„უფალი მაშინ იწყებს თავისი ძალის გამოჩენას, – ამბობდა ბერი ამბროსი, – როდესაც დაინახავს, რომ ყველა ადამიანური საშუალება გაჭირვებულთა დასახმარებლად ამოწურულია“. უეჭველია, იგი ამ სიტყვებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობდა, სინამდვილეში, ვინ იფიქრებდა, რომ ადამიანური საშუალებებით მოურჩენელი ავადმყოფობის შემდეგ მომთმენი ბერი ცოცხალი დარჩებოდა?! პირიქით, დაბეჯითებით შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ მისი ცხოვრების უკანასკნელმა საათმა უკვე დარეკა! მაგრამ საკვირველია საქმენი უფლისანი! კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია! ყველას გასაოცრად, ვინც სასიკვდილოდ განწირულ მღვდელ-მონაზონ ამბროსის იცნობდა, მისმა ჯანმრთელობამ თანდათანობით გაუმჯობესება დაიწყო.
1848 წლის ზაფხულში გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ჰაერზე გამოსვლა დაიწყო. „მახსოვს, – თქვა თვითონ ბერმა, – ზაფხულის ნათელ, მშვიდ დღეს პირველად გამოვედი სენაკიდან, ჯოხზე დაყრდნობილი წავჩანჩალდი, ფეხებს ძლივს მივათრევდი გზაზე. პირველად შემხვდა იღუმენი ვარლამი. რა ხდება? – შემეკითხა, – გამოჯანმრთელდი? აი, – ვუპასუხებ, – მადლობა გულმოწყალე უფალს, დამტოვა სინანულისთვის. იღუმენი შეჩერდა, მიყურა და მდაბალი ტონით თქვა: „შენ რა, გგონია რომ უკეთესად იქნები? არა, არ იქნები უკეთესად, უარესად, უარესად იქნები!“ ოპტინელ ბერებს ჰქონდათ ასეთი ჩვეულება, როცა ერთმანეთის დამდაბლება უნდოდათ. თვითონ ბერი ამბროსი გაიხსენებდა ამას, ჩაილაპარაკებდა: „ახლა კი მე თვითონ ვხედავ, რომ უარესად ვარ“.
1849 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც მამა ამბროსიმ ოპტინაში 10 წელი გაატარა, მასთან ჩამოვიდა მისი ამხანაგი, ზემოთ ნახსენები პავლე სტეფანეს ძე პოკროვსკი. იგი, როგორც ერთ დროს მამა ამბროსი, ავადმყოფობისას ღვთისთვის მიცემულმა პირობამ მოიყვანა მონასტერში. ტროეკუროვოს ბერი, მამა ილარიონი, დიდი ხანია, პოკროვსკის ბერების სავანისკენ მიუთითებდა, არა ერთხელ და ორჯერ, მაგრამ ის ყოველთვის ყოყმანობდა, იყო რა მეტად მიჯაჭვული საერო ცხოვრებას. ვინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა პოკროვსკის ყოყმანი. სავარაუდოა, რომ მონასტერში წასვლას იგი გაურკვეველი ვადით გადადებდა, რომ არა საშინელი 1848 წელი: ზაფხულის დადგომისთანავე ლიპეცკში დაუპატიჟებელი სტუმარი მობრძანდა – ქოლერა. ქალაქიდან სასაფლაოზე ყოველდღიურად ათეულობით კუბოს მიასვენებდნენ. ქოლერით დაავადდა პავლე სტეფანეს ძეც, და ისე ძლიერად, რომ მის საშველად გამოძახებულმა ქალაქის ექიმმა ავადმყოფობა განვითარების უკანასკნელ სტადიაში აღმოაჩინა. იქვე, მომაკვდავის სარეცელთან, მისი ამხანაგებისა და სასწავლებლის სხვა პედაგოგების თანდასწრებით, თავისი გადამწყვეტი განაჩენი გამოიტანა: „ხვალისთვის კუბო მოამზადეთ!“ ექიმმა ამ სიტყვებით დატოვა ავადმყოფი და არანაირი წამალიც არ გამოუწერია, არც დამამშვიდებელი და მანუგეშებელი რამ უთქვამს მომაკვდავისთვის. „მე მკაფიოდ მესმოდა ექიმის ეს საშინელი განაჩენი და კარგად გავიგე, – ჰყვებოდა შემდგომში თვითონ პოკროვსკი, – ვხედავ, გამოჯანმრთელების იმედი არსაიდანაა, სიკვდილი კი, ოჰ, როგორ არ მინდოდა! ვფიქრობ, რა ვქნა?! მხურვალე ლოცვით მივმართე ერთადერთ ყოვლადძლიერ მკურნალს და გულში ასეთი აღთქმა მივეცი: ღმერთო! თუკი ახლა მიხსნი სიკვდილისაგან, გამოჯანმრთელებისთანავე მონასტერში წავალ“. ტანჯულის ლოცვა შესმენილ იქნა, თუმცა მან საშინელი ღამე გადაიტანა. დილით გუშინდელი ექიმი მოვიდა, მაგრამ არა ავადმყოფთან, არამედ რათა შეეხედა მიცვალებულისთვის. ოთახის შესასვლელთან მან პავლეს ამხანაგს ჰკითხა: ჰო, მკვდარია?“ „არა, ცოცხალია,“- უპასუხეს მას. „ეს შეუძლებელია! აბა, მაჩვენეთ, დამანახეთ იგი!“ ნახა რა მის მიერ სიკვდილის განაჩენგამოტანილი, მხრები აიჩეჩა და თქვა: „ეს სასწაულია!“ ამის შემდეგ მალევე წავიდა.
ამასობაში ღვთის წყალობით პოკროვსკი გამოჯანმრთელდა და წელიწადნახევრის შემდეგ მისთვის ნაცნობ ოპტინის სკიტშიც გამოჩნდა. მამა აბროსის მთელი ათი წლის მანძილზე მასთან მიმოწერა არ გაუწყვეტია, რითაც მონაზვნობისაკენ მოუწოდებდა. ერთხელ, ძმური ურთიერთობის გასამტკიცებლად, და არა მარტო საჭიროებისთვის, მან პოკროვსკის ჩაი სთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა უკმეხად უპასუხა: „შენ ხომ მონაზონი ხარ, რად გინდა ჩაი?“ ამჯერად, უამინდობისას ჩამოსულს ძალიან შესცივდა და პირდაპირ სკიტში, მამა ამბროსისთან გაემართა. ძველ მეგობრებს ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. ჩამოსულმა დამხვდურს ჩაი სთხოვა. „ბერებმა ხომ ჩაი არ უნდა დალიონ?“ – მშვიდად და სიყვარულით მიანიშნა მამა ამბროსიმ და გაუმასპინძლდა როგორც მეგობარს. ახალმოსული პოკროვსკი თავიდან მონასტრის მორჩილი გახდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, თავისივე სურვილით სკიტში გადაიყვანეს და იმავე კორპუსში მოათავსეს, სადაც მამა ამბროსი ცხოვრობდა, თუმცა – მეორე ნახევარში.
