ინდონეზიის მართლმადიდებლური მისია და არქიმანდრიტი დანიელი (ბამბანგ დვი ბიატორო)
გზა მართლმადიდებლობისკენ
„და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან
ამის ეზოისგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი
ისმინოს და იყვნეს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“ (იოანე 10, 16)
ინდონეზია - სიდიდით მსოფლიოში მე-5 ქვეყანაა, თავისი 220 მილიონი მოსახლეობით,
ის მსოფლიოში I ქვეყანააა მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობით (ინდონეზიელთა თითქმის
90% თავს მუსლიმად მიიჩნევს).
ანტიოქიელი (სირიელი) ქრისტიანებიდან პირველმა მისიონერებმა VII-VIII ს.ს-ში
იქადაგეს ინდონეზიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასულიერო პირთა წარმომადგენლები
გარდაიცვალნენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მართლმადიდებლობის შესახებ თითქმის
არაფერი იცოდნენ, რადგან პოლიტიკურ და გეოგრაფიულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. თუმცა, XI
ს-ში კათოლიკე ეპისკოპოსმა-მისიონერმა აქ ქრისტიანთა შთამომავლები აღმოაჩინა. ისინი
3 საუკუნოვანი იზოლაციის მიუხედავად არსებობდნენ. ჩვენამდე იმ ადრეული ხანიდან
არცერთ წერილობით მოწმობას არ მოუღწევია. გადმოცემამ შემოგვინახა 3 ადგილობრივი
ეპისკოპოსის სახელი: მარ იაბალახი, მარ აბდიშო და მარ დენხა.
ამგვარად, ინდონეზიელების, ძირითადად, ისლამური ორიენტაციის ქვეყანაში,
ქრისტიანული ფესვებიც მკვიდრობს, მართალია სუსტი, მაგრამ ღრმა ფესვები.
ინდონეზიელთა უმრავლესობამ არაფერი უწყის ამ ფესვების შესახებ. არქიმანდრიტი
დანიელი (ბამბანგ დვი ბიატორო), პირველი მართლმადიდებელი მღვდელი და მისიონერი
თანამედროვე ინდონეზიაში, ამტკიცებს, რომ მის ქვეყანაში მართლმადიდებლობა გაჩნდა
უწინარეს ნებისმიერი სხვა ქრისტიანული კონფესიისა.
ბამბანგ დვი ბიატორო 1956 წ. მუსლიმურ ოჯახში დაიბადა. კუნძულ იავას
აღმოსავლეთში მდებარე შორეულ ქალაქ მოჯოკერტოში. ისევე, როგორც სხვა მრავალ ბავშვს
აღმოსავლეთში, მასაც მოხუცი ბაბუა და ბებია ზრდიდნენ, უმეტესწილად ბაბუა, რომელიც
104 წლისა გარდაიცვალა...
ბამბანგი პირველად ქრისტიანობას ჯერ კიდევ ყრმობაში გაეცნო. იგი დაინტერესდა,
მაგრამ რადგან ვერაფერი შეიტყო, თავისი ერთ-ერთი მასწავლებლის ქმარს მიმართა,
რომელიც პროტესტანტი-ქარიზმატი (ორმოცდაათიანელი) იყო. ამ ადამიანმა მას ქრისტეს
შესახებ პროტესტანტული თვალთახედვით უამბო. ბამბანგი ვერც ამ პასუხებმა
დააკმაყოფილა. მან ძიება განაგრძო. ახლა უკვე დაიწყო ბიბლიისა და ყურანის კითხვა და
ამგვარად, მათი შედარებით, იძიებდა ჭეშმარიტებას. ერთხელ, ყურანის კითხვისას მან
პასუხი მიიღო იმაზე, რასაც ეძებდა:
„ყურანს ვკითხულობდი. იგი გაშლილი კალთაში მედო. III სურის 45-ე აიატი
ამოვიკითხე, სადაც ანგელოზი გაბრიელი ამბობს: „ო, მარიამ! ჭეშმარიტად, ალაჰი თავისი
სიტყვით გაცნობებს შენ სასიხარულო ამბავს: „შენ შობ ძეს“. სახელი მისი - მასიხ ისა,
მარიამის ძე. იგი იქნება თაყვანცემული ამა სოფლადაც, მომავალ სამყაროშიც და
მიახლოვებული ალაჰთან“.
