-
გადმოგცემთ იმ წესებს, გამოთქმულთ უფლის მიერ ჩემი პირით, ყველას, ვისაც გსურთ
ქედი მოუდრიკოთ განდეგილი ცხოვრების მძიმე უღელს. ჯერ-არს დაემორჩილოთ ამ მცნებებს,
ხოლო ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს მათგან, „უმცირეს ეწოდოს მას
სასუფეველსა ცათასა“ (5,19).
-
ვისაც ნამდვილად სურს იხსნას სული თვისი (ამა სოფლისაგან განდგომილი ცხოვრების
გზით), იგი, დაე, ნუ დარჩება საკუთარ სახლში, და ნურც იმ ქალაქში იცხოვრებს, სადაც
უცოდვია! აგრეთვე, დაე, ნუ მოინახულებს ხოლმე თავის მშობლებს და ხორციელ
ნათესავებს, რადგან ამგვარი შეხვედრებით ახლობლებთან ზიანი მიადაგეა სულს და
განდეგილი ცხოვრების ნაყოფნიც იღუპებიან.
-
ნუ დაუბრუნდები იმ ქალაქს, სადაც ოდესღაც შეგიცოდია ღმერთის წინაშე!
-
ნურც იმის გასაგებად წახვალ, თუ როგორ ცხოვრობენ შენი ხორციელი ახლობლები, და მათაც
ნუ მისცემ ნებას მოვიდნენ ხოლმე შენთან იმის სანახავად, თუ შენ როგორ ცხოვრობ! და
საერთოდაც, ნურასოდეს ნუ შეხვდები მათ!
-
ჩვენი სულიერი მამები გვარწმუნებენ, რომ უდაბნო ყველაზე შესაფერი ადგილია სიკვდილზე
ფიქრისათვის და ყველაზე საიმედო თავშესაფარია საამქვეყნო გატაცებებისაგან თავის
მოზღუდვისათვის, რომელნიც სხეულს აამებენ.
-
ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარების ღვაწლს შესდგომია, იგი სამი სახის
საცთურისაგან არის დაცული: ყურნი მისნი არ ისმენენ უჯეროს არაფერს, ანც ენა მისი
იტყვის საგმობს და არც თვალნი ხედვენ უშვერებას, და მისი სულიც ამით არ ევნება.
-
იფხიზლე, რომ არ გაცთუნოს ამ ფიქრმა - უდაბნო განგრილებას მიმამთხვევსო სულიერი
კვეთებისაგან, და ამის გამო არ თქვა უარი მეუდაბნოე ცხოვრებაზე.
-
რაკი ცხოვრებისეულ მითქმა-მოთქმას მოშორდები, სენაკში განმარტოვდი და მწირი
შეიქენი. სენაკში ყოფნა შენთვის იგივე იქნება, რაც უცხო მხარეში მსხემობაა
მწირთათვის.
-
როცა გამოხვალ ხოლმე შენი განმარტოების ადგილიდან, ეცადე მალევე მიუბრუნდე შენს
სენაკს, არამედ საქმის აღსრულებისთანავე დაუბრუნდი შენს მარტოდსაყოფელს.
-
როცა სამკალად, ან სხვა რამ საქმეზე გახვალ, დიდხანს ნუ დაჰყოვნდები საქმის გარეშე,
არამედ საქმის აღსურლებისთანავე დაუბრუნდი შენს მარტოდსამყოფელს.
-
თუკი ძმას ვისმე მოინახულებ, დიდხანს ნუ დარჩები მის სენაკში.
-
სენსკში ყოფნის ჟამს სამ საქმეს მისდიე: ხელსაქმე აკეთე, ფსალმუნები იკითხე და
ილოცე.
-
სენაკში ყოფნის ჟამს აი, რა უნდა აკეთო: საღმრთო წერილი იკითხო, ილოცო ღმერთის
წინაშე და ხელსაქმეს მისდიო.
-
ყოველდღე იმარხულე ხოლმე მეცხრე ჟამამდე, გარდა შაბათისა და უფლის დღისა (კვირისა),
ხოლო როცა მეცხრე ჟამი დადგება, შენს შიდა სენაკში შედი (გარე სენაკში, ანუ
წინკარში მუშაობის შემდგომ) და საზრდოს მიღებამდე ლოცვა-ვედრება აღუვლინე უფალს.
საზრდოს მიღების შემდგომ ხან იკითხე და ხანაც ილოცე მონაცვლეობით.
-
ლოცვა-ვედრება დადგენილ ჟამს აღასრულე ხოლმე, და ამასთან არც ერთი არ გამოტოვო ამ
დადგენილ ჟამთაგან, რათა თავის დროზე პასუხი არ აგო ამისთვის.
-
ღამით შენი ლოცვა აღასრულე განმხოლოებულმა მანამ, სანამ საყდრად მიხვიდოდე საერთო
ლოცვისთვის.
-
და ყოველთვისაც, სანამ ეკლესიაში წახვიდოდე, შენს სენაკში აღუვლინე ღმერთს
ლოცვა-ვედრება.
-
ძმებთან ერთად ლოცვის წინ და მის უკანაც ყოველთვის აღასრულე ხოლმე ლოცვა შენს
სენაკში, ნურასდროს ნუ დაიზარებ ამას.
-
ხშირად მოიდრიკე მუხლნი ლოცვისას, და ნუ დაიზარებ ამის ქმნას, რათა ბოროტი
სიკვდილით არ აღესრულო.
-
როცა ლოცულობ, მცონარებას ნუ მიეცემი ნებსით თუ უნებლიეთ, რადგან მცონარი მოსაგრის
ლოცვა - ამაოდ წარმოთქმული სიტყვებია, რომელთაც ღმერთი არ შეისმენს.
-
როცა ლოცულობ და ღმერთის ხსენებაში ხარ, ფრინველს მიემსგავსე, მაღლა ცაში რომ
დაფრინავს მსუბუქად, და მაშინ გაამართლებ შენს მონაზონურ აღთქმასა და
დანიშნულებასაც შენი მონაზონური შესამოსელისა.
-
გულმოდგინედ იკითხე საღმრთო წერილი და ამით აღმოფხვრი შენში არაწმიდებას (ანუ წმიდა
წერილის კითხივთ უნდა განდევნო შენგან არაწმიდა ზრახვები და უჯერო ფიქრები).
-
თუკი ყოველთვის გულმოდგინედ იკითხავ საღმრთო წერილს და უფლის მცნებებს აღსარულებ,
მაშინ ღმერთიც მარად მოწყალე იქნება შენს მიმართ.
-
მარად იფიქრე ღმერთის დიდებულებაზე, მის საქმეებზე, და ნურც ლოცვა-ვედრებას
დაიზარებ.
-
თავის სენაკში ბაგემდუმრიად მჯდომარე მონაზონ, რომელიც მარად რმერთის განგებულებაზე
არ ფიქრობს, იმ მიტოვებულ სახლსა ჰგავს, ქალაქგარეთ რომ გაპარტახებულა და
ყოველგვარი სიბინძურისა და არაწმიდების ადგილად შექმნილა, რადგან ვისაც კი თავისი
სახლიდან გააქვს სიბინძურე, სულ იქა ჰყრის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ისეთი
მონაზონია, რომელიც ბაგითა დუმს, მაგრამ გონებით ამაო ოცნებებს მისცემია,
გულსწადილთ აამებს და ბოროტი ვნებებით გატაცებულია - ეს ყოველივე ის სიბინძურე და
არაწმიდებაა, რომელთაც ეშმაკნი აგროვებენ მის გაპარტახებულ სულში.
-
სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ და გავთანგოთ, რათა მისით
საცთურს არ ვეწიოთ.
-
თავად დაუწესე საკუთარ თავს რაიმე საქმე სენაკში მუშაობისათვის, და გული შენი
ყოველთვის მშვიდად და მდაბლად იქნება.
-
აიძულე თავი, სენაკში ხელსაქმეს მისდიო, და შენს სულში ღვთის შიში დაიმკვიდრებს.
-
გულმოდგინედ აკეთე ხელსაქმე, როცა მარტო იქნები სენაკში, და მაღლით შენს სულს
ჭეშმარიტი შიში ღმრთისა მოემადლება.
-
სენაკში განმარტოებით ყოფნის ჟამს საქმეს მიეძალე და მცონარედ მცირე ხანსაც არ
დაჰყო, მაგრამ ამასთან სახელი უფლისა ჩვენისა არ განიშორო გონებიდან და სულ მის
ხსენებაში იყავი,მისგან ისწავლე ყოველივე და იგი განადიდე შენი ენითაც, და ასე თქვი
ხოლმე: უფალო ჩემო იესო ქრისტეო, შემიწყალე მე! ანდა ასე: უფალო იესო ქრისტეო,
შეწევნა მომმადლე მე, მონასა შენსა! ან ასეც: შენ გადიდებ, უფალო ჩემო, იესო
ქრისტეო!
-
ყოველთვის ერთი და იგივე ჟამი დააწესე საზრდოს მისაღებად, და მხოლოდ სხეულის
სიმრთელისათვის მიიღე საზრდო, და არა სიამოვნებისათვის.
-
ყველაზე უბრალო და იაფი საზრდო მიიღე ხოლმე.
