ფერისცვალების მონასტრის იღუმენია დედა მარიამი

„მონასტერი თავისთავად გაყენებს სწორ გზაზე“

70-იანი წლების შუა ხანებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის რამდენიმე კურსდამთავრებული მონასტერში წავიდა. ჩვენი სტუმარი, დედა მარიამი, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის იღუმენია, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ. სამწუხაროა, რომ ინტერვიუს კითხვისას ვერ ხედავთ მის თვალებს და არც მისი ხმა გესმით.

 

პირველი ნაბიჯები

დავიბადე 1964 წელს, თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. 14 წლის ვიყავი, რომ მოვინათლე. სხვათა შორის, მე თვითონ მოვინდომე. მეგონა, თუ მომნათლავდნენ და გულზე ჯვარს დამკიდებდნენ, ცუდი აღარაფერი შემემთხვეოდა. ჰოდა, როცა რაიმე სახიფათო საქმეზე მივდიოდი, ჯვარს მაშჲნ ვიკიდებდი ხოლმე. მონათვლის შემდეგ რაღაც სიმშვიდე ვიგრძენი, მწამდა, რომ ამიერიდან ღმერთი მიფარავდა. საერთოდ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ღმერთი არსებობდა და მარტი არ ვიყავი ამ ქვეყანაზე. კი, ვიცოდი, რომ დედას ვუყვარდი, მამას ვუყვარდი, მაგრამ ბევრი განსაცდელი ხომ მარტოს უნდა გადამეტანა? ამის მეშინოდა და როცა გავიგე, რომ მფარველი ანგელოზი მუდამ ჩემთან იყო და არასდროს დამტოვებდა, გამბედაობა მომემატა.

ნელ-ნელა ეკლესიაში სიარულიც დავიწყე. ჯერ ამხანაგებს მივყევი, ისე, უბრალოდ, ცოტა ხანს გავჩერდი, მერე გავიგე, რომ მეორე დღეს წირვა იყო; თანდათან ქადაგების მოსმენაც დავიწყე, მოძღვართან მივედი, აღსარება ვთქვი... მინდობილი ვიყავი ეკლესიას და რაც არ მესმოდა (მაგალითად, რატომ უნდა დამეხურა თავზე), იმას მექანიკურად ვაკეთებდი. მერე ამ ყველაფრის საჭიროება ვიგრძენი... შეიძლება, ახლაც კი ვერ გამოვთქვა ეს; ნებისმიერი წესი, რომელიც თავიდან გაუგებარი იყო ჩემთვის, ახლა უკვე ძალიან ღრმა აზრით არის დატვირთული. რომც არაფერი წაიკითხოს ადამიანმა ამის შესახებ, ცონდა მაინც მოდის.

როდესაც ეკლესიაში სიარული დავიწყე, ერთადერთი სამთავროს დედათა მონასტერი იყო მცხეთაში და იქაც სულ მოხუცი დედები ცხოვრობდნენ. არ ვიცოდი, სად მდებარეობდა ეს მონასტერი და არც მეგონა, ჩვეულებრივ მოკვდავს თუ შეეძლო, მონაზონი გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, მონასტერში წასვლა აზრადაც არ მომსვლია. პირიქით, ბავშვობიდანვე მქონდა ჩაბეჭდილი თავში, რომ აუცილებლად უნდა დამემთავრებინა უმაღლესი სასწავლებელი, მემუშავა, მერე ასპირანტურაში ჩამებარებინა... ეკლესიაში რომ მივედი, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვმუშაობდი. როცა მივხვდი, რომ ამ სამსახურისთვის თავის დანებება შეიძლებოდა, ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი.

 

ოთხშაბათობები

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ოთხშაბათობით ტაძრების დასალაგებლად დადიოდა. უწმინდესთან ძალიან ახლოს ვიყავით, რაც თავისთავად უდიდესი ბედნიერება გახლდათ. ჩვენს მოძღვარს, მამა დავითს, რომელიც ახლა მეუფე დანიელი გახლავთ, დავყავდით ტაძრებში, მონასტრებში, ვშრომობდით, ვლოცულობდით. კვირაში ერთ დღეს მონასტრულად ვატარებდით. ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე ვცხოვრობდი... ეს რომ გავიაზრე, სამსახურიც გამოჩნდა ეკლესიაში - გობელინებს ვქსოვდით.

 

რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ...

