|
ანტიქრისტე
სერიოზულად მოვეპყრათ იმას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება
ჩვენი შეხედულება გლობალიზაციის პროცესებისა და ეკუმენიზმის შესახებ, აპოკალიფსური დროებისა და ბოლო ჟამის ნიშნების შესახებ ეკლესიის სწავლების თანხმიერია; ანუ ჩვენ ვეყრდნობით წმიდა მამათა სწავლებას და ეკლესიის გადმოცემას ყველა იმ საკითხში, რომელიც ბოლო ჟამს შეეხება და ამ სწავლებათა შუქზე ვცდილობთ მიმდინარე მოვლენებში წვდომას.
ახლა 2012 წელია და უკვე საკმაო ჟამი გვაშორებს უღმრთო ათეისტურ წყობას, როდესაც ტაძრები იკეტებოდა და სარწმუნოება იდევნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომელთაგან უმეტესობა ჩვენდა სასარგებლოდ როდი აღსრულდა. მთელს მსოფლიოში არ მიმდინარეობს საეკლესიო აღზევება, ეკლესიათა საქმიანობაც ამა სოფლის გარდასაქმნელად როდი ფართოვდება, არამედ პირიქით, უფრო კნინდება და წუთისოფლის სამსახურშიაც კი დგება. ჩვენ ვხედავთ გარეგან კეთილდღეობას, მშენებლობებს, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, სახელმწიფო მოხელეებს ორდენებსაც კი ჩუქნიან (თუმცა გაუგებარია რისთვის...) და სხვა, მაგრამ მრავალი ავტორიტეტული მოსაგრისა და სულიერი მამის აზრით, მართლმადიდებლობა დღეს განიცდის ახალი სახის დევნას, რომელიც ერთის შეხედვით უხილავია, რის გამოც ადამიანები ადვილად ვარდებიან უმძიმეს ცოდვებში და ქრისტესთან მისასვლელი გზა ეკეტებათ.
დღეს არ ხდება ქრისტეს აშკარა უარყოფა, - დღეს ადამიანები სატანას უფრო სულით ეთაყვანებიან. ეს ირიბი უარყოფაა, არა პირდაპირი, მაგრამ საკმარისი სულის წარსაწყმედად. მსგავსი მაგალითები ისტორიაში უხვადაა და ამის შესახებ წმინდანებიც წერენ. დიდი მატერიალური დოვლათისა და სიუხვის გამო, ტელევიზიისა და სხვა კომუნიკაციური საშუალებებით ცთუნების გამო, ადამიანებზე ზემოქმედების ტექნიკა საკმაოდ ამაღლდა. ადამიანი თანდათანობით კარგავს სულიერ სიფხიზლეს, სულიერ ხედვას და ამგვარად ცთუნებულ სულს უკვე აღარ ძალუძს მღვიძარება. ასეთი სული თავისდა შეუმჩნევლად ღებულობს სულს აპოსტასიისა. წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ მოვა დრო და ადამიანები არ შეისმენენ ჯანსაღ სწავლებას, არამედ თავიანთი ნება-სურვილების მიხედვით დაიწყებენ ცხოვრებას და "ყურის მოსაფხან ზღაპრებს" უფრო შეისმენენ ვიდრე ჭეშმარიტებას. შევლენ ტაძრებში, აანთებენ სანთლებს, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი, გარეგნული "ღვაწლი" იქნება. შინაგანად, ეს ადამიანები სრულიად დაემონებიან წუთისოფლის ნებას, მის სიამეებსა და უდარდელობას.
მაგრამ ყოველ ადამიანში ჩადებულია სინდისი და მან უნდა უწყოდეს რაც ხდება, - კარგია ეს ყოველივე თუ ცუდია. დიახ, შეიძლება ქალაქშიც იცხოვროს ადამიანმა, შეიძლება გამოიყენოს ცივილიზაციის მიღწევები, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით - ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენს მარადიულ ხვედრზე.
