მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე შმემანი


მართლმადიდებლობის ისტორიული გზა


თავი მეხუთე. მსოფლიო კრებების ეპოქა

1. შესავალი ანუ ქრისტოლოგიური დავები და მათი მნიშვნელობა მართლმადიდებლობის ისტორიაში

ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოებში მეოთხე-მერვე საუკუნეებს შორის არსებული წლები მსოფლიო კრებების ეპოქად მოიხსენიება. ამ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რასაც ადამიანური გონის "ჭეშმარიტი აზროვნების" სივრცეში შეჭრას უწოდებენ. პროცესის უმაღლესი ნიშნული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო, სხვაგვარად - ქალკედონის მსოფლიო კრება (451 წ.) ანუ "ძეგლ მართლმადიდებლობისა" იყო. კრებამ "განაჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორთა ბუნებათა: განუყოფელად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად". შემთხვევითი არ არის, რომ ამ კრების შემდეგ არა მხოლოდ საღვთისმეტყველო, არამედ ნებისმიერი, ეკლესიის გარეთაც კი გაჩენილი პოლიტიკური საკითხი, რომელიც არიანობის სანაცვლო "ქრისტიანულ შფოთსა და ამბოხებას" იწვევდა და იწვევს, ბოლოს ასე თუ ისე მაინც ან ქალკედონამდე მიდის, ან მისი შედეგების შინაარსით განისაზღვრება. მეოთხე მსოფლიო კრების ეპოქაში აშკარად შეიგრძნობოდა მოთხოვნილება, ადამიანისთვის იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შინაარსი და მნიშვნელობა გარკვეულიყო. საქმე ის არის, რომ დავა იესო ქრისტეს ბუნების შესახებ ყოველთვის ადამიანისა და მისი დანიშნულებისადმი აზრთა სხვადასხვაობაში იღებდა სათავეს და კამათის სიმწვავეც სწორედ იმ "მიწიერი" საგნობრიობიდან წარმოიქმნებოდა, რაც თან სდევს ჩვეულებრივ ადამიანურ დაპირისპირებებს.

როგორც მოყვანილი მასალებიდან დავინახეთ, მთელი მეოთხე საუკუნე უწინარესად სამების შესახებ არსებული საღვთისმეტყველო თემით იყო განმსჭვალული და საკითხი სწორედ "ქრისტოლოგიურ" პერსპექტივაში წამოიჭრა. იესო ქრისტეს განკაცების საიდუმლოს ახსნის საჭიროება თავიდანვე იმით განისაზღვრა, რომ გარკვეულიყო, შესაძლებელი იყო თუ არა მასში ღმერთის დანახვა თუ ადამიანი უფალს ჩვეულებრივ ქმნილ არსებად წარმოიდგენდა და, აქედან გამომდინარე, ვერასოდეს შესწვდებოდა მისი მიწიერი ღვაწლის ნამდვილ შინაარსსა და სიღრმეს. საკითხი ასე იდგა: აერთიანებს თავის პიროვნებაში იესო ქრისტე ღმერთსა და კაცს თუ კვლავ მოქმედებს პირველი ცოდვის უფსკრული და ადამიანი დაცემულობის ტყვეობისა და ხრწნილებისთვისაა სამუდამოდ განწირული? დასმულ კითხვაზე ნათელი პასუხი უკვე ნიკეაში "ერთარსობის" გამარჯვება იყო. ქრისტე ღმერთია, ღვთის განკაცება და ღმერთის ძის ჩვენ გვერდით ყოფნა სრული რეალობაა, ხოლო ძე ღმერთში მამის სიყვარულისა და სულიწმინდის მადლის მკვიდრობა სამების ერთარსობის სრულფასოვანი და ნათელი გამოვლინებაა... ამ მოვლენის შემდეგ ყოველგვარი ძველი და მაცდუნებელი აზრი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ადამიანურ სიტყვაში ასახვისკენ მიილტვოდა, არიანულ შფოთთან ერთად საბოლოოდ ჩაიფერფლა. მეორე მხრივ, იესო ქრისტესთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობა და ამ პროცესის გააზრების მცდელობა ადამიანისთვის ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებად გადაიქცა. მაგრამ მიუხედავად ადამიანის აზროვნებაში ასე რთულად გადალახული სიძნელეებისა და მიღწეული უდიდესი მნიშვნელობის წარმატებებისა, ნიკეური გადაწყვეტილება ახალ კითხვებს მაინც ბადებდა. კერძოდ, გაუგებარი იყო და ჩნდებოდა ლოგიკური კითხვები: თუ იესო ქრისტეში ღმერთი და ადამიანი გაერთიანდა, როგორ მოხდა ასეთი გაერთიანება და ამ ერთობაში რა ადგილი უკავია ადამიანს? განა შეიძლება არ "ჩაიფერფლოს" ღმერთთან ასე ახლოს მყოფი ადამიანური ბუნება? ეს ერთობა ხომ არ არის რაიმე ახალი ილუზია? თუ ქრისტე ღმერთია, რაში მდგომარეობს მისი ადამიანური ღვაწლისა და სარჯელის ფასეულობა? აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კითხვები არც ბერძნული ფილოსოფიური აზროვნების დასაკმაყოფილებლად და არც რაიმე აბსტრაქტული პასუხებისა და ფორმულების მოძიებისთვის არ იბადებოდა. შეკითხვების მთავარი მიზანი არც ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობით გამოწვეული, ღმერთის საიდუმლოებებში "ძრომიალის" სურვილი ყოფილა. ეს იყო ადამიანის თავისუფლებისთვის, მისი ქმედების შინაარსისა და პიროვნული თვისებების გამოკვლევისთვის გაწეული გულწრფელი ძალისხმევა. ეს კითხვები უკვე მეოთხე საუკუნის დასასრულს, არიანულ დავებთან დაკავშირებით დაისვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კითხვები დაისვა, მაგრამ, საუბედუროდ, მათ ნიკეის სიმბოლოს ერთ-ერთმა ცნობილმა დამცველმა აპოლინაროს უმცროსმა ლაოდიკიელმა ეპისკოპოსმა უხეიროდ უპასუხა. აპოლინაროსი იესო ქრისტეში ღმერთისა და ადამიანის ერთიანობას ადამიანური ბუნების დამცრობის საშუალებით განმარტავდა. ის მიიჩნევდა, რომ იესო ქრისტეში ღვთაებრივმა გონმა - ლოგოსმა ადამიანური, ანუ ქმნილი გონი ჩაანაცვლა, და რადგან გონი ადამიანის უმაღლესი განმკარგველი ნაწილია, თავისი ღვთაებრივი გონით ადამიანი იესო ქრისტე ღმერთია... აპოლინარიზმი თავიდანვე ერესად იქნა მიჩნეული და დაიგმო, ამავე დროს განიმარტა, რომ თუ ნამდვილ სრულ ადამიანს, იესო ქრისტეს, მისი ადამიანური სახის დაკნინებული მსგავსება ჩაანაცვლებს, ადამიანის ჭეშმარიტ ცხონებაზე ვერასოდეს ვეღარ ვილაპარაკებთ. მაგრამ კვლავ, ისევე, როგორც არიოზთან ბრძოლის შემთხვევაში, მხოლოდ წარმოქმნილი ერესის დაგმობა დადებითი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო გახდა პრობლემის ღვთისმეტყველური თვალსაზრისით განხილვა და გადაწყვეტა. დავა გამწვავდა კიდეც, როდესაც ერთმანეთის წინაშე ნესტორ კონსტანტინოპოლელი და კირილე ალექსანდრიელი წარდგნენ. ეს დაპირისპირება მეხუთე საუკუნის დასაწყისში მოხდა.

