ეს მოთხრობა განსაკუთრებით მრავალმხრივია და ამიტომაა საინტერესო. ის ერთი მხრივ გვიჩვენებს, რომ ღვთის მიმბაძველმა, მოსიყვარულე, ჭეშმარიტმა ღვთის მონამ – მამა ამბროსიმ, „შეიყვარნა თვისნი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (იოანე 13, 1). მას არ შეუწყვეტია მათი ხელმძღვანელობა ხსნის გზაზე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მეორე მხრივ მიგითითებს იმაზე, თუ რა შეუპოვარი უნდა იყოს ძველი ადამიანის ბრძოლა, როცა ქრისტიანი ქრისტეს უღელში შებმას იწყებს. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მერყეობს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის: მას სჯერა და ამავდროულად არ სჯერა, ერთ შემთხვევაში მთლიანად ენდობა ბერს, მეორეში კი აბსოლუტურ უნდობლობას ავლენს. ითხოვს მისგან რჩევას და უნდა გულწრფელად დაუჯეროს მას, მაგრამ ამავდროულად შეუპოვრად სურს თავისი ნების აღსრულება. ეტყობა უსაზღვროდ უყვარს ბერი და იმავდროულად გაურბის მას. სულიერ სიმშვიდეს რომ ვერ იპოვის, ისევ მირბის ბერთან. ასეთი მერყეობა მეტნაკლებობით ყველასთან ხდება, ვინც ბერის ხელმძღვანელობით შეუდგა სულიერ გზას. აქ მოგითხრობთ მამა ამბროსის შამორდინოს ქალთა სავანეში გადასვლას და მის უკანასკნელ დღეებს.
როგორ მოვხვდი მამაოსთან.
– „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ“ (იოან. 15, 16). სახარების ეს სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ მამა ამბროსისთან მიმართებაში. ღვთის მადლის ძალით, ის იზიდავდა არა მხოლოდ იმათ, ვინც მას განსაცდელების და საჭიროების ჟამს მიმართავდა, არამედ იმათაც, რომლებიც არც ფიქრობდნენ, არც თვლიდნენ საჭიროდ და შესაძლებლად მასთან მისულიყვნენ. ამ უკანასკნელთა რიცხვს განვეკუთვნებოდი მეც, ცოდვილი.
მე ადრე გავთხოვდი და ოჯახური ცხოვრების მეტი არაფერი გამეგებოდა. მონასტრებზე, მონაზვნებზე და ბერებზე მოსმენილიც მქონდა და ნანახიც მყავდნენ ბავშვობაში, მაგრამ ძალიან ბნელი და უკუღმართი წარმოდგენა მქონდა მათზე, რაც ჩემნაირი გაუგებარი ადამიანებისაგან ავითვისე. უფრო დაწვრილებით მათზე რაიმეს ცოდნას არ ვთვლიდი საჭიროდ და არც ვფიქრობდი.
მიუხედავად მეუღლესთან შეთანხმებული ცხოვრებისა, უფალი ხშირად მომივლენდა განსაცდელებს, ხან შვილების გარდაცვალებით, ხან კიდევ ავადმყოფობით.
მთელი ჩემი მრავალწლიანი ცოლ-ქმრული ცხოვრების მანძილზე არასოდეს ვყოფილვარ ისე მძიმედ, უნუგეშოდ, როგორც 1884 და შემდგომ წლებში. თითქოს რომელიღაც შავბნელმა ღრუბელმა მომაკითხა ყოველი მხრიდან და მყისიერად დაარღვია ჩემი ოჯახური ცხოვრება. ტყუილის შედეგად დავკარგე ცხონებული ჩემი მეუღლის მიერ წლების განმავლობაში დანაგროვები მატერიალური საშუალება. ამან მასზე ისე იმოქმედა, რომ დასნეულდა, რაც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს საუკუნეში. მან ტვინის თანმიმდევრული დამბლა მიიღო, ამას დაემატა გულმკერდის ხუნაგი. გამოუთქმელი წვალება გადავიტანეთ ორივემ. სხვათა შორის, მისი სამსახური და მდგომარეობა, რომელსაც თავიდან აგრძელებდა, აგრეთვე ქალიშვილიც, ითხოვდნენ ჩემს თანადგომას საერო ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ადვილი არ იყო. დიდი განსაცდელი გახლდათ ჩვენთვის ისიც, რომ ჩვენი მშობლიური არჩევანი ქალიშვილის გაბედნიერებაში არ უნდა შემდგარიყო მისი თანხმობის გარეშე. ალბათ, არსებობდა იმის მიზეზი, რომ ეს შეუღლება წლიდან წლამდე იწელებოდა. ახალგაზრდა სასიძოს საქმიანობა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნას ითხოვდა და ბრწყინვალე მომავალს ჰპირდებოდა. ისიც მოჩვენებასავით მისდევდა მის მომავალს და ამით იწელებოდა დრო მისთვისაც და ჩვენთვისაც. ყველაზე მეტად ჩემი დედობრივი, მოსიყვარულე და თავმოყვარე გული წუხდა უაზრო ლოდინის გამო.
