ათონის წმინდა მთა

ათონის წმინდა მთა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“, რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კმ, ხოლო სიგანე 12 კმ-მდეა. სიმაღლე კი 2033 მ-ია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).

ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა. იგი განსაკუთრებული მართლმადიდებელი მონაზვნური გაერთიანების მფლობელობაში იმყოფება. ათონზე უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში იყო.

ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით სასწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა, რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.

ყოვლადწმინდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი. იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე და სთხოვდა ლაზარეს ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან.

ეკლესიის გადმოცემის თანახმად 44 წელს ღვთისმშობელი მოციქულებთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრა.

ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელი ძლიერი პირქარი ამოვარდა, მეზღვაურებმა ვერაფრით დაიმორჩილეს იალქნები და ხომალდი სხვა მიმართულებით გაქანდა. ქარმა გემი ეგეოსის ზღვაში შეიყვანა და ათონის მთის ნაპირთან მიაყენა.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ათონის მთა წარმართთათვის წმინდა მთად იყო მიჩნეული. ძველ ბერძნებს აქ აპოლონის და ზევსის სადიდებელი მთელი რიგი წარმართული ტაძრები ჰქონდათ აღმართული.

როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ყოვლადწმინდამ მოგზაურობის ამგვარ წარმართვაში ღვთის ნება დაინახა, გადავიდა მისთვის უცნობი მიწის ნაპირზე, სადაც სასწაულის მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოწიწებით შეხვდა მას. ყოვლადწმინდამ წარმართებში ღვთის სიტყვა იქადაგა და როდესაც იქაურებში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცა, დატოვა ერთ-ერთი მისი მხლებელი, ხომალდზე ავიდა და კვიპროსისკენ გასცურა.

მას შემდეგ ათონი ქრისტიანული ეპოქის ისტორიაში შევიდა და ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი გახდა.

ათონის მთაზე მონაზვნების დასახლებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები VII-VIII საუკუნეს განეკუთვნება. 971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ათონელ მონაზვნებს ნახევარკუნძულის მფლობელობა დაუმტკიცა „განუსაზღვრელი“ დროით. მონაზვნების მიერ სრულითვითმმართველობის უფლება იმპერატორის სიგელში და წმინდა მთის პირველ წესდებაში აისახა.

მიუხედვად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე (ახალი სტილი) გადავიდა, ათონზე ძველებურად იულიუსის კალენდრით სარგებლობენ (ძველი სტილი). ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის“ მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგიკეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.

999 წელს ათონის მთასთან ზღვით მისცურა ივერიისად წოდებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ წმინდა გაბრიელი ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.

ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.

ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი-განდეგილი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ და მის ნაცვლად თავისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ. გადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.

 

ათონის მთის მონასტრები

პირველი მონაზვნური სავანეები ათონზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გაჩნდა. მონასტრული ცხოვრების საუკეთესო პერიოდში წმინდა მთაზე 180 მონასტერი მოქმედებდა. დღეისათვის კი 20 მონასტერი მოქმედებს. მონასტრების გარდა ათონზე მონაზონთა მრავალი სავანე და განდეგილთა განმარტოებული სენაკებია.

ათონის მთის მონასტრები ხუთ ჯგუფად იყოფა - ყოველ ჯგუფში ოთხი მონასტერია გაერთიანებული.

ყოველი მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს, მაგრამ ვინაიდან ათონი ერთგვარი სამონაზვნო რესპუბლიკაა, ამიტომ მას თავისებული თვითმმართველობის ორგანი ჰყავს. ათონის ეგრეთ წოდებულ დედაქალაში - კარეაში, განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მმართველობა და სასამართლო. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ეპისტასია ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.

ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ქილანდარიდან და დიონისიატიდან.

ათონის მონასტრები ბიზანტიური ეპოქის ნამდვილი საოცრებებია. ისინი დიდი ციხესიმაგრეების მსგავსი, პირდაპირ კლდეების თხემებზე წამომართული, მასიური მიუწვდომელი კედლებით გარშემორტყმული ნაგებობებია.

ომიანობის დროსაც კი არც თურქებს და არც ჰიტლერის არმიის ჯარისკაცებს არ გაუბედავთ მონასტრების ხელყოფა, იმდენად მოწიწებას იწვევდნენ მათში ათონელი მონაზვნები. აი, რატომ შემორჩა დღევანდელ დღემდე მონასტრებში უნიკალური უძველესი წიგნები, დიდი ბიბლიოთეკები, საეკლესიო ძვირფასეულობები, შეუფასებელი ძველი ფრესკები და მოზაიკები. აქვე ინახება უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიქვიებიც: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, უფლის წმინდა ჯვრის ხის ნაწილები, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, მოგვებისძღვენი, რომელიც მათ ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს ბეთლემის გამოქვაბულში და მრავალი სხვა სიწმინდე.

წმინდა ათანასეს ლავრა

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა ათანასეს ლავრა უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა და ამიტომ ცნობილია დიდი ლავრის სახელით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, წმინდაათანასე ათონელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე. მან შემოიტანა განმარტოებულ-დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.

იმპერატორ რომანოზ II-ის დროს ათანასემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები (963 წ.), რომლებიც გრძელდებოდა ნიკოფორე ფოკას და მისი მემკვიდრეების - იმპერატორების ციმესხისა და ბასილი II ბულგართშემმუსვრელის დროსაც. ბევრი ცნობილი თუ არაფრით გამორჩეულმოღვაწე მოდიოდა სამონაზვნო საცხოვრისის ხელმძღვანელთან მისი წმინდა კალთის ქვეშ შესაფარებლად. პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი. წმინდა ათანასეს აღსრულების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობა, წმინდანის ლოცვა-კურთხევით, ჩაიბარეს - ივერთა მონასტრის დამაარსებელმა წმინდა იოანემ და პატრიციუსმა ურანუსმა.

ლავრის ცენტრალური ტაძარი

სავანე დიდი ხნის განმავლობაში ყვაოდა. თანდათან დიდძალი შემოწირულობა დაგროვდა. ყოველწლიური ოქროს შემოწირულობის გარდა, რომელიც იმპერატორებმა ფოკამ და ციმესხიმ დაადგინეს, ბასილი II-მ მონასტერს კუნძული აჩუქა. ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ლავრის მფლობელობაში ჰომატის, მონოქსილიტის და ამალფიტელის მონასტრები, ამას დაემატა კალიკასი და ქსიროკასტრონი, რაც იმპერატორების - ანდრონიკე II-ისა და დიმიტრი პალეოლოგოსის (1429 წ.) სიგელებით (ხრისობულებით) არის დადასტურებული. მაგრამ მეკობრეთა თავდასხმებმა, მიწისძვრებმა, გადასახადებმა, რომელიც თურქებმა დაადეს მონასტერს, ლავრა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მონასტერი საერთო ცხოვრების წესდებას XIV საუკუნემდე მისდევდა. XIV საუკუნიდან ლავრის თვითშენახვის პრინციპზე გადაყვანამ შესაბამისიტიპიკონის დამკვიდრება გამოიწვია. 1574 წელს ალექსანდრიის პატრიარქმა სილვესტრიმ მონასტერს დაუბრუნა საერთო ცხოვრების წესდება. დაახლოებით 100 წლის შემდეგ (1670 წ.) ლავრა ისევ თვითშენახვაზე გადავიდა.

ცენტრალური ტაძარი თავდაპირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე იყო ნაკურთხი. XV საუკუნეში ის ხელახლა აკურთხეს, ამჯერად - წმინდა ათანასე დიდის სახელზე. ტაძარი არაერთგზის გადაკეთდა, გაუჩნდა მინაშენები. ასეთი რამ დაემართა ათონის მთის ბევრ ტაძარს. წმინდა ათანასეს ტაძრის ფრესკები თეოფანე კრიტელის მოხატულია, სატრაპეზოს ფრესკები კი, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოწაფისა. ლავრაში(საკუთრივ მის ტერიტორიაზე) 17 ტაძარია, ხოლო 19 ტაძარი - გარეთ. იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ანას და კავსოკალივიას, კატუნაკიას, კარაულიას სახელგანთქმული სკიტები, კესარია და სხვები, აგრეთვე ღირსი პეტრე ათონელის, ათანასეს, ნილოსის მღვიმეები ლავრას ეკუთვნის. მონასტრის უძვირფასეს განძეულობათა შორის არის უამრავი წმინდა ნაწილი.

ლავრის ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 2116 ხელნაწერი, 20000 ნაბეჭდი წიგნი და 100 უცხოენოვანი მანუსკრიპტი.

1963 წელს სავანემ დაარსების 1000 წლისთავი იზეიმა. 1980 წლიდან მონასტერი კვლავ საერთო ცხოვრების წესდებაზეა. მის ტერიტორიაზე 50 ბერია, ხოლო მის გარეთ - 300.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ვათოპედის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ვათოპედია წმინდა მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წლებში დააარსა სამმა მდიდარმა და წარჩინებულმა ადამიანმა - ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. ისინი მობრძანდნენ აქ, რათა ეცხოვრათ მონასტრული ცხოვრებით. წმინდა ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმინდა მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა.

მონასტრის კარიბჭე

XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონი ვათოპედის ძმები იყვნენ. სერბი მეფე სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობას შორის, რომელიც მან XIV საუკუნეში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსეინიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს.

ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს - კატალონელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები.

ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV საუკუნის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, სწორედ აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

მთავარი ტაძარი

X საუკუნეში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 - გარეთ. მათგან 5 - მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. აქ ინახება უამრავი მშვენიერი ტანსაცმელი და წმინდა ჭურჭელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედუფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი.

მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად. ამჟამად საძმოში 50 ბერია, ყველა მათგანი კვიპროსელია.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ივერონის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ივერთა მონასტერი X საუკუნის მიწურულს დააარსა წმინდა იოანე ივერიელმა (ქართველმა). ეს მოხდა დიდი ლავრისა და ვათოპედის აგებიდან ცოტა ხნის შემდეგ. წმინდა იოანე წმინდა ათანასე ათონელის თანამოსაგრე იყო. მონასტერმა იოანეს სამშობლოდან მისი თანამოღვაწეები მიიზიდა. ივერთა მონასტრის აშენება შესაძლებელი გახდა იმპერატორის სამხედრო ნადავლითა და შემოწირულობების წყალობით. წმინდა იოანეს ვაჟი, წმინდა ექვთიმე, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქართველი წმინდანი, მოგვიანებით მონასტრის იღუმენი გახდა.

