მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება

 

თ ა ვ ი 3.
ოპტინის უდაბნო ალექსანდრეს მისვლამდე,
მისი მოსვლა და განწესება ოპტინის საძმოში
„ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა ზედა“

 

სანამ ჩვენი ბედნიერი მწირის შესახებ მოგითხრობდეთ, რომელმაც ღვთის წყალობით სწრაფად და გაბედულად დატოვა საერო ცხოვრება, თვალი შევავლოთ ოპტინის მდგომარეობას ამ დროისათვის. ჩვენ არ ვგულისხმობთ მის გარეგნულ მხარეს, რადგან არც ალექსანდრეს უფიქრია ამაზე – მონასტრის გარეგან ბრჭყვიალებაზე. მაინც რა არის ოპტინის უდაბნო? რას წარმოადგენს ის ადგილი, რომლისკენაც ალექსანდრეს ღვთივგანბრძნობილმა განდეგილმა ილარიონ ტროეკუროვსკიმ მოუწოდა? ამ დროისათვის ეს ადგილი იყო სავანე ისეთი დიდი მოღვაწეებისა, რომელთა ხილვაც მომლოცველებში აღადგენდა ხსოვნას უძველესი დროის ბერმონაზვნობაზე. ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს ოპტინის სულიერი ცხოვრების ბრწყინვალე პერიოდად. აი, მცირე ცნობები ზოგიერთ მათგანზე:

მონასტერში: მისი წინამძღვარი, იღუმენი მოსე, გახლდათ გონიერი მმართველი სავანისა, მაგალითი სიმშვიდისა და მოთმინებისა, გამორჩეული მლოცველი მთელ საძმოში. ამასთანავე ის იყო გლახაკთმოყვარე და დიდად მოწყალე; მასთან თხოვნით მისულს არასდროს ისტუმრებდა უარით; მუშებისათვის არ ენანებოდა ჯამაგირი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არაკეთილსინდისიერად მუშაობდნენ. „ხომ ვაძლევთ მოწყალებას? ესეც იგივე მოწყალებაა“, – იტყოდა ხოლმე. გასაოცარი იყო მისი უანგარობა: ფულს ისე აბნევდა, ზოგჯერ კაპიკიც კი არ ჰქონია. ასეც ეძახდნენ „ფულის მდევნელი“. ზოგჯერ ასეც ხდებოდა: მასთან მოდიოდნენ მუშები ანგარიშისთვის, ის კი, თუ ფული არ ჰქონდა, გამოიტანდა თავის ჩანთას, დაფერთხავდა და იტყოდა: „აი, ნახეთ, არაფერი მაქვს“. რადგან მისი ყველას სჯეროდა, ისინიც უდრტვინველად ელოდნენ ჯამაგირს.

გავიხსენოთ სქემოსანი მღვდელ-მონაზონი ლეონიდე, ოპტინის მონასტერში ბერობის პირველი და მთავარი დამნერგავი, რომელიც ეპარქიის მმართველობამ 1836 წ. სკიტიდან მონასტერში გადმოიყვანა, სადაც ცხოვრობდა ნეტარ აღსასრულამდე, კერძოდ, 1841 წლის 11 ოქტომბრამდე. მას დიდი სულიერი გამოცდილება ჰქონდა, წმინდად ცხოვრობდა და იყო შორსმჭვრეტელი. ღვთისაგან განსაკუთრებული ნიჭი მიეცა: მას შეეძლო დავიწყებული ცოდვები გაეხსენებინა მათთვის, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე შემდგომში ბერი ამბროსი გვიყვებოდა.

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები აქ გაატარა. იგი ღირსი გახდა გასაუბრებოდა წმინდა ტიხონ ზადონელს; თავისი აღმატებული მდგომარეობა უდაბნოს მყუდრო სენაკზე გაეცვალა და ღვთივსათნო ცხოვრების გამო სანატრელი აღსასრული დაემსახურებინა (1841 წ.).

