1. საქმენი პირველი დღისა, უმჯობესია ვთქვათ ერთისა, რადგან არა ჯერ არს წავართვათ პატივი, რომელიც მას შემოქმედისაგან ბუნებით მიეცა და რომლის გამოც იგი სხვა დღეთა რიგში ვერ ჩაირიცხება, სწორედ მას შინა ქმნილი საქმენი სიტყვამ გუშინ წარმოაჩინა და მსმენელებს განუმარტა, რაც სულთათვის, როგორც დილის საზრდელი, ასევე მწუხრის სიხარულიც იყო. ამას რომ ვამბობ, განმმარტებლის ძალას კი არ ვგულისხმობ, არამედ წმიდა წერილის მადლს, რის გამოც იგი ბუნებრივად მოგვწონს და რისთვისაც ყველა იმ გულისათვის, რომელიც კი პატივს შესაძლებელთან შედარებით ჭეშმარიტებას მიაგებს, იგი მიმზიდველი და სასურველია. წარმოაჩენს რა ცხადად ჭეშმარიტების სიტკბოებას, ფსალმუნთა მგალობელიც ამბობს: რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა (118.103).
ამგვარად, გუშინ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, თქვენი სულები ღმრთის სიტყვაზე საუბრით განვამხიარულეთ, დღეს კი ერთმანეთს ისევ შევხვდით, რათა მეორე დღის საქმეთა საკვირველებანი განვიხილოთ.
მე არ დამვიწყებია, რომ ჩვენს შორის მრავალი ხელოსანი და ოსტატია, რომელიც დღიური შრომით, გაჭირვებით შოულობს საზრდოს. ისინი სიტყვას შემაწყვეტინებენ, რათა დიდი ხნით არ მოსცდნენ საქმეს. რას ვეტყვი მათ? ვეტყვი, რომ ღმრთისათვის მისესხებული დროის ნაწილი არათუ დაეკარგებათ, არამედ მისგან დიდი შენაძენი დაუბრუნდებათ, რადგან იმათ, რომელნიც უპირატეს პატივს სულიერს მიაგებენ, საქმისათვის ყველა საჭირო გარემოებას: სხეულის სიმტკიცეს, სულის მხნეობას, ვაჭრობისათვის ხელსაყრელ პირობებსა და საერთოდაც, მთელი ცხოვრების მანძილზე კეთილწარმატებას, ღმერთი უგზავნის. კიდევაც რომ ჩვენმა გულმოდგინებამ ის ნაყოფი, რომლის იმედიც გვქონდა, ამ ცხოვრებაში არ გამოიღოს, სწავლა, მიღებული სულისა წმიდისაგან, კეთილ საუნჯედ მომავალი ცხოვრებისთვის გამოგვადგება. ამგვარად, ყველა ამსოფლიური საზრუნავი გულიდან განაგდე და მთელი შენი არსებით აქ, ჩემთან დარჩი, რადგან რა სარგებელია სხეულით ყოფნა, როცა გული შენი მიწიერ საუნჯეებზე ზრუნავს.
2. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა (შესაქ. 1.6). აჰა, გუშინ მოვისმინეთ ღმრთის სიტყვა: იქმენინ ნათელი და დღეს: იქმენინ სამყარო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად თქმული უფრო მეტს შეიცავს, რადგან სიტყვა მხოლოდ ბრძანებად კი არ დარჩა, არამედ ის მიზეზიც განისაზღვრა, რომლითაც ხმელეთის წარმოშობა გამოიძიება, რადგანაც ნათქვამია: იყავნ სამყარო განმყოფელ შორის წყლისა.
უპირველესად ვიძიებთ: როგორ ამბობს ღმერთი, ისევე ხომ არა როგორც ჩვენ, ანუ საგანთა ხატებანი ჯერ გონებაში დაებადება, მათი წარმოსახვის შემდეგ თითოეულ საგანს მისთვის დამახასიათებელსა და შესაფერის მნიშვნელობას შეურჩევს, გონებით მოაზრებულს წარმოსათქმელად სახმო ორგანოებს გადასცემს და ამგვარად, ჰაერის შერხევით, რომლის მოძრაობაც ხმას ანაწევრებს, თავის დაფარულ აზრს წარმოაჩენს? ზღაპარს ხომ არა ჰგავს მტკიცება იმისა, რომ ღმერთს გულისხმისყოფის განსაცხადებლად ამდენი რამ სჭირდება? თუ ღმრთისმოსაობას უფრო იმის თქმა შეეფერება, რომ ღმრთეებრივი ნება და აზრის აღძვრა უკვე ღმრთის სიტყვას წარმოადგენს? წმიდა წერილი ამას ვრცლად იმიტომ ასახავს, რომ გვიჩვენოს: ღმერთმა არა მხოლოდ ქმნილების დაბადება ინება, არამედ დაბადა კიდევაც იგი თანამოსაქმის მეშვეობით. ის, რაც დასაწყისში ითქვა, დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაჲ და ქუეყანა, შეიძლებოდა ყოველივეს შესახებაც თქმულიყო, სახელდობრ: შექმნა ნათელი, შექმნა ხმელეთი, მაგრამ ამჯერად წარმოგვიდგენს რა ღმერთს მბრძანებლად და მეტყველად, იმას, ვის მიმართაც იგი ბრძანებს და ვისაც მიმართავს, სწორედ დუმილით წარმოაჩენს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ჩვენთვის ცოდნის მოცემა ენანება, არამედ იმისათვის, რათა გამოუთქმელის ზოგიერთი კვალისა და გამოვლინების ჩვენებით ჩვენში სურვილი აღაგზნოს. ხომ სიხარულით შეიწყნარება და გულმოდგინედაც დაიცვება ის, რაც ჯაფითაა შეძენილი, მაშინ, როცა ფლობა იმისა, რაც ადვილადაა მოპოვებული, ბევრს არაფერს ნიშნავს. ამგვარი შემოვლითი გზით წმიდა წერილს თანდათან მხოლოდშობილის მოაზრებისკენ მივყავართ.
