მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება

 

თ ა ვ ი 1.
ალექსანდრე მიხეილის ძე გრენკოვის (შემდგომში სქემმონაზონი ამბროსის) დაბადება და აღზრდა

 

სქემოსანი ბერი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი დაიბადა 1812 წლის 23 ნოემბერს, ტამბოვის გუბერნიის იმავე მაზრის სოფელ დიდ ლიპოვიცში. მისი მშობლები იყვნენ: მნათე მიხეილ თეოდორეს ძე და მართა ნიკოლოზის ასული გრენკოვები. ახალშობილს ნათლობისას ალექსანდრე დაარქვეს, კეთილმორწმუნე მთავრის, ალექსანდრე ნეველის პატივსაცემად, რომლის ხსენებაც ყრმის დაბადების დღეს დაემთხვა. ხელმწიფე იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძეც, როგორც სეხნია წმინდა მთავრისა, მისი სულიერი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ალექსანდრეს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის საზღვრებიდან განდევნილ იქნა ნაპოლეონი თავისი საშინელი, გამანადგურებელი ურდოებითურთ.

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მტრებისაგან გათავისუფლებული რუსეთი განსაკუთრებული ზარზეიმით დღესასწაულობდა იმ წმინდანის დღეს, რომელიც მათი მეფის თანამოსახელე იყო. როგორც თავად ბერი გვიყვებოდა, ჩანს, მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ ყრმის დაბადების დღეს ლიპოვიცელ გლეხებში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობილება შეინიშნებოდა.

ძველად სასულიერო პირებს ჰქონდათ ასეთი ჩვეულება: ბევრ სამრევლოში, ეკლესიის ყოველი წევრი, თითქმის მთელი მრევლი ერთმანეთის უახლოესი ნათესავი იყო. ასე იყო თავის დროზე დიდ ლიპოვიცშიც. ალექსანდრე მიხეილის ძის პაპა, მამა თეოდორე გრენკოვი, იყო მღვდელი და ეკავა კეთილმოწესის თანამდებობა. მისი შვილი მიხეილი მედავითნე გახლდათ და მთელი თავისი სახლეულით მამასთან ცხოვრობდა. ზემოთ აღნიშნული დღესასწაულის გამო, უშუალოდ ალექსანდრეს დაბადების წინ, მამა თეოდორეს მრავალი სტუმარი ეწვია. მშობიარე ქალის სახლში გაჩერება უხერხული შეიქნა, რის გამოც იგი აბანოში გადაიყვანეს, სადაც მოილოგინა კიდეც. შვილის დაბადების დღე – 23 ნოემბერი დედას კარგად დაამახსოვრდა, რადგან ამ დღეს მის სახლში ხალხმრავლობა იყო. შემდგომში, უკვე ოპტინის სქემოსანი მღვდელ-მონაზონი, ხუმრობით ამბობდა, იხსენებდა რა თავისი დაბადების ამ უჩვეულო გარემოებას: „როგორც ხალხში დავიბადე, ისე ხალხთან ერთად ვცოცხლობო“.

მედავითნე მიხეილ თეოდორეს ძეს რვა შვილი ჰყავდა, ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი. ალექსანდრე მათ შორის მეექვსე იყო.

ბავშვობაში ალექსანდრე ძალიან მკვირცხლი, მხიარული და გონებამახვილი ბიჭი იყო. საბავშვო გასართობებს მთელი არსებით ეტანებოდა, რითაც მუდმივად ივსებოდა მისი ცოცხალი ბავშვური წარმოდგენა. სწორედ ამიტომ შინ იშვიათად ჩერდებოდა; ზოგჯერ დედა დაავალებდა უმცროსი შვილის აკვანი დაერწია, რაც ალექსანდრესთვის მეტად მოსაწყენი რამ იყო. ამის მიუხედავად, იგი ჩვეულებრივ შეუდგებოდა ამ საქმეს და არწევდა მხოლოდ მანამ, სანამ დედა, სხვადასხვა საოჯახო საქმეებით დაკავებული, თვალს არ მიეფარებოდა. მაშინ ალექსანდრე ფანჯარასთან მივიდოდა, ფრთხილად გამოაღებდა მას და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდებოდა, რათა თანატოლებთან ეანცა. განსვენებული ბერი ხშირად ჰყვებოდა თავის ბავშვურ ცელქობაზე; ერთხელ ის ჭერქვეშ შემძვრალა ვითომდა მტრედების დასაჭერად, მაგრამ იქიდან გადმოვარდნილა და ზურგიც შესამჩნევად გადაუტყავებია. ამაზე ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს, რათა თავისი გიჟმაჟობისთვის უფრო მეტად არ დაესაჯათ. ერთხელ, დედის შენიშვნის მიუხედავად, არ მოშვებია ეზოში დაბმული თვინიერი ცხენის გაშოლტვას, რომელსაც, მოთმინებიდან გამოსულს, ალექსანდრე თავში დაუშავებია. გასაგებია, რომ ასეთი ყოფა-ქცევის გამო, ალექსანდრე ოჯახში არ ჰყვარებოდათ. მასთან გან-საკუთრებული ურთიერთობა არც ბებიას ჰქონდა, არც პაპას და, წარმოიდგინეთ, არც მშობელ დედას, რომელიც უფრო დიდი სიყვარულით ეპყრობოდა თავის უფროს ვაჟიშვილ ნიკოლოზს და უმცროს პეტრეს.

