ანტიქრისტე

წმ. ირინეოს ლიონელი
ანტიქრისტეს ტირანული სამეფოს შესახებ

იქიდან, რაც მოხდება ანტიქრისტეს დროს, ჩანს, რომ მას, უსჯულოსა და ბოროტმოქმედს, სურს თაყვანსსცემდნენ მას, როგორც ღმერთს და პატივს მიაგებდნენ ვითარც მეფეს. მიიღებს რა მთელ ძალაუფლებას ეშმაკისგან, მოვა არა როგორც სამართლიანი და სჯულიერი მეფე არამედ, როგორც უკეთური, უსამართლო და უსჯულო, ღმრთისგან განდგომილი, ბოროტმოქმედი და კაცისმკვლელი, ყაჩაღი, რომელიც იმეორებს ეშმაკისეულ ღმრთისმბრძოლობას; ის გააუქმებს კერპებს, რათა შთააგონოს ყველას, რომ თვითონ არის ღმერთი, მაგრამ თვითონ გამედიდურდება და აღზევდება როგორც კერპი და საკუთარ თავში გაანივთებს ყველა ცთომილებათა მრავალფეროვნებას, რომელიც დამახასიათებელი იყო სხვა კერპებისთვის, რათა მათ, რომლებიც სხვადასხვაგვარი სიბილწეებით თაყვანს სცემდნენ ეშმაკს, ამ კერპის მიერ თაყვანი სცენ ანტიქრისტეს. მის შესახებ მოციქული თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში ბრძანებს: "ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:3,4). მოციქული ნათლად აჩვენებს მის განდგომას ღმრთისგან და, რომ გადიდგულდება ყოველივეზე რაც კი იწოდება ღმერთად და წმიდად, ანუ ყველა კერპზე, რომლებსაც ადამიანები ღმერთებს უწოდებენ, მაგრამ არ არიან ღმერთები, ამიტომაც ის ტირანულად შეეცდება წარმოადგინოს თავი ღმერთად.

მეტიც, მოციქულმა გაგვიცხადა ისიც, რომ იერუსალემის ტაძარი აშენებული იყო ჭეშმარიტი ღმრთის ბრძანებით, რადგან მოციქული თვითნებურად არავის უწოდებდა ღმერთს, გარდა ჭეშმარიტი ღმრთისა, მამისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლის ბრძანებითაც აშენდა იერუსალემის ტაძარი; მასში დაჯდება მოწინააღმდეგეც, შეეცდება რა წარმოაჩინოს თავი ქრისტედ, როგორც უფალი ამბობს: "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს" (მათე 24:15-17, 21).

დანიელი უკანასკნელი სამეფოს დასასრულზე, ე. ი. ბოლო ათ მეფესან დაკავშირებით, რომელთა შორის დანაწილდება მათი სამეფო და რომელზეც მოვა ძე წარწყმედისა, ამბობს, რომ მხეცს გაეზრდება ათი რქა და მათ შორის აღმოცენდება მცირე რქა; და, რომ პირველი სამ რქას ათიდან, მოკლავს. ის ამბობს: "და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ. და რქათა მისთათჳს ათთა თავისა მისისა შორისთა მისსა, და ერთისა მის რქისა, მავალისა და განმჴდელისა, უპირველესი იგი სამისა, რქისა მის, რომლისანი თუალნი და პირი მეტყველი დიდსა, და ხილვა მისი უმეტეს სხვათა. და ვხედევდ და რქა იგი ყოფდა ბრძოლასა წმიდათასა, განძლიერდა მათდა მიმართ, ვიდრე არა მოვიდა ძუელი დღეთა და მსჯავრი მისცა წმიდათა მაღლისათა. და ჟამი მოიწია და მეფობა დაიპყრეს წმიდათა. და თქუა: ესე მჴეცი მეოთხე მეფობაჲ მეოთხე იყოს ქუეყანასა ზედა, რომელი ზეშთა იყოს ყოველთა მეფობათა, და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, და დათრგუნოს იგი, და დაჭრას იგი. და ათნი რქანი მისნი ათნი მეფენი აღდგენ. და შემდგომად მათსა აღდგეს სხუა, რომელი უფროს იყოს ბოროტებითა ყოველთა წინაწართასა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს, და სიტყუანი მაღლისა მიმართ თქუნეს, და წმიდანი მაღლისანი შეაცთუნნეს, და მოიგონოს ცვალება ჟამთა და შჯულისა, და მიეცეს ჴელსა შინა მისსა ვიდრე ჟამისამდე და ჟამთა და ნახევარსა ჟამისასა" (დანიელ 7:8, 20-22, 23-25).