-
პური შენი ყოველთვის მდუმარედ ჭამე და თავშეკავებით, ამასთან, ისიც არ დაგავიწყდეს,
რომ ტრაპეზთან ჯდომისას თავმდაბლად უნდა იჯდე.
-
საზრდოს მიღებისას ძალზე ნუ დანაყრდები ხოლმე.
-
ნუ იქნები ხარბი და სულსწრაფი საზრდოსათვის, რათა კვლავ არ გაცოცხლდეს შენში
უწინდელი ცოდვები.
-
ოთხშაბათობით და პარასკევობით მარხვას ნუ გაიხსნილებ.
-
ხორცს საერთოდ ნუ შეჭამ.
-
იმ ადგილს, სადაც ღვინოს სწურავენ, საერთოდ არ გაეკარო.
-
შეკრებულობასა და მიპატიჟებას საერთო ტრაპეზზე მაინცადა მაინცა არ უნდა ესწრაფვოდე.
-
თუ მიხვალ იმ ადგილას, სადაც საერთო ტრაპეზია გამართული, მიიღე საზრდო და მადლი
მიუძღვენი ღმერთს.
-
სამ თას ღვინოს, რომელსაც საერთო ტრაპეზზე მიიღებ, ნუ მიუმატებ მეოთხეს. მხოლოდ
რაიმე დიდი სნეულება შეიძლება იყოს მიზეზი მეტი ღვინის მიღებისა.
-
მაშინვე ნუ გაუწვდი ხელს მას, ვინც რაიმეს (საზრდოსაგან) გთავაზობს.
-
თუ ახალგაზრდა ხარ, ხელის გაწვდომას უფროსს ნუ დაასწრებ, რადგან ამგვარად
თავმდაბალი კაცი არ მოიქცვა.
-
ძილად მისულმა მცირედ იძინე, იმდენი, რამდენიც სხეულის სიმრთელისათვის გესაჭიროება,
და ანგელოზნი გეწვევიან.
-
თუ ჯანმრთელად ხარ და სნეულებას რასმე არ შეუპყრიხარ, ნუ შეიხსნი ხოლმე სარტყელს.
-
როცა ძილად მიხვალ, ხელებს ნუ შეიწყობ შიგნით, რათა უნელიედ არ შესცოდო ღამით.
-
დღე და ღამე შენი კუნკული გეხუროს და მანტიით იყავ შემოსილი, და ყველა შენს
შესამოსელში იყავი, როგორც პატიმარი და ტყვე.
-
ისეთი სამოსით ნურასდროს შეიმოსები, რომლითაც თავს განიდიდებ და მოიწონებ.
-
შენს შესამოსელს გაუფრთხილდი, რათა განკითხვის დღეს შიშველი არ აღმოჩნდე მრავალთა
მსგავსად.
-
იმაზე მეტს, რაც შენ აუცილებლად გესაჭიროება, ნურაფერს ნუ შეინახავ სენაკში.
-
სიღატაკე ბერ-მონაზონისა სხვა არაფერია, თუ არ ზომიერება ყველაფერში, ანუ იმგვაარი
ცხოვრება, როცა ის მცირედს, მხოლოდ აუცილებელს სჯერდება.
-
კიცხევა, შენი მისამართით თქმული, პატივსა და განდიდებაზე უფრო მეტად შეიყვარე,
სხეულის დაშვრომა მოსვენებაზე მეტად, და აუცილებელ საგანთა უქონლობა - მათს
სიჭარბეზე მეტად.
-
საეკლესიო საქმეები (მისი მოვლა-პატრონობა, დაცვა და თვალყურის მიდევნება იმაზე,
რომ ღმრთისმსახურება ყოველთვის და ჯეროვნად აღსრულდეს) უნდა მიენდოს მართალ და
ღვითისმოშიშ ძმებს.
-
როგორც კი ზარს ჩამოჰკრავენ, ნუ დაიზარებ და მაშინვე ეკლეისას მიაშურე.
-
ნუ მიატოვებ წირვა-ლოცვას მის დამთავრებამდე, რათა ეს დაბრკოლებად და ეშმაკის
საფრთხედ არ იქცეს შენთვის.
-
ეკლესიაში ყოფნის ჟამს ნუ ილაპარაკებ.
-
იმგვარადვე ნუ იქნები ეკლესიაში, როგორადაც მრავალი ადამიანის შესაკრებელში ხარ
ხოლმე (ანუ სული შენი მრავალი ზრახვითა და ხმაურით არ უნდა იყოს შეშფოთებული).
-
ეკლესიაში ნუ იფიქრებ შენი მკვდრის დამარხვაზე (ანუ, ეკლესიაში ყოფნისას ნუ იფიქრებ
იმაზე, როგორ მოაწყო შენი ცხოვრებისეული საქმეები).
-
ნურც ერთ საქმეს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ნუ შეუდგები მონასტრის აბბასთან რჩევის
უკითხავად.
-
ნუ განამრავლებ სიტყვას შენი აბბასა და შენზე მაღლად მდგომ ბერ-მონაზონთა წინაშე.
-
მტკიცედ გქონდეს დამარხული გულში შეგნება იმისა, რომ ყოველივეში შენს სულიერ მამას
დაემორჩილო, და თუ ამას იქმ, შენში ღმრთის შიში ჩასახლდება.
-
მწვერვალი შენი მოსაგრეობისა მორჩილებაა, და იგი სიკეთედ გექმნება შენც და სხვა
ადამიანებსაც, თუკი უფლის უღელი გიტვირთავს შენი სიჭაბუკიდან.
-
ნუ იქნები ურჩი და შეუსმენელი, თორემ საშუალება შეიქნები ყველა ბოროტებისთვის და
შენში, როგორც ჭურჭელში, დაგროვდება უკეთურება და არაწმიდება.
-
სიმდაბლითა და ცრემლებით შესთხოვე ხოლმე შენს სულიერ მამას დაგმოძღვროს და
შეგაგონოს ყოველივე ის, რაც ჯერ არ უწყი, და მაშინ არასდროს არ იქნები
სირცხვილეული.
-
ყოველთვის გახსოვდეს შენი მოძღვაარი, რომელიც კეთილი სწავლებით განგამტკიცებს, და
ეცადე მისგან შეიცნო ცხოველმყოფელი მცნებები, და თუ ასე იქმ, უფლის ნებით
კეთილმსახური ცხოვრებით გალევ შენს დღეებს ამქვეყნად, ვითარცა ამას ბრძანებს პავლე
მოციქული: „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ
წინაისწარმეტყველებითა, და დასხმითა მით ხელთა ხუცობისაითა. ამას იწურთიდ და ამას
შინა იყავ, რაითა წარმატებულებაი ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა“ (1 ტიმ.
4,14-15).
-
თუკი შენ მართლაც წრფელი გულით მოგიხრია ქედი მორჩილების უღლისათვის, ყურადღებით
მოუსმინე ხოლმე, რასაც გიბრძანებენ, და შემდეგ კეთილსინდისიერად აღასურლე ყოველივე
მთელის სისრულით შენს მიერ დადებული აღთქმისა.
-
ნუ დაუმალავ შენს სულიერ მამას შენს მიერ ჩადენილ ცოდვას.
-
კეთილი ზნე და საქციელი ყოველდღიურად დაისწავლე შენი მოძღვრისაგან.
-
შენი სულიერი მამები ხორციელ მშობელზე მეტად გიყვარდეს, იმიტომ, რომ ისინი ღმერთის
სახელით ზრუნავენ შენთვის.
-
იმგვარად იცხოვრე, რომ მონასტრის მამებმა, რომელთაც სულიერად დაგბადეს შენ,
განიხარონ შენი დიდების ხილვით წმიდათა დასთან ერთად.
-
ყოველმხრივ ეცადე, რომ მონასტრის მოძღვართა ლოცვა-კურთხევა მიიღო და მათი მადლი
შენზედაც გადმოვიდეს.
-
ყველას არ გაუმხილო ხოლმე შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს
შენს სულს უმკურნალოს.
-
შენი ფიქრები ყველას არ გაუმხილო, რათა საცთურად არ იქცე შენი ძმისა და
მოყვასისათვის.
-
ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად.
-
ეცადე ისეთ სათნოებას მიაღწიო, რომ ყველა ადამიანი გლოცავდეს და გაკურთხევდეს შენ.
-
შენი ძმის მწუხარება გაიზიარე და თანალმობა უჩვენე.
-
თუკი რომელიმე ძმა დაბეჯითებით გთხოვს, დამეხმარეო, მთელი ის დღე მის გვერდით
იშრომე.
-
მეგობარს განსაცდელი შეგძენს, შენ კი ყველა არ დაიახლოვო, ვისაც შენთან ურთიერთობა
სურს, და ნურც ყველას მიენდობი, რადგანაც ეს სოფელი მზაკვრობითაა სავსე, არამედ
ამოირჩიე ძმათაგან ერთი, კეთილად მოშიში ღმრთისა და მასთან იმეგობრე როგორც ძმამ -
ძმასთან და თანასწორმა თანასწორთან. მაგრამ უმჯობეისა ღმერთს მიეკრო, როგორც შვილი
მამას, რადგან კაცთაგან თითქმის ყველანი, გარდა მცირედთა, მზაკვროგას მისცემიან და
ესე ქვეყანაც აღსავსეა ამაოებით, ჭირითა და გლოვა-მწუხარებით.
