მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მეთერთმეტე

მისივე თქმული რათა ვეცადოთ, აღმოვფხვრათ ვნებები, ვიდრე ჯერ კიდევ მცირედნი არიან და ვიდრე ჩვენი სული მათ საქმეს დასჩვევია

[100]ძმებო, შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოეკიდეთ საკუთარ თავს და ვნებებს სძლევთ, ვიდრე ჯერ კიდევ მცირედნი არიან, რადგან მცირე სიზარმაცესაც კი დიდ ცოდვამდე მივყავართ. მივედი ერთხელ ძმასთან და ვნახე, ავად იყო. საუბარში შევიტყვე, მხოლოდ შვიდი დღე ჰქონოდა სიცხე და აგერ უკვე ორმოცი დღეა, ვერ გამოჯანმრთელებულიყო. ნახეთ, ძმებო, რა ცუდია, კაცი რომ დაუძლურდება: პირველად მავნებელ საკვებს არ ერიდება და არ იცის, როცა სხეული დაუძაბუნდება, მით უმეტეს, თუ თავიდანვე სუსტად იყო, ძნელად გამოჯანმრთელდება.

ნახეთ, ამ ძმას მხოლოდ შვიდი დღე ჰქონდა სიცხე, ორმოცი დღე გავიდა და ვერ განიკურნა. ასეა სულიც. თავიდან კაცი მცირე რამ ცოდვას სჩადის და შემდეგ დიდხანს წვალობს მის აღმოსაფხვრელად. ხორციელი საქმეების შემთხვევაში მრავალ მიზეზს ვპოულობთ: ან წამალია ძველი და არ გვრგებს, ან მკურნალია გამოუცდელი და საჭირო წამლის ნაცვლად სხვას გვაძლევს, ან თავად ავადმყოფი არ უჯერებს მკურნალს, თავისთვის რამე საზიანოს აკეთებს და ამიტომ ვერ იკურნება.

მაგრამ სულიერ საქმეებში ასე არ არის, რადგან არც მკურნალია გამოუცდელი (ვამბობ: არავითარ შემთხვევაში!) და არც ერთი სენისთვის შეზავებული წამალი მოგვეცა. ქრისტეა ჩვენი სულების მკურნალი და მან იცის თითოეული ვნების წამალი: ამპარტავნების წამლად მოგვცა თავმდაბლობა, გემოთმოყვარეობისთვის - მარხვა, ვერცხლისმოყვარეობისთვის - მოწყალება, და ასე, თითოეული ვნებისთვის შეზავებული წამალი [101]გვიბოძა. ცხადია, გამოუცდელი არც ჩვენი მკურნალია და არც სიძველის გამოა მისი წამლები ურგები.

ქრისტეს მცნებები არასდროს ძველდება და ვინც რამდენად ასრულებს მათ, იმდენად განახლდება ხოლმე. რაკი არც მკურნალია გამოუცდელი და არც წამლებია სიძველის მიზეზით ურგები, რაღა გვიშლის ხელს განკურნებაში? - იცით, რომ არაფერი, მხოლოდ ჩვენი სიბოროტე, რადგან ჩვენთვის მავნებელ საქმეებს ჩავდივართ. ახლა კი ფრთხილად ვიყოთ, ჰოი, ძმებო, გამოვფხიზლდეთ და ვიჩქაროთ, სანამ დრო გვაქვს. რატომ ვზარმაცობთ? რამე სიკეთე ვაკეთოთ, რათა განსაცდელის დროს შეწვვნა ვპოვოთ. რატომ ვღუპავთ ჩვენს ცხოვრებას? ამდენ წიგნს ვკითხულობთ, მაგრამ არ ვნაღვლობთ და ამას უყურადღებოდ ვეკიდებით. ვხედავთ, სიკვდილი როგორ გვტაცებს ძმებს, და არ გვეშინია. ვიცით, რომ ჩვენც თანდათან ვუახლოვდებით სიკვდილს.

აჰა, მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დავიწყეთ, ჩვენი ცხოვრების ორი თუ სამი საათი განვვლეთ და სიკვდილს მივუახლოვდით. ვხედავთ, როგორ იწურება ჩვენი ჟამი და არ გვეშინია, არ ვიხსენებთ ბერის სიტყვებს: ”თუ ვინმე ოქროს ან ვერცხლს დაკარგავს, მის ნაცვლად სხვისი პოვნა შეუძლია, ხოლო დაკარგული დროის სანაცვლოდ ვერაფერს პოვებს“.