მოდით, დავუბრუნდეთ ამბროსი ბერს: მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ როგორც კი შვება მიეცა, გამოთქვა სურვილი წასულიყო კიევში და თაყვანი ეცა წმინდანთა წმინდა ნაწილებისთვის, ასევე გადაწყვიტა შეხვედროდა თავის უმცროს ძმას. „ხუთი წელი ვემზადებოდი კიევში წასასვლელად, – ასე ჰყვებოდა განსვენებული ბერი, – განზრახული მქონდა ჩემს სამშობლოში შემეარა, რათა ჩემი მოხუცი დედა საიდუმლოდ აღმეკვეცა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოხერხდა ჩემი გამგზავრება“. აქვე იმასაც დავსძენთ, რომ მონასტერში ცხოვრებისას ბერი ამბროსი მისგან შორს არსად მიდიოდა ავადმყოფობის გამო, მხოლოდ ბელევოში იყო ჩასული (ოპტინიდან 40 ვერსში), და ისიც მორჩილებისთვის, მამა მაკარის დავალებით.
„დედაჩემი, – განაგრძობდა თხრობას ბერი, – ყოველთვის სუსტი და ავადმყოფი იყო. მახსოვს, ის ზაფხულშიც ღუმელთან იჯდა, მაგრამ მამაჩემზე მეტხანს იცოცხლა, მიუხედავად იმისა, რომ მამას ძალიან კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა. მამა 60 წლისა გარდაიცვალა, დედა კი 75-ისა. დედაჩემი ღვთისმოსავად ცხოვრობდა, თავისებურად მიდიოდა გადარჩენისკენ. მე რომ ის აღმეკვეცა, დაიბნეოდა და ვერსად მოხვდებოდა (ვერც საეროში, ვერც სამონაზვნოში). ვმადლობ უფალს, რომ ვერ შევძელი ამის გაკეთება“. საკუთარ თავზე საუბრისას ბერი კიდევ ამბობდა: „ჩემი სამივე ძმა დედას ჰგავდა, მე კი მამას“. ძმებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე ასე გადმოგვცემდა: „ჩემი ძმა ნიკოლოზი (კიევის გიმნაზიის დირექტორი) ოცი წლის მანძილზე არაფერს მწერდა, მაგრამ ჩემამდე მოაღწია ხმამ, რომ ის მარხვას არ ინახავდა. მე მივწერე წერილი, რომ ემარხულა, მაგრამ მას მთელი წელი პასუხი არ მოუწერია. ვეკითხები პეტრეს (უმცროს ძმას, ტამბოვის სახაზინო პალატის სამწერლობო სკოლის უფროსს), ხომ არ სმენია რამე ნიკოლოზზე, ის კი მიპასუხებს: „გადმოგცემ მის სიტყვებს ზედმიწევნით: ჩვენმა მეუდაბნოემ ზნეობრივი რჩევა-დარიგებანი მომწერა, რომლებიც სათქმელად ადვილია, მაგრამ საქმით ძნელად აღსასრულებელი“. მე ნიკოლოზზე 6 წლით უმცროსი ვიყავი. თავის დროზე წერა-კითხვას მასწავლიდა; როცა მსჯიდა, ქოჩორს მაწიწკნიდა. როდესაც დარიგებანი მივწერე, ეს მას არ მოეწონა. შემდეგ ასევე მივწერე, თუ როგორ შეიძლებოდა მისი ნახვა. მან მიპასუხა: „ორი ბებერი შევხვდებით ერთმანეთს და რაზე ვილაპარაკებთ? ჩვენ სხვადასხვაგვარი რწმენა გვაქვს!“ მე ჭკვიანი ძმები მყავს, – განაგრძობდა ბერი, – ისეთი კი არა, როგორიც მე ვარ. ჩემმა მეორე ძმამ სწავლას თავი დაანება და მამის ადგილზე მედავითნედ დაიწყო მსახურება. იგი კეთილი და სტუმართმოყვარე იყო. უმცროს ძმასთან ყოფნისას, როდესაც სემინარიიდან მასთან მოვდიოდით, ის შეკაზმავდა „ტროიკას“ და გვასეირნებდა. ხალხი დასცინოდა: „რას ასეირნებ მათ? ისინი შენი ბატონები არიან, შენ კი იმათი ყმა“. მას ძალიან ეწყინა და იტირა. კითხვაზე: „ღარიბულად ცხოვრობს?“ – ბერი უპასუხებდა: „არც მდიდრულად, არც ღარიბულად – მას ძმები ეხმარებიან. ორი ძმა უცოლო მყავს, ხოლო მედავითნე ცოლიანია. მას შვიდი შვილი ჰყავს. მე ოთხი და მყავდა, მათგან ორი გარდაიცვალა. ერთ-ერთი სამოცი წლისა, ძმასთან ცხოვრობს, ნამდვილი იღუმენიაა. ჩემი ძმისშვილი მღვდლის ცოლია – ფოფოდიაა“.
ახალგაზრდობაში დაქვრივებული ფოფოდია შემდგომში ხშირად აკითხავდა ამბროსი ბერს უდაბნოში. იგი ბერთან თავის მშობლებთან ერთად ჩავიდა პირველად. სხვა ნათესავებიც აკითხავდნენ ბერს, რომელიც ყველას ნათესაური სიყვარულით იღებდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მისმა ორმა დამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავიანთი ცხოვრების უკანასკნელი დღეები ბერთან გაატარეს. მისი შვილიშვილები, ორივე გოგონა, შამორდინოს თემს მიაბარეს, სადაც დღემდე ცხოვრობენ, საერთოდ მამა ამბროსი თავის ნათესავებთან ძალიან გულწრფელი და მოსიყვარულე იყო. და თუკი მან უფროს ძმას ზნეობრივი დარიგებანი მისწერა, ეს მისდამი სწორედ ნათესაური სიყვარულით მოხდა.
