მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

ეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის ქადაგება
უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში


1991 წლის 25 მარტს ქ. ახალციხეში დაარსებული თბილისის უნივერსიტეტის ფილიალში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ. პარაკლისის შემდეგ მან სიტყვით მიმართა სტუდენტებს.

პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილებო, დღეს ჩვენი მორწმუნე ქართველი ერი დღესასწაულობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. 1917 წლის 25 მარტი მარად მოსაგონებელი თარიღია ათასწლოვანი ქართული ეკლესიისათვის. დღევანდელი სამადლობელი პარაკლისი გადავიხადეთ უფლის სადიდებლად, რომელმაც საღმრთო წყალობით ინება განთავისუფლება ჩვენი დედაეკლესიისა უცხო თესლთა ბატონობისაგან. ამასთანავე სამადლობელი პარაკლისის ჟამს ვმადლობდით და ვადიდებდით უფალს დღევანდელი დღისათვის, ჩვენი ხალხის, ქრისტესმოყვარე ერის აზრისა და გონების განთავისუფლებისათვის, ათეიზმის არტახებისაგან დახსნისა და სინდისის თავისუფლების მონიჭებისათვის.

სულ ახლახან, ერთი-ორი წლის წინ, ჩვენს საგანგებოდ გამოცემული და მტკიცედ დამკვიდრებული კანონების ძალით მკაცრად გვეკრძალებოდა შეხვედრა ჩვენს ახალგაზრდებთან, შესვლა სკოლებში, სასწავლებლებში, საუბარი ყმაწვილებთან თუ მათ აღმზრდელებთან. მიზანი ამისა იყო დათრგუნვა ქრისტიანული ზნეობისა და მორალისა, ეროვნული ტრადიციების მოსპობა.

ამჟამად, ფაქტიურად, პირველად მოგვეცა საშუალება და უფლება დაუბრკოლებლად შევსულიყავით სკოლებში, შევხვედროდით ჩვენს მოზარდ თაობას და ერთად გველოცა ერისათვის პარაკლისების გადახდისას. მესხეთის სამღვდელოებასა და ახალციხის სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მოვიარეთ ჩვენი ეპარქიის მრავალი სოფელი, სკოლა, ეკლესია. სწორედ ამიტომ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს.

მოხდა გასაოცარი ცვლილება. ათეისტურ ხელისუფლებას ძალა გამოეცალა. დაემხო ძალა, რომელიც ჩვენს ხალხს აუცხოებდა ეკლესიისაგან. ღვთის მგმობელთა და უარმყოფელთა გზა მოკლე აღმოჩნდა. ბოროტი დამარცხდა და გამოჩნდა კეთილი-მძლავრი, აქამდე ჩვენს ხალხში მიმალული ფესვები სარწმუნოებრივი სიყვარულისა.

ღვთივკურთხეული ქართველი ერი მიისწრაფის ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისაკენ. მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება, რომელიც მე მიწამებს, ის მარად იცოცხლებს, - ბრძანებს უფალი. კიდევ ერთხელ დიდება და მადლობა უფალს ჩვენი სარწმუნოებრივი გადარჩენისა და გათავისუფლებისათვის.

შემჩნეულია, რომ სარწმუნოებრივი განთავისუფლება მარად წინ უძღოდა ჩვენ ეროვნულ თავისუფლებას. ასე იყო ამ ათასი წლის წინაც, როცა ჯერ სარწმუნოებრივად და ეკლესიურად გაერთიანდა საქართველო, ხოლო შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა სამეფოებიც გაერთიანდნენ და შეიქმნა ერთიანი ცენტრალიზებული ქრისტიანული საქართველოს სახელმწიფო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. თვით 1917 წელს ჩვენი ეკლესიური განთავისუფლება, რომელიც გამოცხადდა სწორედ დღევანდელ დღეს - 25 მარტს - წინ უძღოდა საქართველოს განთავისუფლებას რუსეთის იმპერიისაგან, ანუ 1918 წლის 26 მაისს. შევთხოვოთ უფალ ღმერთს, ვილოცოთ, რათა ამჟამინდელი სარწმუნოებრივი განთავისუფლება და ათეიზმის დამარცხება წინ უძღოდეს საქართველოს ჭეშმარიტ განთავისუფლებას და ეროვნული სახელმწიფოს აღდგენას.

