მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება

 

თ ა ვ ი 7.
მღვდელ-მონაზონი ამბროსის ბერობის პირველი წლები
სკიტის მმართველ მამა ილარიონის გარდაცვალებამდე

 

„ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა,
არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვმირისა, არამედ სასანთლესა ზედა“ (მათ. 5, 14-15)


ღვთიური განგებულებით, სულით ძლიერ ადამიანებზე ძლიერი განსაცდელებიც დაიშვება. ოპტინელი ბერი მაკარისათვის ძალიან მძიმე იყო სიკვდილის წინა ავადმყოფობა, დიდი მოთმინებით იტანდა; ის აცვიფრებდა ექიმებს: მთელი ავადმყოფობის მანძილზე ლოცვითა და ხშირი ზიარებით ძლიერდებოდა. მამა ამბროსი, როგორც ბერის უახლოესი და უერთგულესი მოწაფე, სულ მასთან იმყოფებოდა და ხელსაყრელ დროს, ბერისვე სურვილით, კითხულობდა ნაშრომებს იმ მამებისა, რომლებიც მისთვის წმინდა იყო. „ერთხელ რომელიღაც სტატია წავუკითხე, – მოგვითხრობდა შემდგომში მამა ამბროსი, – მან კი შემომხედა და მითხრა: „აი, ძმაო, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, ჩვენ კი, მე და შენ, ცხოვრებით თავს ვიტყუებთ!“ ასე იმდაბლებდა თავს სიკვდილის სარეცელზე და სხვასაც ამდაბლებდა. 1860 წლის 7 სექტემბერს ბერი მაკარი აღესრულა. მამა ამბროსი იმდენად დაუძლურებული იყო ავად-მყოფობისაგან, რომ დაკრძალვის დღეს, 10 სექტემბერს, სამღვდელო შესამოსელით ვერ შეიმოსა.

ამასობაში, სიკვდილის მოახლოებისას, მაკარი ბერმა პირდაპირ არ მიუთითა ბერობაში თავის მემკვიდრეზე. მოწაფეების კითხვაზე: „რა ვქნათ ჩვენ, მამაო, უშენოდ?“ – მან გვიჩვენა ანბანური პატერიკი, ამბა ისააკ სკიტელის პასუხი ამავე კითხვაზე. იქ წერია: „ამბა ისააკზე მოგვითხრობდნენ: გარდაცვალებამდე მასთან ბერები შეიკრიბნენ და უთხრეს: – რა უნდა ვქნათ ჩვენ შენ გარეშე, მამაო? მან კი უპასუხა: – თქვენ ნანახი გაქვთ, თუ როგორ ვიქცეოდი მე თქვენ წინაშე; თუ გინდათ, რომ მომბაძოთ, დაიცავით უფლის მცნებები და უფალიც თავის წყალობას მოგივლენთ, დაიფარავს ამ ადგილს. თუ მცნებებით არ იცხოვრებთ, დანიშნულების ადგილას ვერ მიხვალთ, ჩვენც ასე განვიცდიდით, როცა ჩვენგან უფალთან მიდიოდნენ ჩვენი მამები, მაგრამ, ღვთის მცნებათა დაცვითა და ბერების ანდერძის შესრულებით, ისე ვცხოვრობდით, თითქოს ისინი ჩვენთან იყვნენ. თქვენც ასე მოიქეცით და გადარჩებით!“

თვითონ მნათობი, მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირადად იცნობდა ოპტინელ ბერს, მღვდელ-მონაზონ მაკარს და დიდი სიყვარულით ეპყრობოდა მას მაღალი სულიერების გამო. მან არაფერი იცოდა მის მემკვიდრეზე, ამიტომ, ოპტინელ ბერებს თანაუგრძნობდა მის დაკარგვას და ასე სწერდა სერგიევის სამების ლავრის მოსაყდრე არქიმანდრიტ ანტონს: „ოპტინელებმა დაკარგეს მამა მაკარი, ვფიქრობ, მან დატოვა კეთილი, სულიერი მემკვიდრე; ვფიქრობ, აღმოჩნდება ვინმე, ვინც განამტკიცებს მათს სულიერ ერთობას და უხელმძღვანელებს“.

მიუხედავად ამისა, ბერობაში სქემოსანი მღვდელ-მონაზონ მაკარის მემკვიდრედ, როგორც ეს წინა თავიდან ჩანს, დიდი ხნით ადრე დანიშნული იყო თავმდაბალი მამა ამბროსი. მაკარი ბერის მიერ დასმულ კითხვაზე მემკვიდრის შესახებ ყველას შეიძლებოდა ეპასუხა: „მოდი და ნახე“. მაგრამ, რადგანაც მამა ამბროსი ახალგაზრდა, მხოლოდ 48 წლისა გახლდათ, მისი შინაგანი სულიერი ცხოვრება, ღვთისა და მამა მაკარის, აგრეთვე რამდენიმე სულიერი მამის გარდა, არავინ იცოდა, ხოლო გარეგნული საქმეებით ამის დანახვის დრო არც იყო. მის ამხანაგებს, მამა მაკარის სხვა მოწაფეებს, მით უმეტეს, მონასტერში მამა ამბროსიზე ადრე მოსულ მღვდელმონაზვნებს, სხვანაირად არც შეეძლოთ მასზე ეფიქრათ, თუ არა მხოლოდ როგორც რიგიან ადამიანზე, რადგან მაცხოვრის სიტყვებისამებრ, წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა“. როგორც ჩანს, მომაკვდავმა ბერმა პირდაპირ მასზე, როგორც საკუთარ მემკვიდრეზე, ვერ მიუთითა, ადამიანურ არჩევანს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ეს ყველაფერი საქმეს ითხოვდა, როგორც უფალმა თქვა: „ეგრე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანების წინაშე, რომ ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს“. თვითონ ამბროსი ბერს, მსგავსი შემთხვევებისას, ადამიანის შექების და მისთვის პირდაპირ რაიმე დანიშნულების მიცემა ჩვეულებად არ ჰქონდა, არამედ იმეორებდა ძველ რუსულ ანდაზას: „სანაყი ფქვილს უჩვენებს“, ე.ი. დრო და ვითარება გვიჩვენებს, როგორია ადამიანი და ღირსია თუ არა ის თავისი დანიშნულებისა.

ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ მამა ამბროსი მონასტერში მოსვლიდან მოკლე ხანში წარემატა სულიერ ცხოვრებაში, 1848 წლიდან თავისი მოძღვრის, მამა მაკარისა და ღვთისგანბრძნობილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ მოსეს კურთხევით დაიწყო მოძღვრობა და წარმატებით ხელმძღვანელობდა სულიერი რჩევებითა და სწავლებით მათ, ვინც მას განეკუთვნებოდნენ ხსნის საქმეში. ახლა კი, თორმეტი წლის განმავლობაში მამა მაკარის გვერდით მოძღვრობის შემდეგ, ის იმდენად მომზადებული იყო ამ დიადი მსახურებისთვის, რომ მისი წინამორბედის მოადგილეობა თავისუფლად შეეძლო. და აი, აღსრულდა ტროეკუროვოს ბერის, მამა ილარიონის სიტყვები, რომლებიც ოცდაერთი წლის წინ უთხრა ახალგაზრდა ალექსანდრე მიხეილის ძე გრენკოვს: „წადი ოპტინაში, შენ იქ სჭირდებით“. ნამდვილად, ის ოპტინაში ახლა უაღრესად საჭირო იყო, რადგან არავის, გარდა მამა ამბროსისა, სავანის არც ერთ ბერს არ შეეძლო დაეკავებინა მამა მაკარის ადგილი.

ახლად გარდაცვლილი მაკარი ბერის ორმოცის დასრულებას სკიტში უფროსი ძმების გადაადგილება მოჰყვა. სკიტის მმართველი მღვდელ-მონაზონი პაფნუტი საერთო სენაკიდან მამა მაკარის სენაკში გადავიდა, ხოლო მღვდელ-მონაზონი ილარიონი, რომელიც მაკარი ბერის ე.წ. შინამომსახურე იყო, საერთოდ გადაბარგდა. თანასწორი უფლებების მქონე მამა ამბროსიმაც, უკვე სქემოსანმა , მიატოვა დაყუდებულის წესები თავის ვიწრო სენაკთან ერთად, რომელიც მისი ლოცვითი გმირობების მოწმე იყო, და გადავიდა სხვა კორპუსში, სკიტის გალავნის ახლოს, სამრეკლოს მარჯვენა მხარეს რომ მდებარეობდა. იგი შამორდინოს დედათა მონასტერში გადასვლამდე, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, მღვიძარედ იდგა ღვთაებრივ სადარაჯოზე, და მთელი სულით სიყვარულით ემსახურებოდა მოყვასს; განიცადა ყველა ადამიანური განსაცდელი, მწუხარება და უძლურება; ეხმარებოდა ყველას სიტყვით, საქმით და სულიერი ნიჭით. აღნიშნული შენობის დასავლეთ მხარეს, კორპუსსა და გალავანს შორის, ახალი ბერის მითითებით მალე თბილი ფართი, „ხიბარკად“ წოდებული მინაშენი მოაწყვეს. აქ მდედრობითი სქესის ადამიანები უნდა მიეღოთ.

თუ ადამიანურად შევხედავთ, თავისი ბერობის დასაწყისში მამა ამბროსი თითქოსდა არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არქიმანდრიტი მოსე ღრმად მოხუცებული იყო, სულიერ სიმხნევეს არ კარგავდა და უხაროდა, რომ თავისი კალთის ქვეშ გამოზრდილი ალექსანდრე, თითქმის ბარტყივით აყვანილი, სწრაფად ავიდა ბერის საფეხურზე და შეუძლია უხელმძღვანელოს სხვებს მარადიული ნეტარების, ე. წ. „ბერობის“ გზაზე;

თავისი მოძღვრის, მამა მაკარის გარდაცვალების შემდეგ არქიმანდრიტმა მოძღვრად აირჩია არა ბერი ამბროსი, არამედ მისი უმცროსი ძმა, მონასტერში მცხოვრები იღუმენი ანტონი, რომელიც ყველას სულიერი მამა გახდა. ამ უჩვეულო არჩევანის შემდეგ იღუმენი ოდნავ ეჭვიანი გახდა, მაგრამ არქიმანდრიტმა მოსემ ძმის ეს ეჭვი ადვილად განაქარვა და უთხრა: „მოციქული ხომ ბრძანებს, რომ ერთმანეთს ვუთხრათ ცოდვები“.

ამრიგად, წინამძღვარი თავიდან თითქოს ოდნავ გადაიხარა ახალგაზრდა ბერის, მამა ამბროსისაგან. ეს ერთი. მეორე – მღვდელმონაზვნები, ბერ-დიაკვნები და სხვა უფროსი ძმები ახლაც, როგორც ადრე, აღსარებას აბარებდნენ საძმოს მოძღვარს, სკიტის მმართველ მღვდელ-მონაზონ პაფნუტს. და მესამე, საერობოსთვის მამა ამბროსი ნაკლებად ცნობილი იყო. ასე რომ, მამა ამბროსის თავის წილად რჩებოდა ზოგიერთი ახალგაზრდა ძმა, ის ბერები, რომლებიც მამა მაკარმა ჩააბარა და ახალმოსული მორჩილები, ოღონდ არა ყველა. საერობოდან ვინც კარგად იცნობდა მამა მაკარს, ზოგიერთმა ახალ ბერს მტრულადაც კი დაუწყეს ყურება. ერთ მანდილოსანს, რომელსაც მამა მაკარის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება მოჰგვარა, უთხრეს, რომ ოპტინაში არის ახალი ბერი, რომელსაც ძალიან აქებენ და რომ მას ჰქვია ამბროსი. „როგორ, – შესძახა მან ყვედრებით, – მამა მაკარის მერე იმ ბერთან მივიდე, რომელიც მუდამ მამაოს სენაკებში ტრიალებდა და ტომრით დადიოდა?! ეს შეუძლებელია!“ ის მხოლოდ ერთხელ როგორღაც შემთხვევით გამოელაპარაკა მამა ამბროსის და მისგან ლმობიერქმნილი გამოვიდა და, როგორც ადამიანები ვარდებიან ხოლმე უკიდურესობაში, – ადრე თუ მას აძაგებდა, ახლა მაკარი ბერზე მაღლა აიყვანა. „მე ორივეს ვიცნობდი, – ამბობდა იგი, – მაგრამ ვგრძნობ, რომ მამა ამბროსი თავიდან შეგნებულად იყო ხინჯად დატოვებული, რომ მისი ღირსება დროში გამოჩენილიყო თავისი საქმით“.

