მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 73 - ქორწინებაში მყოფთა შესახებ

 

1. ქმარი ცოლს, ან ცოლი ქმარს არ უნდა განეშოროს, თუ არ არის რომელიმე მათგანი მხილებული მრუშობაში ან თუ ერთობლივი ცხოვრება დამაბრკოლებლად არ მიაჩნია ღვთის დიდების საქმეში.

 

ქრისტეს სიტყვები: თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი, მისცეს მას განსატევებელი (მეორ. 24,1)

 

ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი; რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა (მთ. 5,31.32).

 

- რომელი მოვალს ჩემდა არა მოიძულოს მამაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფეყოფად ჩემდა (ლკ. 14,26).

 

- ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს იგიცა მრუშობს (მთ. 19,9).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებლად, გინა ქმარსავე დაეგენ, და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ (I კორ. 7,10.11).

 

 

2. ცოლის განმტევებელს ნება არ ეძლევა, რათა შეირთოს სხვა, ასევე ქმრისაგან განტევებულს არა აქვს ნება, რათა სხვას გაყვეს ცოლად.

 

ქრისტეს სიტყვები: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვაი შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს იგიცა მრუშობს (მთ. 19,9).

 

 

3. ქმარმა თავისი ცოლი ისევე უნდა შეიყვაროს, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, თავი დასდო რა მისთვის, რათა წმინდა ეყო იგი.

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაითა და სიტყვითა, ...ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თვისთა (ეფეს. 5,25.26.28).

 

 

4. ცოლი, აღმსრულებელი ღვთის ნებისა, ისევე უნდა დაემორჩილოს ქმარს, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს.

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაი; არამედ ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,22-24).

 

- ხოლო შენ იტყოდე...მოხუცებულნი დედანი... რაითა განაბრძობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე, წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თვისთა ქმართა, რაითა არა სიტყიაი ღმრთისაი იგმობვოდეს (ტიტ. 2,4.5).

 

 

5. დედები ნუ მოირთვებიან გარეგნული სამშვენისებით, არამედ ისინი მოვალენი არიან, რათა მთელი ცდა და ზრუნვა კეთილ საქმეთა ქმნისაკენ წარმართონ და ეს შერაცხონ ქრისტიანი ქალისთვის ჭეშმარიტ და საკადრის სამკაულად.

 

პავლე მოციქულის სიტყვა: ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხვად და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა და მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასისაითა, არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაი საქმეთა მიერ კეთილთა (I ტიმ. 2,9.10).

 

 

6. დედები ეკლესიაში მდუმარედ უნდა იყვნენ, სახლში კი ღვთივსათნო საუბრებით იყვნენ დაკავებულნი.

 

პავლე მოციქულის სიტყვა: დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა სჯულიცა იტყვის (დაბ. 3,16)

 

- ხოლო უკუეთუ სწავლის რაიმე უნდეს, სახლსა შინა თვისთა ქმართა ჰკითხედ მათ. რამეთუ საძაგელ არს დედათა ეკლესიასა შინა ზრახვად (I კორ. 14,34.35).

 

- დედაკაცი მდუმარედ ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა, მოძღვრებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაითა იყოს იგი მყუდროებით. რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და სჯულსა გარდახდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით ღირსებასა ზედა (I ტიმ. 2,11-15).