მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება

 

თ ა ვ ი 2.
მიზეზები, რომლებმაც ალექსანდრე მიხეილის ძე აიძულეს, წასულიყო მონასტერში „განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ“

 

უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია , მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ღვთის შიშის დასაწყისი ადამიანურ შიშს ემყარება: თუკი არ განვიცადეთ შიში კაცთა, რომლებსაც ვხედავთ, როგორღა ვისწავლით შიშს ღვთისას, რომელიც არ გვინახავს?! თუ ამ ჭეშმარიტებას ალექსანდრეს ცხოვრებას მივუსადაგებთ, აუცილებლად მივალთ ამ დასკვნამდე: რათა ზნეობრივად აღზრდილიყო, მან თავისი სიყრმე სიმკაცრეში, ადამიანური შიშის ქვეშ გაატარა; – ანუ ადამიანური შიშით; ამას-თანავე, მისდა შეუმჩნევლად მის გულში შემოდიოდა და აღიბეჭდებოდა ღვთის შიში, რომელმაც შემდგომში მისი ცხოვრება სწორი მიმართულებით წარმართა.

ახალგაზრდა, მხიარულ ალექსანდრეს არასოდეს მოსვლია აზრად მონასტერში ცხოვრება. უკვე ბერობისას იგი გაიხსენებს: „არასოდეს მიფიქრია მონასტერში წასვლაზე, ამას მხოლოდ სხვები მიწინასწარმეტყველებდნენ, ოღონდ არ ვიცი, რატომ“. მაინც რატომ ფიქრობდნენ ასე სხვები? ალბათ, იმიტომ, რომ ღვთის შიში, ალექ-სანდრეს გულში ღრმად დანერგილი, მის ქცევებს იმ თვისებებს და მიმართულებებს აძლევდა, რაც არ ჰქონდათ მის თანატოლებს, რომლებიც უფრო ამქვეყნიური სიამისკენ იყვნენ მიდრეკილნი. ალექსანდრე საერო მეცნიერებებსაც ისე გულმოდგინედ არ სწავლობდა, როგორც წმინდა წერილს. ღვთის სიტყვა ხომ თვითონ არის ცოცხალი, მოქმედი , რაც მის გულში ნერგავდა და კიდევ უფრო განამტკიცებდა ღვთის შიშს.

იგონებდა რა თავის წარსულს, აწ განსვენებული ბერი ამბობდა: „ერთხელ ძალიან ავად გავხდი, გამოკეთებას პირი არ უჩანდა. ჩემი გამოჯანმრთელების იმედი ყველამ დაკარგა არც მე მქონდა დიდი იმედი. გააგზავნეს მოძღვართან; იგი აგვიანებდა. მე ვთქვი: მშვიდობით ღვთის სინათლევ! და იქვე მივეცი უფალს აღთქმა, რომ თუკი ამ უძლურებიდან გამომიყვანდა, უსათუოდ წავიდოდი მონასტერში“. საინტერესოა, რამ აიძულა ახალგაზრდა კაცი დაედო ასეთი აღთქმა? მას ხომ აქამდე მონასტერზე არც უფიქრია? უზრუნველი და მხიარული ბავშვობის მქონე ღვთის საშინელმა სამსჯავრომ შეაშინა, რომლის შემდეგაც ცოდვილები ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველში განწესდებიან. შესაბამისად, მას ეს აღთქმა – წასულიყო მონასტერში – ღვთის შიშმა დაადებინა. რა იყო მთავარი მიზეზი შემდგომში აღთქმის შესრულებისა, მონასტერში მისვლისა და მომავალი მოღვაწეობისა? ღვთის შიში, რომელსაც საფუძველი ადამიანურ შიშში ჰქონდა, ე.ი. გარკვეულ დრომდე სიმკაცრეში ცხოვრება.

აწ განსვენებული ბერის თქმით, მონასტერში მისვლამდე ოთხი წლით ადრე, იგი ძლიერ დაავადდა, რამაც გააზრებულად წარმართა მისი ცხოვრება კეთილი მიზნისკენ. მაშასადამე, ეს მოხდა სემინარიაში, ბოლო კურსზე სწავლისას, რადგან მისი დასრულებიდან მონასტერში დამკვიდრებამდე (1836 წლიდან 1839 წლამდე) მხოლოდ სამი წელი გავიდა. როგორც საქმე გვიჩვენებს, ალექსანდრეს თავისი აღთქმის შესრულება განკურნებისთანავე არ შეეძლო, ამისთვის მას კიდევ ერთი წელი სჭირდებოდა – ჯერ ბოლო კურსი უნდა დაემთავრებინა; სხვაგვარად – აღთქმის შესასრულებლად დაეტოვებინა საღვთისმეტყველო სასწავლებელი – ვერც იფიქრებდა, რადგან ამის უფლებას არ მისცემდნენ არც მშობლები და არც სემინარიის ხელმძღვანელობა.

