მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ამბა დოროთე

 

მამა დოროთეს კითხვა-პასუხი წინასწარმეტყველად წოდებულ მამა იოანესთან

 

[159]მამა დოროთემ ჰკითხა მამა იოანეს: როგორ ვძლიო კადნიერებას და დავიოკო ენა?

პასუხი: ნიადაგ გლოვით.

კითხვა: ხალხში ყოფნისას ნიადაგ როგორ ვიგლოვო? ან არსებობს გლოვა მხურვალე ცრემლების გარეშე?

პასუხი: ცრემლებისგან კი არ არის გლოვა, არამედ გლოვისგან - ცრემლები. თუ ვინმე ხალხშია, თავის ნებას უარყოფს და სხვის ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს, ასეთი გლოვას მიაღწევს, რადგან ამ ორი საქმით თავის ცოდვებზე ზრუნვის ფიქრებითაა მოცული. კაცს რომ ასეთი აზრები აქვს, თავის ცოდვებზე ზრუნავს. მაშინ მას საღმრთო გლოვაც ეწვევა, ხოლო გლოვისგან ცრემლებიც იშვება.

კითხვა: ლანძღვა-შეურაცხყოფის მოთმენით დაყუდებამდე მივალთ?

პასუხი: როგორც ის, ვისაც სხვისი ვალი მართებს, სადაც უნდა წავიდეს, მაინც მოვალეა, შიშობს, მოსვენება და თავისუფლება არ აქვს, არხეინად რომ იყოს, მაგრამ თუ ვალს მისცემს და გათავისუფლების ხელწერილს მიიღებს, მაშინ შეეძლება, მოსვენებით და არხეინად დაჯდეს, სადაც მოისურვებს, ისე ცოდვებისა და ვნებებისგან გათავისუფლების მოსურნე კაცსაც მართებს თავისი ნების სრულად დატევება და ლანძღვა-შეურაცხყოფის მდაბლად მოთმენა, რადგან სხვა ვერაფერი დაამდაბლებს და გაათავისუფლებს კაცს ცოდვებისგან, როგორც ნების სრული უარყოფა და შეურაცხყოფის დათმენა.

როცა საკუთარი ნებისა და ვნებებისგან გათავისუფლდება და დამდაბლდება, მაშინღა დაეყუდოს და სულიწმიდით განიწმინდოს სული და გონება. მაშინღა იტყვის: ”იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ [160](ფსალმ. 24.18).

სხვა მაგალითს გეტყვი, რომ მიხვდე: ნახე, ჯვარცმამდე კაცთა შორის რამდენი ჭირი და შეურაცხყოფა მოითმინა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და მხოლოდ ამის შემდგომ ეცვა ჯვარს! ასევე, ვერავინ შეძლებს სრულ დაყუდებასა და სრული სიწმინდის შეძენას, თუ თავდაპირველად ქრისტესთან ერთად არ ევნო და სრულად არ უარყო თავისი ნება.

მოციქული ამბობს: ”უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდნეთ“. ახლა კი დარწმუნებული იყავი, რომ არ არსებობს ცხონების სხვა გზა, გარდა საკუთარი ნების სრული უარყოფისა. უფალმა მოგცეს ძალა, კეთილად დააფუძნო შენი სახლი მტკიცე კლდეზე, რომელიც არის ქრისტე.

კითხვა: რომელი გზა უფრო სწრაფად აცხონებს კაცს: შრომა თუ გონებისა და გულის სიმდაბლე?

პასუხი: სიმდაბლის გარეშე ჭეშმარიტი შრომა არ არსებობს, რადგან ამაო არის მარტოოდენ შრომა, როგორც დაწერილია: ”იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18). ვისაც ორივე აქვს, იგი სწრაფად ეწევა საუკუნო ცხონებას; მაგრამ ვინც არ შრომობს და მხოლოდ სიმდაბლით ითმენს შეურაცხყოფას, ასეთიც მალე ცხონდება, რადგან შეურაცხყოფის დათმენა და შრომა ერთმანეთის თანასწორია.

ვისაც მხოლოდ თავმდაბლობა აქვს, ისიც ცხონდება, მაგრამ მოგვიანებით. თუ ჭეშმარიტი თავმდაბლობის მოპოვება გსურს, შენს ნებას განუდექი, არარად შერაცხე თავი, ყოველთვის და ყველაფერში თავი დაადანაშაულე, ისე ელოდე სიკვდილს, თითქოს ახლოს იყოს, არ გავიწყდებოდეს და გონივრულად ელოდე მას.

კითხვა: მამაო, მითხარი, როგორ ავლაგმო გულმავიწყობა და გონებაგაფანტულობა?

