მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წერილები

წერილი განსაცდელით შევიწროებული იმავე ძმის მიმართ

ჩემო ძმაო, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ღვთის განგება არ ვიცით და ამიტომ ვალდებული ვართ, რაც ჩვენ გვეხება, ყველაფრის განგება მას მივანდოთ. მით უმეტეს, ახლა გვმართებს ამგვარად მოქცევა. თუ კაცობრივი განზრახვით გსურს მოწეულის განსჯა, ნაცვლად იმისა, რომ მთელი შენი საზრუნავი ღმერთს მიანდო, მაშინ ამგვარი გულის ზრახვებით მხოლოდ დაშვრები. როცა საპირისპირო გულისსიტყვები შენ წინააღმდეგ აღსდგებიან და შეგავიწროვებენ. ღმერთს უნდა მოუხმო: ”უფალო, როგორც შენ გნებავს და უწყი, ისე განაგე ეს საქმე!“ რადგან ღვთის განგება ჩვენი საზრიანობისა და მოლოდინის მიღმა მოქმედებს. ზოგჯერ სხვაგვარად ხდება ის, რაც უწინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე განგვისაზღვრავს. ერთი სიტყვით, განსაცდელის დროს მოთმინება და ლოცვა გმართებს, როგორც აღვნიშნე, ნუ მოინდომებ და ნუ გადაწყვეტ, კაცობრივი გულის [154]სიტყვებით სძლიო საეშმაკო ზრახვებს. იცოდა ეს აბბა პიმენმა და თქვა, სიტყეები: ”ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს“ (მათ. 6.34), განსაცდელში მყოფ კაცს ეხებაო.

ამრიგად, შვილო ჩემო, გწამდეს, რომ ეს არის ნამდვილი უარყოფა საკუთარი ზრახვებისა, თუნდაც ისინი გონივრული იყოს. იქონიე ღვთის იმედი, ”რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ“ (ეფეს. 3.20) ან განვიზრახავთ. შემეძლო ყველაფერზე გამეცა პასუხი, რაც შენ თქვი, მაგრამ არ მინდა, სიტყვაში შეგეცილო არც შენ და არც საკუთარ თავს, მხოლოდ ის მსურს, რომ ღვთის სასოების გზა გაჩვენო, რადგან ეს არის უსაფრთხო და ყველაზე მტკიცე გზა. უფალი იყოს შენთან!