მამა ამბროსის ჯანმრთელობა, როგორც ვნახეთ, დროთა მდინარებაში გაუუმჯობესდა, მაგრამ მთლიანად ვერ დაუბრუნდა და სხვადასხვა სნეულებანი გარდაცვალებამდე მეტ-ნაკლებად აწუხებდა: ხან კუჭისა და ნაწლავების წყლული უძლიერდებოდა, ეწყებოდა პირღებინება, ხან ნერვულ ტკივილებს განიცდიდა, ხან კი გაცივებას ციებ-ცხელებით. ჰქონდა ჰერმორიოდალური სისხლდენა, რომელიც დროდადრო ისე აუძლურებდა ტანჯულს, რომ ლოგინში მკვდარივით იწვა. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს არათუ არ წუწუნებდა სნეულებების გამო, არამედ აუცილებლად მიაჩნდა ისინი სულიერი წინსვლისთვის. სავსებით დარწმუნებული საკუთარი გამოცდილებითაც ჭვრეტდა, რომ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. საკუთარ თავს ბოლომდე განკურნებას არასოდეს უსურვებდა, სხვებსაც ყოველთვის ეუბნებოდა: „ბერმა სერიოზულად არ უნდა იმკურნალოს, არამედ მხოლოდ უნდა წაიმკურნალოს იმიტომ, რომ ლოგინად არ ჩავარდეს და მოსავლელად სხვას არ დააწვეს მისი სიმძიმე. ასე წაიმკურნალებდა ხოლმე თვითონაც. ამიტომ მაგიდაზე ყოველთვის ედგა მრავალი ბოთლი სხვადასხვა წამლებით, ექიმს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში – როცა ტკივილი გაუძლიერდებოდა ძალიან – გამოიძახებდა. მოღვაწე მამათა სწავლებიდან იცოდა, რომ ფიზიკური ტკივილი და ავადმყოფობა მარხვაზე, შრომასა და სხვადასხვა ფიზიკურ გმირობაზე უფრო მაღალი და ძლიერი იყო. საკუთარ თავს შეახსენებდა და მოსწავლეთა სანუგეშებლად ჩვეულებად ჰქონდა ამისი თქმა: „უფალი ავადმყოფისაგან ხორციელ გმირობებს არ ითხოვს, არამედ მხოლოდ მოთმინებას სიმშვიდითა და მადლიერებით“.
მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობისას მოთმინების, სიმდაბლისა და მადლიერების შენარჩუნება – დიდი გმირობაა. ყოველი გვემული უნებლიეთ ითმენს ავადმყოფობას, ზოგიც დრტვინვით. მაგრამ ითმენს იმის გამო, რომ იგი განწმენდელი საშუალებაა გადამდებ მანკიერებათაგან და სიმდაბლით მადლობდე უფალს, ეს მხოლოდ ღვთის რჩეულთა საქმეა. არცთუ მრავალ ამგვართა შორის იყო მამა ამბროსიც. ზემოთ ვნახეთ, რომ ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ის საკმაოდ გამოკეთდა. როგორი იყო მისი ცხოვრება 1860 წლის შემოდგომამდე, სახელდობრ, მაკარი ბერის გარდაცვალებამდე, რომლის შემდეგაც თვითონ გახდა მთავარი ბერი? იგივე სათნოებები, რომლებითაც იწრთობოდა, ახლაც ჰქონდა. ასე რომ, ის მეტისმეტად უანგარო იყო; მის სენაკში წინანდებურად სრული სიღატაკე სუფევდა. მამა მაკარის კურთხევით, მასთან სენაკში ხშირად დადიოდა ზემოთხსენებული ახალგაზრდა მორჩილი თეოდორე (იღუმენი თეოდოსი). ამის გახსენებისას ის ამბობს, რომ მამა ამბროსის სენაკში იყო უბრალოება: წინა კუთხეში დაბრძანებული იყო რამდენიმე ხატი. კართან ეკიდა ანაფორა და ჩოხა მანტიით. იდგა ლოგინიც, რომელზეც დაგებული იყო ჩალით გატენილი ქვეშაგები, ლეიბი და ბალიში. ასე იყო მოწყობილი: ლოგინის ქვეშ მან კალათა შენიშნა, რომელსაც, ეტყობა, კომოდის ან ზანდუკის ნაცვლად ხმარობდა, რომელშიც შალის წინდებსა და ფლანელის პერანგებს ინახავდა, ჰქონდა რა ისინი უკიდურესი საჭიროებისთვის. „ეს კალათა რისთვის გინდა, მამაო?“ – ცნობისმოყვარეობით იკითხა თეოდორემ. უნდოდა რა დაემალა მისთვის თავისი მეტისმეტი უანგარობა, თავმდაბალმა მამა ამბროსიმ ჩვეული სახუმარო ტონით უპასუხა: „ბატი მინდა დავსვა კვერცხებზე“. სტუმარმაც და მასპინძელმაც ბევრი იცინეს, რითაც ეს საქმე ასე დამთავრდა.
მამა ამბროსი წინანდებურად საკვებს ძალიან ცოტას იღებდა, მიუხედავად კუჭის დაავადებისა, დროდადრო სატრაპეზოს საკვებით კმაყოფილდებოდა.
ნიშანდობლივია ის, რომ ოპტინის სკიტში, მიუხედავად იმისა, რომ გემრიელ კერძებს ამზადებენ, მთელი წელი, ექვსი ხსნილი კვირის გამოკლებით საჭმელი სამარხვო ზეთით მზადდება, წმინდა ეკლესიის მიერ დაწესებულ მარხვების დროს კი – ზეთის გარეშე. ჯანმრთელი კუჭის მქონე ადამიანებისთვისაც კი საგრძნობია ასეთი კვება, ხოლო მამა ამბროსისთვის, რომელსაც კუჭი ისედაც დაავადებული ჰქონდა, უფრო ძნელი იყო. იგი სატრაპეზოში ძმებთან ერთად სისტემატიურად დადიოდა. კუჭის ავადმყოფობის დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაკარგა ზედა კბილები, ამიტომ რცხვენოდა ძმებთან ერთად საერთო თეფშიდან ეჭამა. როდესაც ძმები სატრაპეზოდ დასხდებოდნენ, მამა მაკარის კურთხევით მამა ამბროსი სამზარეულოში მიდიოდა, სადაც სატრაპეზოდან პირდაპირ გაისვლებოდა. იქ, სამზარეულოს განსაკუთრებულად პატარა ოთახებში, სადაც სკიტის ჭურჭელი ინახებოდა და აგრეთვე იჭრებოდა პური, იჯდა და ჭამდა. მძიმე სამარხვო საჭმელების შესამსუბუქებლად მას ჰქონდა სახეხელას მსგავსი ღრმა ჩამჩა, რომელშიც წინასწარ ხეხავდა საჭმელს, მაგალითად, ბარდას და, ხანდახან, საჭიროების შემთხვევაში თავის სენაკში ამზადებდა კარტოფილის წვნიანს, ჩაის კი ყოველდღე სვამდა. შემდგომში, მთავარ ბერად ყოფნისას, ხშირად ამბობდა: „ბედნიერია ის მონაზონი, ვისაც შეუძლია დაკმაყოფილდეს სატრაპეზოში დამზადებული საჭმლით“. ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბერი, რომელიც თავისთვის იმზადებს საჭმელს, კარგავს ბევრ დროს, რომელიც შეიძლებოდა სასარგებლოდ გამოეყენებინა.
