1. ვისაც სამყაროს დაბადებაზე თხრობა სურს, იგი ხილული საგნების წარმოშობაზე საუბრით უნდა დაიწყოს, კერძოდ, ზეცისა და მიწის შექმნის ისტორია უნდა გადმოსცეს, რადგანაც შექმნა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, თავისით არ მომხდარა, არამედ მიზეზი ღმრთისაგან მიიღო.
რომელი სასმენელია ღირსი ნათქვამის სიდიადის მოსმენისა? ან როგორ უნდა იყოს სული მომზადებული ამგვარ დიდთა საქმეთა ყურადსაღებად? ხორციელ ვნებათაგან განწმენდილი, ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან დაუბნელებელი, შრომისმოყვარე, გამომეძიებელი და მიმომხედველი ყოველ მხარეს, საიდანაც კი ღმერთზე შესაფერისი წარმოდგენის შეძენა შეიძლება. მაგრამ ვიდრე ნათქვამის სიზუსტეს გამოვიძიებდეთ და ამ რამდენიმე სიტყვის უდიდეს მნიშვნელობას განვიხილავდეთ, გულისხმავყოთ, ვინ გვესაუბრება ჩვენ.
შეიძლება ჩვენი გონების უძლურების გამო აღმწერელის გულის სიღრმეს ვერ ჩავსწვდეთ. მაგრამ უკეთუ მთხრობელის სანდოობას მაინც გულისხმავყოფთ, მის ნათქვამსაც თავისთავად ვირწმუნებთ. ეს წიგნი მოსემ დაწერა, იმ მოსემ, ვის შესახებაც დამოწმებულია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძუძუს სწოვდა, მკვირცხლ იყო წინაშე უფლისა (შესაქ. 7.20); ვინც ფარაონის ასულმა იშვილა, მეფურად აღზარდა და ეგვიპტელი ბრძენნი მოძღვრებად და აღმზრდელებად დაუყენა, ვინც ქედმაღლობა უსაზღვრო ძალაუფლებისა მოიძულა და თვისტომთა სიმდაბლისაკენ მიიქცა: გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ (ებრ. 11.25); ვინც, თვით ბუნებისგან ჰქონდა რა მინიჭებული სიყვარული სიმართლისა, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ერის წინამძღოლობა მიენდობოდა, ბოროტების ბუნებრივი სიძულვილის გამო, როგორც ჩანს, თვით სიცოცხლის ფასადაც კი მზად იყო დაესაჯა უკეთურნი; ვინც, დევნილმა იმათგან, ვისაც კეთილი უყო, ეგვიპტელთა შფოთნი ხალისით დატოვა, ეთიოპიას მიაშურა და იქ სხვა საქმეთაგან სრულიად მოცლილი, მთელი ორმოცი წლის მანძილზე არსებულთა ჭვრეტას შეექცა; ვინც უკვე ოთხმოცი წლისამ იხილა ღმერთი, როგორც კაცს შეუძლია იხილოს იგი, ან უფრო სწორად, თვით ღმრთისავე დამოწმებით, როგორც მანამდე არავის უხილავს: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინასწარმეტყველ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, რომელი ყოველსა სახლსა ჩემსა სარწმუნო არს. პირისპირ ვეტყოდი მას, ხილვით და არა იგავით (რიცხვ. 12.6-9).
ვინც, ანგელოზთა მსგავსად ღმრთის პირისპირ ხილვის ღირსი გახდა, იმას მოგვითხრობს, რაც ღმრთისაგან ესმა. მოვისმინოთ ჭეშმარიტების სიტყვები, რომელნიც არა რწმუნებით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისაჲთა არიან თქმულნი (I კორ. 2.4-13) და მიზნად არა მსმენელთაგან შექება, არამედ იმათი გადარჩენა აქვთ, ვინც მათ შეისწავლის.
2. დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესაქ. 1.1), საკვირველება აზრისა სიტყვას მიჩერებს. პირველად რა ვთქვა, განმარტება საიდან დავიწყო? წარმართების ამაოება ვამხილო თუ ჩვენი ჭეშმარიტება შევაქო?
ელინმა ფილოსოფოსებმა ბუნებაზე ბევრი იმსჯელეს, მაგრამ არცერთი მოძღვრება მტკიცე და ურყევი არ ყოფილა, რადგან წინა მოძღვრებას ყოველთვის მომდევნო ამხობდა. ამიტომაც, ჩვენ მათი მხილება აღარ გვჭირდება, ერთმანეთის დასამხობად თვითონაც საკმარისნი არიან. რომელთაც ღმერთი ვერ შეიცნეს, მათ ვერც სამყაროს დაბადების გონიერი მიზეზი გულისხმაყვეს და სხვა დასკვნებიც ერთმანეთის მიყოლებით ამ პირველი უგუნურების შესაბამისად გამოიტანეს. ამიტომაც ერთნი მატერიალური საფუძვლებისაკენ მიილტვოდნენ და ყოველივე არსებულის მიზეზად კოსმოსის სტიქიებს თვლიდნენ, სხვების წარმოდგენით კი ხილული საგნების ბუნებას განუყოფელი და დაუნაწევრებელი სხეულები, სიმძიმე და ფორმები ქმნიდნენ. რამდენადაც განუყოფელი სხეულები ხან ერთმანეთისაკენ მიისწრაფვიან, ხან კი ერთმანეთისაგან განიზიდებიან, ამდენად დაბადებაცა და დაღუპვაც თითქმის ამისდა შესაბამისად ხდება; ხოლო იმ სხეულების ხანგრძლივობის მიზეზი, რომელნიც სხვებზე დიდხანს არსებობენ, ატომების უმტკიცეს შეერთებაში მდგომარეობს.
