მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება

 

თ ა ვ ი 5.
მამა ალექსანდრე – ბერი და მღვდელ-მონაზონი ავადმყოფობის ჯვრის ქვეშ
„გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი“

 

წინა თავში შეიძლება იმის დანახვა, თუ რომელ სათნოებებში იწრთობოდა ახალგაზრდა მოღვაწე მამა ალექსანდრე. მისი მუდმივი სიმდაბლე, გამოხატული ბერების მიმართ სიტყვაშეუბრუნებელ მორჩილებაში, მიემართებოდა ახალგაზრდა მორჩილებსაც, როგორიც იყო, მაგალითად, ძმა გერასიმე. შეურაცხყოფათა უდრტვინველად დათმენამ, უკიდურესმა სიღატაკემ, მარხვამ და ლოცვამ, აგრეთვე ბერებთან – ლევთან და მაკართან გრძნობებისა და სურვილების წრფელად აღიარებამ ბერების გული ისე განაწყო მისდამი, რომ ერთმა მეორეს დაავალა, მისთვის განსაკუთრებულად ეზრუნა – „გადასცა ის ანაფორიდან ანაფორაში“. საფიქრებელია, რომ დიდი მოღვაწე ბერების ანაფორათა ბოლოები ისეთივე ახლობელი იყო მათი მოწაფისათვის, როგორიც ელისესთვის ელიას მიერ მისკენ გადმოგდებული ხალენი. შეიძლება ის არ იყო ღვთისგან დაჯილდოებული ბერებზე გადმოღვრილი ორმაგი მადლით, მაგრამ არც ერთი ადამიანი, ვინც კი მამა ამბროსს იცნობდა, ვერ უარყოფდა, რომ ყოვლად სახიერმა ღმერთმა რა მადლითა და სულიერი ნიჭითაც დაამშვენა ბერები ლევი და მაკარი. იგივე წყალობანი გადმოღვარა ამბროსი ბერზეც. ღვთიური წყალობა კი ტყუილუბრალოდ არ იძლევა, თანახმად უფლის სიტყვებისა: „და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვეთ სულნი თქუენნი“. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობდა მამა ალექსანდრე სკიტში და სრულყოფდა სულიერ ცხოვრებას, მით უფრო მძიმე ხდებოდა მისი ჯვარი. როგორც მალე ვნახავთ, მის ნებსით თუ უნებლიე მწუხარებათ მძიმე ფიზიკური ავადმყოფობაც დაემატება, რომელიც უკვე ღვაწლმოსილი ბერის თქმით, განსაცდელებზე გაცილებით უფრო მძიმეა, ვინაიდან განსაცდელებისას, – დაამატებდა ხოლმე, – ადამიანს შეუძლია ლოცვაში იპოვოს ნუგეში, ხოლო მძიმე ფიზიკური ავადმყოფობისას ის ამ ნუგეშს მოკლებულია.

1841 წლის 11 ოქტომბერს ღვთის წინაშე წარდგა ოპტინის უდაბნოში ბერობის ფუძემდებელი, დიდი ბერი მამა ლევი. მისი დასაფლავების დღეს ყველა, ვინც კი სკიტში ცხოვრობდა, მონასტერში წავიდა, რათა უკანასკნელად გამოთხოვებოდნენ თავიანთ წინამძღვარს – ერთხელ კიდევ ელოცათ მოძღვრის დამაშვრალ სხეულთან მისი წმინდა სულის ზეციურ სავანეში დასამკვიდრებლად. სამზარეულო მორჩილებით დაკავებულმა მამა ალექსანდრემ ვერ შეძლო ბერის დაკრძალვაზე წასვლა, არადა, ძალიან უნდოდა. ყველა წუხდა ბერის გარდაცვალებას: მისი თაყვანისმცემელი ნაცნობები, მონაზვნები და ერისკაცები. განიცდიდა, რა თქმა უნდა, მამა ალექსანდრეც, მაგრამ ეს საერთო მწუხარება უნუგეშო არ ყოფილა, რადგან მამა ლევის შემდეგ ოპტინის უდაბნოში დარჩა სხვა ბერი, მის მსგავსად მრავალი სულიერი ნიჭის მქონე, სკიტის მმართველი მამა მაკარი. აწ განსვენებულმა ბერმა მის მზრუნველ ხელს ჩააბარა მამა ალექსანდრე, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც მთელი სულით მიეჯაჭვა მას. ნეტარხსენებული მამა ლევის გარდაცვალების შემდეგ, მამა ალექსანდრეს სამზარეულო მორჩილება მალე სხვა მორჩილებით შეუცვალეს – ის გახდა შინამომსახურე მაკარი ბერისა. ეს მორჩილება, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ოთხი წელი გრძელდებოდა (1841 შემოდგომიდან 1846 წლის 2 იანვრამდე).