მაგრამ აი მონასტერში გარემოებები მალე შეიცვალა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1892 წლის 16 ივნისს, გარდაიცვალა ოპტინის პატივცემული წინამძღვარი, რის შემდეგაც, საერთო სამონასტრო წესის მიხედვით, საძმოს ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. არქიმანდრიტ მოსეს დაკრძალვაზე ჩამოსულმა კალუგის მღვდელმთავარმა გრიგოლი II-მ დაკრძალვისთანავე აკურთხა საძმო დაუყოვნებლივ დაეწყოთ ახალი წინამძღვრის არჩევა კალუგის მონასტრების ბლაღოჩინის არქიმანდრიტ გერასიმეს გამგეობით, რომელიც ამ დროს კალუგის სემინარიის რექტორი გახლდათ (შემდგომში ასტრახანის ეპისკოპოსი). მამა ამბროსისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ იყო გასაგები, რომ არქიმანდრიტ მოსეს მემკვიდრე სკიტის მღვდელ-მონაზონი ისააკი ანტიმონოვი უნდა ყოფილიყო. ეს უკანასკნელი, რომელიც თვითონაც ხვდებოდა რომ ეს ხვედრი ემუქრებოდა, ცრემლიანი თვალებით ევედრებოდა მამა ამბროსის, აეცილებინა მისთვის ეს მძიმე ჯვარი, რასაც წინამძღვრობა ჰქვია, ამიტომ ბერმა ჩათვალა – უკეთეს დრომდე დადუმებულიყო მასზე. შეიძლება ის ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ განსვენებული მამა მაკარის პირით ნაუწყები ყოფილიყო ღვთის ნება არქიმანდრიტ მოსეს მემკვიდრეზე, მაშინ გარემოება, რომელიც ღვთის განგებულებით წყდებოდა, თვითონ დაიწყებდა მამა ისააკის წინამძღვრად არჩევას. მაგრამ საქმემ სხვა სახე მიიღო, ძმების ხმები არჩევნებზე გაიყო. უმრავლესობამ უხუცესი მღვდელ-მონაზონი პაფნუტი აირჩია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სკიტს და საძმოს მოძღვრად ითვლებოდა. სავანის უფრო დაფასებული ნაწილი მამა ისააკის მხარეს იყო, მაგრამ ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მას პირველმა – მღვდელ-მონაზონმა ილარიონმა მისცა ხმა, რომელიც მამა მაკართან ძალიან ყველაზე დაახლოებული პირი იყო, შემდგომში კი სკიტის მმართველი და მთელი ოპტინის საძმოს მოძღვარი. ის მამა ამბროსისთან ერთად მამა მაკარმა ხსნის მძებნელთა სულების დამპურებლად დაადგინა, მოკლედ რომ ვთქვათ, მონაზვნად. მათთან ერთად მამა ისააკის მომხრეები იყვნენ: მღვდელ-მონაზონი ლეონიდე კაველინი, შემდგომში არქიმანდრიტი; სერგიევის სამების ლავრის არქიმანდრიტის მოსაყდრე – მღვდელ-მონაზონი ფლავიანე, შემდგომში ოპტინის მონასტრის ხაზინადარი (მოლარე); მღვდელ-მონაზონი გაბრიელი და სხვები. როდესაც მამა ამბროსიმ გაიგო, რომ არჩევნებში მამა პაფნუტიმ გაიმარჯვა (როგორც გადმოგვცემდა ოპტინის ყოფილი წინამძღვარი არქიმანდრიტი დოსითეოსი), მაშინვე წავიდა მონასტერში მეუფესთან. გზად ძმები შეხვდნენ და მათ პირდაპირ განუცხადა: „მამა მაკარმა სიცოცხლეში დანიშნა მამა ისააკი არქიმანდრიტ მოსეს მემკვიდრედ, ამიტომ მე მივდივარ მეუფესთან ამის ასახსნელად“. ბერს არავინ შეეწინააღდეგა. მეუფის კითხვაზე მამა ამბროსიმ სკიტის სქემოსანი ბერის მამა გენადის სიტყვების მიხედვით უპასუხა, რომ მამა ისააკი თვითონ ითხოვდა მისთვის ხმები არ მიეცათ. მაგრამ იცოდა რა მამა მაკარის ანდერძი იმის თაობაზე, რომ მამა ისააკი უნდა ყოფილიყო არქიმანდრიტ მოსეს მემკვიდრე, მან გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა. როდესაც მეუფემ განსვენებული მამა მაკარის ნება შეიტყო, როგორც ეს აღნიშნულია იღუმენ მარკოზის ჩანაწერებში, და მას ახალი წინამძღვრის არჩევა აუწყეს, თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ მამა ისააკს არ ჰყოფნის ხმები, ჩემი ნებით და მამა მაკარის არჩევით, სავანის წინამძღვარი გახდეს მამა ისააკი. ღმერთმა დალოცოს!“ შემდეგ მიმართა მამა პაფნუტის და უთხრა. „თქვენ კი, მამა პაფნუტი, მე არ დაგივიწყებთ; თქვენ თქვენსას მალე მიიღებთ“. ამის შემდეგ მწყემსთავარმა საძმო დალოცა და კალუგაში გაემგზავრა. ასე აღსრულდა განსვენებული ბერის, მამა მაკარის ნება, უფრო სწორად, აღსრულდა ბერის პირით ნაუწყები ღვთის ნება. და მღვდელ-მონაზონმა ისააკმა, რომელიც არასოდეს ნატრობდა წინამძღვრობას, ცხარე ცრემლებით მიიღო ოპტინის მონასტრის აღმაშენებლის ტიტული.

თავიდან, როგორც კი მამა ამბროსი დამოუკიდებელი ბერი გახდა, მას მხოლოდ ერთი შინამომსახურე ჰყავდა, მორჩილი ს. დ. სმოლენსკის გუბერნიიდან, რომელიც დროდადრო მის მწერლადაც (გადამწერი) მსახურობდა. მაგრამ როდესაც მომსვლელთა და მიღებულ წერილთა რიცხვმა ზრდა დაიწყო, მაშინ ბერს ზედმეტი თანაშემწეებიც დასჭირდა, რომლებიც უფალმა დაუყოვნებლად გამოუგზავნა. 1862 წლის ბოლოს ან 1863 წლის დასაწყისში. ოპტინაში ჩამოვიდა განათლებულ სამყაროში ცნობილი ვინმე კონსტანტინე კარლოს ძე ზედერგოლმი, შემდგომში მღვდელ-მონაზონი კლიმენტი, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იგი იყო ბერძნულის ჩინებული მეცნიერი, გარკვეული დროის განმავლობაში ობერპროკურორის განსაკუთრებულ დავალებათა მოხელედ მსახურობდა გრაფ ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოისთან წმინდა სინოდში. აქ იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ სკიტის საძმოში სამუდამოდ დარჩენილიყო, და დარჩა კიდეც. ამ დღიდან საკუთარ აღსასრულამდე, 1878 წლამდე, მამა ამბროსისთან მთავარი მწერლის თანამდებობაზე იმყოფებოდა. ამ ადამიანზე მამა ამბროსი განსაკუთრებულად ზრუნავდა. უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელ-მონაზონი კლიმენტი, მიუხედავად კეთილი გულისა და სუფთა მისწრაფებებისა, ძალიან ფეთქებადი იყო და ყოველგვარ წვრილმანზე გული სწყდებოდა. ასეთ შემთხვევაში მამა ამბროსი, შეიძლება ასე ითქვას, ეფერებოდა მას როგორც დედა შვილს. დაკეტილი კარის მეორე მხრიდან ხშირად და ხანგრძლივად ისმოდა ხმები, ერთი მხრივ, მტირალი მამა კლიმენტისა, ხოლო მეორე მხრივ – გამომაფხიზლებელი და დამამშვიდებელი საუბრები მონაზვნისა მამა ამბროსისა. ერთი შინამომსახურის მაგივრად, რომელიც მაინცდამაინც ჯანმრთელი არ იყო, სკიტში ერთდროულად გამოჩნდა ორი ახალგაზრდა კაცი, რუსეთის ორი სხვადასხვა მხრიდან, მაქსიმე – მოსკოვიდან, შემდგომში მღვდელ-მონაზონი მიხეილი , და მალოროსსიდან – იოანე, ახლა მღვდელ-მონაზონი იოსები, სკიტის მონაზონი. პირველი ოცი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ბერთან, მეორე კი – ოპტინიდან შამორდინოში გადასვლამდე. ამ იოანეზე მამა ამბროსიმ ოდესღაც სხვების თანდასწრებით მიუთითა, და თქვა: „ეს იოანე ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება და თქვენთვისაც“. ამ უფროს შინამომსახურეებს შემდგომში ეხმარებოდა კიდევ ერთი ან ორი ახალგაზრდა მორჩილი. საქმე ყველასთვის ბლომად იყო.