ამის შემდეგ ბამბანგი უკვე სხვაგვარად უყურებდა ქრისტიანობას. მისი რწმენა
თანდათან იზრდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ქრისტიანად მაინც ვერ აღიქვამდა.
ბამბანგი მალავდა თავის ძიებებს, არავისთვის არაფერი უთქვამს, განსაკუთრებული
მონდომებით კი ბაბუას უმალავდა, რომელიც ძალიან მორწმუნე იყო და რომლის დიდი შიში
და რიდი ჰქონდა. მას გამოცდა ელოდა, ეს დაეხმარა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში,
რამაც სამუდამოდ შეცვალა კიდეც მისი ცხოვრება.
ერთხელ, როცა ქრისტიანულ ტაძარში ყოფნის შემდეგ, ბამბანგი სახლში დაბრუნდა უცებ,
ტანსაცმელში დამალული ბიბლია ბაბუას ფეხებთან დაუვარდა. იგი, რა თქმა უნდა, იქვე
გაროზგეს, სახლიდანაც გაიქცა, მაგრამ მოგვიანებით მაინც დაბრუნდა და მუსლიმი ბაბუას
წინაშე წარსდგა. ბაბუამ მას მოსთხოვა აეხსნა, თუ რატომ დატოვა ისლამი. თავად
ნახევრადმოქცეულმა ბამბანგმა ქრისტეს სჯულის დაცვა დაიწყო.
- ბაბუა, შენ ძალიან მოხუცი ხარ. შენ რომ მოკვდები, დარწმუნებული ხარი, რომ
სამოთხეში დამკვიდრდები?
- არა, მე არ ვიცი.
- რატომ?
- ეს დამოკიდებულია ჩემს მიერ ჩადენილ საქმეებზე. თუკი აღმოჩნდება, რომ კეთილი
საქმე უფრო მეტი მიკეთებია, მაშინ სამოთხეში მოვხვდები, ხოლო თუკი ბოროტი საქმეები
სასწორს გადაწონის, მაშინ ჯოჯოხეთში წავალ.
- შენ კი დარწმუნებული ხარ, რომ შენი კეთილი საქმეები გადაწონის ბოროტ საქმეებს?
- მე არ ვიცი.
- ე.ი. შენ არა ხარ უფლის მორჩილი. შენ საკუთარ თავზე, საკუთარ ძალისხმევაზე ხარ
დამოკიდებული. ეს რა მუსლიმობაა? მაგრამ, ნება მომეცი, ბაბუა, გიამბო. ღმერთმა
გამოგზავნა თავისი სიტყვა და შენ ნამდვილად შეძლებ, შეიცნო უფალი მისი სიტყვის
საშუალებით. შენ იცი, რომ წინასწარმეტყველ ისას (იესოს) სახელი ყურანში ნიშნავს
„ღვთის სულს“. ეს წინასწარმეტყველი იესო - მხოლოდ ადამიანი არ არის. ყურანი
მოწმობს, რომ იგი იშვა უმამოდ, რაც ნიშნავს, რომ იგი უშუალოდ ღვთის ძალისაგან იშვა.
იგია თავად ღვთის სიტყვა, რომელიც მოგვევლინა ადამიანის სახელით. ისა, ე.ი. სიტყვა
ღვთისა გარდამოვიდა ამქვეყნად იმისთვის, რომ აღადგინოს ქვეყნიერება და
გაგვათავისუფლოს ბოროტების ტყვეობისაგან. რელიგია - ესაა არა მხოლოდ კეთილი
საქმეების კეთების ხერხი; იგი მოწოდებულია იმისათვის, რომ მოგვანიჭოს ჩვენ ცხოვრება
საუკუნო. ხოლო საუკუნო ცხოვრება მარტოოდენ სათნო საქმის კეთებით კი არ მიიღწევა,
არამედ უფლისადმი ადამიანის მორჩილებით...
ბამბანგმა სიტყვა დაამთავრა, ბაბუასგან გაკიცხვას მოელოდა და ვრცელი დუმილი
ჩამოვარდა. ბაბუამ მრისხანების ნაცვლად, მშვიდად იკითხა: „მეც შემიძლია გავხდე
ქრისტიანი?“ მალევე მოინათლა კიდეც.
