|
ჩრდილოეთ კალიფორნიის წმიდა ქსენია პეტერბურგელის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მორჩილი ცელესტინა
გრძელი გზა ექსტრასენსორიკიდან მართლმადიდებლობისაკენ
მორჩილი ცელესტინა ამერიკელი მართლმადიდებელია. იგი ჩრდილოეთ კალიფორნიის წმიდა
ქსენია პეტერბურგელის სახ. დედათა მონასტრის წევრია. გთავაზობთ დედა ცელესტინას
მონათხრობს, იმის შესახებ თუ როგორ მოექცა იგი მართლმადიდებლობაზე.
„საოცრად მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ბედნიერებას
ეზიარონ ჭეშმარიტებას, შეიმეცნონ ღმერთი და გაეცნონ წმიდანთა საოცარ ცხოვრებას!
რადგან ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ მტვერია, როდესაც შენს წინაშე მცირეოდენით
მაინც წარმოჩინდება ქრისტეს ჭეშმარიტება!“
- თავდაპირველად საერთოდ არ მწამდა სულის უკვდავებისა. უბრალოდ, ურწმუნო
ადამიანი ვიყავი, თუმცა თავს ასეთად არ ვთვლიდი. მახსოვს, ერთხელ მეგობრებმა მე და
ჩემი და მართლმადიდებლურ ტაძარში მიგვიწვიეს. ღვთისმსახურებას დავესწარით. სრულიად
გაუცხოებული ვიდექი, მაგრამ მეგობრების პატივისცემის გამო, ვცდილობდი ჩემი განწყობა
არ გამემჟღავნებინა. სინამდვილეში კი მეცოდებოდნენ ეს ადამიანები, მათი (როგორც მე
ეს მაშინ მეჩვენებოდა) „შეზღუდული და გულუბრყვილო“ რწმენის გამო. ვფიქრობდი: „რა
უაზრობაა, გწამდეს, რომ მიწიერი ცხოვრების შემდეგ გექნება რაღაც ზეციური ცხოვრება
მარტო იმის გამო, რომ ღვინიან პურს მიირთმევ! და რა მოსაწყენია იცხოვრო სიკვდილისა
და ჯოჯოხეთის მუდმივი შიშით!“ მაშინ მტკიცედ მწამდა, რომ „ზეცა შეიძლება დედამიწაზე
იყოს, ხოლო ღმერთის ცნება შეუძლებელია, დაიყვანებოდეს პატარა ადამიანამდე, სახელად
იესო.“ ღმერთმა შემინდოს ეს საშინელი მკრეხელობა!
ღვთისმსახურებამ დამღალა და ჩემი ყურადღება ხატებს მივაპყარი. ცნობისმოყვარეობა
მომეძალა: ვინ იყვნენ ხატებზე გამოსახული ადამიანები? გავბედე და ვიკითხე.
მონათხრობმა გამაოგნა. შინ უკვე სულ სხვაგვარი განწყობით ვბრუნდებოდი. წმიდანთა
ცხოვრება, რომელთა შესახებაც მე მიამბეს, საოცარი და გამაოგნებელი იყო! მაგრამ არ
მესმოდა, რატომ სწამდათ მათ ასე ძლიერ იესო?! მისი სახელით ეს წმიდანები ნამდვილ
სასწაულებს ახდენდნენ და მისთვის თავსაც სწირავდნენ.
იმხანად ექსტრასენსორიკით ვიყავი გატაცებული. „ვკურნავდი“ ფიზიკურ და სულიერ
სნეულებებს მეთოდით, რომელსაც ჩვენს ენაზე „მატერიაზე ამაღლებული გონება“
ეწოდებოდა. ამ სისტემის დაუფლება „ენერგეტიკული“ განკურნების გარდა, შიშისაგან
გათავისუფლებას გულისხმობდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ბოროტება არ არსებობს, რომ
იგი მხოლოდ ილუზიაა. და ვიცი, რომ ეს ფილოსოფია ფეხმოკიდებული იყო. უფრო მეტიც,
მინახავს ადამიანები, რომელებიც განკურნებულან მისი მეშვეობით.