მთელი წელი სემინარიაში ყოფნამ და მხიარულმა გარემომ მაინც ვერ შეანელა მასში ბერობისაკენ ლტოლვა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სწავლის დამთავრების შემდეგ ერთბაშად მაინც ვერ გადაწყვიტა მონასტერში წასვლა. დადგა დრო შებრძოლებოდა საკუთარ თავს – ეს იქნებოდა მეტად მძიმე ბრძოლა! ის გრძნობდა, თუ როგორი აღთქმით დაუკავშირდა ღმერთს – მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება მისი მსახურებისთვის, როგორც ბერმონაზონს. ამასთანავე საერო ცხოვრებაც აცდუნებდა, მრავალგვარი გრძნობისმიერი სიამეების აღსრულება მის სულს მაგნიტივით იზიდავდა. ცნობილია, რომ ადამიანის ბრძოლა საკუთარ თავთან გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე: სხვადასხვაგვარი აკრძალვებისა და განსაცდელების გაძლება, ქრისტესთან თანაჯვარცმა და, მანამ, საკუთარი ჯვარცმა – ეს ბრძოლაა, როგორც იტყვიან, გენერალური ბრძოლა, საიდანაც ადამიანი გამოდის ან გამარჯვებული, ან დამარცხებული. იოანე კიბისაღმწერლის მოძღვრების თანახმად, ამბროსი ბერი ყველას, ვისაც კი გაუჩნდებოდა ნამდვილი სურვილი ღმერთის მსახურებისა, ანუ ბერმონაზვნობისა, ურჩევდა, არ დაყოვნებულიყვნენ და მყისიერად შეესრულებინათ ეს კეთილი საქმე.

სემინარიიდან ახლად გამოსული ალექსანდრეს წინაშე სხვადასხვა გზა იხსნებოდა: მისთვის ღია იყო კარი უმაღლესი სასულიერო სასწავლებლისა – აკადემიისა; მას შეეძლო გამხდარიყო სასულიერო პირი მოძღვრის თანამდებობით, მაგრამ ღმერთთან აღთქმით დაკავშირებულს, არ შეეძლო თავი სხვა რამით დაეკავებინა; აირჩია ისეთი ადგილი, რომელიც მას ვერანაირად ვერ შეავიწროებდა, თუკი მთლიანად განეშორებოდა საერო ცხოვრებას. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი ერთი მემამულის ოჯახში ბავშვების მასწავლებლად მოეწყო. ამ მოვლენის გახსენებისას ბერი სხვათა შორის ამბობდა, თუ როგორი სიფრთხილით ურთიერთობდა იგი მათთან. „იყო შემთხვევა, – ამბობდა ბერი, – როცა ცოლ-ქმარი წაიჩხუბებდა, ისინი ერთმანეთზე საჩივრებით მომმართავდნენ. მე ჩემთვის ვფიქრობდი, რა უნდა მექნა. ისინი წაიკამათებდნენ, მაგრამ ერთი ან ორი საათის შემდეგ ისევ შერიგდებოდნენ. მე კი თუნდაც ერთხელ ერთ-ერთის მხარე რომ დამეჭირა, მაშინ მეორე განეწყობოდა ჩემ წინააღმდეგ; ასე რომ, იყო შემთხვევა, როცა მხოლოდ ვისმენდი მათ საჩივრებს, კარგად ვაკვირდებოდი მათ და ჩუმად ვიღიმებოდი. ისინი საბოლოოდ ერთმანეთს ურიგდებოდნენ, მე კი ორივესთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა“. ამ დროისათვის ალექსანდრე მისთვის უცნობ საზოგადოებრივ წესსაც ეცნობოდა: მემამულის ოჯახს სხვადასხვა წოდების ადამიანები სტუმრობდნენ, რომელთა გაცნობასა და ურთიერთობას ალექსანდრესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ ბერი დასძენდა ხოლმე, რომ ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო და ვისთანაც არ უნდა ეცხოვრა, მოდავენი მხოლოდ მისგან ითხოვდნენ რჩევას და მხოლოდ მასში ხედავდნენ შემრიგებელს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად ალექსანდრეს მხიარული ხასიათისა, სულიერი ცხოვრების ნიჭი მასში უკვე საჩინო ხდებოდა.