ჭეშმარიტად ობობას ქსელს ქსოვენ ამის დამწერნი, რადგან ზეცას, მიწასა და ზღვას უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ასე მცირესა და სუსტ საწყისებს უდებენ. მათ არ იცოდნენ და ვერ თქვეს: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. მათში დამკვიდრებულმა უღმერთობამ შეაცდინა ისინი და აფიქრებინა, რომ ყოველივე განმგებლობისა და წესრიგის გარეშე არსებობს და მოძრაობას შემთხვევით იწყებს. ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს, სამყაროს შესაქმის აღმწერი, ღმრთის სახელით, მყისვე გვინათებს გონებას პირველივე სიტყვებით, როცა გვეუბნება: დასაბამად ქმნა ღმერთმან.
რა მშვენიერი რიგია! პირველად დასაბამი მოიხსენია, რათა ვინმეს სამყარო დაუსაბამო არ ჰგონებოდა და შემდეგ დაუმატა ქმნა, რათა ეჩვენებინა, რომ ქმნილება შემოქმედის ძლიერების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენს. მსგავსად მექოთნისა, რომელიც თავისი ხელოვნებით მრავალ ჭურჭელს ქმნის, მაგრამ ამით არც ოსტატობა და არც ძალა აკლდება, ასევე ყოველთა შემოქმედსაც, რომელსაც მხოლოდ ერთ სამყაროსთან შესწორებული შემოქმედებითი ძალა როდი აქვს, არამედ ბევრწილად აღმატებული, ნების ერთი წამისყოფით მიანიჭა არსებობა ხილულთა სიდიადეს. უკეთუ სამყაროს დასაბამი აქვს და შექმნილია, გამოიძიე, ვინ მისცა დასაბამი და ვინ არის მისი შემოქმედი. უმჯობესი იქნება ვთქვათ, რომ მოსემ, რათა ყოველივე ეს შენ კაცობრივი მსჯელობებით არ გეკვლია და ჭეშმარიტებისაგან არ მიქცეულიყავი, თავისი მოძღვრებით დაგვასწრო და ჩვენს სულებზე, ვითარცა ბეჭედი და ზღუდე, ღმრთის ფრიად ძვირფასი სახელი აღბეჭდა და თქვა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ამ ნეტარმა ბუნებამ, მოუკლებელმა სიკეთემ, ყველასათვის, ვისაც კი გონება მიეცა, საყვარელმა და ფრიადსასურველმა სახიერებამ, დაბადებულთა დასაბამმა, ცხოვრების წყარომ, გონიერმა ნათელმა და მიუწვდომელმა სიბრძნემ დასაბამად ქმნა ცაჲ და ქუეყანა.
3. ამიტომ, ადამიანო, ნუ წარმოიდგენ, რომ ხილულნი დაუსაბამონი არიან და იმის გამო, რომ ცაზე მოძრავი სხეულები წრეს წერენ, ხოლო წრის დასაბამი ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის მიუწვდომელია, ნუ იფიქრებ, რომ წრიულად მოძრავი სხეულების ბუნება დაუსაბამოა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შეგრძნებებს გაურბის და არც იმის პოვნა შეგვიძლია, თუ სად იწყება იგი და არც იმისა, თუ სად მთავრდება. დაუსაბამოდ არც ეს წერე, ანუ სიბრტყეზე ერთი ხაზით შემოწერილი გეომეტრიული ფიგურა, უნდა მივიჩნიოთ. მართალია, ჩვენს შეგრძნებებს გაურბის, მაგრამ სინამდვილეში, ვინც წრე ცენტრიდან გარკვეული მანძილით შემოწერა, მან იგი უეჭველად საიდანმე დაიწყო. ამგვარად შენც როცა დაინახავ, რომ სხეულები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ, თავისივე თავისკენ მიიქცევიან. მათი თანაბარი და განუწყვეტელი მოძრაობა იმ მცდარ აზრზე ნუ დაგაყენებს, თითქოს სამყარო დაუსაბამო და დაუსრულებელი იყოს: რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ (I კორ. 7.31) და ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს (მთ. 24.35). სამყაროს დასასრულისა და ცვალებადობის შესახებ დოგმატების წინასწარ განცხადებას წარმოადგენს ისიც, რაც ახლა ჩვენ მოკლედ ღმრთივსულიერი მოძღვრების დასაწყისშივე გადმოგვეცა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ის, რაც დასაბამს დროში იღებს, აუცილებლად დროშივე აღესრულება, ანუ, უკეთუ დასაბამი ჟამიერია, აღსასრულზეც ნუ დაეჭვდები. მაგრამ როგორ დასასრულთან მიგვიყვანს გეომეტრიული და არითმეტიკული მეთოდები, გამოკვლევები სამყაროთა შესახებ, ყბადაღებული ასტრონომია – ეს ფრიად საჯაფი ამაოება, თუკი მკვლევარნი, რომელნიც ამ საკითხებს სწავლობენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ, მსგავსად ყოველთა შემოქმედი ღმერთისა, ეს ხილული სამყაროც დაუსაბამოა და ის, რაც გარეშემოწერილია და მატერიალური სხეულები აქვს, მიუწვდომელი და უხილავი ბუნების მსგავსად განადიდეს, იმის მოაზრება ვეღარ შეძლეს, რომ იქ, სადაც ნაწილები გახრწნასა და ცვალებადობას ემორჩილება, მთელიც ოდესმე უცილობლად თავისი ნაწილების მსგავსად შეიცვლის სახეს. მაგრამ ესოდენ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს (რომ. 1.21-22), რომ ერთნი ღმერთთან ერთად ზეცის დაუსაბამო არსებობასაც ამტკიცებდნენ, ხოლო მეორენი მიიჩნევდნენ, რომ იგია თავად ღმერთი, დაუსაბამო, დაუსრულებელი და მიზეზი ნაწილთა კეთილმოწყობისა.
