მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

მისივე, ჩვენი წმინდა მამა დოროთეს გამონათქვამები

[148]მამა დოროთემ თქვა: შეუძლებელია, ვინც საკუთარ ნებასა და გულისთქმას მისდევს, მორჩილება შეიძინოს ან მისწვდეს და ღირსი გახდეს ღვთის ნების ქმნისა, რადგან მორჩილების გარეშე, შეუძლებელია, საქმე სრულყოფილი და უშეცდომო იყოს.

კიდევ თქვა: ძმებო, არ უნდა დავუჯეროთ ჩვენს აზრებს და ჩვენს განზრახვასა და ნებას არ უნდა შევუდგეთ, რადგან ვნებებით შეპყრობილნი ვართ, მრუდეა ჩვენი საქმეები და სიკეთესაც მრუდედ ვაკეთებთ.

კიდევ თქვა: ვინც არ უგულებელყოფს ხორციელ შვებასა და საკუთარი ნების აღსრულებას, იგი ვერ გახდება ღირსი სულის ცხონებისა.

კიდევ თქვა: ნუ ითხოვ მოყვასისგან სიყვარულსა და პატივისცემას, რადგან ეს შენს სულს არას რგებს, პირიქით, ვნებს. შენ გიყვარდეს და შენ ეცი პატივი მოყვასს, რადგან ვინც მოყვასისგან ითხოვს სიყვარულსა და პატივისცემას, იგი მუდმივად შფოთშია. თავად შენ აჩვენე, რათა ამრიგად მასაც ჰქონდეს სიყვარული.

კიდევ თქვა: ვინც საღვთო საქმეს აკეთებს, მას ყოველი მხრიდან ექნება განსაცდელი, რადგან ყოველ კეთილ საქმეს ან წინ უძღვის, ან უკან მოჰყვება განსაცდელი. ვერც ერთი კეთილი საქმე ვერ იქნება მყარი, თუ განსაცდელით არ გამოიცადა.

კიდევ თქვა: როცა მოყვასის სიტყვას უყურადღებოდ არ ტოვებენ, ეს არის თავმდაბლობა. უნდა შევიწყნაროთ მოყვასის სიტყვა, თუნდაც უმნიშვნელო იყოს.

კიდევ თქვა: თუ რამე საქმე გამომიჩნდა და იგი მამის ნებითაა, თუნდაც მეტად არასწორად მიმაჩნდეს, მირჩევნია, გავაკეთო, ვიდრე ჩემს განზრახვას მივენდო და გავაკეთო ჩემი ნებით, კარგი რომ მგონია.

კიდევ თქვა: ძმებო, კარგია ჩვენთვის, ჩვენი ნების აღსრულებას გავურბოდეთ, რადგან იგია ზღუდე ჩვენსა და ღმერთს შორის.

[149]კიდევ თქვა: ყოველ საქმეში, სულიერი იყო თუ ხორციელი, არ ვესწრაფოდი ჩემი ნების აღსრულებას, არამედ თავს ჩემი მამის ნებას ვანდობდი.

კიდევ თქვა: იცოდეთ, ძმებო, ვინც საკუთარ ნებას კი არ მისდევს, არამედ თავისი მამისას, იგი ნიადაგ ღვთის ნებას ასრულებს.

კიდევ თქვა: ვინც თავის ნებას არ ასრულებს, ის ნიადაგ თავის ნებას ასრულებს, რადგან არ მისდევს რა თავის ნებას, ყველაფრის მოსურნეა, რაც უნდა მოხდეს, და ყველაფრის დროს დამშვიდებულია, ვინაიდან იმის გაკეთება კი არ სურს, რაც მას სწადია, არამედ იმისა, რაც მოსახდენია.

კიდევ თქვა: თუ ვინმე ნახავს, რომ მოყვასი შეურაცხყოფს მას ან სხვა რამ ბოროტებას უკეთებს, საკუთარი თავის გამო მხილება არც იმჟამად მართებს და არც სხვა დროს.

კიდევ თქვა: საღვთო სიყვარული ბუნებრივ სიყვარულზე მეტია.

კიდევ თქვა: ძმებო, ნუ აკეთებთ ბოროტებას სიცილითა და ხუმრობით, რადგან ხშირად კაცი სილაღით სჩადის ბოროტებას, საბოლოოდ დაეჩვევა ხოლმე და თუნდაც აღარ უნდოდეს მისი კეთება და თავის დანებება მოისურვოს, ვეღარ შეძლებს, რადგან ჩვეულებად აქვს.

კიდევ თქვა: ვისაც რამე ვნება აქვს, ღმერთს მისგან გათავისუფლება ჭირის გამო კი არ უნდა ევედროს, არამედ იმისთვის, რომ მოიძულოს მისი (ვნების - რედ.) ყველა საქმე, როგორც დაწერილია: ”სიძულილითა სრულითა მოვიძულენ“ (ფსალმ. 138.22).

კიდევ თქვა: შეუძლებელია, ვინმე განურისხდეს მოყვასს, თუ ჯერ მასზე გულით არ მედიდურობს, არ შეურაცხყოფს და თავი მასზე მეტად არ მიაჩნია.

კიდევ თქვა: როცა ვინმე რამე ბოროტებას აკეთებს და მხილებისას მყისვე ბრაზდება, იცოდეთ, რომ თავისი ნებით ჩადის ბოროტებას; ხოლო ვისაც მხიწღება არ აბრაზებს, ასეთი, ცხადია, თავისი ნებით კი არ ჩადის ბოროტებას, არამედ ჩვეულება სძლევს ან არ იცის, ის საქმე ცუდი რომ არის.