სიმართლეს ვამბობ: ამ ჟამთაგან ერთი საათის ძებნას დავიწყებთ და ვერ ვპოვებთ. რამდენს სურს ღვთის ერთი სიტყვის გაგება, და არ ესმის. ჩვენ კი ღვთის ამდენი სიტყვა გვესმის, უგულებელვყოფთ მათ და არ ვფხიზლდებით. მერწმუნეთ, ჩვენი ასეთი სიბრმავე მაკვირვებს, რადგან შეგვიმლია ცხონება და არ გვსურს.

შეგვიძლია ჩვენი ვნებების აღმოფხვრა, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, მაგრამ არ გვინდა და გაძლიერების საშუალებას ვაძლევთ, რათა უკანასკნელი პირველზე უარესი იყოს. სხვაა პატარა ბალახის ამოთხრა და სხვა - დიდი ხისა.

ვინმე დიდი ბერი თავის მოწაფეებთან ერთად იჯდა ერთგან, სადაც სხვადასხვანაირი კვიპაროსები იყო, დიდებიც და პატარე[102]ბიც. ბერმა ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა: ”ამოთხარე ეს კვიპაროსი!“ კვიპაროსი ძალიან პატარა იყო და მოწაფემაც მყისვე ამოთხარა ცალი ხელით. მაშინ უფრო დიდი კვიპაროსი უჩვენა. მან ისიც ამოთხარა დიდი წვალებით. კიდევ უჩვენა სხვა, მოზრდილი. მივიდა, ბევრი იწვალა და ისიც ამოთხარა. შემდეგ სხვა, უფრო დიდი უჩვენა. ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ ამოთხარა. როცა ნახა, ძმა უძლური იყო, სხვას უბრძანა, დახმარებოდა, და ასე, ორივვმ ამოთხარა იგი. მაშინ ბერმა ძმებს უთხრა: ”აი, ძმებო, ასევე არის ვნებებიც: რაც უფრო პატარანი არიან, მით უფრო უწვალებლად შეგვიძლია მათი აღმოფხვრაც; ხოლო რამდენადაც მძლავრდებიან, იმდენად მეტი შრომაც გვჭირდება; და თუ მეტისმეტად გამძლავრდებიან, წმინდა კაცთა შეუწევნელად ვეღარც შრომით ვძლევთ მათ“. ხედავთ, რა ძალა აქვს წმინდა ბერების სიტევებს?

ასევე, წინასწარმეტყველიც ამბობს მის შესახებ: ”ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგვ ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“ (ფსალმ. 136.8-9) გავარკვიოთ, რას ნიშნავს თქმული. ბაბილონს გულისთქმას უწოდებს. ასე ითარგმნება იგი.

პირველად გული ეუბნება სულს და ამგვარად ჩადის ცოდვას. უბადრუკს კი იმიტომ უწოდებს, რომ, როგორც უწინ ვთქვი, ცოდვა უსხეულოა, არაარსი, და ჩვენი სიზარმაცით იქცევა არსად. თუ მოვიწადინებთ, ჩვენი მოწადინებით იგი უჩინარი და არარა გახდება. წინასწარმეტყველი მას მიმართავს: ”ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!“ დავფიქრდეთ, რა ვიცით, ან მან რა მოგვაგო, ან ჩვენ რისი მიგება გვსურს.

მივეცით ჩვენი ნება და სანაცვლოდ მივიღეთ ცოდვა. წინასწარმეტყველი კი იმათ შენატრის, ვინც უკუმიაგებს მათ. ხოლო რა არის მიგება? - აღარ მოიმოქმედონ იგი. კიდევ ამბობს: ”ნეტარ არს,რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“

[103]ეს ნიშნავს: ნეტარია, ვინც თავის თავში შენს შვილებს, ანუ ბოროტ აზრებს აღზრდისა და ბოროტების აღსრულების საშუალება არ მისცა, არამედ, ვიდრე ჯერ კიდევ ჩვილნი იყვნენ, ვიდრე გაიზრდებოდნენ და მასზე გააფთრდებოდნენ, შეიპყრო და კლდეს, ანუ ქრისტეს შეახეთქა (შდრ. l კორ. 10.4). აი, ძმებო, იხილეთ, როგორ ერთხმად გვასწავლიან წმინდა მამები და წმინდა წერილი ვნებების აღმოფხვრას, სანამ ჯერ კიდევ ჩვილნი არიან, ვიდრე მათი უკეთურება და სიმწარე არ გვიგემია. ვეცადოთ, ძმებო, წყალობა ვპოვოთ, დავშვრეთ მცირედ, რათა ხანგრძლივად დავისვენოთ.

