აფანასიოს აბდ ალ-რაჰმანი

როგორ გავხდი მართლმადიდებელი

დავიბადე მუსლიმანურ ოჯახში. ჩამომავალი ვარ ისლამის „წინასწარმეტყველისა“ და მეოთხე ხალიფას - მუჰამედის ბიძაშვილისა და სიძის - ალი აბუ თალიბისა.

ადრეული ასაკიდან მორწმუნე მუსლიმანი ვიყავი. ყველა რელიგიურ წესს ვასრულებდი დაწყებული ლოცვიდან დამთავრებული მარხვით. ბაბუაჩემის დარად მეჩეთში იმამობას ვაპირებდი. დავიწყე ფიხკისა (ისლამური სამართალი) და ყურანის შესწავლა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ ამ წიგნების კითხვამ ჩემში მოწყენილობა გამოიწვია. დავინახე, რომ ისლამში მრავალი განსხვავება არსებობს. მაგ., ერაყში - ჩემს სამშობლოში - ბევრი შიიტი ცხოვრობს. მე კი სუნიტი ვარ. ამიტომ მეცნაურა, რომ ადამიანები, რომელთაც სხვაგვარად სწამთ ისევე მუსლიმანებად თვლიან თავს, როგორც მე. გადავწყვიტე ისლამის სხვადსხვა მიმდინარეობები შემესწავლა. დიდძალ ლიტერატურას გავეცანი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სხვა მიმდინარეობებთან შედარებით ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მუტალიტიზმი იდგა. მუტალიტიზმი სხვა მიმდინარეობებს იმით ჯობნის, რომ არგუმენტაციასა და ფილოსოფიას შეიცავს. ამდენად, ყველაზე გონივრულია.

თანდათან სხვა რელიგიების შესწავლის სურვილიც გამიჩნდა. ვცდილობდი, ახალგაზრდა ქრისტიანებისათვის ყურანი მექადაგა. კამათის სასურველად წარმართვის ისეთ ხერხებს ვიყენებდი, ბევრი მათგანის რწმენა შევარყიე. შეშფოთებულმა ოჯახის წევრებმა თავიანთი ეკლესიის მოძღვარს მიმართებს თხოვნით შემხვედროდა და გამსაუბრებოდა.

ჩემთვის მოძღვართან არგუმენტირებული საუბარი ძალზე რთული აღმოჩნდა, რადგან ყველა ეჭვსა და კითხვაზე პასუხს მაძლევდა. იგი იმავე წელს გარდაიცვალა, თუმცა ქრისტიანობაზე აზრი კი საკმაოდ შემიცვალა. და მაინც, ჯერ კიდევ არ მირწმუნია.

ამის შემდეგ ისლამს სხვა თვალით დავუწყე ცქერა. ქრისტიანობასთან შედარებით ისლამში შეუსაბამობებს ვხედავდი. ერთ ღამეს სიზმრად ვხედავ წვეროსან ადამიანს, რომელიც მეუბნება:

- შვილო, რატომ ესხმი თავს ჩემს ცხვრებს?

მე ვპასუხობ: „თქვენ ვინა ხართ, ბატონო?“

- იესო ქრისტე, - მეუბნება იგი.

მაშინ ვეუბნები: „მე თქვენს ცხოვრებს თავს არ ვესხმი, ბატონო, მე ვცდილობ, თქვენი გზააბნეული ცხვრები სწორ გზაზე დავაყენო“.

ის კი მეუბნება: „ეს შენა ხარ გზააბნეული ცხვარი, მე კი გზა ვარ ჭეშმარიტი“.

გამომეღვიძა. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა: ნუთუ მართლა იესო ვნახე? მან მითხრა, რომ გზააბნეული ვარ. როგორ გავიგო? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანები მართლები არიან, მე კი არასწორ გზას ვადგავარ?! მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სიზმარია. და მაინც, მუჰამედი ერთ-ერთ ჰადისში ამბობს: „თუ სიზმრად წინასწარმეტყველს იხილავთ, ეს ჩვენება ნამდვილია, რადგან სატანას წინასწარმეტყველის სახის მიღება არ ძალუძს. დაემორჩილეთ და აღასრულეთ მის მიერ თქმული“.