ნესტორი და კირილე ქრისტიანული აზროვნების ორ სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენდნენ. ისინი ქრისტიანობის არსს სხვადასხვა "ფსიქოლოგიური" თვალსაზრისით განიხილავდნენ. მათი სკოლები თავიანთი ხანგრძლივი და თანმიმდევრული განვითარების პროცესს გაცილებით უფრო ადრე შეუდგნენ, ვიდრე ქრისტოლოგიური დავები დაიწყებოდა. ანტიოქიისა და ალექსანდრიის სკოლების განსხვავება მრავალი მიზეზიდან გამომდინარეობდა, მაგალითად: "ანტიოქიური" სკოლა არისტოტელეს ფილოსოფიურ გავლენას განიცდიდა, ხოლო "ალექსანდრიულს" პლატონის კვალი აჩნდა; ერთში - სემიტური "რეალიზმი", მეორეში კი ელინისტური "იდეალიზმი" მძლავრობდა. განსხვავებები სათავეს საწყის ინტუიციებსა და რელიგიური ანალიზისადმი მიდგომებში იღებდა. ერთი სიტყვით, ყველა ეს თავისებურება სხვადასხვა რელიგიური ჩვეულებიდან და ტრადიციიდან გამომდინარეობდა. ღვთისმეტყველების თვალსაზრისით კი ეს სხვაობა, ძირითადად, წმინდა წერილის განმარტების მეთოდოლოგიებში ვლინდებოდა. ანტიოქიელები ერიდებოდნენ ალეგორიებს, სიმბოლოებს, ტექსტში "სულიერი შინაარსის" სიღრმეების ძიებას, ანუ ყველაფერ იმას, რაც უკვე ორიგენეს შემოქმედებაში საკმაოდ მსუყე ფერებით გამოვლინდა. წმინდა წერილში ანტიოქიელები ძირითადად სიტყვებისა და ფრაზების პირდაპირ მნიშვნელობებს, ისტორიულ სიზუსტეებს ეყრდნობოდნენ, შემდეგ ღვთისმეტყველურ დასკვნებს ამ გზით მოპოვებული ცოდნის შესაბამისად აკეთებდნენ. ერთმა თანამედროვე მკვლევარმა ამ დასკვნებს "ანთროპოლოგიური მაქსიმალიზმი" შეარქვა. ასეთი თვალსაზრისით წაკითხულ წმინდა წერილში ყურადღებას, უწინარეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მიწიერი ღვაწლი და მისი "ადამიანურობა" იპყრობდა. ქრისტიანთა თავდადება და ადამიანური თავისუფლებაც ანტიოქიელებისთვის სწორედ ამ ნიშნით განიხილებოდა. მაგრამ ძალიან ადვილი იყო საფუძველში ამ სწორი სახარებისეული პოზიციიდან იმ მგრძნობიარე ზღვარს იქით გასვლა, რის შემდეგაც იესო ქრისტეში ადამიანური წვლილი გაძლიერდებოდა და ღვთაებრივ სახეს დაკარგავდა. ამგვარად, ნელ-ნელა იკვეთებოდა, ძლიერდებოდა ადამიანი და აქვე გარკვეულწილად მინავლდებოდა და მძიმე ღვაწლში უჩინარდებოდა ღმერთის განკაცებული ძის მართალი მახარებელი სახე...