ანუ სამი წელი და ექვსი თვე, რომლის განმავლობაში იმეფებს ის დედამიწაზე. მასზე წერს მოციქულიც თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში, სადაც აჩვენებს მისი მოსვლის მიზეზსაც და ამბობს: "და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:8-12).

უფალიც ასე ამხილებდა მისდამი ურწმუნოთ: "მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5:43); "სხვაში" იგულისხმა ანტიქრისტე, რომელიც გაუცხოებულია ღმრთისგან: ის არის უსამართლო მსაჯული, ვისზეც უფალმა ბრძანა, რომ არც ღმრთის ეშინია და არც კაცისა რცხვენია (ლუკა 18:2); ეს ის არის, ვისაც მიმართა ღმრთისგან განდგომილმა ქვრივმა დედაკაცმა, ანუ მიწიერმა იერუსალემმა, რომელიც კაცს ევედრება მტრისადმი შურისგება. ამას მოიმოქმედებს ის სწორედ თავისი მეფობის დროს, გადმოიტანს თავის სამეფოს ამ ქალაქში და დაჯდება ღმრთის ტაძარში მრავალთა საცთუნებლად, ვითომცდა ქრისტეა.

და ანგელოზიც განუმარტავდა, რომ "მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე.  განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.   მისი უღელი იქნება, როგორც ოქროს ჯაჭვი ყელზე, მზაკვრობა იქნება მის ხელთ და გაამპარტავნდება თავის გულში და თავისი მზაკვრობით დაღუპავს მრავალს..." შემდეგ მიანიშნებს მისი ტირანიის პერიოდსაც, როდესაც მრავალი წმინდანი შესწირავს ღმერთს წმიდა მსხვერპლს, ხოლო ანტიქრისტე "მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დანიელი 9:27).

შვიდეულის ნახევარი კი ნიშნავს სამ წელსა და ექვს თვეს. აქდეან ცხადდება არა მხოლოდ წვრილმანები მისი საქმეებისა და ღმრთითგანდგომისა, რომელიც აღადგენს ეშმაკისეულ საცთურს, არამედ იმისაც, რომ ერთი და იგივეა მამა-ღმერთი, რომელიც იქადაგეს წინასწარმეტყველთა და გააცხადა ქრისტემ. რადგან თუ ღმერთმა დაადასტურა დანიელის წინასწარმეტყველება აღსასრულის შესახებ, რადგან თქვა: როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველევს; ხოლო დანიელს ხილვა განუმარტა გაბრიელ მთავარანგელოზმა, რომელიც არის ქვეყნიერების შემოქმედის მთავარანგელოზი და მახარობელი, რომელმაც მარიამს ახარა ხილული მოსვლა და განკაცება მაცხოვრისა, - ცხადი ხდება, რომ ერთი და იგივეა ღმერთი, რომელმაც მოავლინა წინასწარმეტყველნი და აღგვითქვა ძე, რომელმაც მისი შემეცნებისკენ მოგვიწოდა.