საშამ, როგორც საზრიანმა ყმაწვილმა, შეიძლება არც იცოდა მისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, ან პირიქით, იქნებ იცოდა კიდეც, ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ. ერთი რამ ფაქტია: მას არ შეეძლო ისე მოქცევა, რომ ოჯახის უფროსი წევრების სიყვარული დაემსახურებინა. დროდადრო სწყინდა ისიც, რომ მისი უმცროსი ძმა ოჯახში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. ბერი ამბროსი გადმოგვცემდა: „ერთხელ, შემოდგომაზე, ამით განაწყენებულმა, გადავწყვიტე შური მეძია ძმაზე. ვიცოდი, რომ პაპას არ უყვარდა ხმაური და როდესაც ვიხმაურებდით, ის ქოჩორში გვწვდებოდა, განურჩევლად მტყუანისა და მართლისა. ამიტომ მე ძალიან გავაბრაზე პაპაჩემი, რათა მისი მძიმე ხელი ჩემს უმცროს ძამიკოსაც მოხვედროდა. მოთმინებიდან გამოსულმა პაპამ ორივეს გვცემა. მეც ეს მინდოდა; მე, გარდა პაპისა, ამის გამო ბებიამ და დედამაც მცემეს“. საერთოდ, ზედმეტი სიცელქისათვის ალექსანდრეს ხშირად ტუქსავდა სამივე – პაპაც, ბებიაც და დედაც.

უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც უყვებოდა ზოგიერთ მნახველს თავისი ბავშვობის შესახებ, მშვიდი ბერი თითქოს საერთო-სახალხო აღსარებას ამბობდა საკუთარ შეცოდებებზე და საკუთარ თავს განიკითხავდა მსმენელთა წინაშე, ამიტომ თხრობას ზოგჯერ ასე იწყებდა: „ვინანიებ თქვენ წინაშე; ვაკეთებდი ამასაც და იმასაც. აი, რა დიდად ცოდვილი ვარ!“

თუ საქმეს უფრო სერიოზულად შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბავშვობის დროინდელი გართობანი და ცუღლუტობანი ალექსანდრესთვის მაინცდამაინც სასაყვედურო არ არის. ეს იყო უბრალოდ გატაცებები სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი ბავშვისა, რომელსაც, როგორც იტყვიან, ერთ ადგილას ვერ დასვამდი. ღვთისმოსავ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი, სადაც მის ყოველგვარ უბოროტო სიცელქეს უყურებდნენ, როგორც მძიმე დანაშაულს, რისთვისაც ხშირად სჯიდნენ კიდეც, ძალიან შორს იდგა ყოველგვარი გამხრწნელი ზნეობისაგან. პირიქით, ის იზრდებოდა წმინდა რელიგიური მიმართულებით… მაგალითად, სახლში პირველად კითხვა სლავური ანბანით ასწავლეს, წააკითხეს ჟამნობა და დავითნიც. ასე რომ, მისი განათლება ემყარებოდა წმიდა ლოცვებს და ფსალმუნებს, ღვთიური სულით გამოთქმულს წმინდა მეფის, დავით წინასწარმეტყველის მიერ. მამას ყოველ დღესასწაულზე ეკლესიაში მიჰყავდა, სადაც ის მშობლებთან ერთად კითხულობდა და გალობდა კიდეც გუნდში; როცა სახლში იყო, თვალწინ ყოველთვის ედგა თავისი ნათესავებისა და ახლობლების სერიოზული, თავმდაბალი და მადლმოსილი სახეები, რომელთაგანაც არათუ ენახა, არც გაეგო რაიმე ცუდი, გარდა იმ საყვედურებისა, რასაც მისი მისამართით ამბობდნენ. ბერი თავის დედაზე ყოველთვის ამბობდა, რომ ის წმინდად ცხოვრობდა. ალექსანდრესთვის გატა-ცებებს მოჰქონდა არა მავნე, არამედ სასარგებლო ჩვეულებანი, რადგან გულუბრყვილო ბავშვების გარემოცვაში იმყოფებოდა. გატაცებები მწუხარებისა და კარჩაკეტილობისაგან განაშორებდნენ, რომლებიც შეიძლება მასში დავანებულიყო მუდმივად სერიოზულ, მშვიდ ოჯახში ყოფნის გამო. ის, თუ როგორ იძია მან შური ძმაზე, არც ღირს გასახსენებლად; ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მისი ბავშვური თავშეუკავებლობისა. უცოდველი განა ვინ არის?