თუმცა, ახალი შთაბეჭდილებები მაიძულებდა, უკვე სხვაგვარად შემეფასებინა
მოვლენები. ამიტომ ექსტრასენსორიკის შესახებ აზრის გამოთქმა ჩემს მართლმადიდებელ
ნაცნობებს ვთხოვე. მათგან საოცრად მარტივი და ცხადი პასუხი მივიღე. მათ მითხრეს,
რომ არ იციან, რაში არ არის ღვთის მადლი, - ამის შესახებ მარტო უფალმან უწყის. მათ
იციან მხოლოდ, თუ რაშია იგი ნამდვილად: საღმრთო სჯულში, წმიდა წერილში, წმიდა
მამათა ცხოვრებაში და მათ შრომებში. მათ ასევე დასძინეს, რომ ეშმაკსაც გააჩნია
გარკვეული ძალა: მასაც შეუძლია განკურნოს, სასწაულიც კი მოახდინოს და რომ ეს
ყველაფერი ბიბლიაში წერია. არ ვიცოდი, რა მეფიქრა: მე ხომ ბოროტი ძალების
არსებობისა არ მწამდა. სახლში გავიქეცი და წმიდა წერილის კითხვა დავიწყე - მასში
ჩემი საქმიანობის გამართლებას ვეძებდი. ექსტრასენსორულ სისტემას „მატერიაზე
ამაღლებული გონება“ იზიარებდა აგრეთვე დენომინაცია „ქრისტეს მეცნიერება“. ამ
დენომინაციის წევრებს სწამთ, რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ ისინი ჯოჯოხეთისა და
ბოროტების არსებობას უარყოფენ.
მათეს სახარებაში ამოვიკითხე ადგილი, სადაც ქრისტეს ადანაშაულებენ, - ეშმაკთა
მთავრის ძალით დევნი ბოროტ სულებსო. ქრისტე მათ პასუხობს: „და უკუეთუ ეშმაკი
ეშმაკთა განჰხდის, თავსა თვისსა განევთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაი მისი?“ (მთ.
12, 25-26). მაშინ მეგონა, რომ სწორედ ეს იყო პასუხი ჩემს კითხვაზე. მომეჩვენა, რომ
ამით თავად იესო უარყოფდა ეშმაკის არსებობას. თუმცა, ცოტა მეტი ყურადღებით რომ
წამეკითხა, დავრწმუნდებოდი, რომ სწორედ იმ ნაწყვეტში იესო ქრისტე აშკარად აღიარებდა
ეშმას არსებობას, რისიც მე მაშინ ჯიუტად არ მწამდა.
როდესაც მათეს სახარების ამ ადგილს მივაგენი, დავმშვიდდი. ასე ვმსჯელობდი:
„ვინაიდან მწამს ღმერთი, ე.ი. მე მისი ძალით ვმოქმედებ და ვკურნავ.“ ახლა კი
მესმის, რომ მაშინ უბრალოდ ჯერ კიდევ მზად არ ვიყავი, მიმეღო ჭეშმარიტი
ქრისტიანობა. ახლა კი ვხედავ, რა უსუსური იყო ჩემი წარმოდგენა ქრისტიანობის არსის
შესახებ!
მას შემდეგ ეკლესიაში სიარული შევწყვიტე. სულიერი ფერისცვალება ჩემში
მოგვიანებით, ჩემი დის ნათლობისას მოხდა. ნათლობისას წყალში შთაფლვაში, ერთი
შეხედვით, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არაა. მაგრამ თუკი შენ ამ საიდუმლოში
მონაწილეობ ანდა თანაზიარი ხარ ამ სიხარულისა, მაშინ მადლის მოქმედებას შინაგანად
განიცდი. ამ დროს რაღაც უხილავი შეეხო ჩემს გულს და განაცხოველა ჩემი სინდისი. ამის
ახსნა ძალიან ძნელია, მაგრამ მას შემდეგ მოვლენები უკვე სულ სხვა თვალით დავინახე.