კარიბჭის ტაძარი, სადაც
დაბრძანებულია ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატი („პორტაიტისა“)

ადრეულ პერიოდში ივერონს შეუერთდნენ მონასტრები: წმინდა ლეონტისა - სალონიკში, წმინდა იოანე კლემაქსი - იეროსოსში, წმინდა საბასი - ქალდოსში. XIV საუკუნეში სავანეს დიდი ზარალი მიაყენეს კატალონელმა მეკობრეებმა. მაგრამ მონასტერი აღორძინდა პალეოლოგოსების დინასტიის, სერბეთისა და საქართველოს მეფეების უხვი შეწირულობებით. XVI საუკუნეში, ძნელბედობის ჟამს, ქართველი მეფეები მხარში ედგნენ მონასტერს და გაჭირვებიდან იხსნიდნენ ხოლმე მას.

ივერთა მონასტერი არის წმინდა მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის სახლი. 1651 წელს რუსეთის მეფის ალექსი რომანოვის (პეტრე დიდის მამის) თხოვნით, ამ ხატის ასლი გაგზავნეს მოსკოვში. ევერიის მონასტერს 1740 და 1845 წლებში ათჯერ გაუჩნდა ხანძარი, 1865 წლის ხანძარმა კი მთლიანად გაანადგურა.

თურქების წინააღმდეგ საბერძნეთის აჯანყების დასაფინანსებლად მონასტერმა თავისი საგანძური გაიღო. იმ დროს სავანეში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გრიგოლ V, ეროვნული გმირი და მოწამე. ბოლო ქართველი ბერი აქ 1955 წელს გარდაიცვალა. ივერონისმონასტერს მე-3 ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში. იგი 1990 წლიდან საერთო საცხოვრებლის ტიპის მიმდევარია.

მთავარი ტაძარი

მონასტრის მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა ნაკურთხი. მისი ძირითადი ნაწილი აგებულია X საუკუნის ბოლოს, XI საუკუნის დასაწყისში კი რეკონსტრუქცია გაუკეთდა. მონასტრის საუნჯეთა შორის არის „ლიმონის ხე“ - ვერცხლის შვიდტოტა შანდალი. სამეუფო კარი შავი ხისაა და მოპერანგებულია ვერცხლით. აქ დაცულია პატრიარქ დიონისე IV-ის სამოსი, რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მიერ შეწირული სახარება, წმინდა ჭურჭელი, სამოსი, ნაქარგები და აგრეთვე 150 წმინდანის ნაწილები.

ბიბლიოთეკაში ინახება 2000-ზე მეტი ხელნაწერი და 15 ლიტურგიკული გრაგნილი, 20000-ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთისმეტყველი. მასაქვს იოანე ნათლისმცემლის სკიტი, 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 - გარეთ.

დღეისათვის ივერიის მონასტერში 30-მდე ბერია.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ხილანდარის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ხილანდარის წმინდა მონასტერი ათონის წმინდა მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ველზე, ზღვიდან კი ესთიგმენის მონასტრიდან ოთხ კილომეტრზე მდებარეობს. მონასტერი სერბმა მეფე სტეფანე ნემანმა და მისმა ძემ რადკომ დააარსეს. მეფისწულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრე იყო, ამქვეყნიურ დიდებას ბერობა არჩია. იგი საიდუმლოდ ჩავიდა ათონზე სოლუნცის მონასტერში (ძველი მონასტერი), სადაც ბერი საბას სახელით მოღვაწეობდა, შემდეგ კი ვათოპედში დასახლდა. მალე მას მიბაძა მამამისმა, რომელიც იმხანად სერბეთის სტუდენცისაც ბერად აღკვეცის შემდეგ სახელად სვიმეონი ეწოდა. ბერები მანამდე დარჩნენ ვათოპედში, სანამ სერბეთის მეფის სტეფანე II-ის თხოვნით ეს მონასტერი გაუკაცრიელებულ ხილანდარის უდაბნოს არ გადაეცა.

მონასტრის შიდა ხედი

ჩავიდნენ თუ არა ხილანდარის მონასტერში, ბერები მაშინვე შეუდგნენ მის აღდგენასა და გაფართოებას.

მოგვიანებით საბა სერბეთში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსი გახდა, სვიმეონი კი მონატერში დარჩა და იქვე აღესრულა.

გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა-შვილი წმინდანებად შერაცხა.

მაგრამ მონასტერი ყოველთვის სერბებისა არ ყოფილა. იპეკიუსის მსოფლიო პატრიარქად კურთხევის შემდეგ (1676 წ.) აქ დასახლდნენ ბულგარელები, ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე მაკედონიელი ბერები და რამდენიმე ბერძენი მონაზონი, მაგრამ 1896 წელს ხალანდარს მეფე ალექსანდრე ოვრენოვიჩი ეწვია, მან მონასტრის ყველა ვალი გადაიხადა. აქედან მოყოლებული, სავანეში კვლავ სერბები დამკვიდრდნენ.

საკათედრო ტაძარი, რომელიც 1293 წელს ააშენა სტეფანე უროს მილუტინმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა. ტაძრის მახლობლად მდებარეობს წმინდა სვიმეონის საფლავი, საიდანაც წმინდა ნაწილების გადასვენების შემდეგ სასწაულებრივად ამოიზარდვაზი, რომლის ნაყოფიც ქალებს უშვილობისგან კურნავს.

მონასტრის კოშკი

მონასტრის მთავარ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის ხატი „ტრიხერუსა“ (სამხელა). იგი წმინდა იოანე დამასკელის (VIII საუკუნე) პირადი ხატი იყო. ხატმებრძოლობის ჟამს წმინდანმა ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ III ისავრიელს მამხილებელი წერილი მისწერა, მან კი ის არაბთა ხალიფასთან დაასმინა. ხალიფამ ბრძანა, წმინდანისთვის ხელი მოეკვეთათ. წმინდა იოანე მოჭრილი ხელის მტევნით ეახლა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც შინ ჰქონდა, და განკურნება შესთხოვა. ხელის მტევანი სასწაულებრივად მიეზარდა მოკვეთილ მაჯას, წმინდა იოანემ კიამ სასწაულის სამახსოვროდ ხატს ვერცხლის მტევანი გაუკეთა.

ტაძარში არის ღვთისმშობლის სხვა, არანაკლებ ცნობილი ხატები.

სავანის სიწმინდეებს შორის არის ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაჭერი, უფალ იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის, კვერთხისა და სუდარის ნაწილები, წმინდა პანტელეიმონის მარჯვენა ფეხი, ნიკიფორე კონსტანტინოპოლის პატრიარქის მარჯვენა ხელი, წმინდა ბარბარეს და წმინდა ეკატერინეს ნაწილები. მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია 700-მდე სლავური და 100 ბერძნული ხელნაწერი, 25 სლავურ და 27 ბერძნულ ენაზე დაწერილი პერგამენტი. ბიბლიოთეკა ინახავს 6600 ბეჭდურ გამოცემას. ხილანდარის მოანსტერს მეოთხე ადგილი უკავია ათონისმონასტრების იერარქიაში.

ამჟამად თვით სავანეში და მის გარეთ 60-მდე სერბი ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

დიონისიატის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

დიონისიატის მონასტერი ანუ „ნეა პეტრა“ (ახალი კლდე) გრიგორიატისა და წმინდა პავლეს მონასტრებს შორის ზღვის დონიდან ოთხმოცი მეტრის სიმაღლეზე ვიწრო და ციცაბო კლდეზე დგას. მონასტრის დამაარსებელია ღირსი დიონისე კასტორის მახლობლად მდებარე სოფელ კარისოსიდან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მან დიდი ჯაფით შეაგროვა სავანის დასაარსებლად საჭირო თანხა. დიონისეს დაეხმარნენ ალექსი III კომნენოსი, ტრაპეზუნტის იმპერიის განმგებელი, და თავისი ძმა, თეოდოსიის მიტროპოლიტი. შემდგომში კი უხვ დახმარებას უწევდნეპალეოლოგოსთა დინასტიის იმპერატორები და მოლდოვა-ვლახელი დიდებულები.

მონასტრის ხედი

1389 წელს პატრიარქმა ანტონ IV-მ მონასტერს ოფიციალურად უბოძა საპატრიარქოს სტატუსი და ამგვარად, სავანემ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მის სახელს უკავშირდება წმინდა ნიფონტეს ცხოვრება, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, XV საუკუნის შუა წლებში ბერად აღიკვეცა, მრავალი განსაცდელის შემდეგ კი დაბრუნდა აქ და აღესრულა. 1539 წლის ხანძარმა, რომელიც ყველაზე დამაგრეველი იყო მონასტრის მთელი ისტორიის მანძილზე, ფერფლად აქცია მისი ნაგეობების დიდი ნაწილი, რომელნიც საკმაოდ სწრაფად იქნენ აღდგენილნი და გაფართოებულნი. XVI და XVIII საუკუნეებში ეკონომიკური სიძნელეების გამო მონასტერი თვითშემნახავი გახდა, მაგრამ XIX საუკუნეში იგი საბოლოოდ დაუბრუნდა საერთო ცხოვრების ტიპიკონს.

მონასტრის ტაძარი, რომელიც სავანესთან ერთად აიგო, იკურთხა იოანე წინამორბედის შობის სახელზე. 1534 წელს ხანძარმა იგი დაანგრია. ახალი ტაძარი ააშენეს 1540 წელს. მისი ფრესკები განეკუთვნება კრეტის სკოლას, თარიღდება 1546 წლით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოოქრული კანკელი და ფრესკები აპოკალიფსის თემაზე - ეს არის უძველესი აღწერილობა აპოკალიფსისა მართლმადიდებელ სამყაროში.

მონასტრის სატრაპეზო

დიონისიატშია დავანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „დაუჯდომლის“ სახელით ცნობილი სასწაულმოქმედი ხატი. სავანეს საკმაოდ ბევრი სენაკი ექვემდებარება. მონასტერში რვა ტაძარია, მის კედლებს გარეთ - ექვსი. მასვე ეკუთვნის მონოქსილიტუ, რომელიც ლავრიდან XVII საუკუნეში გადმოვიდა.

დიონისიატის მონასტერს ათონის იერარქიაში მეხუთე ადგილი უკავია. მის სიწმინდეებს შორის აღსანიშნავია იოანე ნათლისმცემლის მკლავი და წმინდა ნიფონტეს ნაწილები. ყურადღებას იმსახურებს X საუკუნის სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული ჯვარცმა, წმინდა ჭურჭელი და სამოსი.

ბიბლიოთეკაში დაცულია 1100 ხელნაწერი, რომელთაგან ზოგი მინიატურებით არის შემკული, 15000-ზე მეტი წიგნი, ძვირფასი ინკუნაბულების ჩათვლით. გასულ საუკუნეში მონასტრიდან ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველი და მოსაგრე გამოვიდა, დღეისათვის საძმო 50-მდე ბერს ითვლის.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ყუთლუმუშის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ყუთლუმუშის წმინდა მონასტერი კარიესის ახლოს მდებარეობს და უფლის ფერისცვალების სახელობისაა. ის დოკუმენტებში პირველად 1169 წელს იხსენიება. გადმოცემის თანახმად, სავანე ქრისტიანობაზე მოქცეულმა არაბმა, სახელად ყუთლუმუშმა დააარსა.