აღნიშნული მემამულის სახლში ალექსანდრე წელიწადნახევარი მუშაობდა მასწავლებლად. მაგრამ აი, ქალაქ ლიპეცკის სასულიერო სასწავლებელში აღმოჩნდა მასწავლებლის თავისუფალი ადგილი, რომელიც, სემინარიის უფროსობის გადაწყვეტილებით, 1838 წლის 7 მარტიდან სწორედ ალექსანდრეს დაუმტკიცეს. იგი მალე მივიდა დანიშნულების ადგილას და დაიწყო მუშაობა პირველი კლასის მასწავლებლად. ცოტა ხანში, დაითხოვეს რა რამდენიმე მასწავლებელი, ალექსანდრემ გადაინაცვლა ჯერ მეორე, ხოლო შემდეგ მაღალ კლასში , სადაც ასწავლიდა ბერძნულ ენას და მასთან დაკავშირებულ საგნებს. ალექსანდრეს ლიპეცკში ჩამოსვლის დროისათვის მასწავლებლებს ჰქონდათ სახაზინო ბინები – სასწავლებლის ეზოში იდგა ხის ორი კორპუსი; ერთი ყვითლად იყო შეღებილი, მეორე კი – ცისფრად. გადმოცემის თანახმად ალექსანდრე პირველ კორპუსში ცხოვრობდა. საყურადღებოა ისიც, რომ სას-წავლებელში მუშაობდა ორი სტუდენტი, ალექსანდრეს ამხანაგები სემინარიიდან – ვასილ თეოდორეს ძე სვეტოზაროვი და პავლე სტეფანეს ძე პოკროვსკი. ამ უკანასკნელზე მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ალექსანდრეზე ერთი კურსით წინ იყო სემინარიაში.

იყო რა ბუნებით ცოცხალი და მხიარული ხასიათისა, ალექსანდრე მეტისმეტად ერთობოდა საერო გასართობებით: უყვარდა სიმღერა, მუსიკა და გარკვეული პერიოდი, როგორც შემდგომში გამოტყდებოდა ხოლმე, ფიქრობდა სამხედრო სამსახურში მოწყო-ბაზეც. ამჟამინდელი ცხოვრება ალექსანდრესი – ყოფნა მეგობრების გარემოში – წარმოგვიდგება სულ სხვა სამყაროდ, ვიდრე ეს სკოლაში იყო, როდესაც მისი ბავშვური ცხოვრება უზრუნველად მიედინებოდა.

სულიერად გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ ცოდვით დაცემა ხსნის მაძიებელი ადამიანისთვის ზოგჯერ ღვთივსასურველი მოშურნეობის აღმძვრელია. მსგავსი რამ მოხდა ალექსანდრეს ცხოვრებაშიც. მართალია, იგი გულმოდგინედ ადგა ღვთისმოსაობის გზას, მაგრამ დაბრკოლებებს მაინც ჰქონდა ადგილი: დაცემას დაცემა მოსდევდა, სინანულს – სინანული, ხოლო გამოსწორების პირობას – ასევე აღთქმა გამოსწორებისა. თვითონ ბერი ასე გვიხატავს თავის მაშინდელ მდგომარეობას: „გამოჯანმრთელების შემდეგ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ვნანობდი, თავს ვერ ვანებებდი საერო ცხოვრებას; ისევ განვაგრძობდი ნაცნობ-მეგობრების მონახულებასა და საუბრებში გართობას. ჩემთვის ხშირად მიფიქრია – მორჩა! დღეიდან დავდუმდები, აზრით არ გავიფანტები! მაგრამ უცებ შეხედავ – მიმიწვევს ვინმე სტუმრად, მეც, რასაკვირველია, თავს ვერ შევიკავებ და გავერთობი საუბრით. სახლში დაბრუნებულს კი სულ მიმძიმს; ვფიქრობ: მორჩა! აწი სამუდამოდ შევწყვეტ ყბედობას! შეხედავ – ისევ გამომიძახეს სტუმრად; მე ისევ ვყბედობ. აი, ასე ვწვალობდი მთელი ოთხი წლის განმავლობაში“.