მაშინ მივხვდი, რომ ეს ღვთისმსახურების მადლის მოქმედებით მოხდა. თავად არ ვიცი
რატომ, მაგრამ ლოცვა დავიწყე. ჩემთვის ეს სრულიად ახალი და უცხო მოვლენა იყო.
ენითაღუწერელი სიხარული დამეუფლა, ლოცვამ ჩემში სრულიად ახალი გრძნობები აღანთო.
განუწყვეტელად იესოს ლოცვას ვიმეორებდი. მას შემდეგ ლოცვა ჩემთვის აუცილებელ და
განუყოფელ მოთხოვნილებად იქცა. დავიწყე ტაძარში სიარული, ვესწრებოდი
ღვთისმსახურებებს. თავსაფრითაც კი შევიმოსე. ეს ნაბიჯი ჩემთვის გმირობის ტოლფასი
იყო, რადგან თავს ფემინისტად მივიჩნევდი და სექსუალური თავისუფლებისთვის ვიბრძოდი.
ჩემში სხვა ადამიანმა გაიღვიძა. ღირებულებების გადაფასება დავიწყე. ვაკვირდებოდი
ადამიანებს. ახალგაცნობილ მრევლს იმ ხალხს ვადარებდი, ვინც ჩემთან ერთად
ექსტრასენსორიკით იყო გატაცებული. „ნეტავ, რით განსხვავდებიან ისინი ჩემი ძველი
ნაცნობებისგან?“ - ვფიქრობდი მე, - „მათაც ხომ სწამდათ სიკეთის, სიყვარულის,
თავდადების, თავისუფლების?!“ მალე მივხვდი, რა იყო მათ შორის განსხვავება. ეს იყო
ორი დიდი თვისება, რომელიც ჩემს ძველ ნაცნობებს არ გააჩნდათ და რომლის არსიც მე
ეკლესიაში შევიტყვე. ეს არის: მორჩილება და სინანული. ადრე ყოველთვის მეგონა, რომ
სინანული ადამიანში აღძრავდა სასოწარკვეთილებას, ღრმა დეპრესიას, გაბოროტებასა და
ეგოიზმს. მაგრამ ჩემი ახალი ნაცნობები სიმშვიდისა და სიხარულის მატარებლები იყვნენ.
ისინი ბევრს მუშაობდნენ და თუმცა ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, - მაინც ბედნიერები
იყვნენ. მცირე ხნის შემდეგ ცხადად დავინახე, რომ ჩემი და ჩემი ყოფილი მეგობრების
სიკეთე მხოლოდ ილუზიაა! ჩვენ ყველანი უბრალოდ ამპარტავნები ვიყავით. ამპარტავნება
აუცილებელი თვისებაა იმისათვის, რომ დაიჯერო, რომ თავად ძალგიძს საკუთარი ძალებით,
შენი ბიოველით, განჰკურნო სხვა ადამიანი. ჩვენი თავი მაშინ ბრძენი და განათლებული
გვეგონა. ახლა უკვე ვხედავ, რა ცდომილებაში ვიყავით მაშინ მე და ჩემი მეგობრები.