ყოველივე ღვთის ნება გახლდათ. რომ არა ეს, ვერ მოვხვდებოდი ძვირფას მამაოსთან, არასოდეს მეცოდინებოდა და ვერც ვნახავდი სხვა ცხოვრებას, იმის საპირისპიროს, რომლითაც იმ დრომდე ვცხოვრობდი.
ერთხელ (1884 წელს, ორი წლით ადრე ვიდრე მამაოსთან მოვხვდებოდი) დილაადრიან დავბრუნდი დიდი ზეიმიდან, ცარიელი გულით და დამძიმებული თავით. ეს მუდამ ასე ხდება მსგავსი გართობების ჟამს. თითქმის არ მილოცია, დაქანცული ჩავვარდი ლოგინში და მაშინვე გავითიშე. და აი, ვხედავ სიზმარს: მოვხვდი სადღაც უდაბურ, საუკუნოვან ტყეში. ასეთი მხოლოდ პანორამებში მქონდა ნანახი. გაკვალულ გზაზე მარტო მივდიოდი, რომელმაც შენობამდე მიმიყვანა. უცბად წმინდა ჭიშკარი ღია დამხვდა და მეც შევედი მშვენიერ ბაღში. მივდიოდი პირდაპირ ქვიშით მოყრილ გზაზე. ორივე მხარეს ყვავილები იყო დარგული. მალე ამ გზამ პატარა ხის ეკლესიამდე მიმიყვანა. კიბით ჩავედი კარიბჭემდე, რომელიც შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. როდესაც მე მივუახლოვდი, ვიღაცამ გაწია რკინის ურდული და გამიღო კარი. დავინახე, ჩემს წინ იდგა ვიღაც მაღალი ბერი, უქუდოდ, კაბაში და ოლარით. მან ძლიერად მომკიდა ხელი მარჯვენაზე, შემიყვანა ტაძარში, მომაბრუნა მარჯვენა კედლისაკენ, დამაყენა ღვთისმშობლის ხატის წინ; მოკლედ და მკაცრად მითხრა: „ილოცე!“ მე სიზმარშიც აღფრთოვანებული ვიყავი ბერის გარეგნობით და ვკითხე: „ვინ ხართ თქვენ, მამაო?“ მან მიპასუხა: „მე ოპტინელი ბერი ამბროსი ვარ“, – და მარტოდ დამტოვა, თვითონ კი მოპირდაპირე კარიდან გავიდა. მარტოდ დარჩენილმა ვილოცე ზეციური დედოფლის ხატის წინ, სადაც ბერმა დამტოვა. შემდეგ გავიხედე მარცხნივ, სადაც სარკოფაგი და გარდამოხსნა შევნიშნე (აქ ნამდვილად ასვენია გარდამოხსნა მთელი წლის მანძილზე, გარდა დიდი პარასკევისა და შაბათისა). მივედი, ვილოცე, შემდეგ კი მთელი ტაძარი შევათვალიერე. ეს იყო საოცარი პატარა ტაძარი აღსავლის კარებზე ჩამოფარებული ვარდისფერი ფარდით, რომელიც თითქოს მთლიანად მზის სხივებით იყო მოფენილი. საოცარია, უცბად აღმოვჩნდი მის შუაში თეთრ პერანგში, გაშლილი თმებით და ფეხშიშველი. ასე ვლოცულობდი და ვტიროდი, როგორც არასოდეს სინამდვილეში. ამის შემდეგ გამომეღვიძა. ბალიში მთლიანად ცრემლით იყო დასველებული. უცნაურმა სიზმარმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩამაფიქრა. ის ვერ მოვიფიქრე, რომ წერილობით მიმემართა ბერისთვის. ნანახი სიზმარი კი არ ამოდიოდა მეხსიერებიდან. ამის შემდეგ კიდევ ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ჩემი ქმარი ფიზიკურად, მე კი სულიერად. წავიყვანე დედაქალაქში ცნობილ ექიმებთან, რასაც თან დიდი ხარჯები ახლდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ბოლოს გადავწყვიტეთ აღარ წავსულიყავით.
