მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

მიტროპოლიტი
ანანია ჯაფარიძე


საეკლესიო ცხოვრება

სიტყვა, წარმოთქმული ახალციხის ეკლესიაში 1981 წლის სექტემბერში წმიდა მარინეს ტაძარში

საზეიმო წირვის შემდეგ, უწმიდესსა და უნეტარესს, საპატიო სტუმარსა და მამამთავარს ილია II-ს სიტყვით მიმართა ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა ანანიამ

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! ჩვენი ერის კეთილო მწყემსო, წმიდა სინოდის წევრნო, მოძღვარნო და შვილნო ქართული ეკლესიისა, მორწმუნენო!

ამ დღეებში ზეიმია მესხეთის მიწისა. ჩვენი ეროვნული კულტურის ძველი მედროშე და სამჭედლო - მესხეთი სიხარულის ცრემლებით შეხვდა ერის მამამთავარის, უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის ჩამობრძანებას.

დღეს სიხარულისა და ბედნიერების დღეა.

თქვენ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს არც ერთ ეპარქიას არ აკლებთ მზრუნველობასა და ყურადღებას. თქვენ ყველა ეპარქიის არაიშვიათი სტუმარი ბრძანდებით, მაგრამ სულ სხვა აზრი და მნიშვნელობა აქვს თქვენს - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ჩამობრძანებას ამ კუთხეში, მესხეთში. უკვე რამდენიმე ასეული წელი გავიდა, რაც მესხეთს არ სწვევია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როგორც ოფიციალური სტუმარი. დიახ, რამდენიმე ასეული წელი.

ეს გამოწვეული იყო მესხეთის - საქართველოს ამ ძველი ეროვნული ბურჯის - ტრაგიკული ბედით. ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული წლის წინ, ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგების დროს, მესხეთის ეკლესია გავიდა მშობლიური თბილი კერიდან, იხეტიალა, იგვემა მრავლად და ბოლოს ისევ ჩვენთან, საქართველოს ერთიან წმიდა სამოციქულო ეკლესიასთან, ჩვენს წმიდა კალთასთან დაბრუნებით ხარობს. როგორც კი მესხეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა იძულებით მიიღო მაჰმადიანობა, მან დაკარგა არა მარტო ქრისტიანობა, არამედ ეროვნებაც; მაშინ, როცა ქრისტიანმა ქართველებმა მტკიცედ შემოინახეს თავიანთი ქართველობა, ჰზიდეს ქრისტეს ჯვარი და დღემდე მოიტანეს საქართველო.

ჭეშმარიტად განუზომელია სიდიადე ქრისტიანული სარწმუნოებისა. თავისი სრულქმნილებით კაცთმოყვარეობითა და სიყვარულით ის აყალიბებს ადამიანის მაღალ ზნეობას.

ქრისტიანის შინაგანი ბუნება თავისი სარწმუნოებით ისეა აღზრდილი, რომ მას არა მარტო თავისი მოყვასი, არამედ თავისი მოძულეცა და მაჭირვებელიც უყვარს. ქრისტიანმა იცის, რომ მისი მტერიც ღვთისაგანაა შექმნილი. ამიტომ ღვთის სიყვარულით იხსენიებს მას.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილი სარწმუნოებრივ დევნას. საქართველოს ისტორია მოიცავს ათასწლეულებს, მაგრამ, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი წერს, მთელი ისტორიის მანძილზე ქართულ სახელმწიფოში ერთნაირი უფლებებით ცხოვრობენ ქართველებიცა და არაქართველებიც. ქართველ ერს არასოდეს არ დაუჩაგრავს სხვა ერი, განსაკუთრებით უცხო იყო ჩვენში სარწმუნოებრივი დევნა. ეს უსათუოდ უნდა ითქვას სწორედ აქ, მესხეთის მრავალნატანჯ მიწაზე მის წმიდა სალოცავში.

მაცხოვარმა, უფალმა იესო ქრისტემ, თავისი ჯვარცმით და აღდგომით აღადგინა ცოდვით დაცემული კაცობრიობა. მაცხოვარმა იხსნა ყოველი ადამიანის სული, ამიტომ გვიყვარს და გვწამს ჩვენ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. აქაც, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეშიც, რუსთაველისა და აშოტ კურაპალატის, გრიგოლ ხანძთელის, სერაპიონ ზარზმელის, არსენ საფარელისა და სხვა ღირს მამათა სამშობლოშიც განსაკუთრებით უყვარდათ იგი.

მესხები იყვნენ დიდი კაპადოკიელები და დიდი ათონელი მამები: იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები - მნათობები სრულიად საქართველოსი, თორნიკე ერისთავი, ძმები ბაკურიანის ძენი.

მესხეთი ბურჯი იყო ქრისტიანობისა. აქ ჰყვაოდა არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური კულტურა, ხელოვნება. იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, მაგრამ როგორც კი ქრისტიანობა დაკარგა, მას შემდეგ აქ აღარაფერი ღირებული და მნიშვნელოვანი აღარ შექმნილა. ადამიანები იგივენი დარჩნენ, მოსახლეობა არ შეცვლილა, სულიერი და მატერიალური კულტურა კი ჩაკვდა. რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი იყო ის, რომ ქართველი კაცი თავისი შინაგანი ბუნებით ქრისტიანია. მისთვის ქრისტიანობა მშობლიური გარემოა. ამ გარემოში ის თავისუფლად ამჟღავნებს ქართული ბუნების სიდიადეს. სხვა სარწმუნოება მისთვის ბორკილი აღმოჩნდა. მაჰმადიანობის მიღება იყო ქართველი ადამიანის შინაგანი არსის შერყევა.

დღეს ზეიმის დღეა. თავისი შვილი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ კერას - ქართულ ეკლესიას. თქვენი, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტის ჩამობრძანებით გახარებულია არა მარტო ხალხი, მესხეთის აურაცხელი ტაძრების ჩუქურთმიანი ქვებიც კი მღერიან და ღაღადებენ სიხარულისაგან. თქვენი ჩამობრძანება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ მესხეთი დღეს არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც განუყოფელია ერთობლივი საქართველოსაგან. დღეს ძველი მესხეთის დიდება კვლავ ბრწყინავს.

მადლიერი მესხეთის, ჩვენი ეპარქიის ყველა მორწმუნის სახელით, გმადლობთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ.

„ჯვარი ვაზისა“, №2, 1981 წ.