XIV საუკუნეში კატალონიელების ძარცვათა გამო მონასტერმა დიდი განსაცდელი გადაიტანა.

მონასტრის მთავარი ტაძარი

XIV საუკუნის მეორე ნახევრში იღუმენმა ხარიტონმა იმპერატორ იოანესგან მიიღო სიგელი, რომელიც ამტკიცებდა ბერძნების პრივილეგიებს ამ სავანის მიმართ. 1393 წელს მონასტერს სტავროპეგიალურის სტატუსი ებოძა. XV საუკუნის დასაწყისში ყუთლუმუშის ბერებმა წმინდა ალიპის გაუკაცრიელებული მონასტერი დაიკავეს, 1428 წელს კი საპატრიარქო სიგელით ეს მონასტერი ყუთლუმუშის სავანეს გადაეცა.

აყავავების პერიოდს ჟამიდანჟამს უბედურებაც ახლდა თან - მონასტერს რამდენიმეჯერ გაუჩნდა ხანძარი. 1767 წელს ცეცხლმა გაანადგურა მონასტრის აღმოსავლეთი ფრთა. მის აღდგენაში სავანეს დიდი დახმარება გაუწია ალექსანდრიის პატრიარქმა მათე II-მ. ხანძარმა XIX საუკუნეშიც დიდი ზარალი მიაყენა ყუთლუმუშს. ამჯერად მონასტერი იღუმენმა მელეტიმ განაახლა. 1980 წლის ხანძრის შემდეგ კი სავანე ახლახან აღადგინეს.

მონასტრის შიდა ხედი

მონასტრის ტაძარი XVI საუკუნისაა და წარმოადგენს ათონის არქიტექტურის ტიპიურ ნიმუშს. მისი თავდაპირველი ფრესკები გადაღებილია. გუმბათი და სამრეკლო XIX საუკუნით თარიღდება. მონასტერს ეკუთვნის 18 სენაკი და წმინდა პანტელეიმონის სახელობის სკიტი 22 სენაკით. გარდა ამისა, სავანის ტერიტორიაზე განლაგებულია შვიდი ტაძარი, ხოლო ამდენივე - მის გარეთ. ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის პატივსაცემად ტაძარიც მის სახელზე იკურთხა. ამჟამად ხატი ტაძარშია დაბრძანებული. განსაკუთრებით ღირებული ხელოვნების ნიმუშია ხის კანკელი. მონასტერში მრავალი წმინდანის წმინდა ნაწილი, სამოსელი და ხატია დაცული. ბიბლიოთეკაში ინახება 662 ხელნაწერი და 3500-მდე ნაბეჭდი წიგნი.

ყუთლუმუშის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მე-6 ადგილი უკავია და ისევე, როგორც ყველა, საერთო ტიპიკონით იმართება.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

პანტოკრატორის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

პანტოკრატორის წმინდა მონასტერი მდებარეობს ათონის ჩრიდილო-აღმოსავლეთით, უძველესი ქალაქის ნანგრევების მახლობლად. გადმოცემით, მონასტერი დააარსა ალექსი კომნენოსმა, მაგრამ ფაქტობრივად მონასტრის დამაარსებლად ითვლებიან ძმები ალექსი (სტრატოპედარქი,სამხედრო ბანკის ხელმძღვანელი) და იოანე (მას სასამართლოში მაღალი თანამდებობა ეკავა).

მონასტრის მთავარი ტაძარი

მონასტერი წყაროებში პირველად მოიხსენიება 1358 წელს. სავანე 1362 წელს გადააკეთა პატრიარქმა კალისტო I-მა, ამავე პერიოდში პანტოკრატორის შემადგენლობაში შევიდა ავქსენტის, წმინდა დოროთეას, კინოპოდის, რავდუშის, ფაკენის, ფალაკრის მონასტრები. სავანისდამაარსებელი ალექსი გარდაიცვალა 1368 წელს.

ვარაუდობენ, რომ 1384 წელს აქ ბერად აღიკვეცა მისი ძმა იოანე. ძმების შემოწირულობებით აშენდა კარიბჭენი, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს. ძმების შეწირულობა - პანტოკრატორის - ქრისტეს ხატი დღეს ერმიტაჟში ინახება.

მიუხედავად უზარმაზარი ვალებისა, თურქების ბატონობის დროს პანტოკრატორი არ კარგავდა სიცოცხლისუნარიანობას. აქ ირჩევდნენ დამკვიდრებას ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები და წმინდანები: პატრიარქი კალისტე II ქსანთოპულოსი, სვიმონ და თეონა თესალონიკელი მთავარეპისკოპოსები.

მონასტერს დიდად ავნო 1393, 1733 და 1948 წლების ხანძრებმა.

უფლის ფერისცვალების სახელზე ნაკურთხი ტაძარი აიგო მონასტრის ძირითად ნაწილთან ერთად. XIV საუკუნის III მეოთხედში და 1854 წელს იგი გადააკეთეს არქიტექტურული ანსამბლისგან დამოუკიდებლად. სამრეკლო აშენებულია XIX საუკუნეში.

მონასტრის შიდა ხედი

ამჟამად სავანის ტერიტორიაზე 7 ტაძარია, ამდენივე - მის გარეთ. პანტოკრატორს აქვს 5 კელია კარიესის რეგიონში. მონასტერს დიდი შემოსავალი აქვს საბერძნეთიდან, მცირე აზიიდან და ვლახეთიდან. სავანეს ექვემდებარება ილია წინასწარმეტყველის სკიტი, 5 კელია, 38 კალივა - კაფსალეში. მას ათონის მონასტერთა იერარქიაში მე-7 ადგილი უკავია.

სავანეში არის უამრავი სიწმინდე, მათ შორის წმინდა თეოდორე სტრატილატოსის წმინდა ნაწილები, წმინდა კოზმასა და დამიანეს, აგრეთვე ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდა მერკურის ფარის ნაწილი. ტაძრის კანკელი ალბათ უძველესია ათონზე. ერთ-ერთი დიდად პატივსაცემი სასწაულმოქმედი ხატია ღვთისმშობლის წმინდა ხატი „გერონტისა“ (მონასტრის მფარველი). ბიბლიოთეკაში დაცუილა 350-მდე ხელნაწერი კოდექსი და დაახლოებით 3500 ნაბეჭდი წიგნი. საძმოში 15 ბერია. 1992 წლიდან მას აქვს საერთო საცხოვრებლის სტატუსი.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ქსეროპოტამის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სავანე მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულის ცენტრში, თვალწარმტაც ადგილზე, დაფნის ნავსადგურიდან კარიესისკენ მიმავალ გზაზე. გადმოცემის თანახმად, მონასტერი დააარსა დედოფალმა პულხერიამ (სხვა წყაროები მიაწერენ იმპერატორებს - კონსტანტინე VI-ს (912-959) და რომანოზ I-ს (914-944). მისი პირველი იღუმენი იყო ღირსი პავლე ქსეროპოტამელი, რომელიც მოხსენიებულია წმინდა მთის I ტიპიკონში.

მონასტრის მთავარი ტაძარი

ეს სავანე XI საუკუნეში ერთ-ერთი მდიდარი და აყვავებული იყო. მისი სამფლობელო გადაჭიმული იყო ივირონისა და წმინდა პავლეს მონასტრებამდე. ამჟამად აქ განლაგებულია სიმონოპეტრას, წმინდა გრიგოლისა და დიონისეს სავანეები. მონასტერს ეკუთვნის მოზრდილი ტყიანი ფართობები, განსაკუთრებით გამოირჩევა წაბლის ტყე. სავანეს ძალიან გაუჭირდა ჯვაროსნების შემოსევის დროს და მეკობრეების თავდასხმების გამო.

XIV-XV საუკუნეებში ბიზანტიის იმპერატორების და სერბი დიდებულების შეწირულობებით აიგო გოდოლი და სადარაჯო კოშკი, წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ხოლო 1445 წელს გადაკეთდა საკათედრო ტაძარი.

მონასტრის მოხატულობა

განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩავარდა ქსეროპოტამი თურქების ბატონობის დროს. დიდი ზარალი მიაყენა სავანეს ხანძრებმა, ხარკმა, გაუთავაბელმა ქონებრივმა დავამ მეზობელ მონასტრებთან. 1609 წლის ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა სავანე. ბერები მაშინვე შეუდგნენ მონასტრის აღდგენას. მათ ეხმარებოდნენ მოლდოვა-ვლახეთის თავადები და თვით სულთანი სელიმ I. 1611 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტიმოთე II-მ მონასტრის იღუმენს ღვთისმსახურების დროს მეწამული ფერის მანტიის ტარების უფლება უბოძა. გადმოცემის თანახმად, მანტია შესწირა იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა. სამონასტრო ტაძარი აღადგინეს 1761-1763 წლებში, მოხატეს 1783 წელს. ტაძრის გარდა სავანის ტერიტორიაზე არის 7 ეკლესია. მონასტერს ეკუთვნის 4 კელია და კარიესში - წარმომადგენლობა. ამას გარდა, დაფნის ნავსადგურის ნაგებობათა უმრავლესობა ქსეროპოტამის საკუთრებაა.

სავანეში ინახება მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაწილი პატიოსანი ცხოველმყოფელი ჯვრისა - ერთი ლუსმნის ნახვრეტით. ეს ნაწილი მოთავსებულია ხის ჯვარში, რომელიც, გადმოცემის თანახმად, დედოფალმა პულხერიამ შესწირა მონასტერს.

დღეს ქსეროპოტამს მერვე ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში. ახლა იქ ცხოვრობს სამოცამდე ბერი კელიოტების ჩათვლით.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ზოგრაფის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

გადმოცემის თანახმად, ეს მონასტერი X საუკუნეში დააარსა სამმა ოქრიდელმა ბერმა - ძმებმა: მოსემ, აარონმა და იოანემ. თურმე ძმები ვერ შეთანხმდნენ, რომელი წმინდანის სახელი მიენიჭებინათ სავანისთვის. ღირსმა მოსემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აირჩია, ღირსმა აარონმა - წმინდა ნიკოლოზი, ღირსმა იოანემ კი წმინდა დიდმოწამე გიორგი. დიდი ხნის კამათის შემდეგ მათ ტაძარში ჩაკეტეს ხატის დასაწერად გამზადებული ფიცარი და დაიწყეს ლოცვა. დილით, როდესაც ტაძარი გააღეს, ნახეს, რომ ფიცარზე გამოსახული იყო წმინდა მოწამე გიორგი, რომლის პატივსაცემადაც აკურთხეს ტაძარი. X საუკუნეში უკვე გვხვდება იღუმენის ხელმოწერა წმინდა მთის I ტიპიკონში, მაგრამ ისტორია არაფერს ამბობს მონასტრის შესახებ თითქმის XIII ს-მდე. ამის მიზეზი ხანძრები იყო, რომელთაც მონასტრის არქივებიგაანადგურა. ამ დროისათვის სავანე მთლიანად ბულგარელი ბერებით იყო დასახლებული. 1276 წლის 10 ოქტომბერს აქ ლათინებმა 26 ღირსმოწამე დაწვეს, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ რომთან უნიას. ამ მოვლენის სახსოვრად 1873 წელს მონასტერში კენოტაფი (სიმბოლურისაფლავი) გააკეთეს. მეკობრეთა ხელით არაერთგზის დანგრეული სავანე მალევე აღდგებოდა ხოლმე ბიზანტიიის იმპერატორთა გულუხვი შეწირულობებით.