მაგრამ უსხეულო ბუნებას ხმოვანი სიტყვა არც ამ შემთხვევაში დასჭირდებოდა, რადგან შესაქმის თანამონაწილესათვის თავად აზრის გადაცემაც შეეძლო; რა საჭიროა სიტყვები მათთვის, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი განზრახვა ერთმანეთს გონებითაც გაუზიარონ? ხმა ხომ სმენისთვისაა, ხოლო სმენა – ხმისათვის. სადაც არც ჰაერია, არც ენა, არც სასმენელნი და არც ხვეული გასასვლელი, რომელიც ბგერებს თავამდე მიიტანდა, იქ არც სიტყვებია საჭირო, არამედ, როგორც ამბობენ ხოლმე, ნების ზრახვებს ერთმანეთს გულით გადასცემენ. ამიტომ როგორც ითქვა, ჩვენი გონება რომ იმ პირის გამოსაძიებლად აღძრას, ვისაც მიმართავენ, საუბრის ეს ფორმა სიბრძნითა და ხელოვნებითაა გამოყენებული.
3. მეორეც, გამოსაძიებელია, ეს სიმყარე, რადგან მასაც ცა ეწოდა, სხვა რამეა თუ იგივე პირველქმნილი ცაა, თუ საერთოდ ორი ცა არსებობს? ისინი, რომელნიც ზეცის შესახებ სიბრძნისმეტყველებენ, ამ ჭეშმარიტების აღიარებას ენის მოკვეთას ამჯობინებენ, რადგან თვლიან, რომ ერთ ცას ბუნებით მეორე, მესამე და კიდევ უფრო მეტი ცის წარმოშობა არ შეუძლია. როგორც ისინი ფიქრობენ, ზეციური სხეულის მთელი ბუნება ერთი ცის შესადგენად დაიხარჯა. რამდენადაც წრიულად მოძრავი სხეული, რომელიც ერთია და თანაც შემოსაზღვრული, ამბობენ ისინი, პირველი ცისთვს იქნა გამოყენებული, მეორე და მესამე ცის წარმოსაშობად აღარაფერი დარჩა. – ასე ეოცნებებათ მათ, რომელნიც შემოქმედთან ერთად შეუქმნელ მატერიასაც აღიარებენ და პირველი მითის შეთხზვის შემდეგ მომდევნო ტყუილის გამოგონებით არიან გატაცებულნი.
ჩვენ კი ბრძენთა ელინთა ვთხოვთ, ვიდრე ერთმანეთთან კამათს არ დაასრულებენ, ჩვენზე ნუ გაიცინებენ, რადგან მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ურიცხვი ცა და სამყარო არსებობს. როცა ამ დაუჯერებელი შეხედულების სამხილებლად ყველაზე ძლიერი საბუთები მოაქვთ და ერთი ცის გარდა სხვა ცის არსებობის შეუძლებლობას გეომეტრიული აუცილებლობით ამტკიცებენ, ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია მათ გეომეტრიულსა და დახელოვნებულ ფუჭმეტყველებაზე გავიცინოთ, რადგან იმას, რომ ერთი მიზეზისაგან წყლის ერთი ბუშტუკიც წარმოიშობა და მრავალიც, ხედავენ, მაგრამ ეჭვი შეაქვთ ცათა სიმრავლეში, ანუ იმაში, საკმარისია თუ არა დამბადებლის ძალა მათთვის არსებობის მისანიჭებლად.
უკეთუ ღმრთის ძლიერების გარდამეტებულობას გავიხსენებთ, ვფიქრობთ, ცათა სიმყარე და სიდიდე დიდად არ აღემატება იმ ტენს, წყაროებში ბუშტის სახით რომ იბურცება. რა სასაცილოა მათი გაგება შეუძლებელისა! ჩვენ კი მეორე ცის არსებობის ურწმუნოებისაგან იმდენად შორს ვდგავართ, რომ მესამე ცასაც ვეძებთ, რომლის ხილვის ღირსიც ნეტარი პავლე გახდა (II კორ. 12.2). ასევე მრავალი ცის არსებობაზე გვიქმნის აზრს ფსალმუნიც, რომელშიც ცანი ცათანი იხსენიება (148.4).
ეს ხომ არაფრით უფრო საკვირველი არაა ვიდრე შვიდი წრე, რომლებშიც, როგორც ამბობენ და ამაში ყველანი ერთმანეთს ეთანხმებიან, შვიდი ვარსკვლავი ტრიალებს, ერთმანეთზე შეტყუპებულნი, მსგავსად ერთმანეთში ჩადგმული ჭურჭლებისა. ისინი ყოველივეს საწინააღმდეგოდ მოძრაობენ და ეთერის განკვეთისას იმგვარ კეთილხმოვანსა და ჰარმონიულ ხმას გამოსცემენ, რომელიც მუსიკალური მელოდიების ყოველგვარ სიტკბოს აღემატება. შემდეგ: როცა მათ, ვინც ასე მსჯელობს, გრძნობის ორგანოებისათვის სარწმუნო საბუთებს სთხოვენ, პასუხად რას ამბობენ? რომ ჩვენ ამ ხმას, რადგან დაბადებიდანვე ვისმენთ, თავიდანვე შევეჩვიეთ და ხანგრძლივი სმენისაგან, მსგავსად იმ ადამიანებისა, რომელთაც სამჭედლოში უროს დარტყმისაგან სასმენელნი შეუღონდათ, მისი შეგრძნების უნარი დავკარგეთ. ამგვარ ეშმაკურ და უძლურ მსჯელობათა მხილება, მაშინ, როცა ამას ყველას საკუთარი სმენაც დაუმოწმებს, არაა საქმე კაცისა, რომელმაც დროის გაფრთხილება იცის და მსმენელებადაც გონიერი ადამიანები ეგულება. მაგრამ გარეშე სწავლებანი გარეშეებს დავუტოვოთ, ჩვენ კი ეკლესიის სწავლებას მივუბრუნდეთ.