დრო ჩვეული რიტმით გადიოდა. დადგა ჟამი, ეზრუნათ მშობლებს ალექსანდრეს სწავლა-განათლებაზე, რომელიც რატომღაც რამდენადმე გაჭიანურდა. ბიჭს 12 წელი შეუსრულდა, როდესაც მშობლებმა შეიყვანეს ტამბოვის სასულიერო სასწავლებლის პირველ კლასში. ძველი სასულიერო სასწავლებლის სიღარიბემ და უბადრუკობამ, მასწავლებელთა და შესასწავლ მეცნიერებათა ნაკლებობამ ნიჭიერ ყმაწვილს ხელი ვერ შეუშალა კარგად ეკეთებინა თავისი საქმე. ის უწინდებურად სულ მხიარული იყო და უყვარდა საბავშვო თამაშები, მისთვის დავალებულ გაკვეთილებს დაუდევრად არ ექცეოდა. ეს უკანასკნელი იმითაც აიხსნება, რომ სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლები თავიანთ აღსაზრდელებს ძალიან მკაცრად ექცეოდნენ.

ამ სასწავლებელში ყოფნის დროს ალექსანდრეს შესახებ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ცნობები არ მოგვეპოვება. ბერი მხოლოდ სასწავლებლის ერთ მკერავზე ჰყვებოდა, რომელიც ბავშვებისთვის ტანსაცმელს კერავდა. მისი ალერსი ალექსანდრეს გულს ტკბილად ხვდებოდა. „როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, – ასე ამბობდა ბერი, – სასწავლებელში გვყავდა საერთო მკერავი. მე მა-ღალი ვიყავი, ის სულ საშას მეძახდა. ჩემს სხვა ამხანაგებს ჩემნაირად არ ეფერებოდა. ვაღიარებ, – ეს ჩემთვის მეტად გულისამაჩუყებელი იყო“. ამ ფაქტს შეიძლება არც ჰქონდეს რამე არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ საშასთვის, რომელმაც მთელი სიყრმე მისადმი არაკეთილ-განწყობილ ოჯახში გაატარა, მკერავის მოფერება ძალიან სასიამოვნო იყო. იქნებ, ამ შემთხვევის გამო გამოუმუშავდა ბერს ანდაზის მსგავსი რამ: „ადამიანებს ალერსისაგან თვალები ეცვლებათო“.

1830 წლის ივლისში, ალექსანდრე გრენკოვი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფეთაგანი, განაწესეს ტამბოვის სასულიერო სემინარიაში შესაყვანად. სემინარიაში, ისევე როგორც სასწავლებელში, დიდი ნიჭის წყალობით, ის ძალიან კარგად სწავლობდა. მეცნიერებებს ადვილად ეუფლებოდა. მისი ერთ-ერთი ამხანაგი ჰყვებოდა: „იყო შემთხვევა, როცა უკანასკნელი კაპიკით სანთელს შეიძენდი; იმეორებდი და იზეპირებდი მოსამზადებელ გაკვეთილებს, ის კი (გრენკოვი) ძალიან ცოტას მეცადინეობდა, კლასში მოსული სხვებზე უკეთ დაიწყებდა გაკვეთილის მოყოლას ზუსტად ისე, როგორც ეს წიგნში ეწერა“. ამიტომაც თავისუფალი დრო საკმარისად ჰქონდა. ბუნებით მხიარული და ცოცხალი ხასიათისა სემინარიაშიც გართობის მოყვა-რული გახლდათ. მისი საყვარელი გასართობი ამხანაგებთან საუბარი, სიცილი და ხუმრობა იყო. ასე რომ, ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი, საზოგადოების სული და გული გახლდათ.

ამასთანავე, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა გართობისაკენ სწრაფვის შეკავება, როგორც ამ ჭაბუკის, ისე სემინარიის სხვა ახალგაზრდებისა, რომ არა სემინარიის მაშინდელი ხელმძღვანელობის სიმკაცრე.

