|
ამბა დოროთე
სულის სასარგებლო სწავლანი
წერილი ძმისადმი, ვინც ჩვენი წმინდა მამა დოროთეს ნაპოვნი სიტყვები ითხოვა
[8]ვაქებ შენს გულმოდგინებას და შევნატრი კეთილი საქმის მიმართ შენს სიბეჯითესა და მაგ შენს კურთხეულ, არა დიდებისმოყვარე, არამედ თავმდაბლობისმოყვარე სულს, ძმაო, სასურველო. რაკი ასეთი გულისტკივილით ეძებ და მთელი გულით აქებ ჩვენი ჭეშმარიტად სანატრელი წმინდა მამის საქმეთა და სიტყვათა, ღმერთს საჩუქრად რომ მოუცია ჩვვნთვის, ცხადია, ღმერთი გიყვარს და სამარადისო ცხოვრებაზე ზრუნავ. როგორც დიდი გრიგოლი ამბობს: ”სათნოების ქება მოშურნეობის წინამძღვარია, მოშურნეობას მოაქვს სათნოება, სოლო სათნოება ნეტარჰყოფს კაცს”.
იმისთვის მიხარია და მახალისებს შენი ასეთი წარმატება, რომ დაემსგავსე მას, გულით მშვიდსა და მდაბალს, ვინც ცნობილ პეტრეს და მის მსგავსთა სოფლისგან განშორებაში მიჰბაძა. მანაც მსგავსადვე განიშიშვლა თავი სოფლის სიყვარულისაგან და თავი საღმრთო მამებს გადასცა, რათა მასაც შეძლებოდა მაცხოვრისთვის კადნიერად ეთქვა: ”აჰა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ” (მათ. 19.27). ამიტომ ღვთის მიერ ”აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი” (სიბრძნ. 4.13).
იგი ხილულ უდაბნოში არ იმყოფებოდა, არცა ხორცისმჭამელ მხეცებზე ბატონობა მიაჩნდა დიდ რამედ, არამედ სულიერ მეუდაბნოეობას ეძებდა და სურდა, მთათა საუკუნოთა მიახლებოდა, რათა მათ მიერ საკვირველად განათლებულიყო და სულთამკვლელი გველ-მორიელის თავნი დაეთრგუნა, რასაც სწრაფად მიაღწია კიდეც ქრისტეს შეწევნით და მოწამეთა დარად საკუთარი ნების უარყოფით, რამაც უწინამძღვრა მას და მამათა უცდომელ გზასთან მიიყვანა. ნების უარყოფის შედეგად მას ტკბილად მიაჩნდა ის სანატრელი მსუბუქი ტვირთი და ტკბილი უღელი, [9]რითაც ჩინებული და სიმართლესთან მიმყვანი თავმდაბლობის გზა დაისწავლა; მან სიტყვითაც და საქმითაც ისწავლა მამათა სიტყვა: "იყავი მოწყალე და მშვიდი!" მათ მიერ ყოველგვარი სათნოებით შეიმკო, ამიტომ ნეტარს ნიადაგ ბაგეზე ეფინა ბერთა სიტყვები: "ვინც მიაღწია თავისი ნების უარყოფას, მან განსასვენებელ ადგილს მიაღწია". ვინაიდან მან მიაგნო, რასაც დირსად ეძებდა, კერძოდ, რომ ყოველგვარი ვნების ძირი ხორცთა სიყვარულია და რომ იგი ჩვენი ტკბილ-მწარე ნებითაა გაზავებულ, ამიტომაც ნახა მან ეს მძაფრი წამალი და ამით ფესვებიანად დააჭკნო მისი საძაგელი რტოები, გახდა უკვდავების მამაცი მუშაკი,მოიპოვა ჭეშმარიტი ცხოვრება და მიწაში დამალული საუნჯე (შდრ. მათ 13), გულმოდგინედ ეძება, იპოვა და დაუშრეტელი სიმდიდრით გამდიდრდა მის მიერ.
მინდა, ჩემი ენა შესწვდეს და ჩემმა გონებამ დაიტიოს, რათა მრავალთა სარგებლობის მიზნით და სათნოების მაგალითის წარმოსაჩენად დაწვრილებით აღვწერო წმინდანის ცხოვრება, თუ როგორ განვლო ნეტარმა ეს დიდებული, ვიწრო და ფართო გზა. ვიწრო იმიტომ, რომ შეუმცდარი და განუბნეველი გონებით მიდიოდა ვიწრო ბილიკზე და გადაჩეხვისაგან ორივე მხრიდან დაიცვა თავი. ასე გვასწავლის ცხონების ამ ვიწრო გზაზე ღვთის დიდი მოყვარე ბასილი. ხოლო ფართო იმიტომ, რომ არ იყო შებოჭილი ამა ქვეყნის სიყვარულით, ღვთის მიერ თავისუფალი იყო მოღვაწეობაში და, რაც ყველაზე მთავარია, ჰქონდა ის მაღალი თავმდაბლობა, რითაც, დიდი ანტონის სიტყვისამებრ, ეშმაკის ყოველგვარ მახეს განერიდა. ჭეშმარიტად მასზე აღსრულდა დაწერილი: ,,ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად“ (ფსალმ. 118.96).