ნათლობიდან მცირე ხნის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა. თუმცა იგი ახლადმოქცეული
ქრისტიანი იყო, მას გამოცხადებით ეუწყა ამასოფლიდან გასვლის ჟამი და 104 წლის
ასაკში, მშვიდად მიიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ამის შემდეგ ბამბანგი რწმენაში განმტკიცდა. იგი გახდა ინდონეზიის
პროტესტანტ-ქარიზმატული მოძრაობის აქტიური მონაწილე. თუმცა მას მუდმივი უკმარისობის
გრძნობა აწუხებდა. იგი იხსენებს: „ბავშვობაში მასწავლეს, რომ ლოცვისთვის
განკუთვნილი დრო არსებობს. ორმოცდაათიანელებისათვის სულერთია როდის ილოცებ. მე ამას
ვერ ვეთანხმებოდი. ჩემს თავს ვუთხარი: „თუკი ღმერთი - წესრიგის ღმერთია, მას უნდა
ჰქონდეს რაღაც წესები, გარკვეული რიტმი და შენ, მოკვდავს არ შეგიძლია, აირჩიო
მხოლოდ ის, რაც მოგწონს“.
ერთი ქველისმოქმედის წყალობით ბამბანგი სეულში პროტესტანტულ სემინარიაში
გაემგზავრა. იქ მან ინგლისური და კორეული ენები შეისწავლა, შეისწავლა ახალი აღთქმა
ბერძნულად და ივრითზე, ასევე საეკლესიო ისტორია და ღვთისმეტყველება. იგი
განსაკუთრებული მონდომებით იმეცნებდა ქრისტიანულ კონფესიათა შორის განსხვავებებს.
ერთხელ იგი თავის ოთახში ოჯდა და ფანჯრის შენობებს გასცქეროდა. უეცრად, მისი
მზერა შორეული შენობის სახურავზე შეჩერდა, რომელიც მეჩეთს წააგავდა. რამდენიმე დღის
შემდეგ იგი სახლიდან გავიდა და იმ შენობისკენ გაემართა. ეს ბერძნული
მართლმადიდებელი ეკლესია იყო.
ასე მოხვდა პირველად მართლმდიდებლურ ტაძარში მომავალი არქიმანდრიტი დანიელი
პირველ მწუხრზე. „იმ საღამოს, როცა მე ტაძარში შევედი, მწუხრი იყო. მსახურების
შემდეგ ყველამ წარმოთქვა: „ამინ!“ გული ამოვარდნაზე მქონდა. ბავშვობა მომაგონდა.
ჩემს თავს ვუთხარი: „სახლში მოვედი... მაშინ მე მტკიცედ შევიგრძენი, რომ
ამიერიდან ეს ჩემი სახლია. მე შემეძლო, მერწმუნა იესო და თაყვანი მეცა მისთვის,
როგორც უფლისთვის ისე, როგორც ეს ბავშვობაში მუსლიმურად მასწავლეს. მე ავტირდი. ეს
იყო პასუხი“.
ბამბანგი შეუდგა არქიმანდრიტ სოტერიოსის (ტრამბასი), ამ ტაძრის ბერძენი მღვდლის
ბიბლიოთეკიდან წიგნების კითხვას. იგი ყველაფერს ხარბად ისრუტავდა. გაუძნელდა
მართლმადიდებლური რწმენის მრავალი ასპექტის გათავისება, მაგალითად, ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლისა და წმიდა ხატების თაყვანისცემის საკითხი. მაგრამ ეს სიძნელეეები
დაიძლია მტკიცე რწმენით, რომ მართლმადიდებლობაშია სამოციქულო ეკლესია. გარკვეული
პერიოდის შემდეგ მან მამა სოტერიოსს თავისი გადაწყვეტილება განუცხადა. მღვდელმა
გამოსცადა ბამბანგის რწმენა და მიუგო: „რად გინდა მართლმადიდებლობა? დარჩი
პროტესტანტი!“ მათ ბევრი ისაუბრეს და ბამბანგმა თანდათანობით თავის ყველა კითხვაზე
მიიღო პასუხი. ამის შემდეგ მან კვლავ სთხოვა მამა სოტერიოსს მართლმადიდებლურად
მონათვლა. მღვდელმა მიუგო: „რად გინდა? თუ ფულის გამო, - ჩვენ ფული არა გვაქვს.
