მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

პროფ. ვახტანგ გურული


მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის
„საქართველოს საეკლესიო კრებები“

ქართველ სამღდელოებას არასოდეს აკლდა ღრმად განსწავლული მოღვაწენი, ბევრმა მათგანმა დიდი მეცნიერული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ამის დასტურად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების - ანტონ I-ის, კირიონ II-ის, კალისტრატესა და უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მეცნიერული მემკვიდრეობაც საკმარისია. ილია ჭავჭავაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველი სამღვდელოებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო „გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება“. ქართველი სამღვდელოების ტრადიციებს შესანიშნავად აგრძელებს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მეუფე ანანიას ხანგრძლივმა მეცნიერულმა მოღვაწეობამ საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ მიმართულებას - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის კვლევას. მისი ოთხტომეული „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ (პირველი წიგნი 1996 წელს გამოვიდა) ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების თანამედროვე ეტაპზეც კი განცვიფრებას იწვევს განსახილველი საკითხების ორიგინალურად დასმით, მდიდარი წყაროთ-მცოდნეობითი ბაზით, მკვლევარის არაჩვეულებრივი ალღოთი, ურთულესი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებით, დასაბუთებული დასკვნებით. ამჯერად მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომზე „საქართველოს საეკლესიო კრებები“, რომელიც სამ წიგნად გამოვიდა 2003 წელს - პირველი წიგნი - „საკანონმდებლო კრებები XII-XX სს.“, მეორე წიგნი - „მიმდინარე კრებები IV-XVIII სს.“, მესამე წიგნი - მიმდინარე კრებები XIX-XX სს.“ ესაა კაპიტალური ნაშრომი, რომლის შექმნა, ჩვენი აზრით, წარმოადგენდა ურთულეს საქმეს. უამრავი დოკუმენტური მასალის თავმოყრა, ანალიზი და სისტემაში მოყვანა არაადამიანურ შრომას მოითხოვდა. დიდ ნიჭსა და ერუდიციასთან ერთად მეუფე ანანია მკვლევარისთვის საჭირო დიდი შრომისმოყვარეობითაც არის დაჯილდოებული.

ჩვენ თავს ვიკავებთ ნაშრომის იმ ნაწილის შეფასებაზე, რომელიც IV-XIII საუკუნეებს ეხება „ეს საქმე სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის მიგვინდვია,“ მაგრამ აღტაცებას ვერ ვმალავთ იმის გამო, რაც მკვლევარმა XIX-XX საუკუნეთა ისტორის შესწავლის თვალსაზრისით გააკეთა. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ხსენებული ნაშრომის გამოსვლამდე ჩვენ საშუალება არ გვქონდა, სრულად გაგვეაზრებინა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია „XIX-XX სს.“, რადგან ბოლომდე გარკვეული არ ვიყავით იმ რთულ პროცესებში, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ეკლესიაში XIX საუკუნის დამდეგიდან XX საუკუნის ბოლომდე. მეუფე ანანიამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის მკვლევარებს. მან არა მარტო გამოიკვლია სრულიად შეუსწავლელი საკითხები, არამედ ახლებურად დაანენა, ახლებური შეფასება მისცა ბევრ სხვა საკითხსაც. მათ შორის დავასახელებთ შემდეგს: „საეკლესიო სამართლის წყაროები ავტოკეფალიის გაუქმებისას“, „საეკლესიო სამართლის წყაროები ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ“ „პირველი წიგნიდან“, ე.წ. „ცერკოვნი ბუნტი“, „ავტოკეფალიური მოძრაობის ჩასახვა“, „საეკლესიო კრებები 1905-1916 წლებში“, „ავტოკეფალიის აღმდგენი კრებები“, „საეკლესიო კრებები 1918-1995 წლებში“ „მესამე წიგნიდან“. მღვდელმთავარი ანანია ჯაფარიძე საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მოღვაწეა, მეცნიერი ანანია ჯაფარიძე ქართული ისტორიოგრაფიის სიამაყეა. უფლის ნებით, ჩვენ მოწმე ვართ იმისა, თუ როგორ შეძლო მეუფე ანანია ჯაფარიძემ „სარწმუნოების გამეცნიერება“ და „მეცნიერების გასარწმუნოება“.