[150]კიდევ თქვა: დიდი საქმე არ არის, თუ ვინმე ბოროტებას სჩადის, ამხელ, ის მყისვე პატიებას გთხოვს და შენ არ განიკითხავ; არამედ ის არის დიდი საქმე, თუ ბოროტების ჩამდენს ამხელ, იგი განრისხდება, გაგლანძღავს, შენ კი არ განიკითსავ, ლმობიერებას გამოიჩენ და ძვირს არ ეტყვი.

კიდევ თქვა წმინდა დოროთემ: ჰოი, მორჩილებაში მყოფო ძმაო, არ დაუჯერო, რასაც გული გეტყვის, არ ენდო შენს გონებას, რათა გულის თვალით არ დაბრმავდე, არც რამე აკეთო დაუკითხავად, არც გულში გაიფიქრო ბოროტი: ამას ჩემს მამაზე უკეთ გავიგონებო. ნუ ხარ შენი მამის საქმეთა მსაჯული, რათა ქრისტეს მცნებების წინაადმდეგი არ აღმოჩნდე და სრულიად არ წარწყმდე. ეშმაკებისთვის დიდად სასიხარულოა, მორჩილებაში დაგაბრკოლონ და ვერ პოვო ცხონება, მორჩილებიდან რომ მოდის. თუ შენს მამას მთელი გულით დაემორჩილები, უშეცდომოდ ივლი წმინდა მამების გზით. ეცადე, ცოტა-ცოტა უარყო შენი ნება, რათა ამგვარად ჩვევად გექცეს და მცირეში ისწავლო შენი ნების ძლევა. შემდეგ დიდშიც შეძლებ ნების დატევებას, არაფერზე დაგწყდება გული, არც შენი ნებისამებრ რამეს გაკეთებას ისურვებ, არამედ შენი მამის ნებისამებრ, და ასე მიაღწევ შეუმცდარობასა და სულის მშვიდობას.

ძმაო, ეცადე, ისევე არ დაარღვიო მამის მითითებები, როგორც ღვთისა და იცოდე, მისი მცნებების დარღვევით ღვთისას არღვევ. ძმაო, ყოველთვის ყველაფერში წრფელი გულით დაიდანაშაულე თავი, არაფრად შერაცხო თავი. რა განსაცდელი და წყენაც შეგემთხვევა, იცოდე, რომ ღვთისგანაა შენი ცოდვების განსაკურნებლად, და ასე, სიხარულითა და მოთმინებით თავს იღევ მოწეული ჭირი და დამცირება. ლანძღვა და ყვედრება ცოდვებისა და ვნებებისგან განმწმენდელ ძლიერმოქმედ წამლად მიიჩნიე, უმთავრესად კი იმ დიდი და საშინელი ვნებისგან, როგორიც არის ამპარტავნება. გიყვარდეს შენი მაგინებლები და ისევე ილოცე მათთვის, როგორც შენი სულის მკურნალებისთვის.

მაგრამ იცოდეთ, ვისაც სძულს ლანძღვა, ყვედრება, მხილება [151]და დამცირება, მას თავმდაბლობა სძულს; ვინც მათ გაურბის, იგი თავისი სულის ცხონებას გაურბის. არ მოინდომო მოყვასის ბოროტების გაგება. თუ გაიგებ, არ განიკითხო, არამედ შენი ცოდვები, სამარადისო ცეცხლი და მოკლე ხანში მომავალი სიკვდილის დღე გაიხსენე. შეძლებისდაგვარად დაიცავი შენი სინდისი, არ უგულებელყო, ყოველ საქმეში, უწინარეს სიტყვის თქმისა ან საქმის ქმნისა, დაუკვირდი, დარწმუნებული თუ ხარ, ღვთის ნება რომ არის, თქვა ან გააკეთო. თუ არა, გაიხსენე, ძმაო, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიტყვა, რომ ყოველი უქმი სიტყვისთვის პასუხის გაცემა მოგვიხდება (შდრ. მათ. 12.36). ასე მოითმენ და წინ აღუდგები იმ სიტყვასა თუ საქმეს.

თუ გსურს, ყოველ შენს სიტყვასა თუ საქმეში ღვთის ნება იყოს, არ გააკეთო, რაც შენ გინდა, არამედ ის გააკეთე, რაც შენი მამის დასტურით, სიტყვითა და ნებით არის, როგორც დაწერილია: ”ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2 სჯულ. 32.7), და ასე, ძმაო, მთელი გულითა და ძალისხმევით შეუდექ შენი მამის ბრძანებასა და ნებას, რადგან ასე სურს ღმერთს. თავმდაბლად მიანდე შენი თავი და სული ღვთის მცნებასა და შენი მამის ნებას, ყოველთვის თავი დაიდანაშაულე, რომ უძლური და სნეული ხარ, არაფერში აღასრულო შენი ნება და განზრახვა და ამრიგად შეგეწევა ღმერთი, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა მამა იოანე ოქროპირმა თქვა: შეუძლებელია, ცათა სასუფეველში შევიდეს ვინმე, თუ ჯერ თავი არ უარყო, სრულად არ დაუტევა თავისი ნება და ყოველგვარი დრტვინვის გარეშე თუ უყოყმანოდ არ ასრულებს თავისი მოძღვრის ბრძანებას. როცა კაცი, რაც არ სურს, იმას აკეთებს მოძღვრის სიტყვისამებრ, ეს ჯვარცმად შეერაცხება და იგი აღდგომისა და სამარადისო ცხოვრების შვილი იქნება, რადგან ნეტარია კაცი, ვინც სწავლების განსაცდელს ითმენს. გამოცდილი იქნება იგი, რადგან ღმერთი დამკვიდრდება მასში და სავანე ექნება მასთან, როგორც თავადვე ამბობს.