მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მეჩვიდმეტე

მისივე თქმული მონასტრის ზემდგომების მიმართ, თუ როგორ უნდა უბრძანონ ძმებს და მათ როგორ მართებთ მორჩილება

[142]თუ ძმების უფროსი ხარ, ლმობიერი გულითა და სატკბოებით იზრუნე მათზე. საქმითა და სიტყვით ასწავლე სიკეთე, უმთავრესად, საქმით, რადგან საქმით სწავლება უფრო მართებულია და მტკიცე, ვიდრე სიტყვით. თუ ხორციელი შრომა ძალგიძს, მაგალითი მიეცი, ხოლო თუ არ შეგიძლია და უძლური ხარ, მაშინ სულიერ სათნოებათა მაგალითი აჩვენე, რომელთაც მოციქული ასახელებს: ”სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულ-გრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ“ ყოველგვარი ვნებისგან (შდრ. გალ. 5.22).

შეცდომების გამო ძალიან არ აღშფოთდე, არამედ წყნარად მიუთითე ამ შეცდომიდან გამომდინარე ზიანი, შესაბამისი კანონი მიეცი ხელსაყრელ დროს. პატარა შეცდომები დაწვრილებით არ გამოიძიო და ზედიზედ არ ამხილო, რადგან ზედიზედ მხილება მძიმეცაა და კაცი უგუნურებამდე და მის უგულებელყოფამდე მიჰყავს.

არ უბრძანო როგორც უფლების მქონემ, არამედ ლმობიერად უთხარი, თითქოს ურჩევ. ეს უფრო მიიყვანს მორჩილებამდე და მღელვარების დროს დაამშვიდებს. როცა რომელიმე ძმა აღშფოთდება და შეგეკამათება, ენა დაიოკე, რომ რისხვით არაფერი უთხრა, მასზე საქედმაღლოდ გული არ მიუშვა. გაისხენე, რომ იგი შენი ძმა არის, ქრისტეს მიერ შენი სსეულის ნაწილია, ხატია ღვთისა და ყველა ჩვენგანის მტრისგან გამოიცდება.

გამოიჩინე მისდამი მოწყალება, რათა მრისხანებით დაჭრილს მტერი არ დაეპატრონოს, ღვარძლით არ მოკლას და ჩვენი [143]გაუფრთხილებლობით არ წარწყმდეს სული, ვისთვისაც ქრისტე მოვვდა. გაიხსენე, რომ შენთვისაც ხშირად უძლევია მრისხანებას შენი უძლურებისა გამო. ძმის მიმართ ლმობიერი იყავი და მადლიერი, რადგან პატიებისთვის მიზეზი მოგეცა, და შენც მით უფრო გაპატიებს ღმერთი, რადგან ამბობს; ”მიუტევეთ და მოგეტევნვნ“ (ლუკ. 6.37).

ფიქრობ, შენი სულგრძელობით ძმის სულს ავნებ? მაგრამ მოციქული ამბობს; ”სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას“ (რომ. 12.21). ბოროტებით სძლიეთ ბოროტებასო, კი არ უთქვამს?! წმინდა მამები ამბობენ: თუ სხვას ჰკურნავ და მრისხანებ, საკუთარ ვნებას მიჰყვები; არავინ ანგრევს თავის სახლს, რათა მოყვასისა ააშენოს. თუ შფოთი გაგრძელდა, შენი გული აიძულე, ილოცე და თქვი: ”კაცთმოყვარეო და სულთმოყვარეო ღმერთო, რომელმაც სახიერებით არაარსიდან არსად გვაქციე და სამოთხე მოგვეცი, ჩვენ მცნების დარღვევით დავეცით, შენ კი კვლავ წამოგვაყენე შენი მხოლოდშობილი ძისა და ჩვენი მაცხოვრის სისხლით, აწ მოხედე ჩვენს უძლურებას, ისევე შეჰრისხე ჩვენს გულისწყრომას, როგორც ოდესღაც - აღელვებულ ზღვას; როცა ცოდვით მოვკვდებით, ნუ გახდები უშვილო ერთდროულად ჩვენ ორივესგან, და არ გვითხრა: ”რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა“ (ფსალმ. 29.10), ”ამინ გეტყჳ თქუენ, არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25.12), რადგან ზეთის სიმცირით დაშრეტილია ჩვენი ლამპარი“. როცა ამ ლოცვის შემდგომ გული დაგიმშვიდდება, მოციქულის სიტყვისამებრ შეძლებ შერისხო, ამხილო, ლმობიერებით ნუგეში სცე (შდრ. 2 ტიმ. 4.2), და განკურნო, როგორც სხეულის უძლური ნაწილი. მაშინ ძმაც მიიღებს ასეთ მკურნალობას, როცა მიხვდება, რომ კარგად არ მოიქცა, და შენი სიმშვიდით მის გულსაც სიმშვიდისკენ მოდრეკ.

