„სოფლისა ზღვა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა საშინელად დათქამს მე და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდელისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალ-მოწყალე.“
ბერი ამბროსის ყოფა ძალიან ჩვეულებრივი იყო. მას პატარა კორპუსი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სკიტის შესასვლელთან, მარჯვენა მხარეს, წმინდა კარებთან ჰქონდა დაკავებული, რომელიც სამრეკლოს ქვეშ მდებარეობდა. კორპუსი არაფრით განსხვავდებოდა სხვა სახლებისაგან, პირიქით, ზოგიერთთან შედარებით პატარაც კი იყო. სკიტის შიგნით ცენტრალური კარით პატარა დერეფანში იყო შესასვლელი, სადაც ორივე მხარეს უბრალო სკამები იყო ჩამწკრივებული ბერებისა და მხოლოდ მამრობითი სქესის საერო მრევლისთვის. მარჯვნივ პირველი კარი მისაღებ სენაკში შედიოდა, სადაც ბერი საპატიო პირებთან ურთიერთობდა, ამ სენაკს ასეც ეწოდებოდა „საპატიო ადგილი“. ამ სენაკის წინა კუთხე წმინდა ხატებით იყო დაკავებული. კედლებზე რამდენიმე სურათი ეკიდა, რომელთა შორისაც ხელმწიფე – იმპერატორ ალექსანდრე მეორის, აგრეთვე მოსკოველი მიტროპოლიტების – ფილარეტისა და ინოკენტის, ფილარეტი, არსენი და იოანიკე კიეველების, კალუგის იერარქების – (მღვდელმთავრების) გრიგოლი II-ის, ვლადიმერისა და ანასტასის, მოლდაველი ბერის პაისი ველიჩკოველის და სხვა ოპტინელი და არაოპტინელი სულიერი ბერების პორტრეტებს შენიშნავდით. აქვე იყო სავარძელი, სკამები, მაგიდა და წიგნების თარო სასულიერო წიგნებით, რათა მოსულებს ბერის ლოდინის დროს შეძლებოდათ კითხვა. ამ სენაკში განსაკუთრებული სისუფთავე შეინიშნებოდა. მისაღების გვერდით მომსახურე მამა მიხეილის პატარა სენაკი იყო, მისაღების პირდაპირ – მამა ამბროსის, რომელიც ყოველთვის რაზით იყო დაკეტილი და იღებოდა მხოლოდ ღამისთევის ან ზოგიერთ განსაკუთრებული შემთხვევის დროს. ბერის სენაკს შესასვლელში პატარა წინკარი ჰქონდა, სადაც მისი უბრალო, ზოგი დაკერებული სამოსი: ორი თბილი კაბა, ორი საზაფხულო კაბა, მდაბიური კაბა და ანაფორა იყო ჩამოკიდებული. აქვე ინახებოდა მისი მანტია კაბა და ბარტყული. კარს ზემოთ, თაროზე საღმრთისმსახურო და სხვა წიგნები იდო. იქვე კუთხეში, თაროზე, წამლების ბოთლები იყო განლაგებული. თვითონ ბერის სენაკის კედლები მთლიანად ხატებითა და სასულიერო პირების პორტრეტებით იყო დაფარული. მათი უმრავლესობა თაყვანისმცემლების მიერ იყო საჩუქრად მოტანილი. ხატებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა: ა) ღვთისმშობლის პატარა ხატი, „ტამბოვის“ ხატად წოდებული, რომელიც ბერს მშობლებმა აჩუქეს. მის წინ მუდმივად ჩაუმქრალი კანდელი ენთო. ბ) ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი“, რომელიც ბერს მოსკოვის ათონის მთის სამლოცველოდან გამოუგზავნეს, სადაც ეს ხატი, როგორც ამბობენ, ოცდაათიოდე წლის განმავლობაში ინახებოდა; გ) ზემოთხსენებული წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის დიდი ხატი, მის წინაშეც მუდმივად ენთო კანდელი, დ) დიდი სურათი ტილოზე ღირსი ანტონი და თეოდოსი პეჩორელებისა, რომელთა შორისაც ოდნავ მაღლა ღვთისმშობლის გამოსახულებაა გაშლილი ხელებით, ხოლო დაბლა ეკლესია. ეს ხატი იდგა ბერი ამბროსის ლოგინის თავზე, მის თავთან (ის ახლაც დგას იმავე ადგილას). ე) მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მხატვრული ნამუშევარი. ორივე სკუფიაში პორტრეტებს შუა ორი ფილატერის – მოსკოვისა და კიევის მიტროპოლიტების – პორტრეტების ხილვა შეიძლებოდა. აქვე ეკიდა ტროეკუროვოს დაყუდებული ილარიონის პორტრეტი, ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის, დეკანოზ თეოდორე ალექსანდრე ძე გოლუბინსკის, კრონშდტადტელი დეკანოზ მამა იოანე ილიას ძე სერგიევის, ოპტინელი ბერების – ლევისა და მაკარისა, არქიმანდრიტ მოსესა და მისი ძმის იღუმენ ანტონის და მრავალი სხვა შესანიშნავი სასულიერო პირის პორტრეტები. აღმოსავლეთის კედელთან მწერლის არცთუ ისე დიდი მაგიდა იდგა, სადაც მწერალს ბერის კარნახით წერილები უნდა დაეწერა. წმინდა კუთხეში კარადის მაგვარი ანალოღია იდგა, სადაც ფსალმუნნი და კანონების შესრულებისას წასაკითხი საჭირო წიგნები იდო. სამხრეთის კედლის გასწვრივ იდგა მეორე მაგიდა, რომელზეც ზოგიერთი ხატი იყო დაბრძანებული, იქვე – სასანთლეები ცვილის სანთლით და რამდენიმე სასულიერო წიგნი. დასავლეთის კედლის გასწვრივ იდგა ლოგინი, სადაც მამა ამბროსი თავის მრავალტანჯულ სხეულს ასვენებდა. ლოგინის უკან იდგა ღუმელი, რომელიც ზამთარში მთლიანად წინდებითა და პერანგებით იყო შემოფენილი. ჩრდილოეთისკენ მიდგმული კარადა წმინდა მამების მიერ შექმნილი სასულიერო-ზნეობრივი წიგნებით იყო სავსე. კარადასა და ღუმელს შორის გაჭრილი კარის შემდეგ სამი-ოთხი სკამი და ორი ძველებური სავარძელი იდგა საპატივცემულო სტუმრებისათვის. ბერის სენაკის გვერდით მეორე მომსახურის, მამა იოსების, სენაკი იყო, ისიც სულ ხატებითა და პორტრეტებითაა მორთული. ამ სენაკზე მიეშენებინათ პატარა სამზარეულო, სადაც ბერისთვის საკვებს ამზადებდნენ და იქვე იყო მოთავსებული მორჩილი მზარეული. შესასვლელი კარის პირდაპირ მთელი დერეფნის გავლით გადიოდა კარი მინაშენში, სადაც მანდილოსნებს იღებდნენ. ის შედგებოდა რამდენიმე ოთახისა და დერეფნისაგან, რომლის ბოლოც გადიოდა ქუჩაში. აქაც ხატების სიმრავლეს შეამჩნევდით, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ათონის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც „ღირს არსი“ ეწოდება, ასევე მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი. მინაშენის გვერდით იყო საკუჭნაო ადგილი წიგნებისა და სხვა ნივთების შესანახად. ამგვარად იყო მოწყობილი მამა ამბროსის სენაკი. ახლა შევხედოთ მის მოღვაწეობას.
