მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მეშვიდე

მისივე თქმული თავის მართლების შესახებ

[75]გამოვიკვლიოთ, ძმებო, რატომაა, რომ ზოგიერთი ძმა საწყენ სიტყვას ხან აუღელვებლად ითმენს, ხან კი - მყისვე აღშფოთდება? რა არის ამის მიზეზი? მრავალი მიზეზი არსებობს, თუ ერთი? ვფიქრობ, მიზეზი მრავალია, მაგრამ ერთია ყველა მათგანის მშობელი. გეტყვით, როგორ. პირველი: გონება ლოცვაში ან სხვა რამ კეთილ საქმეშია, და როცა საწყენ რამეს გაიგებს, თავს ძალას ატანს და არ აღშფოთდება. ან ხორციელად უყვარს ის. ამიტომ, როცა საწყენ სიტყვას ეუბნება, თავს აიძულებს და არ ბრაზობს; ან ყურადღებას არ აქცევს თავის შემაწუხებელს, ადამიანად არ მიიჩნევს და ამიტომ მისი ნათქვამი არ უკვირს.

გეტყვით ერთ საკვირველ ამბავს. მონასტერში, ვიდრე იქიდან წამოვიდოდი, იყო ერთი ძმა. ვხედავდი, არასდროს აღშფოთდებოდა ხოლმე, თუმცა ბევრი ლანძღავდა და შეურაცხყოფდა. ჭაბუკი ისე უთმენდა ყველას, თითქოს არავინ არაფერს უშავებდა. ვხედავდი, ძვირს არ იხსენებდა. მიკვირდა და მინდოდა შემეტყო, როგორ მოიპოვა ეს სათნოება.

ერთხელ ცალკე გავიყვანე, მუხლი მოვუდრიკე და ვუთხარი: ”ძმაო, გევედრები, მითხარი, რომელი ზრახვით ითმენ ამგვარ ლანძღვასა და შეურაცხყოფას ყველასგან?“ მან ამპარტავნებით მიპახუსა, და მეც ყური მივაპყარი: ”მათ სიტყვებს ისე ვღებულობ, როგორც არაკაცთა“. ეს რომ გავიგე, თავი ჩავკიდე და გულში ვთქვი: ”უპოვია ამ ძმასაც გამოსავალი!“ პირჯვარი გადავიწერე, წავედი და ვილოცე, რომ ღმერთს მეც დავეფარე და ისიც. ამიტომ ვთქვი, მაგინებლის შეურაცხყოფის გამოც ითმენს მეთქი კაცი საწყენ სიტევას.

ასევე, შემაწუხებელი ძმის წინაშე იმიტომ აღშფოთდებიან ხოლმე, რომ იმ დროს მასზე კარგი აზრის არ არის კაცი, და [76]როგორც კი რამე საწყენს გაიგებს, მყისვე ბრაზდება; ან მტრობს მას, და როგორც კი რამეს ეტყვის, მაშინვე მრისხანებს. სხვა მიზეზებიც არის, მაგრამ ყოველი დაბრკოლების ნამდვილი მიზეზი საკუთარი თავის უდანაშაულოდ მიჩნევაა, ამიტომაც ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს, რომ ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ. გასაკვირია, წმინდანებისგან გვესმის, რომ მის გარდა, სხვა გზა არ არსებობს, ვხედავთ, რომ ვინც სხვა გზით იარა, არავის უპოვია სიმშვიდე. ჩვენ კი უმისოდ მოველით მოსვენებას, და გვგონია, სწორი გზით მივდივართ ჩვენ, ვინც საკუთარ თავს ბრალს საერთოდ არ ვდებთ. ჭეშმარიტად, მრავალი სათნოებაც რომ აღასრულოს კაცმა, თუ ამ გზით არ ივლის, მოსვენება არ ექნება, ვერც ვერასდროს დაცხრება წყენისა და შფოთისგან და მთელ თავის ნაშრომს დაღუპავს.

ხოლო, ვისაც ეს აქვს, იგი ნიადაგ მოსვენებასა და სიხარულშია. როგორც მამა პიმენი ამბობს: ვინც თავის თავს აბრალებს, რაც უნდა შეემთხვას, უპატიობა იქნება ეს, თუ გაჭირვება, ყველაფერში უღირსად მიიჩნევს თავს და ყველაფერს მშვიდად ხვდება. არსებობს ამაზე უფრო უზრუნველი მდგომარეობა? ზოგიერთი კაცი ამბობს: როცა ძმა მაწყენინებს, გამოვიძიებ და თუ ჩემში ვერანაირ ბრალს აღმოვაჩენ, როგორ არ დავაბრალო მასო?