სინდისის – ამ ულმობელი მსაჯულის დასამშვიდებლად და შინაგანი ტანჯვის შესამსუბუქებლად, ალექსანდრემ გულისმიერ ლოცვას მიმართა: როდესაც მისი ამხანაგები ლოგინში ისვენებდნენ, ალექსანდრე ზეციური დედოფლის ხატის წინ დგებოდა, რომელიც „ტამბოვის ღვთისმშობლის“ სახელითაა ცნობილი და ხანგრძლივად ადიდებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელს, ისე, რომ მას არავინ ხედავდა და არც არავის ესმოდა მისი ლოცვითი ქვითინი; მაგრამ არ თვლემდა კაცთა მოდგმის უპირველესი მტერი. ალექსანდრეს ლოცვითი გმირობა არ შეიძლებოდა უყურადღებოდ დარჩენილიყო თავისი მეგობრებისთვის: როგორც ეს ყოველთვის ხდება, ბოროტის ზეგავლენით, ახალგაზრდებმა, დროულად თუ უდროოდ, გულიანად დასცინეს. განსაკუთრებით აქტიურობდა ერთი მათგანი, რომელიც თითქოს გულითადი მეგობარი იყო ალექსანდრესი. იგი უცნობი ადამიანის თანდასწრებით სერიოზული, ზოგჯერ კი ცრემლნარევი გამომეტყველებით ჩაისუნთქავდა რა ღრმად, დაიწყებდა: „ოჰ, რა დიდი უბედურება შეგვემთხვა!“ კითხვაზე: – „რა მოხდა?“ – იგი პასუხობდა: „ოჰ, ალექსანდრე ძალიან ჭკვიანია, მაგრამ გაგიჟდა! დიახ, დიახ, გაგიჟდა! გაგიჟდა! ისე მეცოდება, ისე მეცოდება, საწყალი…“. თვითონ ღრმად ამოისუნთქავდა და მოჩვენებითად ტიროდა ისე, რომ რიგით მსმენელს მისი ეს ცინიზმი შეიძლებოდა სინამდვილე ჰგონებოდა. ამ ყველაფრის ატანა ალექსანდრესთვის ძალიან ძნელი გახლდათ, მაგრამ იძულებული იყო მოეთმინა. დაცინვას რომ გაქცეოდა, სალოცავად სხვენში ადიოდა, მაგრამ ამხანაგებმა ესეც გაიგეს. საჭირო იყო მოენახა სალოცავად მოხერხებული ადგილი და დრო, მაგრამ დამალვა უკვე შეუძლებელი ხდებოდა.

ლიპეცკის ახლოს, მდინარე ვორონეჟის გაღმა, ახლაც ნახავთ ოპტინის სახაზინო ტყეს. აქ, თავისუფალ დროს, ალექსანდრეს მარტო უყვარდა სეირნობა და, როგორც ჩანს, უნდოდა გონებით განესაზღვრა ღვთის დიდებულება. ერთხელაც, ამგვარი სეირნობისას, მიადგა ნა-კადულს და ყური მიუგდო მის რაკრაკს: აქეთ უფალი! შეინარჩუნეთ ღმერთი! – მას ეს სიტყვები მკაფიოდ ესმოდა და თითქოს მათ ნაკადული წარმოთქვამდა. ამას ამბროსი ბერი ასე იხსენებდა: „დიდხანს ვიჯექი, ვუსმენდი ბუნების ამ იდუმალ ხმას და ძალიან მიკვირდა“.

ასე ატარებდა ალექსანდრე დროს ლიპეცკში სხვა მასწავლებლებთან ერთად ცხოვრებისას. მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ ჰქონია. მასთან მცხოვრები პავლე პოკროვსკის ცნობით, გაატარა რა მან თავისი ბავშვობა სიმკაცრეში, ასევე მკაცრად ექცეოდა ბავშვებს, არ უყვარდა ზარმაცებისა და ცუღლუტების წაქეზება.

ის გარემოებანი, რომლებშიც იმჟამად ალექსანდრე იმყოფებოდა, გვიჩვენებს, რომ მისგან საერო ცხოვრების დატოვება დიდი ხნით არ უნდა გადადებულიყო. ის რომ ამ სოფლისკენ ყოფილიყო, სოფელი მას შეიყვარებდა, თანახმად მაცხოვრის სიტყვებისა, მაგრამ, რადგანაც განუდგა სოფელს თავისი შეგნებით და თავისი მოძღვრებით, სოფელმა მოიძულა იგი და გესლიანი დაცინვით გამოაძევა.