1842 წელს მამა ალექსანდრეს ცხოვრებაში მოხდა ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა: თავისი ხელმძღვანელობის წარმოდგინებითა და წმინდა სინოდის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იგი მონაზვნად აღიკვეცა და ეწოდა ამბროსი, მედიოლანის ეპისკოპოსის, წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელი, რომლის ხსენებაც დაწესებულია 7 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ თავმდაბლობის გამო ჯერ კიდევ არ უნდოდა მონაზვნად აღკვეცა, ისევე როგორც წინათ, როდესაც უარი თქვა მორჩილად განწესებასა და ანაფორის ტარებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც აღკვეცილ იქნა, როგორც თვითონ იტყოდა, მხოლოდ და მხოლოდ თავისი მოძღვრის, სქემმონაზონ მაკარის ნებითა და კურთხევით. ახლადაღკვეცილი ამ დროისთვის 30 წლისა იყო. აღკვეცისთვის ეს არ იყო ძალიან პატარა ასაკი, მაგრამ კაცისთვის, რომელსაც ოპტინის უდაბნოში მხოლოდ სამი წელი გაეტარებინა მორჩილად, ბერად აღკვეცა ნაადრევად ითვლებოდა. განსვენებული ბერი ამბროსი გარსშემოხვეულ მსმენელებს, როცა ამის შესახებ უყვებოდა, ერთხელ ვიღაცამ შენიშნა: „ეს მაშინ ძალიან მალე ხდებოდა“. „არა, – მიუბრუნდა ბერი, – მანტიის შემოსვამდე თორმეტი წელი ცხოვრობდნენ მორჩილად, რაც მე რატომღაც…“ და ბერმა ხელი ჩაიქნია, რითაც სხვებს აგრძნობინა, რომ არაღირსეულია, რომელსაც მთელი ცხოვრება სავსებით დაუმსახურებლად განადიდებდნენ.

სხვათა შორის, მამა ამბროსის ნაადრევი (სწრაფი) აღკვეცა სასიამოვნო გარემოებით აიხსნება. კალუგის მაშინდელი მწყემსმთავარი ნიკოლოზი ყოველთვის იჩენდა კეთილგანწყობას ნაადრევად აღკვეცისა და ხარისხში აყვანის მიმართ. სასკოლო განათლების მქონენი მონასტრების წინამძღვართაგან ითხოვდნენ, რომ სხვებზე ადრე წარედგინათ აღსაკვეცად და ხელდასასხმელად. მამა მაკარმა მშვენივრად იცოდა რა ახალგაზრდა მოღვაწის, მამა ალექსანდრეს სულიერი მდგომარეობა, მისი გამოცდის დროის სიმოკლის მიუხედავად, სიყვარულით აკურთხა, აღკვეცილიყო.

სავანის თავმდაბალი წინამძღვარი, იღუმენი მოსე, სრულებით დაეთანხმა ბერის ნებასურვილს, რადგან ისიც კარგად იცნობდა მამა ალექსანდრეს, რომელიც წმინდა სინოდზე სასულიერო საეპარქიო მმართველობის გავლით იქნა წარდგენილი, სადაც თხოვნა არ დაუბრკოლებიათ. ამას ამბროსი ბერი ასე ხსნიდა: „საქმე ის არის, რომ იმდროინდელ სინოდში ერთი ჩემი ამხანაგი მსახურობდა , რომელიც ჩემით ძალიან იყო დაინტერესებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი. როგორც კი აღსაკვეცად წარმადგინეს, მან შეიტყო ჩემ შესახებ, და სასწრაფოდ გამოითხოვა ჩემთვის აღკვეცის ნებართვა“. ოპტინის მონასტერი სინოდის ნებართვას აღსაკვეცად წარდგენილ მორჩილებზე ყოველთვის შემდგომი წლის დიდი მარხვისთვის იღებდა, ამ შემთხვევაში კი ნებართვა ამავე წლის ოქტომბერში მოვიდა. სხვა ოპტინელი ბერებისაგან განსხვავებით, მამა ამბროსი, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, მალე იქნა აყვანილი ჯერ ბერდიაკვნის, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნის ხარისხში. ასე რომ, საქმე ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა, ყველაფერი აღესრულებოდა ყოვლადბრძენი ღმერთის განგებულებით, რომელიც ადამიანთა ყოველ გარემოებას სასიკეთო მიზნისკენ მიმართავს. ბერი ამბროსი ხანდახან ამბობდა: „საქმე ადამიანურია, მსჭავრი კი – მეფეთა (საღმრთო). თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ახალგაზრდა ბერ ამბროსის ახლო მომავალში ავადმყოფობის ჯვარი ელოდა, და ამიტომ, თუკი მისი აღკვეცა და ხარისხში აყვანა დაყოვნდებოდა, ის ვერ გახდებოდა მღვდელ-მონაზონი, შესაბამისად, ვერ იქნებოდა სულიერი მოძღვარი, რაც დიდი დანაკარგი იქნებოდა მათთვის, ვისაც მისი სულიერი შვილობა ხვდა წილად.