მღვდელ-მონაზონი გენადი (უწინ მეზღვაური), რომელიც თავისი კეთილშობილებით, მოშურნეობითა და მოწიწებით ასრულებდა თანამდებობრივ მოვალეობას სამხედრო სამსახურში, ორჯერ გახდა ღირსი ყოფილიყო სულიერი მოძღვარი ალექსანდრე ღვთივ-კურთხეულისა. იგი განსაკუთრებული მაღალსულიერებითა და სულგრძელობით გამოირჩეოდა, რის გამოც ძმობის საერთო სიყვარული დაიმსახურა.

მღვდელ-მონაზონი მეთოდე, მოთმინებით აღსავსე წამებული, რომელმაც დამბლის შედეგად დაკარგა მეტყველება, 20 წელი სარეცელზე იწვა დასუსტებული. ამის მიუხედავად, ის უდიდესი მოთმინებითა და მადლობით ატარებდა მძიმე ჯვარს. ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი.

ბერდიაკონი პალადი იყო უანგარო, სამოღვაწეო წესების მკაცრი დამცველი, საეკლესიო ხარისხების საუკეთესო მცოდნე, მჭვრეტელი; ხილული სამყარო შეეძლო სულიერი თვალით დაენახა.

სკიტში: სკიტის განმგებელი მღვდელ-მონაზონი ანტონი , იღუმენ მოსეს მკვიდრი ძმა გახლდათ. ის განსაკუთრებული სიმშვიდითა და სიმდაბლით გამოირჩეოდა. სიტყვაშეუბრუნებელი მორჩილება და ერთგულება ჰქონდა თავისი მოძღვრისა და ხორციელი ძმის – იღუმენ მოსესადმი. იყო უდიდესი მშრომელი და მლოცველი, ტანჯვის ამტანი – 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ფეხებზე საშინელი ჭრილობები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის არ ეშვებოდა მძიმე ფიზიკურ სამუშაოს და არ აცდენდა საეკლესიო მსახურებას; ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი.

მღვდელ-მონაზონი მაკარი (ივანოვი), იყო რა დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ბერი-დამრიგებელი, მიიჩნეოდა ხორცშესხმულ ანგელოზად, წმინდა კაცად; იგი იყო თანამოღვაწე მღვდელ-მონაზონ ლეონიდესი, რომლის მოწაფედაც თვლიდა თავს ღრმა თავმდაბლობის გამო. თვითონ ლეონიდეს კი სჩვეოდა ხოლმე ასეთი რამის თქმა: „მოსე (იგულისხმება წინამძღვარი) და ანტონი დიდი ადამიანები არიან, მაკარი კი წმინდანიო“.

ვალაამის ყოფილი იღუმენი ვარლამი, განმარტოებული, მლოცველი და ცრემლის უხვადმღვრელი იყო. ამას მისი თვალის ქუთუთოებიც ამტკიცებდნენ, რომლებიც დასივებოდნენ და ზედ წამწამებიც არ ჰქონდა შერჩენილი. ვარლამი იყო მეტისმეტად უანგარო; მის სენაკში დაპობილი შეშის გარდა არაფერი მოიპოვებოდა და კარი მუდამ ღია ჰქონდა. ერთხელ კორპუსში, სადაც მისი სენაკი იყო, ცისკარზე შევიდნენ ქურდები და მის მეზობლებს რაღაცეები მოჰპარეს. „მამაო, თქვენ გაგქურდეს?“ – ჰკითხა მეზობელმა ვარლამს. „ჩემთვის რა უნდა მოეპარათ, დაპობილი შეშა?“ – ღიმილით პასუხობდა ბერი, – „მე მას ისევ მოვიტან“.

სქემოსანი მღვდელ-მონაზონი იოანე, რომელიც თავისი შთაგონებით განეშორა რასკოლნიკებს და მართლმადიდებლობაზე წმიდა წერილის გულმოდგინე კითხვისა და გულისხმიერი ლოცვის შედეგად მოიქცა, გამოირჩეოდა ბავშვური უბრალოებით, უანგარობით და აბსოლუტური სიკეთით, რის გამოც მთელი საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.

