მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

მიტროპოლიტი
ანანია ჯაფარიძე

ქადაგება ახალციხის სასულიერო სასწავლებლის გახსნისას

ბოლო წლებამდე საქართველოში ერთადერთი სასულიერო სემინარია არსებობდა მცხეთაში, რომელიც შემდგომ თბილისში იქნა გადატანილი და გაფართოებული.

დედაქალაქის გარეთ, საქართველოს კუთხეთა შორის, მესხეთი იყო პირველი, სადაც 1990 წელს დაარსდა სასულიერო სასწავლებელი.

ესაა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიისათვის. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან - იმერეთიდან, ქართლ-კახეთიდან და თბილისიდანაც კი აქ შემოკრებილი სტუდენტები უნდა აღიზარდონ საეკლესიო მოღვაწეებად, რომელთაც სულიერად უნდა გააძლიერონ ჩვენი მამული.

ღვთის ამ დიდი მოწყალების სამადლობელი საზეიმო წირვის შემდეგ 1990 წ. 30 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ - სასწავლებლის პირველმა რექტორმა - სიტყვით მიმართა მორწმუნეებსა და საზოგადოებას.

პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო!

უპირველესად ყოვლისა, ვმადლობდეთ უფალ ღმერთს, რომელმაც თავისი დიდი მოწყალებით მოხედა ჩვენს დავრდომილ კუთხეს - მესხეთს და ინება აქ დაარსება სასულიერო სასწავლებლისა.

ღვთივკურთხეულ საქართველოში სწავლისა და ცოდნის მოყვარულ ქართველ ერს მრავალი სხვადასხვა ტიპის სასწავლებელი გააჩნია. მიუხედავად ამისა, ახლის გახსნა ყოველთვის სიხარულის მომტანია საზოგადოებისათვის, მით უმეტეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს სასულიერო სასწავლებლის გახსნა, რამეთუ ჩვენში სულ რამდენიმე სასულიერო სკოლა არსებობს.

სასულიერო სასწავლებლის დანიშნულებაა აღზარდოს საეკლესიო მოღვაწენი, რომელთაც სრულიად უნდა გააძლიერონ საქართველო. მხოლოდ სულიერად ძლიერ ერს შეუძლია ზნეობრივი გაწმენდა და ამაღლება, თავისუფლების მოპოვება და მისი დაცვა.

ქართველი ერის სულიერი გაძლიერება ყოველთვის აშინებდა ჩვენს დამპყრობლებს, ამიტომაც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშივე ცარისტულმა ხელისუფლებამ მოსპო ქართული სასულიერო სემინარიები, რომელნიც არსებობდნენ თელავსა და თბილისში. მათ ნაცვლად მოგვიანებით დააარსეს რუსულენოვანი სემინარიები. ამან დიდად ავნო სარწმუნოების საქმეს საქართველოში. ქართველთა სახელგანთქმული ქრისტიანული რწმენა თანდათან მინელდა. თანდათან ქართველობა სარწმუნოების მიმართ გაგულგრილდა. აქტიურად სწორედ რუსულენოვან სემინარიებში აღიზარდნენ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის მიმართ ნაჰილისტურად განწყობილი ახალგაზრდები, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შემდგომ საერთოდ უარყო სარწმუნოება და ათეისტ რევოლუციონერებად მოევლინნენ საქართველოს. მათ კიდევ უფრო გააცივეს ხალხის გული ქრისტიანობის მიმართ. 1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, ძირითადად რუსულენოვანი განათლების მქონე მამა-პაპური ზნე-ჩვეულებების უარმყოფელი ქართველი ათეისტები ჩაუდგნენ სათავეში ქართული ეკლესია-მონასტრების დანგრევა-გაუქმების საშინელ საქმეს. დაბადეს უღმერთობა, აღზარდეს თავისი მსგავსი თაობა.

