გზა ტაძრისაკენ...
„ვცდილობდი, შვილის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, თანაც ვხედავდი, რომ შვილი ჭკვიანი და ნიჭიერი მყავდა. მეგონა ეს საკმარისი აღმოჩნდებოდა იმისათვის, რომ დათო წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო. ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - მარკების კოლექციონირება, შემოქმედებით წრეებში გაწევრიანება, მხატვრობა. ჩვენ, მშობლები, მხოლოდ ხელს ვუწყობდით. სკოლაში სწავლასაც მშვენივრად ართმევდა თავს. როცა წამოიზარდა, სწავლა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი სახლის კარები მათთვის ყოველთვის ღია იყო. ფოტოგრაფიას (რაშიც ჩემმა შვილმა დიდი ნიჭი გამოვლინა) როკ-მუსიკა მოჰყვა. საჯარო გამოსვლებამდე დათო და მისი მეგობრები რეპეტიციებს სახლში გადიოდნენ, რაც მეზობლების უკმაყოფილებას იწვევდა და მიუხედავად იმისა, რომ მათთან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ჩემი შვილისათვის ხელი არ შემიშლია, ეს ხომ ჩემი ბიჭის სამყარო იყო. პრობლემა შემდეგ გაჩნდა. მე ის ჩემი შვილის მოუსვენარ მზერაში შევნიშნე. სიყვარული არ გეგონოთ, სიყვარულში მას ყოველთვის უმართლებდა. მისი რჩეულებიც ყოველთვის ლამაზი და დახვეწილი გოგოები იყვნენ. ჩემი შვილის მოუსვენრობის მიზეზი ნარკოტიკი იყო. ალბათ ასეა, მეგობართა სიმრავლეს, გაუკონტროლებელ თავისუფლებას ასეთი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება. არასასიამოვნო შედეგი რბილი ნათქვამია, ჩვენი ოჯახისათვის ეს ტრაგედია იყო. საწყის ეტაპზე არა, მაგრამ დროთა განმავალობაში ჩემი შვილიც მიხვდა, რომ ეს საშინელება იყო. რა არ ვიღონეთ, ნათესავების დახმარებით საბერძნეთში, ძვირადღირებულ კლინიკაშიც გავატარებინეთ მკურნალობის სამთვიანი კურსი, მაგრამ უშედეგოდ... მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვინც ამ პრობლემას შეხებია. მათ ეცოდინებათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ჩვენმა ოჯახმა... და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერს, რისთვისაც ვარსებობდი, ვიღწვოდი, წერტილი დაესვა, მოვიდა ხსნა. დათომ ეკლესიაში დაიწყო სიარული. ეს ჩემი შვილის მიგნება იყო. მისი ცხოვრება ხომ ძიებას ჰგავდა. დამშვიდდა. დამშვიდდა მისი ამღვრეული თვალები, მტკივანი სხეული, უფალმა სასწაული მოახდინა. ის, რასაც ნარკომანები წლობით ებრძვიან, რისი გაკეთებაც ექიმებს უჭირთ, ღმერთმა ინება (ქალბატონმა თამარმა პირჯვარი გადაიწერა). ბოლო დროს აპათიური, ყველაფრისადმი გულგრილი დათო ისევ ისეთი ხდებოდა, როგორც ადრე. ისევე, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ქრისტიანული სარწმუნოების შესწავლას და ჩვენც გაგვიყოლია. უფალმა არ გაგვწირა. ეს ეკლესიაში ჩემი პირველი შესვლისთანავე ვიგრძენი. მანამდე მეგონა, რომ იქ დათოს გულისთვის მივდიოდი, ტაძარში შესულმა კი ვიგრძენი, რომ ეს მეც მჭირდებოდა. ძნელია ამის გადმოცემა, ადამიანმა უნდა გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ მიხვდება, რისი თქმაც მინდა. წარსული გატაცებებისაგან განსხვავებით, საბედისწერო „გატაცება“ საბოლოო აღმოჩნდა ჩემი შვილისათვის. იგი ბერად აღიკვეცა, რასაც ჩვენი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა. შეიძლება ზოგიერთმა გამკიცხოს, იფიქროს, დედას შვილის ბერობა მაინც და მაინც რატომ უნდა უხაროდეს, არ აჯობებდა მის შვილს ოჯახი ჰყოლოდა, ცოლი, შვილები. მე კი მგონია, რომ დასკვნებს ჩვენ ცხოვრება, გამოცდილება გვაკეთებინებს. მე ვნახე ჩემი და ჩემი შვილის წარსული და სწორედ ამიტომ ვიცი ჩვენი დღევანდელი დღის ფასი. ერთ რამეზე მწყდება გული: რატომ ადრე არ აგვეხილა თვალები, რატომ თავიდანვე არ გავიხადეთ უფალი მეგზურად, მაშინ ხომ ამდენი ტკივილის გამოვლა არ მოგვიხდებოდა“. ჟურნალი „არ იდარდო“, №1, 2005 წ. |