მღვდელ-მონაზონი ინოკენტი (სქემაში იობი), დიდი მოძღვრის, მღვდელ-მონაზონი მაკარის სულიერი მოძღვარი, 18 წლის მანძილზე სკიტში ცხოვრობდა. იგი იყო მშრომელი, მდუმარების მოყვარული, უქმად არავისთან არ ლაპარაკობდა, საერთოდ გაურბოდა საუბარს. მან მხოლოდ სიკვდილის წინ გააღო სენაკის კარი მათთვის, ვისაც სურდა მისგან მიეღო მაცხოვნებელი სწავლებანი.

სქემოსანი ბასიანე უანგარო, დაუღალავი მშრომელი, მლოცველი და საკვირველი მმარხველი გახლდათ. იგი მუდმივად იცავდა თავს მძაფრი საკვებისაგან. დიდმარხვის პირველ კვირასა და ვნების შვიდეულში არაფერს ჭამდა: 1818 წლის საშობაო და დიდი მარხვა უმკაცრესად შეინახა და 40 დღე საერთოდ არ მიუღია არანაირი საკვები.

სკიტსა და მონასტერში კიდევ იყვნენ ბერულ გმირობათა მოშურნე ძმები. ოპტინის მთელი საძმო ჰგავდა სახარებისეული სათნოების ანაბეჭდს, რადგანაც მას ისეთი ბერები მართავდნენ, როგორიც იყვნენ ლეონიდე და მაკარი. ბერები და მორჩილები წმინდა და წრფელი სიყვარულით იყვნენ შეკრულნი; უბრალოება , სიმშვიდე და მორჩილება იყო არსებითი ნიშანი ოპტინის საძმოსი. ისინი უმთავრესად იმისკენ მიისწრაფოდნენ, რომ ახალმოსული ბერების სულში ჩაენერგათ და განემტკიცებინათ ღვთისათვის საყვარელი სათნოებანი, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ხსნა. ეკლესიის დიდმა მოძღვარმა, იოანე ოქროპირმა ბრძანა: „შეუძლებელია ხსნა სიბრძნით მორჩილების გარეშე, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. მარხვა, ლოცვა, კეთილი საქმეების კეთება – ეს ყველაფერი მორჩილების გარეშე მხოლოდ ღვთის საწინააღმდეგო იქნება. არადა, ყველაფერი მოგვარებულია, ყველაფერი ძვირფასია, ყველაფერი მაცხოვნებელია მაშინ, როცა ამ ყველაფერს თან ახლავს სიბრძნით მორჩილება“. ბერებისგან დარიგებული უმცროსი ძმები ყველანაირად ცდილობდნენ დამორჩილებოდნენ არა მარტო უფროსებს, არამედ თანატოლებსაც; მათ ეშინოდათ გამოხედვითაც კი არ ეწყენინებინათ ერთმანეთისათვის და თუ ეს მოხდებოდა, ერთმანეთს დაუყოვნებლივ სთხოვდნენ შენდობას.

ამ პერიოდში ოპტინა გარეგნული სიმდიდრით არ გამოირჩეოდა, არამედ მხოლოდ ადგილით, იგი უღრან ფიჭვებში მდებარეობდა და სამოქალაქო ხმაური არ არღევდა მის მყუდროებას.

ღვთის განგებულებით, ასეთი სულიერი სამოთხისკენ მიიჩქაროდა ალექსანდრე; იქ, სადაც უკვე დიდი ხანია, რაც ბრწყინავენ სულიერი ყვავილები. მათ შორის უნდა დანერგილიყო ახალგაზრდა ყლორტი, ხსნის მაძიებელი ახალი სული; ღვთივგანბრძნობილი წმინდა ბერების პირიდან მადლიანი წყლებით უნდა აღზრდილიყო და განმტკიცებულიყო სულიერ ცხოვრებაში, დაებრუნებინა ასმაგი ნაყოფი თავის დროზე.

1839 წლის 8 ოქტომბრის კვირა დღე იდგა. ოპტინის უდაბნოში გვიანი საღმრთო ლიტურგია სრულდებოდა. ბელევოს ქვიშიან გზაზე, რომელიც საუკუნოვან ნაძვნარსა და ფიჭვნარს შუა გადიოდა, წყნარად მოიწევდა ჩვენთვის ნაცნობი ურემი ალექსანდრეს თაოსნობით ოპტინისაკენ. ხშირი ტყე ხედვას აბრკოლებდა. ალექსანდრემ გულით სასურველი ადგილი უცებ ვერ მონახა, მაგრამ როდესაც მონასტერს მიუახლოვდნენ, მხოლოდ მაშინ შეძლო მისი დანახვა. ალექსანდრე ეზოში შევიდა და სასტუმროში გაჩერდა.