თანდათანობით სირიაში გარკვეული საღვთისმეტყველო ტრადიციები ჩამოყალიბდა. ამ სიახლის სული უკვე აშკარად შეიგრძნობოდა მეორე მსოფლიო კრების ერთ-ერთი მთავარი მონაწილის დიოდორე ტარსელის შემოქმედებაში, ხოლო ტრადიციული და სისტემატური სახე მან დიოდორეს მოწაფის - თეოდორე მაპსუეტელის სწავლებაში მიიღო. უკვე აშკარად სწორედ მასთან გამოჩნდა ანტიოქიური, სხვაგვარად - "აღმოსავლური" გზის თანმდევი საშიშროებები. თეოდორე იესო ქრისტეში ორ "სუბიექტს" ღიად განასხვავებდა, მაგრამ მათ შორის ერთიანობა ერთპიროვნულობას კი არა (თუმცა სხვა აზრით ის ამ ტერმინს მაინც იყენებდა), არამედ ერთი მათგანის განვითარების შედეგად ორთა შორის მიღწეულ ნებათა შეთანხმებულობას და ერთობას გამოხატავდა... "ეს ერთობა ვითარდებოდა... და იესო ქრისტეც, როგორც ყველა სხვა "სრულყოფილი ადამიანი", სულით, სხეულით და შემეცნებითი შესაძლებლობებით იზრდებოდა, საკუთარ ვნებებსა და გულისთქმებს ებრძოდა და სულ უფრო მეტად მნიშვნელოვან სულიერ ძალებს ეუფლებოდა. თეოდორე ფიქრობდა, რომ ვინაიდან იესო ქრისტე სრული ადამიანია, შეუძლებელია ყველაფერი ასე არ ყოფილიყო... ამრიგად, თეოდორე უმთავრეს ყურადღებას იესო ქრისტეს ადამიანურ ღვაწლზე ამახვილებდა - მას მიაჩნდა, რომ იესო ქრისტე ღვთის ძალითა და ნებით არის ცხებული და მისი ადამიანური, თავისუფალი ბუნება ღმერთის მიერ არის კურთხეული" (დეკანოზი გ. ფლოროვსკი).

მაგრამ ამ "ასკეტურმა ჰუმანიზმმა" საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერეტიკული სახე თეოდორეს მოსწავლის, ნესტორის შემოქმედებაში მიიღო. ბრწყინვალე მქადაგებელი, სწავლული, ასკეტი ნესტორი იმპერატორმა თეოდოსი II-მ 428 წელს სირიიდან კონსტანტინოპოლის კათედრაზე მიიწვია. აქ ნესტორი წარმართებთან და სხვადასხვა ჯურის ერეტიკოსებთან მწვავე ბრძოლაში ჩაება. მეორე მხრივ, ნესტორი თავდაუზოგავად ცდილობდა, სამღვდელოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ზნეობრივი რეფორმა გაეტარებინა. ნესტორი კონსტანტინოპოლიდან ყველაფერი იმის განდევნას ცდილობდა, რაც, ღვთისმეტყველური თვალსაზრისით, მისთვის მიუღებლად იყო. უკომპრომისო და ენერგიული ბრძოლის გამო მას მტრებიც სწრაფად გამოუჩნდა, მათ შორის, იმპერატორის და პულქერიაც იყო. ნესტორი დიდ მკრეხელობად მიიჩნევდა ქალწული მარიამის ღვთისმშობლად მოხსენიებას. ლიტურგიულ პრაქტიკაში უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ ამ სიტყვას თეოდორე მაპსუეტელიც უარყოფდა: "...უგუნურნო, ნუთუ მიგაჩნიათ, რომ ქალწულისგან შეიძლებოდა ღმერთი დაბადებულიყო. ქალწულისგან ის იშვა, ვისაც ქალწულის ბუნება აქვს და არა ღმერთი - სიტყვა... დაიბადა ის, ვინც დავითის შთამომავალია", - ამბობდა იგი.

სხვათა შორის, სანამ შესაბამისი სწავლება გაჩნდებოდა, იესო ქრისტეში ადამიანისა და ღმერთის სრულ ერთიანობას ეკლესია გამოხატავდა სწორედ სიტყვით "ღვთისმშობელი". ასე რომ, ყველაფერში, რაც ადამიანის შესახებ ითქმოდა, ღმერთიც იგულისხმებოდა და პირუკუ, ანუ მორწმუნეთა აზროვნებაში იოანე მახარებლის სიტყვები: "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე" (იოან. 1:14), - სრული შინაარსით მოქმედებდა. მაგრამ სწორედ ამგვარ თვალსაზრისში იყო მოკალათებული ანტიოქიურ მტკიცებულებათა დამახასიათებელი ერეტიკული ზადი და დასაკლისი. შესაბამისად, მისი განმკითხველი მსჯელობა ლოგიკურ სიცხადეს მოითხოვდა. დრო კი აღარ ითმენდა. ეპისკოპოსის მცდარ პოზიციებზე უკუქმედება ძალიან სწრაფად მოხდა. წინააღმდეგობა კონსტანტინოპოლს და მის შემოგარენს მალე შორს გასცდა. დგებოდა დრო, როდესაც ყველაფერს, რაც დედაქალაქში ხდებოდა, მთელ საქრისტიანოში თავისი "რეზონანსი" უნდა გამოეწვია.