ერთხელ, მძიმე ავადმყოფობისას, მან მიმანიშნებელი სიზმარი ნახა. „მეგონა, – ასე უამბობდა ბერი მის ახლობელ სულიერ შვილებს, ბერებს ანტონსა და კლიმენტის, – თითქოს ჩემს სენაკში ვიმყოფები. შემოდის ჩემთან ვიღაც კაცი დიდებული სახით და ხელმწიფებრივად მიბრძანა გავყოლოდი მას. გამოვედი სენაკიდან. ქარბუქიანი ბნელი ღამეა, თითქოს ჩემს წინ ზღვა ან დიდი ტბა ღელავს. ნაპირზე ნავია, რომელშიც მენიჩბეები სხედან, მაგრამ სიბნელეში მათი გარჩევა შეუძლებელია. ჩემი წინამძღოლის სურვილის მიხედვით ჩავჯექი ნავში და წყალში შევცურეთ. არეული ტალღები ბუმბულივით ათამაშებენ ნავს. მე ძალიან მეშინოდა სიკვდილისა, მაგრამ აი, შორს, პირგახსნილი უფსკრულის მიღმა, გაურღვეველ სიბნელეში, მომეჩვენა არაჩვეულებრივი სინათლე და დავინახე ისეთი საკვირველი სილამაზის ქალაქი, რომლის მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არაფერი მინახავს. მას მიეჯაჭვა მთელი ჩემი ყურადღება. ზღვა, ტალღები, ქარიშხალი – ყველაფერი დამავიწყდა; და მე ვიყავი რაღაც ტკბილ სიმთვრალეში მანამდე, სანამ ნავმა არ მიაღწია მეორე ნაპირს. ნავის ნაპირზე შეხებამ გამომიყვანა თავდავიწყებიდან. ნაპირზე გამოსული ჩემი წინამძღოლის მითითებით შევედი რომელიღაც სახლში, სადაც ჩემთვის უცნობი ორი კაცი იმყოფებოდა. ერთმა, მიიღო ჩემგან კურთხევა, განაცხადა, რომ არის ჩეხეთის მთავარი ვიაჩესლავი, მეორე კი რუსი მთავრის, ბორის ვლადიმერის ძედ მივიჩნიე. მალევე გამეღვიძა“. ბერის მიერ ამ სიზმრის მოთხრობის შემდეგ მამა ანატოლი და მამა კლიმენტი თრთოლვით ხვდებოდნენ წმინდა მთავრების ვიაჩესლავისა და ბორისის ხსენების დღეს, ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ამ დღეს მამა ამბროსი გარდაიცვლებოდა. თუმცა ეს შიში არ გამართლდა.
რას ნიშნავდა ბერი ამბროსის ეს საიდუმლო სიზმარი? ეტყობა, ამით გამოიხატა მთელი მისი ბერული მოღვაწეობა. დღე მისთვის ლოცვით იწყებოდა. მომსახურეები თავის დროზე რიგრიგობით კითხულობდნენ სკიტის კანონებს, ხოლო ბერი ისმენდა ან ლოგინზე მდგარი, რომელზეც წვებოდა დასასვენებლად, ან უმეტესად, უძლურების გამო, იჯდა მისთვის მოწყობილ დასაჯდომელზე, ღუმელისკენ ზურგით, რომელსაც ეხებოდა მისი ლოგინის უკანა მხარე. როცა ავად იყო, კითხვისას იწვა, ხოლო კანონებს მაინც არასოდეს გამოტოვებდა. დილის კანონის მოსასმენად დილის ოთხ საათზე დგებოდა, რეკდა ზარს, რომლის ხმაზეც მოდიოდნენ მასთან მომსახურეები და კითხულობდნენ დილის ლოცვებს, თორმეტ ამორჩეულ ფსალმუნთა და პირველ ჟამნს. მოკლე შესვენების შემდეგ ბერი ისმენდა მესამე და მეექვსე ჟამნებს და დღის მიხედვით კანონს მაცხოვრის ან ღვთისმშობლის დაუჯდომელთან ერთად. ასეთ დაუჯდომელებს ის ყოველთვის ფეხზე დგომით ისმენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები დაუჯდო-მელთან ერთად, სკიტის კანონით, უნდა წაკითხულიყო საერთო საძმო სენაკში მწუხრისას, მაგრამ რადგან ამ დროს ბერს განსაკუთრებულად ბევრი ხალხი ჰყავდა მისაღები და მას დრო არ ჰქონდა ჩაეტარებინა მწუხრი თავის შინამომსახურეებითურთ, ამიტომ ის ყოველნაირად ცდილობდა ყოველდღიურად დილით გამოუტოვებლად მოესმინა ისინი. კითხულობდნენ მკაფიოდ, გასაგებად. თავად ბერი ამბროსის სიტყვით, მას ყოველთვის კარგი კითხვის მოსმენა უყვარდა და სხვებსაც აჩვევდა ამას. კანონების შესრულებას დიდი დრო ესაჭიროებოდა და შესვენებით აღესრულებოდა. დილის კანონის ნახევრის მოსმენის შემდეგ ის იგრძნობდა თუ არა სისუსტეს, გაუშვებდა მკითხველებს, ოდნავ დასვენებული ისევ დაუძახებდა და დაასრულებდა მოსმენას. ასევე ხდებოდა ჟამნობის დროსაც. შეიძლება სხვა, უფრო აუცილებელი მიზეზები აიძულებდა ბერს კითხვისას შეესვენათ. განმარტოებულად უხმო ლოცვის ვარჯიში, სწორედ ესაა უფრო სავარაუდო და დამაჯერებელიც.