მამა ამბროსი მაკარი ბერს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ზემონახსენები იღუმენი მარკოზი, როგორაც ამას ქვემოთ ვნახავთ, მამა ამბროსის, როგორც ბერს ისე ეპყრობოდა, და ხშირადაც აკითხავდა. იგი წერს: „გეგონებოდა, მამა ამბროსის ნება არ ჩანსო საკუთარ სენაკში წვრილმანი ნივთების განკარგვაშიც კი, ყველაფერში ანგარიშს მამა მაკარის ნებას უწევდა. ერთხელ პირადად ასე მითხრა: ამ ნივთებზე, რაც კი გეძლევა, ანგარიში უნდა ჩააბარო ბერს“. მამა მაკარის კურთხევით სკიტის საერთო მორჩილებებს ახლაც მამა აბროსი განკარგავდა, თანახმად მისი სასულიერო ხარისხისა და სულიერი ასაკოვნებისა. მართალია, იგი მამა მაკარის კორპუსში არ ცხოვრობდა, მაგრამ როგორაც კი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემდა, ყოველდღიურად დადიოდა მასთან; უპირველეს ყოვლისა, მამა ამბროსი გულმოდგინედ ეხმარებოდა ბერს ვრცელი წერილების წერაში, რომელიც გამიზნული იყო სულიერი სარგებლის მაძიებელთათვის. მეორე მხრივ – სხვებთან ერთად გამოსაცემად ამზადებდა წმინდა მამათა და სხვა სულისთვის სასარგებლო წიგნებს, რომლებიც მამა მაკარის გარდაცვალებამდე თექვსმეტამდე გამოიცა; მამა ამბროსი ბერს აგრეთვე ეხმარებოდა კიბისაღმწერელის გადმოღებაში ძველი სლავურიდან კარგად გასაგებ, გამარტივებულ ახალ სლავურზე. რადგან სლავური „კიბის“ დაბეჭდვა უშუალოდ წმინდა სინოდზეა დამოკიდებული, ოპტინელმა ბერებმა მას ეს ნაშრომი ისე გადასცეს, რომ ამ გამოცემიდან არ უძებნიათ მოგების თავიანთი წილი; მხოლოდ სულიერი სარგებლობის მოტანა უნდოდა მათთვის, ვისაც წმინდა მამათა წიგნების კითხვით უნდოდა აღშენება.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მამა ამბროსი როგორც მღვდელ-მონაზონი, სკიტელი სწავლულებისგან მოღვაწეობით გამოირჩეოდა. ძველი ენები, როგორც ამას ზოგიერთები მიაწერენ – მან არ იცოდა, ეს შეიძლება გავიგოთ მისი ამხანაგის, პავლე პოკროვსკის მონათხრობიდან, რომელსაც, როგორაც კარგ ლათინისტს, მაკარი ბერმა დაავალა ლათინურიდან რუსულად ეთარგმნა ღირსი აბბა ისაიას სწავლანი. „ძნელი ადგილების თარგმნისას, – ამბობდა ის, – დახმარებისთვის მამა ამბროსის მივმართავდი, ის კი პირდაპირ მიპასუხებდა: „ძმაო, ყველაფერი დამავიწყდა!“ მაგრამ, მამა ამბროსის ჰქონდა ღირსება: ბრძენი ბერის, მაკარის, პირადი ხელმძღვანელობით, გულისყურით ხელახლა წაიკითხავდა რა იმდროისთვის ცნობილ მოღვაწე მამათა შემოქმედებას, შეეძლო აზრი სწორად გაეგო, რადგან საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა; გარდა ამისა, მან მშვენივრად იცოდა სლავური ენა და ძალიან უყვარდა ის.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ მამა ამბროსისათვის სამწერლო საქმიანობას ჰქონდა ერთობ საყურადღებო აღმზრდელობითი მნიშვნელობა მის სულიერ ცხოვრებაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე ამ საქმიანობისა, წერს: „რა უხვად ვიყავით დაჯილდო-ებულნი ჩვენი პატარა ნაშრომისთვის! რომელი ჩვენგანი არ გასცემდა თუნდაც რამდენიმე წელს სიცოცხლისას, რომ მოგვესმინა ის, რასაც ჩვენი ყურები ისმენდნენ: ეს არის მამა მაკარისეული განმარტება წმინდა მამათა ნაშრომების იმ ადგილებისა, რომელთა შესახებაც, ამ საქმიანობის გარეშე ვერავინ გაბედავდა მისთვის კითხვის დასმას; თუკი გავკადნიერდებოდი, უეჭველად მივიღებდი მშვიდ პასუხს: „მე ეს არ ვიცი, ეს არ არის ჩემი დონე. შეიძლება შენ მიაღწიე ამ სიმაღლეს, მე მხოლოდ ეს ვიცი: მომანიჭე, უფალო, ძალა ჩემი ცოდვების დანახვისა! განწმინდე გული ჩემი, მაშინ კი გაიგებ!“
ლოცვა? რა უნდა ვთქვათ სათნოების ამ დედოფალზე? ის, რომ მამა ამბროსი გონებით ლოცვას გმირულად აღასრულებდა, – ეს უეჭველია. ერთი ცნობისმოყვარის კითხვაზე – რა არის, მამაო, ლოცვა გონებითი? – მამა ამბროსიმ სერიოზულად შეავლო თვალი, ესროლა მას გამჭვირვალე მზერა და უპასუხა: „ლოცვის მასწავლებელი – თვითონ უფალია“. სხვა დროს, როდესაც იგი განსაკუთრებულად მხიარულ გუნებაზბე იყო, იმავე საგანზე საუბრისას უნებურად წარმოთქვამდა: ძნელი საქმეა, ძმაო, დაანგრევ ყველაფერს“, და იქვე დაიწყო ხუმრობა ერთ მოღვაწეზე, რომელიც გონებით ლოცვას გადიოდა: „როგორც კი ლოცვას დაიწყებდა, იმავე წამს შეხედავდა, ხან ერთი მოდის თავისი საქმით მასთან, ხან კიდევ მეორე და წყვეტენ მის ლოცვითს გმირობას“.