ჩვენზე ადრე ზოგიერთისაგან უკვე ითქვა, რომ ეს დაბადებაა არა მეორე ცისა, არამედ სრული თხრობა პირველის შესახებ, რადგან იქ ცისა და მიწის შექმნა ზოგადადაა გადმოცემული, აქ კი წმიდა წერილი თითოეული მათგანის შექმნაზე უფრო ვრცლად მოგვითხრობს. ჩვენ კი ვიტყვით, რომ რამდენადაც მეორე ცაზე, როგორც სხვა სახელისა და სხვა, განსაკუთრებული დანიშნულების მქონეზე, ისეა გადმოცემული, ამიტომაც იგი განსხვავდება იმ ცისაგან, რომელიც პირველად შეიქმნა. მას უფრო მტკიცე ბუნება და სამყაროს განსაკუთრებული მსახურება აქვს მინიჭებული.
4. და თქვა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. და იქმნა ეგრეთ. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროსა (შესაქ. 1.6-7). ვიდრე ნათქვამის აზრს შევეხებოდეთ, ჯერ ყველა საწინააღმდეგო შეხედულებათა დარღვევა ვცადოთ. ჩვენ გვეკითხებიან: უკეთუ დედამიწის სხეული სფეროსებულია, როგორც ამას მისი შესახედაობაც ცხადყოფს, მაღლიდან დაქანებულმა წყლებმა დაფერდებულ სიმრგვალეზე გაჩერება როგორღა შეძლეს? რა უნდა ვუპასუხოთ ამის თაობაზე? უპირველესაც ის, რომ თუ ჩვენ რომელიმე საგანს შიგნით შეზნექილობის გამო, როგორც მრგვალს, ისე ვხედავთ, აუცილებელი სულაც არ არის დავასკვნათ, რომ მისი ზედაპირიც სფეროსებურია, სრულიად მოსწორებული და გლუვი. ხომ გვინახავს ქვისჭერიანი აბანოები და გამოქვაბულის მსგავსად აგებული შენობები, რომელთაც თუ შიგნიდან ავხედავთ, ნახევარწრის ფორმა აქვთ მიცემული, ხოლო გარედან სახურავის ზედაპირი სწორია? ამგვარად ამ და სხვა ამდაგვარ მიზეზთა გამო საქმეს ნურც თვითონ გაიჩნენენ და ნურც ჩვენ გაგვიჩნენ, რომ თითქოს წყალს ზედაპირზე გაჩერება არ შეეძლოს. ახლა ის ვთქვათ, როგორია მყარის ბუნება და წყალთა შუა ყოფნა რისთვის ებრძანა? წმიდა წერილში ჩვეულებრივ, მყარი სახელად იმას ეწოდება, რასაც გარდამეტებული სიმტკიცე აქვს; მაგალითად, როცა ნათქვამია: უფალი დამამტკიცებელ ჩემი და მფარველი ჩემი (ფს. 17.2) და: მე დავამტკიცნე სუეტნი მისნი (ფს. 74.3) და კიდევ: აქებდით მას (ღმერთს) სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა (ფს. 150.1). გარეშე მწერლები კი მყარს მჭიდროსა და სავსე სხეულს უწოდებენ, რომელიც გეომეტრიულის საპირისპიროა. თუ გეომეტრიული სხეული ისაა, რომელიც მხოლოდ განზომილებების, ანუ სიგანის, სიღრმისა* და სიმაღლისაგან შედგება, მყარს, გარდა განზომილებებისა, სიმტკიცეც (უდრეკობაც) ახასიათებს, ხოლო რასაც ძალა აქვს და მტკიცეა,** წმიდა წერილში, ჩვეულებრივ, მას მყარი ეწოდება, როგორც, მაგალითად, ეს სიტყვა ხშირად იხმარება შესქელებული ჰაერის მიმართ, სახელდობრ, როცა ნათქვამია: რომელმან დაამყარნის ქუხილნი (ამოს. 4.13). ამიტომაც სიმყარესა და სიმტკიცეს ღრუბელთა სიღრმეში ჩამწყვდეული ქარისა, რომელიც რაჟამს ძლიერად ამოვარდება, ქუხილის ტკაცანს წარმოშობს, წმიდა წერილი “ქუხილის დამყარებას” უწოდებს.
ვფიქრობთ, ეს სიტყვა ამ შემთხვევაშიც ბუნებით მტკიცეს მიმართაა გამოყენებული, რამდენადაც მას შეუძლია შეაკავოს წყალი, რომელიც დაბლა ადვილად ექანება და იღვრება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო შეხედულებით მყარი წყლისაგან წარმოშობილი ჩანს, მაინც არ უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი ან გაყინული წყლის მსგავსია, ან იმგვარი ნივთიერებისა, რომელიც დასაბამს დაწურული ტენისაგან იღებს, როგორც, მაგალითად, ბროლის ქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, წყლის მეტისმეტი გაყინვისაგან იქმნება, ან ვითარცა ბუნება პატიოსანი ქვისა, რომელიც მაღაროებში წარმოიშობა. ხოლო ეს ქვა გამჭვირვალეა და მისთვის დამახასიათებელი წმინდა ბრწყინვალება გააჩნია. თუ მას ზუსტად ისეთს ვიპოვით, როგორი ბუნებაც აქვს, ანუ არც რაიმე სიდამპლით დაჭმულსა და არც შიგნით დაბზარულს, სიმჭვირვალით თითქმის ჰაერის მსგავსი იქნება.