-
-
შეუბრალებლად ამხილე ხოლმე შენი შეცთომილი შვილები და სწორ გზაზე დააყენე, იმიტომ,
რომ შენც აგებ პასუხს მათი ცოდვებისათვის განკითხვის საშინელ დღეს.
-
თუკი რომელიმე ძმათაგან მოვა შენთან და თავის ზრახვებსა და ფიქრებს გაგანდობს,
იცოდე, ნურავის ეტყვი რაიმეს მათს გამო, არამედ ილოცე შენი და მისი სულის
ხსნისათვის, რათა ორივეს წყალობის თვალით მოგხედოთ უფალმა.
-
ნუ განაგდებ შენგან იმ ადამიანს, ვინც ქრისტეს რწმენას ეძიებს.
-
ვინც არ შეიწყნარებს შენს რჩევა-დარიგებას, ნუ დამოძღვრავ იმას.
-
ნურავის დაუდებ წესად ისეთს რასმე, რაც მანამდე თვით შენ არ გამოგიცდია და არ
აღგისრულებია საქმით.
-
ყველაზე დიდი უმსგაგვსოება ამქვეყნად, მრავალ სხვა უმსგავსოებათა შორის, ის არის,
როცა სხვას იმის აღსრულებას შეაგონებ, რისი გაკეთებაც თავად არ ძალგიძს. უწყოდე,
რომ სხვათა საქმეთაგან შენთვის სარგებელი არ არის.
-
ყოველ დღე, ძილისაგან აღმდგარმა, პირველ ყოვლისა, იმ სნეულებზე იფიქრე და იზრუნე,
რომელნიც საძმოში გყავთ.
-
მოინახულე ხოლმე სნეული ძმები და ჭურჭელიც წყლით აღუვსე (რითაც შეგიძლია,
მოემსახურე).
-
ყველაფერი, რაც კი ზედმეტი გაქვს, მონასტრის სნეულებს დაურიგე, და რითაც შეგეძლება,
შეეწიე.
-
თუკი შენი აბბა სნეულ ძმათა სამსახურებლად განგაწესებს, სრულის გულით ემსახურე მათ,
რათა ორმაგი საზღაური მიიღო ღმერთისაგან, - ანუ სიყვარულით აღსრულებული მორჩილებისა
და სნეულთა შეწევნისათვის.
-
თუკი შენთან რომელიმე ძმა მოვა, თუნდაც ეს უდროო დროს მოხდეს, სიხარულით მიიღე იგი,
რათა მანაც მადლი მიუძღვნას ღმერთს და შენს გამო მწუხარებამ არ შეიპყროს.
-
თუკი რომელიმე ძმა გესტუმრება, ყოველივეში დაიმდაბლე თავი მის წინაშე,
კეთილგანწყობით შეეგებე და ყველაფრით შეეწიე, რითაც კი ძალგიძს უფლის მიერ, და
უპირველესად თავის განდიდებისა და ზესთამჩნეობისა გეშინოდეს.
-
პირი-სახე შენი მარადღე მწუხარებით უნდა გამოიმზირებოდეს, და მხოლოდ მაშინ, როცა
შენ ძმანი გესტუმრებიან, გულმხიარულად შეხვდი მათ და პირისახითაც გამხიარულდი.
-
თავმდაბალი იყავი შენს ყოველ მოქმედებაში.
-
ყოველს შენს საქციელში და ურთიერთობაში სხვებთან უბედური გლახაკის მიმბაძველი
იყავი: თავს ნუ განიდედებ ვინმესთან საუბრისას, ანდა როცა სადიდებელს უგალობ
ღმერთს, და როცა ძმებს შეხვდები საკრებულოში, შენი სიტყვა, დაე, უბრალო იყოს,
შულამაზებელი და სიმდაბლით განმსჭვალული.
-
ყრმასთან და ჭაბუკთან საუბარს ნუ გააბამ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს
შეიძლება დაბრკოლებად გექცეს.
-
ყრმას კი, საერთოდ, ნურასდროს ნუ დაელაპარაკები.
-
ჭაბუკს ნუ დაუმეგობრდები და მით უმეტეს, თანამოსაგრედ ნუ გაიხდი მას, რათა შენში
ადგილი არ დაუთმო ეშმაკს.
-
შენს გვერდით მდგომ ძმას ხელს ნუ ჩასჭიდებ ხოლმე, და ნურც მის ღაწვს შეეხები, სულ
ერთIა, შენზე უფროსი იქნება ის, თუ შენზე უმცროსი.
-
სრული ძალისხმევით ეცადე მოშორდე ხოლმე იმ ადამიანებს, რომელნიც მოკლებულნი არიან
გონიერებას და გულისხმისყოფას.
-
თუკი ნამდვილად მშვიდი ცხოვრება გინდა, ნუ შეხვას იმ ადამიანებთან, რომელთა მთელი
საზრუნავი ამაოებაა, და თუ როდისმე შემთხვევით მოხვდები მათ შორის, ისე დაიჭირე
თავი, თითქოსდა არც ხარ მათს გვერდით.
-
ნუ აღიმაღლებ ხოლმე ხმას ( და საერთოდაც, სულ მდუმარედ იყავი საკანში), და მხოლოდ
წესდებით დადგენილ ლოცვათა წარმოსათქმელად გაიღე ხმა.
-
ერიდე ენით კიცხევასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას.
-
მრავალს ნუ იტყვი, რასაც არ უნდა იტყოდე, რათა არ მოგშორდეს შენ სული ღმრთისა.
-
უდიდებულესი საქმეა მდუმარება, რომელშიც ჩვენ უფალს ვემსგავსებით, დუმილს რომ
იმარხავდა მიუხედავად ჰეროდეს წოდებისა.
-
როდესაც ერთად შეიყრებით ხოლმე შენ და შენი მსგავსი მართლ მორწმუნენი ძმათაგან,
უფრო კეთილი და უმჯობესი ხვედრო აირჩიე შენთვის - უმეტესად მოისმინე და
გულისხმაყავი ყოველივე ის, რასაც სხვები იტყვიან, და ყოველთვის გულმოდგინედ
აღასრულე ეს მხსნელი რჩევა. ეს ბევრად უკეთესი და სასარგებლო იქნება შენი
სულისთვის, ვიდრე ის, რომ თავად ილაპარაკო.
-
როცა ვინმესთან მისვლა მოგიხდება ძმათაგან, დაე, ღმრთის შიში იყოს შენს გულში, და
ბაგენი შენნი დაიდუმე, რათა საცთური არ შეგხვდეს და მშვიდობით დაუბრუნდე შენს
სენაკს.
-
გონიერმა კაცმა, ღვთაებრივ სიბრძნეს ნაზიარებმა, კარგად უწყის, რა სჯობს მისთვის და
როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომაც არ იჩქარის ლაპარაკს, არამედ კარგად ასწონ-დასწონის
და ასე გადასწყვეტს - როდის ისმინოს და როდის ისიტყვოს. ხოლო უგნური ადამიანი არ
იქცევა ასე და არ შეიკრძალავს ენას.
-
როცა ძმათა შორის დაჯდები, მრავალს ნუ ისიტყვებ, და თუ რაიმე გინდა ჰკითხო მათ,
მოკლედ და თავმდაბლად ჰკითხე.
-
სიტყვანი შენნი, დაე, კეთილგანწყობით იქმნენ წარმოთქმული, ღმრთის შიშში
დასამოძღვრავად, უწყოდე, რომ შენი სიტყვების მიხედვით მოგეგება დიდებაცა და
დამცირებაც.
-
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით
წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლად ბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც
მათ მიბაძე და საუბარშიც, რადგან მათი სიტყვა ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძინთა და
გონიერებით, ისევე, როგორც მათი მდუმარება.
-
ენა შენი, დაე, ყოველთვის გონების კარნახს ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას
მოკლებული სიტყვები ბასრ ეკლებად გექცევა შენვე.
-
განეშორე სიცრუეს, თუ არა და იგი განაგდებს შენგან ღმრთის ჭეშმარიტ მოშიშებას.
-
შენი ბაგეები ყოველთვის მხოლოდ ჭეშმარიტების სათქმელად უნდა ხმიანებდნენ.
-
საგანი შენი სიტყვა-საუბრებისა, დაე, ყოველთვის ღმერთის კეთილმოქმედებანი და
მოწყალებანი იყოს - ამით შენ ღირსი შეიქნები უზენაესისაგან კიდევ უფრო მეტი
სიკეთისა და მოწყალების მიღებისა. ყოველი შენი სიტყვით ღმერთს განადიდებდე.
-
ნუ გამოიძიებ ბოროტ საქმეებს და ნუ იკითხავ მათს გამო, არამედ შორს დაიჭირე თავი
მათგან.
-
უსაგნო საუბარს ნურასდროს ნუ დაიწყებ, და იმათაც ნუ დაუგდებ ყურს, ვინც ამაოს
იტყვის, რათა ასეთი ცარიელი, ამაო საუბრის მიზეზით ბოროტება არ შემოვიდეს შენს
სულში.
-
მოიძულე ამაო სიტყვა და ნურაფერს ნურც იტყვი და ნურც მოისმენ ყოველივე იმის გამო,
რაც ამაქვეყნიურ ამაოებას შეადგენს.