ერთხელ მამა მაკარმა თავის საყვარელ მოწაფეს, მამა ამბროსის ჰკითხა: „გამოიცანი, ვინ გადარჩა უბედურებისა და განსაცდელების გარეშე?“ როდესაც ამას სხვებს უყვებოდა, თავმდაბალმა მამა ამბროსიმ უგანსაცდელო ხსნა მამა მაკარს მიაწერა, მაგრამ ამ უკანასკნელის ცხოვრებაში წერია, რომ „მის მიერ გონებითი ლოცვის აღსრულება, მის სულიერ ასაკთან შეუსაბამო, იყო ნაადრევი, რამაც ის კინაღამ დააზიანა“. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მაღალ სულიერ საქმიანობაში მამა მაკარს არ ჰყოლია სულიერი დამრიგებელი, მამა ამბროსის კი ჰყავდა უკვე მაღალსულიერ საფეხურზე ასული ბერი მაკარი, გამოცდილი სულიერი მოძღვარი, ვისაც შეეძლო მწუხარების გარეშე მისთვის გონებითი ლოცვა ესწავლებინა, რომელსაც მოღვაწე სიტურფეში შეჰყავს მტრის ხრიკების ავლით, განსაცდელების გარეშე, ზოგჯერ სიკეთედ რომ გვეჩვენება, ხდება რა ჩვენი უაზრო სიავეების გამო. ასეთ დროს გარედან შემოსული განსაცდელები სულისთვის სასარგებლო და მაცხოვნებელიც არიან. მამა ამბროსის ბერული ცხოვრება თავიდანვე სწორად, განსაკუთრებული დაცემების გარეშე მიემართებოდა სულიერი სრულყოფილებისაკენ. ღვთის შეწევნით, გონივრული ლოცვის მომუშაკება არის გადარჩენის დაგვირგვინება, რომელსაც ადამიანი მიწაზე შეძლებს. წმინდა იოანე კიბისაღმწერლის სიტყვებით, ლოცვა არის „მომყვანი და შემაერთებელი ადამიანისა ღმერთთან“ ; რადგანაც, ვინც ღმერთს შეუერთდა და მასში მყოფობს, ჯერ კიდევ სხეულში ყოფნის მიუხედავად, მაინც გადარჩენილია. ეს, სხვათა შორის, იმაზეც მიუთითებს, რომ მამა ამბროსიმ მამა მაკარის სიცოცხლის ბოლო წლებში მიაღწია სრულყოფილებას სულიერ ცხოვრებაში. ვინაიდან, როგორც თავის დროზე უწოდებდა მამა ლევი მამა მაკარს წმინდანს, ახლა იმგვარადვე ეხებოდა მამა მაკარი მამა ამბროსის.
მიუხედავად იმისა, რომ მამა ამბროსი გათავისუფლდა ზემოთ ხსენებული მომაკვდინებელი ავადმყოფობისაგან, სისუსტის გამო მაინც არ წირავდა, მაგრამ ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა, ალბათ, სქემოსანთა წესით – თვეში ერთხელ, როგორც ამას მისი მოძღვარი, მამა მაკარი, აკეთებდა. ამ პერიოდში, ავადმყოფობის გამო, მამა ამბროსი ატარებდა ზემოთ ხსენებულ ფლანელის ზედას და შალის წინდებს, რომელთაც ოფლიანობის გამო ხშირად იცვლიდა. ამიტომ მას მუდმივად დაჰქონდა პერანგებითა და წინდებით სავსე ტომარა, ტაძარში შესვლის დროსაც კი თან ჰქონდა. რადგანაც სკიტის ტაძარი მაშინ საშინაო ეკლესიის დანიშნულებისა იყო, საკუთრივ წინა მხარე ეკლესიას ეკავა, ხოლო უკანა მხარეს ჰქონდა განცალკევებული ოთახების მსგავსი, სადაც მამა ამბროსი საჭიროების შემთხვევაში იცვლიდა ხოლმე. სენაკის კანონებს მისთვის ყოველდღიურად კითხულობდა მის გვერდით მცხოვრები ძმა, სწორედ ამ საქმისთვის განსაკუთრებულ სენაკში განწესებული. მიუხედავდ იმისა, რომ მამა ამბროსი სულიერად სრულყოფის მაღალ საფეხურებს მისწვდა, ბერი მაკარი ზოგჯერ მძიმე გამოცდებს უწყობდა, რათა მასში მკაცრი მოღვაწე აღეზარდა, სიღატაკით, სიმდაბლით, მოთმინებითა და სხვა ბერული სათნოებებით შემკული.
წმინდა წერილის თანახმად, „ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია, ხოლო მოყვარეს ჭკუას ასწავლის“ , და კიდევ: „დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის“. შენიშნავდა თუ არა ბერი თავის მოწაფეს უსაქმურად – შესაძლებელია ავადმყოფობის ან დაღლილობის გამო – მაშინვე დაუყვირებდა: „ამბროსი, ამბროსი, რატომ არაფერს აკეთებ?“ პავლე მოვიდოდა ბერთან და იწყებდა ამხანაგის დაცვას: „მამაო! ის ხომ ავადმყოფია!“ „მე შენზე უკეთ ვიცი, – ეტყოდა ბერი, – მაგრამ ბერისთვის საყვედურები და შენიშვნები – ეს ჯაგრისია, რომლითაც ირეცხება ცოდვების მტვერი მისი სულიდან, ამის გარეშე ბერი დაჟანგდება“. ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მამა მაკარიც მამა ლევის მსგავსად გაყრიდა ხოლმე თავის მოსწავლეებს. ერთხელ, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, სენაკიდან გამოაძევა მამა ამბროსი ვიღაც არაკეთილმოსურნე მანდილოსნის გამო, რომელსაც თვითონ დიდი ხნის მანძილზე არ იღებდა სასაუბროდ.
როგორ გამოხატავდა მამა მაკარი ნუგეშს ფიზიკურად? „ერთხელ, დავდივარ სკიტის ტერიტორიაზე, – ჰყვებოდა თვითონ მამა ამბროსი, – უცებ მამაო შემხვდა. მას საიდანღაც ჰქონდა მურაბის პატარა ქილა. მომცა და მითხრა: აიღე ამპარტავნების მწუხარებისგან დასატკბობად, მოწინააღმდეგეც ამით დაათვრე“. საჩუქარი შესახედავად არ იყო დიადი. თუ მეტი არ ვთქვით იმაზე, თუ რამდენად დიდად ფასეული იყო საყვარელი ბერის საჩუქრები ყოველი ჩვენგანისათვის. იგი ამით თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ არ იყონ მომთხოვნი და მცირედი საჩუქრებისთვისაც მადლობელნი ყოფილიყვნენ მათი, ვინც წყალობას გასცემს.