1862 წელს მამა ამბროსის ახალი ავადმყოფობა ეწვია. ამ წლის ბოლოს, ზამთრის პერიოდში, იგი სკიტიდან მონასტერში ახალაღკვეცილი ბერების მოსანახულებლად წავიდა, რომლებიც მან, როგორც მოძღვარმა, სახარებისეულად მიიღო. ამ დროს აღკვე-ცილთა შორის იყო ბერი ანტონი, კალუგის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, შემდგომში სკიტის მმართველი და მონაზონი (ბერი). მსვლელობისას მამა ამბროსი მარხილიდან ავბედითად გადმოვარდა და ხელის ამოვარდნილობით დაზიანდა. ცუდი მკურნალობის გამო ის დიდხანს და მძიმედ წვალობდა. მისი ჯანმრთელობა ისედაც სუსტი იყო, ახლა კიდევ უფრო დასუსტდა, იმდენად, რომ ამ დღიდან ტაძარში ვერ დადიოდა საეკლესიო მსახურებაზე, ზიარებასაც სენაკში იღებდა. ამ დღიდან მთელი ცხოვრება სიკვდილამდე ზამთრობით ჰაერზეც კი ვერ გამოდიოდა.

1865 წელს ბერი ამბროსი გამოემშვიდობა ოპტინის უკანასკნელ დიდ სულიერ მამას იღუმენ ანტონს, რომელმაც (თავის ღვიძლ ძმასთან არქიმანდრიტ მოსესთან ერთად) დააარსა და აღაშენა ოპტინის სკიტი. ის ამ წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი სულიერი შვილები, სასულიერო თუ საერო პირები, ახლა მამა ამბროსისთან გადმოვიდნენ. ამრიგად, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა მასთან სულიერი საზრდოსთვის მომსვლელთა რიცხვი და აგრეთვე წერილების რიცხვი. მასთან მოდიოდნენ და წერილებს წერდნენ სხვადასხვა ჩინისა და მდგომარეობის, სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანები. მისი დიდება უკვე შორს გახდა ცნობილი. ის ცნობილი გახდა მოსკოველი მნათობის, მიტროპოლიტ ფილარეტისთვისაც, რომელმაც იმავე 1865 წელს მოსკოვში მყოფ ერთ ოპტინელ ბერს მამა ამბროსისთვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გამოატანა საკურთხებლად. ამით, საფიქრალია, მნათობმა თავისი სურვილი გამოხატა, რათა ყოვლადკეთილმა ღმერთმა გააძლიეროს ახალი ბერი ამბროსი ოპტინის საძმოს ერთსულოვნების შენარჩუნებაში, როგორც ადრე ამას წერდა იგი სერგიევის სამების ლავრის წინამძღვრის მოსაყდრეს არქიმანდრიტ ანტონს.

როგორც სკიტის მატიანეებში წერია, მამა ამბროსის ცხოვრების ბოლოსთვის რამდენჯერმე დაუბრუნდა სასტიკი ავადმყოფობა – ჰერმოროიდალური სისხლდენა. 1868 წლის 28 აგვისტოს ავადმყოფობა საშიში გახდა. სისხლდენა გრძელდებოდა ყოველ-დღიურად, ხუთი კვირის განმავლობაში. კოზელსკის მაზრის ექიმის არყოფნის გამო ის ცხრა დღე სამედიცინო დახმარების გარეშე რჩებოდა, მხოლოდ 6 სექტემბერს ჩამოვიდა ბელევოდან ექიმი კუნიავსკი მიწვევით, რომელმაც რაღაც დახმარება გაუწია ვნებულს. მოკლედ, ბერის გამუდმებული ავადმყოფობა არ წყდებოდა. ამის გამო იმ დროს ოპტინაში ჩამოსული იყო მამა ამბროსის სულიერი შვილი და თაყვანისმცემელი – გრაფი ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოი. ძვირფასი ბერის სხვა სულიერ შვილებთან ერთად იგი იღუმენ ისააკს სთავაზობდა – გაეგზავნა ბერი სოფელ კალუჟენკაში (ოპტინიდან 70 ვერსში), იქაური მღვდლისთვის კი ეთხოვათ ჩამოებრძანებინა მონასტერში ცნობილი სიწმინდე – კალუგის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რათა მამა ამბროსის სულიერ შვილებს ელოცათ მის წინაშე მოძღვრის გამოჯანმრთე-ლებისათვის. წმინდა ხატი მალე ჩამოაბრძანეს და ბერის სენაკში გადაიხადეს ზეციური დედოფლის პარაკლისი და აკათისტო, შემდეგ საკელიო ღამისთევა. ამის შემდეგ ცოტა ხანი ისევ წვალობდა ბერი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ოპტინელებში გაიღვიძა იმედმა ღვთისმშობლის წყალობითა და შეწევნით, რომელმაც არ გააწბილა მსასოებელნი. 17 სექტემბერს ზეთი სცხეს, ხოლო იმავე თვის 22 რიცხვში კალუგიდან მოწვეულ იქნა ექიმი ბაბუშკინი, რომელმაც შეუმსუბუქა ბერს ავადმყოფობა.