-
რამდენადაც შეძლებ, თავი შეიკავე ხოლმე ხუმრობებისა და თავშსესაქცევი
საუბრებისაგან.
-
ნურასოდეს ნუ იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლად და აჩქარებით, რადგან ვინც
სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი -
ბრიყვი და უგუნურია (ეკლესიასტე 10, 14).
-
ჯიუტი და თავისნათქვამა ნუ იქნები; დაჟინებით ნურასდროს ნუ მოითხოვ შენი სიტყვების
აღიარებასა თუ შესრულებას, როგორი მართალიც არ უნდა იყო, რათა ბოროტი არ შემოვიდეს
შენს სულში, და მრისხანებით არ აღივსო.
-
ნუ დაიფიცავ ნურც ღმერთს და ნურც სხვას რასმე თუნდაც ყოვლად უეჭველი და კეთილი
საქმის გამო, ხოლო საჭოჭმანო საქმისთვის, მით უმეტეს, უჯეროა ფიცილი.
-
თუკი აუცილებელი საჭიროების მიზეზით იძულებული გახდები ქალაქში წახვიდე, მარტოდ ნუ
გაემართები, არამედ ვინმე წაიყვანე ძმათაგან თუ მორჩილთაგან.
-
როცა წყლის მოსატანად ხარ წასული, ანდა მოგზაურობ სადმე რაიმე საქმისთვის, გონებაში
ფსალმუნები წარმოთქვი ხოლმე და განუწყვეტლივ მათზე იფიქრე.
-
როცა ძმებთან ერთად მიდიხარ სადმე, მცირე მანძილით მოშორდი მათ და მდუმარედ იარე.
-
გზად მიმავალი სადმე, ნუ მიიქცევი ნურც მარჯვნივ, და ნურც მარცხნივ, არამედ
ყურადღებით იკითხე გონებაში ფსალმუნები და გულში ილოცე ღმერთის წინაშე. ამასთან,
სადაც არ უნდა მოგიხდეს მისვლა და გაჩერება, იმ ადგილთა მცხოვრებლებს ნუ
დაიძმობილებ.
-
ბრბოში, საერო ადამიანთა თავყრილობაში ნურასდროს ნუ გაერევი, მაგრამ ნურც
ფარისეველის მსგავსი იქნები, რომელიც ყველაფერს სხვათა დასანახად იქმს.
-
ქალს ნებას ნუ მისცემ მოგიახლოვდეს, და მით უფრო, არაფრით არ დაუშვა, რომ იგი შენს
საცხოვფრებელ სენაკში შემოვიდეს, რადგან ქალის კვალად შენთან ქარბორბალა შემოვა
ამაო ზრახვათა.
-
ქალთან ერთად ნურასდროს ნუ მიიღებ საზრდოს, და ნურც ყრმასთან გაიზიარებ ტრაპეზს,
მით უმეტეს, არც მეგობრობა გმართებს მათთან.
-
როცა აუცილებლობით იძულებული იქნები სადმე სხვაგან, შენი სენაკის გარეთ გაათიო
ღამე, იცოდე, ერთ ზეწარს თუ სამოსს ნუ დაიხურავ ვინმესთან ერთად, სულ ერთია, ვინც
არ უნდა იყოს იგი (მონასტრის ძმათაგან ვინმე თუ სხვა).
-
ნუ დაწვები ღამის გასათევად ერთ ჭილოფზე (ერთ სარეცელზე) იმასთან, ვინც შენზე
ახალგაზრდაა.
-
ორნი ძმათაგან ნუ დაიძინებთ ერთ ჭილოფზე, თუკი ეს უკიდურესი გაჭირვებით არ იქნება
გამოწვეული, და, საერთოდაც, ნურავისთან ნუ დაწვები ღამის გასათევად ერთ ჭილოფზე,
დაე, თუნდ ის შენი ღვიძლი ძმა, ანდა მშობელი მამა იყოს.
-
სასტუმრო სამყოფელში მონასტრისა დიდხანს ნუ დარჩები ხოლმე.
-
მოშურნე იყავი სათნოებათა მოხვეჭა-მოპოვებაში, რათა სხვაფრივ მცონარებას არ
დაემონო.
-
ერიდე, რომ ღვთაებრივი სიყვარული არ განგრილდეს შენს სულში და გულგრილობას არ
მიეცე.
-
კეთილ საქმეთაგან, რომელთა ქმნასაც შესდგომიხარ, კვალად უკან ნუ მიიქცევი და ცოდვის
გზას ნუ დაუბრუნდები.
-
რაკი განმარტოებული ცხოვრება დაგიწყია, კვალად ნუღარ დაუბრუნდები ძველი ცხოვრების
წესს.
-
ნუ მიატოვებ იმ საქმეთა ქმნას, რომელნიც გიტვირთავს სათნოების ღვაწლში შემდგარს,
რათა მცონარი და არაგულმოდგინე არ შეიქნე და არ შესცოდო. ბოლომდე, უდანასკნელ
წამამდე შენი ამქვეყნიური ცხოვრებისა, მთელის არსებით გიყვარდეს უფალი, და მისი
წყალობის ღირსი შეიქნები.
-
როგორადაც ქალაქის გარეთ მდებარე ნასახლარი შეიქნება ხოლმე ყოველგვარი არაწმიდების
ბუდედ და სანაგვე ადგილად, ასევე ყოველგვარი ბოროტი ვნებებისა და არაწმიდების
სამყოფლად შეიქნება ხოლმე იმ ბერმონაზვნის სული, რომელიც მცონარებას მისცეია და
არაგულმოდგინედ ეწევა განდეგილ ცხოვრებას.
-
თუკი შენ ღმერთისთვის მიგიძღვნია თავი, მისი ყველა მცნება აასრულე, და რასაც
გიბრძანებენ, გულმოდგინედ აღასრულე, ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს ნაბრძანებიდან;
თუკი რომელიმე მცნებას გამოტოვებ და არ დაიმარხავ, ანდა ნაბრძანებიდანაც რაიმე
გამოგრჩება, მაშინ შენც არ მოგეტევება უწინდელი ცოდვები. ხოლო თუკი მტკიცედ
გადასწყვეტ ყოველი მცნება აღასრულო, ისე, რომ სიკვდილისაც არ შეგეშინდება, მაშინ
დარწმუნებული იყავი, რომ ყველა უწინდელი ცოდვა მოგეტევება.
-
შენი გონება განუწყვეტლივ იმით უნდა იყოს დაკავებული, თუ როგორ აღასრულოს უფლის
მცნებები; მთელი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ უფლის მცნებები დაიმარხო, ამასთან
ისე, რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან, რადგან, თუკი სხვაგვარად მოიქცევი, შენი
სული სამყოფლად შეიქნება ყოველგვარი არაწმიდებისა.
-
თუკი რაიმე საქმე გელოდება, მაგრამ ვერ ხედავ მის ქმნაში ღმერთის ნებას, მაშინ
არაფრის გულისთვის არ შეუდგე ამ საქმეს, რადგან მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც ღმერთს
სათნოეყოფა.
-
ყოველ საქმეში, ყოველთვის და ყოველმხრივ ეცადე იმას, რომ შენით და შენს მიერ
განიდიდოს მამა შენი, რომელი არს ცათა შინა, როგორც ეს წმიდა სახარებაშია ნათქვამი:
“ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქენი თქვენნი
კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“ (მთ. 5,16).
-
ნუ განეშორები ღმერთს ამაოებისა და ხრწნადი საგნების სიყვარულით, არამედ ყოველთვის
გახსოვდეს შენი აღთქმა, მიცემული უფლისადმი მაშინ, როცა შენს სულში ცეცხლი ენთო
მისწრაფებისა ღვთის სათნოყოფისაკენ.
-
ეცადე, არ დაივიწყო მნიშვნელობა შენი სამონაზვნო შესამოსელისა, რომლითაც ღვაწლის
დასაწყისში შეიმოსსე. გახსოვდეს შენი სინანულის ცრემლებიც, რომელნიც მაშინ
დაგიღვრია, და იჩქარე განაგდო შენგან ფარულად შემოსული ბოროტი ზრახვები და ფიქრები,
რათა მათ განცხადებული ბოროტი საქმეებისაკენ არ გაგიტაცონ.
-
განუწყვეტლივ მიუძღვენი ხოლმე ღმერთს მსხვერპლად გულწრფელი სინანული
- შესაწირავი,
რომელიც ყველაზე მეტად სთნავს უზენაესს, - და მაშინ შენ ერთი წუთითაც არ მიეცემი
მცონარებას და გულმოდგინებაც არ განგიგრილდება.
-
ნუ აიღებ მაგალითს იმ მოსაგრისაგან, ვინც შენზე უღონოა, არამედ იმას მიბაძე, ვინც
შენზე უფრო სრულყოფილია.
-
სახედ და მისაბაძ მაგალითად, დაე, ის მოსაგრენი იყვნენ შენთვის, რომელთაც მთელის
არსებით შეჰყვარებიათ ღმერთი და განუწყვეტლივ გულმოდგინებენ ქველის საქმეში, რათა
სათონეყონ ღმერთს. ნუ შეგრცხვება მათთან მისვლა იმის სათხოვად, რომ დაგმოძღვრონ
სათნო ცხოვრებისათვის - ისინი ხომ სრულყოფილნი არიან სათნოებაში.