მაგრამ ჩვენს გამოსაფხიზლებლად ღმერთმა ინება ჩვენი ბოლომდე გამოცდა. მომსახურემ ტიფის ვირუსი შემოგვიტანა და ყველა დავავადდით. პირველად ქმარი გახდა ცუდად. მისი ძლიერი ორგანიზმი სამი კვირის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს და გაუძლო კიდეც. 21-ე დღეს სიცხემ დაიკლო, მაგრამ ფეხის ჭრილობა გაურთულდა და ჭრილობის ზედა ნაწილი გაუსივდა, რომელიც პერიოდულად ძალიან სტკიოდა, განსაკუთრებით ღამით. უძილოდ ათენებდა და მთელი ღამე ტრიალებდა გვერდიდან გვერდზე. ფეხიც უფრო და უფრო უსივდებოდა. ექიმები ვერ იგებდნენ რა სჭირდა და, შესაბამისად, ვერც ეხმარებოდნენ. ენითგამოუთქმელი წვალების გამო გადაწყვიტეს შეეხვიათ მთელი ფეხი, რისთვისაც ქირურგი მოიწვიეს. მან აღმოაჩინა ჭრილობაში ჩირქი. გაუჭრა და ჩირქიც გამოუშვა. ავადმყოფმა მოისვენა, მაგრამ გამოჯანმრთელება ჯერ კიდევ შორს იყო. რამდენიმე დღეში ფეხი ისევ გაუსივდა და ახლა სხვა ადგილას გაუჭრეს. შემდეგში კი რამდენჯერმე გაუჭრეს და შეხორცება გაუჭირდა. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გაჭრა უკვე არ შეიძლებოდა. ყველა ჭრილობა დაჩირქდა და ექიმმა თქვა, რომ შეუძლებელია კიდევ ახალი ჭრილობის დადება. სამი თვის განმავლობაში იწვა ზურგზე ავადმყოფი და ფეხი მორს დაემსგავსა. ნერვები იმდენად მგრძნობიარე გაუხდა, რომ თეთრეულის შეხებაც კი მტკივნეული იყო მისთვის. ხმაურსაც ვერ იტანდა. ოთახში მხოლოდ მე შევდიოდი, ისიც წინდებით. ფეხის სიმსივნე მაღლა და მაღლა იწევდა. მე ვერ მოვითმინე და ისევ გავაგზავნე ექიმის მოსაყვანად. მან დახედა ფეხს და გამოჯანმრთელების ყველა იმედი გადამიწურა. აი ახლა მომივიდა აზრად ბერის ლოცვებისთვის მიმემართა, რაც დაუყოვნებლივ აღვასრულე. ამის გაკეთება ჩემთვის ადვილად მოსახერხებელი იყო. გავიგე, რომ ჩემი ნათესავი ქალი, ბერის სულიერი შვილი იყო და სტუმრობდა ოპტინაში. მე ძირფესვიანად ავუხსენი მას ავადმყოფი მეუღლის მდგომარეობა, ვთხოვე გადაეცა მამაოსთვის, რომ მის წმინდა ლოცვას ვითხოვდი. მივწერე: „ვფიქრობ, უცნაურად მოეჩვენება საერო ქალბატონის მიმართვა ბერის მიმართ“. ამ შემთხვევაში კი ვთხოვე, ჩემი სიზმარი მოეთხრო მისთვის. წერილის მიწერიდან რამდენიმე დღეში ფეხის მდგომარეობის შეცვლისას დავინახე, რომ სიმსივნე მუცლის ქვედა არემდე იყო მისული, ისეთი ტკივილები ჰქონდა, რომ არც კი ვიცოდი რით დავხმარებოდი და რატომღაც მოვიფიქრე, შემეხვია ფეხი საზარდულთან. ტკივილისგან ვერც გრძნობდა ჩემი სუსტი ხელების მოქმედებას. ხელები მიკანკალებდა. მაგრად მოჭერის მეშინოდა, მაგრამ სახვევის დადება რატომღაც ჩემთვის რაღაც ნუგეში იყო. ერთი საათიც არ გასულა და ავადმყოფმა ხმამაღლა დამიძახა: „ნახე, რაღაც სულ დამისველდა ირგვლივ ფეხები“. ფეხის გახსნისთანავე ვნახე, რომ სამი თვის წინ გაჭრილი ჭრილობიდან შადრევანივით მოდიოდა ჩირქი, სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩირქის განუწყვეტელი დენის შემდეგ ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. ნათესავთან მიმოწერით შემდეგ გაირკვა, რომ ჩირქის დენის დაწყება დაემთხვა ბერის მიერ ჩემი წერილის წაკითხვის დღეს და საათს. დადგა გაზაფხული. მეუღლის ჯანმრთელობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ უკვე ჰაერზე გამოსვლა შეეძლო.