დაწესებული ლოცვების მოსმენის შემდეგ ბერი პირის ბანვას იწყებდა. რომელიმე შინამომსახურე მისი ლოგინის გვერდით, სკამზე სპილენძის ტაშტს დგამდა და დიდი ჩაიდნიდან ასხამდა ხელზე ოდნავ თბილ წყალს, ის კი, მუხლებზე მდგარი, ყოველთვის უსაპნოდ იბანდა და შემდეგ იმშრალებდა. ამ დროს შინამომსახურეების მხრიდან იწყებოდა შეკითხვები: „მამაო! აი ის ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, რის გასაკეთებლად აკურთხებთ მას? ან, აი ის ითხოვს კურთხევას ასეთ საქმეზე. აკურთხებთ თუ არა?“ და სხვა. ბერი თავის საქმესაც აკეთებდა და კითხვებზეც პასუხობდა. აქ ნახსენებია ისიც, რომ ის არასოდეს იბანდა აბანოში, რადგან ექიმ ბაბუშკინის რჩევით წელიწადში მხოლოდ ერთხელ ბანაობდა. იშვიათად იბანდა თავს თბილი წყლით. დაბანვის მერე სვამდა ჩაის და ამ შუალედში კარნახობდა მწერალს დაეწერა წერილები. ამის შემდეგ გამოდიოდა მომსვლელებთან (მრევლთან) და საღამომდე მოძღვრავდა მათ.
თუმცა, ასე იყო სამოცდაათიან წლებამდე, მაშინ ბერს მეტი ძალა ჰქონდა. ამის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდებოდა მისი მრევლი და გადაღლილობის გამო, დილის კანონებზე უფრო გვიან, ხუთ საათზე დგებოდა. მოისმენდა ჟამნებს, კანონებს, დაუჯდომელს, რომლის დროსაც ხანმოკლე დასვენებისათვის ხშირად მიწვებოდა ლოგინზე. ზოგჯერ ასეც ხდებოდა, რომ შინამომსახურეები გააღვიძებდნენ მას და ძალით ააყენებდნენ. ის კი ზოგჯერ ჩაიბუტბუტებდა: „ოხ! ყველაფერი მტკივა“… ზამთარში ხშირად ცივდებოდა, ადგებოდა შეშუპებული სახით, ციებ-ცხელებით შესივებული ან რევმატიზმით შეწუხებული. დაიბანდა, დაიწყებდა სხეულის მასაჟს სპირტით ან რომელიმე მალამოთი. შინამომსახურეები მაინც ეკითხებოდნენ, ხოლო ბერი ძლივს გასაგონი ხმით პასუხობდა. ამასთან ერთად იწყებდა ბერი ტანსაცმლისა და წინდების გამოცვლას, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდებოდა. თავისი უძლურების შესახებ არაერთხელ წერდა ის ახლობელ ადამიანებს შემდეგნაირად: „ჩემზე გეტყვი, რომ დილაობით დიდ სიმძიმეს ვგრძნობ. თითქოს რამდენიმე ფუთი მაქვს ჩამოკიდებული“. ანდა: „ამ დღეებში ჩვეულებრივზე უფრო გამიჭირდა. მომსვლელებთან ურთიერთობისას ოფლიანობით გავიცივე სახე. გაცივება გადავიდა დაავადებულ შიგნეულობაზე და გადამექცა კუჭის ციებ-ცხელებად და ჯერ კიდევ არ მომირჩა“. ანდა ასე: „სისუსტე და ავადმყოფობა გამიძლიერდა, სამოსის გამოცვლა გამისამკეცდა. სიცხეს და სიცივეს ერთნაირად ვერ ვიტან. მხოლოდ ჩვიდმეტი გრადუსია ნორმალური, მეტიც და ნაკლებიც ცუდად მოქმედებს. უნდა მოვახერხო ერთი და იმავე გრადუსის დაცვა, მუდმივად მოდიან ადამიანები და თავისი უაზრო სწავლებით უმატებენ სიცხეს“. პირისბანას, როგორც ზემოთაა აღნიშნული, ჩაის სმა მოჰყვებოდა. ბერი, როგორც ლოგინიდან გამოუსვლელად იბანდა, ასევე იქვე, ზურგით ბალიშს მიყრდნობილი ჯდებოდა ჩაის დასალევად, ფეხები აღმოსავლურად ჰქონდა მოხრილი. შინამომსახურე მიართმვვდა ლანგარზე სავარაუდოდ, პატარა ჭიქით კაკაოს და ფრანგული ფუნთუშის მომცრო ნაჭერს, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი ერთ ლუკმად შესანსლავდა. შემდგომში კაკაო შეიცვალა ურძეო ყავით. ბერი დაიდგამდა ლანგარს მუხლებზე და იწყებდა ჭამას. ამ დროს, მისგან შორიახლოს, საწერ მაგიდასთან უნდა მჯდარიყო რომელიმე მისი „მწერალი“. სანამ მამა კლიმენტი ზედერგოლმი ცოცხალი იყო, ის ამ საქმეში თითქმის შეუცვლელი გახლდათ. ბერი თან ჭამდა და ამავდროულად კარნახობდა ვინმესთვის საჭირო წერილს. კაკაოს მერე მას მიართმევდნენ კიდევ ორ ასევე პატარა ჭიქა არცთუ ისე მაგარ ჩაის. მიუხედავად თავისი ავადმყოფობისა, ბერს ჰქონდა ჩვევა, ოდნავ ტკბილი ჩაი დაელია. მას განსაკუთრებული ბროლის პატარა ლამბაქით მიართმევდნენ წვრილად დატეხილ შაქრის ნატეხებს, რომლითაც ის ავსებდა სიტკბოს უკმარისობას. უნდა აღინიშნოს, რომ ოპტინის სკიტში, ბერების გადმოცემის შედეგად დამყარდა ჩვეულებად, ყველა ოპტინელ ბერს დაელია ჩაი დილას და საღამოს არა უმეტეს სამი ჭიქისა. ბერი ამბროსი მტკიცედ იცავდა ამ წესს, მაგრამ ზოგჯერ წერილის კარნახისას დაავიწყდებოდა რამდენი ჭიქა დალია, მხოლოდ მოაჩვენებდა ყველას, რომ დაავიწყდა. შეეკითხებოდა შინამომსახურეს. „რამდენი დავლიე?“ უპასუხებდნენ სამიო. – „ტყუი ორი“. – დაუწყებდა კამათს ბერი მომსახურეს. „მაშინ კიდევ დაგისხამთ“, – ეტყოდა მომსახურე. – „არა, გამომართვი, შენ სულ გააფრინე“. – დაასკვნიდა ბერი. ამას ყველაფერს ის აკეთებდა ზნეობრივი მიზნით, რათა მის მოწაფეებს, მასწავლებლის მაგალითის შემყურეთ, დაეცვათ ბერული კანონები. დილის ჩაის შემდგომ, კუჭის ავადმყოფობის გამო, ბერს ეწყებოდა ბოყინი, მიღებულ საკვებთან ერთად მსუბუქი პირღებინების მსგავსი, ასე რომ, რასაც ჭამდა და სვამდა, მალე ყველაფერი უკან ამოსდიოდა.