ამრიგად, მამა მაკარის განსაკუთრებული ლოცვებითა და მზრუნველობით გამდიდრებული მამა ამბროსი ცხოვრების მეცნიერებას საკუთარი გამოცდილებითაც გადიოდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას ყურადღებით ჰქონდა წაკითხული შემოქმედება იმ დროისათვის ცნობილი ყველა მოღვაწისა, რომელთა სწავლებანიც თავისი სულიერი მოძღვრის უშუალო ხელმძღვანელობით კარგად აითვისა. ღვთის ნებითა და ზემოთ ხსენებული მწყემსმთავრის, ეპისკოპოს ნიკოლოზის კურთხევით იგი მოემზადა, ყოფილიყო ბერი და სულიერი მოძღვარი გადარჩენის მსურველი სულებისა ოპტინაში.
ოპტინის მონასტრის მღვდელ-მონაზონი გერონტი საკუთარ თავზე ჰყვებოდა: 1848 წელს, როდესაც ის მონასტერში მოვიდა, მაკარი ბერმა აკურთხა, რომ მამა ამბროსისთან ისეთი ურთიერთობა ჰქონოდა, როგორც უხუცეს ბერთან და მიემართა მისთვის სულიერი რჩევებისთვის. „მასთან რომ მიხვიდოდი, – ასე ამბობდა მამა გერონტი, – ეტყოდი, რაც გინდოდა; ის კი გადამიშლიდა წიგნს და მე თვითონ წამაკითხებდა ჩემთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს. იმ დროს ვფიქრობდი, ბერობაში მაღალი სულიერი გმირობანი აღმესრულებინა, მაგრამ მამა ამბროსიმ გონება გამიხსნა და გამარკვია ჩემი მიზნის არაგონივრულობაში; მაძალებდა, წამეკითხა წმინდა ისააკ ასურის სათნოებათმოყვარეობა. უნდა შევნიშნო, რომ ხუთი წლის განმავლობაში, დაწყებული 1848 წლიდან, მონასტრისა და სკიტის საძმოდან მამა ამბროსისთან რჩევებისთვის არცთუ ბევრი დადიოდა, მამა მაკარის კურთხევით მამა ამბროსი მათ ფარულად მოძღვრავდა“.
სკიტის სქემმონაზონი მამა გენადიც (ყოფილი მზარეული გერასიმე) საკუთარ თავზე ამბობდა, რომ „ხშირად დადიოდა მამა ამბროსისთან, როცა რომელიმე საქმეზე რჩევა სჭირდებოდა“. აგრეთვე დასძენდა, რმ მასთან მონასტრის სხვა ძმებიც დადიოდნენ ასევე რჩევებისა და გულისთქმების გასაცხადებლად.
სკიტის მატიანეში ნათქვამია: 1852 წლის 8 მაისს, უფლის ამაღლების დღესასწაულზე, მამა მაკარმა, სანამ მოსკოვში გაემგზავრებოდა, მოსკოვის მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფილარეტმა იგი თავისთან მოაწყო, იცნობდა რა მას არცთუ კარგად, მაგრამ ჭეშმარიტი მამობრივი სიყვარულით კი უყვარდა, სკიტის მთელი საძმო ჩაიზე დაპატიჟა და განაცხადა, რომ მისი ადგილზე არყოფნის ჟამს წესრიგის დაცვას მღვდელ-მონაზონ პაფნუტის ავალებდა, ხოლო სულიერ მოძღვრობას – მღვდელ-მონაზონ ამბროსის.
ზემოთხსენებული იღუმენი მარკოზი, რომელიც 1854 წელს მოვიდა ოპტინის მონასტერში (სადაც დღემდე სიმშვიდეში ცხოვრობს), ასევე ამბობდა, რომ მამა მაკარმა ისიც მაშინ აკურთხა მიემართა მამა ამბროსისათვის სულიერი რჩევებისათვის. იღუმენი მარკოზი მშვენივრად აღწერს თავისი მოძღვრის, მამა ამბროსის ახლანდელ მდგომარეობას და მისდამი თავის სულიერ დამოკიდებულებას. „როგორც სწორად შევნიშნე, – ამბობს ის, – მამა აბროსი ამ დროს მდუმარებაში ცხოვრობდა. მე თითქმის ყოველდღე დავდიოდი მასთან სულიერი რჩევებისთვის, ის კი ყოველთვის წმინდა მამათა წიგნებს კითხულობდა. თუ მას სენაკში ვერ ვნახავდი, ე. ი. მაკარი ბერთან იმყოფებოდა და მას სულიერი რჩევებისათვის მოსულთა საქმეების გადაწერაში ეხმარებოდა, ან კიდევ წმინდა მამათა წიგნების თარგმნით იყო დაკავებული. ზოგჯერ ლოგინზე მწოლარეს და მტირალს შევუსწრებდი, ოღონდ მუდამ თავშეკავებულს, ძლივს თუ შეამჩნევდი, რომ ტიროდა. მე მეგონა, რომ მამა ამბროსი მუდამ ღვთის წინაშე იარებოდა და როგორც ყოველთვის გრძნობდა თავისთან ღვთის ყოფნას, მსგავსად დავით მეფსალმუნისა: „წინასწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის“. ამიტომ ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ცდილობდა, ღვთისთვის სათნოდ ეკეთებინა. ამიტომ მუდამ მგლოვიარედ იყო, რადგან ეშინოდა, ღვთისთვის რაიმე შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, რაც მის სახეზე აირეკლებოდა. მე, შემხედვარე ბერის ასეთი შემართებისა, მასთან ყოფნისას ძალიან ვთრთოდი, სხვანაირად არც შემეძლო. კურთხევის მისაღებად მუხლებზე მდგარს ზოგჯერ წყნარად შემეკითხებოდა: „რას მეტყვი, ძმაო, კარგს?