დგება ისეთი ჟამი, როდესაც ძალზედ დიდი ყურადღება გვმართებს და განსაკუთრებული დაკვირვება თუ რა ხდება. ახლა უმთავრესი პრობლემა - იდენტიფიკატორების მიღება-არმიღებაა. იდენტიფიკატორები ანტისახელია, ეს არის ახალ მსოფლიო წესრიგში ციფრული სახელით დარეგისტრირება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, და თუ თვალს გადავავლებთ სიტუაციას ბოლო 10-20 წლის განმავლობაში, გასაგები გახდება, რომ ამ მიმართულებით ჩვენთან დიდი ბრძოლაა. ამავე დროს, გარკვეული საეკლესიო ძალები ცდილობენ პრობლემის მიჩუმათებას.
საკითხის ფასი ძალზედ მაღალია და ეს არის ადამიანის სულის ცხოვნება და მარადისობის მოპოვება. იმისთვის, ვინც ამას ელტვის, ყოველივე მიწიერი მეორეხარისხოვანია. მაგრამ არიან ისეთი "ქრისტეანებიც", რომლებიც ამბობენ, რომ მთავარია აქ ვიცხოვროთ ნორმალურად, დედამიწაზე მოვეწყოთ კომფორტულად, მოვიპოვოთ შეღავათები და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, "თუ არა და როგორ ვიცხოვრებთ?..." მაგრამ ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიპოვოთ ზეციური სუფევა? გაამსოფლიურებული "ქრისტეანების" აზრით, ის თავისთავად მოვა. ყოველგვარ მიწიერ კეთილდღეობას უპირობოდ შეიწყნარებენ, ხოლო ზეციური თავისთავად უნდა მოჰყვეეს მათ ამგვარ ცხოვრებას. ასეთია მათი უგუნური შეხედულება!
ეკლესიაში ყველაფერი უნდა ხდებოდეს კანონთა შესაბამისად, დოგმატური სწავლებისა და გადმოცემების თანხმიერად. გლობალიზაცია, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული ბარათები - ეს ყოველივე სატანის გამოვლინებაა, რომელიც დღეს ცდილობს ღმრთის ერის დაპყრობას. ერთი საქმეა, როდესაც წარმართები გახევებულნი არიან თავიანთ წარმართობაში, მაგრამ ისინი ხომ წარმართები არიან, ქრისტესთვის არანაირი აღთქმა არ მიუციათ, მათ თავიანთი რწმენა და ცთომილებები გააჩნიათ. მაგრამ რატომ იქცევიან ასე ისინი, ვინც ეშმაკის საქმეთაგან განდგომა და ქრისტესადმი შედგომა აღუთქვა უფალს?...
ვაი მას, ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ წავა. ერთ ძველ წიგნში, სახელწოდებით "ბერი ზინობის დარიგება ანტიქრისტეს საცთურის შესახებ" ვკითხულობთ: "მხოლოდ ლოცვით ვერავინ გადარჩება, ამის შესახებ ბრძანა ქრისტემ: "რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?" (ლუკა 6:46). ლოცვას ღმრთის ნების შესრულება უნდა შევუერთოთ. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა: "ვისაც ამ წუთისოფელში ჭეშმარიტების სასარგებლო ღვაწლის გარეშე ოდენ სათნოებით, ლოცვით, მარხვით და მღვიძარებით სურს თავის ცხოვნება, მის გზაზე არ დგას". ხედავთ, "მის გზაზე არ დგასო"?! ეკლესიის გზა - ეს ქრისტეს გზაა. ამიტომაც, არის ნათქვამი: "ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას" (მათე 7:21).