რას ნიშნავს „აღკვეცა მანტიაში?“ მანტიას სხვაგვარად მცირე სქემას უწოდებენ, ხოლო სქემაში აღკვეცას მოღვაწე მამები მეორედ ნათლობას ეძახიან. პირველი ნათლობა ხდება წყლით, ხოლო მეორე – მონანული ცოდვილის საკუთარი ცრემლებით. ამიტომაც აღკვეცას დიდი მნიშვნელობა აქვს; ის საიდუმლოებაა, რომელშიც ჭეშმარიტად მონანული ადამიანი ცოდვათა ჯვარცმისა და ნათლისღების შემდეგ გულმოწყალე მამაზეციერს ისევ აძლევს აღთქმას და ხელახლა იშვება სულიერი ცხოვრებისათვის. ღვთისნიერ ცხოვრებას ჭეშმარიტად შეყვარებული მორჩილი ამ ყველაფრისთვის ემზადება დაახლოებით ხუთი დღე, მარხვით და ლოცვით, ასევე არ აცდენს საეკლესიო მსახურებებს. აღკვეცის წინა დღეს, სულიერ მოძღვართან აღსარებაში ამბობს ყველა იმ ცოდვას, რაც ბავშვობიდან ჩაუდენია და იღებს შენდობას სინანულის საიდუმლოში. შემდეგ კი, უშუალოდ აღკვეცის დროს, მთელი ეკლესიის თანდასწრებით უფალს პირობას აძლევს, რომ ისე იცხოვრებს, როგორაც ამას ბერული წესი მოითხოვს. თმას ჯვრის სახით შეაჭრიან იმის ნიშნად, რომ მან უარყო საკუთარი თავი, ეს სოფელი და ყველაფერი, რაც ამ სოფელშია. მოაჭრიან ასევე თავისი ნება-სურვილებისა და ავხორცობის მოსაკვეთად, მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით. ამასთანავე, მას, როგორაც ახალი ცხოვრების დამწყებს, ახალ სახელს არქმევენ; შემდეგ იმოსება სამონაზვნო სამოსით, რასაც სულიერი მნიშვნელობა აქვს. დასასრულ, ლიტურგიის ბოლოს, ახლადაღკვეცილს აზიარებენ ქრისტეს უწმინდეს ხორცსა და სისხლს, ყოველი მონანული ცოდვილის განმწმენდელსა და მაცოცხლებელს. ამიტომ, დასასრულს ცოდვილის სულიერად კვლავ დაბადების საიდუმლოს აღსრულებისას, იგალობება სანუკვარი საგალობელი: „შევიცნობთ, ძმებო, ძალას საიდუმლოსი, ვინაიდან ცოდვებისგან მამისეულ სახლში დაბრუნებულ უძღებ შვილს ყოვლადკეთილი მამა სათნოუყოფს“ და სხვ. დამსწრეთაგან მრავალი, აღსაკვეცებზე ლაპარაკი ზედმეტია, ამ საიდუმლო მოქმედებას აცრემლებული უსმენდა. აქედან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაასკვნას, თუ როგორ იმოქმედა აღკვეცამ ახალგაზრდა მამა ალექსანდრეზე, რომელიც მთელი სულით მიისწრაფოდა ღვთიური სათნოებებისკენ.