ბერმა ვერც კი მოასწრო თავისი მკაცრი დაავადებისაგან გამოკეთება, რომ 1 ნოემბერს, გაუფრთხილებლობის გამო, აბაზანის მიღების შემდეგ გაცივდა და კვლავ ავად გახდა. გაცივებამ და ბუასილმა მარჯვენა თვალზე იმოქმედა, სადაც ანთებითი პროცესი დაეწყო და ორი თვის განმავლობაში ვერც კითხულობდა.

ზაფხულის პერიოდში მამა ამბროსი რამდენიმე დღით დასასვენებლად სამონასტრო აგარაკზე მიდიოდა, სადაც თევზაობდა. ახლა კი 1869 წელს, ის ძალიან დასუსტებული იყო ძლიერი ავადმყოფობისგან, მას ახლაც სჭირდებოდა დასვენება. დასახელებული აგარაკი ათი ვერსით იყო მონასტრიდან დაშორებული და მდებარეობდა მდინარე ჟიზრდაზე. მას შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს: ერთი მხრიდან ფიჭვნარი, გიგანტური ხეებით, ხოლო სხვა დანარჩენ მხარეს გაშლილი ადგილია, სამონასტრო სარწყავი ველები, მდინარეები, ხოლო იმის იქით მინდვრები და გლეხებით დასახლებული სოფელი.მეუდაბნოების მოყვარული ბერი ამბროსისთვის ასეთი მდებარეობა შეიძლება არ ყოფილიყო მაინცდამაინც მისაღები. ამიტომ, როდესაც იღუმენმა ისააკმა სამოციანი წლების ბოლოს ვიღაც ხანში შესული ქალისგან შეიძინა ტყის სიღრმეში მისი კუთვნილი მიწა ტყით მონასტრისთვის და გადაწყვიტა იქ კიდევ ერთი აგარაკის აშენება, ცნობილი არისტარხოვის სახელით, ბერმა დაიწყო იქით სიარული და გამოყო ცალკე განსაკუთრებით პატარა სენაკი მომსვლელთა მისაღებად, რომლებიც ახლა ყველგან იპოვიდნენ მას, სადაც არ უნდა წასულიყო. მაგრამ ეს ფართი აღმოჩნდა ვიწრო და მოუხერხებელი. ამიტომ რამდენიმე სულიერმა შვილმა მამაოს მისთვის განსაკუთრებული სენაკის აშენება შესთავაზა, რათა მომავალში დროდადრო მაინც შესძლებოდა იქ ზაფხულობით დასასვენებლად წასვლა და მოხერხებულად ცხოვრება. ბერი დათანხმდა. ტყის სიღრმეში – არისტარხოვის აგარაკიდან შვიდი წუთის სავალზე იყო პატარა მინდორი, რომელიც ირგვლივ ფოთლოვანი ტყით იყო შემოსაზღვრული. სწორედ აქ გადაწყვიტა ბერმა აეშენებინა თავისთვის სენაკი. იმავე წლის 2 სექტემბერს, როდესაც კალუჟენსკის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული აღესრულება, მამა ამბროსი იმყოფებოდა არისტარხოვის აგარაკზე. აქ მისივე კურთხევით იმავე დღეს მონასტრიდან ჩამოვიდნენ მისი მწერალი ბერი კლიმენტი ზედერგოლმი და ახალი მორჩილი მიხეილ ევგენის ძე სტრუკოვი. მას თან ჰყავდა პატარა ბიჭი ევგენი. ბერმა მიიყვანა ისინი სენაკის მშენებლობის ადგილას და უთხრა: „აკურთხეთ, ძმებო, აქ სენაკის აშენება“. ყველა ჩუმად იყო. მაშინ ბერმა აიყვანა ხელში ყრმა ევგენი, მისით ჯვარი გადასახა დანიშნულ ადგილს და თან გაამეორებინა მას შემდეგი სიტყვები: „სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ. უფალმა გვაკურთხოს აქ. სიკეთისთვის ვიცხოვროთ“. ამრიგად, თავმდაბალმა ბერმა, რომელიც შეჩვეული იყო ეცხოვრა მუდამ საკუთარი ნების უარყოფით, ეკეთებინა ყველაფერი უფროსების კურთხევით, რომელსაც ახლა არ ჰყავდა გვერდით არავინ, ვინც მომავალ საქმეს აკურთხებდა, გადაწყვიტა კურთხევის მიღება უბიწო ყრმისაგან; მოძღვრებითი მაგალითია! მალე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულისთვის, კალუგიდან ჩამობრძანდა ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი. მონასტერში საღვთო ლიტურგიის შესრულების შემდეგ მეუფემ მიაკითხა სკიტს და მამა ამბროსის. ამ დროს, მეუფესთან საუბრისას, ბერმა ითხოვა მწყემსმთავრული კურთხევა განმარტოებული სენაკის აშენებისა. იმავე 8სექტემბერს გადაცემულ იქნა პირველი თანხა სენაკის ასაშენებლად მოსატანი ხე-ტყის საყიდლად მეტყევე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძისთვის, რომლის სახლიც სამონასტრო აგარაკის ახლოს იდგა. ბერის ერთგული ნიკოლოზი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს სენაკის აშენებას. მან თქვა: „როგორ არ ვიზრუნო, როცა მამა ამბროსის უნდა ჩვენი მხარის განათლება!“