მონასტრის მთავარი ტაძარი

XIX საუკუნის II ნახევრამდე ბულგარელებთან ერთად მონასტერში ცხოვრობდნენ სერბები და არც ისე ცოტა ბერძენი. მსახურება ბერძნულ და სლავურ ენაზე მიმდინარეობდა. თანდათან სავანე თითქმის მთლიანად ბულგარული გახდა. ნიშანდობლივია, რომ იმ წლებში, როდესაც ბულგარეთის ეკლესიამ ურთიერთობა გაწყვიტა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, მონასტრის საძმო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ომოფორის (დაქვემდებარების) ქვეშ დარჩა.

მონასტრის შიდა ხედი

მონასტრის საკათედრო ტაძარი აშენებულია 1801 წელს და მოხატულია 1817 წელს. სავანის ტერიტორიაზე კიდევ 8 ტაძარია, ამდენივე - მის კედლებს გარეთ. კარიესში მას ეკუთვნის ორი სახელოსნო და წარმომადგენლობა პროტატთან. მონასტრის მთავარი სიწმინდეებია: დიდმოწამე გიორგის ხელთუქმნელი გამოსახულება, აგრეთვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც „დაუჯდომელი“ ეწოდება.

ბიბლიოთეკაში დაცულია 126 ბერძნული და 388 სლავური ხელნაწერი, დაახლოებით 10000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისათვის ზოგრაფის მონასტერი ათონის იერარქიაში მე-9 ადგილს იკავებს. იქ 10 ბულგარელი ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

დოქიარის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მონასტრის კარიბჭე

დოქიარის წმინდა მონასტერი დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ათანასე ათონელის თანამოსაგრის, წმინდა ექვთიმეს, დიდი ლავრის ყოფილი მეკელიის (ბერძნ. დოქიარის) მიერ. როგორც ჩანს, წმინდა ექვთიმემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის პატარა მონასტერი დაფნის ნავსადგურის ახლოს X საუკუნის II ნახევარში დააარსა. XI საუკუნის დასაწყისში, ახალი იღუმენის დროს, მეკობრეთა შემოსევებით შეწუხებული ბერები სხვა ადგილზე გადასახლდნენ. მოგვიანებით მონასტრის ტაძარი იკურთხა მთავარანგელოზთა სახელზე. დოქიარის მონასტერი, წესდების მიხედვით, ათონის იერარქიაში მე-10 ადგილზეა. XIV საუკუნის მძიმე ხანაში იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი და სერბეთის მეფე სტეფან დუშანი მონასტერს სხვადასხვაგვარ დახმარებას უწევდნენ. მომდევნო საუკუნეებში სავანემ არნახული გაჭირვება გადაიტანა. XVI საუკუნეში იღუმენ ალექსანდრეს, მოლდოვა-ვლახეთის ბატონისა და მისი მეუღლის დახმარებით თურქების მიერ განადგურებული მონასტერი აღორძინდა. XVII საუკუნეში აღდგა მონასტრის კოშკები, ხოლო 1660 წელს მას მიენიჭა სტავროპეგიალურის სტატუსი.

მონასტრის შიდა ხედი

მონასტრის სამრეკლო აშენდა XVIII საუკუნეში. ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების დროს თურქები სასტიკად აწამებდნენ ბერებს, მთლიანად გაძარცვეს მონასტერი.

მონასტრის ღირსშესანიშნაობაა XVI საუკუნის ტაძარი კრეტული სკოლის ფრესკებით. მდიდრული კანკელი 1783 წელს დაიწერა. დოქიარი თავის ტერიტორიაზე 12 ტაძარს ითვლის, ხოლო მის გარეთ - 4-ს, რომლებიც გალავნის კედლების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობენ.

მონასტერს გააჩნია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, ბიბლიოთეკაში დაცულია 545 ხელნაწერი, მათგან 62 პერგამენტზეა დაწერილი და 5000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისათვის დოქიარში 30 ბერი მოღვაწეობს.

სწორედ დოქიარის მონასტრიდან ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებული ხატის ასლი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბრძანდება.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

კარაკალის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა კარაკალის მონასტერი დიდ ლავრასა და ივერონს შორის მდებარე ფერდობზეა გაშენებული. როგორც ჩანს, სავანე XI საუკუნის დასაწყისში დაუფუძნებია ბერს, სახელად კარაკალს. ყოველ შემთხვევაში, მონასტერი ნახსენებია ნიკიფორე პროტის (პროტი - ათონის მთის კინოტის თავმჯდომარე) 1081 წლის დოკუმენტებში, მაგრამ არ იხსენიება ათონის მეორე ტიპიკონში, რაც მის სამწუხარო ისტორიაზე მიანიშნებს.

მონასტრის მთავარი ტაძარი

XIII საუკუნეში მეკობრეთა თავდასხმებისა და ლათინთა ზეწოლის შედეგად კარაკალის მონასტერი გაუკაცრიელდა. ანდრონიკე II პალეოლოგოსის, იოანე V-ისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათანასეს ძალისხმევით სავანე ხელახლა აღორძინდა, მაგრამ მალე კვლავ განიცადა მეკობრეთა თავდასხმა.

XVI საუკუნეში, ვლახეთის ბატონის პეტრე-იოანეს ხელშეწყობით, რომელიც სიცოცხლის მიწურულს ამ მონასტერში ბერად შედგა, და სულთან სულეიმანის ნებართვით კარაკალი აღადგინეს. XVII საუკუნიდან მის საკუთრებაში გადავიდა წმინდა ნიკოლოზის მონასტერი.

სავანის ხელმეორედ აშენებისას, როცა ძველი ნაგებობები აღადგინეს, ახლებიც ააგეს, თუმცა 1875 წლის დიდი ხანძრის შემდეგ კომპლექსის ძირითადი ნაწილის ხელახლა აღდგენა გახდა საჭირო.

მონასტრის ხედი

მონასტრის ნაგებობებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პეტრეს კოშკი, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული და უდიდესია ათონის მთაზე.

კარაკალმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა ბრძოლაში.

მონასტერს მეთერთმეტე ადგილი უკავია ათონის სავანეებს შორის. საკუთრივ თავის ტერიტორიაზე მას ხუთი ტაძარი აქვს, მის გარეთ - ორი. მასვე ექვემდებარება 18 სენაკი. კომპლექსის მთავარი ტაძარი აშენებულია XVI საუკუნეში და ნაკურთხია მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე. ახლანდელი სატრაპეზო 1875 წელს არის აგებული ძველის ადგილას.

კარაკალის მონასტერში ინახება ბართლომე მოციქულის თავი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. ბიბილიოთეკაში დაცულია 279 ხელნაწერი და 2500 ნაბეჭდი წიგნი. მონასტერში ოცდაათამდე ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ფილოთეოსის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა ფილოთეოსის მონასტერი ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ პლატოზე, ასკლეპიოსის ძველი ტაძრის ნანგრევების მახლობლად მდებარეობს. სავანე დაახლოებით X საუკუნეშია დაფუძნებული. მისი დამაარსებელი, ღირსი ფილოთეოსი, ათანასე ათონელის თანამედროვე იყო.

ბიზანტიის იმპერატორებს შორის, რომლებსაც მონასტრისათვის უხვი შემოწირულობანი გაუღიათ, იყვნენ ნიკიფორე ბოტანიტი (XI ს.), ანდრონიკე II და ანდრონიკე III, იოანე V (XIII საუკუნის მიწურულს და XIV საუკუნის დასაწყისში), ხოლო სერბეთის მეფე სტეფანე დუშანი (1346 წ.) მონასტერს მუშახელით უზრუნველყოფდა.

მონასტრის მთავარი ტაძარი

XVI საუკუნის დასაწყისში, თურქთა ბატონობის პირველ წლებში, იღუმენმა დიონისემ, რომელიც ღირსი დიონისე ოლიმპოელის სახელით არის ცნობილი, მონასტრის თვითშენახვის სტატუსი საერთო ცხოვრებით შეცვალა. ამის გამო ბულგარელი ბერების ნაწილმა მონასტერი დატოვა.

XVII საუკუნის შუა ხანებში რუსეთის ხელმწიფემ ალექსი მიხაილის ძემ ფილოთეოსის მონასტრის ბერებს ნება დართო, შვიდ წელიწადში ერთხელ რუსეთის ტერიტორიაზე მოწყალება შეეგროვებინათ. მოლდო-ვლახეთის ბატონი გრიგორი გიკაც ამ მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედი იყო.

1871 წლის საშინელ ხანძარს მხოლოდ 1746 წელს აგებული ახალი ტაძარი გადაურჩა (ეს ეკლესია ძველის საძირკველზე იყო აშენებული). ზარალი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მონასტერი წელში ვეღარ გაიმართა და 1900 წელს წმინდა კინოტმა ის თავისი მეურვეობის ქვეშ აიყვანა.

მონასტრის სხვა ნაგებობათაგან შეიძლება აღინიშნოს თეთრი მარმარილოს წყალკურთხევის ჭურჭელი და XVI საუკუნის რესტავრირებული სატრაპეზო.

მონასტრის შიდა ხედი

ფილოთეოსს თავის ტერიტორიაზე ექვსი ტაძარი აქვს, მის გარეთ - სამი. მის მფლობელობაში მყოფი თორმეტი სენაკიდან ნახევარი დაუსახლებელია.

მონასტერში დაცულია იოანე ოქროპირის მაკურთხეველი მარჯვენა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები.

ბიბლიოთეკაში ინახება 250 ხელნაწერი, ორი ლიტურგიკული გრაგნილი და 2500-მდე წიგნი, რომელთაგან 500 რუსულ და რუმინულ ენებზეა.

სავანე ნაკურთხია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე და 1574 წლიდან მეთორმეტე ადგილი უკავია ათონის მონასტრებს შორის.

