მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

 

ღვთივსათნო ცხოვრების წესები

 

წესი 27 - ღმერთისა და მისი წმინდანების მიბაძვის შესახებ

 

1. არ უნდა მიემსგავსოთ იმას, რაც უცხოა ღვთაებრივი სწავლებისათვის, არამედ ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ძალით უნდა ვბაძავდეთ ღმერთს და მის წმინდანებს.

 

ხოლო იესო მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქვენ შორის არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნებს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქვენ შორის მსახურ. და რომელსა უნებს თქვენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქვენდა მონა, ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის (მთ.20,25-28).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი, კეთილი, სათნოი და სრული (რომ.12,2).

– მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესი (Iკორ.11,1).

 

 

2. ჩვენი ნამოქმედარისა თუ ნათქვამის დასამტკიცებლად ასევე შეიძლება ვისარგებლოთ ყოფითი ცხოვრებიდან, ბუნებიდან და ადათწესებიდან ცნობილი გამონათქვამებით.

 

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდეს თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფითა მათთაგან იცნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროისთავთაგან ლეღვი? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს (მთ.7,15-17).

 

დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობრნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა არიან (ლკ.5,30.31).

 

პავლე მოციქულის სიტყვა: არავინ მოღვაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების არა თუ სჯულიერად იღუაწოს (II ტიმ.2,4.5).