: იგივე შეიძლება ვიხილოთ სხვაგანაც, კერძოდ, მეზღვაურები, როცა წყალი შემოაკლდებათ, ზღვის წყალს ადუღებენ, რათა გასაჭირი რამდენადმე მაინც შეიმსუბუქონ.

ზღვა სხვა მხრივაც მშვენიერია წინაშე ღმრთისა. იგი გარს ადგას კუნძულებს და არა მხოლოდ სამკაულია მათი, არამედ სიმტკიცეც. და კიდევ: ერთმანეთთან აკავშირებს ყველაზე დაშორებულ ხმელეთებს, დაუბრკოლებელი მგზავრობის საშუალებას აძლევს მენავეებს, რომელთა მეშვეობითაც გვახარებს ცოდნით იმის შესახებ, რაც ჩვენთვის უცნობია, საფასეს მოაგებინებს ვაჭრებს, ადვილად აწესრიგებს ცხოვრებისეულ საჭიროებებს, მისით გამოაქვთ თუ რამ სადმე ჭარბადაა და მიაქვთ იქ, სადაც მისი საჭიროებაა.

და საიდან მექნება მე ძალა ყოველი სიკეთე ზღვისა ისეთი სიზუსტით ვიხილო, როგორც ეს დამბადებლის თვალებს წარმოუდგა? და თუ ზღვა მშვენიერია და საქებარი წინაშე ღმრთისა, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება მის წინაშე კრება იმგვარი ეკლესიისა, რომელშიც მსგავსად ტალღისა ნაპირს რომ ეხლება, შეერთებული ვდრება კაცთა, ქალთა და ყრმათა ღმრთის ჩვენისა მიმართ აღევლინება?

დაე ღრმა სიმშვიდემ დაიცვას იგი ურყევად და სულთა უკეთურთა ვერ შეძლონ ერეტიკული სწავლებებით შფოთის ჩამოგდება მასში. იყავით თქვენ ღირსნი უფლისაგან შეწყნარებისა და მცველნი ამ სიმწყობრისა და მშვენიერებისა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობით, რომლისა არს დიდება და მეუფება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



*გრაფიკული ნიშანი საეჭვო ადგილების აღსანიშნავად.