ამასთან, თუმცა ყოველი ყოველივეშია: ცეცხლი – მიწაში, ჰაერი წყალში და სხვა სტიქიებიც ერთი მეორეშია, ასე რომ, არცერთი მათგანი, რომელიც შეგრძნებებით აღიქმება, რაღაც საშუალოსთან შეურევნელი, ან საპირისპიროსთან ზიარებისაგან თავისუფალი და წმინდა არაა, რამდენადაც წმიდა წერილისაგან ნასწავლი გვაქვს – არ წარმოვიდგინოთ გონებით ის, რაც ნებადართული არაა, თავს მაინც ვერ ვიღებთ იმის მტკიცებას, რომ მყარი ან რომელიმე მარტივი ნივთიერებისგან, ან კიდევ მარტივ ნივთიერებათა ნაერთისაგან შედგება; მაგრამ იმას კი აღვნიშნავთ, რომ შემდგომად ღმრთის ბრძანებისა: იქმენინ სამყარო, უბრალოდ კი არ ითქვა: და იქმნა სამყარო, არამედ: იქმნა ეგრეთ და კვლავ: განყო ღმერთმან. ყრუთა მოისმინონ და ბრმათა თვალები აღიხილონ! და ვინ არის ყრუ, თუ არა ის, ვისაც არ ესმის ამგვარი ხმამაღალი ღაღადისი სულისა? და ვინ არის ბრმა, თუ არა ის, ვინც მხოლოდშობილის შესახებ ასეთ ნათელ მტკიცებებს ვერ დაინახავს? იქმენინ სამყარო – ესაა ხმა პირველსაწყისი მიზეზისა; და იქმნა ეგრეთ – ეს კი დამოწმებაა შემოქმედი და დამბადებელი ძალისა.
5. მაგრამ სიტყვა კვლავ განმარტებისაკენ მივაქციოთ. ნათქვამია: იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. ჩანს, უსაზღვროდ განფენილი, წყალი მთელ დედამიწაზე ღელავდა და იმდენად მაღლა იდგა, რომ სხვა სტიქიებთან მისი თანაფარდობა დარღვეული იყო. ზემოთაც ამიტომ ითქვა, რომ დედამიწას ყოველმხრივ უფსკრული ფარავდა; წყალთა სიმრავლის მიზეზს კი შემდეგში გადმოვცემთ. ამასთან, რა თქმა უნდა, არცერთ თქვენგანს, თუნდაც მას, ვისაც გონებით ბევრი უმუშავია და ეს ხრწნადი და მდინარე ბუნება მახვილი თვალით განუჭვრეტია, არ გაუჩნდება აზრი, რომ თითქოს ჩვენ გონების საწინააღმდეგოდ რაღაც შეუძლებელი და გამოგონილი წარმოვაჩინეთ და არც იმის გამოკვლევას მოგვთხოვს, ბუნება წყლისა რას ემყარება. რადგან იმავე საფუძველზე, რომლითაც ამბობენ, რომ მიწა, რომელიც წყალზე უფრო მძიმეა, კიდეებისაგან დაშორებული შუაში ჰკიდია, იმაზეც უეჭველად უნდა დაგვეთანხმონ, რომ ეს უსაზღვრო წყალი, ქვემოთკენ ბუნებრივი სწრაფვისა და ყოველმხრივი მიზიდულობის გამო დედამიწაზე უძრავად რჩებოდა.
ამგვარად, მთელ დედამიწაზე აღურაცხელი რაოდენობით განფენილი წყლის ბუნება მისი თანაბარზომიერი კი არ იყო, არამედ მრავალგზის აღმატებული. რადგანაც დიდი ხელოვანის მიერ მომავალი თავიდანვე წინასწარ განჭვრეტილი იყო, პირველი განგებულება მომდევნო საჭიროებებსაც ითვალისწინებდა. და წყლის ამგვარ მიუთხრობელ გარდამეტებულობას რომელი საჭიროება მოითხოვდა? სამყაროში არა მხოლოდ მიწისაგანთა განსაგებლად, არამედ ყოველთა აღსავსებად აუცილებელია ბუნება ცეცხლისა; ასე რომ, სტიქიათაგან ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო რამ რომ მოკლებოდა, მთელი უსრული იქნებოდა. ისინი კი (ე.ი. ცეცხლი და წყალი) ერთმანეთის საპირისპირონი არიან და ერთმანეთს ანადგურებენ: ცეცხლი – წყალს, რაჟამს ძალით გარდაამეტებს, წყალი კი – ცეცხლს, რაჟამს სიმრავლით აღემატება.
საჭირო კი ის იყო, რომ არც მათ შორის წარმოშობილიყო შფოთი და არც ერთ-ერთი მათგანის სრულ დაკნინებას სამყაროს რღვევა არ გამოეწვია. ამიტომაც ყოველთა გამგებელმა ბუნება ტენისა იმგვარი ზომით დააუნჯა, რომ ცეცხლის ძალისაგან თანდათან განადგურებული იმდენ ხანს იყოს, რამდენიც სამყაროს დგომისათვის არის განწესებული; ხოლო ყოველივეს ზომითა და წონით გამგებელმა (როგორც იობი ამბობს: ცუარნი წვიმისანი აღრაცხილ არიან მის მიერ. 36.27) იცოდა, რამდენი დრო განუსაზღვრა სამყაროს დგომისათვის და რამდენი წყალი უნდა გაენადგურებინა ცეცხლს. ეს არის მიზეზი შესაქმისას წყლის სიჭარბისა.