უფალმა ამჟამად ახალი განსაცდელი და საზრუნავი მოგვივლინა. მოულოდნელად ჩამოვიდა ქალიშვილის საქმრო. მისმა ჩამოსვლამ გაგვახარა და რატომღაც შეგვაშინა კიდეც. მან გამოგვიცხადა, რომ ქონების შეძენას თავს ანებებს. უნდა შეირთოს ჩვენი ქალიშვილი და დასახლდეს სადმე ჩვენთან ახლოს ქალაქში. მას ჰქონდა გარკვეული საშუალება, მაგრამ ოჯახის კაცისთვის ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ მას უნდა ეძებნა სამსახური, რაზეც მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ზრუნვა. ის კი წავიდა თავისი საქმეების მოსაგვარებლად და ორი თვის შემდეგ სამუდამოდ დაბრუნდა ჩვენთან.
მისი წასვლის მერე პირველად მივწერე მამა ამბროსის. საქმის ვითარება ძირფესვიანად არ აღმიწერია, რადგან მასთანაც მეშინოდა საიდუმლოს გახსნის. მე მხოლოდ ქალიშვილის და სიძის სახელები მივწერე და ვთხოვე გულიანად ელოცა მათთვის. ძალიან მალე, ჩემდა გასაკვირად, მივიღე ასეთი მოკლე პასუხი მამაოსგან. „მათზე, – მწერდა ის, – ვილოცებ. შენც ილოცე. ეს მოუტანს სარგებელს მათ და შენც. მრავალცოდვილი ბერი ამბროსი“. მალე კი გადმომცეს, რომ საერთო კურთხევაზე გამოსულმა ბერმა ყველას გასაგონად თქვა: „მე მივიღე წერილი (დაასახელა ჩემი გვარი). თავნება ქალი! ეტყობა მის ქალიშვილს საქმრო ჰყავს, ისინი კი ამას ჩვენც გვი-მალავენ“. გავიდა კალენდარული ორი თვე, მაგრამ ჩემი ქალიშვილის საქმროზე არაფერი ისმოდა. შეწუხებულმა მივწერე და ვკითხე, თუ რა იყო მისი ჩამოუსვლელობის მიზეზი. გვიან მივიღე პასუხი, მაგრამ როგორი! წერილის შინაარსი კი არა, კალიგრაფიაც შეცვლილი ჰქონდა. ეს ან მთვრალის, ან გიჟის წერილი იყო. ამან მთელი ჩვენი იმედები დაანგრია და ჩვენს გულებში ღრმა ჭრილობა დატოვა. მე არ მინდოდა მის წერილზე მეპასუხა, მაგრამ ჩემებმა მაიძულეს. უშინაარსო იყო ჩემი პასუხი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც თითქმის შვილად ვთვლიდი. ვერ ვხვდებოდი, რა ემართებოდა მას. ამჯერად სულიერმა სიმტკიცემ მიღალატა. არ ვიცოდი, როგორ მოვერეოდი თავს, მით უმეტეს, რომ ჩემი ახლობლებისგან მომიწევდა განსაცდელის დამალვა. მოვიფიქრე, ფეხით წავსულიყავი ადგილობრივ წმინდანთან მოსალოცად, რათა სხეულებრივი დაღლილობით მომეკლა სულიერი ტანჯვა. მე შეუჩვეველი ვიყავი ამ სიშორეზე ფეხით სიარულს. ამ წმინდანის ხსენების დღეს, დილით ადრე გამოვედი სახლიდან მომსახურესთან ერთად. გავიარე ხუთიოდე ვერსი. შეუჩვევლობისა და ნერვიულობის გამო ძალა გამომეცალა. საღამოს ამტკივდა თავი, ხელები, ფეხები და ძლივს მივაღწიე დანიშნულების ადგილს. სხეულში დამსიცხა და წამერთვა მარჯვენა ხელი. როდესაც იმ მონასტერს მივაღწიე, სადაც წმინდანის ნაწილები ესვენა, პირველივე ქვაზე დავვარდი