-
ნუ მიბაძავ იმ მოსაგრეებს, რომელთა კვეთება განგრილებულა და მხოლოდ ამქვეყნიურ
საქმეთათვის ზრუნავენ. ნუ მიბაძავ მათ, არამედ იმ მოსაგრეთათვის იყავი მოშურნე,
რომელნიც უფლისათვის მსხმობენ მთასა თუ უდაბნოში, ანუ იმ წმიდა მამებს, „რომელთა
ღირსვე არ იყო სოფელი ესე“.
-
თუკი ყველაფერს აღასრულებ შენს მიერ აღთქმულისაგან, მაშინ ისეთ რამეს დაიმკვიდრებ,
რომელიც ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და არც გულს განუზრახავს ან
უფიქრია; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა
ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა“
(კორინთ. 2, 9).
-
მაშ, სანამ დრო ჯერ კიდევ გაქვს, მთელი შენი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ ღირს
იქმნა მართალთა შორის შერაცხვისა.
-
მარად გახსოვდეს, რომ შენი სიჭაბუკე უკვე გარდასულა და შენი ძალებიც დაშრეტილან,
ხოლო უძლურებანი განმრავლებულან; უწყოდე, რომ უკვე ახლოა ჟამი შენი აღსრულებისა,
ანუ ის დღე, როცა შენ პასუხი უნდა აგო უკლებლივ ყველა იმ საქმისათვის, რომელნიც კი
ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მოგიმოქმედია; იცოდე, რომ ამ დღეს ვერავინ ვერ
შეგეწევა - ვერც ძმა გამოგისყიდის სასჯელისაგან, და მამაც ვერ გიხსნის, შენ, თავის
ძეს.
-
ყოველთვის გახსოვდეს ჟამი სხეულისაგან შენი სულის განსვლისა, და გონებიდან არ
ამოიგდო საუკუნო სატანჯველის ხსოვნა, და თუ ასე მოიქცევი, არც არასოდეს არ
შესცოდავ.
-
ყოველდღე სიკვდილზე იფიქრე და ასე უთხარი ხოლმე საკუთარ თავს: ამქვეყნად დღევანდელი
დღე უკანასკნელია ჩემთვის, მეტად ვეღარ დავყოფ აქ! - და თუ ამას იქმ, არც არასოდეს
შესცოდავ ხოლმე ღმერთის წინაშე.
-
ყოველდღე იმას ჰგონებდე, რომ ეს ერთი დღე დაგრჩენია ამ წუთისოფელში, და ამით თავს
დაიცავ ცოდვათაგან.
-
შენი სენაკი საპყრობილედ აქციე საკუთარი თავისთვის, და სულ ის იფიქრე, რომ
ამქვეყნად ყოველივე დამთავრებულია შენთვის, და, აი, საცაა დაჰკრავს ჟამი სულის
განტევებისა.
-
შეიკრძალე თავი ცოდვისაგან, რათა განკვეთილი არ აღმოჩნდე მომავალი საუკუნო ნეტარი
ცხოვრებისაგან. ვაი, მცონართა და გულმოდგინებას მოკლებულთ სათნოებაში, რადგან
მოახლოებულა აღსასრული, და მათ არა ჰყავთ შემწე, და სასოებაც დაუკარგავთ ხსნისა.
-
ნეტამც შეგვეწიოს უფალი ჩვენი ისსო ქრისტე იმაში, რომ ამქვეყნად ყოველივეს მის
სათნო-საყოფად ვიქმოდეთ!
-
უპირველესად ყოვლისა გაუნწყვეტლივ ილოცე ღმერთის წინაშე და მარად მადლი აღუვლინე
მას ყოველისათვის, რაც არ უნდა შეგემთხვეს.
-
შენი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ განუწყვეტელი ლოცვა-ვედრება აღუვლინო ღმერთს და
სინანულილს ცრემლები შესწირო მსხვერპლად, რათა უფალმა შეგიწყალოს და განძარცვოს
შენგან „ძველი იგი კაცი“.
-
ნუ შეწყვეტ ლოცვა-ვედრებას და სინანულის ცრემლთა ღვრას, და ღმერთი უსათუოდ
შეგიწყალებს და ყველა შენს უძლურებასა თუ სნეულებას შეგიმსუბუქებს (ანუ განგკურნავს
ყოველივე იმისაგან, რის გამოც სული შენი დაწყლულებულა).
-
თუკი ნამდვილად გსურს სათნო-ეყო ღმერთს, მთელის არსებით შეუდექი ჩვენს უფალს იესო
ქრისტეს, და იგი გიხსნის შენ განსაცდელისაგან და ყოველთვის დაგიცავს.
-
162. ეცადე მარად ეს აკეთო და ამა შემოთავაზებულ ღვაწლთ აღასრულბდე: ხელსაქმეს და
ფიზიკურ შრომას შეუდექი, სიგლახაკე, მსხემობა, უქონლობა (მოკლება ყოველივე
ნივთიერისაგან), მღვიძარება და მდუმარება იტვირთე. ესენი მორჩილებას შეგძენენ და
სიმდაბლეს მოგაპოვებინებენ. ხოლო ჭეშმარიტი სიმდაბლე ცოდვათა მოტევების საწინდარია.
ჭეშმარიტი სიმდაბლე და მორჩილება კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავის თავს
მარად ცოდვილად მიიჩნევდეს და მხოლოდ იმას ჰგონებდეს - არაფერს კეთილს და სათნოს არ
მოვიმოქმედებო ღმერთის წინაშე; რომ გულმოდგინე იყოს მდუმარების ღვაწლში და თავის
თავს არაფრად არა რაცხდეს; რომ არავის წინაშე არ ჯიუტობდეს თავისი სიტყვით და
დაჟინებით არასდროს არ ამტკიცებდეს, მხოლოდ ჩემს მიერ ნათქვამიაო ჭეშმარიტი; რომ
ყოველთვის უგულებელჰყოფდეს საკუთარ ნებას, მარად თავდახრილი ვიდოდეს, გონების
თვალთა წინ დღემუდამ სიკვდილი ჰქონდეს. სიცრუეს გაურბოდეს, ცარიელი, ამაო სიტყვები
არასდროს არ წარმოთქვას, მონასტრის წინამძღვარს თუ სულიერ მოძღვარს არაფრით არ
შეეწინააღმდეგოს, მოთმინედ გადაიტანოს ყოველგვარი წყენა და აიძულოს ხოლმე თავი,
მორჩილად შეხვდეს და დიდსულოვნად დაითმინოს ყოველგვარი სიძნელე და მწუხარება, რაც
კი სათნოების გზაზე დამდგარს შეჰხვდება. მაშ, ეცადე, ძმაო, დაიმარხო ეს წესები და
უფლის ყველა მცნება ზედმიწევნით აღასრულო, რათა შენი სულიერი ცხოვრება უნაყოფო არ
გამოდგესდა სირცხვილეულ არ იქნე!
-
განვიშოროთ ყველაფერი ის, რაც შვება-სიამეს გვრის ჩვენს სხეულს; ამქვეყნიური
ცხოვრება ნაკლებ გვიყვაარდეს, რათა ღმერთისმიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელი
გვკითხავს განკითხვის საშინელ დღეს - გვშიოდა თუ არა მისთვის, გვწყუროდა თუ არა,
ვითმენდით თუ არა და სინანული თუ გვწვავდა ჩვენს ცოდვათა გამო, ვოხრადით და
ვკვნესოდით თუ არა სხვათა თანალმობით, - და ყოველივე ამით განვუცხადებთ ღმერთს,
ღირსნი ვართ თუ არა ჩვენ მასთან ადგილის დამკვიდრებისა. ამრიგად, გულმოდგინენი
ვიყოთ მწუხარებასა და სინანულში ცოდვათა გამო, მარად საყვედურით ავავსოთ საკუთარი
თავი, რათა ღმერთი შევიძინოთ; მოვიძაგოთ და უგულებელვჰყოთ ჩვენი სხეული, რათა ამით
საკუთარი სული ვიხსნათ.
-
ამოირჩიე შენთვის რაიმე საქმე, რომლითაც ყოველდღიურად დაითრგუნავ სხეულს, და იგი
მარხვასთან, ლოცვასა და მღვიძარებასთან ერთად, განაგდებს შენგან ყოველგვარ
არაწმიდებას, იმიტომ, რომ სხეულებრივ დაშვრომას გულის სიწმიდე მოაქვს კაცისთვის,
გულის სიწმიდე კი საბოლოოდ იმას იქმს, რომ სული კეთილი ნაყოფების გამოღებას იწყებს.
-
გიყვარდეს მოწყალება და უძლურთა შეწევნა; ნებას ნუ მისცემ შენს გულს რაიმე ბოროტი
განიზრახოს, არამედ აიძულე იგი ყოველთვის სიკეთით უპასუხოს ბოროტებას; სიკეთე
მოიძიე მხოლოდ და მშვიდობას ითხოვდე, ხოლო მოშურნე მხოლოდ კეთილ საქმეთათვის უნდა
იყო, როგორც უფალი გიბრძანებს.
