მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება

 

თ ა ვ ი 4.
ალექსანდრეს გადასვლა მონასტრიდან სკიტში
და მისი მოღვაწეობის დასაწყისი

 

კალუგის ეპარქიის სასულიერო მმართველობის წერილობითი ბრძანების მიღებისთანავე ალექსანდრე გრენკოვი განაწესეს ოპტინის მონასტრის საძმოში, სადაც ის მალევე შეიმოსა სამონაზვნო ჩოხით. ბერი ამბროსი, როგორც ეს ჩანს შამორდინოს ერთობის წინამძღვრის, დედა ევფროსინეს ჩანაწერებში, გარკვეული დროის მანძილზე იყო შინამომსახურე და პირადი მკითხველი ბერი ლევისა, რომელიც უძლურების გამო ტაძარში ვერ დადიოდა. მისთვის განკუთვნილ ლოცვით კანონებს, განსაზღვრულ დროს, სწორედ ამბროსი უკითხავდა. ამის შემდეგ ალექსანდრე მუშაობდა საცხობში, ხარშავდა სვიას, აცხობდა ფუნთუშებსაც და იყო ჯანმრთელი.

მათი ურთიერთობა ძალიან გულწრფელი იყო, რის გამოც ბერი განსაკუთრებით თბილი, მამობრივი სიყვარულით ევლებოდა ალექსანდრეს და ალერსით საშას ეძახდა.

მონასტერში ალექსანდრეს დიდხანს არ უცხოვრია. სკიტის მატიანეში ნათქვამია, რომ მორჩილი ალექსანდრე გრენკოვი 1840 წლის ნოემბერში მონასტრიდან სკიტში გადაიყვანეს. უეჭველია, ეს მოხდებოდა ბერების – ლევისა და მაკარის კურთხევით, მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, მით უმეტეს, მაკარი ბერის სიახლოვეს. სკიტში გადასვლის შემდეგაც ახალგაზრდა მორჩილი ალექსანდრე მონასტერში ბერ ლევთან ხშირად დადიოდა სულიერი სარგებლის მისაღებად. პირველი მორჩილება, რომელიც ბერმა ალექსანდრეს სკიტში განუწესა, იყო მზარეულის თანაშემწეობა. ახალბედა მორჩილმა კარგად გაიგო ღვთივგანბრძნობილი ბერებისადმი მორჩილების ფასი, ამიტომ იმის წინააღმდეგ როდი წავიდა, რაც არ მოსწონდა ან მის ძალებს აღემატებოდა, არამედ, პირიქით, არაფერი უთქვამს საწინააღმდეგო, ბერის სიტყვა თავმდაბლად მიიღო, როგორც ღვთის პირიდან ნაუწყები.

მორჩილება… „რა არის მორჩილება? – ჰკითხეს ერთხელ ოპტინელმა ბერებმა ერთ უბრალო, სულიერი ცხოვრებით განბრძნობილ ბერს, რომელსაც დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და მისი ხანდაზმულობის გამო არ ეძახდნენ სამონასტრო საქმეებზე. იგი ჯანმრთელი იყო და შრომისმოყვარე, სიამოვნებით დადიოდა ძმებთან სათიბზე. „რა არის მორჩილება?“ – ამ კითხვაზე უბრალო ბერმა მარტივად უპასუხა: „მორჩილება, აი რას ნიშნავს: მაგალითად, მე მივდივარ სათიბზე ჩემი სურვილით, მივდივარ დაუზარებლად და სიამოვნებითაც ვმუშაობ. წინამძღვარმა რომ მითხრას, ბებერო, თიბე მორჩილებითო, მე ვუპასუხებ: „არ შემიძლია, არ წავალ“. ღირსეული მოხუცი მსგავს შემთხვევაში ნამდვილად არ ეტყოდა უხეშ სიტყვებს წინამძღვარს, ამით მას მხოლოდ უნდოდა ეჩვენებინა, თუ რა ძნელია ყოფნა მორჩილებაში საკუთარი ნების მოკვეთით ; ამასთანავე, მორჩილება საფუძვლად დადებული ქვაა, რომელზეც აღმოცენდება მონაზვნის ხსნა, რადგან წრფელი მორჩილების გარეშე ვერ მიაღწევ სიმდაბლეს, ურომლისოდაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ვერანაირად ვერ გადარჩები. ყველას შეუძლია ნათლად დაინახოს, რომ ახალბედა მორჩილი, ძმა ალექსანდრე, რომელიც ბერებს სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდა, იწყებს საკუთარი თავის ხსნას მტკიცე საფუძველზე; იგი არ ემყარება ამაოდბრძნობას, საკუთარ აზრსა და საკუთარ ნებას, რომელთაგანაც მონაზვნისათვის სულიერი წყლულების გარდა არაფერია მოსალოდნელი.