ჩვენ ღარიბი ეკლესია ვართ. თუ დიდებას ეძიებ, - ჩვენს ეკლესიას უკვე დიდი ხანია
დევნიან. შენ გირჩევნია, გახდე პროტესტანტი პასტორი. და თუკი კარგი მქადაგებელი
იქნები, სახელს გაითქვამ“. ბამბანგი შეწუხდა, მაგრამ არაფერი სწყენია. მან
განუმარტა მამა სოტერიოსს, რომ ფული არ აინტერესებდა. „მაშინ რატომ?“ - ჰკითხა
მართლმადიდებელმა მღვდელმა. „ამ ეკლესიაში მე ვიპოვე ჭეშმარიტება“, - მტკიცედ
განაცხადა ბამბანგმა. „თუკი ასეთია შენი პასუხი, მაშინ გახდი ერთ-ერთი ჩვენთაგანი“,
- მიუგო მამა სოტერიოსმა.
და აი, 1983 წელს ბამბანგ დვი ბიატორო ინდონეზიის უახლოეს ისტორიაში ამ ქვეყნის
პირველი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა. ბამბანგს ნათლობის შემდეგ დანიელი
უწოდეს. სახელი მან თავად შეირჩია...
არქიმანდრიტმა სოტერიოსმა ურჩია დანიელს საბერძნეთში გამგზავრებულიყო, რათა
ტრადიციული მართლმადიდებლური ცხოვრების წესი ეხილა. დანიელი 6 თვის მანძილზე
სწავლობდა ათენში ბერძნულს. შემდეგი 6 თვე მან ათონზე, სიმონ-პეტრეს მონასტერში
გაატარა. აქ მან პირველად სცადა ინდონეზიურ ენაზე ლიტურგიკული ტექსტები ეთარგმნა.
საბერძნეთში გატარებული 1 წლის შემდეგ იგი ამერიკაში გაემგზავრა. მან ბოსტონში
დაამთავრა ბერძნულ მართლმადიდებლურ სემინარიასთან არსებული საღვთისმეტყველო კურსები
და ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო.
ამის შემდეგ დანიელმა სამშობლოში დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი. მისი საზრუნავი
გახდა, თუ როგორი სამსახური უნდა გაეწია მას თავისი თანამემამულეებისათვის.
დანიელმა გადაწყვიტა, რომ მისი მისიონერული მოღვაწეობისათვის საუკეთესო იქნებოდა,
თუკი ბერად აღიკვეცებოდა. ასეც მოიმოქმედა. ამის შემდეგ, 1988 წელს პისტბურგის
ეპისკოპოსმა მაქსიმემ მას მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი და იმავე წელს მამა დანიელი
ინდონეზიაში დაბრუნდა.
სამშობლოში დაბრუნებულმა დანიელმა თავისი მისიონერული მოღვაწეობა თავისივე
ოჯახიდან დაიწყო. მოაქცია ისინი, მონათლა, ასწავლა სეფისკვერების ცხობა და
ადგილობრივ, ბატიკის ფაბრიკაში საეკლესიო შესამოსელის დამზადება. რამდენიმე თვის
შემდეგ ქალაქ სოლოში გაემგზავრა და მის მიერვე დაარსებული პროტესტანტული
საზოგადოება „სილოამის“ წევრებს საუბრები ჩაუტარა, რომლებიც მთელი ხნის
განმავლობაში თვალს ადევნებდნენ მის მოქცევას და რომლებთანაც ყოველთვის ვრცელი,
გულწრფელი, საღვთისმეტყველო ხასიათის მიმოწერა აკავშირებდა.
მამა დანიელმა დიდი და სერიოზული მისიონერული მოღვაწეობა დაიწყო. ტარდებოდა
ბიბლიის შემსწავლელი მეცადინეობები, მიმდებარე სოფლები მისიონერულმა მოღვაწეობამ
მოიცვა. მამა დანიელმა ქალაქ სოლოს უნივერისტეტთან დააარსა მართლმადიდებლური
საფუძვლების შემსწავლელი ერთწლიანი კურსები. გამოსცა თავისი ლექციების
აუდიო-ჩანაწერები, რამაც ინდონეზიელებს შესაძლებლობა მისცა თავიანთი
თანამემამულისაგან მშობლიურ ენაზე მოესმინათ სიტყვა მართლმდიდებლობის შესახებ.