უძლურების გამო. გამოვტყდი, რომ ვერ გავთვალე ჩემი ძალები ამ მგზავრობის საჭიროების შესაბამისად. მომსახურე გავაგზავნე სასტუმროში ადგილის მოსაძებნად. ისიც მალე დაბრუნდა და თქვა, რომ ხალხის დიდი ნაკადის ჩამოსვლის გამო ერთი კუნჭულიც არსად იყო. წავედით მონასტრის ახლოს მდებარე სოფელში ადგილის მოსაძებნად. იქ, სხვა მომლოცველებთან ერთად, მოიძებნა ჩემთვის ადგილი. მე ერთი ცარიელი სკამი შემხვდა. დიასახლისმაც სისუტის გამო შემიბრალა და ბალიში მომცა. ტკივილისგან გაუხდელად დავვარდი სკამზე, მაგრამ სტუმრების ჟრიამული მთელი ღამე არ მასვენებდა. ისე მტკიოდა მთელი სხეული, რომ მოხერხებულად დაწოლას ვერ ვახერხებდი. დილისკენ დაწყნარდა ქუჩის ხმაური და მეც ჩამეძინა. სიზმარმა სახლში დამაბრუნა. თითქოს სასტუმრო ოთახში სავარძელში ვიჯექი. იმდენად ცხადი სიზმარი იყო, რომ ტკივილს სიზმარშიც ვგრძნობდი. უცბად თითქოს ოთახების კარები გაიღო და შემოვიდა ბერმონაზონი. მან ხელი გამომიწოდა, ამაყენა, შემდეგ დამაჯინა და მზრუნველი ტონით მკითხა: „რა გტკივა?“ მახსოვს, ვუპასუხე: „ხელები და ფეხები, მამაო, ყველაზე მეტად კი თავი“, – რომელიც ჩავუდევი ხელებში. ბერმა ხელ-ფეხზე მომკიდა ხელი, ხოლო თავზე, იქ სადაც მტკიოდა, სამჯერ დამარტყა. მაშინ ბერის უკან მდგომ ვიღაცას ვკითხე: „ვინ არის ეს?“ მან კი მიპასუხა: „ეს ხომ ოპტინელი ბერი ამბროსია“. უცბად დიასახლისის ხმამ გამაღვიძა: „უკვე ხუთი საათია და წირვაზე გვიხმობენ: თქვენ წახვალთ, ქალბატონო?“ მე ავდექი. არც თავის და არც სხეულის ტკივილს არ ვგრძნობდი – ვიყავი ჯანმრთელი, ფხიზელი, რაღაც გამოცოცხლებული. პირჯვარი გადავისახე, პირი გადავიბანე ცივი წყლით და წავედი ეკლესიაში. დავესწარი წირვას, იმ წმინდანის პარაკლისს და დაუჯდომელს. უკვე ჩაის დალევას ვაპირებდი, რათა ძალა მქონოდა უკან დასაბრუნებლად. „როგორ, – მეუბნება ჩემი მომსახურე, – ნუთუ აქამდე ჩამოსვლის მერე წმინდანის ჭაზე არ წავალთ დასაბანად?“ მინდოდა მეთქვა, რომ იქით და აქით რვა ვერსია, ჩვენ კი საღამოს სახლში უნდა ვყოფილიყავით, რადგან მეუღლე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული და იღელვებდა ჩემზე. მაგრამ ღამით ბერის მიერ ჩემი სასწაულებრივად განკურნება გამახსენდა და წავედი და დავიბანეთ. რადგან ამას საკმაო დრო დასჭირდა, მე დაუყოვნებლივ შევედი ისევ ეკლესიაში, ვემთხვიე წმინდანს, გამოვემშვიდობე დიასახლისს და გავემგზავრე უკან სახლში. გზა იმდენად მკვირცხლად და ჩქარა გავიარე, რომ ყველა გავაკვირვე ადრე დაბრუნებით. ახლა კი გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია არავითარ წინააღმდეგობაზე და წავსულიყავი ოპტინაში, მამა ამბროსისთან, რომელიც ასეთი სასწაულებით მომიწოდებდა მე ცოდვილს.