რადგან, ამ სამყაროში ზოგიერთნი სარწმუნოების მიერ მიეახლებიან ნათელს და შეუერთდებიან ღმერთს, სხვანი კი განიდრიკებიან ნათლისგან და ღმერთს საკუთარი ნებით განუდგებიან, გვეცხადება სიტყვა ღვთისა და ყველას გვიმზადებს ჯეროვანს სამკვიდრებელს, - მათ, ვინც ნათელშია, ნათლის სავანეებს, რათა მარადის ნეტარებდნენ მათით და ღმრთის სიკეთეებით, ხოლო მათ, ვინც ბნელშია თავიანთ ადგილს (ჯოჯოხეთს), რათა ამ ბნელისგან ჭირვებას განიცდიდნენ. ამიტომაც ამბობს, რომ მარჯვნივ მყოფნი დაიმკვიდრებენ მამის სასუფეველს, ხოლო ვინც მარცხნივ აღმოჩნდება, წავა საუკუნო ცეცხლში, რადგან თვითონ ისურვეს მოკლებულნი ყოფილიყვნენ ყოველგვარ სიკეთეს. ამიტომაც ამბობს მოციქული: "და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:10-12). რადგან როდესაც ანტიქრისტე მოვა, საკუთარი ნებითა და მეთაურობით განაახლებს განდგომილებას, დაჯდება უფლის ტაძარში, რათა მისით ცთუნებულებმა თაყვანისცენ მას, როგორც ქრისტეს, რის გამოც სამართლიანად იქნება შთაგდებულ ცეცხლის გეჰენაში.

ამიტომაც, ღმერთი, რომელმაც ყოველივე წინასწარ უწყის თავისი ყოვლისმცოდნეობის ძალით, თავის დროზე მოავლენს ასეთ ადამიანს; ასე, რომ (ჭეშმარიტების უარმყოფელნი) დაუჯერებენ სიცრუის მოქმედს, რათა ყოველნი ცრუნი და უსამართლონი დაისაჯონ. მისი მოსვლა ასე გადმოგვცა თავის გამოცხადებაში იოანემ: "და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა? და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა. და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა..." (გამოცხ. 13:2-14).

და ეს ითქვა იმისათვის, რათა ჯადოქრობით მოქმედზე ვინმეს არ ეფიქრა, თითქოსდა იგი ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდეს უფლის ძალით; და არც უნდა გვიკვირდეს მისი ჯადოქრობა, როდესაც მას ემსახურებიან დემონები და დაცემულ ანგელოზთა სიმრავლენი, რომელთა შემწეობითაც აღასრულებს ყოველივეს და აცთუნებს მიწის მკვიდრთ.

შემდეგ იოანე ამბობს: "და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს" (გამოცხ. 13:14-18). ანუ ექვსჯერ ასი, ექვსჯერ ათი და ექვსი ერთეული, რათა აღდგეს განდგომილების სისრულე, როგორიც იყო ათასი წლის განმავლობაში. რადგან რამდენ დღეშიც არის შექმნილი ეს სამყარო, იმდენი ათასი წელი იარსებებს. ამიტომაც დაბადების წიგნი გვამცნობს: "და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა" (დაბ. 2:1,2). ეს კი მიანიშნებს იმაზე რაც ადრე იყო, რაც აღსრულდა და რაიც უნდა მოხდეს მომავალში. რადგან დღე უფლისა როგორც ათასი წელი და როგორც ექვს დღეში აღესრულა შესაქმე, ცხადია, მისი აღსასრული მეექვსე ათასწლეულს მოიწევს.

ამიტომაც, ადამიანი, რომელიც დასაბამიდანვე შექმნა ღმერთმა თავისი ხელებით, ანუ ძისა და სულიწმიდის მიერ, ხატად და მსგავსად ღმრთისა, როგორც კი განიშორებს ურწმუნოებისა და განდგომილების ღვარძლს და გაახარებს ხორბალს, ანუ რწმენას ღმრთისადმი, უფლის ბეღელში (სამოთხეში) დაბინავდება. ამიტომაც ცხოვნების გზაზე მდომთათვის აუცილებელია ჭირვება, რათა განსაცდელთა ღუმელში გამოხურვებულნი და ჭირთათმენით განწმენდილნი და გასუფთავებულნი, ღმრთის სიტყვით განმსჭვალულნი ღირსეული იქნან საუფლო ქორწილისა. ასე, ერთ-ერთი ჩვენთაგანი, ღმრთის რწმენისათვის ცხოველთა საჯიჯგნად გაწირული, ბრძანებდა: მე ვარ ხორბალი ქრისტესი და დავიფქვი მხეცთა კბილებით, რათა ღმრთის პატიოსნად პურად წარვსდგე (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი).