ნესტორის მოწინააღმდეგემ, "ალექსანდრიული" საღვთისმეტყველო სწავლების მიმდევარმა არქიეპისკოპოსმა კირილემ, თავისი სკოლის მეთოდებისა და ჩვევების გვერდით ნამდვილი ღვთისმეტყველური ინტუიცია გამოავლინა. უფრო ადრე ეს ალღო ასევე ძალუმად მოქმედებდა დიდი ალექსანდრიელი მოძღვრის ათანასეს ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ტრადიცია ალექსანდრიაში ჯერ კიდევ ეგნატე ანტიოქიელისა და ირინეოს ლიონელის დროს დამკვიდრდა. მისი შინაგანი საწყაო იმთავითვე იესო ქრისტეთი ან იესო ქრისტეში ცხონება იყო. ასეთი თვალსაზრისისთვის ნებისმიერი ღვთისმეტყველური "წყობა" გარდაუვალად აბსტრაქტული, ანუ ჩვეულებრივი მიწიერი სინამდვილისგან განყენებული და არაკონკრეტული უნდა ყოფილიყო; გამოთქმულ სიტყვას თუ მცნებას, მისი ბედ-იღბლის განმსაზღვრელი "ეგზისტენციალური" მნიშვნელობით, ადამიანის გონებაში კამერტონივით უნდა ემოქმედა და მორწმუნის აზროვნებაში ის მუხტი უნდა გაეძლიერებინა, რომელსაც ადამიანი სახარებიდან ცხონებისთვის იღებდა... კირილე დიდი ჟინისა და ენერგიის მქონე მებრძოლი იყო. ის ბრძოლის საჭირო და დახვეწილი ფორმების შერჩევისთვის თავს მაინცდამაინც არ იწუხებდა, ხანდახან საკუთარ გამოთქმებსაც არ აკვირდებოდა, მაგრამ გაჩენილ საშიშროებას ყოველთვის გრძნობდა და ჭეშმარიტებისთვის ომში თავდავიწყებით ებმებოდა. ნესტორის ქადაგებებში მან ჭეშმარიტების გაუკუღმართების საშიშროება სწრაფადვე შენიშნა. კირილეს აზრით, ქრისტიანობის მთელი არსი და, შესაბამისად, პიროვნების ცხონების შესაძლებლობა იესო ქრისტეში - ამ ერთადერთ ადამიანშია, რომელსაც, ერთი მხრივ, ყოველი პიროვნება შეიძლება "შეეხოს" და რომელიც, მეორე მხრივ, ერთდროულად ღმერთიც არის და ადამიანიც. აი, სწორედ ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა დაინახა კირილემ ტერმინ "ღვთისმშობლის" ნესტორიანულად უარყოფაში. "ბერებისადმი მოწოდებაში" ამ ტერმინის დასაცავად მან უმალვე გაილაშქრა, ხოლო შემდეგ, ნესტორისადმი პირდაპირ მიმართვაში, მოითხოვა მის მიერ დაწყებული "მსოფლიოს ცდუნება" თავადვე აღეკვეთა.

ამ პროტესტმა კონსტანტინოპოლში უკმაყოფილობა გამოიწვია. იქ იოანე ოქროპირთან დაკავშირებული სამწუხარო საქმე ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ: მაშინ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი უსამართლოდ დაიძრახა და დაიგმო. იმ კრებას კირილეს ბიძა - თეოფილე ალექსანდრიელი უძღვებოდა და თვითონ კირილე კრების ერთ-ერთი მონაწილე იყო. ეს ის დრო იყო, როდესაც ალექსანდრიელი ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის ეკლესიის უზომო ზეგავლენისთვის ზღვრის დადებას ცდილობდნენ. ახლა კი დედაქალაქში არცთუ უსაფუძვლოდ ერიდებოდნენ მოურიდებელ და დიდი გავლენის მქონე კირილეს წარმატებას. ამრიგად, ეკლესიურმა პოლიტიკამ წმინდა საღვთისმეტყველო დავა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად დაამძიმა.