სანამ ბერი წერილებს კარნახობდა, ნელ-ნელა მოდიოდნენ მის საცხოვრებელთან სკიტის მხრიდან მამაკაცები, ხოლო გარედან – მანდილოსნები. იგი ვერც კი ასწრებდა საჭირო წერილის დამთავრებას, რომ ხალხი კარებზე კაკუნსა და მის სენაკში გარედან შემოყვანილი ზანზალაკის რეკვას იწყებდა. გამოვიდოდა მომსახურე. მას სთხოვდნენ, რომ მათ შესახებ მოეხსენებინათ. ის ჩვეულებრივ პასუხობდა: „ბერი დაკავებულია“. მალე ისევ იწყებოდა მოუთმენელი ხალხის მხრიდან კაკუნი და რეკვა. ისევ იგივე თხოვნა და ისევ იგივე პასუხი. რაც დრო გადიოდა, მომსვლელების მოუთმენლობა იზრდებოდა და დრტვინვამდე მიდიოდა. კაკუნი და რეკვა უფრო და უფრო ხშირად მეორდებოდა. გამოსულ მომსახურეს უკვე ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ეუბნებოდნენ: „რატომ არ მოახსენებთ?“ ან „თქვენ არ გინდათ, რომ მოახსენოთ“ და მისთანანი. „მინაშენი“ საერო მანდილოსნებითა და სხვადასხვა მონასტრებიდან ჩამოსული მონაზონი ქალებით გაივსებოდა. ზოგი ამბობდა: „მე უკვე აქ ვცხოვრობ და დავდივარ ბერის სანახავად მთელი კვირა, მაგრამ ვერაფრით მოვხვდი მასთან“; სხვა კი ამბობს: „მე კი – ორი“. გამოვა თუ არა მათთან მომსახურე, ასი ხმა ერთად შესძახებს: „მოახსენეთ, მოახსენეთ“. მას სურს, ოდნავ მაინც დაამშვიდოს ისინი და ჰკითხავს: „თქვენზე რა მოვახსენო?“ ყოველი მათგანი ეუბნება თუ საიდან ჩამოვიდა, მაგრამ საიდან დაიმახსოვრებდა ამ არეულობაში ის ყველას? თავისებურად მოახსენებდა მათზე მამა მიხეილი: მოვიდოდა ბერთან და ეუბნებოდა: „მამაო, მინაშენში გელოდებიან“. – „ვინ არის იქ?“ – ჰკითხავდა ბერი. – „მოსკოველი, ვიაზემსკელი, ტულელი, ბელევსკელი, კაშირელი და სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსული ადამიანები“. – „უთხარი, დამელოდონ“. ისევ გამოვიდოდა. „მოახსენეთ?“ – შეეკითხებოდნენ. – „მოვახსენე“. – „მერე რაო?“ – „მოცდა ბრძანა“. – „თქვენ, ალბათ, არ მოახსენეთ“. ზოგიერთები ასე სულმოკლეობდნენ და ბუზღუნებდნენ თვით ბერზე იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ლოდინი. ფიქრობდნენ, რომ მას არ უნდოდა მათი მიღება და ისინი ტყუილად კარგავენ ლოდინში დროს. ამასობაში სნეული ბერი ემზადებოდა მათთან შესახვედრად. გამოიცვლიდა ტანზე, თან რომელიმე ძმასაც ესაუბრებოდა, ან ერთს, ან რამდენიმეს ერთად, თუ საერთო სასაუბრო ჰქონდათ. ძმები თან სამოსის გამოცვლაში ეხმარებოდნენ და თან ბერის მოძღვრებას ისმენდნენ. ხდიდნენ ჩექმებსა და დანესტიანებულ წინდებს, აძლევდნენ მშრალს და ასე იყო ყოველთვის. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება უკვე ათ საათზე, თუ უფრო გვიან არა, გამოდიოდა დიდი ხნის მომლოდინე ხალხთან. გაივლიდა დერეფანს, სადაც მამაკაცები ელოდნენ. ზოგს გზადაგზა აკურთხებდა, ზოგს რამდენიმე სიტყვას ეტყოდა, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იღებდა მათ ცალკე და მუშაობდა მათთან რამდენიმე ხნის განმავლობაში. შემდეგ გადავიდოდა „მინაშენში“ და იქ უკვე დიდხანს რჩებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საქმეზე კი არ მოდიოდა ბერთან. ზოგიერთები მხოლოდ დროს ართმევდნენ და ამით ამძიმებდნენ მას. ამიტომ ის იხსენებდა იღუმენ ანტონის სიტყვას, რომელიც ამბობდა: „ქრისტეს მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ სიყვარული ჰქონდეთ ერთმანეთში, ხოლო ჩემი მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მტრობა და შეუთანხმებლობა ჰქონდეთ ერთმანეთში“. და დაამატებდა: „აი, დადიოდნენ ჩემთან გოგოები დიდი განსაც-დელებით, ხოლო ეს განსაცდელები მხოლოდ იმად ღირს, რომ მათ შეაფურთხო და ფეხით გათელო“. რის გამოც მამა ამბროსი ახლობლებთან მიწერილ წერილებში ჩიოდა ასეთ სიმძიმეებზე. მაგალითად: „სიბერე, სისუსტე, უძლურება, ბევრი მზრუნველობა, ბევრის მივიწყება და ბევრი უაზრო, უშედეგო საუბრები არ მაძლევს გონს მოსვლის საშუალებას. ერთი ამბობს, რომ მას სუსტი თავი და ფეხები აქვს, მეორე ჩივის, რომ ბევრი განსაცდელია, სხვა