მამებმა თქვეს, რომ კაცმა ყოველ საღამოს უნდა გამოიკვლიოს, როგორ განვლო ის დღე. ასევე, ყოველ დილით უნდა გამოიძიოს, როგორ განვლო ის ღამე და რა ცოდვაც ჩაუდენია, ღვთის წინაშე მოინანიოს.

ჩვენ კი ჩვენს ჭკუაზე მოვიწყვეთ. ყველას გვმართებს საკუთარ თავზე ნიადაგ დაკვირვება, თუ რა შეგვიცოდავს. ყოველმა ჩვენგანმა უნდა თქვას თავისთვის: რაიმეთი ხომ არ დავაბრკოლე ძმა? ან, იქნებ, რაიმე საქმისას ვიხილე და განვიკითხე? ან წვნიანი არ იყო გემრიელი, რაიმე ვთქვი, შევარცხვინე მზარეული და ვავნე? ან გულში ვიდრტვინე? გფლში დრტვინვა ცოდვაა. ასევე, უნდა ვთქვათ: დეკანოზს ან ვინმე სხვა ძმას ხომ არ უთქვამს ისეთი რამ, რაც არ შევასრულე და შევეწინააღმდეგე?

ყოველთვის ამგვარად გვმართებს. გამოვიძიოთ, თუ როგორ გავატარეთ ის დღე და როგორ განვვლეთ ის ღამე. უნდა ვთქვათ: იქნებ, ლოცვაზე გულმოდგინედ არ ვიდექი? ან, იქნებ, ძმამ ლოცვაზე მიმიხმო და მე აღვშფოთდი ან ვიდრტვინე? იცოდეთ, ვინც ძმას სალოცავად აღვიძებს, დიდ სიკეთეს უკეთებს.

რადგან ღმერთთან სასაუბროდ, ცოდვების შენდობის სათხოვნელად და საკუთარი სულის განსანათლებლად წამოაყენებს. სწორედაც რომ, ამ უკანასკნელისადმი მადლიერება მართებთ და უნდა ახსოვდეთ, რომ მისით ცხონდებიან.

მოგითხრობთ დიდებულ ამბავს, რომელიც წმინდა ბერმა, [104]დიდმა წინასწარმცნობელმა, მიამბო: ”როცა ძმები ლოცვას იწყებდნენ, ვინმე ნათელმოსილი კაცი ვიხილე. სამღვდელო სამოსელი ეცვა. საკურთხევლიდან გამოდიოდა, ხელში კოლოფის მსგავსი რაღაც ეჭირა, სადაც სიწმინდეებს ინახავენ ხოლმე, სანთელს აწობდა, ყველა ძმას ჩამოუარა და ჯვრის სახით ბეჭდავდა. სადაც არ იდგნენ, იქიდან ზოგიერთ ადგილს ბეჭდავდა, ზოგიერთს კი - გვერდს უვლიდა. ეკლესიიდან გამოსვლის ჟამს იმ ბერმა კვლავ იხილა იგი საკურთხევლიდან გამომავალი. წინანდელივით მოიქცა. ერთ დღეს ბერმა მას ხელი ჩასჭიდა, დაუჩოქა და სთხოვა, ეთქვა, ვინ იყო და რას ნიშნავდა მისი მოქმედება.