შემდეგ, 1870 წლის ზაფხულში, მამა ამბროსის გეგმით, მის მიერ ნაჩვენებ ადგილზე, აშენდა მისთვის პატარა კორპუსი თავისი აუცილებელი ნაგებობებით და შემოიღობა დაწნული ზღუდარით. ერთ მხარეს კორპუსის ახლოს, ააშენეს ვრცელი „ხიბარკა“ -მინაშენი – მომსვლელებთან სასაუბროდ, სადაც, სხვათა შორის, ბერის მომლოდინეებს შეეძლოთ დამსხდარიყვნენ. ღობის შიგნით ამოთხარეს დიდი ორმო და შიგ ჩადეს დახვრეტილი დიდი ხის ყუთი. წყალში ჩადგმული ცოცხალი თევზის შესანახად, ღობის გარეთ კი მეორე, და ორივეში ჩაყარეს თევზი, ბერის გულისხმიერმა მორჩილებმა იქვე, კორპუსთან ახლოს, დარგეს მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და მოცვი; ღობის მეორე მხარეს დათესეს კარტოფილი. და, ამრიგად, მამა ამბროსის ახალი აგარაკიც მზად იყო. ახლად აშენებული კორპუსის ერთი ნაწილი დიდია, მაღალჭერიანია, რომელიც ბერმა თავისთვის განიკუთვნა მის განუყრელ თანამგზავრთან ბერ იოსებთან ერთად საცხოვრებლად. ბერი იოსები შემდეგ ოპტინის მონაზონი გახდა. მეორე, მცირე ნაწილში, პატარა სამზარეულო და საკუჭნაო განალაგეს. სამზარეულოს თავზე მოაწყვეს პატარა სენაკი მწერლისა და მომსვლელთა მოსასვენებლად. 13 ივლისის ღამე და დღეც მამაომ არისტარხოვის აგარაკზე გაატარა, ხოლო საღამოსკენ გადავიდა მის მიერ აშენებულ საზაფხულო სენაკში. პირველ რიგში მას უნდა ეკურთხა ახალი ადგილსამყოფელი ლოცვით. ამ დროისთვის აქ ჩამოვიდა ოპტინელი სქემოსანი მღვდელ-მონაზონი თეოდოტი, რამდენიმე მგალობლის თანხლებით, რომელმაც იმავე ღამეს იმსახურა ღამისთევით ღვთისმშობლის, წმინდა იოანე წინამორბედისა (მის სახელზე იყო დაფუძნებული ოპტინის სკიტი) და წმინდა ამბროსის მედიოლანელის სახელზე. ღამისთევის დასრულებისთანავე მამაო მასთან ერთად ჩამოსულ ბერებთან ერთად პირველად მოეწყო მის ახალ სენაკში ღამის გასათევად. დილით 14 რიცხვში იმავე მამა თეოდოტიმ გადაიხადა მაცხოვრის პარაკლისი, შემდეგ წმინდა კეთილმორწმუნე მეფის ალექსანდრე ნეველისა. შემდეგ ჩამოვიდნენ მონასტრიდან ხაზინისმცველი მამა ფლავიანე და მამა ამბროსის მოძღვარი მღვდელ-მონაზონი პიმენი. ახალჩამოსულმა, მამა თეოდოტისთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაიხადეს ღვთისმშობლის პარაკლისი, შემდეგ წმინდა იოანე წინამორბედისა და წმინდა ამბროსისა. წყლის კურთხევასთან ერთად, რის შემდეგაც მამა პიმენის მიერ წაკითხულ იქნა ლოცვა და მამა ანატოლისთან ერთად სენაკს და მთელ აგარაკს ასხურეს ნაკურთხი წყალი. ეს სულიერი დღესასწაული დაასრულეს მწირი ბერული ტრაპეზით აქ მოსულ სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ სკიტის მმართველი მღვდელ-მონაზონი ილარიონი და კათოლიკობიდან მოქცეული სერგო (სტანისლავ) მიხეილის ძე ბარანოვიჩი.

ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა განმარტოების მოყვარულებზე მამა ამბროსის ტყის აგარაკმა, განსაკუთრებით მაისის თბილ და წყნარ დღეებში! დილა. ხეების თავზე ამოცურდა სასიამოვნო მზე. მისი ნათელი სხივები ნაირფერად აკიაფდებიან მწვანე საფარზე და ნამის კრისტალური წვეთებით ბრჭყვიალებენ. ირგვლივ ტყის უშფოთველი სიმშვიდეა. ყოველი მხრიდან ტყის ურიცხვი პატარა ჩიტის სტვენა და გალობა ისმის. ყველაფერი ეს უსტვენს, რეკავს, ჭრიალებს, ჭიკჭიკებს და იღვრება შემოქმედის ერთ საერთო დაუდუმებელ სადღესასწაულო-სადიდებელ საგალობელში, რომელიც მოაქვს ზეციურ სამყაროში და აქ კვდება შორეულ საგალობელში, შორეულ ექოში. მთლიანად გავიწყდება მიწიერი შფოთი. აი აქ, ამ განმარტოებულ ადგილას, რამდენიმე წელი დადიოდა ბერი ამბროსი სკიტიდან. ის ირჩევდა კვირას სამუშაო დღეებით და სტუმრობდა აქ ხუთი-ექვსი დღე. სადღესას-წაულოდ ბრუნდებოდა სკიტში, სადაც ისმენდა ჩვეულებრივ საკელიო სადღესასწაულო ღამისთევას და მღვდელმსახურებისგან აღსარებას იღებდა. ესენი იყვნენ: წინამძღვარი, მღვდელმონაზვნები, ბერდიაკვნები და სხვა აღმსარებლებიც თუ იყვნენ. შემდეგ ისევ მიდიოდა თავის აგარაკზე. განსაკუთრებული გულისხმიერებით იღებდა ის აქ მოსულ ახლობლებს და ბერებს. ზოგჯერ საღამოს მოვიდოდა ერთი-ორი კაცი. მათ აქ აჭმევდნენ მოკრძალებულ ვახშამს. დაიძინებდნენ დაღლილი მგზავრები და ბერიც არ გააღვიძებდა მათ ადრე, დილით კანონების მოსასმენადაც კი. როდესაც სტუმრები ადგებოდნენ, მოისმენდნენ ბერთან ერთად ჟამნებს, მივიდოდნენ კურთხევის ასაღებად და ბოდიშს მოუხდიდნენ, რომ ცისკარზე ეძინათ. ის კი მამობრივი მოწყალებით ეტყოდა: „არა, ჩვენ სტუმრებს არ ვაწუხებთ“. თვითონ კი იჯდა თავის ლოგინზე კეთილსახიერად: ნათელი სახით, მოღიმარი, მოსიყვარულე: ან რაიმეს მოყოლას დაიწყებს ანდა ზოგჯერ იჯდა რაღაცნაირად საკუთარ თავში ჩაღრმავებული. თუ რაიმეს შეეკითხებოდნენ, მას თითქოს არ ესმოდა ბოლომდე: „ააა? რაა? – გაიმეორე“.

ბერთან ხშირად ჩამოდიოდა დიდი ოპტინელი მოღვაწე, მორჩილი ელისე, რომელიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამ წმინდა სავანეში. იგი თავისი სიმდაბლით ყოველთვის უარს ამბობდა მონასტრულ ყოველგვარ ხარისხებსა და მდგომარეობებზე. ის ცხოვრობდა ბერის აგარაკიდან ერთი ვერსის დაშორებით პატარა ქოხში და ტყეს დარაჯობდა. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იღებდა მამა ამბროსი ამ უხუცეს მორჩილს!