ვიდრე კირილე ნესტორის ერეტიკოსობით იყო დაკავებული და ჯერ სხვადასხვა სახის წიგნებსა და საღვთისმეტყველო ხასიათის ნაშრომებს უგზავნიდა (ცნობილია მისი "დოგმატიკური წერილები"), ნესტორი შეეცადა დრო მოხერხებულად გამოეყენებინა. მან ისარგებლა ცალკეული ალექსანდრიელი სასულიერო პირების საკუთარი ეპისკოპოსისადმი უკმაყოფილებით და საეკლესიო კრებაზე კირილეს განჩინება ჩაიფიქრა (საკუთარი ხასიათისა და დიდი გავლენის გამო კირილეს როგორც ეგვიპტეში, ისე იმპერატორის კარზე მრავალი მოწინააღმდეგე და მტერი ჰყავდა). ამრიგად, საღვთისმეტყველო ბრალდებაზე ღვთისმეტყველური პასუხის გაცემის ნაცვლად ნესტორმა გადაწყვიტა, საკუთარი მოწინააღმდეგე კირილე უბრალოდ, მოპოვებული პოლიტიკური უპირატესობით "გაენადგურებინა". მას იმედი ჰქონდა, რომ ამ საქმეში იმპერატორ თეოდოსი II-ის სუსტ ნებისყოფასა და მერყევ ბუნებასაც გამოიყენებდა. მოახლოებული საშიშროება რომ დაინახა, კირილემ რომს მიმართა. რომში, ცალმხრივობის და პელაგიანური ერესის მხარდაჭერის გამო, ნესტორი არ უყვარდათ. ნესტორის ქადაგებები, რომლებსაც იგი პაპს უგზავნიდა, აღმოსავლური საქმეების რომაელმა "ექსპერტმა" იოანე კასიანემ მკაცრად გააკრიტიკა. შესაბამისად, კირილეს საჩივარსა და ბრალდებას რომში კარგი ნიადაგი დახვდა. 430 წელს რომში პაპის ხელმძღვანელობით ეპისკოპოსთა კრება შედგა და ნესტორის სწავლება საბოლოოდ დაიგმო, ხოლო ნესტორს დაევალა, გადაწყვეტილების გამოტანიდან ათი დღის ვადაში საკუთარი ცდუნება თავადვე ეღიარებინა. ეს გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლში თვითონ კირილემ ჩაიტანა და იქ რომის პაპის სრულუფლებიან წარმომადგენელად წარდგა. ამასთან, კირილემ ალექსანდრიაში თავის ეპისკოპოსებს მოუყარა თავი და მათ შეკრებაზე ნესტორის სწავლება ერთხმად დაიგმო. ამავე კრებამ მოიწონა კირილეს მიერ შედგენილი 12-პუნქტიანი "ანათემატიზმა", რომლის აღიარებითაც ნესტორს ერესზე უარი უნდა ეთქვა. კირილემ მთელი ეს მასალა ნესტორსა და აღმოსავლეთის ეკლესიის მთავარ ეპისკოპოსებს - იოანე ანტიოქიელს, იუბენალე იერუსალიმელს - ნესტორის მეგობრებსა და თეოდორე მაპსუეტელის მიმდევრებს გაუგზავნა. თავის მხრივ, ნესტორმა, რათა, მისი აზრით, პატივმოყვარე ალექსანდრიელის ეს შემოტევა გაენეიტრალებინა, იმპერატორი დაარწმუნა, რომ საჭირო იყო მსოფლიო კრების მოწვევა და სადავო საკითხის იქ გადაწყვეტა. 430 წლის ნოემბერში იმპერატორმა საეპისკოპოსოებში წერილები დააგზავნა და 431 წლის სულიწმინდიას მოფენის დღეს ქალაქ ეფესოში მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია.

მესამე საეკლესიო მსოფლიო კრების გარეგნული სახე, ერთი შეხედვით, ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს. კრების მონაწილეები ეჭვების, წყენისა და გაუგებრობების ატმოსფეროში შეიკრიბნენ. ისევე როგორც არიანული შფოთის დროს, ეს უბრალოდ თეთრისა და შავის - მართლმადიდებლობისა და მწვალებლობის შეჯახება არ ყოფილა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იყო ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვა საზრისსა და ტერმინებში ასახვის გამო გამოწვეული გაუგებრობა. "სინთეზი" ანუ თანხმობა კვლავაც "ანალიზს" - ძნელ და დამღლელ შრომას მოითხოვდა. ამჯერად დაბრკოლება გახდა სიტყვები, რომლებიც სპეციალურ გააზრებას მოითხოვდა და გასავლელი იყო ტრადიციებით აღვსილი, უმძიმესი გზა.

იოანე ანტიოქიელის თაოსნობით შეკრებილი აღმოსავლეთის ეპისკოპოსები ნესტორის მიერ გამოთქმული ქედფიცხელი მოსაზრებების გამო გარკვეულწილად აფორიაქებულნი იყვნენ. მათ წრეებში შიშის ელემენტებიც კი შეიგრძნობოდა, მაგრამ კირილეს წინააღმდეგ ნესტორთან მათი გაერთიანების მიზეზი მხოლოდ უბრალო მეგობრობა არ ყოფილა; აღმოსავლეთის პატრიარქებს ძირითადად კირილეს საღვთისმეტყველო ენა არ ესმოდათ და არ მოსწონდათ. ამავე დროს, კირილეს ღვთისმეტყველებაში დიდ საშიშროებას ხედავდნენ. როგორც დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი წერდა: "ნესტორიანობის მიმართ წმინდა კირილეს მიერ გამოთქმული კრიტიკა "აღმოსავლეთის" მამებს კი არ არწმუნებდა, არამედ აშინებდა და მათში კირილესადმი მწვალებლურ ეჭვსაც ბადებდა. ამ შიშის მიზეზი ნესტორიანული ერესით დაავადება არ ყოფილა, მამები მეორე უკიდურესობაში გადავარდნას ერიდებოდნენ. უნდა ითქვას, რომ წმინდა კირილეს არ სჩვეოდა უდავო და დამაჯერებელი სიტყვების გულდასმით გამორჩევა, ის არ ზრუნავდა იმისათვის, რომ თავისი აზრების გადმოსაცემად მკაფიო და ნათელი განსაზღვრებები მოეძებნა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ღვთისმეტყველება ბუნდოვანი და ორაზროვანი იყო. თუმცა ისიც ნათელია, რომ მაღალი ღვთისმეტყველური ალღოს გვერდით, მას ისეთი მკაფიო ენამეტყველება არ გააჩნდა, როგორიც დიდ კაბადოკიელებს ასე ჭარბად ჰქონდათ მიმადლებული".