მაგრამ ამ საქმეს, როგორც შეუძლებელს, თავი ვანებე, რადგან ვიცი, ნეტარის ყველა სიკეთის მოთხრობა არ შემიძლია. იგი ბრძენი ფუტკრის დარად აგროვებდა ყვავილს და, სადაც რამე საჭიროს ნახავდა, დაუზარელად ჰკრებდა და ყოველივე სიკეთეს ასწავლიდა დრო-ჟამის შესაფერისად. ამიტომ, ჰოი, ბრმენო თუმცა კი გონებით გულმოდგინე ვარ, ჩემი უძლურება არ მანებებს, [10]ხელი მივყო საქმეს, შენმა გამრჯე და სიკეთისმოყვარე სულმა რომ მიბრძანა. მინდობით აღვასრულე იგი, რადგან ურჩობის სიმძიმემ და სიზარმაცის სასტიკმა სასჯელმა შემაშინა, ამიტომ მოგართვით თქვენ, ბრძენ ვაჭრებს, ჩემთან დადებული ეს ტალანტი - ნეტარის სწავლანი, რაც გვიპოვნია და რაც მან თავისი მამებისგან ისწავლა, შემდგომ კი თავის მოწაფეებს დაუტოვა ისევე, როგორც ჩვენმა მაცხოვარმა და ღმერთმა დატოვა, რაც გააკეთა და ასწავლა. თუმცა მის ყველა ნათქვამს ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ ეს მცირეოდენიც, რასაც მივაგენით, თანაც სხვადასხვა ადგილას გაბნეულსა და ღვთის ნებით ბეჯითთა მიერ შეკრებილს, ეს მცირეც საკმარისია შენი სიწმინდისთვის, როგორც დაწერილია: "ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძენეს იყოს" (იგავ. 9.8). და როგორი გულმოდგინე იყო წმინდა, რაჟამს ღვთის შეწევნით ერიდან გამოვიდა და თავისი გონებისამებრ შეუდგა ცხოვრებას! მამებთან ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა, ამჟღავნებდა ყოველგვარ ამქვეყნიურ ნივთთაგან სრულ სიშორეს, ჰქონდა მარტივი აღსარება, წმინდა სინდისი, განსაკუთრებით კი, გონივრული მორჩილება, რომელიც სარწმუნოებით იყო განმტკიცებული და სიყვარულით აღსრულებული. ძმების მიმართ იჩენდა სიმდაბლეს, არაკადნიერებას, სიწრფელეს, არ კამათობდა, მასში აღმოცენებული იყო განუკითხველობის ძირი და ჰქონდა თაფლზე უფრო ტკბილი სიყვარული. მსახურებაში იყო ბეჯითი და გონებაფხიზელი, ფრთხილი და უშფოთველი, მონასტრის ნივთების მიმართ - მზრუნველი, წესრიგიანი, კრძალული, არათავმომწონე.
ყველა ძმას რჩევით ეხმარებოდა. განსაკუთრებით ახასიათებდა თავმდაბლობა, ხალისიანობა, სულგრძელობა, წესიერება, ფრთხილი და სწავლისმოყვარე გონება. მაგრამ რაღა სათითაოდ ვასახელებ მის სათნოებებს, რადგან იმ კაცს ვგავარ, წვიმის წვეთებს ან ზღვის ტალღებს რომ ითვლის. ამიტომ ბეჭედს დავუსვამ ჩემს სიტყვას, ხოლო თქვენ გეტყვით ტკბილ სიტყვებს, რათა გაიხაროთ და გაიგოთ, თუ როგორი ცხოვრებიდან და ნეტარი მოღვაწეობიდან შეუდგა ღვთის განგებით სულების სწავლებასა და მათზე [11]ზრუნვას მოწყალე და შვილთმოყვარე მამა, ვინც ჭეშმარიტად ღირსი იყო სულთა დამწყემსვისა, ვინც დიდი იყო გონიერებით და უზომოდ მიმტევებელი, ვინც დიდი იყო სიბრძნით და უაღრესად კრძალვამოსილი, ვინც მაღალი იყო ხედვით და უმაღლესი - სიმდაბლით, ვინც ღვთისგან მდიდარი იყო და გლახაკი - სულით, ვინც ტკბილი იყო სიტყვით და უტკბილესი - შეხვედრისას, ნებისმიერი სნეულების უებრო მკურნალი, ვინც მდიდრებსა და გლახაკებს, ბრძენთ და უსწავლელთ, მამაკაცებსა და დედაკაცებს, მოხუცებსა და ასალგაზრდებს, მწუხარეთ და მხიარულთ, უცხოებსა და თავისიანებს, ერის კაცებსა და მონაზვნებს, მთავრებსა და ხელმწიფეებს, მონებსა და თავისუფლებს ღვთის მიერ მოცემული წმინდა სწავლება გადასცა, ტალანტი გაამრავლა, ყველასთვის ყველაფერი გააკეთა და მრავალი შეიძინა.
ახლა კი, საყვარელო, დადგა ჟამი, გითხრა ტკბილი სიტყვები. თუმცა წმინდანი მაღალი იყო სიბრძნით და სიტყვით - ძლიერი, ღვთის მცნების გამო თავმდაბლობა გამოიჩინა და ყველა მისი სიტყვა ადვილად გასაგებად და მსუბუქად გამოთქვა.
შენ კი ჰპოვე, რისთვისაც გაისარჯე და რაც გინდოდა. სიბრძნით განაშვენე შენი სიტყვები, შენთვის სასურველის ცსოვრებას მიჰბაძე და ჩემი მცონარებისთვის ილოცე. თავდაპირველად საჭიროა, ნეტარ დოსითეზე ვთქვა, ვინც მამა დოროთეს პირველი მოწაფე იყო სერიდოს მონასტერში ყოფნისას და ქრისტესნაირი მორჩილების ღვაწლს ეწეოდა.
|
|