აწ განსვენებული ბერი იხსენებდა მაშინდელი სემინარიის ახალგაზრდა რექტორს, არქიმანდრიტ იოანეს, რომელიც ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა ტამბოვში, ერთ-ერთი ვერსიით ქოლერისაგან. ის ძალიან ჭკვიანი, კეთილგონიერი, შორსმჭვრეტელი, და ამავე დროს, მკაცრიც იყო; დიდი გამოცდილება ჰქონდა, როგორც აღმზრდელებთან, ისე აღსაზრდელებთან ურთიერთობისა. იყო შემთხვევა, თუ გაიგებდა რომელიმე მასწავლებელი გაკვეთილზე დაიგვიანებსო, თვითონ წინასწარ შედიოდა კლასში და ჰკითხავდა: „სად არის მასწავლებელი?“ მოსწავლეების პასუხზე – „ჯერ არ მოსულა“ – იტყოდა: „გააგზავნეთ!“ თვითონ კი კლასში მიმოდიოდა. როდესაც მასწავლებელი მოვიდოდა, რექტორი თითქოს აღარც ამჩნევდა მის უხერხულობას, შეხვდებოდა ზრდილობიანად, თავაზიან სიტყვას ეტყოდა და კლასიდან მაშინვე გავიდოდა, რითაც მასწავლებელს აგრძნობინებდა, რომ მეცადინეობა დაწყებულია.

აღსაზრდელებსაც მშვიდად მიმართავდა ხოლმე, არავის დაუყვირებდა, არ მრისხანებდა, ყოფაქცევაში უარყოფით ნიშანს არავის უწერდა, იშვიათად შემოვიდოდა კლასში და ძალიან შთამაგონებლად გვესაუბრებოდა: „მე ყველას კარგად გიცნობთ; თქვენი ყველა შესაძლებლობა და მიდრეკილება ვიცი. მე არ დავიწყებ კარგი მოსწავლეების მხილებას, ხოლო თქვენ, აი, მაგალითისათვის… დაასახელებდა გვარს, ის დგებოდა. რექტორი ყველას წინაშე იწყებდა ლაპარაკს: „შენ მიდრეკილება გაქვს ამისკენ და ამისკენ“; ააყენებდა შემდეგ მოსწავლეს და შემდეგნაირად ამხილებდა: „აი შენ ამისკენ და ამისკენ გაქვს მიდრეკილება“, ბოლოს დაამატებდა: „ისინი ამხანაგურად გამოტყდებიან თქვენ წინაშე“. მართლაც, მხილებულნი აღიარებდნენ, რომ რექტორმა სიმართლე თქვა. ამის შემდეგ თუ რომელიმე მოწაფე იზარმაცებდა, გაკვეთილს არ მოჰყვებოდა ან კლასში არ ივლიდა, რექტორი ეტყოდა: „ფრთხილად იყავი, გამხილებ ყველას წინაშე“. საიდან ჰქონდა ასეთი გულმოდგინება. საერთოდ ამ რექტორის წინაშე, აწ განსვენებული ამბროსი ბერის სიტყვით, ყველა ძრწოდა, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, ამ უკანასკნელთა შორის კი, რა თქმა უნდა, იყო ახალგაზრდა გრენკოვიც.

საღვთისმეტყველო მეცნიერების გაკვეთილებს ალექსანდრე მიხეილის ძე უკვე სხვა რექტორისაგან, არქიმანდრიტ ადრიანესაგან ისმენდა. ის დაბალი კაცი იყო და ოდნავ კოჭლი. ახალ რექტორს არ ჰქონდა ის სიმკაცრე და შორსმჭვრეტელობა, რაც მის წინამორბედს გააჩნდა. სამაგიეროდ ტამბოვის ახალგაზრდა ეპისკოპოსი არსენი (შემდგომში კიევის მიტროპოლიტი) ძალიან მკაცრად ეპყრობოდა სემინარიის აღსაზრდელებს, თვითონ ესწრებოდა გამოცდებს და დიდ ყურადღებას იჩენდა მათი გამოცდისას – ჰქონდათ თუ არა კარგად ნასწავლი საგანი. ცუდად მოპასუხეს იქვე სჯიდა ყოველგვარი ცერემონიის გარეშე. ერთხელ, გამოცდებზე ჩამოსულმა, მოსწავლეებს რომელიღაც საგანში კითხვები დაუსვა, მაგრამ მისდა გასაკვირად, ბავშვები არ პასუხობდნენ. გაბრაზებულ მღვდელმთავარს უნდოდა ისინი დაეჩოქებინა; მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვები უდანაშაულონი იყვნენ. მღვდელმთავრის კითხვაზე, თუ რატომ არ პასუხობდნენ მოსწავლეები, რექტორმა ბოდიში მოიხადა და მღვდელმთავარს განუმარტა – თურმე ბავშვებმა გამეორება ვერ მოასწრეს იმისა, რასაც მეუფე ეკითხებოდა. „მაშინ რატომ აღნიშნე ეს კონსპექტში?“ – მკაცრად, უცერემონიოდ მიმართა მღვდელმთავარმა რექტორს და მკაცრი საყვედურიც გამოუცხადა.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ალექსანდრემ მთელი თავისი ახალგაზრდობა – სახლსა თუ სკოლაში – სიმკაცრეში გაატარა, შეიძლება ითქვას, არა უბრალო, არამედ მეტად საგრძნობ სიმკაცრეში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე გრენკოვმა 1836 წლის ივლის-ში წარმატებით დაამთავრა სემინარიის კურსი, სტუდენტის ხარისხით, მე-7 ნომრით და კარგი ყოფაქცევით, როგორც მის ატესტატშიც არის აღნიშნული.