სამახსოვროდ მოვიყვან მისი ცხოვრებიდან რომელიღაც მაგალითს. საოცარი სიმდაბლის პატრონი გახლდათ მონა ღვთისა ელისე. ერთხელ იღუმენმა ისააკმა შესთავაზა აღკვეცილიყო მანტიაში ან თუნდაც მცირეში და ითხოვდა ამას მუქარით. „თუ არა, – ეუბნებოდა ის, – მე შენ სამზარეულოში გაგიშვებ“. – „აი ჩემი ბერობა“, – უპასუხებდა ელისე, – „მე შენ მეტანიებს დაგინიშნავ“. – აგრძელებდა მუქარას იღუმენი. – „აი ესეც მანტია“, – უპასუხებდა თავმდაბალი მოღვაწე. მან დიდი ხანი გაატარა ტყეში მარტო და ჭეშმარიტად ბუნების ნამდვილი შვილი გახდა. ის ზამთარში ტყის ფრინველებს ხელითაც აჭმევდა. გამოვიდოდა ჰაერზე, დაიყრიდა თავზე, წვერზე და ხელებზე კანაფის თესლს და როგორც კი იტყოდა: ჩიტებო, ჩიტებო, ჩიტებო! მაშინვე ყოველი მხრიდან მოფრინდებოდნენ: ზოგი თავზე დააჯდებოდა, ზოგი წვერზე, ზოგიც ხელებზე და მთლიანად დაფარავდნენ მას. ოპტინელი ბერები არაერთხელ გახდნენ ამ სურათის მოწმე. მას ტყის შემოვლისას მგლებთანაც მოუწია შეხვედრა. მაგრამ ისინი მას არ ერჩოდნენ და გვერდს უვლიდნენ. ღრმა სიბერეში, 75 წლის ასაკში, მას დამბლა დაეცა თავისი ტყის სენაკში. იგი გადაიყვანეს მონასტრის საავადმყოფოში. ასე გადმოგვცემდა ერთი ბერი მის მიერ ავადმყოფი ელისეს მონახულებას: „სამშაბათს (1877 წლის 26 აპრილი) მოვედი ავადმყოფ მამა ელისესთან (საძმო პატივისცემით მას მამას ეძახდა), რომელიც დიდი სისუსტის მიუხედავად დიდი მოთმინებით და კეთილსულიერებით ეპყრობოდა თავის სნეულებას. ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა ის თავს, მიპასუხებდა, რომ სისუსტეს გრძნობს, საჭმელს ვერ ჭამს და კვირის შემდეგაც არაფერი უჭამია. ამბობდა, რომ ის ნანუგეშევია იმით, რომ უფალმა ღირსყო ზეთისცხებისა და ზიარების მიღებისა. ჩემს სიტყვაზე, რომ შესაძლებელია მალე დასრულდეს წვალება და უფალი ანუგეშებს მას იქ მოთმინები-სათვის, მითხრა. „დიდება უფალს! ის აქაც მანუგეშებს მე – მომცა სიყვარულის ნიჭი, რათა ვაქო და ვადიდო ის! უფალთან, აქაც და იქაც, ყველგან კარგია. ჩვენთან არს ღმერთი, შეიგნეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!“ გამოთქვამდა სურვილს, რომ დაგვემარხა ახალ სასაფლაოზე, სამლოცველოს გვერდით, სამლოცველოსა და ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარს შორის: – „მე იქ ვცხოვრობდი, – დაამატა მან, – მიყვარს იქაური ადგილი და სამლოცველო“. მე მას წმინდა ლოცვებს ვთხოვდი, მან მითხრა. „მე ვლოცულობ და თქვენც არ დამივიწყოთ. იარეთ ჩემს საფლავზე. სულით ყოველთვის თქვენთან ვიქნები; მე მესიამოვნება, რომ თქვენ ჩემს საფლავზე ივლით“. 30 მაისს, ორშაბათს, ადრეული წირვის მერე მონასტერში, სადაც ახლანდელმა ხაზინადარმა სქემოსანმა მღვდელ-მონაზონმა მამა საბამ იმსახურა, მამა ფლავიანემ წესი აუგო მორჩილ ელისე მეუდაბნოეს. ის მისივე ანდერძის თანახმად ყოველთა წმინდათა ტაძრის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმ პერიოდში, როდესაც ელისე მორჩილებას გადიოდა უფროსი მზარეულის თანამდებობაზე საძმოს სამზარეულოში, სქემოსანი მღვდელ-მონაზონი საბა მისი თანაშემწე იყო.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენი თხრობის მთავარ თემას. 1871 წლის თებერვალში მამა ამბროსი თავისი ჩვეული დაავადებით ისევ მძიმედ გახდა. მაგრამ აი ამ თვის 24 რიცხვში მან მიიღო ათონის მთიდან პანტელეიმონ მკურნალისა და დიდმოწამის ხატი , რომლებიც კიპაროსის დაფაზე იყო დაწერილი. ეს ხატი ბელევოს მონაზონმა დარია პეტრეს ასულ ბელეტნოვამ სხვა დედებთან ერთად შეუკვეთა მამა ამბროსისთვის. იმავე დღეს ბერის სენაკებში ღვთის რჩეულის პანტელეიმონის სახელზე ღამისთევა ჩატარდა, ხოლო მეორე დღეს გადაიხადეს პარაკლისი და წაიკითხეს აკათისტო. ამ დღიდან ბერის ავადმყოფობა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში აწუხებდა და არავითარ სამედიცინო მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, შეწყდა.