წმინდა კირილეს ფორმულიდან ყველაზე მნიშვნელოვან საშიშროებას "განკაცებული ღმერთის ერთი ბუნება" წარმოადგენდა (რომელიც მოგვიანებით უარყოფილ იქნა). კირილეს მიაჩნდა, რომ ეს ციტატა წმინდა ათანასე დიდის ნაშრომიდან იყო, სინამდვილეში კი იგი აპოლინარიოს ლაოდიკიელს ეკუთვნოდა (როდესაც აპოლინარიოსის მიმდევრები მის იდეებს ავრცელებდნენ, ნაშრომებს მეტი პოპულარობისთვის ეკლესიის დიდი ავტორიტეტების სახელებით ნათლავდნენ). აღნიშნული ფორმულა კი ისეთი ინტერპრეტაციით შეიძლებოდა ახსნილიყო, რომ იესო ქრისტეს - ძე კაცის ბუნება მისი ღვთაებრივი ბუნებით მთლიანად გადაფარული აღმოჩნდებოდა. ამიტომ აღმოსავლეთის მამებს მიაჩნდათ, რომ ასეთი ფორმულის მიხედვით ადამიანი კი არ ცხონდება, არამედ ღვთაებრივ ბუნებასთან შეხებისთანავე ჩაიფერფლება და გაქრება.

ეს გასაგებს ხდის იმ მღელვარების მიზეზს, რომელსაც ეფესოში მიმავალი მამები განიცდიდნენ: ერთი მხრივ, მათ არ სურდათ ნესტორისთვის მხარი დაეჭირათ, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებული იყვნენ დაეგმოთ კირილეს მიერ წარმოდგენილი "ერესი". ამ დროს ნესტორი თავის წარმატებაში დარწმუნებული იყო, ის კრებისგან კირილეს ერთმნიშვნელოვან დაგმობას ელოდა. იმპერატორის სახელით ეფესოში ეპისკოპოსთა მოწვევის მიზნით დაგზავნილ წერილებში კირილეს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შეიგრძნობოდა. ერთი სიტყვით, "თავისი შინაარსით, კრება კირილეს წინააღმდეგ იყო მოწვეული" და იმისათვის, რათა კრებაზე კირილეს ცალკეული ქმედებები სწორად იქნეს შეფასებული, ეს წინაპირობა უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ. ხშირია შემთხვევა, რომ არაფერი ვთქვათ პროტესტანტებზე, რომლებიც უბრალოდ ნესტორის რეაბილიტირებას ცდილობენ, მართლმადიდებელი ისტორიკოსებიც (რომელთათვისაც წმინდა კირილე ერთ-ერთი უდიდესი მამაა) მის ცალკეულ მოქმედებებს უარყოფითად აფასებენ. თანამედროვე ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით მასალებს, სადაც ნესტორი დევნილად, ხოლო კირილე ისეთ მდევნელად არის გამოყვანილი, რომელიც თავის პირად მტერს არც კი შეხვდა და ისე დააკისრა სასჯელი, რომ სასამართლოც კი არ მოიწვია. კირილეს საქციელმა გარკვეული ეჭვი გარეგნულად შეიძლება მართლაც აღძრას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თავისი ეპისკოპოსების თანხლებით ეფესოში ჩასულ კირილეს დახვდა გარემო, რომელმაც აშკარად აგრძნობინა, რომ იმპერატორის ადგილობრივ ჩინოვნიკებსა და კრების ორგანიზატორებს ნესტორის მხარდაჭერა და მისი გამტყუნება ჰქონდათ დავალებული. ეფესოში კირილე საღვთისმეტყველო საკითხების გადასაწყვეტად ჩავიდა, მაგრამ იქ მისი დამხობა "დისციპლინარული" საბაბით ჰქონდათ გადაწყვეტილი. მის მოწინააღმდეგეებს ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფოს მხარდაჭერა სურდათ გამოეყენებინათ.