სასურველია ვიცოდეთ, თუ რომელი მეცნიერებები იტაცებდა მას განსაკუთრებით. თუ ატესტატის მონაცემებს გავითვალისწინებთ, ალექსანდრეს ზოგიერთ საგანში კარგი შეფასება მიუღია. შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ მისი საყვარელი საგნები წმიდა წერილი, ღვთისმეტყველება, ისტორია, გრამატიკა და ლოგიკა იყო. თუ მხედ-ველობაში მივიღებთ იმ მიდრეკილებებს, რომლებიც მას ბავშვობაში ჰქონდა, ცხადი გახდება, თუ რატომ იყო მის გულთან ეს საგნები უფრო ახლოს, ვიდრე სხვები.

ერთხელ ალექსანდრეს ლექსის დაწერა გადაუწყვეტია. აი, ასე უყვებოდა ბერი ამ ამბავს გარსშემოხვეულ მსმენელებს: „გამოგიტყდებით, ერთხელ ვცადე ლექსის დაწერა იმ იმედით, რომ ეს ადვილი საქმე მეგონა. შევარჩიე კარგი ადგილი, ისეთი, სადაც მთაც იყო და ბარიც, და მოვემზადე დასაწერად. ძალიან დიდხანს, დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, რა და როგორ დამეწერა, მაგრამ ვერაფერი დავწერე“. აშკარაა, რომ ალექსანდრე არ ყოფილა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, უბრალო მელექსეობაც კი არ ეხერხებოდა. უკვე ბერობაში ჰქონდა ჩვეულება, დროდადრო, სახუმარო ტონით გარითმულად დაემოძღვრა მსმენელი, შესაძლებელია ანდაზებითაც. ის რომ, პოეტური ნიჭი არ ჰქონდა, ჩირქს ვერ სცხებდა მის ღირსებას, რადგან ყველა ჭკვიანი ადამიანი პოეტი როდია. საყურადღებოა ისიც, რომ ბერი, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, მსმენელებს თავის ნაკლოვანებებზე ელაპარაკებოდა, რაც პირველ რიგში საკუთარი თავის დამცირებას ნიშნავდა ხალხის წინაშე, განსაკუთრებით კი მათ წინაშე, ვინც მას წმინდანივით უყურებდა. ამიტომ ალექსანდრე თავს ხშირად უდარებდა ვინმე უნიჭო ევსუქის, კიევო-პეჩორის ლავრის ბერს, რომელზეც ასეთი რამ არის ნაუწყები: იგრძნო რა გატაცება ლექსის წერისა, ერთხელ, ზაფხულის წყნარ ამინდში, დნეპრის ნაპირას გამოვიდა და უცებ დაწერა ერთი სტრიქონი: „იდინე, იდინე, წყნარო დნეპრო!“ ამის შემდეგ დიდხანს იჯდა სანაპიროზე და როცა უკვე აღარ შეეძლო რამე მიემატებინა დაწერილისთვის, სტრიქონს მიაწერა: „ეს ლექსი დაწერა მამა ევსუქიმ“.

ამ მშვიდ ბერს, მამა ამბროსი უნდა დაემალა თაყვანისმცემლებისაგან, რადგან ყოვლადმოწყალე ღმერთისაგან ისეთი მაღალი სულიერი ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომლის წინაშეც ყოველგვარი მიწიერი ამაოება ფერმკრთალდება, როგორც ღამის ვარ-სკვლავიანი შუქი ბრწყინვალე, ყოვლისმაცოცხლებელი მზის წინაშე.