ჩემი ჩასვლა ბერთან. პირველი ჩემი ვიზიტი ოპტინაში 1886 წლის ივლისის პირველ რიცხვებში შედგა. მე ნათესავ ქალბატონთან და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავემგზავრე, რადგან ეს ქალბატონი იცნობდა ბერს. საკმაოდ დილაადრიან მივედით ოპტინაში. საჩქაროდ დავლიეთ ჩაი ნომერში და წავედით სკიტში. მეუღლემ იმ პირობით გამიშვა, რომ მხოლოდ ერთი დღე დავრჩებოდი სავანეში. ნერვიულობისაგან, დაღლილობისაგან და სხვადასხვა შთაბეჭდილებებისაგან თავბრუ მეხვეოდა. სკიტში მიმავალი გზა, ოპტინის ტყე, სკიტის წმინდა კარიბჭე, – ყველაფერი ვიცანი, რადგან ის მე უკვე ნანახი მქონდა პირველ სიზმარეულ ჩვენებაში. ღია კარიბჭეში კი სიზმარში ნანახი ტაძარი ვიცანი. ყოველივე ამან აღმავსო მე.
მინაშენში შესულები ხალხმრავლობას შევესწარით. სივიწროვემ, დახუთულმა ჰაერმა და იქაურმა გარემომ შეუჩვევლობის გამო ძლიერ იმოქმედა ჩემზე. მამაომ მალე გამოგვიძახა სამივე ერთად: მე, ჩემი ქალიშვილი და ნათესავი ქალი. დაღლილობისგან ვქანაობდით, როცა მამაოსთან შევედი. ბერს რომ შევხედე, მაშინვე ვიცანი, მხოლოდ სახის გამომეტყველება ამჯერად სხვანაირი ჰქონდა, ვიდრე სიზმარში. მამაომ ისე მკაცრად და გამომცდელად შემომხედა, რომ შევწუხდი და შეშინებული ზღურბლზე გავჩერდი. ჩემები პირველნი მივიდნენ და თითქოს არაფერი შეუმჩნევიათ. მამაომ კი მითხრა: „დიდხანს ემზადებოდი, რატომ აყოვნებდი?“ მე ვერაფერი ვუპასუხე, მივედი, ავიღე კურთხევა და მუხლი მოვიდრიკე. ნათესავმა ქალბატონმა რაღაცის თქმა დაიწყო, მაგრამ მამაომ ჩემს ქალიშვილს მიმართა და ჰკითხა: „შენ რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი?“ მან კი მხოლოდ ეს უპასუხა: „დედაჩემი ყველაფერს გეტყვით“. ისინი გავიდნენ, მე და ბერი მარტო დავრჩით. ჩემი ქალიშვილის მსგავსად მეც შევწუხდი, დავიბენი და ბოლოდან დავიწყე ლაპარაკი, ის კი დამავიწყდა, რომ მამაო პირველად გვხედავდა და ჩვენი გარემოება მისთვის უცნობი უნდა ყოფილიყო. მე უსიამოვნო გარემოებაზე დავიწყე საუბარი. ვუამბე იმ წერილის შესახებ, რომელიც სასიძომ მოგვწერა და ჩემს დამცირებულ თავმოყვარეობაზე. მამაომ არ დამასრულებინა თხრობა და მითხრა: „რატომ უპასუხე?“ მე დავიმოწმე, რომ ჩემებმა დამაძალეს. „სხვაფრივ, – დაამატა მან, – შენი წერილი არაფერს ნიშნავს“. ორივე შემთხვევაში ბერმა სიმართლე მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ მოვასწარი თქმა და არც სასიძოს პასუხი მომიყოლია მისთვის. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ეს მან ჭვრეტით იცოდა. „ღმერთმა მოაშორა ის შენს ოჯახს, – განაგრძობდა ბერი, – ის არაღვთისნიერია, არ არის შენი ოჯახის შესაფერისი. ის ხომ… – აქ ბერმა მისი საქმიანობა დაასახელა, – ისინი ყველა ასეთი არაღვთისნიერნი არიან. ქორწინება რომ შემდგარიყო, ის ოთხი წლის მერე მიატოვებდა მას“. მე შევეწინააღმდეგე და ვთქვი, რომ ის კარგი ადამიანია, დადის ეკლესიაში და კარგი ოჯახის შვილია. მამაომ კი თქვა: „კარგი იყო, მაგრამ ხომ შეიძლება შეცვლილიყო. ეკლესიაში დადის, – რისთვის? ის შენი სისხლი და ხორცი არ არის, – რატომ იცავ? შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე. რა სისულელე იყო ამდენი წლის გაწელვა!“ მამაომ აუხსნელად ესეც იცოდა. „ყველაფერი მიატოვეთ, არ მისწეროთ და არც იკითხოთ მასზე! – თქვა ბერმა მკაცრად. – დაივიწყებ, – მანუგეშა მან, – ყველაფერი გაივლის. თუ სევდა მოგეძალა, სახარება წაიკითხე. წადი! გესმის! არაფერი გაიკითხო მასზე!“
გარეთ გამოვედი. სულში ყველაფერი გადამიტრიალდა. მეგონა, რომ მან იმედები ჩამიფუშა. დაუძახეს ჩემს ქალიშვილს, მაგრამ ისიც მალე გამოვიდა ბერის ოთახიდან. მე მას შევჩივლე, რომ ბერს ვერაფერი ვუთხარი. მანაც მიპასუხა: „მეც არაფერი მითქვამს“. ამას ვარჩევდით და არც კი შეგვიმჩნევია, როგორ გამოგვყვა ბერი. ოდნავ ჩაგვარტყა ჩვენ ჯოხი თავში და თქვა: „ამ ახირებულ ხალხს ძალით ვერ გააგდებ აქედან“. ჩვენ კი ერთხმად ვთქვით: „მამაო, ჩვენ ვერაფერი გითხარით“. – „მაშინ ორ საათზე მოდით“, – დაასრულა მან.
მახსენდება, რომ მინაშენიდან გამოსული სკიტის ახლოს სკამზე დავჯექი და მწარედ ავტირდი. იმედგაცრუებისაგან გული მისკდებოდა. ის, რაც მამაომ მითხრა, შეუძლებლად მიმაჩნდა. ჩემი ქალიშვილი კი მშვიდად და მხიარულად იყო, თითქოს განსაცდელმა გადაუარა. შემდგომში მან მითხრა მამაოს ნათქვამი სიტყვები: „დედას არ უთხრა, შენი საქმრო დაიკარგება“. ეს სინამდვილეში მალე მოხდა – მას მძიმე ხვედრი ერგო. გარდა ამისა, შემდგომში ოცდაათი ათასი ვალი აღმოაჩნდა.
ორ საათზე მოსული, მოვემზადე რაღაცეები მეთქვა მამაოსთვის, მაგრამ ის არ მიღებდა. იქვე ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის წინ ჩამოვჯექი და გადავწყვიტე მომეცადა. ხალხი ისევ მოვიდა. იყვნენ მონაზვნები და საერონი, ზოგი ადრე იყო მოსული, ზოგიც ახლახან. ყველას უშვებდნენ, მე კი ისევ ვიჯექი. მამაო არც საერთო კურთხევაზე გამოდიოდა და არც მე მიშვებდა. მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ველოდებოდი. ჩემი ქალიშვილი და ნათესავი ქალი დაისვენებდნენ და ისევ მოდიოდნენ. მე კი ვიჯექი. მიუჩვეველი მდგომარეობის გამო თვალთ მიბნელდებოდა. ხალხში გავიგე, რომ ჩამოსულებს შეუძლიათ ბერს აღსარება უთხრან, მხოლოდ ზიარების გარეშე. ბერს მომსახურის პირით გადავეცი ჩემი სურვილი და მანვე გამომიტანა პასუხი: „კარგი“. ისევ დავრჩი და ველოდი. დრო გადიოდა, მაგრამ არავინ მეძახდა. ზუსტად რვა საათი ველოდი და მამაო ვერ ვნახე.