4. როცა იქნება, ამსოფლიური სიბრძნის გარდამეტებულობა, უეჭველია, მათ მძიმე სასჯელს მოუტანს, რადგან ამაოებათა ასე მახვილად მჭვრეტელნი ჭეშმარიტების გულისხმისყოფისათვის ნებით დაბრმავდნენ. მაგრამ მათ, რომელთაც ვარსკვლავთა სიხშირე გაზომეს, მარადის საჩინონი და ჩრდილოეთის ვარსკვლავები, აგრეთვე სამხრეთის პოლუსთან მდებარენი, იქ მყოფთათვის სახილველნი, ჩვენთვის კი – უცნობნი, აღწერეს, ჩრდილოეთის სივრცე და ზოდიაქოს წრე ათას ნაწილად დაყვეს, ვარსკვლავთა აღმოსვლა, დადგომა, გადახრა და თავდაპირველი ადგილისაკენ საერთო მოძრაობა გამოწვლილვით გამოიკვლიეს, აგრეთვე დროც, რომლის მანძილზეც თითოეული ცდომილთაგანი თავის სრბას (პერიოდს) აღასრულებს, დაადგინეს, - მხოლოდ ერთი ღონე, თავი ყოველთა ღონეთა, ვერ იპოვეს, რომლითაც ღმერთს, ყოველთა შემოქმედსა და სამართლიან მსაჯულს, ვინც ყველას საქმეთა მიხედვით ღირსეულად მიუზღავს, გულისხმაყოფდნენ; და ვერც სამსჯავროზე მოძღვრებიდან გამომდინარე აღსასრულის აზრი შეიცნეს, რადგან თუ სულები, როგორც ისინი ფიქრობენ, სხვაგვარ ცხოვრებაში გადასვლით მდგომარეობას შეიცვლიან, მაშინ სამყაროც უცილობლად უნდა შეიცვალოს. ისევე, როგორც ახლანდელი ცხოვრება ბუნებით ამ სამყაროს ენათესავება, ასევე ჩვენი სულების მომავალი არსებობაც მათი მდგომარეობის შესაფერისი უნდა იყოს. მაგრამ ისინი იმდენად დაშორებულნი არიან სიმართლეს, რომ ხმამაღალ სიცილს გვაყრიან, როცა ამ სამყაროს აღსასრულსა და კვალად საუკუნო განახლებაზე ვსაუბრობთ.
რამდენადაც დასაბამი, ბუნებრივია, წინ უსწრებს იმას, რაც მისგანაა, ვინც იმ საგნებზე მოგვითხრო, რომელთაც ყოფიერება დროში მიიღეს, აუცილებლობის მიხედვით ყველაზე წინ სიტყვები: დასაბამად ქმნა დააყენა.
5. როგორც ჩანს, ამ სამყაროზე ადრე იყო რაღაც, რომელიც ჩვენი გონებისათვის თუმცა მისაწვდომია, მაგრამ როგორც შეუფერებელი ახლად განსწავლულთა და გონებით ჩვილთათვის, გადმოცემაში შეტანილი მაინც არაა. სამყაროს დაბადებაზე ადრე იყო რაღაც ზეციური ძალებისათვის შესაფერისი მდგომარეობა: ზედროული, საუკუნო და სამარადისო. მასში ყოველთა შემოქმედმა და დამბადებელმა სრულყო ქმნილებანი: ნათელი, გონიერი, შესაფერისი უფლის მოყვარულთა ნეტარებისათვის, გონიერი და უხილავი არსებანი, ყოველმხრივ შემკობილნი და ჩვენს გონებაზე იმდენად აღმატებულნი, რომ მათთვის სახელების გამოგონებაც კი ვერ შევძელით. ისინი, როგორც ამას პავლე მოციქულიც გვასწავლის, უხილავი სამყაროს ყოფიერებას აღავსებენ: რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი (კოლ. 1.16), გინა თუ ანგელოზთა მჴედრობანი, გინა თუ მთავარანგელოზთა წესთმთავრობანი
ხოლო როცა უკვე არსებულისათვის ამ სამყაროს მიმატებაც საჭირო გახდა, რომელიც პირველ რიგში კაცთა სულისათვის სასწავლო-სააღმზრდელო ადგილს, ხოლო მერე საერთოდ ყოველთა, რაც შობასა და ხრწნას ემორჩილება, სამყოფელს წარმოადგენს, მაშინ წარმოიშვა სამყაროსა და მისთა მკვიდრთა, ცხოველთა და მცენარეთა შემსგავსებული მოძრაობა დროისა, რომელიც მარადის ჩქარობს, მიისწრაფვის და არასოდეს მდინარებას არ წყვეტს. დრო ხომ ასეთია: წარსული გაქრა, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ხოლო აწმყო, ჩვენს შეგრძნებას მანამდე გაურბის, ვიდრე მის შეცნობას მოვასწრებდეთ. ასეთია ბუნება დაბადებულისა, ის აუცილებლად ან იზრდება, ან იხრწნება, ასე რომ მყარი და მტკიცე არაფერი აქვს. ამიტომაც ცხოველთა და მცენარეთა სხეულებს, რომელნიც აუცილებლობით თითქოსდა რაღაც დინებასთან არიან შეერთებულნი და მოძრაობისას დაბადებისაკენ ან კიდევ გახრწნისაკენ მიისწრაფვიან, დროის ბუნებაში ჩაკეტვა შვენის, დროისა, რომელმაც ცვალებადი საგნების მონათესავე თვისებები შეიძინა.
