მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

მიტროპოლიტი
ანანია ჯაფარიძე


სამაგიდო წიგნი ეკლესიის ისტორიაში

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულყოფილი ისტორია ჯერ კიდევ არ დაწერილა“, „არა გვაქვს ქართული ეკლესიის განმაზოგადებელი ისტორია“, „თანამედროვე მკითხველს არა აქვს საშუალება წაიკითხოს მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული გამოკვლევა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“, „ფუნდამენტური საისტორიო ნაშრომი ეკლესიის ისტორიაში ჯერ კიდევ მომავლის საქმეა,“ - ასეთ გამონათქვამებს შეხვდებოდით ქართულ პრესაში თუ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. რამდენად სამართლიანია ეს სიტყვები?

საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესწავლის ერთ-ერთი პიონერის პლატონ იოსელიანის“ „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, მოსე ჯანაშვილის „საქართველოს საეკლესიო ისტორია“, მ. საბინინის, თ. ჟორდანიას, ი. ნატროშვილის, ს. გორგაძის, ნ.მარის, მ.კელენჯერიძის, კათოლიკოსპატრიარქების – კირიონის და კალისტრატეს და სხვათა გამოკვლევები მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ საეკლესიო ისტორიოგრაფიაში. ფასდაუდებელია ჩვენი საეკლესიო ისტორიისათვის მ. თამარაშვილის, ივ.ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის ნააზრევი. ასევე მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა თანამედროვე მკვლევრების: ბ. ლომინაძის, ზ. ალექსიძის, ვ. გოილაძის, გიორგი მამულიას ნაშრომები საეკლესიო ისტორიის რიგ საკითხებზე. როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევისა და შესწავლის საქმეს საკმაოდ ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიციები აქვს. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ჩვენში მართლაც არ შექმნილა განმაზოგადებელი, ფუნდამენტური მონოგრაფია საქართველოს მრავალსაუკუნოვან საეკლესიო ისტორიაზე, არ დაწერილა ნაშრომი, რომელშიც მოცემული იქნებოდა უწყვეტი, გაბმული თხრობა საქართველოში ქრისტიანობის შესახებ, დაწყებული მოციქულთა დროიდან დღემდე.

ეს ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო. უნდა შექმნილიყო თანამედროვე ისტორიოგრაფიის დონის შესაფერისი დიდი გამოკვლევა, რომელშიც განხილული იქნებოდა ჩვენი საეკლესიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მხარე. ამ ხარვეზის გამოსწორების უმძიმეს, ერთი მეცნიერისთვის თითქმის შეუძლებელ საქმეს ხელი მოჰკიდა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარმა, მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადსამღვდელო მეუფე ანანიამ. დღეს ქართველ მკითხველს ხელთ აქვს მთავარეპისკოპოს ანანიას უზარმაზარი ნაშრომის „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ ოთხტომეულის 2 ტომი (I ტომი - 447 გვ.; II ტომი - 399გვ.), რომლებშიც განხილულია საქართველოს ეკლესიის ისტორია I საუკუნიდან XII საუკუნემდე.

ორტომეულის შინაარსის ზერელე გაცნობაც კი დაარწმუნებს მკითხველს, თუ რამდენად ფართოა განხილული საკითხების წრე, რამდენად რთულ და პრობლემატურ საკითხებს ეხება ავტორი. მაგალითისთვის საკმარისია თუნადც I თავი „ქართული ეკლესია I-III საუკუნეებში“. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ ამ პერიოდის ქრისტიანობაზე საქართველოში, ისტორიოგრაფიაში არ მოგვეპოვებოდა რაიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა და ამ პრობლემას არასაკმარისი ყურადღება ექცეოდა. მეუფე ანანიას ნაშრომში მოციქულთა დროინდელი საქართველოს დეტალური და საინტერესო სურათია მოცემული. დაწვრილებით არის განხილული მოციქულთა მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა წყარო და საეკლესიო გადმოცემა, გამოთქმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება ქართველთა საერთო წარ

მოშობის, ერთიანი ქართული კულტურის, ფსიქიკური წყობის ერთობის შესახებ და სხვ.

როგორც აღინიშნა, მეუფე ანანია განიხილავს საქართველოს ეკლესიის ცხოვრების ფაქტობრივად ყველა მხარეს და ბევრ საინტერესო და ყურადსაღებ ვარაუდს გამოთქვამს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავტორის თვალსაზრისი საეკლესიო ენაზე ალბანეთში, ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილებაზე. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასა და დიპტიხზე, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის საზღვრებზე.

ხაზგასასმელია ის მდიდარი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ბაზა, რომელსაც ეყრდნობა ავტორი. მეუფე ანანიას გამოყენებული აქვს თითქმის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც წარსულში ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას ასახავს, შესწავლილი და გაანალიზებული აქვს უამრავი ავტორის ნააზრევი. ზოგიერთ პრობლემასთან დაკავშირებით ავტორი ეთანხმება ჩვენს ისტორიოგრაფიაში ადრე გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგრამ ბევრ პოლემიკურ საკითხში საკმაოდ დამაჯერებლად ახალ თვალსაზრისს ავითარებს.

ჯერ არ გამოცემულა მეუფე ანანიას სქელტანიანი ნაშრომის III და IV ტომები*, სადაც განხილული იქნება XII-XX საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ისტორია, მაგრამ 1997 წლის საეკლესიო კალენდარში გამოქვეყნებული „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორი“-ის მოკლე კურსში მოცემული გაბმული თხრობა XV-XVIII საუკუნეების საეკლესიო ისტორიაზე, ავტორი წარმოადგენს ამ საქმის პიონერს საქართველოში - თუ არ ჩავთვლით ალ. ცაგარელის რამდენიმე წერილს გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესიის შესახებ და ბ.ლომინაძის რამდენიმე ნაშრომს, რომელიც ძირითადად საეკლესიო ქრონოლოგიის დადგენას და სოციალური ისტორიის საკითხებს ეძღვნება - ჩვენს ისტორიოგრაფიას არ გააჩნია გამოკვლევები ამ საუკუნეების საეკლესიო ისტორიაზე.

...რასაკვირველია, ძნელია სრულად წარმოაჩინო საეკლესიო ისტორიის სფეროში შექმნილი უზარმაზარი ნაშრომი თავისი ღირსებებითა თუ ხარვეზებით, მაგრამ ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: როგორც იქნა, ქართველმა მკითხველმა მიიღო უაღრესად საინტერესო და, რაც მთავარია, საჭირო და აუცილებელი ნაშრომი ჩვენი ეკლესიის ისტორიაზე. ასეთი მოცულობის ნაშრომი, რასაკვირველია, უნაკლო არ არის და ვერც იქნება, მაგრამ იგი ნამდვილად გახდება სამაგიდო წიგნი ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს და ჩვენი ეკლესიის ისტორიით.