ზაფხულის დადგომისთანავე ბერმა ისევ განაახლა სიარული თავის ტყის სენაკში. ხშირად სტუმრობდა იქაურობას თავისი მწერალი მამა კლიმენტი ზედერგოლმი. ის თავისუფალ დროს რომელიღაც წმინდა მამის წიგნით ხელში ლერწმის ჯოხზე დაყ-რდნობილი, რომელიც იშლებოდა და სკამის მაგივრობას წევდა, სეირნობდა ტყეში. სიარულისაგან დაღლილი დაჯდებოდა ხის ტოტების ქვეშ თავის ხელოვნურ სკამზე და წიგნის კითხვით ერთობოდა. ამასობაში მამა ამბროსი მოსულებთან შრომობდა, რომლებმაც ძალიან მოუხშირეს აგარაკზე სიარულს. ასე გამოცოცხლდა ეს უკაცრიელი ადგილი. ამ სიცოცხლის შემყურე მამა კლიმენტი აღტაცებით იმეორებდა: აყვავდა ასე უდაბნო, ვითარცა შროშანი. მაგრამ რამდენადაც ეს ყველაფერი ანუგეშებდა ბერსაც და მომსვლელსაც, იმდენად, შეიძლება ითქვას, მათი საერთო განსაცდელის მიზეზიც იყო. ამ ზაფხულს მრევლთან დაუღალავი შრომით ბერი ისევ ავად გახდა. 8 აგვისტოს მას ისევ გაეხსნა ჰემაროიდული (ბუასილი) სისხლდენა, რომელიც მთელი თვე გრძელდებოდა. ავადმყოფობაში მამა ამბროსი უპირატესობას სულიერ მკურნალობას ანიჭებდა, ზეციური დედოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით. 17 აგვისტოს მის სენაკში მოაბრძანეს თავისი მონასტრიდან კალუჟენკის ღვთისმშობლის ხატი და აღავლინეს პარაკლისი აკათისტოსთან ერთად, ხოლო 18 რიცხვში ბერს კაზელსკიდან ჩამოუტანეს ახტირიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და ისევ პარაკლისი და აკათისტო გადაიხადეს. ბოლოს 30 აგვისტოს მეშჩევსკის გეორგიევსკის მონასტრიდან ჩამოაბრძანეს „განსაცდელში მყოფთა მანუგეშებელი“ ღვთისმშობლის ხატი და ყველა გულშემატკივარი გულისხმიერად ლოცულობდა ბერთან ერთად მის გამოჯანმრთელებაზე. 10 სექტემბრისთვის ტკივილები შეუწყდა. აი, ასე წერდა შემდგომში თვითონ მამა ამბროსი ტომსკის ეპისკოპოს პეტრეს : „ჩემი ჯანმრთელობა ახლა ადრინდელზე უკეთესად არაა. ზაფხულში, განვლილი წლების მსგავსად, რამდენჯერმე წავედი ჩემ მიერ სამოცდაათ წელს აშენებულ საზაფხულო სენაკში. მიუხედავად იმისა, რომ იქ დილის და საღამოს ჟამნებზე თავისუფლება მქონდა მომსვლელებისგან, სხვა დროს ისინი ისე მამძიმებდნენ, რომ ზაფხულის ბოლოს ძალა დავკარგე და აგვისტოში ისევ ავად გავხდი: გამეხსნა ჰემაროიდალური სისხლდენა, რომელიც მთელი თვე გრძელდებოდა. შემდეგ, ღვთის წყალობით, ცოტათი გამოვკეთდი, მაგრამ ამ ავადმყოფობის მერე შედარებით სუსტი გავხდი“. ნამდვილად, მამა ამბროსი, როგორც აღნიშნული იქნა, ძალიან უძლურად იყო მძიმე დაავადების გამო. ექიმებმა აუკრძალეს მომსვლელთა მიღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო და რა აუცილებლობითაც არ უნდა მოსულიყვნენ მასთან: რადგან თვითონ ბერი, მაცხოვრის მცნების შესაბამისად დადებდა საკუთარ სულს მოყვასისთვის და იმისათვის, რომ ეჩვენებინათ ყველასთვის ბერის უკიდურესი მდგომარეობა და შეწყვეტილიყო მის კარებზე მომსვლელთა კაკუნი, მათ გააკეთეს კარებზე წარწერა: „ექიმები უკრძალავენ ბერს ხალხის მიღებას“. შემდეგ იყო ექიმების ხელმოწერა: „ოვსიანნიკოვი და ბაზალევი“. მალე რაღაც აუცილებელი საქმის გამო ბერთან მოვიდა სავანის წინამძღვარი იღუმენი ისააკი, მაგრამ ისიც არ შეუშვეს. მან წაიკითხა წარწერა კარებზე და მწარე ღიმილით ჩაილაპარაკა: „ჰმ! მტრები ექიმების მაგივრად უკრძალავენ ბერს მიღებას“, – და დაუყოვნებლივ წავიდა.

იმ წლის ბოლოს, დეკემბერში, ბერს ისევ მოაკითხა საშინელმა ავადმყოფობამ, რის შედეგადაც, თავისი ანგელოზის დღეს 7 დეკემბერს, მან სტუმრებიც ვერ მიიღო და მამა კლიმენტის სენაკში გაუშალეს სუფრა. მაგრამ დიდება და მადლობა გულმოწყალე ღმერთს, მამა ამბროსი ამჯერად მაინცდამაინც ისე ხანგრძლივად არ წვალობდა, როგორც ადრე.

მთელი ამ აღწერილი პერიოდის განმავლობაში სკიტის მმართველი მამა ილარიონი მამა ამბროსის გამოჩენილი თანამშრომელი იყო ბერულ საქმეში. მაგრამ 1879 წლის 18 სექტემბერს ეს მოძღვარი და სულიერი ექიმი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად წარდგა ღვთის წინაშე. ამის შედეგად ავადმყოფ ბერს, მამა ამბროსის დაემატა ტვირთი, რადგან მამა ილარიონის ზოგიერთი სულიერი შვილი მისი გარდაცვალების მერე მოვიდნენ მამა ამბროსისთან. გარდა ამისა, განსაკუთრებით პირველ ხანებში, საჭირო იყო მამა ილარიონის მწუხარე სულიერი შვილების ნუგეშისცემა, რომლებმაც სულიერი მამა და მოძღვარი დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის ადგილას მოვიდა სხვა მღვდელ-მონაზონი – მამა ანატოლი (ზერცალოვი), იგი გახდა კიდეც სკიტის უფროსი, მაგრამ ამ მძიმე თანამდებობის მიღების შედეგად მას თვითონ სჭირდებოდა მამა ამბროსის ხელმძღვანელობა, ზოგჯერ გამხნევება და ნუგეშიც. გარდა ამისა, საჭირო იყო არცთუ მცირე დრო იმისათვის, რომ შეჩვეულიყვნენ ახალ მოძღვარს ისინი, ვინც მოინდომებდა ჰქონოდა მასთან სულიერი ურთიერთობა.

ამრიგად, მამა ილარიონის გარდაცვალებამდე, როგორც ვხედავთ, ბერი ამბროსი მძიმედ ავადმყოფობდა, რამაც იმდენად დააუძლურა, რომ მას დიდხანს არ შეეძლო სენაკიდან სენაკში თვითონ გადასულიყო, არამედ სხვებს გადაჰყავდათ ხელმოკიდებული.

ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, ყველას დასანახად, გარეგნულად ხდებოდა. მაგრამ რას გრძნობდა ბერი შინაგანად, ეს სათქმელადაც ძნელია. ერთხელ საერთო კურთხევისას მან აუხსნა მოსულებს, რომ მთელი ღამე არ ეძინა. ყველამ დაუწყო კითხვა, რისგან და როგორ. ბერმა კი უთხრა: „აი ყველას შეუძლია თავის დაავადებებზე ილაპარაკოს. მე კი არ ვამბობ: დაიწყება დრტვინვა, ცრემლები; ამიტომ, ზოგჯერ რომ ვთქვა, მხოლოდ ნაწილს ვიტყვი: ყველაფერი რომ იცოდეთ, რას ვგრძნობ… ზოგჯერ ისე მომიჭერს, რომ ვფიქრობ, – აი დადგა აღსასრული“. სხვა დროს კი თქვა: „მუდამ ვმალავდი ჩემს ავადმყოფობას, ახლა კი უნდა ვთქვა, შეიძლება გამიადვილდეს.“