ოპტინის მონასტრის საეკლესიო წესდებით, ახლადაღკვეცილი ბერები ხუთი დღის განმავლობაში ტაძარში იმყოფებიან, ღვთის სახლიდან არ გადიან. ისინი იქ იკვებებიან, იქ სძინავთ და არც განიმოსებიან – ისინი ბერის შესამოსელს ატარებენ და ბარტყულს თავიდან არ იხდიან. მეხუთე დღეს მათ ისევ აზიარებენ ქრისტეს ცხოველმყოფელ საიდუმლოს და სენაკებში უშვებენ. ახალი ცხოვრებისათვის შობილი ბერები ამ დროს მადლმოსილ ნუგეშს იღებენ, რაც უეჭველია, ორმაგად მიეცა ახალგაზრდა მოღვაწის, მამა ამბროსის ღვთისმოყვარე სულს.

მანტიის მიღების შემდეგ, მამა მაკარის კურთხევით მისი საყვარელი მოწაფე მამა ამბროსი, როგორც ღირსეული, მალევე წარადგინეს ბერდიაკვნად საკურთხებლად. ბერების მიერ გამოზრდილს საკუთარ თავზე არ ჰქონდა მაღალი წარმოდგენები, პირიქით, თავს უღირსად მიიჩნევდა საკურთხეველში, მაცხოვრის ტრაპეზზე მსახურებისათვის. ის სხვა ბერთან, ბერდიაკონ პაფნუტისთან ერთად, რომელიც იმავდროულად მღვდელ-მონაზვნის ხარისხში იყო წარდგენილი, მამა მაკართან უარის სათქმელად მივიდა. „შევდივართ მის სენაკში, – ჰყვება მამა ამბროსი, – მან კი დაგვასწრო: თქვენ დაგნიშნეს, დაგნიშნეს, ეს კარგია, კარგია“. ჩვენ დავმუნჯდით და პასუხის გაცემა ვერ შევძელით. ჩემი ამხანაგი ჩემზე მამაცი აღმოჩნდა და პირველად ის ალაპარაკდა: „აი, სალაპარაკოდ ამის თაობაზე მოვედით თქვენთან, მამაო! ჩვენ ხომ სასულიერო წოდების ღირსნი არა ვართ“. „ასეც იფიქრეთ, იფიქრეთ ასე ყოველთვის, რომ თქვენ არ ხართ ღირსი“, – გააწყვეტინა ბერმა. ამ ყველაფრის შემდეგ მე პირიც კი ვერ გავაღე“, – დაამატა მთხრობელმა. ამგვარად, ბერმა დაამშვიდა ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც 1843 წლის 2 თებერვალს ბერდიაკვნად იქნა ხელდასხმული. თუ როგორ უყურებდა ახლადნაკურთხი ბერდიაკონი თავის მსახურებას, ამაზე დადებითად პასუხის გაცემა არ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ ვარაუდი და შემდეგ დასკვნის გამოტანა. ერთ-ერთ ბერდიაკონს, რომელსაც მსახურება უჭირდა, ბერმა უთხრა: „ძმაო, არ გესმის საქმე, შენ ხომ ეზიარები?!“ – უკანასკნელი სიტყვები განსაკუთრებული გამომეტყველებით იყო ნათქვამი. ახალგაზრდა ბერდიაკონი მამა ამბროსი თავის მსახურებაზე ფიქრობდა, როგორც ყველაზე ძლიერ და ერთადერთ მკურნალზე, რომელსაც შეუძლია მომაკვდავი სულის გაცოცხლება. ჩვენთვის დაკლული ღვთის კრავის ხორცისა და სისხლის მიღებით ენით გამოუთქმელ სულიერ სიტკბოებას ეზიარებოდა.

1844 წელს ოპტინის მონასტერში გადმოსული იღუმენი თეოდოსი ამ პერიოდის გახსენებისას ამბობდა, რომ ბერდიაკონი მამა ამბროსი ყოველთვის დიდი მოკრძალებით მსახურობდა.