კირილეს მომხრეები ეპისკოპოსებს აღმოსავლეთიდან ორი კვირის მანძილზე ელოდნენ; აგვიანებდნენ რომის ლეგატებიც (ელჩები). სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, მღელვარება ქალაქშიც მატულობდა. ამ მდგომარეობაში კირილემ გადაწყვიტა, რომ შემდგომი ლოდინი შეუძლებელი იყო და 22 ივნისს, იმპერატორის ჩინოვნიკებისა და ნესტორის მომხრეების პროტესტის მიუხედავად, კრება გახსნილად გამოაცხადა. პროტესტს ხელი 68 ეპისკოპოსმა მოაწერა. კირილეს თავის მომხრებთან ერთად მხარს ადგილობრივი ეპისკოპოსი მემნონი და ქალაქის მოსახლეობა უჭერდნენ. ქალაქს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეფესო, პირველქრისტიანული წმინდა გადმოცემის შესაბამისად, ღვთისმშობლისა და მოციქულ იოანეს ქალაქად ითვლებოდა. კრების გახსნამდე ნესტორს გამოძახების ბარათი სამჯერ გაეგზავნა. მან სამივე უარყო და თავისდაუნებურად ბრალმდებლიდან ბრალდებულად იქცა... ამ მოვლენების შემდეგ სასამართლო ნესტორის გარეშე დაიწყო: ეპისკოპოსებმა კირილეს მიერ შედგენილი ნესტორის მხილება მოისმინეს და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ნესტორი ერთხმად დაგმეს. მიმდინარე პროცესს იმპერატორის წარმომადგენელი აპროტესტებდა, მაგრამ მთელი ქალაქი კირილეს ემხრობოდა და კრების წინააღმდეგ ღია მოქმედებას ერიდებოდა. კრებამ მუშაობა გვიან ღამით დაამთავრა. კრებიდან გამოსულ ეპისკოპოსებს უამრავი ხალხი ანთებული ჩირაღდნებით შეეგება და ტრიუმფალური სვლით გააცილა.

სამი დღის შემდეგ, როგორც იქნა, აღმოსავლეთის ქარავანი, რომელსაც იოანე ხელმძღვანელობდა, ეფესოში ჩამოვიდა. მომხდარით აღშფოთებულებმა, მათ სასწრაფოდ ჩაატარეს კრება, სადაც კირილე და მისი თანამოაზრენი მწვალებლობისა და საეკლესიო წესების დარღვევის გამო ამხილეს. მიუხედავად იმისა, რომ კრებას ნესტორთან ურთიერთობა არ ჰქონია, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შფოთმა პრაქტიკულად განხეთქილების სახე მიიღო. ბოლოს მთელი ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ ეფესოში რომის ლეგატებიც ჩამოვიდნენ, ისინი კირილეს შეუერთდნენ და ნესტორის მხილება კიდევ ერთხელ განახორციელეს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ კირილემ კიდევ სამი შეკრება ჩაატარა. კრებამ ერთსულოვნად დაამტკიცა ნიკეის სიმბოლოს ერთგულება და აკრძალა მასში რამენაირი შესწორების შეტანა ან ახალი სიმბოლოს შედგენა (შემდგომში სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა დასავლური ფილიოკვეს საწინააღმდეგო უმნიშვნელოვანესი არგუმენტი, ანუ საშუალება, რომ სიტყვებს სულიწმინდა "მამისაგან გამოვალს" არ დამატებოდა "და ძისაგან"), ამავე დროს კრებამ რამდენიმე კანონიკური საკითხი დაამტკიცა, კვიპროსის ეკლესიის ანტიოქიისგან დამოუკიდებლობა დაასაბუთა და საბოლოოდ დაადასტურა.

ორივე მხარემ და იმპერატორის წარმომადგენელმა კანდიდიანმა მომხდარის შესახებ იმპერატორს პატაკით აცნობა. ყოველი მათგანი საკუთარი სიმართლის დამაჯერებლად წარმოდგენას ცდილობდა. აქამდე ჩვენ ვხედავდით, რომ იმპერატორი ნესტორისა და აღმოსავლეთის ეპისკოპოსების მხარეს იკავებდა. ახლა კონსტანტინოპოლში განწყობა შეიცვალა და მორწმუნეთა ხმამ სულ უფრო მეტად დაიწყო კირილეს მხარეს გადახრა, ამასთან დედაქალაქში ნესტორის გამტყუნებას ბერებიც ითხოვდნენ. კირილეს მიერ განხორციელებული "პროცედურით" აღშფოთებული ნესტორის მეგობრებიც კი მიმდინარე პროცესებს თვალს უხმოდ ადევნებდნენ. თანდათან ნესტორის გამტყუნებამ ეკლესიური შინაარსი შეიძინა და გამოვიდა, რომ ეს ფაქტი ეკლესიამ საბოლოოდ აღიარა. მაგრამ აღმოსავლეთის ეპისკოპოსებისთვის ნესტორის საკითხი უკვე მთავარი აღარ იყო, მათ ის აღელვებდათ, რაც კირილეს სწავლებად მოიხსენიებოდა, რადგან, მათი აზრით, ეს უკანასკნელი ნესტორიანობაზე გაცილებით უფრო ბოროტ და საშიშ მწვალებლობას წარმოადგენდა. იმპერატორი ყოყმანობდა. მისი პირველი რეაქცია უბრალო და ტიპური იყო: მას სურდა ორივე ბანაკის მთავარი მოდავეები, ნესტორი და კირილე განედევნა და ეკლესიაში მშვიდობა აღედგინა. მაგრამ, როგორც ჩანს, სახელმწიფო ვერასოდეს მიხვდება, რომ ასეთი ქმედება ბოლოს მაინც მარცხით მთავრდება. იმპერატორმა კონსტანტინოპოლში მხარეების წარმომადგენელი იხმო, მაგრამ შეხვედრამ არავითარი დადებითი შედეგი არ მოიტანა. თუმცა ამ დროს საკუთარ კათედრაზე თვითონ ნესტორმა განაცხადა უარი. ამან შესაძლებელი გახადა, მის ნაცვლად ყველასთვის მისაღები კანდიდატი დანიშნულიყო. კირილემ ყოველგვარ მოლაპარაკებაზე თავიდანვე უარი თქვა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და მოღვაწეობა თავისი ერთგული მრევლის საიმედო დაცვის ქვეშ გააგრძელა. ასეთ სიტუაციაში იმპერატორი უძლური აღმოჩნდა. მან ყველა და ყველაფერი აღიარა და პრაქტიკულად განხეთქილებას შეეგუა.