ამრიგად, არაფერმა განგაშოროს ქრისტეს სიტყვას: ისწავლეთ ჩემგან, ”რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11.29). უპირველეს ყოვლისა სიმშვიდის მოპოვებისთვის იზრუნე, არანაირი საქმისთვის აიმღვრიო გული, რადგან ყველანაირ შრომას [144]სიყვარულისა და წმინდა გულის მოსაპოვებლად ვეწევით.

თუ ასე შეიძენ ძმას, შენც ღირსი გახდები სიტყვების მოსმენისა: ”გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო“ (იერ. 15.19).

შენ კი, მორჩილო, არ დაიჯერო, რასაც გული გეტყვის, არ ენდო შენს ჭკუა-გონებას, რათა არ დაბრმავდე. უკითხავად არაფერი გააკეთო. არ იფიქრო, ჩემს მასწავლებელზე უკეთ გავიგონებო; ნუ ხარ შენი მოძღვრის საქმეების მსაჯული, რათა შემცდარი არ აღმოჩნდე გამოცდის ჟამს. ეს ცდუნებაა ეშმაკისა, ვისაც მორჩილებისგან შენი დაბრკოლება სურს, და უნდა, ვერ ჰპოვო ცხონება, მისგან (მორჩილებისგან - რედ.) რომ არის.

თუ მორჩილებას გამოიჩენ, წმინდა მამების გზით უშრომლად ივლი. ისწავლე შენი ნების უარყოფა. როცა მის უარყოფას მიეჩვევი, შემდგომში გაურჯელად უარყოფ მას და გული არ დაგწყდება, რადგან აღარ გენდომება, შენი ნებისამებრ მოხდეს რაიმე. ასე მოიპოვებ სიმშვიდეს. ეცადე, არ დაარღვიო ღვთისა და შენი მამის მცნება, ყველაფერში თავი დაადანაშაულე და არაფრად შერაცხო თავი.

გწამდეს, რაც გვემართება, ღვთის ნებით ხდება. ამგვარად სიხარულით იტვირთავ ყველაფერს, რაც შენზე მოიწევა. ლანძღვა ამპარტავნებისგან განმკურნებელ წამლად შერაცხე, ილოცე შენი მაგინებლებისთვის, როგორც მკურნალებისთვის. იცოდე, ვისაც ლანძღვა სძულს,მას თავმდაბლობა სძულს. ვინც თავის მაგინებლებს გაურბის, იგი სიმშვიდეს გაურბის. ნუ მოისურვებ მოყვასის ბოროტების გაგებას. თუ გაიგებ, არ განიკითხო და ყველაფრისთვის ღმერთს მადლობდე. მოიპოვე სახიერება და წმინდა სიყვარული. უწინარეს ყოვლისა სინდისი დავიცვათ ყოველგვარ საქმეში. სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ღვთის ნება თუ არის; ვილოცოთ და შემდეგ ვთქვათ ან გავაკეთოთ, ღმერთს მივანდოთ ჩვენი უძლურება და მისი სახიერება ყოველივეში შეგვეწევა, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.