ყველაფერი შექმნილია ცხოვნების მოსურნე ადამიანისთვის რათა ის, რასაც გააჩნია თავისუფლება და ნებელობა უკვდავებისთვის მომწიფდეს და უკეთ მომზადდეს ღმრთის მარადიული სიყვარულისა და მორჩილებისთვის. ამიტომაც ქმნილება შეთანაწყობილია ადამიანს, რამეთუ კაცი კი არ შეიქმნა ქმნილებისთვის, არამედ ქმნილება კაცისთვის. ხოლო ხალხები, რომლებსაც მზერაც კი არ მიუმართავთ ცისკენ, არ განუდიდებიათ შემოქმედი და არ მოუსურვებიათ ეხილათ ჭეშმარიტების ნათელი, არამედ ბრმა ვირთხებივით შთაფლულნი იყვნენ უმეცრების ჭაობში, არინ ჭურჭლიდან გადმოღვრილი წვეთებივით. ისინი იმდენად არიან სასარგებლო მართალთათვის, რამდენად სასარგებლონი არიან ღეროები ხორბლისთვის, თივა დასაწველად და ოქროს დასამუშავებლად. ამიტომაც, როდესაც ეკლესია როდესაც უეცრად აღტაცებულ იქნება აქედან, იქნება, როგორც ნათქვამია, ჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან და არც მომავალში იქნება. რადგან ეს არის მართალთა უკანასკნელი ბრძოლა, რომელშიაც ისინი, გაიმარჯვებენ და უკვდავებით გვირგვინმოსილ იქნებიან.

ამიტომაც მომავალ მხეცში აღსდგება და გაერთიანდება უკეთურებისა და მზაკვარების მთელი სისრულე, რათა ღმრთისგანდგომილების მთელი ძალა, მოქცეული მასში, შთაგდებულ იქნას ცეცხლის სახმილში. თანაც მისი სახელის რიცხვი იქნება ექვსას სამოცდა ექვსი, რადგან თავის თავში აღადგენს მთელ ბოროტებას რომელიც იყო წარღვნამდე და ანგელოზთა დაცემით წარმოიშვა. რადგან ნოე ექვსასი წლის იყო, როდესაც დაიწყო წარღვნა დედამიწაზე, რათა აღხოცილიყო ნოეს დროს არსებული მიწის მკვიდრთა უკეთური კერპთაყვანისმცემლობა. ასე, რომ ანტიქრისტეც აღადგენს წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ არსებულ ცთომილებებს, აღადგენს კერპებს, მოკლავს წინასწარმეტყველებს და ცეცხლს მისცემს მართალთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპი სიმაღლეში იყო 60 წყრთა, ხოლო სიგანეში 6, რომლის გამოც ანანია, აზარია და მიქაელი შთაგდებულ იქნენ ცეცლის სახმილში. ამ განსაცდელით მათ წინასწარმეტყველურად გვაუწყეს მართალთა ცოცხლად დაწვა, რომელსაც მოიმოქმედებს ანტიქრისტე თავისი ტირანული მმართველობის პერიოდში. რადგან ეს ყოველივე იყო მტარვალის მოსვლის წინასახე  და მიუთითებდა, რომ მხოლოდ მას, ერთს უნდა სცენ თაყვანი ადამიანებმა.

მაშ ასე, ნოეს 600 წელი, როდესაც დაიწყო წარღვნა ღმრთისგან განდგომილების გამო, ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის სიმაღლისა და სიგანის ზომები წყრთაში, რომელი კერპის გამო მართალნი შთაგდებულ იქნენ ცეცხლის სახმილში, მიანიშნებს იმის რიცხვს, რომელშიაც ისევ აღდგება ათასწლოვანი განდგომილება, უსამართლობა, უკეთურება, სიცრუე და ცრუწინასწარმეტყველება, რისთვისაც დედამიწაზე ცეცხლოვანი წარღვნა მოიწევა.