ოპტინის მონასტრის ტიპიკონით, ის თავის დროზე ატარებდა რიგის ღვთისმსახურებას. ერთხელ, როდესაც ის მონასტერში გვიანდელ ლიტურგიას ატარებდა, ოპტინაში ჩამოვიდა მალოიაროსლავის იღუმენი ანტონი, სკიტის ყოფილი მმართველი, რომელსაც მამა ამბროსი კარგად იცნობდა. „ჟამნების კითხვის დროს, – ჰყვებოდა განსვენებული ბერი ამბროსი, – ის საკურთხეველში შემოვიდა. ჩვეულებისამებრ თავი დავხარე და კურთხევის ასაღებად მივედი“. „ნუთუ ეჩვევით?“ – მომმართა მშვიდად იღუმენმა „დიდება უფალს, თქვენი წმინდა ლოცვებით ვეჩვევი, მამაო“, – ვუპასუხე საკმაოდ თამამად. უცებ იღუმენმა მეტყველების ტონი შეცვალა: „სიმდაბლეს ეჩვევით?“ – და მე არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ოპტინის მონასტრის ბერები თავისუფლად ლაპარაკისას ფარული ამპარტავნების ნიშანს ხედავდნენ და სულის ხსნის მოშურნეთათვის ცდილობდნენ რიგიანი შენიშვნებით ემკურნალათ ყველგან და ყოველთვის.

საფიქრებელია, ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს ბერი ამბროსის მონათხრობი საკუთარ თავზე. მეუფე ნიკოლოზმა კალუგაში მოღვაწეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა ბერდიაკონ ამბროსის. ალბათ, მთავარი მიზეზი ამისა იყო ის, რომ როდესაც მამა ამბროსის უფროსი ძმა ნიკოლოზი ტამბოვის სემინარიაში სწავლობდა, მაშინ სემინარიის რექტორი სწორედ მეუფე ნიკოლოზი იყო, და იცნობდა მას, როგორც ჭკვიან აღსაზრდელს. შესაბამისად, მამა ამბროსისაც კარგად ექცეოდა. „ერთხელ მეუფე ფეხით მოდიოდა გზაზე, რომელიც მონასტერსა და სკიტს შორის გადიოდა, – ასე იხსენებდა შემდგომში ბერი ამბროსი, – მას ჩვეულებრივ მიაცილებდნენ იღუმენი მოსე და მამა მაკარი. მეც იქ ვიყავი. მახსოვს, მეუფე სულ მე მელაპარაკებოდა და ჩემი წაყვანა უნდოდა, მე სინდისი მაწუხებდა და თავს უხერხულად ვგრძნობდი“.

1845 წლის ბოლოს, ბერდიაკვნად სამი წლით ყოფნის შემდეგ, მამა ამბროსი მღვდელ-მონაზვნის ხარისხში ასაყვანად წარადგინეს. თავმდაბალი ბერის ცხოვრებაში განმეორდა ის ისტორია, რაც მისი ბერდიაკვნად კურთხევის დროს მოხდა: საკუთარი უღირსობის აღიარება ბერის წინაშე და ამ უკანასკნელის წინანდებურად ბრძნული და მბრძანებლური პასუხი. მამა ამბროსი ამ მიზნით კალუგაში უნდა წასულიყო; 7 დეკემბერს დილით ადრე, გაბრიელ მონაზონთან ერთად, რომელიც ბერდიაკვნად უნდა ეკურთხებინათ, გაუდგა გზას. ძალიან ციოდა. მამა ამბროსი არ იყო შეჩვეული ზამთრის შორეულ მგზავრობას; ამასთანავე, მარხვით ღონემიხდილი გაცივებული იყო. „მახსოვს, – ჰყვებოდა ბერი, – როგორც კი პირველ სადგურამდე მიმიყვანეს, კუჭის ძლიერი ტკივილი ვიგრძენი“. ეს უნდა ყოფილიყო დასაბამი იმ შეუწყვეტელი, მძიმე ტკივილებისა, მთელი ცხოვრება თან რომ სდევდა კუბოს კარამდე, თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში.

კალუგაში ჩამოსვლისთანავე ისინი ყოვლადუსამღვდელოეს ნიკოლოზთან წარდგნენ, რომელმაც თბილად და ალერსიანად მიიღო. მამა ამბროსისთან საუბრისას გაიხსენა ის დრო, როდესაც იყო არქიმანდრიტი და ტამბოვის სასულიერო სასწავლებლის რექტორი; გაიხსენა მამა ამბროსის ძმა, ნიკოლოზ მიხეილის ძე გრენკოვი, რომელიც იქ სწავლობდა და რომელიც მეუფეს კარგად დაამახსოვრდა. გასაუბრების შემდეგ მეუფემ გასცა განკარგულება, მომზადებულიყვნენ ხელდასხმისათვის, რომელიც 9 დეკემბერს შედგა. 10 დეკემბერს, ღამით, ახალხელდასხმული – მღვდელ-მონაზონი ამბროსი და ბერდიაკონი გაბრიელი ოპტინის მონასტერში დარჩნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცივი ამინდი და ქარბუქი გრძელდებოდა.