კი მიხსნის, რომ ის მუდმივად დაძაბულია. შენ ყველაფერი მოისმინე და პასუხიც გაეცი, დუმილით ვერ მოიშორებ, რადგან სწყინთ და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ტყუილად არ იმეორებენ ანდაზას: ალაპარაკე ავადმყოფი მკურნალთან. ავადმყოფმა უნდა აუხსნას თავისი მდგომარეობა, ხოლო ექიმს მოსწყინდა მოსმენა, მაგრამ უსმენს, რადგან არ სურს უფრო გააღიზიანოს ავადმყოფი“. თუმცა ასე წერდა თავმდაბალი ბერი თავის განსაცდელებით სავსე მდგომარეობაზე, მაგრამ შეძლებისდაგვარად ცდილობდა მიეღო ყველა, მომთმენნიც და მცირედსულიერნიც; უკანასკნელნი ბერის საუბრის მოსმენის და ნუგეშის მერე ძალიან ნანობდნენ თავის მოუთმენლობას. ზოგჯერ ის მათ სახუმარო სიტყვებით ხვდებოდა: „ითმენდა ელისე, ითმენდა მოსე, ითმენდა ილია, ასევე მოვითმენ მეც“.
შუადღეც დადგა. უკვე თორმეტ საათზე მეტია – სადილის დროა. ის არ უშვებდა ხალხს, ისე შედიოდა მომიჯნავე ზემოხსენებულ მამა იოსების სენაკში, სადაც პატარა სამზარეულო ჰქონდა და იქ, მაგიდასთან, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში იღებდა მცირედ საკვებს, რომელიც შედგებოდა ორი კერძისაგან: ახალი თევზის უქონო უხა და კარტოფილის ფქვილისა და მოცხარის წვენისგან დამზადებული კისელი. ამას ემატებოდა თეთრი, ნოყიერი პური. თევზს კუჭის ტკივილის გამო არასოდეს ჭამდა, არც ახალს, არც დამარილებულს (მხოლოდ ჰოლანდიური ქაშაყის რამდენიმე ნაჭერი გამოირიცხებოდა), არც მოხარშულს, არც შემწვარს. საკვების მიღებისას ის ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო, საეკლესიო წესით ეხელმძღვანელა. ამიტომ მარხვის დღეებში, როცა თევზი არ შეიძლებოდა, მას უმზადებდნენ უხის მაგივრად ფაჰლავას ან კარტოფილის სუპს, რომელსაც ის განსაკუთრებულად დამზადებულ წიწიბურას ურევდა. ეს ყველაფერი შეკმაზული იყო მზესუმზირის ზეთით. უეჭველია, რომ არა შიგნეულობის ტკივილი, ბერი უზეთოს შეჭამდა ეკლესიის მიერ დაწესებულ მარხვის დღეებში.
ერთხელ მოუვიდა აზრად უზეთოდ მიეღო სამარხვო კერძები, მაგრამ ძალიან მძაფრი არ უნდა ყოფილიყო და ბრძანა, შეეკმაზათ ის ნიგვზით. შემთხვევით აქ ბერის ნაცნობი იღუმენია მოხვდა და მამაომაც იფიქრა მისთვის ემასპინძლა ამ ნუგბარით. „ეს რა არის, მამაო? – თქვა მან. – ეს ამომარწყევინებს“.
სამოციანი წლების დასაწყისში მოღვაწე ბერი, ხორციელი სისუსტის გამო, იძულებულს ხდიდა თავს, მიეღო კანაფის ზეთით დამზადებული საკვები. შემდეგ, როდესაც კუჭმა უარი თქვა ამ საჭმლის მიღებაზე, მაშინ დაუწყეს შინამომსახურეებმა ზემოთხსენებული სუპის დამზადება მზესუმზირის ზეთითა და კანაფის ზეთით. დაბოლოს, უკვე ავადმყოფობის გაძლიერების გამო, მხოლოდ მზესუმზირის ზეთით. შემდეგ ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა მისი შიგნეულობა, რომ ბერი ვერ ირჩევდა საკვებს. ამაზე თვითონ ასე წერდა: „მთელს ორგანიზმში ტკივილები სიცივისგან და უნებლიე შიმშილისაგანაა. ბევრი რამის ჭამა არ შეიძლება. სუსტი კუჭი და „ურჩი“ ნაწლავები ამის საშუალებას არ მაძლევენ. ძველი ჩვეულების მიხედვით, მე მაინც ვაიძულებ თავს, ვჭამო მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დიდი სიმძიმის გადატანა მიწევს. პირღებინებისაგან თავი მტკივა. გარდა ამისა, მინაშენში ხალხი გაბეზრებული მიცდის ხოლმე დიდხანს. ასე ვცხოვრობ, დღეს დღეზე ვაგორებთ და უსამართლო მქვია მომსვლელთათვის. დამნაშავე კი ჩემი უძლურება და ღვთისა და ადამიანების წინაშე ჩემი გამოუსწორებლობაა“. მიუხედავად ამისა, ბერი არასოდეს განიცდიდა თავის ავადმყოფობას, პირიქით, ყოველთვის სულიერად მხიარულ ხასიათზე იყო და ხშირად ხუმრობდა კიდეც. ერთხელ მას წაუკითხეს, თუ როგორ უმღერდა ერთი ოჯახის მამა თავის პატარას დასამშვიდებლად: „დრი-ტა-ტა, დრი-ტა-ტა, მისთხოვდა კატა კატას“. და აი, ერთხელ ავადმყოფ ბერს ვიღაცამ თანაგრძნობით მიმართა და უთხრა. „რაა, მამაო, კატა გაწვალებთ?“ მომღიმარმა ბერმა კი უპასუხა. „დიახ, ძმაო, დრი-ტა-ტა, დრი-ტა-ტა“.