დაეცა ზნეობა, გადაგვარდა ხალხი, უბედურება კი ის არაა, რომ ათეისტების მიერ აღზრდილი ჩვენი ხალხი ზნეობრივადაა დაცემული, არამედ ის, რომ მან არ იცის ამის შესახებ, ვერ გრძნობს თავის სულიერ დაქვეითებას, დაცემას.

ჩვენს ერს სჭირდება მოძღვრები, ზნეობისა და სულიერების მასწავლებლები. მათ წმინდა წერილის უწმინდეს სარკეში უნდა ჩაახედონ ჩვენი ხალხი, ერი, დაანახონ თავისი სულიერი სახე. წმიდა წერილი, სიტყვა ღვთისა, კვლავ ძველებურადვე აღადგენს ჩვენს ერს, ააღორძინებს მას, დაუბრუნებს ძველ დიდებას, მიანიჭებს სულიერ სიმაღლეს, გაათავისუფლებს, განუახლებს ეროვნულ სახლს-სახელმწიფოს. მხოლოდ ზნეობრივად ამაღლებული ერი გაიმარჯვებს. ზნეობა კი ღრმა ქრისტიანობით მოიპოვება, და როგორც ითქვა, სწორედ ამიტომ აშინებდა ერის სულიერი გაძლიერება ჩვენს დამპყრობლებს.

აღნიშნულ მიზეზთა გამო ჩვენს ერს ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ქართულენოვანი სასულიერო სასწავლებელი თითქმის არ ჰქონია. როგორც ითქვა, მეცხრამეტე საუკუნეში ისინი ცარიზმმა გააუქმა, ხოლო მეოცე საუკუნეში - ათეისტებმა. მხოლოდ ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში აღსდგა მთელ საქართველოში ერთადერთი სასულიერო სემინარია, ამჟამად კი ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის ღვაწლით აკადემიაც გაიხსნა.

მნიშვნელოვანი საქმეა მესხეთში სასულიერო სასწავლებლის გახსნა. მოგეხსენებათ, მესხეთში უჭირს ქართველობასა და, ცხადია, ქართულ ქრისტიანობას - მართლმადიდებლობას. ჩვენი კუთხე, ისტორიული ტაო-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი, წარმოადგენდა ქართული ქრისტიანობის აკვანს, ამიტომაც აქაურ სოფლებში მრავლადაა შემორჩენილი ეკლესია-მონასტრები, ამჟამად გაუქმებულ-დადუმებული. ღვთის შეწევნით ჩვენ მრავლად გადმოგვეცა ასეთი ეკლესიები, ახლა ნება გვაქვს აქ წირვა-ლოცვისა, მაგრამ ყველაფრის ახლიდან დაწყებაა საჭირო. სოფლელებმა ძირითადად აღარ იციან რაა წირვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, სინანული, ხალხი წარმართობის გზაზეა დამდგარი, ამასთანავე არა გვყავს მოძღვრები სოფლებში გასაგზავნად. ამიტომაც ჩვენ მრავლად გვესაჭიროება მღვდლები, დიაკვნები, მედავითნეები, მგალობლები, ეკლესიური ადამიანები, მორწმუნეები, მორჩილები, გვესაჭიროება მქადაგლები, ღვთის სიტყვის გამავრცელებლები, ქრისტესათვის თავდადებული მოღვაწენი.

თუ ღმერთი ინებებს, და ჩვენც ვლოცულობთ ამისთვის, ჩვენი სასწავლებლის დანიშნულებაც ესაა - აღზარდოს საეკლესიო მოღვაწენი. ლოცვითა და მონდომებით შესაძლებელია ყოველივეს მიღწევა. „ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ“, - ნაბრძანებია წმინდა სახარებაში. რწმენით კლდესაც კი გადააბრუნებთ. ცოდნის შეძენა მოითხოვს უზომო შრომისმოყვარეობას, მონდომებასა და საქმის სიყვარულს. მოსწავლე უნდა გაუფრთხილდეს დროს და ყოველი წუთი ცოდნის შეძენას მოახმაროს.