1973 წლიდან მონასტერი საერთო ცხოვრების ტიპიკონს მისდევს. ამჟამად სავანეში სამოცამდე ბერი მოღვაწეობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

სიმონოპეტრას მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სიმონოს პეტრას, ანდა სიმონოპეტრას (სიმონის კლდე) წმინდა მონასტერი, რომელიც 1257 წელს, ხილვის შემდეგ დააარსა ღირსმა სიმონმა, უდავოდ ყველაზე გაბედული არქიტექტურული კომპოზიციაა ათონის მთაზე. ის მყარად დგას 330 მეტრი სიმაღლის მთათა სისტემის მწვერვალზე. მთელი ნაგებობა დასტურია იმისა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი.

მონასტრის მთავარი ტაძარი

1363 წელს მონასტერი მთლიანად გადაკეთდა. ამისთვის გულუხვი შემოწირულობა გაიღო სერბეთის მეფემ იოანემ, რომელიც ამის გამო მონასტრის მეორედ დამაარსებლის რანგში იხსენიება.

წმინდა მთის III ტიპიკონში სიმონოპეტრას ოცდამესამე ადგილი ეკავა მაშინდელი ათონის მონასტრებს შორის, ხოლო თანამედროვე იერარქიაში მეცამეტე ადგილზეა.

სამწუხაროდ, ვერც ეს მონასტერი გადაურჩა ჟამთა სიავეს... 1570 წლის ხანძარმა მოსპო უნიკალური დოკუმენტები, მათ შორის - ისინიც, რომლებიც მონასტრის ისტორიის ბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნებოდა.

1622 წლის ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა მონასტრის ხელნაწერებს.

სიმონოპეტრა, რომელიც საერთო ცხოვრების წესებით ცხოვრობდა, XVII საუკუნეში თვითშენახვაზე გადავიდა. ის არასდროს დაურბევიათ მეკობრეებს, მაგრამ თურქების აუტანლად მძიმე გადასახადებმა ბერებს სავანის დატოვება აიძულა.

მონასტრის ხედი

XVIII საუკუნეში, მღვდელმონაზონ იოსაფატ მიტილენელის უდიდესი ძალისხმევით ასიმოპეტრას (თურქული ბატონობის დროს ასე იწოდებოდა მონასტერი) სავანეს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე. XIX საუკუნეში მონასტრის სამხრეთ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენეს.

1891 წელს მორიგმა ხანძარმა მონასტრის ძველი ნაგებობები და საგანძური იმსხვერპლა.

XX საუკუნეში სიმონოპეტრას აღორძინებისა და აყვავების ხანა დაუდგა. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გამოდგა პერიოდი, როცა ათონის წმინდა მთა თურქებისგან გაათავისუფლეს და მონასტერს განათლებული წინამძღვრები ნეოფიტე, იოანიკე და იერონიმე ჩაუდგნენ სათავეში.

XX საუკუნის შუა ხანებში, მეტადრე - 1963 წელს, როცა ათონი ათასწლოვან იუბილეს დღესასწაულობდა, სიმონოპეტრას არცთუ ნათელი პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა 70-იან წლებში მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა და აღორძინდა.

მონასტრის მეურნეობა

ოდესღაც სავანეს უამრავი საშემოსავლო სახლი და ფერმა ჰქონდა. მათგან უძველესია სიტონიაში მდებარე პეტრიოტიკო. დღეს მონასტერს საშემოსავლო სახლები აქვს სალონიკში, ათენში, ქალკიდაზე, საფრანგეთსა და რუმინეთში.

სიმონოპეტრას ტაძარი, რომელიც დაახლოებით 1600 წელს აიგო, მაცხოვრის შობის სახელზეა ნაკურთხი. ამჟამინდელი სახე მან 1891 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მონასტრის ტერიტორიაზე 4 ტაძარია, მის გარეთ - რვა.

მონასტრის არქივში დაცულია უამრავი ბერძნული, თურქული, რუმინული დოკუმენტი, საგალობელთა გრაგნილები, ნაბეჭდი წიგნები, თუმცა ყველა პოსტბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.

მონასტერში დაცულია ძვირფასი ხატები, შესამოსლები, ვერცხლის ნაკეთობანი, გრავიურები, ანტიმინსები, მაგრამ მისი უდიდესი განძია მარიამ მაგდალინელის მარჯვენა, რომელიც 2000 წელია უხრწნელად ინახება. ამჟამად მონასტერში 50 ბერი მოღვაწეობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

წმიდა პავლეს მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სავანე ათონის მთის დასავლეთ ნაწილში, ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. მონასტრის აღმშენებლად, გადმოცემით, X საუკუნის მოღვაწე ღირსი პავლე ქსიროპოტამელი მიიჩნევა.

მონასტრის მთავარი ტაძარი

ათონზე კატალონიელების თავდასხმის შემდეგ მონასტერმა დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა და ქსიროპოტამის მონასტრის სენაკებად იქცა. 1370 წელს, სერბეთის ბატონის გიორგი ბრანკოვიჩის წყალობით, მან დამოუკიდებლობა დაიბრუნა და გაძლიერდა. XV-XVII საუკუნეებში აქ ხალისით სახლდებოდნენ სლავი ბერები.

ხანძრებისა და სხვა უბედურებების, მათ შორის - 1911 წლის წყალდიდობის შედეგად მონასტერმა არაერთი ნაგებობა დაკარგა, რომლებიც დროთა განმავლობაში აღადგინეს. უფლის მირქმის სახელობის ტაძარი 1839-1844 წლებში ხელახლა აშენდა და მთლიანად მარმარილოთი მოპირკეთდა. ტაძრის კანკელი ათონის ხეზე კვეთის კლასიკური ნიმუშია. შემორჩენილ ნაგებობათაგან უძველესია XVI საუკუნის თავდაცვითი კოშკი.

სავანეში 12 სალოცავია. ბიბლიოთეკაში ხუთასამდე ხელნაწერი და თორმეტი ათასზე მეტი ძველი ნაბეჭდი წიგნი ინახება. ხელნაწერთაგან 174 სლავურია.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

სტავრონიკიტას მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

სტავრონიკიტას მონასტერი წმინდა მთაზე ყველაზე პატარაა. იგი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ივერიის მონასტერსა და პანტოკრატორის სავანეს შორის მდებარეობს.

მონასტრის ხედი

იგი X-XI სს-ში დაუარსებია ვინმე ნიკიფორე ნიკიტას (სტავრონიკიტას), იმპერატორ ციმისხიოსის ოფიცერს. XII საუკუნეში მეკობრეების თავდასხმებმა მონასტერი ძალიან დაასუსტა, XIII საუკუნეში ის ყუთლუმუშის მონასტერს დაემორჩილა, ხოლო XVI საუკუნეში ფილოთეოსისავანის გამგებლობაში გადავიდა. 1533 წელს ჰერომერის იღუმენმა გრიგოლმა სტავრონიკიტა გამოისყიდა და შეუდგა მის აღორძინებას. იმავე წელს, საპატრიარქოს ბრძანებით, სავანე სტავროპიგიალურად აღიარეს. 1541 წელს მონასტრის აღსადგენად კონსტანტინოპოლის პატრიარქმაიერემიამ უხვად გაიღო ფინანსები, უზრუნველყო საშემოსავლო სახლებით კასანდრასა და ლემნოსის კუნძულზე. მონასტერი კვლავ საერთო საცხოვრებლის წესდებას დაუბრუნდა. ტაძარი, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1546 წელს, ნაკურთხია წმინდა ნიკოლოზის სახელზე დამოხატულია თეოფანეს მიერ. სავანეში ინახება მის მიერ დაწერილი ათორმეტ დღესასწაულთა ხატები.

1607 წელს მონასტრის დიდი ნაწილი ხანძარმა ფერფლად აქცია.

XVIII საუკუნეში მოლდოვლახელმა დიდებულმა ალექსანდრე გიკმა სავანეს უბოძა წმინდა მოციქულთა მონასტერი ბუქარესტში.

მონასტრის შიდა ხედი

მონასტერი ისევ დაიწვა 1741, 1864, 1874 წლებში, ხოლო 1879 წლის უკანასკნელმა ხანძარმა თითქმის გაანადგურა.

სხვა სავანეთა მსგავსად, სტავრონიკიტა მეტისმეტად სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო თურქების მიერ შეწერილმა გადასახადებმა. მისი ვალი 1968 წელს გადაიხადა ვათოპედის მონასტრის იღუმენმა თეოფილემ.

ახალი საძმოს მოსვლის შემდეგ მონასტერი გადავიდა საერთო საცხოვრებლის წესზე. ამჟამად მას ათონის სავანის იერარქიაში მე-15 ადგილი უჭირავს.

მონასტრის ერთ-ერთი სიწმინდეა XIII-XIV საუკუნეების წმინდა ნიკოლოზის ხატი ბიბლიოთეკაში დაცულია 171 ხელნაწერი და უამრავი ნაბეჭდი წიგნი. განსაკუთრებით ღირებულია XII საუკუნის პერგამენტზე ოქროთი ნაწერი ფსალმუნი. მონასტერს აქვს ოთხი ტაძარი საკუთარტერიტორიაზე და ორიც - მის გარეთ. ამჟამად მონასტერში 30 ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ქსენოფონტეს მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ქსენოფონტეს მონასტერი დგას ზღვის ნაპირას, ციცაბოზე, დოქიარისა და წმინდა პანტელეიმონის მონასტრებს შორის. ის X საუკუნეში დაუარსებია ღირს ქსენოფონტეს. ეს წმინდანი მოიხსენება ლავრის დამაარსებლის, ათანასე ათონელის, ცხოვრებაში - მას განუკურნავსმილოპოტამში ათანასეს ძმა, თეოდორე. მას მიეწერება წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიის აგება. ისტორიულ ტექსტებში მონასტერი პირველად მოხსენებულია იმპერატორ ნიკიფორე III ბოტინიატოსის მოღვაწეობის წლებში. ერთ-ერთი პროტის აქტი (1083) გვამცნობს: -მონასტერში მობრძანდა დიდებული ფლოტის ხელმძღვანელი ნიკიფორე სტეფანე, რომელიც აქ ბერად აღიკვეცა, ეწოდა სახელად სიმონი, წინამძღვარი გახდა და საკუთარი სახსრებითა და იმპერატორის დახმარებით მონასატრის აღდგენასა და გაფორმებაზე ზრუნავდა. ცნობილია აგრეთვე,რომ იმ დროს და შემდგომშიც ქსენოფონტეს მონასტერს გადაეცა საშემოსავლო სახლები ათონის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთაც. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონასტერი ყვაოდა თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე და ბიზანტიის საბოლოო დაპყრობამდეწმინდა მთის მესამე დადგენილებაში მონასტერს მე-8 ადგილი უჭირავს იერარქიაში.

მონასტრის მთავარი ტაძარი

მონასტერმა შემდგომში გაიზიარა სხვა სავანეთა ბედი. მეკობრეთა და ავაზაკთაგან დანგრეულ შენობებს ძირითადად ბიზანტიელი იმპერატორები აღადგენდნენ, XVI საუკუნიდან დუნაისპირა სამთავროების მმართველები და სხვა პირები მონასტრებს მრავალგვარ დახმარებას უწევდნენ და საჩუქრებსა და შეწირულობებს უძღვნიდნენ.