იმ დროს, როდესაც ეს რიცხვი დაფიქსირებულია აპოკალიპსისის ყველა საუკეთესო და ძველ ხელნაწერებში და თვით ისინიც, ვინაც პირადად იცნობდა იოანეს, მოწმობენ ამაზე; და როდესაც გონებაც გვკარნახობს, რომ მხეცის სახელის რიცხვი, რომელიც ბერძნული იზოფსეფიით იკითხება, შეიცავს ექვსას სამოცდა ექვსს, ანუ იმდენივე ასეულს და ათეულს, რამდენ ერთეულსაც, - რადგან ციფრ ექვსის ერთნაირი განმეორება მიანიშნებს ანტიქრისტეს მიერ მთელი ღვთისგანდგომილების აღდგენას, რომელიც იყო თავიდანვე, იყო შუაში და იქნება ბოლოს, სამყაროს აღსასრულის წინ, - არ ვიცი, რატომ შეცდა ზოგიერთი და დაამახინჯა მხეცის რიცხვის შუა ნაწილი, მოაცილა მას ხუთი ათეული და მხოლოდ ათი დატოვა. ვფიქრობ, ეს გადამწერთა შეცდომით მოხდა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, რადგან ციფრები ხშირად გამოიხატებიან ასოებით და ბერძნული ასო, რომელიც გამოხადავს სამოცს, ადვილად შეიძლებოდა გადაქცეულიყო ასო იოტად (მისი ციფრობრივი შესატყვისობაა 10 - ადმ.). ზოგიერთს შეეძლო ეს მიეღო გამოუკვლეველად. ზოგიერთებმა ბრმად გამოიყენეს რიცხვი ათი, სხვებმა კი თავიანთი უგუნურებით, გამოძებნეს სახელი, რომელიც შეიცავს არასწორ და მცდარ რიცხვს. მათ, ვინაც ეს მოიმოქმედა არა წინასწარი ბოროტგანზრახვით, არამედ თავისი გონების უბრალოებით, ვფიქრობ, ღმერთი აპატიებს ამ შეცდომას; მაგრამ მათ, რომლებიც თავიანთი მედიდურობით ბედავენ მცდარი და მათ მიერ გამოგონილი სახელწოდებით განსაზღვრონ ანტიქრისტეს სახელი, საკმაო ზიანი მიადგებათ, რადგან ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და მათდამი მორწმუნეთაც.

პირველი ზიანი ის არის, რომ მათ გადაუხვიეს ჭეშმარიტებას და არარსებული მიიღეს ჭეშმარიტად, ამიტომაც ამდაგვარნი უეჭველად დაექვემდებარებიან არცთუ მცირე სასჯელს, როგორც ისინი, ვინც მიამატებს ან მოაკლებს რამეს წმიდა წერილს. გარდა ამისა, სხვა არანაკლები საშიშროება შეიძლება მიადგეს მათ, რომლებიც ანტიქრისტეს სახელის ცოდნას მიაწერენ საკუთარ თავს. რადგან, თუკი ისინი ანტიქრისტეს მიაწერენ რომელიმე სახელს, ის კი სხვა სახელით მოვა, ადვილად მოტყუვდებიან, რადგან იფიქრებენ, რომ მტარვალი ჯერ კიდევ არ მოსულა.

ამიტომაც, ასეთმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ და დაუბრუნდნენ ანტიქრისტეს სახელის ჭეშმარიტ რიცხვს, რათა ცრუწინასწარმეტყველთა რიგებში არ აღმოჩნდნენ. ხოლო მათ, ვინც იცის ნამდვილი რიცხვი, ანუ 666, უპირველეს ყოვლისა დაუშვან სამეფოს ათ ნაწილად გაყოფა, შემდეგ, როდესაც ეს მეფეები მოაწესრიგებენ თავიანთ საქმეებს და განამტკიცებენ თავიანთ სამეფოებს, მოულოდნელად მოვა ის, ვინც მიისაკუთრებს მათ სამეფოს, დააშინებს ხსენებულ მეფეებს და მას სახელის რიცხვად ექნება 666, - უწყოდენ, რომ სწორედ ეს არის ჭეშმარიტად მოოხრების სისაძაგლე. ამას ბრძანებს მოციქულიც: "ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი,, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ" (1 თესალონიკ. 5:3).

ხოლო იერემიამ გაგვიცხადა არა მარტო უეცარი გამოჩენა, არამედ ის ტომიც, საიდანაც იქნება ანტიქრისტე, როდესაც თქვა: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერემია 8:16). ამიტომაც, ეს ტომი არ არის დასახელებული ისრაელის ცხოვნებულ ტომთა შორის (გამოხ. 7:5-7).