ილარიონ ბერმა, როდესაც ალექსანდრეს აკურთხებდა ოპტინაში წასასვლელად, ურჩია, წინასწარ მისულიყო და კარგად გასცნობოდა ამ სავანეს. ამიტომ ალექსანდრემ მიზნად დაისახა წასულიყო იქ ორი დღით, „მაგრამ ახლადმოსულმა, – ჰყვებოდა შემდგომში ბერი ამბროსი, – ორ დღეში ვერაფერი გავიგე, სად მოვხვდი და რა ხდებოდა. მივედი ბერ ლევთან. ვხედავ, ლოგინზე წამომჯდარი, ხუმრობს და იცინის გარსშემოხვეულ ხალხთან, რაც მე არ მომეწონა. შემდეგ იღუმენ მოსესთან წავედი. მან მკითხა, მომეწონა თუ არა ბერი. მე ვუპასუხე, რომ მის ირგვლივ ბევრი ხალხია. ის, რომ ბერი არ მომეწონა, დავუმალე. ამის შემდეგ მასთან მოვიდა სკიტის მღვდელ-მონაზონი მამა იოანე, რომელიც ახლახან აიყვანეს სქემაში. მას ანგელოზთა მსგავსი სახე ჰქონდა, ძალიან მომეწონა და უკან გავყევი. სქემოსანი ბერ ლევთან მივიდა და თაყვანი სცა. ვუყურებ. მამა იოანემ ლაპარაკი დაიწყო: „მამაო, მე ახალი კაბა შევიკერე, მაკურთხებთ, რომ ვატარო?“ ბერმა უპასუხა: „განა ასე შეიძლება? ჯერ შეკერვაზე იღებენ კურთხევას, შემდეგ კი ატარებენ. რადგან შეიკერე, ატარე კიდეც, ხომ არ დავჭრით“. „მე მივხვდი, – განაგრძობდა ბერი ამბროსი, – რაშიც იყო საქმე (რომ ბერობაში საკუთარი ნე-ბის უარყოფა ყველაზე მთავარია). ამის შემდეგ ბერი ლევი შემიყვარდა “. ალექსანდრემ ბერ ლევს გააცნო თავისი მდგომარეობა და გამოუცხადა, რომ ჰქონდა სურვილი ოპტინის საძმოში ჩარიცხულიყო. ბერმა ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულით მიიღო ახალმოსული, მოიწონა და აკურთხა მისი კეთილი სურვილი – ემსახურა ღვთისთვის მონაზვნობით და მისი სული განამტკიცა ღვთის შეწევნის იმედით. ბერი ლევის კურთხევით, ალექსანდრემ მეურმე უკან გაუშვა, თვითონ კი სამუდამოდ დარჩა ოპტინაში, მას მიეცა კურთხევა, სანამ საქმეს მოაგვარებდა, მონასტრის სასტუმროში ეცხოვრა, სადაც მან ერთი პატარა ნომერი დაიკავა მეორე სართულზე. ეს კორპუსი კარიბჭიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, მარცხენა მხარეს და რიგით მეორეა, წინათ კი პირველი იყო და ორსართულიანი.

ალექსანდრე არცთუ ისე მდიდრულ ნომერში მოეწყო და დაიწყო ღვთისმსახურებაზე სიარული. ის ყოველდღე მიდიოდა ბერ ლევთან, მისივე კურთხევით, რათა მისთვის საკუთარი აზრები გაეცხადებინა, ამავდროულად აკვირდებოდა სამონასტრო ცხოვრებასაც. სენაკში მოწყენილობას რომ არ დაეთრგუნა, მას შესაბამისი დავალება მიეცა – გადაეწერა ხელნაწერი, თარგმნილი ახალი ბერძნულიდან, ასეთი სახელწოდებისა: „ცოდვილთა ხსნა“ (Aმარტოლწნ სწტჰრია). მასში შესული იყო სწავლებანი ვნებებთან ბრძოლაზე. ალექსანდრესთვის ამ ხელნაწერის გადაწერა შრომასთან ერთად გართობაც იყო, რასაც არ შეიძლება მისთვის სულიერი სარგებლობა არ მოეტანა, რადგანაც ამ ხელნაწერმა აზიარა იგი სულიერი ცხოვრების იმ აღმატებულ მეცნიერებას, რომელსაც წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი „მეცნიერებათა მეცნიერებას და ხელოვნებათა ხელოვნებას უწოდებს“.