ოპტინაში აღმოჩნდნენ ბერები, რომლებიც ნაკლებად ფიქრობდნენ საკუთარი სულის ხსნაზე და შეშურდათ მამა ამბროსისა, მღვდელ-მონაზვნად ასე მალე ხელდასხმის გამო. „როდესაც ძმებმა ჩვენი ხელდასხმის შესახებ გაიგეს, – ასე იხსენებდა შემდგომში ის, – ზოგიერთმა მათგანმა ცერად დამიწყო ყურება. ამიტომ მინდა გვახსოვდეს, რომ ბერები ანგელოზები არ არიან, არამედ შეძლებისდაგვარად მიემსგავსებიან ანგელოზურ ცხოვრებას, რომელიც მიიღწევა საკუთარ ცოდვებთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

მიუხედავად შერყეული ჯანმრთელობისა, ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ამბროსი აიძულებდა საკუთარ თავს ემსახურა სხვა მღვდელ-მონაზონთან ერთად, თუმცა შეიძლება არა ყოველთვის, მაგრამ მაინც აღასრულებდა თავისი რიგის ღვთისმსახურებას. ის უკვე ისე სუსტად იყო, რომ, როგორც თვითონ იხსენებს, არ შეეძლო ერთი ხელით ბარძიმი დიდხანს დაეჭირა: „ერთხელ ბევრი მაზიარებელი იყო, – ჰყვებოდა ის, – ერთი ხელით წმინდა ნაწილებს ვაზიარებდი, ხოლო მეორეთი ბარძიმი მეჭირა. ვიგრძენი, რომ ხელი დამისუსტდა და გრძნობას ვკარგავდი. ხელი რომ ცოტათი დამესვენებინა, შევედი საკურთხეველში, რომ მცირე ხნით წმ. ბარძიმი ტრაპეზზე დამებრძანებინა. უკნიდან მომესმა ხმა ვიღაც ქალისა, რომელიც საზიარებლად მოდიოდა: „ვიცი, მე ცოდვილი ვარ, უღირსი!..“ „ოჰ, ღმერთო ჩემო, – გავიფიქრე მე, – ყოველი მხრიდან მავიწროებენ“.

როგორც ჩანს, ამ პერიოდს ეკუთვნის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც თვითონ ბერის მიერაა მოთხრობილი. თავის მეგობართან, თავის მესენაკესთან, მამა იროდიონთან ერთად (იგი აღკვეცილი იქნა 1849 წელს სახელით ილარიონი) მოინდომა კუჭის გასაწმენდად ემკურნალა ძლიერი პრეპარატით მიეღოი, – ამბობდა ბერი, – ჩემი მსახურების რიგი მოვიდა. ეს მკურნალობა გაძლიერებულ კვებას ითხოვდა. მამა ილარიონი თევზის კერძს ჭამდა, მე კი, რადგან ვმსახურობდი, საკვებისგან თავი უნდა შემეკავებინა, თითქმის ყოველდღე ვახშმის გარეშე უნდა დავრჩენილიყავი. ამიტომ სარგებლის ნაცვლად, – დაამატებდა ბერი, – ასეთი მკურნალობის შედეგად უარესად გავხდი.

ნაწილობრივ ხარისხის, ისე კი ავადმყოფობის გამო მღვდელ-მონაზონ ამბროსის მამა მაკარის მორჩილება უნდა შემეწყვიტა, ამიტომ 1846 წლის 2 იანვარს ის სხვა სენაკში გადაიყვანეს, რომელიც კორპუსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სკიტის ტაძრის ჩრდილოეთით. ბერი ზოგჯერ ამბობდა, რომ მან სკიტში ხუთი სენაკი გამოიცვალა. „ვცხოვრობდი მამა ეგნატეს სენაკშიც და კოშკშიც“. მამა გენადის შენიშვნით, სენაკიდან სენაკში ამგვარ გადაადგილებებს ადგილი ჰქონდა სკიტში მამა ამბროსის მოსვლისთანავე, როდესაც ის მზარეულის მორჩილებას აღასრულებდა.