ხოლო რაც სამყაროსთვის ცეცხლის აუცილებლობას შეეხება, ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა იმდენად უვიცი არავინაა, რომ ამის შესახებ სიტყვიერი მოძღვრება სჭირდებოდეს. ცეცხლის ენერგიის მსახურებას არა მხოლოდ ყოველი ხელოვნება მოითხოვს, რომელიც კი ჩვენი ცხოვრებისათვის საჭიროა (ქსოვას, მეხამლეობას, კალატოზობას, მიწადმოქმედებას ვგულისხმობ), არამედ მცენარეთა აღმოცენებაცა და ნაყოფის დამწიფებაც, მიწისა და წყლის ცხოველთა დაბადებაცა და ისიც, რითაც ისინი იკვებებიან რომ არა თანამყოფობა სითბოსი, ან თავიდანვე არ იქნებოდა, ან დროთა განმავლობაში ვერ გაძლებდა.
ამგვარად, სითბოს შექმნა აუცილებელი იყო ყოველთა დაბადებულთა არსებობისა და სიცოცხლისათვის და ასევე აუცილებელი იყო ტენის სიუხვეც ცეცხლის მიერ მისი განუწყვეტელი და გარდაუვალი განადგურებისათვის.
6. გადახედე ყველა ქმნილებას და ნახავ, რომ ყოველში, რომელიც კი იბადება და კვდება (იხრწნება), სითბოს ძალა მეფობს. ესაა მიზეზი დედამიწაზე განფენილი წყლის სიმრავლისა, რომელიც ხილულთა ზედა ამაღლებული, დედამიწის ყველა ღრმულში დგას. აქედანაა დაუწყვეტელი წყაროები, წყალთა შესაკრებელი ჭები, მდინარეთა დინებანი როგორც წვიმისაგან წარმოშობილნი, ასევე დაუშრობელებისაც, რათა ტენის ბუნება მრავალ სხვადასხვა საცავში იქნეს დაცული. აღმოსავლეთიდან, ზამთრის ადგილებიდან, მოედინება მდინარე ინდოსი, მდინარე წყალთა შორის ყველაზე დიდი დინება, როგორც ამას დედამიწის გარშემოწერილობის აღმწერნი მოგვითხრობენ; ხოლო შუა აღმოსავლეთიდან ბაქტროსი, ხუასპი და არაქსი მეოდინება, რომელსაც ტანაისი გამოეყოფა და მეოტიის ტბაში ჩაედინება. ამათ გარდა, ფაზისიც, რომელიც კავკასიის მთებიდან გამოდის და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან გამოსული მრავალი სხვა ევქსინის პონტოსკენ მიედინება; ხოლო ზაფხულოვანი დასავლეთიდან, პირინეის მთებიდან, ტარტესოსი და ისტროსი გამოდიან, რომელთგაან პირველი ზღვას ბურჯებს იქით უერთდება, ხოლო ისტროსი, მოედინება რა ევროპაზე, პონტოში ჩადის.
საჭიროა ჩამოთვლა სხვებისა, რომლებიც სკვითიის მთათა გადაღმა, რიფეის მთებში იაბდებიან? მათ შორისაა როდანოსიცა და ბევრი სხვა მდინარეც, მათგან ზოგიერთი სანაოსნოც, რომელთაგან ყველანი, ჩაუვლიან რა დასავლეთის გალატების, კელტების და მათ მეზობელ ბარბაროსთა ქვეყნებს, დასავლეთის ზღვაში ჩაედინებიან. სხვები სამხრეთიდან, ზემო ქვეყნებიდან, ეთიოპიის გავლით მოედინებიან. მათი ნაწილი ჩვენს ზღვას ერთვის, ნაწილიც კი იმ ზღვაში ჩადის, რომელიც ნაოსნებისათვის უცნობია: ეგონი და ნისოსი, ხრემეტისად წოდებული და მათთან ერთად ნილოსიც, რომელიც ბუნებით, რაჟამს მსგავსად ზღვისა, ეგვიპტეს დატბორავს, მდინარეებს არც კი ჰგავს.
ამგვარად, ჩვენს მიერ დასახლებული ადგილი შემოვლებულია წყლით, ვრცელი ზღვებითაა მოცული და ურიცხვი დაუშრეტელი მდინარითაა მორწყული, ისე, რომ განმგებლის გამოუთქმელი სიბრძნით, ბუნება, რომელიც ცეცხლის საპირისპიროა, ძნელად განსალეველი ყოფილიყო; მაგრამ დადგება დრო, როცა ცეცხლი ყოველივეს გამოაშრობს, როგორც ესაიამ თქვა ყოველთა ღმრთის მიმართ: მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი და მდინარეთა შენთა განვახმობ (ეს. 44.27). ამიტომაც ამაო სიბძნე განაგდე და ჩვენთან ერთად, თუმცა სიტყვით მარტივი, მაგრამ შემეცნების თვალსაზრისით უცდომელი სწავლება ჭეშმარიტებისა შეიწყნარე.
7. ამისთვის ითქვა: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. თუ რას ნიშნავს წმიდა წერილში სახელი მყარი (სამყარო) ნათქვამია, სახელდობრ, მყარს იგი არა უდრეკსა და მაგარ ბუნებას უწოდებს, რომელსაც სიმძიმე და სიმტკიცე*** აქვს, ასე რომ ყოფილიყო, ეს სახელი, საკუთრივ მისი მნიშვნელობით, ყველაზე მეტად დედამიწის შესაფერისი იქნებოდა, არამედ, პირიქით, რამდენადაც ყოველივე, რაც ზემოთაა, ბუნებით წმინდა, მსუბუქი და ყველა გრძნობისათვის მიუწვდომელია, მყარი მას ამ უმსუბუქესსა და გრძნობებით აღუქმელთან შედარებით უწოდა. წარმოიდგინე რაღაც ადგილი, განმყოფელი ტენისა, ის, რაც, თხელია და დაწურული, ზევითკენ წარემართება, ხოლო სქელი და მიწიანი დაბლა დარჩება, რათა ტენის თანდათანობითი განადგურებისას ეს კეთილნაზავი თავიდან ბოლომდე დაცული დარჩეს.