ლიპეცკის სასწავლებლის ზედამხედველი ფილიპე ერთი თვის მანძილზე ცდილობდა გაეგო რაიმე დაკარგულ მასწავლებელზე, მაგრამ ამაოდ. სულ მალე, როგორც ჩანს, ალექსანდრეს ადგილსამყოფელზე მან პოკროვსკისგან შეიტყო, რის შემდეგაც იგი ოპტინის მონასტრის წინამძღვარს ფორმალური თხოვნით მიმართავს, უგზავნის წერილობით მიმართვას, რათა შეატყობინოს, მართლაც იმყოფება თუ არა ალექსანდრე გრენკოვი მათ მონასტერში.

მამა მოსემ საქმის კურსში ჩააყენა ალექსანდრე, რომელიც ორივე ბერს – ლევსა და მაკარს – დაეკითხა იმაზე, წასულიყო თუ არა სამშობლოში სამსახურიდან თავის გასათავისუფლებლად და საქმეების მოსაგვარებლად. ბერებმა ურჩიეს, ხელი აეღო გამგზავრებაზე და უთხრეს, რომ ამ საქმეს თავად აიღებდნენ თავიანთ თავზე. ამავე ბერების კურთხევით, ალექსანდრემ წერილი მისწერა ფილიპეს, რომელშიც ადასტურებდა მონასტერში ნამდვილად ყოფნას და შენდობას სთხოვდა ლიპეცკიდან გაპარვისათვის, ამით ხომ ფილიპე ძალიან შეაწუხა; ასევე სთხოვდა, ეცნობებინა სემინარიის ხელმძღვანელობისათვის სხვა ეპარქიაში მისი თვითნებურად წასვლის შესახებ.

ალექსანდრეს ასეთმა გონივრულმა ნაბიჯმა – გაუგზავნა რა ასეთი შინაარსის წერილი ფილიპეს – ზედამხედველი უზომოდ გაახარა; ჯერ ერთი, იმან – რომ მან შეიტყო ალექსანდრეს საიდუმლო გაპარვის შესახებ, ხოლო მეორე – მისთვის უხერხულმა საქმემ ალექსანდრესთვის მადლმოსილი მიმართულება შეიძინა. ამის შემდეგ ფილიპე არაფერს დალოდებია, სასწრაფოდ შეატყობინა ყველაფერი სემინარიის ხელმძღვანელობას ალექსანდრე გრენკოვის თვითნებური წასვლის შესახებ.

წერილთან ერთად ალექსანდრემ სასწავლებლის ზედამხედველს გაუგზავნა თხოვნა ტამბოვის მღვდელმთავართან, ეპისკოპოს არსენთან. მთხოვნელი წერდა, რომ 1839 წლის სექტემბერში მას გაუჩნდა სურვილი ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების თაყვანისცემისა იმ იმედით, რომ მალე დაუბრუნდებოდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას; ამიტომ გაემგზავრა ის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, მხოლოდ სემინარიის ატესტატით ხელში. მან წინასწარ შეიარა ოპტინის უდაბნოში, სადაც ის ავად გახდა, ასე რომ, ვერ შეძლო გზის გაგრძელება; ვერც ლიპეცკში დაბრუნდა, რის გამოც ოპტინის მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ მოსეს სთხოვა, დაეტოვებინა თავის სავანეში გამოჯანმრთელებამდე. იღუმენმა არ იცოდა მისი თანამდებობის შესახებ, ამიტომ უფლება მისცა დარჩენილიყო. რადგან ავადმყოფობის გაძლიერების გამო გრენკოვი ვერ შეძლებდა მასწავლებლობას და ფიქრობს მონასტერში დარჩენას, ამიტომ სთხოვს მეუფეს, შეუნდოს დანაშაული და მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფ-ლებულს გამოუწეროს ბილეთი ექვსი თვით, რათა ავადმყოფობისას გამოსცადოს თავი, შეძლებს თუ არა ბერულ ცხოვრებას.