უფალმა ღმერთმა სამყაროსთან ერთად შექმნა დრო. ქვეყნიერება მარად ახლდება, ამიტომაც დრო მარად წინ მიდის და არავის შეუძლია მისი შეჩერება, ანდა უკან დაბრუნება. ამის გამოცაა ყველაფერი წარმავალი. ამქვეყნად ყველაფერი დროებითია. ეს კი ადამიანს ავალებს დრო უქმად არ დაკარგოს, დროზე გააკეთოს კეთილი საქმე, მაქსიმალურად ისარგებლოს სიცოცხლის იმ მომენტით, რომელიც დროის გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. მაგრამ რომელია ყველაზე სასიკეთო, ყველაზე მარადიული და წარუშლელი საქმე? სიმდიდრის დაგროვება, ქვეყნების დაპყრობა, ქალაქებისა და სოფლების გაშენება, განცხრომითა და მოსვენებით ცხოვრება? - არც ერთი მათგანი არ იძლევა მარადიულ ნაყოფს, ყველაფერი ეს „წარვალსა და არა დაადგრების ერთსა საუკუნისად“.

მხოლოდ სწავლა, მხოლოდ ცოდნა არის „ნაყოფი კეთილი“, რომელსაც უდიდესი სიკეთე მოაქვს. ვახუშტი ბაგრატიონი, ჩვენი დიდი ისტორიკოსი წერს - „სწავლა განაბრძნობს, თავისუფალ ჰყოფს, აცნობებს ღმერთსა და შიშსა მისსა დანერგავს. განდევნის ბოროტსა, შეაყვარებს მოყვასსა, შემოიყვანს კეთილსა, მატებს ქვეყანასა, აღაშენებს და დაამშვენებს, მტერთა დაამდაბლებს, თავისთა აამაღლებს და აკადნიერებს.“

სწავლა და ცოდნა ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის ფუძე ყოფილა. ამიტომაც უთქვამს ბრძენს - „ყოველი ჟამი ჩაივლის ფუჭად, რომელსაც ცოდნის შესაძენად არ გამოვიყენებთ“. სწავლა და ცოდნა არა მარტო სამყაროს შეცნობისათვის ყოფილა საჭირო, არამედ სიბრძნისა და თავისუფლების მოპოვებისათვისაც, ზნეობრივი განწმენდისათვის, სულგრძელობისა და ურთიერთპატივისცემის დანერგვისთვისაც.

მაგრამ, თანახმად ვახუშტისა, ცოდნა წარმავალი ყოფილა, ადამიანთა მეხსიერებას მხოლოდ სამი-ოთხი თაობის მანძილზე შესძლებია დაგროვილი ცოდნის შენახვა, შემდეგ იგი ქრება. რა გზა, რა საშუალება არსებობს ამის თავიდან ასაცილებლად?

ერთადერთი საშუალება ცოდნისა და სიბრძნის შესანახად და მის დასაუნჯებლად ყოფილა ჩანაწერი, რომელიც „არა წარწყმედის, არამედ ჰგიეს უკუნისამდე“. წიგნი უზრუნველყოფს ცოდნისა და სიბრძნის შენახვას, მის მარადიულობას. ვახუშტი იმოწმებს წმიდა იოანე დამასკელის ნათქვამს, რომ სასარგებლოა ნებისმიერი სახის წიგნი, პირველ რიგში კი სასულიერო წიგნები. კარგი მკითხველისათვის უსარგებლო წიგნი არ არსებობს.

ახალგაზრდამ უნდა შეიყვაროს წიგნი, მასში დაუნჯებული ცოდნა. ცოდნით კი, როგორც ითქვა, მივიღებთ სიბრძნესა და თავისუფლებას, განვიწმინდებით ზნეობრივად, ვისწავლით სიკეთის ქმნას, ჩაგვენერგება სული შემოქმედებისა, მშვიდობისმოყვარეობისა და სიყვარულისა.