შენ არ გჯერა წყალთა სიმრავლე და ვერც მხურვალების სიდიდეს ხედავ, რომელსაც მაშინაც კი, როცა, შედარებით მცირეა, ბევრი ტენის განადგურება შეუძლია, რადგანაც იზიდავს ტენს, რომელიც ემორჩილება, როგორც ამას სისხლის გამოსაშვები ქილაც ცხადყოფს, ახლომახლოდან მიზიდულ ტენს კი, მსგავსად ლამპის ცეცხლისა, პატრუქისაგან შეწოვილ საზრდელს გარდაქმნისთანავე რომ წვავს, ანადგურებს. ვინ ეჭვობს იმას, რომე ეთერი ცეცხლოვანია და მწველი? დამბადებელს რომ იგი უცილობელი საზღვრებით არ აელაგმა, რა შეუშლიდა ხელს ალში გაეხვია და გადაებუგა ახლო-მახლო ყოველივე და ტენი, რომელიც არსებულებშია, მთლიანად გაენადგურებინა? გავარვარებულმა ეთერმა რომ ყოველივე არ გადაწვას, ამიტომაც არსებობს ჰაერის წყალი, შექმნილი მაღალი ადგილებიდან აზიდული ორთქლისაგან, რომელიც მდინარეებს, წყაროებს, ჭაობებსა და ზღვებს ასდის. ვხედავთ, რომ ზაფხულის ჟამს ეს მზეც, ხშირად უმოკლეს დროში, ნესტიანსა და დაჭაობებულ ადგილს უნესტოდ და სრულიად მშრალად აქცევს. რა იქნა ეს წყალი? გვიჩვენონ მათ, რომელთაც ყველაფერი იციან. განა ყველასათვის ცხადი არაა, რომ მზის მხურვალებამ ააორთქლა და შთანთქა? მაგრამ ისინი მზის შესახებ ამბობენ, რომ მას სითბოც კი არ გააჩნია და ამგვარად პასუხიც ყველაფერზე მზად აქვთ. ნახეთ, რა საბუთს ეყრდნობიან, როცა იმას, რაც თვალსაჩინოა, ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ რამდენადაც მზე ფერით არა მოწითალო და ყვითელი, არამედ სპეტაკია, ბუნებით მხურვალე არააო, სითბო სწრაფი ტრიალისაგან არისო,- ამასაც ამბობენ. და ეს მათ რისთვისღა სჭირდებათ? იმისთვის რათა დაამტკიცონ: ტენს მზე არ ანადგურებს; მე კი, თუმცა რასაც ამბობენ, მართალი არაა, იმდენად რამდენადაც ჩემს სიტყვას ეწევიან, გვერდს მაინც არ ავუვლი. რადგანაც ვთქვი, რომ წყალთა სიმრავლე მხურვალებისაგან მათ განსალევად იყო საჭირო, ერთსა და იმავე ნივთიერებებზე ერთნაირად ზემოქმედებისათვის უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს მზეს სითბო ბუნებით აქვს თუ მხურვალება რომელიმე შემთხვევის გამო შეეძინა. ცეცხლი ხის ნაჭრების ერთმანეთზე ხახუნით აღიგზნება და ალი გაჩნდება, თუ ისინი უკვე დანთებული კოცონისაგან დაიწვება, შედეგი ორივე შემთხვევაში თანაბარი და ერთნაირია. ჩვენ ვხედავთ დიდ სიბრძნეს სამყაროს განმგებლისას, - მზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადააადგილოს, რათა მუდმივად ერთ ადგილზე არ დარჩეს და სითბოს გარდამეტებით წესრიგი არ დაირღვეს. ზამთრის დადგომისას იგი სამხრეთ ნაწილისაკენ მიჰყავს, ხოლო სხვა დროს – დღე-ღამის გათანაბრების ნიშნულისაკენ, იქიდან კი ზაფხულის დადგომისას, - ჩრდილოეთისაკენ გადაანაცვლებს და ასე მისი თანდათანობითი გადაადგილებითაა დაცული დედამიწის შემოგარენში კეთილშეზავებულობა. თავად განსაჯონ, ეწინააღმდეგებიან თუ არა თავიანთ თავს ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ზღვა არ იმატებს მდინარეთაგან იმ დანაკლისის გამო, რომელსაც მზე აყენებს. ამასთან, მარილიანიცა და მწარეც რჩება, რადგან წმინდასა და სასმელად ვარგის წყალს სითბო ნთქვავს; და ეს უმეტესწილად იმ განყოფის შედეგია, რომელსაც მზე ახდენს, წარიტაცებს რა მსუბუქს, ხოლო მიწიანს და სქელს, ვითარცა რაღაც ლაფსა და მთხლეს, ტოვებს. ამიტომაცაა ზღვის წყალი მწარე, მლაშე და ცხარე. ისინი, რომელნიც ზღვის შესახებ ამას ამბობენ, ახლა ისევ შეიცვალნენ და ამტკიცებენ, რომ მზისაგან არავითარი ტენის შემცირება არ ხდება.