აქედან გამომდინარე, მან, ვინც ჩვენ სამყაროს დაბადება სიბრძნით გვასწავლა, თავის სიტყვას ჯეროვნად დაამატა და თქვა: დასაბამად ქმნა, ანუ ამ დასაბამში, დასაბამში დროისა.
დასაბამად იქმნა სამყაროო – ამას იმის დასამოწმებლად კი არ ამბობს, რომ იგი ყოველთა დაბადებულთა უწინარეს დაიბადა, არამედ უხილავთა და გონებით განსაჭვრეტთა შემდეგ ამ ხილულთა და გრძნობისათვის მისაწვდომ საგანთა დასაბამზე გვესაუბრება. დასაბამად იწოდება პირველი მოძრაობაც, როგორც მაგალითად: დასაბამი გზისა კეთილისა – საქმე სიმართლისა (იგავ. 16.5), რადგანაც ნეტარი ცხოვრებისაკენ პირველ რიგში მართალ საქმეებს მივყავართ. დასაბამად იწოდება ასევე ისიც, საიდანაც რაიმე იწყება, მაგალითად: საძირკველი სახლისა და წყალქვეშა ნაწილი ხომალდისათვის. ამ აზრითაა ნათქვამი: დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა (იგავ. 1.7), რადგანაც ღმრთისმოშიშობა სრულყოფილების საყრდენი და საფუძველია. ასევე ხელოვნების ქმნილებათა დასაბამი ხელოვნებაა, მაგალითად, როგორც სიბრძნე ბესელიელისა დასაბამ იქმნა კარვის შემკობისა, ზნეობრივ საქციელთა დასაბამი ხშირად საქმეთა კეთილი ბოლოა. მაგალითად, მოწყალების დასაბამი ღმრთის კეთილმოწყალების მოპოვებაა, ხოლო ყოველი ქველმოქმედებისა – ჩვენთვის აღთქმული დასასრული.
6. რადგანაც დასაბამს ამდენი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება თუ არა მას ამ შემთხვევაში ყველა მნიშვნელობა მივუსადაგოთ? შენ შეგიძლია შეიტყო ჟამი, როცა სამყაროს შექმნა დაიწყო, თუ აწმყოდან წარსულში გააბიჯებ და ჯაფას გასწევ, რათა სამყაროს დაბადების პირველი დღე იპოვნო. ამგვარად იპოვნი ჟამს პირველი მოძრაობისა, შემდეგ შეიცნობ, რომ ცა და დედამიწა, როგორც რაღაც საფუძველი და საყრდენი, ყოველივეს ისე დაედო, ხოლო შემდეგ, რომ არის ხელოვანი სიტყვა, დასაბამი ხილულთა შემკობისა, როგორც შენ ამას თვითონ სიტყვა დასაბამი გაჩვენებს. შეიცნობ აგრეთვე, რომ ეს სოფელი არცა ფუჭად და არცა ამაოდ, არამედ რაღაც სასარგებლო დასასრულისა და არსებულთა დიდი საჭიროებისათვის შეიქმნა, თუკი იგი მართლაც გონიერი სულების დასამოძღვრი და ღმრთის შემეცნების მასწავლებელია და ხილულთა და გრძნობადთა მეშვეობით გონებას უხილავთა ჭვრეტისათვის ხელმძღვანელობს, როგორც მოციქული ამბობს: რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების (რომ. 1.20). ან იქნებ, რადგან შესაქმე წამიერია და უჟამო, იმიტომაც ითქვა: დასაბამად ქმნა. იგი ხომ შეუდგენელია და გაუგრძელებელი. ისევე, როგორც დასაწყისი გზისა ჯერ კიდევ არაა გზა, ხოლო დასაწყისი სახლისა – თვითონ სახლი, ასევე დასაბამი დროისა არათუ თვითონ დრო, არამედ თვით მისი უმცირესი ნაწილიც კი არაა. უკეთუ ვინმე კამათის მოყვარული დასაწყისს დროს უწოდებს, დაე იცოდეს, რომ ამით მას დროის ნაწილებად ჰყოფს, რომლებიც შემდეგია: დასაწყისი, შუა და დასასრული, მაგრამ დასაწყისის მოგონება დასაბამისათვის ფრიად სასაცილოა. ვინც დასაწყისს ორად ჰყოფს, ერთის ნაცვლად ორ დასაწყისს ან უფრო სწორად, მრავალსა და ურიცხვ დასაწყისს იღებს, რადგანაც ყოველთა ცალკეული ნაწილის ახალ ნაწილებად დაყოფა დაუსრულებლად შეიძლება. ამგვარად, რათა ჩვენ ერთად მოვიაზროთ ის, რომ სამყარო ღმრთის ნებით უჟამოდ შეიქმნა, ნათქვამია: დასაბამად ქმნა. ზოგიერთმა მთარგმნელმა აზრი უფრო ცხადად გადმოსცა და თქვა: “ერთად დაჰბადა ღმერთმან”, ე.ი. მსწრაფლ და მყის.