პასუხი: ვინც იმ ცეცხლს მიიღებს, რომელზეც უფალმა თქვა: ”ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 12.49), ასეთს გულმავიწყობა არ შეაწუხებს და არც გონება გაეფანტება; [161]რადგან რაგვარ ფიქრებშიც უნდა იყოს კაცი, თუ მას ნაკვერცხალი დაეცა და ცეცხლი წაეკიდა, გონებას მოიკრებს და აღარ გაეფანტება. თუ შენ გულმავიწყობისა და გონებაგაფანტულობისგან თავის დაღწევა გსურს, სხვაგვარად ვერაფრით შეძლებ, თუ არა ამ ღვთიური ცეცხლის მოპოვებით, რადგან მისი მხურვალებით უჩინარდებიან ისინი. ეს ცეცხლი კი ღვთის შიშითა და სურვილით, სრული მორჩილებით მოიპოვება.

კითხვა: როგორ ავლაგმო ხორციელი სიყვარული?

პასუხი: კარგია, არ გქონდეს თანატოლის სიყვარული, რომელშიც კადნიერებაა და განცხრომა. ასეთი ჩვეულება გლოვას არ გააჩერებს შენთან. იცოდე, გაუჭირვებლად არანაირი კეთილი საქმე არ მიიღწევა.

კითხვა: როგორ დავიცვა თვალები?

პასუხი: ასწავლე თვალებს, არ იყურონ კადნიერად, რადგან კადნიერება არის ის, რაც მონაზვნის მთელ შრომას ღუპავს. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ კაცი გულისტკივილით არ ეძებს ღმერთს, ვერ მისწვდება მას. ხოლო თუ ყოველგვარი საქმისგან მოიცლის და ღმერთის ძებნას შეუდგება, ამით ყველანაირ სიკეთეს ეწევა, როგორც დაწერილია: ”მოიცალეთ და გულის ხმაყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“.

კითხვა: შეურაცხყოფა სიმდაბლეზე მეტია? ან რა არის გულშემუსვრილება? ან გულში უნდა იმცირებდნენ თავს თუ გარედანაც, ხალხის მხრიდანაც უნდა ხდებოდეს ლანძღვა-შეურაცხყოფა?

პასუხი: შეურაცხყოფა ორგვარია: ერთი გულიდან მოდის და მეორე - გარედან, ხალხისგან. გულიდან მომდინარე დამცირებაზე მეტია გარედან, ხალხისგან მიყენებული შეურაცხყოფა. გულისას ისეთი ტკივილი არ ახლავს, როგორიც სხვებისგან მიღებულს. თუ ვინმე თავისი ნებით ეძიებს შეურაცხმყოფელ საქმეებს ან თავს იმცირებს, ამგვარი საქმე სრულყოფილი არ არის, რადგან მას სიამაყეც შეჰყვება ხოლმე. თუკი ვინმე სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფას მოითმენს და ყველაფერში [162]დაემორჩილება, რასაც ეტყვიან, ასეთი დიდ წარმატებასა და სრულ თავმდაბლობას მიაღწევს. ეს არის გულშემუსვრილება - არ დაუშვას კაცმა აზრების გაფანტვა უცხო რამის გამო, რადგან საკუთარ ცოდვებზე ურვისა და თავის წვრთნის გარდა, ყოველი საქმე უცხოა და ზრახვათა განმფანტავი.

კითხვა: კაცს საქმეები მართებს მდაბალი, თუ სიტყვები?

პასუხი: სიმდაბლე ისაა, რომ ნებისმიერ საქმეში არად შერაცხონ თავი, არაფერში მისდიონ საკუთარ ნებას, ყველაფერში მორჩილი იყვნენ და ხალხისგან მიყენებულ წყენასა და ჭირს უდრტვინველად ითმენდნენ. ეს არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა, სადაც ამპარტავნებას ადგილი არ აქვს.

და თუ ვინმე მხოლოდ სიტყვით ამბობს, უფრო მეტად გაამპარტავნდება.

კითხვა: მიბრძანე, კარგი იქნება, თუ ყოველგვარ საჭმელს მივიღებ და არ გავძღები, არც ვინმეს ვაჩვენებ, სხვა ძმებზე მეტს თუ ვაკეთებ?

პასუხი: მეტად კარგი იქნება, თუ ყველანაირ საჭმელს მიიღებ და არ გაძღები.

კითხვა: რას მიბრძანებ: როცა ვინმესთან ვლაპარაკობ და საუბარი გვიგრძელდება, მინდა, ავდგე, მაგრამ მრცხვენია. არადა, თუ არ ავდექი, გონება მეფანტება, საუბარში ერთვება და თავის წვრთნა მავიწყდება.

პასუხი: თუ საუბარი სულისთვის სასარგებლოა, დარჩი; თუ სულისთვის უსარგებლოა და ამაო, ნუ გრცხვენია, უთხარი: შემინდეთ და ადექი. სირცხვილთან დაკავშირებით გაიხსენე ის საშინელი დღე, თუ როგორ შერცხვებათ ცოდვილებს. შეგეწიოს ღმერთი, ვისიც არის დიდება უკუნისამდე.