და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ (შესაქ. 1.8). მართალია, ეს სახელი სხვას უფრო შეშვენის, მაგრამ სამყარომ იგი მსგავსებით მიიღო. ვხედავთ, რომ ხშირად ცად იწოდება ხილული სივრცე (რომელიც ჰაერის სიხშირისა და შემტკიცების გამო ჩვენს მზერას ემორჩილება და ხილვადობის წყალობით ღირსია, რომ ცა ეწოდოს), მაგალითად, როცა ამბობენ: მფრინველნი ცისანი (ფს. 8.8) და კიდევ: მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა (შესაქ. 1.20), ამგვარივეა გამოთქმა: აღვლენან ცამდე (ფს. 106.26). აკურთხა რა, მოსემ იოსების ტომს კურთხევა საზღვართაგან ცისათა და ცუარითა, წყაროთაგან უფსკრულთასა ქუესკნელად აღმოცენებისა, ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა, თავთა მთათა მათ საუკუნეთასა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოთა მისცა (II შჯ. 33. 13-15), რადგან ყოველივე ამის კეთილმოწყობით დედამიწის შემოგარენი აყვავდება; ხოლო ისრაელის წყევლისას ამბობს: გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელს მუნ თავს შენსა. ვითარცა რვალი (II შჯ. 28.23). და რას ნიშნავს ეს? სრულ სიმშრალეს და ჰაერის წყალთა მოკლებას, რომელნიც დედამიწას ნაყოფიერებას ანიჭებენ. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ ცვარი და წვიმა ციდან მოდის, იმ წყლებს მოვიაზრებთ, რომელნიც ზენა ქვეყანაში არიან განწესებულნი. მიწიდან ასული ორთქლი სიმაღლესა შინა შეიკრიბება და ქართა შეკუმშვით ჰაერი გასქელდება, ხოლო რაჟამს აქამდე ღრუბელში წვრილ-წვრილად გაბნეული, ორთქლის მსგავსი ტენი ერთმანეთთან შემჭიდროვდება, წარმოიქმნება წვეთები, რომელნიც, ნაწილთა შეერთებისაგან დამძიმებულნი, დაბლა მოექანებიან. ასეთია წარმოშობა წვიმისა; ხოლო როცა მძაფრი ქარებისაგან დაფანტული ტენი უკიდურესად გაცივდება და სრულიად გაიყინება, გაბნეული ღრუბლებიდან წამოვა თოვლი. ზემოთქმულის მიხედვით, შენ შეგიძლია საერთოდაც განიხილო მთელი ბუნება ტენისა, რომელნიც ჩვენს თავთა ზემოთ, ჰაერშია დამტკიცებული.
სულიერი მოძღვრების სიმარტივესა და სიწრფელეს ნურავინ შეადარებს იმათ სივერაგეს, რომელნიც ცის შესახებ გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობით სიბრძნიმეტყველებენ, რადგან, რამდენადაც სილამაზე უბიწოებისა უპატიოსნესია მეძაობაზე, ჩვენი სწავლებაც გარეშე სწავლებათაგან იმდენად განსხვავდება; ისინი ხომ მოძღვრებას დამაჯერებლობას ნაძალადევად აძლევენ, მაშინ, როცა აქ ყოველგვარი გამონაგონისაგან განძარცვული ჭეშმარიტება გვაქვს.
საჭიროა კი, რომ ჩვენ მათი სიცრუის სამხილებლად გავისარჯოთ? განა საკმარისი არ იქნება ისიც, რომ, რამდენადაც მათი წიგნები ერთმანეთს თვითონ ამხელენ, ამ კამათის სრულიად მშვიდ მაყურებლად დავრჩეთ? რადგან მათ არც რიცხობრივად და არც ღირსებებით არ ჩამოუვარდებიან, ხოლო მრავალსიტყვაობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო დიდი უპირატესობაც კი აქვს ამ სწავლების საპირისპირო მოძღვრების დამცველებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამყარო გადაიბუგება და იმ თესლისაგან, რომელნიც ნახანძრალში დარჩება, კვლავ გაცოცხლდება. აქედან გამომდინარე შემოაქვთ მათ დაუსრულებელი ხრწნა და კვლავ განახლება სოფლისა, მაგრამ მიდრკნენ რა ჭეშმარიტებისაგან როგორც ერთი ისე მეორე მხარე, აქაც და იქაც ცდომილებისათვის გზები იპოვეს.
9. ხოლო ჩვენ განყოფილ წყალთა შესახებ ორიოდე სიტყვა უნდა ვუთხრათ იმ განმმარტებლებს, რომლებიც ეკლესიიდან არიან და რომელთაც განსწავლულობისა და მაღალი აზროვნების მომიზეზებით სახისმეტყველებას მიმართეს და ამბობენ, რომ წყლებში გადატანითი მნიშვნელობით სულიერი და უსხეულო ძალები იგულისხმება: მაღლა, სამყაროს ზევით სრულყოფილნი არიან დამტკიცებულნი, ხოლო ქვემოთ, მიწასა და ნივთიერ ადგილთა ზედა, ბოროტი ძალები მკვიდრობენ. მათი განმარტებით, ამიტომაც ითქვა, რომ ღმერთს წყალნი ზესკნელს ცათანი (ფს. 148.4) ანუ ის კეთილი ძალები აქებენ, რომელნიც გონების სიწმინდის გამო დამბადებლისათვის შესაფერისი ქების მიძღვნის ღირსნი არიან, ხოლო ცის ქვეშე არსებული წყალნი ის უკეთური სულებია, რომელნიც თავიანთი ბუნებით სიმაღლიდან ბოროტების უფსკრულში ჩაცვივდნენ. ბორგნეულებს, მშფოთვარეთა და ვნებათაღელვით ამბოხებულებს სწრაფი ცვალებადობისა და დაუდგრომელ ტალღებთან მსგავსების გამო ზღვა ეწოდათ.