-
სული შენი, დაე, ყოველთვის იყოს უფლისა თანა, ხოლო სხეული შენი, დაე, იმგვარად იყოს
ამქვეყნად, ვითარცა უგრძნობელი რამ ქანდაკება, ანუ კერპი.
-
იმგვარად იცხოვრე, რომ ყოველთვის სიმართლით იდგე წინაშე პირისა უფლისა.
-
შიში ღმრთისა მარად თვალთა წინ უნდა გვქონდეს, და მასთან ერთად ხსოვნაც სიკვდილისა
მარად ჩვენთან უნდა იყოს, ამასთან ყოველთვის უნდა გვძულდეს ყოველივე ამქვეყნიური და
ამაო.
-
ყოველდღე მოკვდი, რათა ჭეშმარიტი ცხოვრებით იცხოვრო, რადგანაც ვისაც ღმერთისა
ეშინის, იგი საუკუნო ნეტარებით იცხოვრებს ცათა სასუფეველში.
-
განუწყვეტლივ მღვიძაარე იყავ სულით, რათა მცონარება არ გეუფლოს და გულმოდგინებას არ
მოაკლდე.
-
მოიძულე ყოველივე ამაქვეყნიური და ამაო, თავი განიშორე მათგან, თუ არა და, თვით ის,
ამაქვეყნიური და ამაო განგაშორებს შენ ღმერთისაგან.
-
გძაგდეს ყოველივე, რასაც კი ზიანის მოტანა შეუძლია შენი სულისათვის.
-
რასაც არ უნდა აკეთებდე, მოთმინედ გააკეთე, და ღმერთი იქნება შენი შემწე ყოველს
საქმეში, და ყოველთვისაც გიშველის განსაცდელის ჟამს, რაც არ უნდა შეგემთხვეს.
-
ერიდე, სულმოკლეობამ არ შეგიპყროს!
-
ყოველთვის მხნედ იყავი, რასაც არ უნდა აკეთებდე ღმერთის ნებით.
-
ნუ დაჰღონდები იმ ფიქრთა და გულისზრახვათა გამო, რომელნიც სენაკში მარტოდ ყოფნის
ჟამს მოგაწყდებიან ხოლმე. უწყოდე, რომ ღმერთი არ დაგივიწყებს არც ერთ საქმეს
მისთვის და მისი სახელით მოქმედებულს, და თუ ყოველთვის მხნედ იქნები, შენი ღვაწლიც
წარმატებული იქნება, და ღვთაებრივი მადლიც შეგეწევა ყოველთვის და ყველა საქმეში.
-
სულიერი მხნეობა სხვა არა არის რა, თუ არ სიმტკიცე ჭეშმარიტ რწმენაში, როცა მუდამ
მზად იქნები გაუძალიანდე მტერს; მხნედ მყოფი არასდროს არ დაუთმობ მას, აიძულებ უკან
დაიხიოს და მერმე სულაც მოგშორდეს მართლუკუნ.
-
დღე და ღამე გტკიოდეს გული შენს ცოდვათა გამო.
-
შენს ცრემლთა ზეთით აღანთე შენი სულის კანდელი.
-
განუწყვეტლივ ღვარე ცრემლი შენს ცოდვათა გამო, იმგვარად, თითქოსდა მიცვალებული
გესვენოს სენაკში (ანუ ისე იტირე ხოლმე შენი ცოდვების გამო, როგორც მიცვალებულს
ჭირისუფალი ტირის).
-
გამომეტყველება შენი პირისახისა ყოველთვის მწუხარე უნდა იყოს, რათა ღვთის შიში იყოს
შენში.
-
ნუ მიიჩნევ თავს რამედ და ნუ აღმაღლდები, არამედ ცრემლები ღვარე შენს ცოდვათა გამო.
-
შეიყვარე დამდაბლება თავისა, და ეს დაჰფარავს შენს ყველა უწინდელ ცოდვას.
-
მდაბალი იყავი მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, და ეცადე ყოველივე მშვენიერს
მიემთხვიო.
-
სათნოებებსა და კეთილ საქმეთა ქმნაში შენზე უღონო ადამიანი შენს თანასწორად
მიიჩნიე, ხოლო შენი თანასწორი - შენზე გაცილებით აღმატებულად ჩათვალე სულიერ
სრულყოფილებაში.
-
ნუ შეგშურდება იმ ადამიანისა, ვინც შენზე მაღლად ვალს ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველი
ადამიანი შენზე მაღლა მდგომად მიიჩნიე, რათა ღმერთი იყოს შენ თანა.
-
ნუ ივლი ამპარტავან ადამიანებთან ერთად, არამედ მდაბალთა თანა ვიდოდე (ეს მიბაძვასა
და მეგობრობას შეეხება).
-
ყველაფერში მდაბალი იყავი: მიმოხვრაში, ჯდომაში, სამოსლით სიარულით, საწოლით,
სენაკით, და ყოველივე იმით, რაც შენს განმარტოებულ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
-
თუკი შექებას დაგიწყებენ შენს ქველ საქმეთა გამო, ნუ გაიხარებ ამისთვის და ნუ
დასტკბები; დამალე ხოლმე შენი ქველის საქმენი, რამდენადაც შეგიძლია და ნებას ნუ
მისცემ ვინმეს ილაპარაკოს მათს გამო; ყოველმხრივ ეცადე, რომ შენს მიერ ქმნილი
კეთილი საქმეებისათვის ადამიანთაგან შექება არ მიიღო.
-
გეშინოდეს იმისა, რომ შენი სახელი გიათქვას შენს მიერ მოქმედებელი რაიმე კეთილი
საქმის მიზეზით.
-
თუკი ვინმე უმართებულოდ გისაყვედურებს რაიმე ცოდვისათვის და გაგკიცხავს, მდაბლად
შეხვდი ამას, ბედს შეურიგდი და ღვთაებრივ გვირგვინს მიიღებ.
-
შენი ენა მარად ამის თქმით წურთნე - შემიწყალე და შემინდე თქო, და მაშინ ჭეშმარიტი
სიმდაბლით აღივსები.
-
მიაჩვიე შენი ბაგენი იმას, რომ ყველა შემთხვევისათვის, ყოველს ჟამს და ყველა ძმას
ამას ეუბნებოდნენ - შემიდე და შემიწყალეო, რადგანაც თუკი ყველას პატიებას შესთხოვ
და თავს მდაბლად დაუხრი, მაშინ უფრო მიაღწევ სრულყოფილ სიმდაბლეს, ჭეშმარიტსა და
ღმრთის სათნო-მყოფელს.
-
მარად მზად იყავი იმისთვის, რომ შენს წინააღმდეგ წარმოთქმული ყოველი მამხილებელი
სიტყვის გამო, რასაც კი მოისმენ ეს თქვა ხოლმე - შემინდვეთ და მაპატიეთო, რადგან
სწორედ ამგვარი დამდაბლება თავისა დაარღვევს და სძლევს მტრის ყველა მზაკვრობას.
-
უწყოდე, რომ ჭეშმარიტი სიმდაბლე სხვა არა არის რა, თუ არ ის, რომ ყველა ადამიანს
საკუთარ თავზე უკეთესად და მაღლა მდგომად მიიჩნევდე. მარად გახსოვდეს, რომ მრავალ
ცოდვაში გიდევს წილი. თავი ყოველთვის დაბლა გქონდეს დახრილი, ენა კი
შენდობა-პატიების სათხოვნად გქონდეს მომართული და შენს გამკიცხავსაც ამას ეუბნებოდე
- შემინდე-თქო, ჩემო ბატონო! შენი განსჯისა და ფიქრის მუდმივი საგანი კი დაე,
სიკვდილი იყოს, რომელიც ყოველი ადამიანის მსგავსად მოგელის.
-
გიყვარდეს შრომა, თავი ყველას სიმდაბლით დაამორჩილე, ბაგენი შენნი მდუმრიად
დაიმარხე, ვითაარცა შეიძლო, და ამით ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიემთხვევი; ჭეშმარიტი
სიმდაბლე კი საწინდარია იმისა, რომ ყველა ცოდვა მოგეტევება ღმერთის მიერ.
-
უპირველესად ყოვლისა თავს ნუ აღიმაღლებ და ნუ იტყვი, რაღაც სრულყოფილებას
მივაღწიეო, თუკი ნამდვილად გინდა, რომ შენს სულში სიმდაბლე იშვას; ხოლო თუკი
სიმდაბლით აღივსები, იგი შენში ღმერთისმიერ მეცნიერებას აღმოაცენებს (ანუ
გამოცდილებასა და გონივრულობას); მეცნიერებაც, თავის მხრივ, რწმენას შობს, რწმენა -
სასოებას, სასოება კი ჭეშმარიტ სიყვარულს აღმოაცენებს შენს სულში, რომელიც, თავის
მხრივ, მორჩილებას შეგძენს, მორჩილება კი მარად და უცვალებლად სიკეთეში გამყოფებს.
-
შორს განაგდე შენგან ბოროტი გულისზრახვანი და შენი ფიქრებით მხოლოდ ღმერთს
მიუძღვენი თავი, და იგიც დაგიფარავს თავისი მარჯვენით.
-
ყოველს შენს ფიქრს და ზრახვას ნუ აჰყვები, და, მით უმეტეს, ნუ აღასრულებ.