ერთმა ათონელმა ბერმა ბრძანა, თქვენ შეგიძლიათ ირწმუნოთ რაც გსურთ და როგორც გსურთ, მაგრამ ერთხელაც მოვლენ თქვენთან, ჩაგაგდებენ კალათში საქონელივით და წაგიყვანენ იქით, სადაც არ გინდათ. დღეს არსებობს პრობლემა, რომელსაც საიდენტიფიკაციო ბარათები ჰქვია და რომელთაც უნივერსალური ელექტრონული ბარათების სახით გვაწვდიან. დიდი დავაა გაჩაღებული ამ საკითხის გარშემო, - ავიღოთ თუ არ ავიღოთ? ყველაზე რადიკალურნი ამბობენ, რომ არ უნდა მივცეთ ხელწერილი სატანას, განვეშოროთ მას და მცირედიც დავითმინოთ. მოჰყავთ XVII საუკუნის წერილობითი მოწმობა, ბერ ზინობის სწავლება თავისი მოწაფისადმი, სადაც წერია, რომ "ვინც მცირედით მაინც დაისვრება, მას ეშმაკნი შუბლზე დააწერენ ქრისტეს უარყოფას. მყარად დექით ძმანო, რომც გაიძულონ ბეჭდის ანუ ბარათის მიღება, სისხლის დაღვრამაც რომ მოგიწიოთ, სიხარულით გადაიტანეთ ამგვარი ტანჯვა, ოღონდ არ დაემორჩილოთ მათ მრავალბეჭედა საცთურს. ამისთვის დიდად დაჯილდოვდებით, რადგან უფლის ბეღელში იქნება თქვენი ადგილი. დაითმინეთ რამდენიც შეგიძლიათ, ოღონდ ნუ დაისვრებით, განეშორეთ მათ, მოვა დრო და თვითონ დაიხოცებიან შიმშილისგან".
მართალია, ბარათები ჯერ კიდევ არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ეს მისი წინასახეა. ეს არის მომზადება ანტიქრისტეს ბეჭდისთვის. ერთი ადამიანი მივიდა მღვდელთან აღსარებაზე. მღვდელი ჰკითხა იყო თუ არა ის კომუნისტი. მონანულმა უპასუხა: "არა, მამაო, კომუნისტი არასოდეს ვყოფილვარ". "პიონერი თუ იყავი?" – კვლავ ჰკითხა მოძღვარმა. "პიონერი ვიყავი...". "ოქტომბრელი?". "დიახ, რა თქმა უნდა... ფიცის კი დამადებინეს ოქტომბრული..., შემდეგ კი ვარსკვლავები დაგვკიდეს მკერდზე... მაგრამ კომუნისტი არასოდეს ვყოფილვარ!..." ამის მოსმენა ხომ სასაცილოც არის და სატირალიც. რადგან ნებისმიერი ნაბიჯი განდგომისკენ, მცირე იქნება ის თუ დიდი - უკვე განდგომაა. და ჩვენ თვითონ არ ვუწყით, რა სასჯელი გვეკუთვნის ამისთვის. რა თქმა უნდა, არის ერთგვარი გამართლება, რომ საბჭოთა დროს ადამიანებმა ბევრი რამ არ იცოდნენ, ქრისტეს ქადაგებაც არ სმენოდათ. მაგრამ, ახლა ხომ ესმით წმიდა წერილი, ხომ ესმით, რომ მიმდინარეობს მზადება ანტიქრისტეს გლობალური ბეჭდის ჩამოსატარებლად?
მოვიტან კიდევ ასეთ მაგალითს. დავუშვათ ჩვენ ვიმყოფებით რკინიგზის სადგურზე. ამ დროს ვიღაც უცნობი რეკავს სადაც საჭიროა და ამბობს, რომ სადგურში ჩადებულია ბომბი, რომელიც მალე აფეთქდება და დიდ მსხვერპლს გამოიწვევს თუ მას გარკვეულ თანხას არ გადაუხდიან. როგორ მოიქცევიან ხელისუფალნი? განა იმწამსვე არ გასცემენ სადგურიდან ადამიანების ევაკუაციის განკარგულებას? განა ალყას არ შემოარტყამენ მთელს ტერიტორიას და დაიწყებენ შემოწმებას ვინ დარეკა? განა არ მოვლენ სპეციალისტები ძაღლებითურთ?... მაგრამ, თუ ეს იყო ყალბი ზარი, ყალბი განგაში ვერაფერსაც იპოვიან.
ხოლო თუ სადგურში ბომბს მართლა აღმოაჩენენ, მაშინ მას გაააუვნებელყოფენ და ყველა გადარჩება, ყოველივე კეთილად დასრულდება. იბადება კითხვა: გონივრულია თუ არა განგაშის ატეხვა იმ შემთხვევაში, თუკი სინამდვილეში არანაირი ბომბი გვეგულება?... ცხადია, გონივრულია, რადგან წინასწარ ეს არავინ უწყის, და ადამიანთა უსაფრთხოება ავალდებულებს ხელისუფალთ ამგვარ შეტყობინებებზეც მოახდინონ რეაგირება.
მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ისეთ საფრთხეზე გვესმის, რომელიც ჩვენი სულის ცხოვნებას ემუქრება? თუ ამბობენ, რომ ჩვენი სულები საფრთხეშია ამა თუ იმ ტექნიკური საშუალების გამოყენებით, უნდა ვიჩქაროთ და გამოვიკვლიოთ ეს პრობლემა. უნდა ვიჩქაროთ, და საჭირო თუ იქნა, შორსაც განვდგეთ, ოღონდ უკეთურებაში არ მივიღოთ მონაწილეობა. დიახ, მრავალთა აზრით არაფერია გვემუქრება და ჩვენი შიშები უსაფუძვლოა: თითქოსდა ეს ნიშნები და ბარათები არავის ღუპავს და მათი მიღება უსაფრთხოა, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. ამიტომაც, უნდა მოხდეს მობილიზება, უნდა შემოწმდეს ყოველივე და გამომუშავდეს ტაქტიკა თუ როგორ გადავრჩეთ ამ სამყაროში, როგორ ვიცხოვროთ ასეთ პირობებში.
ვერავინ შეხვდება ქრისტეს თუ არ დასძლევს ანტიქრისტეს საცთურებს, ვინც არ დაითმენს ანტიქრისტეს დევნას. ზოგი იტყვის: "ჩვენ ველოდებით ქრისტეს..." ელოდეთ. მაგრამ ჯერ ის გამოგცდით: ხართ თუ არა მისი ერთგულნი? და დაუშვებს საცთურს. ყოველმა უნდა მოძებნოს პასუხი თავის საქციელზე და აირჩიოს: ჯვარი თუ პური. ამიტომაც, თუკი გვესმის, რომ სულების აფეთქებას გვიპირებენ, აუცილებლად უნდა შევჩერდეთ და შევამოწმოთ, რადგან საკითხს უდიდესი ღირებულება გააჩნია - ჩვენი მარადიული სიცოცხლე.
ბევრს კარგავს კი ხელისუფლება, რომელიც იკვლევს სადგურს და იქ ვერანაირ ბომბს ვერ იპოვის? რა თქმა უნდა ბევარ არაფერს კარგავს, მაგრამ რომ არ წასულიყვნენ და არ შეემოწმებინათ სადგური, ხოლო იქ სინამდვილეში ბომბი აღმოჩენილიყო, მაშინ დანაკარგი საკმაოდ სერიოზული და ტრაგიკული იქნებოდა - უგულისხმოებასა და გულგრილობას ასობით და შესაძლოა ათასობით ადამიანი შეეწირებოდა.
ამიტომაც, არაფერია საშინელი იმაში, თუ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ, გამოვიჩენთ სიფხიზლეს და ამ ტექნიკურ სიახლეებს არ ვენდობით. მითუმეტეს, რომ ყველაფერი ისე აქვთ ორგანიზებული, რათა ელექტრონული ბარათების მიღება ძალზედ წააგავდეს ანტიქრისტეს ბეჭედს. ეს ჯერ კიდევ არ არის ბეჭედი, მაგრამ რატომ არის მას ასე მიახლოვებული? რა არის ეს: მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა თუ მათი სიფხიზლის გამოცდა? ცნობილმა დიაკვანმა და პროფესორმა ანდრია კურაევმა ამას ანტიქრისტეანული ხულიგნობა უწოდა, მაგრამ განა ეს შეცვლის საქმის არსს? მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველივე რაც თუნდაც შორიდან მოგვაგონებს ან ოდნავადაც წააგავს ანტიქრისტეს ბეჭედს, ჩვენთვის საძაგელი და მიუღებელია.
ძმანო და დანო! თუ მომავალშიც არასერიოზულად მოვეპყრობით ყოველივე იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება, უეჭელად დავიღუპებით, რაც გვაშოროს ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესუ ქრისტემ, რომლისა არს ძალი და დიდება მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, აწ და, მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |
|