უწმიდესმა რომ დაინახა, მონასტერში წასასვლელად მზად ვიყავით, ხელი შეგვიწყო - რუსეთში, პიუხტიცის მონასტერში გაგვიშვა. თექვსმეტნი წავედით. იქ ერთი თვე გავატარე. ჩვეულებრივად ვცხოვრობდი; დედაც მენატრებოდა, ამხანაგებიც, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, არ გამჭირვებია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, მონასტრის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო-მეთქი. ერთადერთი უცნაური გამოცდილება ის იყო, რომ რას არ მინდოდა, სწორედ იმის კეთება მომიხდა. მეუფეს ვთხოვე, ოღონდ სამზარეულოში არ გამიშვათ და ყველა საქმეზე თანახმა ვერ-მეთქი. მაინცდამაინც სამზარეულოში გამამწესა. რა უნდა მექნა? ღვთის შეწევნით ყველაფერი ადვილად გადავიტანე, როგორც კი შინაგანად მივიღე და დავმორჩილდი. მერე და მერე მივხვდი, რომ რაღაც ასეთი აუცილებელი იყო ჩემთვის.

პიუხტიცის მონასტერში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, დედა ლიუბოვი. უკვე მოხუცებული, სულ ბუზღუნებდა, მაგრამ ისეთ სიყვარულს ასხივებდა, რომ დაინახავდი, გულში ჩახუტება მოგინდებოდა. თურმე სულ ახალგაზრდა მისულა მონასტერში. ისეთი მხიარული ყოფილა, დედებს გასჭირვებიათ მისი მიღება და მოძღვრისთვის საგანგებო წერილი გაუგზავნიათ - ასეთი და ასეთი გოგო მოვიდა, ვერ ვაჩერებთ, სულ იცინის და რა ვქნათო. რა უნდა ქნათ და უნდა დატოვოთო, - მიუღიათ პასუხი. და ისიც მთელი გულით ემსახურებოდა მონასტერს ღვთის გულისათვის. ყველაფერი მას ებარა: სატრაპეზო, საცხობები, მეურნეობა... იმდენი საქმე მქონდა, თორმეტი წლის განმავლობაში არც ერთ საუფლო დღესასწაულზე არ დასწრებია წირვა-ლოცვას - არც აღდგომას, არც შობას, არც ფერისცვალებას... ღამე დგებოდა, რომ პირადი კანონი შეესრულებინა; წირვა-ლოცვაზე, როცა დრო ჰქონდა და ესწრებოდა, დამჯდარი არავის უნახავს. უკვე წამოსული ვიყავი, მისი ამბავი რომ გავიგე: თურმე დაბრმავებულა და მაშინ უთქვამს, აი, ახლა კი სულ ვილოცებო. მერე სქიმმონაზონი გამხდარა...

 

მონასტერში უნდა წავსულიყავი, რომ მესუნთქა

მახსოვს, მოძღვარმა მითხრა, რა დროს შენი მონასტერია, ხომ ხედავ, ჯერ არაფერი გაგეგებაო. ვიფიქრე, ამის დრო არც არასდროს დამიდგება-მეთქი. ისევე, როგორც არასოდეს იქნები ზიარების ღირსი. უბრალოდ, ვიცოდი - მონასტერში უნდა წავსულიყავი, რომ მესუნთქა. სხვანაირად არ შემეძლო, ამიტომ იმაზე ფიქრი, მერე რა მელოდა ან რა გზა იყო ეს გზა, არ დამიწყია. ამასობაში მოხდა ისე, რომ კიდევ რამდენიმე ჩემი ახლობელი თავ-თავისი გზით მონასტრის კარიბჭესთან აღმოჩნდა. ასე რომ, სამთავროში ხუთნი წავედით. ალბათ, ამიტომაც არ გაგვჭირვებია.

დედებმა ძალიან კარგად მიგვიღეს და ბევრი რამ გვასწავლეს. თავიდან, უბრალოდ, შეგვიყვარდა ეს ადამიანები - ახალგაზრდები ვიყავით და გვეგონა, მათზე მეტი წიგნი გვქონდა წაკითხული, მედავითნეობაც უკეთ ვიცოდით და ა.შ. - მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ისინი გულმხურვალე მონაზვნები იყვნენ და მათი ლოცვაც ჭეშმარიტი იყო. მამა გაბრიელიც ძალზე დაგვეხმარა, რომ უკეთ გვეგრძნო, რა არის ქრისტიანობა. არც პატრიარქის ყურადღება გვაკლდა და არც მოძღვრის. ერთი სიტყვით, განებივრებულები ვიყავით ღვთის წყალობით...