ეკლესიის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი დამოუკიდებლობა, როგორც ყოველთვის, განმკურნებელი აღმოჩნდა. ურთიერთისგან გამიჯვნამ და გაყრამ ნათელი გახადა, რომ ჩიხიდან გამოსავალი იყო მოსაძებნი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და სოლიდარობა პირად გრძნობებზე მაღლა დააყენეს. ასი წლის მოხუცი ეპისკოპოსი აკაკი კირილე ალექსანდრიელს პოლემიკური შინაარსის მქონე დოკუმენტების დავიწყებას და ამ დავასთან დაკავშირებული საკითხების არსობრივად მოგვარებას სთხოვდა. საქმე ეხებოდა კირილეს მიერ შეთავაზებული ფორმულის აღმოსავლეთის ეპისკოპოსებისთვის მისაღები სახით კორექტირებას. კვლავ დაიწყო ხანგრძლივი აპოლოგიური ხასიათის წერილებისა და ახსნა-განმარტებების გაცვლა-გამოცვლა; ორივე მხარე გულწრფელი იყო, მაგრამ მათ ერთმანეთისგან მწვალებლობის საშიშროება აშორიშორებდა... კირილეს განმარტება ბევრისთვის იყო მისაღები. ქრისტიანები გრძნობდნენ, რომ თავისი თვითშეგნებით კირილე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო.

432 წელს ანტიოქიიდან არქიეპისკოპოს პავლე ემესელის ხელით აღმოსავლეთის ეპისკოპოსებმა ალექსანდრიაში მრწამსის მათთვის მისაღები ვარიანტი გაგზავნეს და კირილემ იგი მისაღებად მიიჩნია. გაჩნდა მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობა. თანხმობის ფურცელზე, რომელიც პავლემ ალექსანდრიიდან ანტიოქიაში ჩაიტანა, თანდათან ხელისმომწერთა რიცხვი მრავლდებოდა. 433 წელს ურთიერთობა ეგვიპტესა და სირიას შორის განახლდა. "ერთიანი ფორმულა", რომელსაც კირილემ ხელი მოაწერა, "ეფესოს კრების საბოლოო და დოგმატური შედეგი გახდა. ეს ფორმულა ანტიოქიურ საღვთისმეტყველო ენაზე შედგა... და მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ მასში მართლმადიდებლობასა და ნესტორიანობას შორის გამავალი ზღვარი ნათლადაა გამოკვეთილი" (დეკან. გ. ფლოროვსკი). ეს იყო მართლმადიდებლობის ორ უკიდურესობაზე გამარჯვება, რის შედეგადაც აღიარებულ იქნა, რომ ქრისტეს აქვს ჭეშმარიტი ღმერთის და ჭეშმარიტი ადამიანის ბუნება; მასში ორი ბუნება ერთ პირად არის გაერთიანებული და იგი როგორც მამის, ისე ადამიანის ერთარსია. სწორედ ამიტომ აღიარებულ იქნა ერთი ქრისტე, ერთი ძე, ერთი უფალი... წმინდა ქალწულს ღვთისმშობელი ეწოდა, რადგან მასში განხორციელდა უფალი სიტყვა, იესო განკაცდა და განხორციელების პირველი წამიდანვე ღვთისმშობელში მისი ორი ბუნება შეერთდა... ეს დებულება ანტიოქიურ ენაზე იყო შედგენილი, მაგრამ მისი მიღებით კირილეს ჭეშმარიტების არც ერთი მისხალი არ დაუთმია. დებულებაში ნათლად გამოჩნდა ქრისტე, როგორც ერთი ბუნება, რომელშიც ღმერთისა და ადამიანის მაცხოვნებელი ერთიანობისა და ერთი ღმერთკაცის პიროვნების რწმენა იყო დაცული.

ასეთი იყო ეფესოს კრების მართლმადიდებლური ეპილოგი. დიდი შრომის შედეგად ქარიშხალი ჩადგა. ნესტორი ლიბიის ოაზისში თავს მიტოვებულად გრძნობდა, მოუშუშებელი წყენა მოსვენებას არ აძლევდა და ამავე დროს, ძველ საშიშროებებსა და ჭრილობებს ახლები ემატებოდა. მიუხედავად კირილეს ჟინიანი ხასიათისა, ჭეშმარიტება ახალ სინამდვილეში მას უნდა გაეჟღერებინა. ქრისტოლოგიურ დავებში ეფესო ჯერ კიდევ მხოლოდ "თეზისი" იყო. "ანტითეზის" დრო თანდათან ახლოვდებოდა.