მღვდელ-მონაზონი ამბროსის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა, მაგრამ ის ჯერ ფეხზე იდგა და მსახურება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ შეუწყვეტია. სკიტის მატეანეში ჩაწერილია ასეთი შემთხვევა: 1846 წლის 19 აგვისტოს, ოთხშაბათს, ნაშუადღევს, ექვს საათზე ოპტინის მონასტერში ჩამობრძანდა კალუგის მღვდელმთავარი ნიკოლოზი, რომელიც ორი დღე საქმეებით იყო დაკავებული. 22-ში წირვა აღავლინა კოზელსკში, ხოლო 23-ში ნაშუადღევს, 7 საათისთვის ინება სკიტის მონახულება. მონას-ტრიდან მას მოაცილებდა იღუმენი მოსე. მეუფის კურთხევით, სკიტის ტაძარში დაუყოვნებლივ დაიწყო ღამისთევის ღმრთისმსახურება წმ. პეტრეს, მოსკოვის საკვირველთმოქმედი მიტროპოლიტის სახელზე. წირავდა მღვდელ-მონაზონი ამბროსი ბერდიაკონ გაბრიელთან ერთად, ხოლო სტიქაროსნობდა მონაზონი ვასილი. სამივე სკიტში ცხოვრობდა და დამთავრებული ჰქონდათ სემინარიის სამეცნიერო კურსი. ორივე გუნდში სკიტის საძმო გალობდა. ტაძარში აგრეთვე იდგნენ მეუფის მგალობლები. ლოცვა 10 საათზე დასრულდა. ბოლოს, როდესაც მეუფემ დალოცა საძმო და მომლოცველები, თავის მგალობლებს მიანიშნა: „აი, ასე ისწავლეთ გალობა, როგორც ეს ბერები გალობდნენ, წყნარად, მოკრძალებულად“. მეუფე მთელმა საძმომ სკიტის წმინდა ჭიშკრამდე მიაცილა.

საოცარი ღამე იყო. ირგვლივ ღრმა სიმშვიდე მეფობდა, ხოლო ცის ლაჟვარდიდან სავსე მთვარე სიყვარულით იმზირებოდა და მშვიდ ვერცხლისფერ შუქს ჰფენდა მდუმარე სკიტსა და მის გარშემო მდებარე უზარმაზარ ტყეს. მეუფე შეჩერდა და მამობრივი სიყვარულით შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „გადაირჩინეთ თავი, მამებო და ძმებო, გქონდეთ მშვიდობა და სიყვარული ერთმანეთში, უფროსებს დაემორჩილეთ!“ იქვე მყოფ მღვდელ-მონაზონ ამბროსის კი მიუბრუნდა და უთხრა: „შენ კი, მამაო ამბროსი, დაეხმარე მამა მაკარს სულიერებაში. ის უკვე მოხუცდა. ესეც ხომ მეცნიერებაა, ოღონდ არა სემინარიული, არამედ მონაზვნური“. იღუმენმა მოსემ და მღვდელ-მონაზონმა მაკარმა წინასწარ სთხოვეს მეუფეს, რომ ეს სიტყვები მას ამბროსისთვის ეთქვა. შემდეგ კი, გაანათლა რა თავისი მწყემსმთავრული კურთხევით ყველა, მეუფე სკიტიდან მონასტერში გადავიდა, სადაც მეორე დღეს წირვა აღავლინა და შემდეგ კი კალუგაში გაემგზავრა.

მღვდელ-მონაზონი ამბროსი მხოლოდ 34 წლის იყო, როდესაც იღუმენ მოსესა და მამა მაკარის შუამდგომლობით მწყემსმთავრისგან დაინიშნა მამა მაკარის დამხმარედ სულიერ საკითხებში. აქედან ნათელია, რომ იღუმენი მოსე და მამა მაკარი მას უკვე აღიარებდნენ ბერად. მაგრამ ღვთიურ განგებულებას სურდა ამ დიდი ვალდებულების ამღები მღვდელ-მონაზონის წინასწარ ძლიერ დასნეულება, რათა განწმენდილიყო, როგორც ოქრო ბრძმედში, და ყოფილიყო „საპატიო ჭურჭელი, განწმენდილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმიანობისთვის გამზადებული“.