მან უპასუხა: ”მე ღვთის ანგელოზი ვარ და ნაბრძანები მაქვს, ყველა ძმას, ვინც ლოცვის დაწყებიდან დასრულებამდე ლოცულობს, გულმოდგინებისთვის ეს სიწმინდე მივცე“. ბერმა უთხრა: ”სადაც არ დგანან, ზოგიერთ ადგილს ჯვარს რომ სცხებ და ზოგიერთს - არა?“ წმინდა ანგელოზმა მიუგო: ”სიწმინდე იმათაც ეძლევათ, რომელ ძმებსაც ლოცვა სწადიათ, მაგრამ უძლურნი არიან და, მამების ბრძანებისამებრ, ისვენებენ. ასევე, ვინც მორჩილებას ასრულებს და ეკლესიაში მოსასვლელად არ სცალია, იმათაც ეძლევათ. მხოლოდ იმათ არ ერგებათ, ვისაც ადგომა და ლოცვა შეუძლია, მაგრამ სიზარმაცის გამო არ დგება. მხოლოდ მათ არ ერგებათ, რადგან თავიანთ თავს თავადვე ხდიან უღირსად“.

ნახეთ, ძმებო, რაგვარი სიკეთისკენ მიუძღვის თავის ძმას ის, ვინც საეკლესიო მსახურებისთვის წამოაყენებს მას. ახლა კი გაისარჯეთ, ძმებო, რათა არ მოაკლდეთ წმინდა ანგელოზის ბეჭედს და თუ ვინმე თქვენგანს ეძინოს ან ადგომა დაეზაროს, როცა მეორე ძმა მოუხმობს, კი არ აღშფოთდეს, არამედ ვინც უნდა იყოს, იმას ემადლიერებოდეს. მონასტერში როცა ვიყავი, მამასახლისმა მესტუმრედ გამამწესა. ნაავადმყოფარი გახლდით. ბევრი სტუმარი მოვიდა. მათი მიღება მომიხდა. მოვიდნენ მეაქლემეებიც. ისინიც მივიღე და მოვემსახურე. გვიანი ღამე [105]იყო, როცა დასაძინებლად გავემართე. ის იყო, დავწექი, რომ რაღაც სხვა საქმე გამოჩნდა. მოვიდნენ და ამაყენეს. წავედი, გავაკეთე ის საქმე. შემდეგ დასაძინებლად გავეშურე. როგორც კი მიმერულა, მყისვე მნათე მოვიდა და სალოცავად მიმიხმო. მე კი დაღლილი და ნაავადმყოფარი ვიყავი, ცოტა თავ-კისერი მიხურდა და შეუძლოდ გახლდით.

ვუთხარი: ”კეთილი, ღმერთმა მოგცეს სიყვარულის მადლი! მიბრძანე, ბატონო, მოვალ!“ რომ წავიდა, ისევ ჩამეძინა. გულს ძლიერ მაკლდა, სალოცავად წასვლას რომ ვაგვიანებდი. ის კი არ მეშვებოდა და მეძახდა. მაშინ მამას ორი ძმა ვთხოვე, რათა ერთს გავეღვიძებინე, ხოლო მეორეს - ყურადღება მოექცია, არ ჩამძინებოდა. მერწმუნეთ, ძმებო, ისე მივიჩნევდი ორივეს, თითქოს მათ ხელთ იყო ჩემი სიცოცხლე. თქვენც ასევე გმართებთ მათი მადლიერება, ვინც სალოცავად გაღვიძებთ ან რამე კეთილი საქმისთვის წაგაქეზებთ. როგორც ვთქვით, კაცმა ნიადაგ უნდა გამოიძიოს, როგორ განვლო ის დღე თუ ღამე, ყურადღებით თუ იდგა ლოცვაზე, გონება ხომ არ გაეფანტა, გულმოდგინედ თუ მოუსმინა წაკითხულს, ხომ არ დატოვა ეკლესია და გასართობად ხომ არ გავიდა.

თუ კაცი ამგვარად დაუკვირდება თავის თავს და რა ცოდვასაც აღმოაჩენს, მყისვე ღვთის წინაშე მოინანიებს, თანდათან ვნებებს სძლევს. ცხრას სჩადიოდა? - რვას ჩაიდენს, და ასე, ღვთის შეწევნით, ვნებების აღზევება-გაძლიერებას არ დაუშვებს. როგორც ვახსენე, საძაგელია და მძიმე, როცა კაცი რამე ბოროტებას დაეჩვევა, რადგან ასეთი ვერ განიკურნება წმინდა ადამიანების შეუწევნელად.