იმ დროს სკიტის მზარეული გახლდათ ახალგაზრდა მორჩილი გერასიმე იოანეს ძე ტუმანოვი, გლეხი ტვერის გუბერნიიდან. იგი ალექსანდრეზე ერთი წლით უმცროსი იყო და სკიტშიც ერთი წლით ადრე მისული. მათ ერთნაირი ხასიათი ჰქონდათ, ორივე მხიარული იყო და ერთმანეთთან შელაპარაკება უყვარდათ. თავდაპირველად ალექსანდრე თავს იკავებდა საუბრებისგან, როგორც ამას თვითონ ჰყვებოდა: „სამზარეულოში მე უფრო ვდუმდი. მეშინოდა ადამიანებთან სიახლოვისა; თუ რამეს მკითხავდნენ, ვუპასუხებდი, პირველი არასდროს დავიწყებდი ლაპარაკს“. მისი ასეთი მდუმარება და ზედმეტი საუბრებისგან თავის დაჭერა გასაგები გახდება მაშინვე, თუკი გავიხსენებთ, თუ როგორ ბერებთან ცხოვრობდა ახალგაზრდა მორჩილი. საერთოდ, ალექსანდრე ცდილობდა გაეთვალისწინებინა ბერების რჩევა და უფრო დიდი ყურადღება მიექცია საკუთარი თავისთვის. იგი გაურბოდა სხვებთან სიახლოვეს, ვინც არ უნდა ყოფილიყო. ძირითადად სენაკიდან ტაძარში დადიოდა, ხვდებოდა ბერებს და ასრულებდა მორჩილებას, ლოცვით კანონებს. ტრაპეზის შემდეგ, როდესაც ძმები თავიანთ სენაკებში განაწილდებოდნენ, მზარეული და მისი თანაშემწე მარტო რჩებოდნენ. ამ დროს ისინი თავს უფლებას აძლევდნენ თავისუფლად ესაუბრათ. ალექსანდრეს წინანდებურად არ ერიდებოდა გერასიმესი. როდესაც დაიწყებდა რამეზე ლაპარაკს, ამით მზარეული ძალიან ხარობდა. თუკი ჭურჭელი გასარეცხი იყო, გერასიმე მიდიოდა თავის თანაშემწესთან, სიყვარულით მხარზე ხელს მოუთათუნებდა (ეს ჩვევა მას მთელი ცხოვრება შერჩა) და ღიმილით ეტყოდა: „აი რა, სანამ წყალი თბილია, დავსხდეთ და ვისაუბროთო“. მორჩილები დასხდებოდნენ ხის სკამზე და გულითადად საუბრობდნენ, ძალდაუტანებელი სიტყვები იღვრებოდა მათი პირიდან, ხმაურიანი ნაკადულის სწრაფად მდინარე წყალივით. ისინი ხშირად იგონებდნენ ეპიზოდებს განვლილი ცხოვრებისას, რაც მოსაუბრეთ არცთუ ისე ცოტა ჰქონდათ. მოგონებების შემდეგ ისინი ასკვნიდნენ: „დიდება და მადლობა გულმოწყალე უფალს, რომელმაც თავისი საკვირველი განგებულებით განგვაშორა ამქვეყნიურ შფოთსა და სიცარიელეს და ჩვენი ფეხები ატარა მშვიდ გზაზე, ღვთის მადიდებელთა მშვიდ სავანისკენ“. დრო შეუმჩნევლად გარბოდა. „ახლა, – იტყოდა მზარეული, – დროა, ჭურჭელიც გავრეცხოთ“. გასინჯავენ წყალს, რაც უკვე დიდი ხანია გაცივებულია; დაანთებენ ცეცხლს, ისევ გაათბობენ წყალს, რამდენი საზრუნავია! მაგრამ იმ სიამოვნებისგან, რომელსაც ერთმანეთთან ლაპარაკით იღებდნენ, შრომაც ავიწყდებოდათ და ცხოვრობდნენ ურთიერთსიყვარულით ღმერთში. თავის დროზე ძმებთან ერთადაც ლოცულობდნენ, სამზარეულოშიც მსახურობდნენ, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით თუ დატკბებოდნენ მეგობრული საუბრებით, რაც მათთვის გართობის ტოლფასი იყო ამ ერთფეროვან შრომით ყოფაში. და აი, გამოჩნდა საცდურიც: 1841 წლის დასაწყისში, თებერვალსა თუ მარტში, გერასიმეს თავის მშობლიურ გუბერნიაში, ქალაქ ტვერში მოუწია წასვლა, რათა მიეღო სახაზინო პალატიდან დამოწმებული, საზოგადოების მიერ განჩინებული გათავისუფლების ქაღალდი, რომელიც პალატაში რატომღაც დიდხანს იყო გაჩერებული. თავისი საქმის შესრულების შემდეგ ის სკიტში დაბრუნდა. მისი არყოფნის დროს სამზარეულოს ალექსანდრე განაგებდა და, აი, სამშობლოდან დაბრუნებული გერასიმე ბერებმა მოულოდნელად ალექსანდრეს თანაშემწედ აკურთხეს, რაც ახლად დაბრუნებულის თავმოყვარეობას მძიმედ შეეხო. გადიოდა დღეები, ერთი, მეორე… მოღუშული გერასიმე შევიდოდა სამზარეულოში, დაჯდებოდა სკამზე, იქნევდა ფეხებს და არაფერს არ აკეთებდა. ალექსანდრეს კითხვაზე: „რატომ არ აკეთებ არაფერს?“ – „ვერ ვარ მშვიდად,“ – პასუხობდა შეცბუნებული გერასიმე.

უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ვნება ცოცხლობს ადამიანში, ის ითხოვს საზრდოს, და თუ მნიშვნელოვანი ვითარება არ არის, თავს წარმოაჩენს უბრალო საქმეებსა თუ არა-რაობაში. ის ძალით, ტირანიით ამარცხებს ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დახელოვნებული ბრძოლით ვნებათა მოცილებაში. მორჩილი ადამიანი, მხიარული, კარგი ურთიერთობისა, ბოროტი აზრის შეწყნარებით ხდება მოწყენილი, ჩაფიქრებული, ურჩი, ყველაფრით უკმაყოფილო და ბრაზიანი. მაშინ, როდესაც ასეთი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, მით უმეტეს, ამ ცოდვით სავსე სოფელში გამოცდილი ბერი შეუცვლელი და ფასდაუდებელი საუნჯე ხდება გამოსაცდელისთვის, საკმარისია განსაცდელში მყოფი ადამიანი რწმენითა და მორჩილებით მივიდეს ბერთან, გული გადაუშალოს და უთხრას სიმართლე – თუ რომელი ფიქრებისგან იკვებება სული, ბერი მამობრივი სიყვარულით მოუსმენს, თანაუგრძნობს, განუმარტავს განსამარტავს, ასწავლის, თუ როგორ ებრძოლოს ვნებას, როგორ განდევნოს ამაფორიაქებელი აზრები, ვის შეევედროს და როგორ, შემდეგ კი ბერი თვითონ აღავლენს მხურვალე ლოცვას მაცხოვრისადმი, რათა განსაცდელში მყოფს შეეწიოს.

ეს დაემართა გერასიმესაც. თავისი სულიერი აშლილობა, ეჭვიანობა მან აუწყა ბერ მაკარს, რომელიც იმ დროს სკიტს განაგებდა და საძმოს სულიერი მოძღვარიც იყო.
მალე გერასიმე ისევ მხიარული და მშვიდი გახდა. ის კმაყოფილი იყო მზარეულის თანაშემწის თანამდებობით – მორჩილებით ახალი მზარეულისა, რომელიც ადრე მისივე თანაშემწედ მუშაობდა.