-
გულისზრახვანი შენნი და სურვილები, დაე, ნუ გმძლავრობენ შენ; ნუ დაუთმობ მათ!
-
ერიდე წარსული ცოდვების გახსენებას დანუ მისცემ შენს გონებას მთლიანად მიეცეს მათზე
ფიქრს, რათა კვლავ არ გაცოცხლდნენ შენი უწინდელი ცოდვები და არ გეუფლონ შენ.
-
ნუ მიექცევი გონებით შენს მიერ ოდესღაც ჩადენილ ცოდვებს, რათა ისინი კვლავაც არ
აღორძინდენ შენს სულში და არ გძლიონ. დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ყველა ადრე
ჩადენილი ცოდვა მოგეტევა შენ ღმერთის მიერ იმ დროიდან, როცა შენ ღმერთს მიეცი
აღთქმა, მას ერთს შეუდექი და სინანულის ღვაწლი იტვირთე. მტკიცედ გწამდეს ეს, და
ერთი წამითაც არ დაეჭვდე.
-
ნუ გაიხსენებ ხოლმე იმ სიამოვნებებსა და ხორციელ შვებას, რომელთაც შენი მცონარებისა
და არაგულმოდგინების ჟამს ეძლეოდი, არამედ მხოლოდ ასე თქვი ხოლმე: ეს ცოდვა
ჩავიდინე, ანუ ეს მცნება დამირღვევია-თქო, და მეტი არაფერი არც თქვა და არც იფიქრო
უწინდელ ცოდვებზე, რადგან გამოწვლილვით გახსენება ადრინდელი შეცთომილებისა,
შეიძლება, დაბრკოლებად გექცეს სათნოების გზაზე.
-
საერთოდ, ნურასოდეს ნუ მოიხსენებ ხოლმე იმ ბოროტ ვნებებსა და ბილწ გულისწადილთ,
რომელთაც ემონებოდი საერო ცხოვრების ჟამს; ნუ იფიქრებ მათს გამო, რათა კვლავ არ
აღეგზნოს შენში ვნებათა და გულისწადილთა ცეცხლი და საცთური არ გეწიოს.
-
წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი მთელს ვნებებსა და გულისწადილთ ადამიანის
ბუნებისა სამს რაიმეში ჰგონებს. იგი ამბობს: „…ყოველივე სოფელსა შინა ესე არს
გულისთქმაი ხორცთაი და გულისთქმაი თვალთაი და სილაღე ამის ცხოვრებისაი, და ესე არა
არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს“-ო (1 იოანე, 2,16). „გულისთქუმაი ხორცთაი“
- ესაა ნაყროვანების ცოდვა, როცა ადამიანი გემოთმოყვარებას დამონებია და სტომაქს
მრავალი სხვადასხვა სასუსნავით განიძღობს ხოლმე, რასაც შედეგად ბილწი გულისწადილნი
და სიძვის არაწმიდება მოსდევს. „თვალთა გულისთქმას“ თავის საგნად ასევე
ამქვეყნიური, ნივთიერი სიკეთენი აქვს, რომელთა დაუფლებითაც ადამიანი ან აღიმაღლებს
თავს, ანდა არაწმიდა სახეებს შთაუდებს საკუთაარ გულს, და ღმერთის სანაცვლოდ
ეთაყვანება მათ. ხოლო „სილაღე ამის ცხოვრებისაი“, ანუ ადამიანთა ამპარტავნება -
არის საერო, ამაო სიყვარული ხმაურიანი დიდებისა (ზესთამჩნეობა, ცუდად განდიდება
თავისა, ქება-დიდება საკუთარი თავისა და ხარბი წყურვილი იმისა, რომ სხვა
ადამიანებიც გაქებ-გადიდებდნენ); ყოველივე ეს მტკიცედ იკიდებს ფეხს ადამიაის
გონებაში იმის გამო, რომ ჩვენ ხშირად მეტად მაღლად ვაყენებთ ჩვენს რაიმე ღირსებას,
რომელიც სინამდვილეში ამაო და წარმავალი აღმოჩნდება ხოლმე.
-
ერიდე სხვათაგან სიყვარულისა და პატივის მოხვეჭას, განაგდე შენგან დაუმორჩილებლობის
სული, განსაკუთრებით კი ნაყროვანებას უფრთხოდე, რათა შენს გულისთქმათა ბადეში არ
გაეხვიო და ცოდვას არ ეწიო, რადგან ყოველივე ეს განდევნის შენი გულისაგან ნამდვილ
შიშს ღმრთისა, პირისახიდან კი სიმდაბლესა და სირცხვილის უნარს მოგაშორებს;
დიდებისმოყვარება, ნაყროვენება და ურჩება მდაბალ და სამარცხვინო საქმეებს სწევენ იმ
ადამიანს, ვინც ამ ვნებებს დაემონება, და ამით განაშორებენ მას ღმერთისაგან.
-
განიძარცვე მრისხანება და სიმშვიდითა და მორჩილებით შეიმოსე, განიგდე თავისაგან
გარყვნილი, წახდენილი თვალი და ეცადე უბრალო თვალი შეიძინო (უმანკო და წმიდა,
ვითარცა ბავშვისა).
-
შორს იყავი მრისხანებისაგან და ბილწ გულისწადილთაგან შეიკრძალე თავი, რათა ცოდვას
არ ეწიო.
-
გემოთმოყვარებას დამონებული ადამიანი, ვინც მხოლოდ თავისი სხეულის შვება-სიამეს
ეძიებს, არაფრისათვის არ არის გამოსადეგი, ყოველ საქმეში უხმარია.
-
ნუ იქნები გემოთმოყვაარე, რადგან ღმერთი არაფერს არ შისმენს ესევითართაგან.
-
სხეული შენი და მისი შვება-სიამენი მოიძულე, იმიტომ, რომ ხორციელი სიამენი
ბოროტებით არიან სავსე.
-
შენი სხეული იმზომამდე გათანგე შრომით, მარხვითა და მღვიძარებით, რომ იგი სნეულის
სხეულის მსგავსი შეიქნას, უღონობას რომ შეუპყრია და ლოგინად ჩავარდნილა.
-
თუკი მრისხანება შეგიპყრობს, ეცადე, რაც შეიძლება მალე განაგდო იგი შენი სულისაგან,
და თუ ყოველთვის ასე იქმ, მარად სიმხნევით და სიხარულით ჰგიებ მთელი შენი
ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, ყოველ დღესდა ყოველს ჟამს.
-
საერთოდ არ განურისხდე არავის, და არც არვის გამო მრისხანებდე, არამედ ყველას
შეუნდე ხოლმე შეცოდებანი.
-
თუკი ვინმე უსამართლოდ გაგკიცხავს, ნუ განურისხდები.
-
ბრძნულად მოიქეცი, როცა ვინმე ბოროტად ლაპარაკობს შენს შესახებ, ანდა
დაუმსახურებლად გეუბნება საყვედურს, და დუმილით შეხვდი ამას, რითაც დაახშობ მათს
ბაგეებს.
-
ნუ გაიკვირვებ, თუკი ვინმე ცუდს ლაპარაკობს შენს შესახებ, რადგან ეს კაცთა მოდგმის
უბოროტესი მტრის მანქანებით ხდება: ამ მზაკვრობით (უსამართლო კიცხვა-გმობით) იგი
იმედოვნებს დაგაბრკოლოს ჭეშმარიტების შეცნობაში.
-
ნუ აჩქარდები მრისხანებისათვის და ბოროტი არასდროს არ ჩაიდო გულში იმ ადამიანის
მიმართ, ვინც უსამართლოდ მოგექცა და მრისხანებისაკენ გიბიძგა.
-
თუკი შეურაცხგყოფს ვინმე, სიძულვილით კი ნუ აღივსები შეურაცხმყოფელისადმი, არამედ
ასე თქვი ხოლმე შენს გულში: ჩემი დამსახურებაა, რომ ძმას ვძაგვარ-თქო, და იმგვარი
ცოდვილი ვარ, რომ არამხოლოდ ერთს უნდა ვძაგდე, არამედ ყველას.
-
ნუ დრტვინავ ძმის გამო, და შეურაცხყოფასაც ნურავის მიაყენებ, რაც არ უნდა
დაგიშავონ.
-
ბოროტს ბოროტით ნუ მიუზღავ და შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებ, რადგან
შენი დამცირება-დაკნინება უფლის ნებით ხდება, რომელიც ხედავს, რომ თვით შენ არ
დაიმდაბლებ თავს.
-
ყველანი, უფროსნიც და უმცროსნიც, მაღლად მდგომნი და დამორჩილებულნიც, დაე, მარად
ლოცულობდნენ, და მაშინ არ შთავარდებიან მრისხანების ცოდვაში.
-
ვინც მეორე ყვრიმალს მიუპყრობს თავის გამლახავს, იგი თავის დამცირებაშიც მხნე და
გახარებულია; უფალი ჩვენი იესო ქრისტე არასდროს არ მიატოვებს მას, რადგან სახიერი
და მოწყალეა იმათ მიმართ, რომელნიც მრავალს დაითმენენ მისთვის და ეძიებენ მას;
ღმერთი ძალასა და სიმტკიცეს მიანიჭებს ესევითართ, სანამ ისინი სიმშვიდეში არ
დამკვიდრებულან ბოროტ ვნებათაგან განთავისუფლებულნი. ამრიგად, ძმანო, გიხაროდეთ,
თუკი მწუხარება და განსაცდელი შეგხვდებათ, რადგან მათ სიმშვიდე მოსდევს ხოლმე,
კეთილ ნაყოფთა გამომღებელი.