7. ხელოვნებათაგან ზოგი შემქმნელად იწოდება, ზოგი მოქმედად და ზოგიც კიდევ მჭვრეტელობითად. მჭვრეტლობითი ხელოვნების ბოლო თვითონ გონების მოქმედებაა, მოქმედ ხელოვნებათა – სხეულის მოძრაობა, რომლის შეწყვეტის შემდეგაც უკვე აღარაფერი აღარ არის და მაყურებელთათვისაც აღარაფერი აღარ რჩება. ასე მაგალითად, ცეკვასა და სალამურზე დაკვრისას მოქმედება მოქმედებასავე შინა მთავრდება, ხოლო შემქმნელ ხელოვნებათა საქმენი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც საჩინონია, როგორც მაგალითად, კალატოზთა, დურგალთა, მჭედელთა, მქსოველთა და სხვათა ამგვართა. თუმცა ამ დროს ხელოვანნი მათთან აღარ არიან, მაგრამ თავად საქმენი ავტორთა შემოქმედებით ნიჭს საკმარისად წარმოაჩენენ და კალატოზი, მჭედელი თუ მქსოველი, თავ-თავიანთი ქმნილებებით შენს გაოცებას იწვევენ. ამიტომ რათა ეჩვენებინა, რომ სამყარო მხატვრული ქმნილებაა, რომლის ჭვრეტაც ყველას შეუძლია და რომლის მეშვეობითაც შემოქმედის სიბრძნეც შეიცნობა, მის შესახებ ბრძენმა მოსემ სხვა რამ სიტყვა კი არ გამოიყენა, არამედ თქვა: დასაბამად ქმნა, არა გააკეთა, არა აღმართა, არამედ ქმნა.
რამდენადაც მრავალნი იმათგან, რომელთა წარმოდგენითაც სამყაროც ღმერთთან ერთად მარადიულად თანაარსებობს, ფიქრობენ, რომ იგი ღმრთისაგან კი არ შეიქმნა, არამედ ვითარცა ანარეკლი მისი ძლიერებისა, თავისით წარმოიშვა, და აქედან გამომდიანრე, თუმცაღა მის მიზეზად ღმერთს აღაირებენ, მაგრამ უნებლიე მიზეზად, როგორც მაგალითად, ჩრდილის მიზეზი სხეულია, ხოლო ბრწყინვალებისა – ნათელი, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ეს ცრუ აზრი გაასწორა, და გამოიყენა რა განსაკუთრებით ზუსტი სიტყვა, თქვა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ე.ი. ღმერთი არა მხოლოდ მიზეზია ყოფიერებისა, არამედ მან შექმნა კიდეც იგი ვითარცა სახიერმა – სასარგებლო, ბრძენმა – უმშვენიერესი და ძლიერმა – უდიდესი. წინასწარმეტყველმა გიჩვენა შენ ყოველთა ბუნებაზე აღმატებული ხელოვანი მისი, ვინც ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან შეაერთა და თავისი თავის შესაფერისი, შეთანხმებული და ჰარმონიული მთელი შექმნა.
დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. მიანიჭა რა უხუცესი დაბადება, ხოლო დედამიწაზე თქვა რა, რომ იგი არსით მეორეა, სამყაროს არსი ორი უკიდურესობით ცხადყო. უეჭველია, რომ ყოველივე, რაც მათ შორისაა, ამ საზღვრებთან ერთად დაიბადა. თუმცა ცეცხლის, წყლისა და ჰაერის სტიქიებზე არაფერია ნათქვამი, შენ შენი გონებით მოიაზრე, რომ პირველ რიგში ყოველივე ყოველივეშია აღრეული და რომ მიწაში წყალსაც იპოვი, ჰაერსაც და ცეცხლსაც; ცეცხლი ქვისგანაც ჩნდება და რკინისგანაც, რომელიც მიწისგან იბადება და რომელთა ერთმანეთზე დაკვესებით უშრეტი ცეცხლი გამობრწყინდება. გაკვირვების ღირსია, როგორც იფარება სხეულებში უვნებლად ცეცხლი, მაშინ, როცა, როგორც კი გარეთ გამოიხმობა, მყისვე ანადგურებს იმ სხეულებს, რომელნიც მანამდე ინახავდნენ. იმას, რომ წყლის ბუნება მიწაშიცაა, ჭის მთხრელნი გვიჩვენებენ, ხოლო მასში ჰაერის ბუნების არსებობას მოწმობს ორთქლი, რომელიც ნესტიანი მიწიდან მზის სიმხურვალის წყალობით ამოდის. შემდეგ: რადგანაც ბუნებით ზეცას მაღალი ადგილი უპყრია, დედამიწას კი – უდაბლესი, რის გამოც მსუბუქნი ზეცისაკენ აღმაღლდებიან, ხოლო მძიმენი მიწისაკენ მიდრკებიან, ამასთან, ზე და ქვე ერთმანეთის წინააღმდგომნი არიან, ვინც ბუნებით ერთმანეთისგან ასე ფრიად დაშორებულნი მოიხსენა, რა თქმა უნდა, მათ შორის აღმავსებელნიც იგულისხმა, ამიტომ თითოეულ სტიქიაზე თხრობას ნუკი ეძებ, არამედ ის რაზეც დუმან, განცხადებულით მოიაზრე.
8. დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. არსებულთაგან თითოეულის არსის გამოკვლევას, რომელნიც ან ჩვენი გონებით განიჭვრიტებიან, ან კიდევ ჩვენს შეგძნებებს ემორჩილებიან, გრძელი და ფრიად სიტყვამრავალი თხრობისაკენ მივყავართ; და თუ ამ პრობლემის განხილვას მოვისურვებთ, უფრო მეტი სიტყვა დაგვეხარჯება, ვიდრე სხვა დანარჩენ საკვლევ საკითხთაგან თითოეულზე მსჯელობას დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ამგვარი საგნებისათვის მოცლა ვერც ეკლესიის დარიგებას გაუწევს რაიმე სამსახურს. არამედ ზეცის არსზე ესაიასაგან თქმული ვიკმაროთ, რომელმაც მის ბუნებაზე ჩვენთვის საკმარისი წარმოდგენა მარტივი სიტყვებით მოგვცა, როცა თქვა: ცაჲ ვითარცა კუამლი დაემყარა (ეს. 5.6), ანუ ნივთიერება, რომლისგანაც ცაა აგებული, ბუნებით თხელი, არამყარი და არა უხეშია. ასევე საკმარისია ჩვენთვის ის, რაც ესაიამ ღმრთის დიდებისმეტყველებისას მის ფორმაზე თქვა: რომელმან გარდაართხა ცაჲ ვითარცა კამარაჲ (ეს. 49.22).
მსგავსად შეიძლება ვიმსჯელოთ დედამიწის შესახებაც; ზედმეტი ცნობისმოყვარეობა მისი არსის მიმართ, კერძოდ, თუ რა არის იგი, არ გამოვიჩინოთ, გონებას მისი საფუძვლის გამოკვლევისათვის ძალა არ დავატანოთ და არ მოვძებნოთ რაგვარობას მოკლებული რაღაც ბუნება, რომელიც თავისთავად აღებული უთვისებო იქნება, არამედ კარგად გვახსოვდეს, რომ დედამიწის ყველა თვისება, რომელსაც კი ვხედავთ, მისი არსის დამამტკიცებლად და აღმავსებლად შეიქმნა. მცდელობა იმისა, რომ დედამიწისაგან ყოველი მისი თვისება გამოაცალკევო, არავითარ შედეგამდე არ მიგიყვანს; თუ მას სიშავეს, სიცივეს, სიმძიმეს, სიმტკიცესა და იმ თვისებებს, რომელნიც გემოთი იხილვებიან, ან კიდევ რაღაც სხვებს, რომელთაც მასში ვხედავთ, მოვაკლებთ, საფუძვლად აღარაფერი დაგვრჩება.
ამიტომაც გირჩევ, დათმობ რა ყოველივე ამას, ნურც იმას გამოიძიებ, რაზე დგას იგი. ამგვარი ძიებისას თავბრუ დაგეხვევა, რადგან გონება უეჭველად ზღვარს ვერ იპოვნის. თუკი იტყვი, რომ სივრცეს მიწისას საფუძვლად ჰაერი უდევს, გაგაოცებს – ლბილი, თხელი და ფრიად მსუბუქი ბუნება როგორ იდებს თავს ესოდენი სიმძიმე იტვირთოს, მისი დაწოლისაგან თავის დასაღწევად ყოველ მხარეს არ განიბნინოს და მარადის მისი შემვიწროვებლის ზევით არ ამოიღვაროს.
და კიდევ: უკეთუ დედამიწის ქვეშ წყალს წარმოიდგენ, ასევე უნდა იკითხო, როგორ არ იძირება წყალში სიმძიმე და სიმყარე და როგორ შეუძლია უუძლურეს ბუნებას მასზე სიმძიმით აგრერიგად აღმატებული იტვირთოს; უფრო მეტიც, წყლის საყრდენიც უნდა გამოიძიო და კვლავ საგონებელში ჩავარდნილმა იკითხო, რა სიმტკიცეზე ან სიმყარეზე დგას მისი ფსკერი.
9. თუ წარმოიდგენ, რომ დედამიწას მასზე უფრო მძიმე რომელიღაცა სხვა სხეული უშლის ხელს ქვემოთ დაქანებაში, მის შესახებაც ასევე უნდა განსაჯო, რადგან მასაც დასჭირდება რაღაც მტკიცე საყრდენი, რათა არ ჩავარდეს: კიდევაც რომ შევძლოთ და მისთვის რაიმე საყრდენი მოვიფიქროთ, ჩვენმა გონებამ მისთვისაც იგივე უნდა მოიძიოს და ასე ჩავვარდებით დაუსრულებელ ძიებაში, რადგან ყოველი ახლად ნაპოვნი საყრდენისათვის კვლავ ახლის მოფიქრება დაგვჭირდება. და რაც უფრო შორს წავალთ ამ გზაზე გონებით, მით უფრო იძულებულნი გავხდებით მოვიფიქროთ დიდი საყრდენი ძალა, რომელსაც შეეძლება ყოველივე ერთად აღებული, რაც აწევს, დაიჭიროს.