სამზარეულო მორჩილებაში ალექსანდრემ ერთი წელი გაატარა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ის ღვთისგან გამორჩეული იყო, რადგან განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა; საკუთარი გამოცდილებით სულიერ ცხოვრებაში დიდად განისწავლა, მაგრამ გარეგან საქმეებსაც დიდ ყურადღებას აქცევდა. ასე რომ, ორივე – სულიერიც და პრაქტიკულიც – მასში შეთანასწორებული იყო. ალექსანდრემ მიზნად დაისახა ეცხოვრა ქრისტეს მცნებებით და სრულებით დამორჩილებოდა თავის შინაგან მოსამართლეს – სინდისს. ის არ განასხვავებდა ბრძენი ბერების კურთხევით მისთვის დავალებულ საქმეებს თეთრად და შავად, კარგად და ცუდად, არამედ მასზე დაკისრებულ ნებისმიერ საქმეს გულისხმიერად ასრულებდა ყოვლისმხედველი ღმერთის წინაშე; კარგად იცოდა, რომ უფლისათვის მხოლოდ ის საქმეა ღირებული, რომელიც სინდისიერად კეთდება. ალექსანდრემ სიყვარულით აითვისა სხვა მრავალი საქმეც, რომლებიც მისთვის აუცილებელი არ ყოფილა. უკვე ბერი, თავისი წარსულის გახსენებისას ხშირად ამბობდა: „მე მშვენივრად მოვეწყვე სამზარეულოში; ვისწავლე პურისა და სეფისკვერის ცხობა. მახსოვს, სეფისკვერის მცხობელი მასწავლიდა, როგორ გამეგო, გამომცხვარია თუ არა ტარიგის სეფისკვერები, რადგან მათ სულ გამოუცხობელი გამოსდიოდათ: სეფისკვერში უნდა ჩაამაგრო კვარი და თუ მას ცომი არ მიეწება, ე. ი. სეფისკვერი მზადაა, ხოლო თუ ცომი ამოჰყვა, მაშინ გამოუცხობელია“. ალექსანდრე სეფისკვერის მცხობელი არც ყოფილა, მაგრამ ისე საფუძვლიანად შეისწავლა ეს საქმე, რომ სხვებსაც ასწავლიდა. იგი მალე სამშენებლო ხელოვნებასაც დაეუფლა: თვითონ ადგენდა გეგმას სენაკების მშენებლობისათვის; მისი გეგმით აშენებული სენაკები საცხოვრებლად ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. ალექსანდრემ ასევე შეისწავლა საღუმელე ხელოვნება ისე, რომ თავისი ცოდნით ოსტატებსაც კი აკვირვებდა.

სკიტში, მზარეულის მორჩილებაში ყოფნისას, ალექსანდრეს ჰქონდა საშუალება ხშირად მიეკითხა ბერი მაკარისთვის და მთელი გულით შეჰყვარებოდა. ყოველთვის, თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებშიც, იგი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა მასთან შეხვედრებს, თვლიდა, რომ ეს ღვთის დიდი წყალობა იყო მასზე: „იმ დროს, – იტყოდა იგი, – ღმერთი განსაკუთრებულად მწყალობდა! ბერთან ყოველდღე უნდა მივსულიყავი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. ასეთი იყო მორჩილება“. ალექსანდრეს ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა ბერთან თავის სულიერ განწყობილებაზე, მიეღო მისგან ბრძნული რჩევა-დარიგებანი იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა მას ცდიდნენ, თუნდაც ზემოთ გადმოცემული გერასიმეს შემთხვევაში, რათა განსაცდელს კი არ გაემარჯვა ადამიანზე, არამედ ადამიანი გამოსულიყო გამარჯვებული; განსაცდელს წყენა კი არ უნდა მოეტანა გამოსაცდელის სულისთვის, არამედ სარგებელი.

მონასტერში გამოსაცდელი შემთხვევები ხშირია. ოპტინის მონასტრის მამები ცდილობდნენ იოანე კიბისაღმწერლის მოძღვრების მიხედვით მოეძებნათ ასეთი შემთხვევები, რათა ხსნაში შეკრული საძმოსთვის მოთმინების გვირგვინი დაედგათ. ისინი ჭეშმარიტ მოღვაწეებს სხვების თანდასწრებით დასცინოდნენ, თავად კი, სიმშვი-დეს დაუფლებულნი, ზოგჯერ მრისხანე გეგონებოდათ და დაუნდობლად ლანძღავდნენ მათ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რათა გამოსაცდელ ძმას, იგრძნობდა რა სულში სიამაყისგან შობილ მრისხანებას, პირველ რიგში, გაეგო თავისი უძლურება და მეორე – ცდილიყო განეკურნა სულის ჭრილობები თვითგანკითხვითა და სიმდაბლით ღვთისა და ადამიანების წინაშე; აგრეთვე ესწავლა გულწრფელი აღსარება და ლოცვა სინანულით, რათა, ბოლოს და ბოლოს, თანდათანობით განმტკიცებულიყო მისი სული სიკეთეში და ასე ნელ-ნელა ასულიყო ძალიდან ძალაში, „ვიდრემდის მივიწინეთ… ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“.