ამიტომაც, უფრო სწორი და უსაფრთხოა ველოდოთ წინასწარმეტყველების აღსრულებას, ვიდრე ვიმკითხაოთ და ვივარაუდოთ სახელები, რამეთუ შესაძლოა ვიპოვოთ მრავალი სახელი, რომელიც შეიცავს მხეცის რიცხვს, მაგრამ მისი არ იყოს. ამიტომაც, თუკი აღმოჩნდება მრავალი სახელი, რომელიც ამ რიცხვს შეიცავს, იბადება კითხვა, რომელი მათგანი იქნება ანტიქრისტესი? და ამას მე ვამბობ არა იმიტომ, რომ არ ვუწყი თუ რომელი სახელები შეიცავენ რიცხვს ანტიქრისტესი, არამედ ჭეშმარიტებისადმი ერთგულების გამო, რამეთუ სახელი ეპანთასიც შეიცავს რიცხვს 666 და "ლათინელიც". სავარაუდოა, რომ უკანასკნელი სამეფოც იყოს ამ სახელწოდების, რადგან ამჟამად მეფობენ ლათინელნი, მე კი სულაც არ მინდა თავი ვიქო ამ მიგნებით.

ამ რიცხვს შეიცავს სახელი "ტიტანიც" და შედგება ექვსი ასოსგან, თან ძველია და ჯერ არავინ წოდებულა ამ სახელით, არც მეფენი და არც კერპნი, რომელთაც ღიად თაყვანს სცემდნენ ბერძნები და ბარბაროსები. თუმცა მრავალნი ისეთ პატივსაც კი მიაგებენ მას, რომ მზესაც კი უწოდებენ ამ სახელით, რადგან ერთგვარ მინიშნებასაც შეიცავს შურისძიებაზე. ანტიქრისტეც ხომ თავს დაჩაგრულთათვის შურისმგებლად მოიკატუნებს. გარდა ამისა ეს სახლი ძველია და შესაფერისია ტირანისთვის. ამიტომაც, დიდად სავარაუდოა, რომ ანტიქრისტეც იწოდოს ამ სახელით. თუმცა, მე მაინც ვერ გავბედავდი მეთქვა, რომ მომავალი ანტიქრისტე სამყაროს მოევლინება მაინცა და მაინც ამ სახელით, რადგან ვუწყი, საჭირო რომ ყოფილიყო მისი სახელის ცოდნა ჩვენი დროებისთვის, ამას დაუბრკოლებლივ გვამცნებდა ის, ვისაც უფლისგან გამოეცხადა ესოდენი საიდუმლონი. რამეთუ, გამოცხადება იყო არცთუ შორეულ პერიოდში, თითქმის ჩვენს საუკუნეში, დომიციანეს მეფობის მიწურულში.

ის გვაუწყებს ანტიქრისტეს სახლის რიცხვს იმისთვის, რათა ვიცოდეთ, როდესაც მოვა, ვიცნოთ თუ ვინ არის. მისი სახელი კი არ გვაუწყა, რადგან სულიწმიდისთვის უკადრისი იყო თვით წარმოთქმაც კი ამ სისაძაგლის. თანაც, რომ ეუწყებინათ ჩვენთვის მისი სახელი, შესაძლოა კიდეც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩენილიყო. ამჯერად კი, "იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა" (გამოცხ. 17:8), და თითქოსდა არც კი უარსებიაო, მისი სახელი არ გვაუწყა.

როდესაც ანტიქრისტე მოაოხრებს ყოველივეს ამ სამყაროში, იმეფებს სამი წელი და ექვსი თვე და დაჯდება იერუსალიმის ტაძარში, მაშინ მოვა უფალი ციდან, ღრუბლებზე ამხედრებული, მამის დიდებითა და ბრწყინვალებით, და ჩააგდებს მტარვალსა და მის მიმდევართ ცეცხლის ტბასა და გეჰენაში, ხოლო მართალთ უბოძებს უხრწნელ სუფევას, ნეტარებასა და აღთქმას, რომელიც მისცა აბრაამს და აღსრულდება მისი ნათქვამი: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11)