ამიტომ გონებას შენსას საზღვარი დაუდევი, რათა შენი ცნობისმოყვარეობისათვის, რომლის გამოც მიუწვდომელის გამოკვლევას ცდილობ, იობის სიტყვა შენც არ შეგეხოს და შენთვისაც არ აღმოჩნდეს დასმული მისი კითხვა: ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? (იობ. 38.6). და თუ ოდესმე ფსალმუნში მოისმენ: მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი (ფს. 74.4), გულისხმაჰყავ, რომ სვეტებად ის ძალა იწოდება, რომელიც დედამიწას იჭერს. რადგან სიტყვები ზღვათა ზედა დააფუძნა იგი (ფს. 23.2), რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ დედამიწა ირგვლივ წყლის ბუნებითაა გარემოცული; როგორ ხდება, რომ მდინარე წყალი, რომელიც ფერდობზე ჩვეულებრივ ქვემოთ მიექანება, დაკიდებული რჩება და არსად არ ჩაედინება? ხოლო შენ იმასაც კი არ განსჯი, რომ გონებას იმავე ან კიდევ უფრო დიდ სიძნელეს თვითონ დედამიწა უქმნის, რომელიც, თუმცა, კიდევ უფრო მძიმეა ბუნებით, თავისთავზეა დაკიდებული; მაგრამ მიუხედავად იმისა, რას ვიტყვით, იმას, რომ დედამიწა თავისთავზე დაკიდებული, თუ იმას, რომ იგი წყალს ეყრდნობა, საჭიროა ღმრთის სათნო მსჯელობას არ დავცილდეთ და ვაღიაროთ, რომ ყოველივეს ერთად აღებულს შემოქმედის ძალა იჭერს. ამიტომ საკუთარ თავსაც და იმათაც, რომელნიც შეგვეკითხებიან, რას ეყრდნობა ეს უზარმაზარი და აუწონავი სიმძიმე მიწისა, უნდა ვუპასუხოთ: ჴელსა შინა ღმრთისას არიან კიდენი ქუეყანისანი (ფს. 94.4). ეს აზრი ჩვენთვისაც ყველაზე უსაფრთხოა და მსმენელთათვისაც ყველაზე სასარგებლო.
10. ბუნების ზოგიერთი მკვლევარის მახვილგონივრული მტკიცებით, დედამიწა უძრავია უკვე შემდეგი მიზეზითაც: რამდენადაც მას სამყაროში შუა ადგილი უჭირავს და კიდეებიდან ყოველმხრივ თანაბრადაა დაშორებული, ამდენად არც რაიმე მიზეზი აქვს, რომ რომელიმე მხარეს უფრო მეტად მიდრკეს. რჩება რა იგი იძულებით თავის მდგომარეობაში, რაიმესაკენ მის მოძრაობას ირგვლივ არსებული ეს თანაბრობა შეუძლებელს ხდის. შუა ადგილი დედამიწას არც ხვედრით რგებია და არც შემთხვევითობით, არამედ იგი მის ბუნებრივსა და აუცილებელ მდგომარეობას წარმოადგენს, ისინი ამბობენ, რომ რადგანაც ზეცის სხეულს უკიდურესად მაღალი ადგილი უჭირავს, ყველა სიმძიმე, რომელიც კი შეიძლება ზესკნელიდან ჩამოვარდეს, ყოველი მხრიდან შუა ადგილისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს, ხოლო საითაც ნაწილები მიისწრაფვიან, ცხადია, რომ მთელიც იქ შეიკრიბება (მიიზიდება). თუ ქვები, ხეები და საერთოდ ყოველივე, რაც მიწისაგანაა, ქვემოთ მიისწრაფვის, მაშინ ეს მდგომარეობა დამახასიათებელი და შესაფერისი იქნება დედამიწისთვისაც; ხოლო უკეთუ, რაიმე მსუბუქთაგანი შუა ადგილიდან დაიძვრება, ცხადია, რომ იგი ზეცისაკენ წარემართება. ამიტომაც ქვემოთ სწრაფვა მძიმე სხეულისთვისაა დამახასიათებელი, სიტყვა “ქვემოთ” კი მსჯელობით “შუად” წარმოჩნდება. ამდენად ნუ გიკვირს, რომ უჭირავს რა მისთვის ბუნებრივი შუა ადგილი, დედამიწა არსად არ ვარდება, რადგან აუცილებლობით იგი ან თავის ადგილას უნდა დარჩეს, ან კიდევ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ამოძრავდეს და საკუთარი საფუძვლიდან მოწყდეს. თუკი იქედან, რაც აქამდე ვთქვით, რაიმე დამაჯერებელი მოგეჩვენება, შენი გაოცება ღმრთის სიბრძნისაკენ წარმართე, ვინც ყოველივე ასე მოაწყო, რადგანაც გაოცება დიდთა საქმეთა წინაშე, იმ საშუალების პოვნით, რომლითაც რაღაც უჩვეულო წარმოიშვა, არ მცირდება, ხოლო თუ ვერ იპოვნი, გონების საბუთებზე უფრო მტკიცე რწმენის უბრალოება უნდა იყოს.
