1. არ უნდა იფიქრო, რომ ნიჭი ღვთისა შესაძლოა ფულით მოიხვეჭო ან რამენაირი მზაკვრობით.
ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ხელ-დასხმითა მით მოციქულთაითა მიეცემის სული წმიდაი, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ხელმწიფებაი ესე, რაითა, რომელსაცა დავასხნე ხელნი, მიაქუნდეს სული წმიდაი. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასით მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკვიდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელი წინაშე ღმრთისა. შეინანე უკუე უკუეთურებისა ამისაგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაი ეგე გულისა შენისაი, რამეთუ სიმწარედ ნაღვლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ (8, 18-23).
2. თითოეულს მისი რწმენის შესაბამისად ეძლევა ნიჭი ღვთისა სარგებლისათვის.
პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თვითო სახედ, გინათუ წინასწარმეტყველებაი საზომისაებრ სარწმუნოებისა (რომ. 12, 6).
- ხოლო თვითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაი იგი სულისაი უმჯობესისათვის, რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაი სიბრძნისაი, ხოლო სხუასა სიტყუაი მეცნიერებისაი მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაი მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაი მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინასწარმეტყველებაი, რომელსამე განკითხვაი სულთაი, სხუასა თესლად-თესლადი ენათაი, და სხვათა თარგმანებათაი ენათაი (I კორ. 12, 7-10).
3. ღვთის მადლის უსასყიდლოდ მიმღებელმა უსასყიდლოდვე უნდა გასცეს იგი და არ უნდა გამოიყენოს ის პირადი გამორჩენისათვის.
ქრისტეს სიტყვები: უძლურთა განკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოცა მისცემდით. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა (მთ. 10,8.9).
ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა: აღდეგ და ვიდოდე! და უპყრა ხელი მარჯუენე მისი და აღადგინა (საქ. 3,6.7).
პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არცა სადა ლიქნისაითა ვიყვენით, ვითარცა ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისათა, ღმერთ მოწამე არს, არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, რაცა თქუენგან და არც სხუათაგან; და ესერა ხელ-გუეწიფების და თუმცა რაიმე გიმძიმთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა არამედ ვიქმენით ჩუენ მშვიდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისთა შვილთა, ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გვიჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაი იგი ღმრთისაი, არამედ თვისთაცა სულთაი, რამეთუ საყვარელ ჩუენდა იქმენით (I თეს. 2, 5-8).
4. ვინც კეთილშობილური მადლიერებით მიიღო ერთი ნიჭი ღვთისა და გულმოდგინედ ასარგებლა იგი ღვთის სადიდებლად, ის სხვა ნიჭების ღირსიც შეიქმნება, ხოლო ვინც არ არის ასეთი, ის მიცემულ მადლს დაკარგავს, ვერც მისთვის გამზადებულ ახალ ნიჭს მიწვდება და სასჯელსაც მიეცემა.
და მოუხდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაისათვის იგავით ეტყვი მათ? ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი სასუფევლისა ცათაისაი, ხოლო მათ არა მიცემულ არს. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელღა-იგი არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მოვეღოს მას, ამისათვის იგავით ვეტყვი მათ, რამეთუ ჰხედვენ და არა ჰხედვენ, ესმის და არა ესმის, არცა გულის-ხმა-ყვიან. და აღესრულების მათ ზედა წინასწარმეტყველებაი იგი ესაიასი: სმენით გესმოდის, და არა გულისხმა-ჰყოთ, ხედვიდეთ, და არა იხილოთ (მთ. 13,10-14).
ქრისტეს სიტყვები: წარვალნ კაცი (ძე კაციასაი) და მოუწესნ მონათა თვისთა და მისცის მათ მონაგები თვისი. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა, და მეყსეულად წარვიდა. ხოლო წარვიდა რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქნია მას ზედა და შესძინა სხვაიღა ხუთი ტალანტი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო შესძინა სხუაი ორი. რამეთუ ყოველსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან; და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი (მთ. 25, 14-17, 19.30).