მე კი ვიტყვი: თუ კაცი ღვთის შიშით ჩაეძიება თავის თავს და ნახავს, რომ იმჟამად არანაირი საბაბი მიუცია, მაშინ სხვა დროს უწყენინებია მისთვის ან სხვა ძმისთვის, და ამიტომ უნდა შემთხვეოდა საწყენი საქმე, ან სხვა რამ ცოდვის გამო. ამიტომ ვამბობ: თუ კაცი ღვთის შიშით გამოიძიებს, ბრალეული აღმოჩნდება.

ზოგჯერ კაცი თავის სენაკში ზის და ჰგონია, მშვიდადაა, მაგრამ როგორც კი ძმა საწყენ სიტყვას ეტყვის, მაშინვე აღშფოთდება და ამბობს: ”მშვიდად ვიჯექი ჩემს სენაკში. ეს სიტყვა რომ არ ეთქვა ჩემთვის, არც აღვშფოთდებოდი“. ამანაც იცოდეს, რომ ეშმაკები დასცინიან.

[77]
იმ სიტყვის მთქმელმა კი არ შთაუგდო ვნება გულში, არამედ ის ვნება უჩვენა, რათა, თუ მოიწადინებს, შეინანოს. იგი იმ თეთრი პურის მსგავსია, შიგნიდან დაობებული რომ არის, გარედან კი საღი ჩანს, და როცა გადატეხავენ ხოლმე, მაშინღა ჩანს მისი სიდამპლე. მსგავსადვე, ამასაც ეგონა, რომ მშვიდად იჯდა, მაგრამ მის შიგნით იყო ის ვნება და არ იცოდა. როგორც კი ძმამ ცოტა რამ უთხრა, დაუყოვნებლივ გამოჩნდა მასში დამალული გესლი.

თუ მოისურვებს, შეინანებს და გესლისგან განიწმინდება, იგი განსაკუთრებით უნდა ემადლიერებოდეს ძმას, ვინც ამგვარი სარგებლის მიზეზი გახდა, რადგან განსაცდელი კი აღარ დაუმძიმდება, არამედ, რამდენადაც წარმატებას მიაღწევს, იმდენად ძლიერად წინ აღუდგება ვნებებს. თუ პირუტყვი ძლიერია, მძიმე ტვირთს აიკიდებს, და თუნდაც დაეცეს, მალე წამოდგება; მაგრამ თუ სუსტია, მსუბუქი ტვირთის აწევაც უმძიმს, და თუ დაეცა, წამოსადგომად ძალიან უნდა დაეხმარონ. ასეა სულიც: რამდენადაც სცოდავს, იმდენად დაასუსტებს ცოდვაც, რადგან ცოდვა სულის დამაუძლურებელია. ამიტომ, რაც უნდა შეემთხვას, ყველაფერი უმძიმს. თუ სათნოებების აღსრულებას შეუდგება, რაც ოდესღაც უმძიმდა, შეუმსუბუქდება. ამიტომ არაფერი გვარგებს ისე, როგორც საკუთარი თავის დადანაშაულება. რაც გვემართება, ღვთის განგებით ხდება, რადგან ღვთის განგების გარეშე არაფერი შეგვემთხვევა.

ბევრი ამბობს: ”თუ რამე მჭირდება და ვერ ვღებულობ, როგორ არ შევწუხდე, როცა იგი მჭირდება?“ ამ შემთხვეეაშიც არ უნდა დააბრალოს ვინმეს. თუ რამე სჭირდება, მაგრამ ვერ ღებულობს, უნდა თქვას: ”ღმერთმა ჩემზე უკეთ იცის. უმჯობესი რომ ყოფილიყო ჩემთვის, წამიძღვებოდა მის მისაღწევად და მომცემდა“. ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისეთი ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყყარდა - იმისთვის - მარილიანი იყო, ვისაც ტკბილი უყვარდა - იმისთვის ტკბილი, თითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: [78]თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: ”ჩემთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია“. მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამეობად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ.

თუ კაცი სიმშვიდის ღირსია და მისი სულისთვის სიმშვიდე უმჯობესია, ღმერთი სარკინოზის გულსაც კი მოდრეკს მის დასამშვიდებლად; მაგრამ თუ სიმშვიდის ღირსი არ არის, ან მისთვის საჭირო არ არის სიმშვიდე, თუნდაც ახალი ცა და ახალი მიწა შექმნას, იგი მაინც ვერ პოვებს სიმშვიდეს.