11. იმავეს ვიტყვით ზეცის შესახებაც, რადგან ამა სოფლის ბრძენთა მრავალფეროვანი მსჯელობანი მის ბუნებაზეც შემოგვთავაზეს. ზოგი ამბობდა, რომ ვითარცა შესახებელი და ხილული, იგი ოთხი სტიქიონისგანაა შედგენილი, რადგან მიწას სიმყარით ეზიარება, ცეცხლს – სახილველობით, ხოლო დანარჩენებს იმით, რომ ნაზავია. სხვები ამ შეხედულებას, როგორც დაუჯერებელს, უარყოფენ და ზეცის აგებულებაში რაღაც მეხუთე სხეულებრივი ბუნება შემოაქვთ, რომელიც თვითნებურად თვითონვე გამოიგონეს. ეს რაღაც მათთან ეთერული ნივთიერებაა, რომელიც, როგორც ამბობენ, არც ცეცხლია, არც ჰაერი, არც მიწა, არც წყალი და არც საერთოდ რაიმე მარტივთაგანი, რადგან მარტივთათვის პირდაპირი მოძრაობაა დამახასიათებელი. მსუბუქნი აღმართ, ხოლო მძიმენი დაღმართ მიისწრაფვიან. ეს სხეული არც ზევითკენ მოძრაობს და არც ქვევითკენ, არამედ წრიულად ბრუნავს, სწორხაზოვანი მოძრაობა კი საერთოდ ფრიად განსხვავდევა წრიული ბრუნვისაგან. სხეულები, რომელნიც ერთმანეთისაგან ბუნებრივი მოძრაობით განსხვავდებიან, მათი მსჯელობით, აუცილებლად უნდა განსხვავდებოდნენ არსითაც. ჩვენ არც იმის ვარაუდი გვმართებს, რომ ზეცა იმ მარტივი სხეულებისგანაა აგებული, რომელთაც ჩვენ სტიქიებს ვუწოდებთ. სხვადასხვა სხეულისაგან აგებულს არ შეუძლია ჰქონდეს თანაბარი და თავისუფალი მოძრაობა, რადგან რთულში შემავალ ყოველ მარტივ სხეულს ბუნებით სხვადასხვა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სწრაფვა აქვს. ამიტომაც, ჯერ ერთი, რთულ სხეულებს განუწყვეტელი მოძრაობა უჭირთ, რადგან ერთ რომელიმე მოძრაობას არ შეუძლია თანაზომიერი და მეგობრული იყოს სხვა საწინააღმდეგო მოძრაობებისა; პირიქით, მსუბუქისთვის შესაფერისი მოძრაობა მტრულია ყველაზე მძიმე სხეულის მოძრაობისა. რაჟამს ზეაღმართ მივისწრაფვით, გვამძიმებს ის, რაც ჩვენში მიწისაგანია, ხოლო როცა დაღმართ მივექანებით, ცეცხლისაგან ვაიძულებთ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ქვევითკენ იმოძრაოს. ასე რომ, რღვევის მიზეზს სტიქიათა სხვადასხვა მხარეს სწრაფვა წარმოადგენს; რადგან ის, რაც იძულებითია და ბუნების საწინააღმდეგო, მხოლოდ მცირე ხნით შეიძლება იქნეს შენარჩუნებული, ისიც ძალით და გაჭირვებით, ხოლო შემდეგ მყის იშლება შემადგენელ ნაწილებად, დაუბრუნდება რა თავის ადგილს შეერთებულთაგან ყოველი.
აუცილებლობით გამოტანილმა ამ დასკვნამ, როგორც ამბობენ, ადრინდელი შეხედულებანი უნდა უარყონ და თავიანთი ვარაუდი წარმოადგინონ იმათ, რომელთაც ზეცისა და ვარსკვლავების წარმოშობას საფუძვლად მეხუთე სხეულებრივი ბუნება დაუდეს. მაგრამ აღდგება რა მათ წინააღმდეგ დამაჯერებელ სიტყვაში დახელოვნებულთაგან ვინმე სხვა, ამას ყოველივეს დაშლის და დაარღვევს და მის ნაცვლად თავის შეხედულებას შემოიტანს. თუ ჩვენც ახლა ამდაგვარ ვარაუდებზე დავიწყებთ საუბარს, მათივე მსგავსი მოლაყბენი აღმოვჩნდებით.
ვაცალოთ, რომ მათ ერთმანეთი დაამხონ, ხოლო ჩვენ არსზე მსჯელობას ნუკი გავმართავთ, არამედ დავუჯეროთ მოსეს, რომ ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა და ვადიდოთ უდიდესი ხელოვანი, ვინც სამყარო სიბრძნითა და ოსტატობით შექმნა; ხილულთა სილამაზიდან გულისხმავყოთ ის, ვინც სილამაზით ყველას აღემატება და ამ შეგრძნებადი და გარეშემოწერილი სხეულების სიდიადით დაუსრულებელი, ყოველგვარ სიდიადესა და თავისი ძალის მრავალფეროვნებით ყოველგვარ გონებაზე აღმატებული მოვიაზროთ.
თუმცა დაბადებულთა ბუნება არ ვიცით, მაგრამ ისიც კი, რაც ჩვენი შეგრძნებებით განიცდება, იმდენად გასაოცარია, რომ თვით ყველაზე ბრძენი გონებაც უძლურია სამყაროს თუნდაც უმცირესი ნაწილი ისე განმარტოს, როგორც საჭიროა და ღირსეული ქება შესწიროს დამბადებელს, რომლისა არს ყოველი დიდება, პატივი და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!