ქსენოფონტეს მონასტერი ერთ-ერთი პირველია, რომელიც, იდიორიტმული ცხოვრების წესის აღდგენის შემდეგ, გაბრიელ IV (1784) პატრიარქის სიგელის თანახმად, საერთო საცხოვრებლის წესდებას დაუბრუნდა. ამ ცვლილებებში მთავარი როლი ითამაშა კავსოკალიველმა მღვდელმონაზონმა და მონასტრის პირველმა წინამძღვარმა პაისი მიტილენელმა, რომელმაც გააფართოვა და აღადგინა მონასტერი. ამ საქმეში მას დაეხმარა არქიმანდრიტი ზაქარია. ამ უკანასკნელმა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით საკმაო თანხას მოუყარა თავი. XIX საუკუნის დასაწყისში მონასტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწვა, განადგურდა ბევრი დოკუმენტი. მონასტერი მალე აღდგა და გაფართოვდა სამაკის ყოფილი მიტროპოლიტის, თეოფილეს, ხარჯით, რომელმაც დატოვა თავისი საეპისკოპოსო და სიცოცხლის ბოლო წლები ქსენოფონტეს მონასტერშგაატარა. მისი საქმე გააგრძელა მონასტრის წინამძღვარმა ნიკიფორემ.

ახალი ტაძარი 1809-1819 წლებში თეოფილეს სახსრებითვე აშენდა. ის ათონის ტაძრებს შორის ყველაზე დიდია. საყდრის მარმარილოს კანკელი გამოირჩევა დაგეგმარებით და ფერთა სიუხვით.

იგივე ითქმის წმინდა ტრაპეზის კანკელზე.

ზარი

ტაძარში რამდენიმე გვიანდელი ფრესკაა. მეტად ღირებულია წმინდა გიორგისა და წმინდა დიმიტრის დიდი მოზაიკური ხატები, მარჯვენა კლიროსში, სამლოცველოში, დაბრძანებულია XVI საუკუნის დასასრულს შექმნილი თორმეტი მოციქულის ხატები, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრე რომელიღაც სამლოცველოს კანკელში იყო მოთავსებული. ძველი ტაძარი მდებარეობს მონასტრის შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში, რომლის ნარტექსი შეერთებულია კელიასა და სატრაპეზოსთან. მისი შესანიშნავი ფრესკები კრეტელი მხატვრის, ანტონის მიერ არის შექმნილი. საკურთხევლის მარჯვენა ნაწილში წმინდა დიმიტრის სახელობის სამლოცველოა, რომელიც ითვლება ყველაზე ძველ სამონასტრო ნაგებობად. XVII საუკუნით თარიღდება და გამოირჩევა დეკორის სიმდიდრითა და სიკოხტავით. გარდა მონასტრის ორი ტაძრისა, აქ 11 სამლოცველოა: წმინდა ექვთიმესი, წმინდა უვერცხლოთა, ღვთისმშობლისა მიძინებისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა, წმინდა ლაზარესი და წმინდა დიმიტრისა - ძველ ტაძარში, წმინდა სტეფანესი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა, წმინდა მოციქულებისა, წმინდა ნექტარიოსისდა წმინდა სამებისა - მონასტრის სხვადასხვა ნაწილებში. გარდა ამისა, მონასტერს მიეკუთვნება წმინდა ანდრიას კელია კარიესში, რომელიც მის წარმომადგენლობად ითვლება. ძველი ტაძრის გარეთა ნარტეკს ეკვრის მონასტრის სატრაპეზო, რომლის ფრესკები XVI საუკუნისაა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ზემოთ ნახსენები მოზაიკური ხატები, იშვიათი მცირე სტეატიტის ხატი (ფერისცვალების გამოსახულებით), ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, ძვირფასი კიდობნები წმინდანთა წმინდა ნაწილებით, წმინდა საეკლესიო მორთულობები და სხვა.

სამონასტრო ბიბლიოთეკა განლაგებულია უსაფრთხო შენობაში. მასში დაცულია 600 ხელნაწერი, მათ შორის 8 პერტამენტია. აქ ინახება 2 ლიტურგიკული (პერგამენტული) გრაგნილი, აგრეთვე 7000-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. ქსენოფონტეს მონასტერს ეკუთვნის ხარების სკიტი, რომელიც მისგან ერთი საათის სავალზეა, მთის მწვანე ფერდობზე, სინგიტის ყურეში. ეს ბერძნული იდიორიტმული სკიტი 1760 წელს დაარსეს მღვდელმონაზონმა სილვესტერმა და ბერებმა - ეფრემმა და აღაპიმ. სკიტი შედგება ძირითადი ეკლესიისა და 22 კელიისგან. მათიუმრავლესობა ამჟამად, სამწუხაროდ, ცარიელია, რადგან აქ 7-8 ბერი ცხოვრობს. სკიტის ბიბლიოთეკაში მხოლოდ ნაბეჭდი წიგნებია.

დღეს ქსენოფონტეს მონასტერს მე-16 ადგილი უჭირავს ათონის სამონასტრო იერარქიაში და საერთო საცხოვრებლის ტიპისაა. მონასტერში 60 ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

გრიგორიატის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მონასტრის კარიბჭე

წმინდა გრიგორიატის მონასტერი მდებარეობს ნახევარკუნძულის სანაპიროზე. აქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ გემით დაფნიდან. სავანე XIV საუკუნეში დააარსა გრიგოლ განდეგილმა. მონასტერი დიონისიატისა და პანტოკრატორის თანამედროვეა. გრიგორიატის დამაარსებლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი გრიგოლ სინელის მოწაფე იყო. ინფორმაციის ნაკლებობის მიზეზი გახდა 1500 და 1762 წლების ხანძრები, გარდა ამისა, მონასტერი არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი მეკობრეების თავდასხმისა. სავანეს აღადგენდნენ მართლმადიდებელი ხელმწიფეების დახმარებებით, მათ შორისაა მოლდავეთის მმართველი იოანე სტეფანე დიდი. მან უდიდესი როლი ითამაშა სავანის აღორძინებაში და ამიტომაც ითვლება მის მეორე დამაარსებლად. 1762 წელს ხანძრით განადგურებული გრიგორიატი აღდგა იღუმენ იოაკიმეს ხელმძღვანელობით. 1851 წელს აშენდა წმინდა გიორგის ეკლესია, 1851 წელს - წმინდა ნიკოლოზისა. მონასტერში დაცულია 279 ხელნაწერი, მათ შორის 11 პერგამენტია. გარდა ამისა, ინახება დაახლოებით 6000-მდე ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი,წმინდანთა ნაწილები, წმინდა ჭურჭელი და სამოსი. გრიგორიატს აქვს 7 ტაძარი თავის ტერიტორიაზე და 6 - ტერიტორიის გარეთ. მონასტრის დაქვემდებარებაშია სამი კაფიზმა და ექვსი კელია. კელია - პატარა უდაბნოა, აქ არის 1-2 ბერის საცხოვებელი და პატარა ტაძარი. კელიისმცხოვრებნი თვითონ ირჩენენ თავს. კაფიზმა, კელიისგან განსხვავებით, მონასტრის სრულ უზრუნველყოფაზეა.

ათონის მონასტრების იერარქიაში 1574 წლიდან მონასტერი მე-17 ადგილზეა.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

პანტელეიმონის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერი ზღვის ნაპირას, ქსენოფონტეს სავანესა და დაფნის ნავსადგურს შორის მდებარეობს. ის სხვაგვარადაც არის ცნობილი - როგორც წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი ათონზე, კალიმაქსების კინოვია ანდა რუსიკი.

მონასტერი აქ 1765 წელს დაფუძნდა. მანამდე ის სხვაგან, ზღვიდან მოშორებით მდებარეობდა. ახლა იქ ეგრეთ წოდებული „ძველი“, „მთიანი“ რუსიკია, იგივე თესალონიკელის მონასტერიმ რომელიც XI საუკუნით თარიღდება. სწორედ იმ დროს მოვიდნენ წმინდა მთაზე პირველი რუსი ბერები. თავდაპირველად ისინი ქსილურგუს სავანეში დასახლდნენ და სულ მალე ისე აავსეს, რომ ადგილი აღარავის ჰყოფნიდა, ამიტომ წმინდა კინოტმა იღუმენ ლავრენტის თხოვნით ბერებს გაუკაცრიელებული თესალონიკელის მონასტერი გადასცა, ქსილურგუს სავანე კი სკიტად გადააკეთეს და დღემდე ასეთად რჩება.

მონასტრის მთავარი ტაძარი

რუსიკი ისტორიის შესახებ წყაროები XIII საუკუნემდე თითქმის არ შემონახულა (მიზეზი ხანძარი გახლდათ, რომელმაც სულმთლად გაანადგურა მონასტერი არქივები და ბიბლიოთეკა), მაგრამ ცნობილია, რომ იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა თავისი ედიქტით დაამტკიცა სავანის ქონებრივი უფლებები. მოგვიანებით მონასტერზე ზრუნავდნენ სერბი დიდებულები, რომლებიც მას უხვ შეწირულობებს სწირავდნენ და საშემოსავლო სახლებს სჩუქნიდნენ.

რუსეთში მონღოლთა ბატონობის დროს რუსიკში ბერძნები ცხოვრობდნენ (იმ პერიოდის ყველა დოკუმენტზე იღუმენის ბერძნული ხელმოწერაა), მაგრამ 1497 წლიდან წმინდა მთისკენ ისევ დაიძრნენ რუსი მწირები.

III დადგენილებით (1394 წ.), პანტელეიმონის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მეხუთე ადგილი ეკავა, მაგრამ აყვავების პერიოდი ხანმოკლე გამოდგა. მონასტერი გაღარიბდა და ვალებში ჩაეფლო. მაშინ მან მრავალი სამფლობელო დაკარგა.

XVIII საუკუნის შუა წლებში რუსიკის კარიბჭე გაიღო. მონასტერში სულ ოთხი ბერი იყო: ორი რუსი და ორი ბულგარელი, - ხოლო მოგვიანებით სავანე დაცარიელდა.

ამგვარად, რუსიკი ისევ ბერძენთა ხელში გადავიდა. ბერძნების საძმომ გადაწყვიტა, ზღვასთან ახლოს გადასახლებულიყო - 1667 წელს იქ იერისონის ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ააგო მცირე ტაძარი, რომელიც უფლის ამაღლების სახელზე აკურთხეს. ბაკლანელი მმართველებისა და დუნაისპირელი თავადების დახმარებით აქვე ააშენეს პანტელეიმონის მონასტერი. განსაკუთრებით უხვი შემოწირულობები გაიღო საუკუნის პირველ ნახევარში მოლდოვ-ვლახეთის მმართველმა სკარლეტ კალიმაქსმა (სახელდობრ, მისი სახსრებით აშენდა ტაძარი). 1806 წელს პატრიარქმა კალიკიმ მონასტრის წესდება დაამტკიცა.