თავისუფლება ყოველ ჩვენთაგანს უფლისგანა გვაქვს ნაბოძები, რამეთუ ადამიანი თავისუფალი ნებისყოფით დაჰბადა, ხოლო ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავისი წმიდა სისხლით მონობისაგან გაანთავისუფლა კაცობრიობა, ამიტომაც ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა დაინტერესებულია, რათა ადამიანი, საზოგადოება, ერი არ იყოს დამონებული, ხოლო დამონებულნი-განთავისუფლდნენ. არაა შემთხვევითი, რომ ქართველთა მფარველი წმიდანის წმიდა გიორგის ერთ-ერთი ეპითეტია - „ტყვეთა განმათავისუფლებელი“, ხოლო ძველქართულ საზოგადოებას, თანახმად რუსთაველისა, უდიდეს სიქველედ მიაჩნდა თავისუფლება და ჰქონდა კიდეც ლოზუნგი-მოწოდება - „ათავისუფლე მონები“. ყოველგვარი შეზღუდვა და მონობა-ქრისტიანობის მიერ დაგმობილია, ხოლო პიროვნებისა და ერის სწრაფვა სულიერი და პოლიტიკური თავისუფლებისაკენ - კურთხეულია. ამიტომაც, ახლა, როცა ჩვენი ერი ემზადება ძალზე მნიშვნელოვანი 31 მარტის რეფერენდუმისათვის, უთუოდ ყველა ქრისტიანმა ხმა უნდა მისცეს ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ეს პირველი შემთხვევაა იმპერიის მიერ დამონებულ ერს რომ მიეცა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გამოხატოს თავისი აზრი: - რა ურჩევნია - თავისუფლება თუ მონობა, სარწმუნოება თუ ათეიზმი.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქართული ქრისტიანობის უძველესი კერა - მესხეთი ჩვენმა დამპყრობლებმა განადგურების პირას მიიყვანეს. ყველას მოგეხსენებათ მესხეთის სავალალო ისტორიული ბედი. სარწმუნოებრივად მას არც ამ ბოლო 70 წლის მანძილზე გაუმართლა, აქ ათეიზმის მძლავრობის ჟამს არ არსებობდა არც ერთი ქართულ-მართლმადიდებლური ეკლესია, არ იყო არც ერთი ქართველი მღვდელი, მაშინ როცა აქ, ფაქტიურად, უწყვეტად ფუნქციონირებდა რამდენიმე გრიგორიანული ეკლესია, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. Pირველად, ამ ათიოდე წლის წინ, გაიხსნა ქართული ეკლესია, რომელმაც, თითქოსდა, თავისი მადლი მოჰფინა სამცხე-ჯავახეთს. ღვთის შეწევნითა და უფლის სადიდებლად, სულ ახლახან, ამ ბოლო ორ წელიწადში მრავალი ეკლესია ახლად ვაკურთხეთ და პირველი საღმრთო ლიტურგიებიც აღვასრულეთ ათეულობით წლების იძულებითი უქმობის შემდეგ ჩვენს დიდებულ ზარზმასა და ვარძიაში, საფარასა თუ ბორჯომში. სამწუხაროდ, არ გვყოფნის სასულიერო კადრები, ამიტომაც დავაარსეთ მესხეთში სასულიერო სასწავლებელი, მაგრამ რატომღაც აქ სწავლას მესხი ვაჟები თავს არიდებდნენ, მაშინ როცა ჩვენს სასწავლებელში სწავლობენ თბილისიდან, ქართლიდან, იმერეთიდან თუ სამეგრელოდან ჩამოსული ახალგაზრდები, მათ შორის რამდენიმე გოგონა უმაღლესი განათლებითაც კი. ჩვენ ახალ სასწავლო წელს იმედი გვაქვს, რომ თანდათან მესხეთში სარწმუნოება აღორძინდება, მესხეთი ხომ აკვანია ძველი ქართული კულტურისა, სარწმუნოებისა, აქ იქადაგა ჩვენი მაცხოვრის უპირველესმა მოწაფემ ანდრია მოციქულმა, სწორედ მესხეთში განუცხადა მან ქართველობას, რომ საქართველო დედა ღვთისმშობლის ქვეყანაა, ხოლო ქართველი ერი ღვთის მიერ გამორჩეული „საზეპურო“ ერი. შევთხოვ უფალს, ღვთის მადლი და წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს ერს, ყველა თქვენგანს.

25. III. 1991
წიგნიდან „დედა ეკლესია“