ზემოთ აღნიშნული იყო, რომ ახალბედა მორჩილ ალექსანდრეს თავის სულიერ წინამძღვრად და ხელმძღვანელად ბერი მაკარი ჰყავდა; ამავდროულად, ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა და სკიტიდან მონასტერში ბერ ლევთანაც დადიოდა, რომლის სიწმინდის წინაშეც დიდ სიწრფელესა და მოკრძალებას ავლენდა. ბრძენი ბერი თავის ერთგულ მოწაფეში გადარჩენის ჭეშმარიტ სურვილს ხედავდა, არ აძლევდა საზრდოს მის თავმოყვარეობასა თუ პატივმოყვარეობას, პირიქით, ზოგჯერ თავისი მკაცრი მიმართვით ცდილობდა მოეთვინიერებინა ახალბედა მორჩილი. ხშირად სახელით არც მიმართავდა, არამედ ქიმერას ეძახდა. ბერი ამბროსიშემდგომში გაიხსენებს: „ერთხელ მამა ლევთან მონაზონი ქალი იდგა; ბერმა მოხადა მას ქუდი და მე დამახურა“. ცხადია, ახალგაზრდა ბიჭისთვის არ იქნებოდა სასიამოვნო ხალხში ქალის ქუდით დგომა; შესაძლებელია, წინასწარმჭვრეტი ბერი ამ მოქმედებით ალექსანდრეს შემდგომ მოღვაწეობაზე მიანიშნებდა, რადგან ცნობილია, რომ ის ყველაზე უფრო მონაზვნებზე ზრუნავდა. ამ განსაცდელში მყოფ ალექსანდრეს ღრმად სწამდა, რომ შეიძინა ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში სწყუროდა მის სულს. მისი აზრით, სულის სიმშვიდისთვის საჭირო იყო სულიერი ცხოვრების სრულყოფა და ყოფნა თავმდაბლობით. იგი თავის სულიერ საუნჯეს ამქვეყნიურზე არ ცვლიდა. ალექსანდრე ხშირად წერდა თავის ამხანაგებს – ლიპეცკის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგს, ვასილი თეოდორეს ძე სვეტოზაროვს და პავლე სტეფანეს ძე პოკროვსკის – იმ სულიერ ბედნიერებაზე, რომელიც მას ოპტინის წმინდა სავანეში გაეხსნა და ორივე მათგანს მონასტერში მოუწოდებდა. სვეტოზაროვი მალე გაჰყვა ალექსანდრეს მოწოდებას, პოკროვსკი კი აყოვნებდა.

1841 წელს ალექსანდრემ დატოვა ლიპეცკი. პოკროვსკიმ, რომელიც ამ დროისთვის სამსახურიდან თავისუფალი იყო, გადაწყვიტა სკიტში მოენახულებინა ალექსანდრე, რომელიც უკვე კაბოსანი მორჩილი იყო და სკიტის ერთ პატარა სენაკში ცხოვრობდა. იგი მზარეულის მოვალეობასაც ასრულებდა. სენაკში შესვლისთანავე პავლე მისმა სიღარიბემ განაცვიფრა: წმინდა კუთხეში ესვენა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მშობლების კურთხევით იყო ალექსანდრესთან, ლოგინზე რაღაც გახუნებული ძველი ქურთუკი ეგდო, რომელიც ლეიბისა და საბნის მოვალეობას – ორივეს ერთად ასრულებდა. პავლემ აგრეთვე შენიშნა ძველი ანაფორა ბერის ბარტყულით, მეტი არაფერი. „ვიხსენებდი ამხანაგის განვლილ ცხოვრებას, როდესაც ის მასწავლებლად მუშაობდა – რა სუფთად იცვამდა მაშინ! შევუდარე რა მას ახლანდელი სიღატაკე, ისე გამიჭირდა, რომ ცრემლები წამომივიდა“, – ჰყვებოდა პოკროვსკი. ასეთი იყო ამ სოფლისმოყვარულ პავლეს შეხედულება თავის ყოფილ ამხანაგზე, რომელიც ამ ყველაფერს, პავლესგან განსხვავებით, სულ სხვა თვალით უყურებდა; თავის სულიერ ბედნიერებას სწორედ ამაზე – სიღატაკეზე ამყარებდა, რადგან სწავლობდა უვნებობას საგანთა თუ მოვლენათა მიმართ.