ბერძნების აჯანყების წლებში რუსიკი, ისევე როგორც ათონის სავანეთა უმრავლესობა, დაიცალა. დაიწყო ხანგრძლივი დავა ქსენოფონტეს მონასტრის საზღვრების თაობაზე. სავანე მძიმე დღეში აღმოჩნდა.

მონასტრის ხედი

1840 წელს პანტელეიმონის მონასტერში ისევ გამოჩნდნენ რუსი ბერები. მალე ისინი ძმობის უმრავლესობას შეადგენდნენ. 1875 წელს, პირველად მრავალი საკუნის შემდეგ, არჩეულ იქნა რუსი იღუმენი და რუსიკი ჭეშმარიტად რუსული მონასტერი გახდა.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მხოლოდ პანტელეიმონის მონასტერში 1000-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა (მათ შორის იყვნენ ბერძნები და სამხრეთის სლავებიც). რუსები ცხოვრობდნენ სხვა მონასტრებშიც, წმინდა მთის სკიტებსა და სენაკებშიც.

სავანის არქიტექტურული ანსამბლი თავისი მრავალსართულიანი შენობითა და ტაძრების მაღალი გუმბათებით პატარა ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ 1968 წლის ხანძარმა საგრძნობი ზიანი მიაყენა მონასტერს. ტაძარი, როგორც შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა გვამცნობს1812-1821 წლებში აუგიათ. საერთო გეგმით ის წმინდა მთის ყველა სხვა სავანეს ჰგავს. კედლები ნაშენია მართკუთხა თლილი ქვის ფილებით. რვა გუმბათზე ჯვრებია აღმართული, თანაც მთვარეზე - რუსეთისთვის ტრადიციული, რვაქიმიანი.

საეკლესიო მოხატულობანი გასულ საუკუნეშია გაკეთებული. მდიდრულად მორთული კანკელი შესრულებულია რუსი ოსტატების მიერ. განაწესის თანახმად, რომელიც 1875 წელს მიიღეს, ამ ტაძარში მსახურება ორ ენაზე - ბერძნულად და სლავურად - აღესრულება.

ტაძრის კარიბჭის პირდაპირ არის სატრაპეზო, რომელიც 1890 წელს აიგო და 1897 წელს მოიხატა. იგი 800-მდე ადამიანს იტევს. სატრაპეზოს თავზე აღმართულია სამრეკლო, რომლის რუსული ზარები მთელ ათონზეა განთქმული. სამრეკლოს პირდაპირ, შესასვლელის მარცხნივ, წყალკურთხევის ავზია.

რუსიკში სხვა ეკლესიებიც არის. ტაძარს მიშენებული აქვს ღვთისმშობლის მიძინების ეკვდერი (აქ ღვთისმსახურება ბერძნულად აღესრულება). ბიბლიოთეკის დასავლეთით წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის ეკლესია დგას (აქ, ისევე როგორც სხვა ტაძრებში, სლავურად მსახურობენ). მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში უფლის ამაღლების, წმინდა სერგის, დიდმოწამე დიმიტრის, მთავარანგელოზ მიქაელის, წმინდა გერასიმეს, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს, წმინდა ვლადიმირისა და ოლღას ეკლესიები მდებაროებს. აქვეა ალექსანდრე ნეველის ტაძარიც, რომელიც მდიდრულად არის მორთული, ოქროს კიოტში ჩასმული ხატებითა და მოოქრული კანკელით.

ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის სამლოცველო

სამწუხაროდ, რვა ტაძრიდან, რომლებიც მონასტრის სამხრეთ ნაწილში იყო განლაგებული, ხანძარს მხოლოდ ორი გადაურჩა: წმინდა საბასი და წმინდა ნიკოლოზისა.

სავანის კედლების მიღმა ორი ტაძარია. მონასტერს ეკუთვნის ხუთი სენაკი: წმინდა ექვთიმესი, წმინდა კოზმასი და დამიანესი, ცხოველმყოფელი წყარო, წმინდა სტეფანესი და წმინდა გიორგისი (ორივე კარიესში მდებარეობს). გარდა ამისა, რუსიკს ეკუთვნის ხრომიცას (იმავე ხრომიტის) საშემოსავლო სახლი ურანოპოლისთან ახლოს, სადაც რამდენიმე რუსი ბერი ცხოვრობს, ქსილურგუს სკიტი (როგორც ათონზე უწოდებენ, „ღვთისმშობლი“), რომელიც პანტოკრატორის მონასტრის მახლობლადაა, სკიტი „ახალი თებაიდა“ წმინდა მთის სამხრეთ-დასავლეთი და ძველი რუსიკი.

სავანეში ინახება წმინდა პანტელეიმონის თავი, პატიოსანი ჯვრის ნაწილები, მრავალი ხატი, სამოსი, ჯვრები და სხვა.

ღვთისმშობლის ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ბარძიმი, მეტად დახვეწილი ნაკეთობა, და სახარება ძვირფასი ჭედური პერანგით - შეწირულობანი დიდი მთავრის კონსტანტინე ნიკოლოზის ძისა, რომელიც 1845 წელს ეწვია სავანეს.

მონასტერს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც ცალკე ორსართულიან შენობაშია განთავსებული. იქ დაცულია დაახლოებით 1320 ბერძნული და 600 სლავური ხელნაწერი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მინიატურებით მდიდრულად მორთული სახარება და გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ქადაგება. ამათ გარდა, ბიბლიოთეკაში არის 20000-ზე მეტი ნაბეჭდი ბერძნული, სლავური და რუსული წიგნი.

ამჟამად პანტელეიმონის მონასტერს XIX ადგილი უკავია ათონის მთის სავანეთა იერარქიაში. საძმო ორმოცდაათზე მეტ ბერს ითვლის. თითქმის ყველა რუსეთიდნა არის ჩასული.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

კონსტამონიტის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა კონსტამონიტის მონასტერი თვალწარმტაც ადგილას - ტყეში, ზღვიდან ნახევარი საათის სავალზე - მდებარეობს. ტრადიცია მის დამაარსებლად კონსტანტინე დიდს ან მის ერთ-ერთ ვაჟს მიიჩნევს, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სავანის დაფუძნება განდეგილ კონსტამონიტის სახელს უკავშირდება.

მონასტრის ინტერიერი

XIV საუკუნეში მონასტერი ძალზე დააზარალა მეკობრეთა თავდასხმებმა. ქველმოქმედთაგან, რომელნიც სავანეს მატერიალურ შემწეობას არ აკლებდნენ, გამოირჩეოდნენ სერბეთის მმართველები გიორგი ბრანკოვიჩი და ანა. ისინი ყოველნაირად ეხმარებოდნენ მონასტერს XV საუკუნეშიმაგრამ თურქების მიერ დაწესებულმა საგადასახადო ვალებმა ბერები აიძულა, სესხი ებრაელი მევახშეებისგან აეღოთ, ამან კი მონასტერი გააღატაკა. სავანე გადაარჩინა ფრანგი კონსულის არმანის დახმარებამ 1705 წელს.

1717 წელს ხანძარმა მონასტრის აღმოსავლეთი ფრთა გაანადგურა. აღდგენა 1818 წელს, წინამძღვარ ქრისანთეს დროს დაიწყო. მამებს დიდი დახმარება გაუწია ალი ფაშას მეუღლემ ვასილიკემ (სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალი ბერძენი უნდა ყოფილიყო).

მონასტრის პორტი

XIX საუკუნის შუა წლებში მონასტერი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც ის წმინდა კინოტის მეურვეობის ქვეშ მოაქცია.

ენერგიულმა იღუმენმა სიმონმა ფეხზე წამოაყენა მონასტერი. 1867 წელს მან ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ტაძარი ააგო. აღადგინა სხვა ნაგებობებიც. ტაძარი სტეფანე პირველმოწამის სახელზე აკურთხეს.

კონსტამონიტს საკუთრივ თავის ტერიტორიაზე ხუთი ეკლესია აქვს, ხოლო გარეთ - ოთხი. სავანეში დაცულია წმინდა სტეფანეს VIII საუკუნის სასწაულმოქმედი ხატი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ორი სასწაულმოქმედი ხატი. გარდა ამისა, მონასტერში ინახება უფლისცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები და ბიზანტიური გარდამოხსნა, სამოსი და ლიტურგიკული ჭურჭელი. კონსტამონიტის ბიბლიოთეკაში 110 ხელნაწერი და 5000-მდე ნაბეჭდი წიგნია.

მონასტერს XX ადგილი უკავია ათონის მთის მონასტერთა იერარქიაში. დღეს იქ 30 ბერი ცხოვრობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ესთიგმენის მონასტერი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წმინდა ესთიგმენის მონასტერი დგას ათონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხილანდარის მონასტრის ახლოს. მონასტერს საძირკველი ზღვაში აქვს. მის გარშემო სხვადასხვა პერიოდის ნანგრევებია - რომაელთა ბატონობის დროიდან დაწყებული, პირველ განდეგილთა ეპოქით დამთავრებული.

მონასტრის მთავარი ტაძარი

მონასტერი დაარსებულია X-XI საუკუნეებში. ის ესთიგმენის მონასტრად პირველად მოხსენიებულია ათონის მეორე ტიპიკონში (წესდებაში) 1045 წელს. მონასტერს არაერთხელ დასხმიან თავს მეკობრეები, იგი ზარალდებოდა ხანძრებისგანაც. დოკუმენტებით, მეკობრეები სამჯერ (873, 1047 და 1543 წლებში) დასხმიან თავს მონასტერს. 1491 წლის ხანძარი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ესთიგმენისთვის.

მონასტერს განსაკუთრებით მფარველობდნენ ბიზანტიელი მონარქები. იმპერატორთა სიგელები ადასტურებდნენ, რომ მონასტერს არაერთი უძრავი ქონება ჰქონდა პროვლაკში, სკუტარში, კროსევში, კრასტაში, თესალონიკსა და კონსტანტინოპოლში.

ესთიგმენმა აღზარდა ისეთი უმაღლესი სასულიერო მოღვაწენი, როგორიცაა წმინდა ანასტასი კონსტანტინოპოლის პატრიარქი (1310 წ.) და სოლუნელი არქიეპისკოპოსი წმინდა გრიგოლ პალამა (1335 წ.).

XVII საუკუნეში მონასტერს ფინანსურად გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ფეხზე წამოდგა მიტროპოლიტი გრიგოლის დახმარებით, რომელმაც მონასტრის ვალები გაისტუმრა.

მონასტრის სატრაპეზო

მონასტრის სატრაპეზო აშენდა იღუმენ თეოდოსიტეს დროს.

