მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

† წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)

გამოკრებილი სწავლანი

როდესაც შენ გშიან, გწყურიან, ავათა ხარ, მწუხარე ხარ, შიშველი ხარ, ღარიბი ხარ და რამე უბედურებათა შინა ჩავარდნილი ხარ, მაშინ რასა გრძნობ და ვითარი მწუხარება გაქვს, და რამდენად გიღირს გამოხსნა და შეწევნა? აი ესრეთი აქვს შენს ძმას საჭიროება შეწევნისა, როდესაც ზემო თქმულს გაჭირვებაში ჩავარდნილია.

 

მოწყალე კაცის გული მწუხარეა, როცა ტანჯული ძმისთვის არ აქვს ღონე საშველისა და ესე მწუხარება შეწირულ არს ღვთისა, ვითარცა საქმე.

მოწყალების მადლი ისეთი ძლიერია, რომ ავიწყებს კაცს თავის სიამოვნებას, რათა ჭირი მოყვასისა აღასუბუქოს.

 

კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს.

 

ეცადე, ძმაო, გულის ძლევას, რომ შეურაცხმყოფელი არ მოიძულო, თორემ ქრისტეს მორჩილი არ იქნები და ვინცა ამას ვერ ძლევს, იგი უსათუოდ მონა იქნება მარადის გულ-ძვირობისა და ლოცვა მისი შეუწყნარებელი დარჩება.

არა არს არც ერთი სათნოება ისე მაღალი და კაცის დამაგვირგვინებელი და განმწმენდელი, როგორიც არის შეურაცხმყოფელის და მტერის სიყვარული.

 

ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა მისგან.

ასე თითოეულ საგანში, რომლითა განიკითხვის მოყვასი ჩვენგან, შეიძლება მეორითა და სხვითა საქმითა უფრო მაღლა იდგეს ხარისხი მისი, ვიდრე ჩვენი.

 

ისეთი საუცხოვო მზაკვარ-მხატვარია ეს სულის დამღუპავი ამპარტავნება, რომ რაც ნამდვილად ხარ იმას შორს გადაისვრის და რაც არ ხარ, იმას შეგაჩეჩებს ძვირფას სურათად ხელში. ამნაირად ამპარტავნება უძნელებს ადამიანს საკუთარ თავის ცნობას, აძლევს თავის ნაკლულევანება-ღირსების ყალბ ანგარიშს და ამნაირად წინ ეღობება კაცის წინსვლასა და სულიერად ამაღლებას.

 

ვინც უნდა იყოს: მეფე და მონა, სწავლული და უსწავლელი, ყოველნი კაცნი საწყალნი ვართ და ცოდვისადმი მიზიდული და დამონებული, რომლისათვის ყოველთა გვესაჭიროება მკურნალი სულის სნეულებისა, რომელ არს სინანული. უამისოდ შენ ძმაო, დარწმუნდი, მარტო ხორცით იქმნები კაცი და არა გონებით, უსინანულოდ ხორცის მუშა ხარ და არა სულისა. უსინანულოდ ძმაო, მზგავსი ხარ ეშმაკისა, რამეთუ არცა მან შეინანა ცთომა მისი და გარდამოითხია ქვესკნელად და ვინაიდგან გზასა მისსა შედგომილ ხარ, შენცა მისთანა გექმნება სავანე.

 

ვის არ დააღონებს დღევანდელი უზრუნველად და უდებად ყოფნა იმ პირთა, რომელნიც მოძღვარ-მწყემსის სახე-სახელს ატარებენ, საქმით კი დროთა ბრუნვის ბედ-იღბალს ჩააბარეს მათი სამწყსო და თვითონ კრინტსაც არა ძვრენ. განა არ არცხვენთ მათ საერო პირთა მოღვაწეობა, თუ როგორის დაუღალავის ენერგიით მუშაობენ და იღვწიან მათი მიზნის მისაღწევად?! – სარწმუნოების უარმყოფელნი, დღევანდელი სოფლის „განმანათლებელნი“ თავ-განწირვით ეტანებიან თავის საქმეს – უკუღმართ მწერლების სიტყვების შესწავლას და მათს ცხოვრებაში გატარებას. ჩვენ კი გულ-გრილად შევყურებთ მათს უღმრთო გამოლაშქრებას. ნუთუ ისე შევშინდით, ისე დავკნინდით და შევრცხვით, რომ დავკარგეთ წინ-სვლელობის იმედი?! ამით თვით ჩვენ ვჩდებით დამრღვევი სარწმუნოების ძლიერებისა და ვემასხრებით მაცხოვრის სიტყვებს – (სახარებას); რამეთუ ხმა უძლეველი ზეგარდმო ესრეთ დაგვძახებს: „აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“. მოხედეთ შეუორგულებელის რწმენით ამ დიდებულ და უძლეველ აღთქმას და დაღაცათუ „ყოველი თესლები გარე მოგვადგეს ჩვენ, სახელითა უფლისათა ვერეოდეთ მათ“.

 

დაბადებიდან გარდაცვალების შორის განვლილ ჩემი დღეთა ცხოვრების მოქმედებანი, ყოველივე მეჩვენებიან უგულისხმობით სავსე მოქმედებად, რადგან მოქმედებათა ხასიათი ცდომილ მიზეზოვანია: ე.ი. თავმოწონებითი, ქება-დიდების მძებნელობით, თავ-გამოჩენის მოაზრებით, რასაც ამოძრავებს ამპარტავნება. ხოლო ამპარტავნება სიბნელის მამაა და მაშასადამე, განშორებული ნათელ ცნობიერებისა ვარ მე.

ოდესმე თუმცა ვოცნებობდი... ჩემი კეთილ მოქმედებების ხედვით, მაგრამ დღეს სრულიად აღმოიხოცა ჩემი გულიდან ჩემმიერ რამე ღირსეულად კეთილ მოქმედების ხსოვნა და წარმოდგენა. ვხედავ ჩემს თავს უსაცოდავეს არსებად, პირუტყვთა უგუნურესად, სირცხვილის სამსჯავროში უპასუხოდ დადუმებული, რამეთუ მხოლოდ და მხოლოდ ვიქმენ ხორც...

წიგნიდან „წმ. ალექსი ბერის მოძღვრებანი“, თბილისი 2002 წ.