დიდხანს ვორჭოფობდი. შემდეგ ორივე რელიგიას თავი ვანებე და ურწმუნო გავხდი.

ამ პერიოდში ავტოკატასტროფაში გარდამეცვალა მამა (მაღალჩინოსანი ოფიცერი). მაშინ ეს უბედურ შემთხვევად ჩავთვალეთ. ვაგრძელებდი ჩვეული წესით ცხოვრებას, და რადგან მამისაგან საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა მერგო, მრავალი უმსგავსობის ჩადენის საშუალება მქონდა: ფულს ვფლანგავდი სექსზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე და ყველაფერზე, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა.

და აი, კიდევ ერთხელ მომესმა ხმა (უკვე ვიცოდი, ეს იესოს ხმა იყო): „დაუყოვნებლივ დატოვე შენი ქვეყანა!“

ხმა იმდენად მტკიცე და დამაჯერებელი იყო, რომ გაღვიძებისთანავე ბარგის ჩალაგებას შევუდექი და რამოდენიმე საათში უკვე ერაყის საზღვრებს გარეთ ვიყავი დედაჩემის მამისეული სახლისაკენ მიმავალი, რომელიც სხვა არაბულ ქვეყანაში მდებარეობდა.

თვითმფრინავში (1990 წელის იდგა და ერაყი ჯერ არ იყო ბლოკადაში) ჩემი საქციელის სისწორეში ეჭვი შემეპარა და ასეთი სისულელისათვის თავს ყვედრება დავუწყე.

„სამაგიეროდ, - ვუთხარი ბოლოს საკუთარ თავს, - შვებულებაში უფრო ადრე გავედი. შემიძლია, თუნდაც ამისთვის, ვმადლობლდე იესოს. და გამეღიმა ჩემს ბილწ ზრახვებზე, საკუთარი სიამოვნებისათვის რომ უნდა ამესრულებინა.

არაბეთის ქვეყანაში დავეშვით. ბაბუაჩემის სახლისაკენ გავწიე. იქიდან დედას დავურეკე ერაყში და ვუთხარი:

- დედა, არ ინერვიულო, რამოდენიმე ხნით აქ დავრჩები, მერე კი სახლში დავბრუნდები.

მან კი მიპასუხა: „დაბრუნებაზე არც იფიქრო, პოლიცია გეძებს“.

ვიცოდი, კანონი არასოდეს დამირღვევია, არც რაიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში ვყოფილვარ, ამიტომ გაოგნებულმა წამოვიძახე:

- რაა?! რა თქვი?!

დედამ მიპასუხა: „ისინი რაღაც სამხედრო დოკუმენტებს ეძებდნენ, რომლებსაც, როგორც ფიქრობენ, მამაშენი მალავდა და რომელთათვისაც (როგორც ამბობენ) მოიკლა. მადლობა ღმერთს, რომ წახვედი. მათ ეგონათ,  რომ დოკუმენტები შენთან იყო. შენი ძმები (სხვა დედისგან) დასაკითხად წაიყვანეს.“

თავზარი დამეცა. თავბრუ დამეხვა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამგვარი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო! ერაყში რომ ვყოფილიყავი, აღიარების გამოსაძალავად წამებას დამიწყებდნენ და შეიძლებოდა მოვეკალით კიდეც. როგორ მოულოდნელ საფრთხე ავცდი! არასოდეს მიფიქრია, რომ სიცოცხლის გადასარჩენად გაქცევა დამჭირდებოდა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ამგვარი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებოდი.

ვის შეეძლო სცოდნოდა, რომ ასეთი რამ მელოდა?! მხოლოდ ღმერთს! ე.ი. იესო ღმერთია?! გაოგნებული ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა. ცუდად გავხდი... რამოდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნა გამოვედი კომატური მდგომარეობიდან და დავიწყე ვედრება ღვთისადმი, გულწრფელად ვთხოვდი, ჭეშმარიტებისაკენ წარვემართე.