ზოგჯერ (ღმერთი) საჭიროს არ აძლევს და ამით მოთმინებას ასწავლის. ყოველივე ამისთვის ღვთის მადლიერება გვმართებს. თუ ვინმე სიკეთეს ან ბოროტებას გვიკეთებს, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ. როგორც მამებმა თქვეს: თუ რამე სიკეთე შეგვემთხვა, უნდა ვთქვათ: ღვთის განგებით მოხდა; და თუ რამე ბოროტება გვეწია, უნდა ვთქვათ: ჩვენი ცოდვების გამო მოხდა. ნამდვილად, თუ რამ ბოროტება გვატყდება თავს, ჩვენი ცოდვების შედეგად ხდება. წმინდანები ღვთის გამო ან იმისთვის იტანდნენ გასაჭირს, რომ მათი სათნოება წარმოჩენილიყო.

ჩვენ საწყლები კი, ვინც ვცოდავთ და ვისაც მიგვიტოვებია სწორი გზა, მამებმა რომ თქვეს, ანუ თავის დადანაშაულება, ჩვენი ცოდვების გამო ვიტანჯებით. მივდივართ მრუდე გზით, რაც არის ერთმანეთის გადაბრალება. ყველანი ვცდილობთ, შეცდომის მიზეზი მოყვასს დავაბრალოთ, რადგან თავად მცონარებაში ვართ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების აღსრულებას.

ერთხელ ერთმანეთზე განაწყენებული ძმები მოვიდნენ ჩემთან. უფროსი უმცროსზე ამბობდა: ”რამე საქმის შესახებ რომ ველაპარაკები, არ მისმენს. მწყინს და ვამბობ: ჩემდამი ნდობა და სიყვარული რომ ჰქონოდა, ყურადღებით მომისმენდა, რასაც ვეუბნები”.

უმცროსი კი ამბობდა: ”შემინდე, მამაო, რადგან ღვთის შიშით [79]კი არ ამბობს, რასაც მეუბნება, არამედ უფლებამოსილებით. ამიტომ არ ვარ გულმოდგინე, როგორც მამები ამბობენ“. ნახეთ, არც ერთმა მათგანმა არ დააბრალა თავის თავს, არამედ მოყვასს.

ასევე, ორი ძმა განაწყენდა ერთმანეთზე. ერთმანეთს მუხლი მოუდრიკეს, მაგრამ გული ვერ დაიმშვიდეს. ერთი მათგანი ამბობდა: ”მთელი გულით არ მომიდრიკა მუხლი, და ამიტომ არ ვარ გულმოდგინე“.

ხედავთ, ძმებო, როგორ გვაცდუნებენ ეშმაკები?! რა შორი-შორსაა ჩვენი გულები? იცის ღმერთმა, რომ მზარავს ეს ამბავი, რადგან მამების სიტყვებს ჩვენი ნებისამებრ ვეკიდებით, ჩვენი სულების წარსაწყმედელად. თითოეულ მათგანს თავისი თავის დადანაშაულება მართებდა.

ერთს უნდა ეთქვა: ”ძმას მთელი გულით არ მოვუდრიკე მუხლი, ამიტომ ღმერთმა გულმოდგინე არ გახადა“. მეორეს კი უნდა ეთქვა: ”მისი სიყვარული არ მქონდა და ამიტომ არ ვიყავი გულმოდგინე.

ასევე, ის ორი რომ ვახსენე პირველად, ერთს უნდა ეთქვა: ”ძმას უფლებამოსილებით ვუბრძანებ და ამიტომ გულმოდგინე არ არის ჩემს სიყვარულში“. მეორეს კი მართებდა, ეთქვა: ”ძმა სიყვარულით, თავმდაბლად მეუბნება, მაგრამ მე ვარ ურჩი და ღვთის უშიშარი“. არც ერთმა მათგანმა არ დაიდანაშაულა თავი, ვერც გზა იპოვა, არამედ თითოეულმა თავის მოყვასს დააბრალა.

როგორც აღვნიშნე, აი, ამიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ვერანაირ სათნოებაში, ვერც სარგებელს ვპოულობთ, რადგან თითოეული ჩვენგანი თავს ვიმართლებთ, ჩვენს თავს ვპატიობთ, როგორც აღვნიშნე, არც ერთ მცნებას არ ვასრულებთ და მოყვასისგან მოვითხოვთ მცნებების შესრულებას.

ამიტომ ვერ ვხვდებით, რა არის კეთილი. თუ რამ მცირე სათნოებას აღვასრულებთ, მყისვე მოყვასისგანაც მოვითხოვთ მას და ვამბობთ: ”რატომ იგიც არ აკეთებს?“ რატომ უმთავრესად ჩვენი თავისგან არ მოვითხოვთ სათნოებებს და ჩვენს თავს არ ვადანაშაულებთ, ერთ მცნებასაც რომ არ ვასრულებთ?

