მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 8 - წმ. წერილში ნათქვამის უეჭველობის შესახებ

 

1. ყოვლად დაუშვებელია მერყეობა და ეჭვი ღვთის სიტყვებთან მიმართებაში, ადამიანური ბუნება საწინააღმდეგოსაც კი რომ ამტკიცებდეს, სიტყვა ღვთისა უნდა იქნეს მიღებული როგორც ყოვლად ძლიერი, უცილობელი ჭეშმარიტება. ამაშია სწორედ ღვაწლი რწმენისა.

 

და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო, სვლითა ზღვასა მას ზედა, ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქვეს ვითარცა საოცარი რაიმე არს და შიშისაგან ღაღადყვეს. მეყვსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუ გეშინინ! მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდმოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესოისა და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინდა და იწყო დანთქმად, ღაღად-ჰყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე! და მეყვსეულად განყო ხელი იესო, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი? (მთ.14,25-31).

 

ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმედ ხელ-ეწიფების ამას მოცემად ხორცი თვისი ჭამად? ჰრქუა მას იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არ გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა. (იო.6,52.53)

 

ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ, გიშვეს შენ ძე, და უწოდი მას სახელი მისი იოანე, და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასულ არს დღეთა მისთა, მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღრმთისასა, და მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამას. და აჰა იყო დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყვად ვიდრე დღემდე ყოფად ამისა, ამისთვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყვანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისსა (ლკ.1,13.18-20).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თვისი რამეთუ კნინღა მკუდარ იყვნეს ხორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, და მკუდარობაი იგი საშოისა სარაისი, ხოლო აღთქუმასა მას ღრმთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ გაძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაი ღმერთსა, და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქვა, შემძლებელ არს ყოფადცა. ამისთვისცა შეერაცხა მას სიმართლედ (რომ.4,19-22).

 

 

2. ვინც არ ერწმუნება უფალს მცირედში, ის, ცხადია მით უმეტესს, არ ირწმუნებს აღმატებულს.

 

უკეთუ ქვეყანისაი გითხარ თქვენ, და არა გწამს, ვითარ უკუე ზეცისაი გითხრა თქვენ გრწმენეს? (იონ.3,12).

 

– სარწმუნოი იგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა სარწმუნოი არს: და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს მრავალსა ზედაცა ცრუ არს. (ლკ.16,10).

 

 

3. დაუშვებელია ღვთის მიერ განცხადებულის მიღება ან ურყოფა პირადი მოსაზრების საფუძველზე, უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა უფრო ღირებულია რწმენისათვის, ვიდრე პირადი მოსაზრებები.

 

მაშინ ჰრქუა მას იესო: თქვენ ყოველი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცნე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ მე არა სადა დავბრკოლდე. ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობამდე, სამგზის უარ-მყო მე. (მთ.26,31.33.34).

 

და ვითარცა შემწუხრდა, ინახით იჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა და ვითარცა ჭამდეს იგინი ჰრქუა იესო: ამინ გეტყვი თქვენ: ერთმან თქვენგანმა მიმცეს მე. და იგინი შეწუხდეს ფრიად და იწყეს და კაცად-კაცადმან მათმან სიტყვად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? (მთ.26,20-22).

 

და იყო ხმაი მისსა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესულ არს პირსა ჩემსა. და მერე კვალად მეორედ ხმაი იყო მისსა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩს (საქმე.10,13-15).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ჩვენისა მის მხედრობისაი არა ხორცით არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღვეველად ძნელოვანთა; გულის სიტყვათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა (II კორ.10,4.5).