იდგა 1839 წლის ზაფხული. ივლისის შუა რიცხვებია. სასულიერო სასწავლებელში გამოცდები დამთავრდა; სკოლის ბიჭი მოსწავლეები მშობლებთან წავიდნენ დასასვენებლად, რომელიც მაშინ თვენახევარი გრძელდებოდა. ორი ახალგაზრდა მასწავლებელი – ალექსანდრე და პავლე, როგორც სამსახურიდან თავისუფალნი, შეთანხმდნენ წასულიყვნენ სლანსკოე ლებედინსკის მაზრის ერთ სოფელში ამ უკანასკნელის მშობლებთან. აქედან ისინი ტროეკუროვსკში დაყუდებულ მამა ილარიონთან უნდა მისულიყვნენ, რათა მისგან რჩევები და ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვათ. ტროეკუროვო სლანსკიდან მხოლოდ 30 ვერსით იყო დაშორებული.

ჩამოვიდნენ. კეთილშობილმა და მოსიყვარულე მამამ, მღვდელმა სტეფანემ, ალექსანდრე ისეთივე მშობლიური სიყვარულით მიიღო, როგორც თავისი ღვიძლი შვილი პავლე. მცირე დასვენების შემდეგ ახალგაზრდებმა ფეხით გადაწყვიტეს გასეირნება ტროეკუროვოში, რადგან ზაფხულის სამუშაო საათი იდგა და ძალიან ძნელი იყო ცხენის მოძებნა, მით უმეტეს მეურმითურთ. მათ გზად უნდა გაევლოთ სოფელი სეზენოვი (7 ვერსი იყო სოფელ სლანსკიდან), სადაც ამ დროისთვის დაყუდებული იყო ღვთის რჩეული იოანე იოანეს ძე სეზენოვსკი. ამ სოფელში შემოსვლისთანავე, ჩვენი მოგზაურები გაიქცნენ სწორედ ამ დაყუდებულის სანახავად და მიაკითხეს კიდეც მის განცალკევებით მდგომ სენაკს.

სენაკი – ეს იყო პატარა, ორსართულიანი ქვის სახლი, ხეებით გარშემორტყმული, რომლებიც ღვთისმოყვარემ თავისი ხელით დარგო ტაძრის სიახლოვეს, ზოგიერთი მისი ერთგულის დახმარებით. პაპანაქება სიცხეში 7 ვერსის გავლის შემდეგ, ახალგაზრდებმა დაღლილობა იგრძნეს. პავლე მოსასვენებელ ადგილს ეძებდა. საბედნიეროდ, დაყუდებულის სენაკთან გრძელი სკამი მიედგათ, რომლის ერთ ბოლოშიც ვიღაც მოხუცი ქალი ჩამომჯდარიყო და ჯოხით მიწას დაყრდნობოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო დაყუდებულის მორჩილი დარია დიმიტრის ასული კუტუკოვა, შემდგომში ბრძენი მონაზონი, ტაძრების ამშენებელი და სეზენოვის დედათა მონასტრის დამფუძნებელი. პავლეს ბევრი არ უფიქრია, ისე ჩამოჯდა სკამის მეორე ბოლოში. აქამდე მშვიდად მჯდარი მხევალი, რომელიც ზოგჯერ სალოსობდა, უცებ წამოხტა, მასთან მიირბინა და ხმამაღლა დაუყვირა: „როგორ გაბედე ქალის გვერდით დაჯდომა?“ და ჯოხს ისე უქნევდა თვალწინ, რომ თითქმის პირისახეს ეხებოდა. ამ ქალზე განაწყენებულმა პავლემ თანამგზავრს უთხრა: „წავიდეთ აქედან ალექსანდრე, როგორი წმინდანები ცხოვრობენ თურმე აქ“. ალექსანდრე მშვიდად იდგა მათ წინ, იგი ამხანაგს მოცდას სთხოვდა, ხოლო მორჩილს ევედრებოდა ეცნობებინა განდეგილისთვის მათი მოსვლის შესახებ. მეგობრებმა მაინც ვერ მოახერხეს წმინდა მამის ნახვა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაყუდებულმა ბერმა სულით განჭვრიტა მათი მთავარი მიზანი – წასულიყვნენ ტროეკუროვოს განდეგილთან, მამა ილარიონთან, რომელთანაც ადრე თვითონაც დადიოდა სულიერი რჩევების მისაღებად და ამიტომ არ მიიღო ისინი.