ეტყობა, ალექსანდრეს იმედი ჰქონდა ღვთივგანბრძნობილი ბერების – ლევისა და მაკარის თანადგომით – დაარწმუნებდა პოკროვსკის, რომ მონაზვნური ცხოვრება, მიუხედავად გარეგნული სიღატაკისა და ხილული უხერხულობებისა, დიდი სიყვარულის მატარებელია. ამიტომ გადაწყვეტს, იგი მამა ლევთან მიიყვანოს. მოხუცი ბერი ავადმყოფობის მიუხედავად მკაცრად მოღვაწეობდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, იგი მკვრივი აღნაგობისა იყო, რომელიც უმალ თვალში ეცა სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელ პოკროვსკის და მასში უსიამოვნო გრძნობები აღძრა. ბერმა ამოიცნო მისი აზრები და იმ წუთშივე ამხილა უბრალო, ხალხური ენით: „რას უყურებ ჩემს ღიპს? ფრთხილად იყავი, დროთა განმავლობაში შენც იგივე არ მოგივიდეს“. ზუსტად ამ დროს მონასტერში სერობის ზარი დარეკეს. ლოგინზე წამომჯდარმა ბერმა დიდი მოწიწებით წარმოთქვა ჩვეულებრივი „დიდებამაღალიანი“, უფლის მიმართ: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავადმყოფი ბერი, რომელიც უძლურების გამო ეკლესიაში ვერ დადიოდა და ღვთისმსახურებაში არ მონაწილეობდა, თავის სენაკში ისმენდა ლოცვებს მისთვის საგანგებოდ დანიშნული მკითხველებისაგან, რომელთა შორის ერთ პერიოდში ალექსანდრე გრენკოვიც იყო. ალექსანდრემ იფიქრა, ბერმა საღამოს მსახურების ჩვეულებრივი დასაწყისი თქვაო და მისი სიტყვები „ამინით“ დაასრულა, მერე კი განაგრძო „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! მეუფეო ზეცათაო“ და ასე შემდეგ. ბერმა უცებ შეაწყვეტინა და მკაცრი შენიშვნა მისცა: „ვინ მოგცა კურთხევა წაგეკითხა?!“ ალექსანდრემ დაიჩოქა და მისგან შენდობა ითხოვა. ბერმა მრისხანე სახე მიიღო და განაგრძო: „რატომ მიეცი შენ თავს ამის გაკეთების უფლება?“ შემცოდე კვლავ იჩოქებს და პატიებას სთხოვს: „მაპატიეთ, მამაო, ღვთის გულისათვის, მაპატიეთ!“ ბერმა თითქოს მოთმინება დაკარგა: მკვრივი აღნაგობა, მრგვალი, მკაცრად მეტყველი სახე, თხელი ცხვირი, ლომის ფაფარივით ხშირი, ტალღისებური ჭაღარა თმა, ტენორის მაღალი ხმა, განრისხებული სახე, – ყველა ამ ნიშნით იგი ლომს დაემსგავსა. მიუხედავად ალექსანდრეს ხანგრძლივი მოკრძალებული თხოვნისა, ლევი თითქოს ვერც ამჩნევდა მას, ფეხებს მიწას გამეტებით ურტყამდა, ალექსანდრეს თავზე ხელებს ამოძრავებდა და გაბრაზებული ამბობდა: „ეხ, შე თავნებავ, როგორ გაბედე კურთხევის გარეშე ამის გაკეთება!“ საშინელი მოსასმენი იყო. ეს ყველაფერი მკაცრი განაჩენით დამთავრდა: შემცოდემ ბერისგან შენდობა მიიღო, რის შემდეგაც ორივენი დაემშვიდობნენ მას. ალექსანდრეს კარგად ესმოდა ბერის მრისხანე განაჩენის მადლიანი მიზანი და იცოდა, თუ რას აკეთებდა იგი, ამიტომაც მისდამი სიკეთით განწყობილი რჩებოდა. პოკროვსკი, პირიქით, უკმაყოფილო დარჩა და მალე წავიდა ოპტინიდან