მღვდელ-მონაზონი ამბროსი სექტემბრის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ძლიერად იყო. სკიტის მატიანეში ნათქვამია, რომ 1846 წლის 16 სექტემბერს, ის, მონასტრის უფროსობის განკარგულებით, გააგზავნეს რკინიგზის სადგურზე, ბელევოს გზაზე, რომელიც ოპტინის მონასტრიდან 18 ვერსით იყო დაშორებული; აქ უნდა გამოევლო კურსკიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალ მაღალყოვლადუსამღვდელოეს ილიოდორს, კურსკისა და ბელგოროდის მთავარეპისკოპოსს და მამა ამბროსის თხოვნით მას უნდა მოენახულებინა ოპტინის მონასტერი. მამა ამბროსი 18-ში, შუადღისას ჩამოვიდა ოპტინაში. ამავე დღეს დიდი სტუმარიც ჩამობრძანდა. ამის შემდეგ ძალიან მალე მღვდელ-მონაზონი ამბროსი სერიოზულად გახდა ავად და ლოგინად ჩავარდა ისე რომ, როგორც უკიდურესად დაუძლურებული, 26 ოქტომბერს, ცისკრისას აზიარეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ავადმყოფობა კიდევ უფრო გაძლიერდა. მკურნალობა არ შველოდა, ამიტომ ის იძულებული გახდა 1847 წლის დეკემბერში დაეწერა ხელწერილი იმის თაობაზე, რომ სავანეში შტატგარეშედ დაეტოვებინათ. ამ ხელწერილში იგი ამბობდა: „ჩემი დიდი ხნის ავადმყოფობა – კუჭისა და შიგნეულობის აშლილობა, ნერვების დასუსტება – გაძლიერდა 1846 წლის შემოდგომიდან, რამაც ჩემი ორგანიზმი უკიდურეს დაუძლურებამდე მიიყვანა. სამედიცინო დახმარებამ, რომელიც მთელი წელი გრძელდებოდა, ფეხზე ვერ დამაყენა და განკურნების იმედსაც არ იძლევა. ამიტომ მე, როგორც ახლა, ისე მომავალშიც, მსახურების მორიგეობა და სამონასტრო თანამდებობის შესრულება არ შემიძლია“. ეს ხელწერილი მონასტრის წინამძღვარ იღუმენ მოსესა და ძმობის უფროსობის სახელით (უფროსი ძმობის სახელით?) წარუდგინეს მეუფე ნიკოლოზს, რომელშიც ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის განკარგულებით შტატს გარეთ დარჩენილი მონაზვნები სამედიცინო შემოწმებით უნდა უზრუნველყონ, მაგრამ მამა ამბროსი, უძლურების გამო ვერ შეძლებს რა საეპარქიო ქალაქში ჩასვლას, მისთვის სამედიცინო შემოწმებას ადგილზე ითხოვდნენ, ითხოვდნენ აგრეთვე შტატიდან გათავისუფლებას.

კალუგის საეპარქიო მმართველობის ბრძანებით, რომელიც ამ თხოვნას პასუხად მოჰყვა 1848 წლის 29 მარტს, სკიტში მოწვეულ იქნენ კოზელსკის მაზრის ექიმი გ. სუბოტინი, კოზელსკის სასულიერო მმართველობის ამაღლების დეკანოზ ანდრია ვინოგრადოვის თანხლებით. ავადმყოფის მონათხრობიდან ექიმმა ასეთი დიაგნოზი დასვა: „მამა ამბროსის აქვს ავადმყოფური ყვითელი ფერის სახე, ავადმყოფურად მბრწყინავი თვალები, ორგანიზმის საერთო სიგამხდრე. მის სიმაღლესა და გულმკერდის წვრილ არესთან შედარებით უჩვეულო ძლიერი, მშრალი ხველა, რაც მკერდში ძლიერ ტკივილს იწვევდა. ასევე ტკივილი ნეკნებქვეშ, უპირატესად მარჯვენაში; კოჭის მხარეს მომწოლი ტკივილი, საჭმლის მონელების სრულად მოშლა: ხშირი ღებინება კუჭის წვენი, ნაღველისა და მიღებული საკვების გამო; ღამით უძილობა, დროდადრო შეცივება, რომელიც მცირედი სიცხით იცვლება. ეს ტკივილები თანდათანობით დამაუძლურებელი ციებ-ცხელებაა, რაც გამოწვეულია მუცლის ღრუს, განსაკუთრებით კუჭის გამაგრებით“. ამ ვითარების გამო მონასტრის მიერ დაწერილი განცხადების შედეგად, საეპარქიო მმართველობამ მამა ამბროსი სცნო, როგორც უძლური სამონასტრო ნებისმიერი მორჩილებისთვის და გაათავისუფლა ოპტინის მონასტრის შტატიდან; დატოვა მონასტრის პატრონობაში.

ასეთი ტანჯული გზით მიჰყავდა გულმოწყალე და ყოვლადბრძენ მამა ზეციერს თავისი რჩეული მისთვის განკუთვნილი მაღალი მიზნებისაკენ.