ქალაქ ლებედიანის გავლით ალექსანდრემ და პავლემ მიაღწიეს ტროეკუროვომდე. მამა ილარიონმა ორივე მამობრივი სიყვარულით მიიღო. მისთვის ჩვეული სამი დიდი მეტანიის შემდეგ, რომლებსაც აკეთებდა ხატების წინ მასთან მოსულებთან ერთად, გაუღიმა მათ და გამოჰკითხა მოსვლის მიზეზები. როცა მგზავრებმა ყველაფერი აუხსნეს, ბერმა ორივეს მათი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად უპასუხა: ალექსანდრეს ოპტინაში წასვლა ურჩია, შენ იქ ხარო საჭირო , ხოლო პავლემ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო განწყობლი სამონასტროდ, თვითონვე უთხრა ბერს: „მე თვითონ არ მინდა, მამაო, მონასტერში წასვლა“, რასაც მამა ილარიონმა მამობრივი გულმოწყალებით უპასუხა: „არა უშავს, პავლე, იყავი ჯერ ერში“, რითაც აგრძნობინა, რომ ღვთის განგება მასაც ბერული ცხოვრებისთვის ამზადებდა, ოღონდ ალექსანდრესაგან განსხვავებით, ოდნავ მოგვიანებით.

აქ ალექსანდრე სრულიად შემთხვევით შეხვდა თავის სემინარიელ ამხანაგს, სოფელ გუბინოს მღვდელს, მამა ნიკანდრო ანდრეევს, რომელსაც ასევე განსაკუთრებული სიყვარული ჰქონია ბერი ილარიონისადმი, რისთვისაც ხშირად აკითხავდა მას. მამა ნიკანდრო ჰყვებოდა, ერთხელ ბერის სენაკიდან გამოსულმა როგორ დაინახა მორებზე მსხდარი ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთში მან ალექსანდრე ამოიცნო. მისალმებისა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ალექსანდრემ აუხსნა მას მამა ილარიონთან მოსვლის მიზეზი და ასევე გაუმხილა ბერის რჩევა ოპტინაში წასვლის შესახებ. ძველი ამხანაგებისთვის ეს მოულოდნელი და სასიამოვნო ცნობა ამითვე დამთავრდა.

ამრიგად ჩვენი მგზავრები სლანსკში დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც აისრულეს გულისნადები – შეხვედროდნენ ბერ ილარიონს. სექტემბრამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო, ამიტომ მათ ჭკუაში დაუჯდათ ტროიცკო-სერგიევის ლავრაში წასვლა, ღირსი სასწაულთმოქმედი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად. დაიწყეს მომზადება. ალექსანდრე უფრო მეტად სამგზავრო ურემზე ზრუნავდა და ნორჩ ხეებს თავისი ხელებით ღუნავდა რკალისებურად, შემდეგ ამაგრებდა უბრალო სოფლური საზიდრის უკანა ნაწილზე და ჭილითა და ქვეშაგებით ფარავდა, რათა საიმედოდ ყოფილიყვნენ დაცულნი წვიმისაგან და მზის მცხუნვარებისაგან. პავლე, მისი საქმიანობის შემყურე, ეკითხებოდა: „რას აკეთებ ალექსანდრე?“ ის კი პასუხობდა: „ეი, ხელს ნუ მიშლი, ძმაო, გეთაყვა, არ არის შენი საქმე“. ასე და ამგვარად, სულ ცოტა ხანში ალექსანდრეს ხელით გაკეთდა ძველი რუსული ე.წ. „კიბიტკა“. ანუ დახურული, ჩარდახიანი ეტლი, საგარეო ხულა. სტეფანე, პავლეს მამა, ამ პერიოდში ხორბლის მოყვანით იყო დაკავებული, ამის მიუხედავად მას ხელი არ შეუშლია ახალგაზრდებისათვის, პირიქით, ხელი შეუწყო სულისათვის სასარგებლო მოგზაურობის განხორციელებაში და სიყვარულით დაუთმო მათ საკუთარი ცხენი. მეურმეობა იკისრა გლეხმა იოანე იოანეს ძე სოროკინმა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა ლიპეცკის სასულიერო სასწავლებელში მომსახურედ, ამჟამად კი გათავისუფლებული იყო. დადგა წასვლის დრო. ახალგაზრდებმა ილოცეს, ჩასხდნენ ეტლში და გაუდგნენ გზას, თან კეთილშობილი სტეფანეს ლოცვა-კურთხევა მიჰყვებოდა.