მოგვიანებით სხვა საფიქრალი გამიჩნდა. როცა ვიწამე, რომ ბოროტება არსებობს,
ვერაფრით შევიგნე, რატომ უშვებს ყოვლადსახიერი ღმერთი ბოროტების არსებობას. პასუხს,
რომელიც ვპოვე, თავისუფლებასთან მივყავდი. ფემინისტურ მოძრაობაში გვინერგავდნენ
აზრს, რომ სასუფეველსა და ჯოჯოხეთზე საუბრები სრული სისულელეა; რომ ამგვარი იდეებით
ცდილობენ ქალის დამცირებას და მამაკაცის აღზევებას. გვეუბნებოდნენ: „რატომ უნდა
მივიჩნიოთ მამაკაცი უპირატესად, მით უფრო, რომ ხშირად იგი ამ უპირატესობის ღირსი
არცაა?“ „სულიერების“ თანამედროვე მქადაგებლები და „ენერგეტიკული მკურნალები“
აგრეთვე გვმოძღვრავდნენ, რომ „ტრადიციული ქრისტიანობა ზღუდავს სულიერ თავისუფლებას,
ევოლუციის მწვერვალებისადმი ლტოლვას და ხელს უშლის ჩვენი მისტიური შესაძლებლობების
განვითარებას.“ ძალიან გამიჭირდა ამ ცრუმოძღვრებისაგან გათავისუფლება. დიდი
ძალისხმევა და ფიქრი დამჭირდა, რომ გავრკვეულიყავი, სად იყო ჭეშმარიტება. საათობით
განმარტოებით ვსეირნობდი ტყეში, ვეძებდი მყუდრო ადგილს, რათა ჩემი ფიქრებისთვის
ხელი არაფერს შეეშალა. მაშინ მივხვდი, რომ უფალმა ჯერ დამანახა ტრადიციული
ქრისტიანობის არსი და მერე თავისუფალი არჩევანის საშუალება მომცა: თავად უნდა
ამერჩია ჩემს ძველ „მრწამსს“ ვუერთგულებდი, თუ ქრისტეს გზას დავადგებოდი. და მე
თავისუფალი ნებით გავაკეთე სწორი არჩევანი.
ჩემი მოქცევის შემდგომი ეტაპი დედათა მონასტრის მონახულებით დაიწყო. ნეტარი
ქსენია პეტერბურგელის სახელობის დედათა მონასტერი განლაგებულია ჩრდილოეთ
კალიფორნიაში, უალდვუდის მთიან და უდაბურ ტყეში. მონაზვნებთან ცხოვრებამ ბევრი რამ
შემძინა. წმიდა წერილის და წმიდანთა ცხოვრების კითხვამ ჩემს ფერისცვალებაზე დიდი
გავლენა იქონია. მონასტერში ორი თვე დავყავი, დაბოლოს, მონათვლა ვითხოვე. ნათლობის
შემდეგ მონასტრის დატოვება აღარ მომინდა.
დღეს უკვე ამ მონასტრის მორჩილი ვარ. თანამედროვე საზოგადოებაში, იმ წრეებში,
სადაც ადრე ვტრიალებდი, ჩემი ნაბიჯი აღიქმება, როგორც „წარმოუდგენელი სისულელე და
სიგიჟე“; მათ მიაჩნიათ, რომ მორჩილებაში ცხოვრება „დანაშაულია კაცობრიობის წინაშე“.
მათთვის აუხსნელია ჩემი გადაწყვეტილება, ვიცხოვრო მონასტერში. მათ ახსოვთ, რომ ერში
მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყავი, მქონდა მშვენიერი კეთილმოწყობილი ბინა და
საკმარისი თანხები, რომ მემოგზაურა და განცხრომით მეცხოვრა და აგრეთვე მქონდა „ნიჭი“ ადამიანების განკურნებისა. მათთვის უპირატესი მატერიალური კეთილდღეობაა,
ამიტომ ვერაფრით აუხსნიათ, რამ განაპირობა ჩემი საქციელი. მე კი საოცრად მეცოდებიან
ის ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან ბედნიერებას, ეზიარონ ჭეშმარიტებას,
შეიმეცნონ ღმერთი და გაეცნონ წმიდანთა საოცარ ცხოვრებას! რადგან ამქვეყნიური
ცხოვრება მხოლოდ მტვერია, როდესაც შენს წინაშე მცირეოდენით მაინც წარმოჩინდება
ქრისტეს ჭეშმარიტება!
მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
| |