“ მე ვუპასუხებდი ხოლმე: „მაპატიეთ, ღვთის გულისათვის, მამაო, შეიძლება ცუდ დროს მოვედი“. „არა, – მეტყოდა ბერი, – თქვი, რაც საჭიროა, მხოლოდ მოკლედ“. ყურადღებით მომისმენდა, მომცემდა სასარგებლო დარიგებას, რაც ამავდროულად კურთხევაც იყო და სიყვარულით გამომიშვებდა. დარიგებას იძლეოდა არა თავისი სიბრძნისა და განათლების საფუძველზე, იმის მიუხედავად, რომ მდიდარი იყო სულიერი ცოდნით. თუ იმას ასწავლიდა, ვინც მის მიმართ სულიერად იყო განწყობილი მხოლოდ მოსწავლის რანგში, თავის რჩევებს კი არ სთავაზობდა, არამედ წმინდა მამათა რჩეულ სწავლებას. ზოგჯერ რომელიმე მამის წიგნს გახსნიდა, იპოვიდა მოსული ძმისთვის საჭირო ადგილს, წააკითხებდა და შემდეგ შეეკითხებოდა, თუ როგორ გაიგო წაკითხული. თუ ვინმე ვერ გაიგებდა, მაშინ თვითონ ბერი განუმარტავდა მამათა სწავლებასა და ნააზრევს. ეს ყველაფერი მამობრივი უსაზღვრო სიყვარულით და კეთილგანწყობით კეთდებოდა. ზოგჯერ ასე ხდებოდა: მოყვასის მიერ ჩემი თავმოყვარეობის შებღალვის გამო როცა მივიდოდი და მღელვარებით ავუხსნიდი გარეშე, წმინდა მამათა სწავლების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ ჩემს განუსჯელ მწუხარებასა და სიმწარეს, საკუთარი თავის მხილების მოყვასის დადანაშაულებით ბერს მკაცრად შეეგონებინა და გაეგებინებინა შემცოდე ძმისთვის. ბერი მისთვის ჩვეული სიმშვიდითა და თანაგრძნობით მოისმენდა ჩემს წუხილს და მეტყოდა მტირალი ტონით: „ძმებო, ძმებო, მე მოკვდავი ადამიანი ვარ!“ ანდა: „მე დღეს ან ხვალ მოვკვდები. რა ვუყო ამ ძმას? მე ხომ წინამძღვარი არა ვარ. უნდა ამხილო საკუთარი თავი, თავი დაიმდაბლო ძმის წინაშე და დამშვიდდე“. მოისმენ რა ასე საბრალობლად გაცემულ პასუხს, გაშეშდები. ამასთან ერთად, შეიცნობ რა ღრმად საკუთარ დანაშაულს, შენდობის სათხოვნელად მდაბლად დაეცემი ბერის ფეხებთან და მისგან შენდობისა და კურთხევის მიღების შემდეგ წახვალ დამშვიდებული და ნუგეშინისცემული, თითქმის ფრთაშესხმული გაფრინდები. ბერთან ზოგჯერ ძალიან ადრე, დილის 5 საათზე მიწევდა მისვლა; ჩვეულებრივი ლოცვის შემდეგ, მივიღებდი რა მის სენაკში შესვლის უფლებას, იგი ყოველთვის ფხიზელი მხვდებოდა, თითქოს არც უძინია; მოსალოდნელზე უფრო მამობრივი სიყვარულით მიმზერდა და ადრიანი მოკითხვის გამო უკმაყოფილება არ შეენიშნებოდა. ვინც ყურადღებიანი იყო საკუთარი თავის მიმართ და ვისაც ახსოვდა მისი დამმოძღვრავი სიტყვები ან მამა მაკარის დარიგებანი, მათით მამა ამბროსი ყოველთვის კმაყოფილი იყო, ყურადღებას აქცევდა ასეთ ძმებს და უფრო და უფრო იახლოვებდა. მამა ამბროსი უზომოდ მოწყალე იყო შემცოდეების, მაგრამ გულწრფელად მონანულების მიმართ, რომლებიც უკვე გამოსწორების გზას ადგნენ. იგი არ არჩევდა მდიდარსა და ღარიბს, ღირსეულსა და უღირსს, მსგავსად უფლისა, რომელიც მეზვერეებთან და უწმინდურებთან ერთად ჭამდა და სვამდა, ოღონდ ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა და ღვთის შიშისკენ მოებრუნებინა ისინი. არასოდეს კიცხავდა სხვა შემცოდეებს, ვერ ითმენდა მოყვასის ცილისწამებასაც, მკაცრად ექცეოდა ცილისმწამებლებს. გარდა ბერის ზემოთ ხსენებული სათნოებებისა, ღირსად პატივდებული მამათა ცნობით, ის განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა საკუთარი თავის მიმართ. ღვთის შიშთან შეუღლებული, მუდმივად ყველგან მყოფ უფალთან თანამყოფი, სულიერ ნიჭს ამჟღავნებდა.
მამა მაკარი მას ამბროსის საძმოს სულიერ დანაყრებას როდი ავალებდა მხოლოდ, არამედ ამავდროულად ზოგჯერ ღვთისმოშიშ ერისკაც მოღვაწეებსაც აცნობდა, რომლებიც სულიერ საზრდოს ეძებდნენ. მისი კურთხევითა და მითითებით, მამა ამბროსი ხშირად წარმართავდა სულისთვის სასარგებლო საუბრებს „მინაშენში“, რომელიც ბერის სენაკს იყო მიდგმული, სადაც მანდილოსნებს იღებდნენ, რადგან სკიტში ქალების შესვლა აკრძალული იყო.
მამა ამბროსი, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ახალგაზრდა წლების გამო სულიერად ფხიზელი იყო, ჰქონდა იშვიათი ნიჭი ადამიანებთან ურთიერთობისა, რაც ხშირად მისთვის სიამოვნების დიდად მომგვრელი იყო. ის საუბრობდა მამა მაკარის მითითებებით, მხოლოდ ზოგიერთ მომსვლელთან, ბერისთვის მთავარი ტვირთი კი წლებით დამძიმებულ მამა მაკარის მხრებს აწვებოდა. ამიტომ ასეთი საუბრები მამა ამბროსისთვის დამღლელი არ იყო, პირიქით, დიდი სიყვარულითა და მოშურნეობით აღასრულებდა მამა მაკარის კურთხევას, რაც მას მორჩილებისთვის ჰქონდა ბერისგან მიცემული. გაურკვევლობის შემთხვევაში მას შეეძლო სასწრაფოდ მიეღო საჭირო პასუხი მამა მაკარისგან, რომელიც მამა ამბროსიში ხედავდა თავის ერთგულ მოწაფესა და სულიერ შვილს, ბერობაში თავის მემკვიდრეს, მომსვლელებთან დაუბრკოლებლად რომ საუბრობდა და სულიერ სარგებელსაც აძლევდა. ზოგჯერ გაუვლიდა, ხუმრობით შეუღრენდა, ხშირად ჯოხსაც მოუღერებდა და ეტყოდა: „დაიმახსოვრე, მოიგონებ შენ ამ დროს!“ ზოგჯერ კი გარსშემოხვეული ხალხის გასაგონად მიუთითებდა მისკენ და ხალხს იუმორით ეტყოდა: „შეხედეთ, შეხედეთ, ამბროსი პურს მართმევს, პურს!“
მამა მაკარის მითითებითა და დავალებით მამა ამბროსი სასტუმროში მოსულებთან სასაუბროდ დადიოდა. ქურთუკებითა და ჩულქებით სავსე ტომარა მისი შეუცვლელი თანამგზავრი იყო. როგორც კი სასტუმროში წასვლა გახდებოდა საჭირო, მაშინვე მოიკიდებდა მათ ზურგზე და წავიდოდა.