მაგრამ ამგვარი სწავლებანი, ვითარცა სიზმართა ახსნასა და დედაბერთა ზღაპარნი უარვყოთ, წყალი წყლად მოვიაზროთ და მისი გაყოფა მყარის მიერ ზემოთ გადმოცემული მიზეზისამებრ შევიწყნაროთ. თუმცა ყოველთა მეუფისადმი საერთო დიდებისმეტყველებას ზოგჯერ წყალნი ზესკნელს ცათანი-ც უერთდებიან, მაგრამ ამის გამო მათ გონიერი ბუნების მქონედ არ მივიჩნევთ, რადგან არც ცანი, რომელნიც მიუთხრობენ დიდებასა ღვთისას, არიან სულიერნი და არც მყარია ცოცხალი და მგრძნობიარე, თუმცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს (ფს. 18.1). თუ ვინმე იტყვის, რომ ცანი მჭვრეტელობით, ხოლო მყარი საქმიანსა და შემსრულებელ ძალებს ნიშნავს, რაც დასაშვებია, როგორც მახვილგონივრულ სიტყვას შევიწყნარებთ, მაგრამ იმას, რომ იგი ჭეშმარიტებაა, ბოლომდე ვერ დავეთანხმებით, რადგან მაშინ ცვარს, თრთჳლს, ყინულს და სიცხესაც, რომელთაც დანიელთან ყოველთა დამბადებლის ქება აქვთ ნაბრძანები, რაღაც გონიერი და უხილავი ბუნება უნდა ჰქონდეთ (დან. 3.34-72). პირიქით, კანონი, რომელიც მათში იმ ადამიანებმა, რომელთაც გონება აქვთ, მჭვრეტელობით შეიცნეს, დამბადებლის დიდებისმეტყველებას ავსებს, რადგან არა მხოლოდ წყალს, რომელიც ზეცათა მაღლაა, ხვდა პატივი აღმატებული სათნოების გამო ქება უძღვნას ღმერთს, არამედ, როგორც ნათქვამია, უფალს ქვეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნიც აქებენ (ფს. 148.7). ამიტომაც უფსკრული, რომელიც წმ. წერილის ალეგორიულად განმმარტებლებმა უარეს ნაწილს მიაკუთვნეს, მეფსალმუნემ არა თუ განგდებულად შერაცხა, არამედ, რამდენადაც მასში ჩადებული კანონების მიხედვით შემოქმედის სადიდებელს მწყობრად აღავლენს, ისიც ქმნილებათა საერთო ქოროს შეუერთა.
10. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ (შესაქ. 1.8). ღმრთის თვალებს სიამოვნებას მისივე ქმნილებანი კი არ ანიჭებენ და არც მის მიერ კეთილის შეწყნარებაა ისეთი, როგორიც ჩვენი, არამედ მისთვის კეთილია ის, რაც ხელოვნების კანონით გასრულდა და რაც კეთილსახმარი მიზნებისკენაა წარმართული. ვისაც ქმნილებათა ცხადი მიზანი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, მან, რამდენადაც მისი მიზნის აღსრულებას ემსახურებოდნენ, დაბადებულთა ნაწილებიც შეიწყნარა, რომელნიც მისი ხელოვნების კანონებს შეესაბამებოდნენ. როცა ხელი ცალკეა, თვალი კი ცალკე და ქანდაკების ყოველი ნაწილი გაფანტულია, ეს სანახაობა ყველასთვის მშვენიერი როდი იქნება; ხოლო როცა თითოეული ნაწილი თავ-თავის ადგილზე დადგება, ბოლოს და ბოლოს წარმოჩნდება სილამაზე თანაზომიერებისა და მას თვით უმეცარიც კი შეამჩნევს. მაგრამ, რადგანაც შემოქმედი თითოეულის სილამაზეს გამთლიანებამდე ხედავს და მათი გასრულებული სახეც წინასწარ იცის, ყოველ მათგანს აქებს. ამ შემთხვევაში ღმერთი იმ ხელოვანთა მსგავსადაა წარმოდგენილი, რომელნიც საკუთარ ქმნილებათა ნაწილებს აქებენ; სამაგიეროდ, რაჟამს გასრულდება, ღვთის შესაფერის ქებას თავის მხრივ ერთად აღებული მთელი სამყაროც იტყვის.
აქ შევწყვიტოთ სიტყვა მეორე დღის შესახებ, რათა გულმოდგინე მსმენელებს დრო მივსცეთ იმისათვის, რომ, რაც მოისმინეს, გამოიძიონ, თუ რამე სასარგებლოა, დაიმახსოვრონ და საგულდაგულო განსჯით, ისევე როგორც საჭმლის მონელების შემდეგ, აღმოცოხნის სარგებელს დაელოდონ; ხოლო სოფლის საქმეთაგან მოუცლელებს მოცალეობა მიეცეთ, რათა დროის ამ შუალედში რაც საზრუნავი აქვთ, მოაგვარონ და მწუხრისას სიტყვის ნადიმზე ზრუნვათაგან განწმენდილი სულებით მოვიდნენ.
დიდთა საქმეთა შემოქმედმა ღმერთმა, რომელმაც ჩვენს მიერ ამ მცირე სიტყვის წარმოთქმაც განაგო, მოგცეს თქვენ ყოველსა შინა გულისხმისყოფა მისი ჭეშმარიტებისა, რათა ხილულთაგან უხილავი შეიცნოთ და ქმნილებათა დიდებულებისა და სილამაზისაგან ჩვენი დამბადებლის შესახებ შესაფერისი წარმოდგენა შეიძინოთ, რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ (რომ. 1.20).
მიწაც და ჰაერიც, ზეცაც და წყალიც, დღეცა და ღამეც და საერთოდ, ყოველივე, რასაც ვხედავთ, ჩვენს კეთილისმყოფელს განცხადებულად უნდა გვახსენებდეს. არც ცოდვებს მივსცემთ დრო-ჟამს და არც მტერს დავუტოვებთ ადგილს ჩვენს გულებში, უკეთუ განუწყვეტელი მოხსენიებით ჩვენს ღმერთს დავამკვიდრებთ, რომლისა არს ყოველივე დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
* სიღრმე იგივეა, რაც სიგრძე.
** რასაც წინააღმდეგობის უნარი აქვს, დაუთმობელია.
*** წინააღმდეგობის უნარი აქვს.