ამის შემდეგ ვოცნებობდი, კიდევ მომესმინა იესოს ხმა და ერთხელაც მან სიზმრეულ ჩვენებაში მითხრა: „მე შენ მიყვარხარ. შენ რატომ არ გიყვარვარ ისევე, როგორც მე? მოდი ჩემთან, ვინაიდან მე შენზე გარკვეული ჩანაფიქრი მაქვს“. თვალცრემლიანს გამომეღვიძა. ის მე მეძებდა, მე კი მისგან გაქცევას ვცდილობდი. მან მოისურვა თავისთან ვყოლოდი, მე კი არ ვიყავი მასთან. მან მე წამებისაგან მიხსნა და მაშინ მე აღვუთქვი: „მე მოვალ შენთან, იესო, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“.

იმ წუთიდან იესო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემი უფალი და მხსნელი გახდა. ჭეშმარიტად განვიბანე მისი წმიდა სისხლით და სხვა ადამიანად ვიქეცი. სიხარულსა და სიმშივდეს განვიცდიდი, და უფლის წყალობით მეც იმათ რიგებში აღმოვჩნდი, რომლებიც „ხელმეორედ იშვნენ“.

ჩემთვის ერთადაერთ მიწიერ საზრუნავად ისღა რჩებოდა, რომ არსებობისათვის საკუთარი სახსრები არ გამაჩნდა. მთელი ჩემი ქონება შინ დავტოვე და, ჩემდა საუბედუროდ, ერაყის მთავრობამ ყველაფერი ჩამომართვა.

მაგრამ უფალმა მიჩვენა, რომ მატერიალურ სიმდიდრეზე არ უნდა ვსასოებდე. ყოველ შემთხვევაში, რამოდენიმე თვის შემდეგ ერაყმა ქუვეითი დაიპყრო და ერაყული დინარი, რომლის ოფიციალური კურსი 3 დოლარი იყო შავ ბაზარზე, მკვერთად დაეცა 30 ცენტამდე. მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების დიდი ნაწილი ერაყის ბანკებში მქონდა დაბანდებული ეროვნულ ვალუტაში. სპარსეთის ყურის კრიზისის დროს რომ ერაყში ვყოფილიყავი, ჩემი $300 000 დოლარიდან მხოლოდ $300 შემრჩებოდა! მადლობა იესუს, რომელმაც მიჩვენა, რომ მხოლოდ მასზე უნდა ვიყო დამოკიდებული, მათ შორის, ცხოვრებისეულ საკითხებშიც. ამან შვება მომგვარა.

დედაჩემის სამშობლოში დიდხანს დავრჩი. ექსტრემისტულმა ისლამურმა დაჯგუფებამ შეიტყო ჩემი ისლამიდან განდგომის შესახებ, „სარწმუნოებრივი სასამართლო“ მომიწყვეს და მიბრძანეს, მომენანიებინა და კვლავ ისლამს დავბრუნებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც მურტადს (ანუ გამდგომილს) მომკლავდნენ. გადაწყვეტილების მისაღებად ორი დღე მომცეს.

დასახმარებლად პოლიციას მივმართე, მაგრამ პოლიციაში ისლამის საწინააღმდეგო საქმიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისათვის დამაპატიმრეს. ჩამსვეს ციხეში და დამიწყეს დაკითხვა. მეკითხებოდნენ ჩემს მოქცევაზე და მისიონერებზე.

ბედად ჯერ მონათლული არ ვიყავი, რადგან გამუდმებით მეკითხებოდნენ: „ოდესმე მონათლული თუ ყოფილხართ?!“ „ვინ მოგნათლათ?!“ „რომელ ეკლესიაში დადიოდით?!“ „სახარება ვინ გიქადაგათ?!“

ბოლოს ერთ-ერთი უცხოელი დამეხმარა, რომელმაც მოახერხა მათი დაყოლიება, რომ გავეთავისუფლებინეთ. მიბრძანეს, რამდენიმე საათში დამეტოვებინა ქვეყანა. უფალი შემეწია ვიზის მიღებაში და მოცემულ ვადაში სამშობლოდან უსაფრთხო ქვეყანაში გადავედი.

ახლა უსაფრთხო ქვეყანაში თავშესაფარს ვეძებ. ასე რომ გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ასევე დედაჩემისთვის, ის ხომ ჯერ ისევ მუსლიმანია და არ ვიცი, ვნახავ თუ არა კვლავ. სამწუხაროდ, მე მისი ერთადერთი ვაჟი ვარ.

ღმერთმა დაგლოცოთ და ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენოთ.

17.09.2001