სწორედ ამიტომაა ქრისტიანობის უპირველესი განძი წიგნი, რომელსაც ეწოდება წმინდა სახარება, ანუ წმინდა ოთხთავი. ჩვენს სასწავლებელში უპირველეს ყოვლისა ეს წიგნი - სიბრძნის ოკეანე უნდა შეისწავლოთ. ორი დიდი წიგნის, წმინდა წერილისა და „ქართლის ცხოვრებისა“ - ანუ ეროვნული ისტორიის შესწავლა, ჩვენს წინაპრებს უდიდეს საქმედ მიაჩნდათ. ეს წმინდა წიგნები მათ ეხმარებოდათ განესხვავებინათ კეთილი ბოროტისაგან.

ჩვენი წინაპარნი ისტორიას პატრიოტულ მეცნიერებად მიიჩნევდნენ, რამდენადაც ის ადამიანს აცნობდა ვინაობას, წარმომავლობას, აყვარებდა თავის თვისტომს, თავის მამა-პაპათა სარწმუნოებას, ანუ ქრისტიანობას, უერთგულებდა თავის ქვეყანას. ეს ასეა ახლაც. ამიტომაც ჩვენს სასწავლებელში წმინდა წერილის გვერდით უნდა იდოს „ქართლის ცხოვრება“ და ჩვენი ეკლესიის ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნები.

მესხეთი საქართველოს განსაკუთრებული ისტორიული მხარეა. აქ შემოდგეს ფეხი პირველად წმიდა ანდრია პირველწოდებულმა და წმინდა ნინომ. აქედან განათლდა საქართველო, მრავალი საუკუნის შემდგომაც არაბთაგან განადგურებული საქართველოს აღდგენაც აქედან დაიწყო, კერძოდ, ჩვენი დიდი ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ქართლიდან გადავიდა მესხეთში, ააღორძინა აქ სამონასტრო ცხოვრება, მესხეთში აღორძინებული სულიერება კი საფუძვლად დაედო საქართველოს განახლებას.

ვილოცოთ იმისათვის, რათა თქვენ, ჩვენი სასწავლებლის სტუდენტები, ახალი თაობა, ქალები და ვაჟები მომავალში გადაიქცეთ მამა გრიგოლისა და დედა თებრონიას ღვაწლის მემკვიდრეებად. თქვენ უნდა აღადგინოთ დაცემული საქართველო, თქვენ უნდა გახდეთ დვრიტა მესხეთის სულიერი ცხოვრებისა, ჩვენი მამულის აღორძინებისა. შევთხოვოთ უფალ ღმერთს და ვილოცოთ ამისათვის. არა ურთიერთქიშპი და გაუტანლობა, არამედ სიმშვიდე, სიყვარული, ცოდნის მიღების წყურვილი უნდა იყოს თქვენი მამოძრავებელი. თქვენ მუდამ უნდა იმეორებდეთ ეფრემ ასურის სიტყვებს - „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და ცუდადმეტყველებისასა ნუ მომცემ მე, ხოლო სული სიწმინდისა, სიმშვიდისა, მოთმინებისა, და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ამავე ლოცვაში იხსენიება აგრეთვე სიტყვები - „მიმომწვლილველობა“ - რაც წვრილმანი, არამთავარი საქმეების მოყვარულობას ნიშნავს და „მთავარობისმოყვარეობა“, რაც უფროსობის, განდიდების მოსურნეობას ნიშნავს, რაც დაგმობილია.

შევთხოვ უფალ ღმერთს თქვენსა და სრულიად საქართველოს გაძლიერებას. ღმერთმა დაგლოცოთ.

გაზ „მესხეთი“, 27. IV. 1992 წ.