ბერი იღებდა საკვებს არა უმეტეს სამი წლის ბავშვისა. მისი სადილი გრძელდებოდა ათი ან თხუთმეტი წუთი, რომლის განმავლობაშიც მომსახურეები მრავალ კითხვას უსვამდნენ სხვადასხვა პიროვნებაზე და პასუხსაც იღებდნენ. ზოგჯერ იმისათვის, რომ ერთფეროვანი არ ყოფილიყო დრო და ამით შვება მიეცა მოღრუბლული თავისთვის, ბერი რომელიმე მათგანს უბრძანებდა სადილობისას რამე წაეკითხათ. უყვარდა ხოლმე, მაგალითად კრილოვის ერთი ან ორი იგავ-არაკის მოსმენა. ეს წიგნი თითქმის ყოველთვის მის გვერდით მომსახურის მაგიდაზე ედო. ვიღაცამ მოუტანა როგორღაც ვინმე ბატონის თხზულება რუსეთის მონასტრებზე, სადაც, სამწუხაროდ, პატივცემული ავტორი სიბინძურის მეტს ვერაფერს ამჩნევდა. ბერმა მოწყენილი სერიოზული სახის გამომეტყველებით მოისმინა ეს თხზულება და არანაირი აზრი ამის თაობაზე არ გამოთქვა.
სადილის შემდეგ ბერი, თუ სუსტად იყო, იქვე, ლოგინზე მწოლი, იღებდა ვისაც უფრო სჭირდებოდა ან იღებდა ყველას ერთად საერთო კურთხევაზე, ჯერ მამაკაცებს, შემდეგ ქალებს. გაივსებოდა სენაკი. ამ საერთო მიღებაზე ბერი შეაგონებდა სხარტი სიტყვით, ხშირად ანდაზებით იმათ, ვინც ამას საჭიროებდა. ან ჰყვებოდა ისეთ რამეს, რაც პასუხს აძლევდა ვინმე იქ მყოფის დაფარულ აზრს. ზოგჯერ რომელიმე მანდილოსანთაგანს დააძალებდა კრილოვის იგავ-არაკის წაკითხვას, შემდეგ ხუმრობით იტყოდა რამდენიმე სამოძღვრო სიტყვას, ბოლოს აკურთხებდა ყველას და წავიდოდა თავის სენაკში. უკან ასობით ხმა მისდევდა: „მამაო! მამაო! მე ერთი სიტყვის თქმა მინდა, მე ორის“. მაგრამ დაღლილი, ავადმყოფი ბერი ძლივძლივობით, მომსახურეების დახმარებით გაძვრებოდა ბრბოში, შევიდოდა თავის სენაკში და შიგნიდან კაუჭით ჩაკეტავდა, რომ იქაც არ შეცვენილიყო ხალხი. მომსახურეებს კი ძალაუნებურად ყველა გარეთ გაჰყავდათ.
თუ სადილის მერე საკმარისი ძალა გააჩნდა, მაშინ ბერი „მინაშენში“ გადიოდა საერთო კურთხევაზე. წინასწარ მომსახურე გამოჩნდებოდა და ყველა ფანჯარას დაკეტავდა, რომ გამჭოლი ქარი არ ყოფილიყო. ვინც იჯდა, ყველა დგებოდა ადგილიდან, ჩამწკრივდებოდნენ ორივე მხარეს და ტოვებდნენ მცირე ადგილს, რომ მამას გაევლო. ბოლოს და ბოლოს კარი იღებოდა და ზღურბლზე გამოჩნდებოდა თეთრ კაბაში შემოსილი ბერი, რომლის ზემოთაც, ზამთარ-ზაფხულ მსუბუქბეწვიან ანაფორას ატარებდა და ბამბის ქუდი ეხურა. გარეთ გამოსვლისთანავე ჩერდებოდა კიბის საფეხურზე, ილოცებდა იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის „ღირს არს“-ის ხატთან და გაივლიდა. ყურადღებით ათვალიერებდა კურთხევის მთხოვნელებს და ჯვარს გადასახავდა ყველას. ბრბოდან ისმოდა კითხვები, რომლებზეც ის უბრალო და ბრძნულ პასუხს აძლევდა. ზოგჯერ ბერი დაჯდებოდა და მაშინ ყველა დამსწრე დგებოდა მუხლებზე მის ირგვლივ. დიდი ყურადღებით უსმენდნენ მის საუბარს, რომელიც ყოველთვის შეიცავდა სასარგებლო ზნეობრივ სწავლებას ან ვინმეს მხილებას. ყველაზე ხშირად ის იძლეოდა რჩევებს მოთმინებაზე, მოყვასის სისუსტის მოწყალებით შეხედვასა და საკუთარი თავის სიქველისათვის იძულებაზე. ამბობდა, „რომ ცათა სასუფეველი იძულებით მოიმუშაკება“, რომ „მრავალი ჭირის დათმენა გვამართებს ღვთის სამეფოში შესასვლელად“. და: „ვინც ბოლომდე მოითმენს, ის გადარჩება“. ზოგჯერ ეს დამრიგებლური საუბრები დასვენების საათს ართმევდა და მომსახურეც გაახსენებდა ხოლმე ამის თაობაზე. მაშინ წმინდა მამა მოიხდიდა ქუდს, ქედს მოიხრიდა და ჩვეულებრივ სახუმარო ტონით იტყოდა: „დიდად მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით, მამა „N ამბობს., რომ დროა წავიდე…“ ზოგჯერ მომსახურე ეტყოდა: „მამაო, უკვე ორი საათია“; ის კი უპასუხებდა: „შენ საათი უკან დააბრუნე და პირველი საათი იქნება“. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბერს კიდევ რაღაც სასარგებლო სიტყვის თქმა სურდა. ზაფხულში, თბილ დღეებში, ის ხალხის საკურთხებლად ჰაერზე გამოდიოდა და მისი გამოჩენა ყველასთვის ნამდვილი სიხარული იყო. ზღურბლიდან დაწყებული ორივე მხარეს მოწყობილი იყო ხის ბოძებზე დამაგრებული მოაჯირები, რომელთა ერთ მხარეს ხალხი იდგა, ხოლო მეორე მხარეს მოხრილი ბერი მოდიოდა, აკურთხებდა ყველას და დროდადრო შეჩერებული პასუხობდა შეკითხვებზე. შემოსაზღვრულს ბერის ნებართვის გარეშე არავინ გადააბიჯებდა. თუ ვინმე ასეთ გმირობას გამოიჩენდა, მას ბერი რამდენიმე მეტანიას დაუნიშნავდა.