სერგიევის სამების ლავრამდე ჩვენს მგზავრებს სამასამდე ვერსი უნდა გაევლოთ და რადგან ერთი ცხენი ჰყავდათ, მოგზაურობა ერთ კვირამდე გაგრძელდა. და აი, დიდება უფალს, მალე მიაღწიეს დანიშნულ ადგილს! აქ, ქრისტეს მაამებელი ღირსი სერგის ლავრაში, მისი გმირობებისა და საქმეების გახსენებისას, მის უხრწნელ კეთილსურნელოვან ნაწილთა ხილვისას, ალექსანდრეს გული სულიწმიდის მადლით გაუთბა და განეწყო იმისკენ, რათა მაგალითად აეღო წმინდანის ბერული ცხოვრება. ალექსანდრე მეტისმეტად ხელგაშლილი გახდა, თუ რამ ფული ჰქონდა, გლახაკებს დაურიგა; ისინიც სარგებლობდნენ ალექსანდრეს ამ უსაზღვრო გულკეთილობით, მისკენ იწეოდნენ და ქრისტეს სახელით სთხოვდნენ მოწყალებას. ალექსანდრემ პოკროვსკის სთხოვა ფული, როცა თვითონ გამოელია და მისაცემი არაფერი დარჩა. სთხოვა სესხად იმ პირობით, რომ პირველსავე შესაძლებლობისას უკან დაუბრუნებდა. რაში გამოიხატება ეს პირველი შესაძლებლობა? მასწავლებლის ხელფასი მწირი იყო, ჯამაგირი მხოლოდ ხელმომჭირნეთ ჰყოფნიდათ, ამიტომ პავლე ურჩევდა არ ყოფილიყო ძალიან ხელგაშლილი და თხოვნაზეც კატეგორიული უარით უპასუხა, მოიმიზეზა, თითქოს თვითონაც არ ჰქონდა ფული. სწორედ პავლეს წინდახედულობის წყალობით ლავრის მომლოცველები მშვიდობიანად დაბრუნდნენ ჯერ სლანსკში, შემდეგ კი ლიპეცკში, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

თუ მხედველობაში მივიღებთ ალექსანდრეს ახლანდელ მდგომარეობას, მის სულიერ კეთილშემართებას, დავრწმუნდებით, რომ დადგა კეთილსასურველი დრო მისი საერო ცხოვრებიდან თავის დაღწევისა. მაგრამ არა! ალექსანდრეს რაღაც აწუხებდა, ერისკაცობას ვერ ელეოდა. რა იყო ამის მიზეზი? ერთი მხრივ პავლე პოკროვსკი, რომელიც განუწყვეტლივ უჩიჩინებდა ერში დარჩენაზე, რადგან თვითონაც ერში რჩებოდა განუსაზღვრელი დროით, მეორე მხრივ კი ეშმაკის ზეგავლენაც იყო მის აზროვნებაზე. იგი ფიქრობდა: „ჯერ ახალგაზრდა ვარ. მონასტერში ყოველთვის შეიძლება წასვლა. ერშიც ცხოვრობენ ადამიანები ღვთის მოსაწონად. დღეიდან ბევრს არ ვიყბედებ“. არ ვიცით, სანამ გაგრძელდებოდა ალექსანდრეს ორჭოფობა, რომ არა ჩვეულებრივი განსაცდელი, რომელიც ღმერთმა თავისი საკვირველი განგებულებით დაუშვა მისი სულის სასარგებლოდ, რათა საბოლოოდ გაეთავისუფლებინა საერო ცხოვრებისაგან. ეს ასე მოხდა: სექტემბრის მიწურულს, ერთ-ერთმა ლიპეცკელმა ნაცნობმა ალექსანდრე საღამოზე დაპატიჟა სხვა მასწავლებლებთან ერთად. ისინიც ეწვივნენ. ღარიბულ სუფრასთან დაიწყო ჩვეულებრივი საუბარი. გაერთო ალექსანდრეც. ის ისეთი მხიარული გახდა, რომ ყველას – სტუმრებსაც და მასპინძლებსაც გულიანად აცინებდა. ასეთი ადრე არასოდეს ყოფილა. ეს იყო განსაცდელი ღვთისაგან დაშვებული, რათა მას ცხადად დაენახა და გაეგო, რომ არ შეიძლება ერთდროულად ორი ბატონის – ღმერთისა და მამონას მსახურება. ვისაც გადარჩენა უნდა, აუცილებელია მთელი გულით შეიყვაროს უფალი და სოფელი მოიძულოს. უბრალოდ კი არ გადაიხაროს სოფლიდან, არამედ მოიძულოს.