[80]სად არის ის ბერი, ვისაც ჰკითხეს: „რა შეიძინე ამ გზაზე, მამაო?“ ,,ყველაფერში თავის დადანაშაულება“, - უპასუხა მან. ამისთვის შემკითხველმა შეაქო და უთხრა: „მის გარდა სხვა გზა არ არსებობს“. მსგავსად თქვა მამა პიმენმაც: „ყოველი სათნოება ტანჯვა-წამებით შემოვიდა ამ სახლში, გარდა ერთისა, რადგან უმისოდ კაცი რუდუნებაშია“. ჰკითხეს: „რომელი?“ „ის, რომ კაცი თავის თავს აბრალებდეს“, - თქვა მან.

ასევე, მამა ანტონმა თქვა: „დიდი საქმეა, კაცმა მთელი შეცდომა თავის თავზე აიღოს ღვთის წინაშე და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოელოდეს განსაცდელს“. ყველგან ვხვდებით, რომ მამები იცავდნენ ამას - რაც შეემთხვეოდათ, ყველაფერს ღმერთს მიანდობდნენ და ამიტომ სიმშვიდე პოვეს.

ნახეთ, რა თქვა წმინდა ბერმა, როცა დასნეულდა და ძმამ თაფლის ნაცვლად შეცდომით სელის ზეთი ჩაუსხა საჭმელში. ბერმა უხმოდ შეჭამა. არ უსაყვედურა ძმას, რომელმაც ეს რომ შეიტყო, შეწუხდა და უთხრა: „მამაო, მოგკალი, ცოდვაში ჩამაგდე, რადგან არაფერი მითხარი“. ნახეთ, როგორი სიმშვიდით მიუგო: „ნუ წუხხარ, შვილო, რადგან ღმერთს რომ ნდომოდა, თაფლი მეჭამა, ჩამისხამდი კიდეც“. და მყისვე მისი გონება ღმერთთან მიიყვანა. როგორ არ გაიფიქრა, რომ ძმა შეცდა და ღმერთი არაფერ შუაში იყო, არამედ თქვა: „ღმერთს რომ ნდომოდა, ძმა თაფლს ჩაასხამდა“. საოცარია, ასეთი უძლურებისა და ამდენი დღის უჭმელობის შემდეგაც არ დაბრკოლდა ძმის მიმართ, არამედ ღმერთს მადლობდა და მშვიდად იყო.

ჩვენ კი ყოველ საქმეში მოყვასს ვადანაშაულებთ, ჩვენს მოძულედ მივიჩნევთ. რაიმეს გაგონებისას მყისვე ვამბობთ: „ჩემი წყენა რომ არ ნდომოდა, ამ სიტყვას არც მეტყოდა“. სად არის ის წმინდა, რომელმაც სემის შესახებ თქვა: „ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს. ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“ (2 მეფ. 16.10). ღმერთმა უთხრა კაცისმკვლელს, წინასწარმეტყველი დაეწყევლა? არავითარ შემთხვევაში! მაგრამ წინასწარმეტყველი იყო გონიერი და იცოდა, [81]ისე ვერაფერს მოაქვს ღვთის წყალობა სულისთვის, როგორც განსაცდელს. ამიტომ თქვა: „თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“, რათა ღმერთმა ჩემი თავმდაბლობა იხილოს, და წყევლის წილ სიკეთე მომცეს. დახეთ მის გონიერებას! რას ეუბნებოდა იმათ, მის მაწყევარზე შურისძიებას რომ ლამობდნენ. ეუბნებოდა: „რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს. ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო“ (2 მეფ. 16.10). ჩვენ კი ძმა რამეს თუ გვეტყვის, კი არ ვამბობთ, ღმერთმა უბრძანაო, არამედ მყისვე ვემსგავსებით ძაღლს, რომელიც, თუ ვინმე ქვას ესვრის, დაუყოვნებლივ თავს ანებებს ქვის მტყორცნელს, მიდის და ქვას კბენს. ჩვენც ასევე ვტოვებთ ღმერთს, ჩვენი ცოდვების შესანდობად ჩვენზე განსაცდელს რომ უშვებს, ძმას ვებრძვით და ვამბობთ: „რატომ მითხრა ან რატომ მომექცა ასე?“ სარგებლის ნაცვლად ჩვენს თავს ვვნებთ, და არ ვიცით, რომ ყველაფერი ღვთის განგებით გვემართება ჩვენდა სასარგებლოდ. ყველა წმინდანის მეოხებით ღმერთმა მოგვცეს გონიერება.