მალე მამა დანიელმა ქალაქ სოლოში, პირველ-ქრისტიანთა ტაძრების მსგავსი
სამლოცველო სახლი დააარსა. სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ინათლებოდა და სადღეისოდ
მამა დანიელის მისია მრავალ სოფელსა და ათეულზე მეტ კუნძულზე მოქმდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 1991 წელს რელიგიის საქმეებში ქვეყანაში არსებული
მართლმადიდებლობა ოფიციალურად აღიარა. მისია, რომელსაც სათავეში მამა დანიელი
უდგას, წარმოადგენს მცირე ხნის წინ დაარსებული ჰონგ-კონგისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიის მართლმადიდებლური, ბერძნული ეპარქიის ნაწილს. ეპარქიის მმართველია
მიტროპოლიტი ნიკიტა.
მართლმადიდებელთა რიცხვის ზრდას მუსლიმთა ანტიქრისტიანული განწყობა მოჰყვა,
(ისინი ქრისტიანობას მწვალობლობად მიიჩნევენ). მუსლიმური თემები აშკარად
დაუპირისპირდნენ ქვეყანაში ფესვმოკიდებულ, მზარდ მართლმადიდებლობას. მათი
ძალისხმევით მრავალი ტაძრის მშენებლობა შეჩერდა. ერთ-ერთ ქალაქში ტაძრის
მშენებლობაზე თანხმობა გააუქმეს და ნახევრად აშენებული მართლმადიდებლური მისიის
კედლები ასევე დაუსრულებელი და მიტოვებული დარჩა.
1990 წელს ანტიქრისტიანული განწყობები ძალადობით განცხადდა: მუსლიმებმა მრავალი
ტაძარი გადაწვეს, აწამეს ქრისტიანები. ათასობით ქრისტიანი დაიღუპა 1998 წელს
მალაკში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების შედეგად, ხოლო 1999 წელს ქალაქ სოლოში
გამართულმა ისლამურმა კონგრესმა მუსლიმებს მოუწოდა, დაენგრიათ ქრისტიანული ტაძრები.
ამის შედეგად კუნძულ ლომბოკზე და სხვა მრავალ ადგილზე მდებარე ეკლესიები დაანგრიეს,
ქრისტიანების საცხოვრებელი ბინები და მათი კუთვნილი საწარმოებიც გაანადგურეს.
სასულიერო პირები, მათ შორის მამა დანიელიც, იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ
თავიანთი სახლები და თავი უსაფრთხო ადგილებში შეეფარებინათ.
1999-2000 წლის ზამთარში მამა დანიელი ინდონეზიის პრეზიდენტს აბდურახმან ვახიდს
შეხვდა. აღსანიშნავია, რომ იგი ისტორიული სახალხო რეფერენდუმით არჩეული პირველი
არასამხედრო პრეზიდენტი გახლავთ ინდონეზიაში. პრეზიდენტმა მამა დანიელთან საუბარში
გამოხატა პატივისცემა და მხარდაჭერა აღუთქვა ინდონეზიის მართლმადიდებლურ თემს.
20-წლიანი მისიონერული მოღვაწეობის შემდეგად, ამჟამად ინდონეზიაში მოქმედებს 10
მართლმადიდებლური ტაძარი, რომლებშიც 9 მღვდელი მსახურობს. ინდონეზიის
მართლმადიდებლური თემი 2000 მორწმუნეს აერთიანებს. მათ შორის 7 მომავალი მღვდელი
უცხოეთის სასულიერო სასწავლებლების სტუდენტია.
მართლმადიდებლური მისია ზრდას განაგრძობს, ქვეყანაში მზარდი ძალადობისა და
უწესრიგობის მიუხედავად, მამა დანიელი მქადაგებლურ საქმიანობას აგრძელებს. იგი
კვლავინდებურად ოპტიმიზმითა და სასოებით აღვსილი ადამიანია და დიდი ენთუზიაზმით
მოგვითხრობს მართლმდიდებლობაზე მოქცევის შემთხვევებს: ისლამიდან, ბუდიზმიდან და
ინდუიზმიდან.
აშშ-ს ჟურნალ „Round of Emmaus“ № 6, თომას ჰალბერტი
თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 46 (199), 2002 წ.
|