საღამო დასრულდა. ყველა მხიარული და კმაყოფილი დარჩა. სტუმრები დაემშვიდობნენ მასპინძელს და დაისვენეს. უცნობია, თუ როგორ გაატარა ეს ღამე ალექსანდრემ. დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ ის მისთვის ძალიან შფოთიანი იყო. თუკი ადრე ასეთი შემთხვევის დროს იგი სინდისის ქენჯნას გრძნობდა, ახლა რა მოხდა? მის ცნობიერებაში ყველაფერი ცოცხლად წარმოისახა: აღთქმა იმისა, რომ ბერად შედგებოდა; ღვთის განჩინება, რომელიც მას მამა ილარიონისაგან ეუწყა; საკუთარი ხანგრძლივი ლოცვები, გულისმიერი ამოსუნთქვანი და ცრემლები; ცოტა ხნის წინანდელი ღვთისმსახურება ლავრაში და მისი სულის მთრთოლვარება სერგი რადონეჟელის მიერ აღსრულებულ ზებუნებრივ გმირობათა ადგილზე – ამ ყველაფრის შემდეგ კი მოულოდნელი და არასასურველი განზრახვა, ღვთის ღალატი! მწარეა! წმინდა თეოფანე დაყუდებულის, ამ მჭვრეტელი მამის თქმით, კეთილი სურვილები, რომელთაც კეთილი ცხოვრებით თავიდან იღებს ადამიანი, უიმედოა, მერყევია და ცვალებადი.

ალექსანდრე მეორე დღეს პოკროვსკის შეხვდა და საიდუმლოდ უთხრა: „ოპტინაში უნდა წავიდე“. პოკროვსკის უნდოდა გადაეთქმევინებინა: „როგორ წახვალ? სწავლა ახლახანს დაიწყო, არ გაგიშვებენ“. „აბა, რა ვქნა?“ – განაგრძობდა ალექსანდრე, – არ შემიძლია ერში ყოფნა, ჩუმად გავიპარები, შენ კი არავის უთხრა“. და აი, სულ მალე ლიპეცკის სასწავლებელში მოხდა ძალიან უცნაური ამბავი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია: დაიკარგა მასწავლებელი გრენკოვი! სასწავლებლის ზედამხედველი იმ დროს იყო მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) კირილე ეფრემის ძე კასტალსკი, ძალიან კეთილი კაცი, აკადემიური განათლების მქონე. ამ მოულოდნელი შემთხვევის გამო ის მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ამის თაობაზე სემინარიის უფროსობისათვის მას უნდა ეცნობებინა. არადა, ალექსანდრეც ეცოდებოდა და საკუთარ თავზეც ფიქრობდა, უფროსებისგან საყვედური არ მიეღო ქვეშევრდომთა სუსტად მართვისათვის. გადაწყდა, არაფერი ეთქვა, სანამ ყველაფერი არ გაირკვეოდა. ამ დროს საერო ღრიანცელსა და აურზაურს თავ-დაღწეული ალექსანდრე მაცხოვრისადმი რწმენით, რომელიც ყველა მწუხარესა და ტვირთმძიმეს ზეციური მარადიული სიმშვიდისაკენ მოუწოდებს, უპასპორტოდ, სემინარიის ატესტატითურთ, მშვიდად, სოფლის უბრალო ურმითა და მეურმის, სოროკინის თანხლებით, მიიჩქაროდა მყუდრო ნავთსაყუდელისაკენ, კალუგის ღვთივდაცულ ეპარქიაში კოზელსკის ოპტინის ტაძრად მიყვანების უდაბნოში. ასე აღსრულდა მასზე დავით მეფსალმუნის სიტყვა: „რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი უფალმან“..