ამ თხოვნამ, რომელშიც ალექსანდრე აღიარებდა სასწავლებლიდან თვითნებურად წასვლას, მეუფეზე უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა; და აი, ექვსთვიანი ბილეთის გაგზავნის ნაცვლად, ტამბოვის მეუფემ ამ შინაარსის რეზოლუცია დაწერა: „მივმართავ კალუგის ეპარქიის სასულიერო მმართველობას და ვაცხადებ, რომ ტამბოვის საეპარქიო მმართველობა ვერ ხედავს მიზეზს, ლიპეცკის სასულიერო სასწავლებლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ალექსანდრე გრენკოვის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა, რათა კალუგის ეპარქიის ოპტინის მონასტერში მოეწყოს. გთხოვთ, გვაცნობოთ, არის თუ არა თანახმა კალუგის საეპარქიო მმართველობა მიიღოს ის თავის ეპარქიაში. ამიტომ გიგზავნით მისი ნამსახურობის ნუსხას“.

ალექსანდრე მცირე ხნით დარჩა სასტუმროში. ბერი ლევის კურთხევით იგი მონასტერში გადავიდა ბერის კაბის ჩაუცმელად. ეს მოხდა 1840 წელს იანვრის პირველ რიცხვებში.

მეუფე არსენის ზემოთ აღნიშნული განკარგულებისა და ტამბოვისა და კალუგის საეპარქიო მმართველობის ურთიერთგამოკითხვის შემდეგ, 1840 წლის 7 მარტს ამ უკანასკნელისგან მიღებულ იქნა წერილობითი ბრძანება მოთხოვნით, არის თუ არა თანახმა ოპტინის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მოსე, მიიღოს თავის სავანეში მასწავლებელი გრენკოვი. მამა მოსემ დაიბარა ეს უკანასკნელი და ჰკითხა: „გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი იყოთ ჩვენთან და იყოთ მორჩილი?“ ალექსანდრემ უპასუხა, რომ სურს ასე იცხოვროს და თავი ბერული ცხოვრებისთვის გამოცადოს. წინამძღვარმა უთხრა: „არა, ახლა გამოცდის დრო არ არის, გვითხარი პირდაპირ – კი ან არა, დარჩებით თუ დაბრუნდებით უკან“. წინამძღვარმა განუმარტა, თუ რატომ სთხოვდნენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებას და გადასცა კალუგის სასულიერო საეპარქიო მმართველობის ბრძანება. გასაგებია, რომ ალექსანდრემ ამის შემდეგ მორჩილებაზე თანხმობა განაცხადა. იღუმენმა დაუყოვნებლივ გააგზავნა განცხადება კალუგის საეპარქიო მმართველობაში ოპტინის მონასტრის საძმოში მასწავლებელ ალექსანდრე გრენკოვის მორჩილად მიღების თანხმობის შესახებ. ტამბოვის საეპარქიო მმართველობამ ამაზე მეუფე არსენს აცნობა, რომელმაც, ამ მისთვის უხერხული საქმის შემდეგ, სემინარიის ხელმძღვანელობას ასეთი განკარგულება გადასცა: „სემინარიის კურს-დამთავრებულებს ატესტატები ხელში არ მისცეთ!“ მაგრამ უკვე გვიანი იყო, ალექსანდრე უკვე წასული იყო.

ალექსანდრეს შესახებ ამ სახის მიმოწერანი დიდხანს გრძელდებოდა. მისი ოპტინაში მოსვლიდან საქმის დასრულებამდე თითქმის ნახევარი წელი გავიდა. მხოლოდ 1840 წლის 2 აპრილს მოვი-და კალუგის საეპარქიო მმართველობის ბრძანება მისი საძმოში მიღების შესახებ და მოუსწრო მას მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბერის კაბით არ იყო შემოსილი.