1821 და 1832 წლებში ესთიგმენი თურქების არმიამ დაიკავა და გამოიყენა ჯარისკაცების სადგომად. სავანე აღადგინა წმინდა ანას სკიტის ბერმა აღათანგელოზმა. ამ დროს, კერძოდ, 1832-1871 წლებში, შეიქმნა მონასტრის დიდებული ნაგებობანი, სამრეკლო, ტაძრები, ტაძრის მორთულობანი და სამხრეთის კარიბჭე.

ტაძარი უფლის ამაღლების სახელზეა ნაკურთხი, ამის გარდა, მის ტერიტორიაზე არის 7 ეკლესია-მონასტერი, 7 - მის გარეთ. მონასტერში არის მრავალი წმინდა ნაწილი. ბიბლიოთეკაში დაცულია 372 ხელნაწერი და 8000 ნაბეჭდი წიგნი.

ესთიგმენს მე-18 ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში, მაგრამ მისი წარმომადგენელი არ მონაწილეობს წმინდა კინოტის სხდომებში.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

დაფნი

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

დაფნი კარიესის, ათონის სამონასტრო რესპუბლიკის დედაქალაქის, ნავსადგურია და მისგან რვა კილომეტრზე მდებარეობს. პორტი ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებული. მომლოცველები იქ პატარა გემებით მიემგზავრებიან ურანოპოლიდან (მგზავრობას 1,5-2 საათი სჭირდება), ხოლო შემდეგ მიხვეულ-მოხვეული გზით კარიესისკენ მიემართებიან (მგზავრობა ოცდათხუთმეტიოდე წუთს გასტანს).

დაფნის პორტს, რომელიც სიმონოპეტრას და ქსეროპოტამის მონასტრებს ექვემდებარება, აქვს ნავმისადგომი, საბაჟო, სააგენტოები, სასტუმროები, კავშირგაბმულობა.

ერთ-ერთი ვარაუდით, ნავსადგურს სახელი ამ მხარეში დაფნის ხეების სიმრავლის გამო დაერქვა, მითოლოგიური ვერსიის თანახმად კი დაფნი არკადიელი მდინარის ღმერთის ქალიშვილი იყო, რომელიც მასზე შეყვარებულ აპოლონს ამ ქალაქის სანახებში დაემალა.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.

ათონის მთის „უხილავი მოსაგრეები“

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ათონის მთის კალთებზე მრავალი მონასტერია გაბნეული - ბერძნული, რუსული, ბულგარული, სერბული, რუმინული - მრავალი სკიტი, სენაკი და კალივი (ასე ეწოდება სამყოფელს, რომელშიც დაყუდებული მეუდაბნოები ცხოვრობენ). ნახევარკუნძულზე მონაზვნების გარდა არავინაა, არც სოფელია, არც ფერმები - და ასე გრძელდება უკვე ათას წელზე მეტ ხანს! მოსახლეობამ აქ VII საუკუნიდან დაიწყო დასახლება. მათ ბიზანტიის იმპერატორები მფარველობდნენ, სჩუქნიდნენ „ქრიზობულებს“ პრივილეგიებით, სავარგულებს, მამულებს. მეორე ათასწლეულია, ამ მიწაზე მონაზვნის გარდა არავინ ცხოვრობს. დაახლოებით ათასი წელია, აქ ქალს ფეხი არ დაუდგამს (და მარტო ქალებს როდი აქვთ აკრძალული ათონზე ასვლა, არამედ მდედრობითი სქესის ცხოველებსაც კი) მთები, ტყეები, ქარები, ზოგან ვენახები და ბაღები, განცალკევებული მონასტრები, რომლებშიც ბერები ცხოვრობენ, ზარების რეკვა, ტყეში გუგულები, მთის წვერზე - არწივები, მერცხლები, ჯგუფურად რომ ისვენებენ სამხრეთში გადაფრენის ჟამს, დუმილი, ირგვლივ კი ზღვა... და ყოველივე ამასთან უფალი - სწორედ ეს არის ათონი...

 

* * *

მოსაგრეები - ათონის მთის მოღვაწენი წმინდა მთას დღემდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეორე და უმთავრეს წილხვედრს უწოდებენ. უკვე მრავალი საუკუნეა, ამ მთაზე ქალის ასვლა აკრძალულია. გადმოცემით, რომის იმპერატორ კონსტანტინე პლაკიდას ცოლმა ათონზე ასვლგადაწყვტა. მეუღლის თანხმობის მიღების შემდგომ პლაკიდია ათონზე ვათოპედის მონასტერში მივიდა, მაგრამ ზეციდან მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც მას უბრძანებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე.

ათონის მახლობელ ქალაქ ურანოპოლისის მკვიდრნი დღესაც ყვებიან იმის შესახებ, როგორ უჭრის გზას უხილავი ძალა ათონის მთისკენ მიმავალ ქალებს. მიცურავს, მაგალითად, მეთევზეთა ნავი, რომელზეც რამდენიმე მეთევზეა - ძმები თავიანთ დასთან ერთად, რომელიც დასახმარებლად წამოიყვანეს. ქალიშვილმა რაღაც მიზეზით ათონის მთასთან მისვლა ითხოვა, მაგრამ როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, ფერდობიდან ქვებმა დაიწყო ცვენა. მიწისძვრით შეშინებულმა მენავეებმა სწრაფად გაცურეს ზღვაში. არც მუმლის ან კოღოების თავდასხმაა გამორიცხული. ამის მხილველი არცერთი ქალი თვითონაც აღარ მოისურვებს, რომ ფეხი დაადგას წმინდა მიწაზე, სადაც ათასი წლის განმავლობაში ქალთაგან მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მყოფობდა.

წმინდა მთაზე ერთი ქალაქია - კარიესი - ეს არის ნახევარკუნძულის მართვის ცენტრი, შეიძლება ითქვას, ათონის დედაქალაქი. აი, როგორ აღწერს ათონის მთას 1927 წელს ერთი რუსი მოგზაური:

„არასოდეს მინახავს კარიესის მსგავსი ქალაქი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვნახავ. ჩვენ ვიწრო, დაკლაკნილ ქუჩებს მივუყვებოდით, გვერდი ავუარეთ მშვენიერ, ცისფერ სახლებს (ეს აღმოსავლეთის საყვარელი ფერია) გადმოკიდებული აივნებით, ვენახის ხეივნებით. გზად ფარდულებია. შეგიძია იყიდო საბერო კაბა, ხატი, სხვადასხვა ნივთები. კარები ღიაა, არც შესვლას უშლის ვინმე, მაგრამ ფარდულში არავინაა, ისევე, როგორც ქუჩაში, და გეჩვენება, რომ მთლიანად ქალაქშიც. მაგრამ აქ მაცხოვრებლები მაინც არიან, თუმცა მცირერიცხოვანნი - ბერები და რამდენიმე ბერძენი ვაჭარი. ისინი სახლის სიღრმეში ცხოვრობენ. შესაძლებელია, ფარდულის მეპატრონეც იპოვნო, საკმარისია, კარზე დააკაკუნო და იგი მაშინვე მოგყიდის ათასგვარ ათონურ სუვენირს. მაგრამ ათონის დედაქალაქში ქალს ვერ ნახავ, აქ მხოლოდ მამაკაცებარიან...

...დაახლოებით 1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს მან უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს, ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.

...დაახლოებით 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო.

„ვათოპედის მონასტრის კელიიდან გაქრა აგრეთვე ბერი ნექტარიოსი, იგი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი, - წერს ბერი ვლასი, - და კიდევ ორი ბერი - ნიკოდიმოსი ქსენოფონტის სკიტიდან და მარტინიანი კაპასალიდან; და ვერც მათ კვალს მიაგნეს სადმე“.

ზოგიერთები თვლიან, რომ მოსაგრეთაგან განსაკუთრებით ღირსეულნი იკარგებიან. ბერები ამ გაქრობას ათონის სხვა დიდ საიდუმლოს უკავშირებენ - ე.წ. „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ: იგი უხილავმა მოსაგრეებმა წაიყვანესო.

ვინ არიან „უხილავი მოსაგრეები“?

ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთნი ვარაუდობენ, რომ „უხილავი მოსაგრეები“ ძველი წმინდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმინდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით, რათა განუწყვეტლად მყოფობდნენ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაში. ისინი „უხილავნი“ იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ კეთილკრძალული მონაზვნებით გაივსებოდა, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც.

ყველაზე ძველი გარდამოცემა გვამცნობს, რომ XIX საუკუნის დასაწყისში უცნობ მოსაგრეებს თავისთან ღებულობდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. „უხილავი მოსაგრეები“ მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ.

ჟურნალ „წმინდა მთის ბიბლიოთეკის“ ერთ-ერთი ნომერი იუწყებოდა, რომ უხილავი მოსაგრეები „შვიდნი იყვნენ. ისინი ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ისინი ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ რაღაც საიდუმლო სახით მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი, იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ“.

ამ სიტყვის დასტურად ერთი ასეთი დამოწმება შეიძლება მოვიხმოთ:

1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ, მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც მცირე ხანს ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმადმოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტშიმყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ მოსაგრეთა საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.

* * *

ახლა ზოგიერთ ისეთ შემთხვევასაც მოგითხრობთ, რომლებიც „უხილავ მოსაგრეებთან“ თანამედროვეთა შეხვედრების შესახებ მოგვითხრობენ.

ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა და ვიღაც უცნობ ბერს შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც მან ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს.

...კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერდიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმინდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. უცნობი მოსაგრე ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა მოხუცი ბერისათვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა.

...წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს, რომელიც კრეტიდან იყო, სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აებნა და გამოქვაბულს მიადგა, სადაც საგებელზე ვიღაც ბერის სხეული ესვენა, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი თითო სანთელი ენთო. როდესაც კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ადგილობრივი მიდამოები გადაძებნა, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი იპოვეს.

ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი (გარდაიცვალა 1994 წელს) აგრეთვე ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმინდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილ-სამყოფელს უმალავენ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი „უხილავი მოღვაწენი“ მართლაც არსებობენ, - წერს ბერი ვლასი, - (ეს კი ნამდვილად ასე უნდა იყოს, რამეთუ ამას თვითმხილველები ამოწმებენ), მაშ, მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა (ჩვენი ცოდვების გამო) ადამიანთა მოდგმაზე“.

* * *

ძნელია, აქ კიდევ რაიმე ითქვას „უხილავ მოსაგრეებზე“, ათონის მთის ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ. მართლაც არიან თუ არა ისინი, ეს მხოლოდ ყოვლისმხილველმა უფალმა უწყის. სამაგიეროდ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნეში წმინდა მთაზერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმინდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. იგი ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი ლოცვით იმ წმინდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისათვის ევედრებოდა. ეს წმიდა სილუან ათონელი გახლდათ.

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 8(10), 2005 წ.