ყოველთვის ასე თავისუფლად და დიდი ძალისხმევის გარეშე ვერ საუბრობდა ბერი ხალხთან. ხშირად ის არა მარტო იღლებოდა, არამედ გადაიღლებოდა ხოლმე, განსაკუთრებით, როცა დილიდან თავს ცუდად გრძნობდა. ასე, მაგალითად, ერთ პიროვნებას წერდა: „ჩემს ჯანმრთელობაზე არც კი ვიცი, რა გითხრა. გწერდი სიძნელეებზე. მე განსაკუთრებით ბოლო სამი კვირა ვგრძნობ სხეულში რაღაც სიმძიმეს, ასე რომ, დილას ძლივს ვდგები, რომ ჩვეულებრივ მრავალვიმეტყველო ხალხთან. იმდენს ვლაპარაკობ, რომ ბოლოს ძლივს მივაღწევ ხოლმე ლოგინთან. აი, შენ განსაჯე ჩემი ბრძოლა მართლებთან და დამნაშავეებთან. შუბლზე არავის აწერია, თუ ვინ არის ის, ხოლო იმის თქმა, რომ მას უნდა ურჩიო და იმის გაგებაც არ უნდა, რომ მე არ მცალია. უძლურების და დაღლილობის გამო მწყინს. ასეთი ანდაზაა: როგორც არ უნდა დააგდო, მაინც სოლი გამოვაო. არ მივიღებ – არ შეიძლება, ყველას მიღება კი არ შემიძლია, ძალა არ მყოფნის“. მიუხედავად იმისა, რომ მის ძალებს აღემატებოდა, ის მაინც ყველას აკურთხებდა და შემდეგ გაემართებოდა დასასვენებლად. ხალხი ჩვეულებრივ გროვდებოდა მის გვერდით. იყო ხმაური და არეულობა. ზოგი მისი სამოსის ნაპირს სჭიდებდა ხელს, რომ ერთი სიტყვა ეთქვა მათთვის. ბერი ძლივს გაასწრებდა ხოლმე ბრბოს, ხშირად ანაფორას უტოვებდა მათ ხელში, რომელიც შემდეგ მომსახურეებს შემოჰქონდათ სენაკში. ხშირად გვხვდებოდნენ ისეთი ეგოისტები, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ბერს მათთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია და სხვებისგან გამოერჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ნაწყენი რჩებოდნენ. ასე, ერთხელ არაქათგამოცლილმა ბერმა, რომელიც ძლივს ლუღლუღებდა ბრბოში, გაიგო ვიღაცის ხმა: „ამისთანა ბოროტება! გაიარა და არ შემომხედა“.
ხდებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ ბერი სადილის შემდეგ სულ არ ისვენებდა. შეიძლება იმიტომ, რომ ხედავდა საკუთარ თავში ამის ძალას, ან არ ეძინებოდა. მაშინ ის დაუძახებდა მწერალს და ვინმესთვის მისაწერ წერილს კარნახობდა. ამრიგად, მას ერთი დასვენების წუთიც კი არ ჰქონდა. დასვენებისას მას არავინ აწუხებდა. ხალხი სასტუმროში მიდიოდა. ირგვლივ კარები იკეტებოდა, ცენტრალური შესასვლელიდანაც და „მინაშენიდანაც“. იქვე იყო მამა მიხეილის წარწერა: „გთხოვთ კარის ანჯამები არ დაგვიმსხვრიოთ“. შუადღის მოკლე შესვენების შემდეგ, სამ საათზე, ბერი ისევ ფეხზე იყო. თუ თავს კარგად გრძნობდა, ისევ მიდიოდა ხალხთან სასაუბროდ. თუ სუსტად იყო, იღებდა ხალხს მამა იოსების სენაკში, მის ლოგინზე მწოლარე. აქ საუბრისას ხუთი საათისთვის ჩაის სვამდა, ისევ იღებდა ხალხს და საუბრობდა მათთან. რადგან დღის განმავლობაში სენაკთან მუდმივად ხალხი იყო მოზღვავებული, იმდენი ჭუჭყიანი ფეხსაცმელით შემოდიოდა და იმდენი ტალახი გროვდებოდა, რომ მეორე დღეს მომსახურე დიდხანს წმენდდა მას.