გინდათ, მოგითხროთ ფრიად სატირალი ამბავი? მონასტერში როცა ვიყავი, არ ვიცი, რატომ ცდებოდნენ ძმები, თავიანთ ზრახვებს მიზიარებდნენ. მამამ ამაზე ზრუნვა მიბრძანა. ერთ დღეს ჩემთან ვინმე ძმა მოვიდა და მითხრა: ”მამაო, შემინდე და ილოცე ჩემთვის, რადგან საჭმელს ვიპარავ და ვჭამ“. მე ვუთხარი: ”რატომ, შვილო, გშივდება?“ მან მიპასუხა: ”ჰო, მშივდება, რადგან [106]ძმებთან ერთად ჭამა არ მყოფნის, მე კი ვერ ვითხოვ“. ვუპასუსე: ”რატომ არ მიდიხარ და არ ეუბნები მამას?“ ხოლო მან მითხრა: „მრცხვენია“. ვუთხარი: ”გინდა, მე ვუთხრა?“ მომიგო: ”როგორც გნებავს?

წავედი და მამას ვუთხარი, მან კი მიპასუხა: ”გამოიჩინე სიყვარული და რაც მისთვის უმჯობესია, ისე მოიქეცი!“ მაშინ იგი მზარეულთან მივიყვანე და მის წინაშე ვთხოვე: ”გამოიჩინე სიყვარული და როცა კი ეს ძმა შენთან მოვა, მიეცი, რასაც მოისურვებს!“ მან მომისმინა და მითხრა: ”როგორც მიბრმანე, ისე მოვიქცევი!”

ძმამ რამდენიმე დღე დაჰყო ასე, შემდეგ მოვიდა და მითხრა: ”შემინდე, მამაო, ისევ დავიწყე მოპარვა!“ მე კი ვკითხე: „რატომ? ნუთუ მზარეული არ გაძლევს, რაც გინდა?“ მიპასუსა: „მაძლევს, მაგრამ მე მრცხვენია“. მივუგე: „მაშ, ჩემი გრცხვენია?“ ”არა“ - მიპასუხა მან. ვუთხარი: ”ჩემთან მოდი და მე მოგცემ“. იმჟამად უძლურთა მსახურება მევალა, სანოვაგე მებარა და, რაც სურდა, ვაძლევდი. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაიწყო მოპარვა. მოვიდა და დამწუხრებულმა მითხრა: „ისევ ვიპარავ“. ვუთხარი: ”რატომ“? არ გაძლევ, რაც გინდა?“ მიპასუსა: ”ჰო, მაძლევ“. მივუგე: ”ხომ არ გრცხვენია?“ თქვა, არაო. მაშინ ვკითსე: ”რაღატომ იპარავ?“ მომიგო: ”არ ვიცი, რატომ, ვიცი, რომ ვიპარავ“. მაშინ ვუთხარი: ”სიმართლე მითხარი, რას უშვრები მოპარულს?“ მომიგო: ”ვირს ვაძლევ“. აღმოჩნდა, რომ ძმა იპარავდა პურს, ფინიკს, ლეღვს, ხახვს, რასაც იპოვიდა, ლოგინის ქვეშ ან სხვა რომელიმე ადგილას მალავდა, და როცა გაფუჭებულს ნახულობდა, მიჰქონდა და აგდებდა ან სახედარს უყრიდა.

ნახეთ, რა საშინელებაა, როცა კაცი რამე ვნებას დაეჩვევა: იცოდა, ბოროტებას სჩადიოდა, გულნაკლული იყო და ტიროდა, მაგრამ ჩვეულება სძლევდა უბადრუკს.

კარგად ამბობდა მამა ნისთერეონი: ”რა ვნებისგანაც იძლევიან, იმისი მონა ხდებიან“. ღმერთმა გვიხსნას ბოროტი ჩვეულებისგან, [107]რათა ჩვენც არ გვითხრას: ”რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა?“ (ფსალმ. 29.10) აჰა, ხშირად მითქვამს თქვენთვის, რომ ჩვეულების წყალობით კაცი ან სიკეთემდე მიდის, ან ბოროტებამდე: კაცი რომ ერთხელ განრისხდება, მას მრისხანე არ ეწოდება. არც მაშინ ეწოდება მეძავი, როცა ერთხელ ისიძვებს; არც მაშინ ჰქვია მოწყალე, როცა ერთხელ გაიღებს მოწყალებას; არამედ სიკეთეცა და ბოროტებაც ზედიზედ ქმნით ხდება სულისთვის ჩვეულება და შემდეგ ეს ჩვეულება ტანჯავს ან შვებას გვრის მას.