-
ნუ გეშინია გაკიცხვისა და განქიქებისა ადამიანთაგან, დაე თუნდ უსამართლოსი.
-
თუკი გაიგებ, რომ რომელიმემ ძმათაგან შესცოდა, ნუ მოიძაგებ მას, ნურც ზურგს შეაქცევ
და ნურც განიკითხავ, რადგანაც თუკი ასე არ იქმ, შენი უბოროტესი მტრების ხელთ
შთავარდები.
-
ნურავის ნუ უყოფ ბოროტს და ნურც განიკითხავ ვინმეს.
-
შენს სასმენელთ ნუ მიაპყრობ იმას, რომ ბოროტი სიტყვა მოისმინო სხვათა შესახებ,
არამედ შემწყნარებელი და მოწყალე იყავი ადამიანთა მიმართ, და ცხოვნდები.
-
ნურავის ნუ განსჯი და განიკითხავ, რადგან სხვათა გაკიცხვაში ცნაურდება შენი დაცემა.
-
ნუ გაკიცხავ და საყვედურს ნუ ეტყვი შენს ძმას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დაინახავ,
რომ მას უფლის ყველა მცნება დაურღვევია; თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ თვით შენ
შთავარდები კაცთა მოდგმის უბოროტესი მტრის ხელთ.
-
ნურავის ნუ დაჰგმობ და განიკითხავ ადამიანთაგან, რათა ღმერთმა არ უგულებელჰყოს შენი
ლოცვა-ვედრება.
-
რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს ამისთვის, ნურავის ნუ წარმოუჩენ და განუცხადებ მის
რაიმე მანკიერებას.
-
არავინ არ გაჰკიცხო მის უძლურებათა გამო.
-
როცა მოწყალების საქმეთ იქმ, სხვათა დასანახად ნუ გააკეთებ ამას.
-
როცა სულიერ ღვაწლში წარმატებული იქნები, ნურასდროს და ნურავის წინაშე ნუ დაიქადებ
ამას.
-
იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ნუ ეტყვი წინდაწინ,
არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი.
-
თუკი რაიმე კეთილ საქმეს მოიმოქმედებ, თავს ნუ მოიწონებ და ნუ ეტყვი საკუთარ თავს;
აი, რა კარგი რამ ვქმენო; რადგანაც ბრძენი კაცი არასდროს არ დაიქადებს თავისი
ქველის საქმით.
-
ნუ იქნები სახელის მოყვარე და გულში ნუ გაივლებ სურვილს თავის განდიდებისა;
თავმომწონედ ნუ ეტყვი ხოლმე საკუთარ თავს - მე ესა და ეს კეთილი საქმეები
გამიკეთებია, ამა და ამ საქმეში წარვმატებულვარო. ამგვარი ფიქრი ამპარტავნების
სულითაა გამსჭვალული, და ის მოსაგრე, რომელიც ასეთი ზრახვების ტყვე შექმნილა,
არაწმიდა სულთა შესაკრებელი გამხდარა.
-
ნუ განუდგები და უგულებელჰყოფ ღმრთის ნებას იმისთვის, რომ ადამიანთა ნება აღასრულო.
-
ღმერთIს მცნებას არასოდეს არ გარდახდე იმის გამო, რომ ადამიანის მეგობრობას სცემ
პატივს.
-
ნუ იქნები პირმოთნე, ნურც რაიმედ მოაჩვენებ თავს ვინმეს, და, მით უმეტეს, ნურც
სიცრუეს იტყვი.
-
არამხოლოდ სხვათა წინაშე იყავი ყოველთვის მართალი, არამედ საკუთარი თავის მიმართაც
გამოავლინე სიბრძნე, სიმდაბლე, დიდსულოვნება, მოთმინება, მოშურნეობა და
კაცთმოყვარება.
-
ნუ აღიმაღლებ თავს შენი კეთილი საქმეებით, როგორი დიდიც არ უნდა იყვნენ ისინი.
-
ნუ აღიმაღლებ თავს ამპარტავნებას დამონებული და ნურაფერს ნუ დაიქადებ.
-
ამპარტავნების სული შორს განაგდე შენი თავისაგან, ხოლო მოყვასი შენი, და საერთოდაც,
ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად და ამაღლებულად მიიჩნიე.
-
არ არსებობს უფრო დიდი უკეთურება და უმსგავსოება, ვიდრე ის, რომ მწუხარება მიაყენო
შენს მოყვასს, განსაცდელში ჩააგდო იგი და საკუთარი თავი ღირსებით სხვებზე მაღლად
დააყენო. ვინც ასე იქცევა, იგი დაღუპვის გზაზე დგას.
-
ნუ მიიჩნევ თავს ბრძენად, ნურც იტყვი, ღვთაებრივ სიბრძნეს ვარ ნაზიარებიო, რადგან
ამგვარად ამპარტავნებას დაემონები და ცუდად განდიდებული სული შენი კაცთა მოდგმის
მტერთა ხელთი იქნება შთავარდნილი.
-
ნუ მიჩნევ თავს ყოვლის მცოდნედ და ღვთაებრივ სიბრძნეს მიწევნულად, სრულყოფილების რა
სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიო, ნუ იტყვი ხოლმე - მეც ძალმიძს ეს, მეც კარგად ვუწყიო
ეს, რადგან თუკი ასე მიეცემი ამპარტავნებას, შენი შრომა და ღვაწლი ცუდად წახდება,
და შენი სულის ხომალდსაც ამაოდ უცურავს აქამომდე ამქვეყნიური ცხოვრების ზღვაში.
-
ის მონაზონი, რომელიც არ აღასრულებს ხოლმე ყოველივე ზემოთქმულს, ღმერთის
მრისხანებას მიაწევს საკუთარ თავს და თავის მთელ ღვაწლსა და შრომას დაღუპავს. მე,
მამა ანტონი, ჭეშმარიტებით გეტყვით თქვენ, ძმანო, ყოველივე ამას. მაშ, ყური
მოაპყარით ჩემს სიტყვებს, რომელთაც უფლის კარნახით გეუბნებით, და ღრმად დაიმარხეთ
ისინი თქვენს გულებში; მტკიცედ უწყოდეთ, რომ ამ მცნებებით მე შემოქმედს მივუძღვნი
თქვენს სულებს. თუკი დაიმარხავთ ყოველივე ზემოთქმულს, განიხარებთ შჭეშმარიტი
სიხარულით ყველა ანგელოზთან და წმიდანთან ერთად, ხოლო ყველა ბოროტ სულს, რომელთაც
თქვენი დაღუპვა მოსურვებიათ, მწუხარებით მოსწყლავთ და გააწბილებთ. მართლიად ვიდოდეთ
ამ მცნებებით, და ღმერთი თქვენთან იქნება მარად, და მისი წმიდა ანგელოზნიც
შეგეწევიან ყოველს ჟამს და თქვენს გვერდით იქნებიან ყოველი განსაცდელის დროს. მაშინ
სულნიცა თქვენნი წმიდანთა კეთილსურნელებით აღივსებიან, და პირისახეცა თქვენი
ნეტართა ნათლით გაცისკროვნდება, და თქვენ, მსგავსად ყველა წმიდანისა, კანდელი
შეიქნებით ღმერთისა, და საბოლოოდ უფალსაც შეიძენთ სიხარულითა და სიტკბოებით, თქვენს
მიმრქმელს, და გაიგონებთ აქამდე გაუგონარ ხმას, რომელი გეტყვის: „...კეთილ, მონაო
სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ!
შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა! (მათე, 25,21).
-
ნუ გადაუხვევ ნურც ერთისაგან ზემოთქმული შეგონებებისა, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე
ჭეშმარიტ სიმშვიდეს მოგმადლის, და მშვიდობით დაასრულებს შენს ამ ღვაწლს, რომელსაც
შესდგომიხარ. სრულყოფილნი მამანი და ისინიც, ვინც მათ ჰბაძავდა სულიერ ღვაწლში,
კიდევ უფრო მეტად სრულყოფილნი შეიქნენ ამ სწავლა-შეგონებათა აღსრულებით.
-
თუკი მოგესურვება ყოველივე ზემოთქმულს რაიმე მიუმატო კეთილ საქმეთაგან, მიუმატე, და
გაუნწყვეტლივ მადლი მიუძღვენი ხოლმე ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და გულისხმისყოფა
მოგანიჭა.
-
ყოველღამ ცხარე ცრემლები ღვარე შენს სარეცელზე და დაალტვე იგი; სინანულით დაიმდაბლე
ხოლმე თავი წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რათა მან წაშალოს შენი ცოდვები და
შენც განგაახლოს, რათა შეწევნა თვისი მოგმადლოს შენ კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის
და მოგანიჭოს თავისი საუკუნო სასუფევლის დამკვიდრება. მას პატივი, დიდება და
თაყვანისცემა თანა სახიერით მამით და სულიწმიდით აქ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე. ამინ.