ასეთი მწარე გამოცდებით, სისხლის ფასად ალექსანდრე ნელ-ნელა მოიმუშაკებდა ღვთივსაყვარელ სათნოებას – მორჩილებას. იგი იწრთობოდა განსაცდელების დათმენით, რომლებიც ხშირად მოიწეოდა მისთვის საყვარელი ბერისგან – მამა ლევისაგან. ბერი ხშირად საყვედურობდა ალექსანდრეს; მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი სენაკიდან გავიდოდა, ბერი იქ მყოფთ, ამ შემთხვევების მომსწრეებს, მასზე ეტყოდა: „დიდი კაცი იქნება!“

თავისი ღვთივსათნო და მძიმე ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ბერი ლევი საყვარელ მორჩილ ალექსანდრეზე მაკარი ბერს – ბერობაში თავის მემკვიდრესა და მესაიდუმლეს, მოუწოდებდა. ბერი ამბროსი გაიხსენებს: „გარდაცვლილმა ბერმა (იგულისხმება ლევი) მაშინ დაუძახა მამა მაკარს და უთხრა: „ეს კაცი ცდილობს ჩვენ, ბერებს, შეგვეკედლოს. მე ახლა ძალიან დაუძლურებული ვარ; მე მინდა გადმოგცე იგი შენ ანაფორიდან ანაფორაში. აიყვანე ხელში, როგორც ეს შენ გჩვევია“.

არის ისეთი რამ, რაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა დაიჯერო, ბერმა ლევმა მამა მაკარს მიუთითა რა ალექსანდრეზე, მაშინ უთხრა: „ის შენ გამოგადგება“. მაგრამ რაღა ვთქვათ ახალგაზრდა მოღვაწის მარხვასა და ლოცვაზე, რომელთა გარეშეც ხსნა არ მოიწევა, რადგან გულისხმიერი მარხვა, წმიდა მოღვაწე მამათა სწავლებით, სულიერი ცხოვრების საფუძველია , ხოლო იოანე კიბისაღმწერელი სათნოების წყაროს წყალობის მიზეზს უწოდებს. თავისი მამა-მოძღვრების – ლევისა და მაკარის მიბაძვით, ალექსანდრე თავს აიძულებდა ყოველდღიური მარხვით; სკიტის საძმოსთან ერთად საკვების მიღებისას მკაცრად იცავდა ზომიერებას. ამგვარად, ის სხვა მმარხველთაგან თავს არ გამოარჩევდა და ყოველგვარი საკვების მიღებით ამდაბლებდა ამპარტავნების განზრახვას. ეს ზომიერება ზოგჯერ იქამდე აღწევდა, რისთვისაც ნამდვილად შეიძლებოდა გვეწოდებინა მძიმე მარხვა. ლოცვა – ეს საიდუმლო ნაწილია, მასზე შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ გაიგებს მას, გარდა ადამიანში მყოფი სულისა.

აქ არ არის საუბარი გარეგნულ ლოცვაზე, არც ღვთისმსახურებაზე სისტემატურ სიარულზე, რასაც ალექსანდრე სკიტის საძმოსთან ერთად ჩვეულებრივ აკეთებდა, არამედ სულის შინაგან ლოცვით განწყობილებაზე. ამაზე შეიძლება მხოლოდ იმარჩიელო. ლოცვას, როგორც ზემოთ ვთქვით, წმიდა კიბისაღმწერელმა „სათნოების წყარო“ უწოდა. ალექსანდრეს სათნო ცხოვრებას ყველა ხედავდა, შესაბამისად, შეიძლება საწყის მდგომარეობაში, მაგრამ მაინც წყარო სათნოებისა მასში უკვე ჩანდა. როგორ შეიძლება მლოცველი არ ყოფილიყო, მას ხომ ლოცვა ერში ყოფნის დროსაც უყვარდა?!