საღამოს 10 საათზე დაგვიძახეს მამაოს სენაკში საერთო კურთხევაზე. ყველა იქით გაიქცა. მე ერთ-ერთი პირველი მივედი – ხალხის ტალღამ პირდაპირ მამაოს ფეხებთან მიმიყვანა. ის დაღლილობისაგან ჩვეულებრივ ლოგინზე იწვა. როგორც კი დამინახა, თავი დამახრევინა ტყავის ბალიშზე, რომელზეც თვითონ იწვა და მარცხენა ხელი მთლიანად მე დამადო. იდაყვით თავი ბალიშზე დამადებინა და ასე დალოცა მთელი ხალხი. მე ვიხრჩობოდი. როგორც კი თავის აწევას შევეცდებოდი, მაშინვე უფრო მაგრად დამაჭერდა იდაყვს. როცა ყველა დალოცა, თავი ამაწევინა, ჯვარი გადამსახა და მითხრა: „ხვალ დილას მოდი, 12 საათზე, ნასადილევს კი დატოვე მონასტერი“. მეორე დღეს, დილით, ჩემს ქალიშვილთან ერთად რომ შევედი, მან მკითხა: „აქ ვინმეს აღსარება სურდა?“ გამოვტყდი: – „ყველაფრით ცოდვილი ვარ“, მან კი მკითხა: „ცხენები მოგიპარავს?“ – „არა“. – „აი ხედავ ყველაფერი არ შეგიცოდავს“, – მითხრა მან ღიმილით. მე ვთქვი, რომ არ ვიცოდი აღსარების თქმა, მან კი შენიშნა: „აღსარებიდან, როგორც წმინდანი გამოდიხარ“.
გამოსვლისას ბერმა მკაცრად გაიმეორა გუშინდელი და დაამატა: „ჩვენ ერთი ისეთი სიდედრი გვყავდა, რომელიც ქალიშვილს მთვრალ ქმარს უმალავდა, რათა არ გაეკიცხა. ერთმა ქალბატონმა მოიყვანა ქალიშვილი და მისი გათხოვების კურთხევა ითხოვა. თვითონ ლამაზი იყო ახალგაზრდობაში, მაგრამ ულამაზოს გაჰყვა ცოლად. შვილისთვის ლამაზი და ტანადი საქმრო მოძებნა. ის კი ჩემთან მოსვლის მერე, მონაზვნებისა და მონასტრის ნახვის შედეგად, იქ დარჩა. შენს ქალიშვილს კიდევ ეყოლება საქმრო, – აგრძელებდა ბერი ჩემთან საუბარს, – მაგრამ ამჯერად არაფერი გამოვა, მისთვის სხვა რამ არის განკუთვნილი“. მამაო პირდაპირ მელაპარაკებოდა, არ მალავდა მის საოცარ ხედვას ჩემს ახლანდელ და მომავალ ცხოვრებაზე. მაშინ ყველაფერი ვერ გავიგე და ვერ გავითავისე. აწმყოს ბუნდოვნად ვხედავდი, მომავალი კი შემდეგში გავიგე. ბერმა გამიშვა იმ განზრახვით, რომ წასვლის წინ ისევ დამიძახებდა.
ბერის ნათქვამიდან დავასკვენი და გადავწყვიტე, რომ ჩემს ქალიშვილს ეყოლებოდა ორი საქმრო და მესამეს მისთხოვდებოდა. ეს ჩანაფიქრიც ვერ დაიმალა მამაოს წინასწარ ხედვისთვის შეუმჩნეველი. როდესაც ბოლოს შევედი მამაოსთან ჩემს ქალიშვილთან და ნათესავთან ერთად; მან თქვა: „მისთვის არც ის არის დადგენილი და არც ის“. დათხოვნისას ნათესავზე მიმითითა და თქვა: „ეს პირველი განყოფილებაა“, – შემდეგ მიმითითა ქალიშვილზე, – „ეს – მეორე, ხოლო შენ – მესამე; იცი მესამე განყოფილებაში რას აკეთებენ? უთვალთვალებენ“.
წამოსვლისას დაგვლოცა პატარა ხატებით და მოგვცა მე და ჩემს ქალიშვილს წიგნი: „ღვთის ჯვრის სამეუფო გზა“. მე მისი ლოცვები ვითხოვე, მან კი მითხრა: „ნუ მთხოვ, ვილოცებ“. მე დავამატე: „მამაო, თუკი ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ მოეწყო, მაშინ ჩემს ნებას თქვენ ჩაგაბარებთ“, – თვითონაც არ ვიცოდი, რას ვამბობდი. მამაომ გაიღიმა და თქვა: „ჩვენ კიდევ მოვასწრებთ საუბარს“. მე ვთხოვე, რომ არავის სცოდნოდა ჩემი ნათქვამი. მან ისევ გაიღიმა და თქვა: „შენი საიდუმლო მთელმა ქვეყანამ იცის“. ჩვენ წავედით. ბორანზე შემთხვევით შევხედე საათს და 12-ს უჩვენებდა. მაშინ გამახსენდა გუშინდელი ბერის სიტყვები: „მონასტრიდან 12 საათზე წახვალ“.