მონაზვნად სამთავროს მონასტერში აღვიკვეცე, მაგრამ მერე მარტყოფში გადავედი საცხოვრებლად, სამი წლის შემდეგ კი უკვე აქ, ფერისცვალებაში, დავმკვიდრდი. ოცამდე დედა ვართ. მონასტერში უამრავი საქმე კეთდება, სეფისკვერები, სანთლები კეთდება... პირველ რიგში კი, რაღა თქმა უნდა, ვლოცულობთ. რაკი მონასტერი ქალაქშია, უამრავი ხალხი მოდის თხოვნით; როცა გაჭირვებული მოგმართავს, უარის თქმა ძნელია, ვერ ეტყვი, შენთვის არ მცალიაო. თავიდან მათ მონასტერშივე ვიღებდით და ეს, ცოტა არ იყოს, გვიჭირდა. ახლა ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ: მოწყალების დების სასწავლებელი გავხსენით, სადაც გოგონები სწავლობენ და ცხოვრობენ კიდეც, თან გვეხმარებიან.

ჰო, მონასტერში ერთი განსაცდელი გვაქვს (ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი) - მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე დარეჯან დედოფლის სასახლის ქვეშ მიწისქვეშა წყლები გადის და ის კლდე, რომელზეც შენოა დგას, იშლება. ალბათ, ძალიან დიდი თანხაა საჭირო, რომ არ დაინგრეს, ეს კი ჩვენს ძალებს აღემატება და ჯერჯერობით არ ვიცით, ვის მივმართოთ თხოვნით.

 

მისტიკური ქალაქი და ერთობის განცდა

იერუსალიმში 2000 წელს ვიყავით, საშობაოდ, - უწმიდესს ვახლდით. ბუნებრივია, ქალაქმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იერუსალიმი ისეთი მისტიკური ქალაქია, მორწმუნეც რომ არ იყო, ამას მაინც იგრძნობ. თითქოს წარსულში აღმოჩნდები - დადიხარ სწორედ იმ ქუჩებში, მაცხოვარმა რომ გაიარა, ეხები ქვას, რომელსაც ლოცვის ჟამს მიაყრდნო...

ამასთან ერთად, მქონდა კიდევ მეორე განცდა - ერთიანი, მთლიანი და ბედნიერი საქართველოსი. დელეგაციაში ბევრი ვიყავით, დაახლოებით 200 კაცი. ბევრს არც ვიცნობდი, მაგრამ ჩვენს შორის ისეთი ერთსულოვნება სუფევდა, შეთანხმებაც არ გვჭირდებოდა. რაღაც ძალამ გაგვაერთიანა და მივხვდი, როცა ასეთი ერთობა არსებობს, როგორი დიდი ძალაა, იყო ქართველი.

მახსოვს, სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქები და სახელმწიფოს მეთაურები აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავთან უნდა შებრძანებულიყვნენ. როდესაც ჩვენი პატრიარქი გამოჩნდა და კიბეზე უნდა ჩამობრძანებულიყო, წვიმა შენელდა. მთელმა დელეგაციამ, ისე, რომ არავის ნიშანი არ მოუცია, ერთად დავიწყეთ გალობა და უწმინდესი ტაძარში შევაცილეთ. არც ერთი პატრიარქი და არც ერთი სახელმწიფოს მეთაური ასეთი დიდებით არ მისულა მაცხოვრის საფლავთან.

ღვთისმშობლის საფლავზეც საოცრება მოხდა; ჯერ არავის უშვებდნენ, ახლახან წყალმა დატბორა და ჩაკეტილიაო. ვიდექით და ვფიქრობდით, როგორ შეიძლება, აქამდე მოსულებმა ღვთისმშობლის საფლავი ვერ ვნახოთო. ამ დროს პატრიარქი მობრძანდა. კარი რომ გაუღეს, ჩვენც შევცვივდით... ყველანი ვტიროდით. ისეთი განცდა იყო, თითქოს ღვთისმშობელმა ყველა ერთად ჩაგვიხუტა. პატრიარქიც ტიროდა, ძლივს წაიკითხა სახრება. მეც, ცრემლი რომ წამსკდა, ვეღარ გავჩერდი. ეს ღვთისმშობლის წყალობა იყო.