და თუ როგორ გვრის სათნოება სულს შვებას ან როგორ ტანჯავს მას ცოდვა, გეტყვით: ხშირად მითქვამს, სათნოებები ჩვენია და ჩვენივე ბუნებისაა. რამდენადაც აკეთებს კაცი სიკეთეს, იმდენად სათნოებაც მისი ბუნება ხდება და კაცი ისევე ჯანსაღდება, როგორც სნეულებიდან მიდიან ხოლმე გამოჯანმრთელებამდე, ან როგორც ბრმას უბრუნდება ხოლმე ბუნებრივი თვალისჩინი. ხოლო, როცა რამე უცხო ბოროტებას ჩავდივართ და ჩვენი ბუნებისთვის უჩვეულო ჩვევას ვიძენთ ბოროტების ზედიზედ ქმნით, მაშინ ბოროტი სენით ისე ვსნეულდებით, რომ ვეღარ ვჯანსაღდებით წმინდანთა შეწევნის, ლოცვისა და ცრემლთა ღვრის გარეშე, რომელთაც ჩვენთვის ღვთის წყალობის მოტანა შეუძლიათ.

როგორც ხორციელი სნეულების დროს ზოგიერთი საკვები შავი ნაღვლის გამომწვევია, მაგალითად, კომბოსტო, ოსპი ან სხვა რამ ამდაგვარი, მაგრამ კომბოსტოს ან ოსპის ერთხელ ჭამით კაცს შავი ნაღველი არ სდის, ხოლო თუ შავი ნაღვლის გამომწვევ საკვებს ხშირად შეჭამს, შავი ნაღველი მოემატება, სიცხე აუწევს, სიცხისგან დაიწვება და ამით კაცს ბევრი სნეულება შეეყრება, მსგავსადვე, როცა სული ზედიზედ რამეს სცოდავს, შემდეგ ეს ცოდვა ტანჯავს, რადგან უკვე დაჩვეულია მას. იცოდეთ, არსებობს კაცი, ვისაც თავად აქვს ბრძოლა რამე ცოდვის მიმართ და თუ ერთხელ მაინც ჩაიდენს, ამ ერთგზის ქმნით იგი მეყვსე[108]ულად ხდება მისი ჩვეულება და ვეღარ უმკლავდება მას მსგავსად კაცისა, ვისაც შავი ნაღველი აწუხებს და მავნე საკვების ერთხელ ჭამით ნაღვლის მყისიერ დენას იწვევს.

ახლა კი სიფხიზლე, სწავლა და შიში გვმართებს, ბოროტი ჩვეულება რომ არ შევიძინოთ. მერწმუნეთ, ძმებო, თუ კაცი ერთ ვნებას დაეჩვევა, დაისჯება, რადგან ხშირად კაცი ათ კეთილ საქმეს სჩადის და ერთ ბოროტებას - ჩვეულებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვევით გაკეთებული ეს ერთი ბოროტება სძლევს ხოლმე ათ სიკეთეს.

არწივი, მთელი სხეული თუნდაც გარეთ ჰქონდეს და მხოლოდ ბრჭყალით გაებას, განა მახეში არ არის, და მონადირე განა მაშინ არ მოკლავს, როცა მოისურვებს? სულიც ასეა: ერთი ვნებაც თუ ექნა, როცა მტერი მოისურვებს, დასცემს, რადგან ამ ვნებით მასზე ძალაუფლება აქვს მოპოვებული. ამიტომ ნიადაგ გეუბნებით: მოიცილეთ ყოველი ბოროტი ჩვეულება, ამიერიდან ყოველგვარი ბოროტი საქმისგან განვიწმინდოთ თავი.

დღედაღამ ვევედროთ ღმერთს, განსაცდელში არ აღმოვჩნდეთ. მაგრამ თუ ვიძლევით, როგორც კაცნი, და შევცოდავთ, ვიჩქაროთ, სწრაფად აღმოვფხვრათ იგი, ღვთის წინაშე მოვინანიოთ, ცრემლი ვღვაროთ; გამოვფხიზლდეთ, თავი განვიწმინდოთ და როცა ღმერთი ჩვენს გულმოდგინებას, თავმდაბლობასა და გულშემუსვრილებას დაინახავს, ხელს გამოგვიწვდის და წყალობას მოგვივლენს, ამინ.