საღამოს რვა საათზე ბერი ვახშმობდა – მაგიდაზე გამოჰქოდათ იგივე საკვები, რაც სადილზე. ვახშმობისას მომსახურეები ვიღაცაზე და რაღაცაზე ეკითხებოდნენ მას, ის კი შეუჩერებლივ პასუხობდა. ზოგჯერ დააძალებდა რაიმეს წაკითხვას. ნავახშმევს, თუკი ბერის ძალები ბოლომდე ამოიწურებოდა, ის შემოიფარგლებოდა ყველას საერთო კურთხევით. თუკი ძალა ოდნავ შემორჩენილი ჰქონდა, მაშინ ისევ იწყებოდა ჩვეულებრივი მიღება და საუბრები, რომლებიც ღამის თერთმეტ საათამდე გრძელდებოდა. ამისთვის ის საჩქაროდ გადიოდა მინაშენში ან იქიდან ბრუნდებოდა დერეფნით, სადაც ამ დროს მის მოლოდინში მონასტრის ძმები ისხდნენ. ისინი ერთმა-ნეთში საუბრობდნენ. ბერი გავლით ეტყოდა: „ხალხო! ნუ ამთქნარებთ“, – ამით შთააგონებდა, რომ უქმად არ ვიმეტყველოთ და უქმად არ ვიაზროვნოთ. ზოგიერთ უქმად მოაზროვნესთან პირდაპირ მყოფი შენიშნავდა ხოლმე: „შენ, იმის მაგივრად, რომ დაჯდე, გელოცა სკვნილზე იესოს ლოცვა“. თუკი ის შენიშნავდა, რომ ბერები უსარგებლოდ ჩაფიქრებულნი სხედან, გაჩერდებოდა ცოტა ხნით და რომელიმე სასაცილო ანეგდოტს მოუყვებოდა, რათა მათგან სევდიანობის წყვდიადი განედევნა. მაგალითად, ასეთი: რომელიღაც მონასტერში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი, რომელიც ხელს ამგვარად აწერდა, – დაწერდა ჯერ ასო „ლ“-ს, შემდეგ მიუმატებდა – „ბერი“, და გამოდიოდა „ლ ბერი“1,(„ლ ბერი“ – ცრუ ბერი (რუს) – (მთარგმნელის შენიშვნა.). – ანდა: რომელიღაც წინამძღვარმა ჩააბარა ბერს ერთი ბიჭი, რომ მისი ყოფაქცევისათვის შეეხედა. შენიშნა, რომ ბიჭი დილის ლოცვებს აცდენს და ბერმა ჰკითხა ბიჭს; „ცისკარზე რომ მოდიხარ, იქ რა გალობენ?“ – „იქ გალობენ, – პასუხობდა ბიჭი, – ღმერთო ჩემო! ოხ, ღმერთო ჩემო!“ ეკლესიაში კი, დიდმარხვაში იგალობება: „ცისკარზე მოისმინე ჩემი ხმა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო“. ზოგჯერ მოუყვებოდა ცნობილ ანეგდოტს იმაზე, თუ როგორ დააბნია კაცმა ერთი საწყაო ბარდა და შეაგროვა ორი და მისთ. ბერის მიერ მოთხრობილი მსუბუქი ანეგდოტი, რა თქმა უნდა, ყველას სიცილს ჰგვრიდა. ძმები ბერთან ნებისმიერ დროს დადიოდნენ, როცა დასჭირდებოდათ, განსაკუთრებით, საღამოს კანონების მერე, როცა მორჩილებიდან თავისუფალნი აღმოჩნდებოდნენ.
ზამთარში ხალხთან შეხვედრისას, სენაკიდან გამოუსვლელად, ბერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად ძლიერ გაცივდებოდა ხოლმე ცივი ჰაერის ერთი ჩასუნთქვიდანაც კი, რადგან მოსულები არ ზრუნავდნენ მასზე და ქუჩიდან პირდაპირ მასთან შედიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურეები ბერის ბრძანებით ზრუნავდნენ იმაზე, რომ მოსულები წინასწარ დერეფანში გათბნენ. მიუხედავად ამისა, ყველას ყურადღების მიქცევა შეუძლებელი იყო. მთელი დღის დაძაბული შრომით შეწუხებულ ბერს, გაცივების შედეგად, საღამოს თავბრუსხვევები ჰქონდა, ზოგჯერ პირღებინების შეგრძნებით. პრობლემა ის იყო, რომ პირღებინების შეგრძნება კი ჰქონდა, აწუხებდა, მაგრამ ღებინება არ აღენიშნებოდა, რადგან კუჭი ცარიელი ჰქონდა. შვებას გრძნობდა, თუ ოდნავ მაინც ამოაღებინებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წუხილი გრძელდებოდა.
მიუხედავად ბერის ავადმყოფობისა და უძლურებისა, დღე ყოველთვის საღამოს ლოცვით და კანონების შესრულებით მთავრდებოდა, რომელიც მცირე მწუხრისაგან, მფარველი ანგელოზის კანონისაგან და საღამოს ლოცვებისაგან შედგებოდა. მთელი დღის შეუსვენებელი მოხსენებებისაგან და ბერთან ხალხის შემოყვანისა და გაყვანისაგან, მომსახურეები ისე იღლებოდნენ, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მონაცვლეობით მაინც კითხულობდნენ აღნიშნულ ლოცვებს. ხშირად, მიუხედავად გაძლიერებული დაძაბულობისა, თვალები ეწებებოდათ, ბაგეები უშეშდებოდათ. კითხვისას ზოგჯერ წაიბორძიკებდნენ კიდეც. ბერი კი თითქმის უგრძნობლად იწვა ლოგინზე. კანონის დასრულებისას ის ჩვეულებრივ შენდობას ითხოვდა, თუკი საქმით, სიტყვით და გონებით შესცოდა. ბოლოს მომსახურეები კურთხევას იღებდნენ ბერისგან და გასასვლელისაკენ მიემართებოდნენ. ზოგჯერ საათი დაიწკრიალებდა. სუსტი, ძლივს გასაგონი ხმით შეეკითხებოდა ბერი: „რომელია?“ უპასუხებდნენ: „თორმეტი“. – „დავაგვიანეთ“, – იტყოდა ხოლმე.
დასაძინებლად ყოველთვის ჩაცმული წვებოდა. ზაფხულობით თხელ, ზამთარში კი ბამბის კაბაში და აუცილებლად ტყავის ქამრით. თავზე მუდმივად ბერული ქუდი ეხურა, ხელში კი სკვნილი ეჭირა. მხოლოდ ჩექმებს იხდიდა და წინდების ამარა რჩებოდა. ღმერთმა უწყის, თუ როგორ ატარებდა ბერი ღამის საათებს. მხოლოდ დილის კანონებზე მოსული მომსახურეები ამჩნევდნენ, რომ ღამის პერიოდში მან რამდენიმე პერანგი გამოიცვალა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უწყვეტი ძილი არ ჰქონია. ამით მთავრდებოდა ბერის სადღეღამისო შრომა. მეორე დღეს მას ისევ ელოდა შეუსვენებელი საუბრები, შრომა, მტკივნეული შეტევები, სნეულება და სხვა.