კიდევ, მახსოვს, შობას ბეთლემის ტაძარში ვერ შევდიოდით. ხალხი უამრავი იყო, შესასვლელი კი - ერთადერთი, თანაც ვიწრო. ამ დროს კი გარეთ ღია ცის ქვეშ დემის რუსოს კონცერტისა და გრანდიოზული დისკოთეკისთვის ემზადებოდნენ და ტაძარში რომ არ შეგვესწრო, კონცერტს ვერ ავცდებოდით. ვიდექით ასე საწყლად. მერე ხმადაბლა გალობა წამოვიწყეთ... უცებ, - არ ვიცი, ვის მოაფიქრდა, - ჩვენმა მამაკაცებმა ხელები ჩაჰკიდეს ერთმანეთს, კორდონი გააკეთეს და ჯერ ქალები შეგვიშვეს, მერე თვითონ შემოგვყვნენ. ასე სასწაულებრივად აღმოვჩნდით ტაძარში, არადა, თითქოს იმედიც არ უნდა გვქონოდა იქ შესვლისა.

ჯვრის მონასტერშიც ვიყავით. პატრიარქი წირავდა. ძალიან დიდი ზეიმი იყო, თითქოს გაიღვიძა მონასტერმა. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიხაროდა, ეს იყო ერთობის განცდა.

ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა არ გვინახავს, მაგრამ პირადად მე ისეთი სავსე ვიყავი, მეტის დატევა აღარ შემეძლო.

სასწაული ალბათ მაინც ადამიანის გულში ხდება. შეიძლება, ანგელოზი გამოგეცხადოს და ვერაფერს მიხვდე, მაგრამ შეიძლება, ვერაფერიც დაინახო და უცებ ისე გაგითბეს გული, იგრძნო, რომ ღმერთი არსებობს.

 

მე ეკლესიამ მიშველა

ადრე მონასტეში წასვლა უფრო ადვილი იყო, არა? ახლა უფრო ძნელია, ხომ? სიმართლე გითხრათ, ეგ მეც მიფიქრია...

ახლანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, სულ ვცდილობ, თავი შევიკავო და არაფერი ვთქვა იმაზე, თუ როგორ აცვიათ, როგორ იქცევიან. შეიძლება, მათ, უბრალოდ, ბებოს თვალით ვუყურებ - თავის დროზე ჩვენზეც ასეთივე რეაქცია ჰქონდათ უფროსებს, - არ ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღევანდელი ბავშვები ნაკლებს კითხულობენ, ნაკლებად ვითარდებიან, უფრო ზედაპირულ განათლებას იღებენ. დროც არა აქვთ: ტელევიზორი, კომპიუტერი... ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.

საქართველოს ისტორია და ლიტერატურა რომ ასწავლონ კარგად, შეიძლება, ბავშვი ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რადგან ჩვენს ისტორიასა და ლიტერატურაში რაც კი ღირებულია, იმდენად ახლოსაა ღმერთთან, რომ მაინც სარწმუნოებამდე მივყავართ.

ჩვენ, ჩემს თაობას, ეროვნული განცდაც უფრო ძლიერი გვქონდა. ახლა როგორღაც  საკუთარი ნებით ვამბობთ უარს, ვთმობთ ყველაფერს და მივდივართ...

ჩვენ არც საქართველოს ისტორიას გვასწავლიდნენ, არც ქართულ ლიტერატურას - ეკლესიაში რომ მივედი, მერე დავაფასე ხალხური სიმღერაც, ჩვენი ისტორიაც, ყველაფერი, რაც ქართულია და მივხვდი, რომ თუ ამას არ მოვეჭიდებოდი, - ცხადია, სარწმუნოებასთან ერთად, - ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემი, როგორც პიროვნების გადარჩენა.

მე მონასტერმა მიშველა... მონასტერი თავისთავად გაყენებს სწორ გზაზე; საკუთარ ვნებებს რომ ებრძვი, გული იწმინდება. შენს შეცდომებს უკეთ ხედავ და სხვების მიმართაც უფრო ლმობიერი ხდები.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ დღევანდეს დღეს, ალბათ, უფრო ძნელია არამცთუ ქრისტიანობის, ადამიანობის შენარჩუნებაც კი. მეშინია, ძალიან პესიმისტური ნათქვამი არ გამომივიდეს. თუმცა, არა, ეს არ არის პესიმისტური. ღმერთი არსებობს და თუკი ჩვენი თაობა ამოიყვანა ჭაობიდან, ამ ბავშვებსაც, ამ თაობასაც უშველის. სადაც ცოდვა მრავლდება, იქ მადლიც იზრდება. ამის იმედი მაქვს.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე“, № 4, 2004 წ.