ამ დროისთვის მამა ამბროსისგან სულიერ საკვებს იღებდნენ კურსკის გუბერნიის ბორისოვის მონაზვნები, რომლებიც ადრეც ოპტინის მონასტრის ბერების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ერთხელ ბერმა მამა ამბროსი სასტუმროში გაგზავნა ვიღაც მდიდარ მანდილოსანთან, რომელიც ზიარებისთვის ემზადებოდა. მამა ამბროსის შესახებ მას ბევრი კარგი ჰქონდა განაგონი, დაიწყო ლაპარაკი იმ იმედით, რომ მის თანაგრძნობას გამოიწვევდა. მაგრამ ბერმა მისი საუბრის მოსმენის შემდეგ უთხრა: „საქმეებით ვცრუობ და ტანჯვაა“. ეს სიტყვები ქალბატონს არ მოეწონა და ბერთან საუბარი შეწყვიტა. ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ თავის სენაკში წავიდა.
მეორე დღეს, წირვის შემდეგ მამა მაკარი სასტუმროში წავიდა იმ ქალბატონთან წმ. ზიარების მიღების მისალოცად და თან მამა ამბროსიც წაიყვანა. ამ უკანასკნელის დანახვისთანავე ქალბატონმა თქვა: „მამაო, ვიფიქრე თქვენს სიტყვებზე, ზიარება კინაღამ გადავდე, მთელ მწუხრსა და ლოცვაზე ამაზე ვფიქრობდი, მხოლოდ „რომელი ქერუბიმთას“ გალობის დროს მივხვდი, რომ მართალი მითხარი“. პირდაპირ, სამართლიანად ნათქვამმა სიტყვამ თავისი გააკეთა, და ცნობილი და მდიდარი ქალბატონი ძნელად, მაგრამ მაინც დაითანხმა, რომ ღირსეულად უნდა მოითმინოს წარუმატებლობა და რომ მამა ამბროსის უბრალოდ ნათქვამი სიტყვებიდან დიდი სულიერი სარგებელი მიიღო.
50-იან წლებში ოპტინაში კლუჩარიოვების მდიდარი ოჯახი ჩამოვიდა – დედ-მამა მცირეწლოვანი ძით და ბებია. მათი მიზანი მონასტერში მოწყობა და იქ ცხოვრება იყო. მამა ოპტინის მონასტერში უნდა დარჩენილიყო, ხოლო ბებია და დედა ჩვილითურთ – იქვე სავანესთან ან ბელევოს დედათა მონასტერში. რადგანაც ასეთი პირებისთვის საერო ცხოვრების დატოვება ძალიან ძნელი იყო, ისინი მამა მაკარს განსაკუთრებულ ჩარევას სთხოვდნენ ამ საქმეში, ბერმა კი მათზე მზრუნველობა, როგორც ჩანს, მამა ამბროსის დაავალა, როგორც მასთან შედარებით თავისუფალ ადამიანს. მამა ამბროსი თითქმის ყოველდღე მიდიოდა მასთან სასტუმროში, სადაც მათ არცთუ განსაკუთრებულად დიდი კორპუსი ეჭირათ. ბატონი კლუჩარევები ხედავდნენ, თუ როგორი გულისხმიერებით დადიოდა მათთან მამა ამბროსი, როგორ ზრუნავდა მათზე; იცოდნენ რა მისი სუსტი ჯანმრთელობის ამბავი, მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით სკიტში ცხენს აგზავნიდნენ. გასაგებია, ერთ ცხენს არ შეეძლო ამხელა სიმძიმის სწრაფად ტარება, ამიტომ ხშირად სასტუმროში სანამ მოვიდოდა მამა ამბროსი, მამა მაკარი უკვე მიასწრებდა იქ ფეხით მისული. მამა ამბროსის დანახვისთანავე ხუმრობით იტყოდა: „ამბროსი! ამბროსი! პურს მართმევს! პურს მართმევს!“ ზოგჯერ ახლობლებთან საუბარში იტყოდა: „მამა ამბროსი თქვენ არ დაგტოვებთ“.
მამა ამბროსის მიმოსვლაზე სკიტიდან სასტუმროში შეიტყო თავმდაბალმა, მოღვაწე არქიმანდრიტმა მოსემ. მან ამაში არაბერული საქციელი დაინახა. აღსანიშნავია, რომ ბრძენ წინამძღვარს ჰქონდა ჩვეულება მამები და ძმები რაიმე არასასურველი, არამონაზვნური საქციელის გამო უმეტესად ქარაგმებით ემხილებინა. ამჯერად ის გზაზე იმ დროს გამოვიდა, როცა მამა ამბროსის უნდა გამოევლო სასტუმროსკენ და გზისკენ ზურგშექცევით დადგა. ეკიპაჟი გამოჩნდა. წინამძღვარი, როგორც იდგა ზურგით, ისევე დარჩა მანამ, სანამ მამა ამბროსიმ გვერდით არ ჩაიარა; არქიმანდრიტს თითქოს არაფერი შეუმჩნევია და ჯოხით ბუჩქებში რაღაცას თხრიდა. მამა ამბროსის სინდისმა უკარნახა, რომ წინამძღვარი მის საქციელში რაღაც მიუღებელს ხედავდა და ამის შემდეგ მან სასტუმროში ისევ ფეხით დაიწყო სიარული მისთვის ჩვეული ტომრით მხრებზე.
ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მამა ამბროსი მთელი აზრითა და საქმით მამა მაკარის თანაშემწე იყო ბერობაში; მას მისდამი ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც ერთ დროს მამა მაკარს მამა ლევისადმი. ყველასთვის გასაგებია, რომ მამა ამბროსი შემთხვევით გარემოებებზე არ დაუყენებია ასეთ შესამჩნევ მდგომარეობაში. ამის მიზეზი მისი თავმდაბლური მოღვაწეობა გახლდათ, რისთვისაც მას დაფასება და სიყვარული მოსდიოდა ყველასგან, როგორც მისთვის აუცილებელი ხარჯი. ის მონაზვნებიც, რომელთაც შურდათ მისი ნაადრევი აღმასვლა ხარისხში, მას უკვე დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ. სქემოსანი მამა გენადის სიტყვებით. თვითონ მაკარი ბერი განსაკუთრებული სიყვარულით იყო მისდამი განმსჭვალული, იმავე მამა გენადის თქმით, მასზე ყველა მიუთითებდა, როგორც მაკარი ბერის პირდაპირ მემკვიდრეზე.
ასე გრძელდებოდა და გაგრძელდა მამა ამბროსის ცხოვრება მანამ, სანამ ღმერთმა არ ინება მამა მაკარის უმანკო სულის მიღება თავის საღმრთო სავანეში ზეციურ იერუსალიმისა, წმინდა ანგელოზებისა და წმინდა სულების გვერდით, რომლებიც უფალს მუდმივად უგალობენ: ალილუია.