როგორ გახდა ლორდი მართლმადიდებელილორდ დევიდ ბალფური ოჯახში მესამე ვაჟი იყო და არისტოკრატულ ინგლისურ ოჯახში არსებული ტრადიციის თანახმად, სულიერი ასპარეზი უნდა აერჩია. მას ბავშვბიდანვე ამზადებდნენ კათოლიკურ ეკლესიაში მსახურებისათვის. დაამთავრა იეზუიტთა კოლეჯი, შემდეგ მიიღო უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება, რის შემდეგაც პარიზში ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. ახალგაზრდა ლორდის აღკვეცისას ქალები ტიროდნენ, ვინაიდან ის მეტისმეტად ლამაზი იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ ოჯახმა მას კუთვნილი მემკვიდრეობა გადასცა და იგი რომისკენ გაემართა, რათა ეს ყოველივე პაპისთვის მიერთმია. პაპმა ალერსიანად მიიღო და მცირე ასაკის მიუხედავად, მონასტრის წინამძღვრად დანიშნა დანიაში. მას უნდა შეესწავლა მართლმადიდებლობა და ამგვარად ეწარმოებინა ბრძოლა მის წინააღმდეგ. მონასტერში სწავლობდნენ რუსულ და საეკლესიო სლავურ ენებს, აგროვებდნენ მართლმადიდებელი მამების წიგნებს, წერდნენ პოლემიკურ სტატიებს. ლორდმა დევიდმა შეისწავლა ეს ენები (ბერძნულსა და ლათინურს მანამდეც სრულყოფილად ფლობდა) და გადაწყვიტა ათონზე წასულიყო, რათა უშუალოდ გაცნობოდა მართლმადიდებლურ ბერ-მონაზვნობას. იგი ერთ ბერძნულ მონასტერში გაჩერდა, შემდეგ სხვაგან გადავიდა, მაგრამ იქაც განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა. ბოლოს გადაწყვიტა წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში წასულიყო. მას განუმარტეს, რომ იქ მოხვედრა მხოლოდ სახედრით იყო შესაძლებელი, გზად კი ორსაათნახევარი უნდა ევლო. იგი, მართლაც, გაემართა მონასტრისაკენ. ჭიშკარზე დააკაკუნა. გაიღო სარკმელი, საიდანაც ვიღაც ბერის სახე გამოჩნდა შესანიშნავი წვერით. ლორდმა აუხსნა ხუცესს, რომ მონასტრის ბიბლიოთეკის გაცნობა სურდა, რათა ძველ ხელნაწერებსა და წიგნებზე ემუშავა. ხუცესმა უპასუხა, რომ წინამძღვრისგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვდა, შემდეგ დაბრუნდა, კარიბჭე გააღო და ბალფური ვიწრო დერეფნებითა და კიბეებით ბიბლიოთეკისკენ წაიყვანა. ერთ-ერთ კარს რომ მიუახლოვდნენ, ხუცესმა მიმართა: „როდესაც დაასრულებთ მუშაობას, აქ შემოდით, ჩემს კელიაში, გავისაუბროთ“. ბალფური გაოცდა: რას ეუბნებოდა ეს გაუნათლებელი, უბრალო შესახედაობის ბერ-მონაზონი. ბიბლიოთეკიდან გამოსულს არ სურდა მითითებულ კართან შეყოვნება, მაგრამ მაინც შევიდა: ან ცნობისმოყვარეობამ აიძულა, ან ზეგარდამო შთაგონებით. ბერი სიყვარულით შეხვდა მას, წინ დაისვა და ლორდ დევიდ ბალფურს მისი ცხოვრების შესახებ დაუწყო საუბარი - მისი დაბადებიდან დაწყებული, ათონზე ჩამოსვლით დამთავრებული. ამასთან, ისეთი ამბებიც უამბო, რაც მხოლოდ თავად ბალფურს შეეძლო სცოდნოდა, თანაც ისეთ წვრილმანებს იხსენებდა, რაც დევიდს უკვე დავიწყებოდა. ბალფური შეძრწუნდა. ბოლოს ბერმა იმ კითხვებს უპასუხა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აწვალებდნენ ლორდს. მან მისი ეჭვები საბოლოოდ გააქარვა. ამ მონასტერში დარჩენა ბალფურს უკვე აღარ შეეძლო, მაგრამ მეორე დღეს იგი ისევ დაბრუნდა და ისინი ისევ დიდხანს საუბრობდნენ. ყოველივე იმით დასრულდა, რომ ბალფურმა მართლმადიდებლობა აღიარა და ხუცესის სულიერი შვილი გახდა. მან ლორდს მართლმადიდებლურ სასულიერო აკადემიაში სწავლის ლოცვა-კურთხევა მისცა და ისიც ათენში გაემგზავრა. ხუცესის სახელი დღეს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია ცნობილი - წმიდა სქემონაზონი სილუან ათონელი. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 1 (208), 2003 წ. |