|
მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება ანტიქრისტეს შესახებ
ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები
შინაარსი
სიტყვა "ანტიქრისტე" შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან - "ანტი" (საწინააღმდეგო) და "ქრისტე". ბუკვალური თარგმნით "ანტიქრისტე" ნიშნავს ქრისტეს მოწინააღმდეგეს.
როგორც მაცხოვრის სახელ "იესუს"- ს, ასევე "ანტიქრისტეს", წმ. წერილის მიხედვით, გააჩნიათ ზოგადი და კერძო მნიშვნელობა. ზოგადი მნიშვნელობით, სახელი იესუ ერქვა მრავალ ძველაღთქმისეულ წმინდანს: იესუ ნავეს ძეს, იესუ ზირაქის ძეს, და სხვა. კერძო მნიშვნელობით კი, წმიდა სახელი "იესუ" განეკუთვნება მხოლოდ ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესუ ქრისტეს. მთავარანგელოზი გაბრიელი ასე ეუბნება ყოვლადწმიდა ქალწულს: "და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ (ლუკა 1:31)."
გამოთქმა ანუ სიტყვა "ქრისტე", ასევე ორგვარი აზრით უნდა გავიგოთ. ზოგადი აზრით, ბერძნული სიტყვა "ქრისტე", საერთოდ, ნიშნავს ღმრთის ცხებულს. ქრისტეებად ძველ აღთქმაში იწოდებოდნენ ებრაელი მეფეები, რომელთაგან პირველი იყო საული. " უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი" (1 მეფ. 24:7; შეად. 26:16). მეფეთა მეორე წიგნში მეფე დავითი ასე მიმართავს საულის მკვლელს: "უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?" (2 მეფ. 1:14). "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს" (ფსალმ. 104:15; შეად. ფსალმ. 83:10), ბრძანებს სულიწმიდა ფსალმუნთმგალობელის პირით.
განსაკუთრებული, კერძო აზრით, სახელი ქრისტე ეკუთვნის ჩვენს მაცხოვარს, ღმრთის ცხებულსა და ღმერთს: "გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს" (ფსალმ. 44:8). "ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან" (ფსალმ. 2:2; შეად. 83:10). "როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს" (ფსალმ. 88:52; შეად. ესაია 61:1; ლუკა 4:18).
ამგვარად, ზოგადი აზრით, ანტიქრისტეები შეიძლება ვუწოდოთ ქრისტეანთა ყველა მადევარი და მტანჯველი, რომლებიც მრავლად იყვნენ ქრისტეანობის პირველ პერიოდში (მაგალითად: ტიბერიუსი, ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, ადრიანე, ჰელიოჰაბალი, მაქსიმიანე, დიოკლეტიანე, ივლიანე განდგომილი და მრავალი სხვა). მათვე განვაკუთვნებთ მრავალრიცხოვან მწვალებლობათა დამფუძნებლებსა და სქიზმათა მოქმედთ თავიანთი მიმდევრებითურთ, როგორებიც იყვნენ: სიმონ მოგვი, არიოზი, მაკედონიუსი, ნესტორი, საველიუსი, აპოლინარი და სხვები. ყველა ისინი არიან ანტიქრისტეები, რამეთუ მათგან _ ერთნი დევნიდნენ და ავიწროებდნენ ქრისტეანთ, სხვები ამახინჯებდნენ ქრისტეანულ სწავლებებს საკუთარი გამონაგონით, თესავდნენ ღვარძლსა და განხეთქილებას მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სწორედ ამდაგვარ ანტიქრისტეებზე ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად" (1 იოანე 4:1-3). და კიდევ: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (2 იოანე 1:18, 19).
გამოთქმით _ "ჩვენგან გამოვიდნენ" მოციქული მიუთითებს იმგვარ ანტიქრისტეებზე, რომლებიც სხვადასხვა ცდომილებათა გამო ქრისტეანულ ეკლესიას განშორდნენ. წინამდებარე მიმოხილვაში ჩვენ გვსურს ვილაპარაკოთ იმ ანტიქრისტეზე, რომელიც გამოჩნდება სამყაროს აღსასრულის წინ. ქრისტეანობის ყველა მტერი მხოლოდ წინამორბედია ქრისტეს ამ დაუძინებელი და უსასტიკესი მტრისა. "გამოჩნდება ურჯულოების კაცი, _ წერს წმიდა მოციქული პავლე, _ წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2-4).
ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები
თავის მაცხოვნებელ ვნებამდე და ჯვარზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მოციქულებმა მაცხოვარს ჰკითხეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" (მათე 24:3). მან უპასუა: "ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36). "და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:37-39).
მაცხოვრის ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ მისი მეორედ მოსვლის ზუსტი დრო არავინ იცის და ვერც შეიტყობს. ეს არის საიდუმლო, რომლის გამოძიება და გამოკვლევა შეუძლებელია! თუმცა, თავისი მეორედ მოსვლის ჟამის დაფარვისა მაცხოვარმა სრულ უცნობლობაში როდი დაგვტოვა და მოგვცა საკმაოდ მკაფიო ნიშნები სამყაროს აღსასრულისა და მისი ბრწყინვალებით მოსვლისა: "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია... და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24: 6-8, 14).
ჩვენ არ შევეხებით ზოგად ნიშნებს, მაგარამ მივუთითებთ რამოდენიმე კერძო ნიშანზე, რომლებიც უშუალოდ მსოფლიოში ანტიქრისტეს გამოჩენას შეეხება. მოხერხებულობისთვის, ქრისტეს მოწინააღმდეგის გამოჩენა დავყავით სამ კატეგორიად: 1) ნიშნები, რომლებიც წინ უსწრებს ანტიქრისტეს გამოჩენას, 2) თანმდევი ნიშნები და 3) შემდგომი მოვლენები.
I. ნიშნები, რომლებიც წინ უსწრებს ანტიქრისტეს გამოჩენას:
1. რომის ძალაუფლების დაცემა;
2. სახარების საყოველთაო ქადაგება.
II. თანმდევი ნიშნები:
1. ძველაღთქმისეულ მართალთა, წინასწარმეტყველ ილიასა და ენოქის გამოჩენა და მათი მოკვდინება ანტიქრისტეს მიერ;
2. ებრაელთა მიერ ანტიქრისტეს მესიად (მაშიაყად) გამოცხადება;
3. ანიქრისტეს ცრუ ნიშნები;
4. ქრისტეს აღმსარებელთა სასტიკი დევნულება;
5. ანტიქრისტეს მიერ იერუსალემის ტაძარში საყდრის დადგმა;
6. ანტიქრისტეს სახელის გამოსახვა;
7. ანტიქრისტეს მეფობის ხანგრძლივობა და დასასრული.
III. შემდგომი მოვლენები: საშინელი სამსჯავრო და სამყაროს აღსასრული:
ა) მზისა და მთვარის უჩვეულო დაბნელება;
ბ) ვარსკვლავთცვენა;
გ) ზეციურ ძალთა შერყევა;
დ) სამყაროსა და ქმნილების განახლება და განწმენდა ცეცხლით
ე) მიცვალებულთა აღდგომა.
თავი I რომის ძალაუფლების დაცემა
თესალონიკელები, რომლებიც ქრისტეს რწმენის გამო გამუდმებულ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ, ჯერ კიდევ მოციქულთა სიცოცხლეში მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ბოლო ჟამია და, რომ მალე მოვა ანტიქრისტე, რომლის შემდეგ დადგება სამყაროს აღსასრული.
თესალონიკელთა ეკლესიის დამფუძნებელმა, მოციქულმა პავლემ, როგორც კი შეიტყო იმ უწესივრობათა და უთანხმოებათა შესახებ, რაც სამყაროს აღსასრულის მოლოდინმა თესალონიკელთა შორის გამოიწვია, მათ სარწმუნოებრივი სიმტკიცისა და სულიერი ურყევობისაკენ მოუწოდა. "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 1-3).
"ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" - რომელ განდგომილებაზეა აქ ლაპარაკი, რომელიც ურჯულოების კაცის (ანტიქრისტს) მოსვლამდე უნდა დადგეს? ერთნი ფიქრობენ, რომ მოციქული აქ გულისხმობს მწვალებელთა და სხვა უსჯულოთა განდგომაზე ქრისტეანული სწავლებისგან. სხვები ამტკიცებენ, რომ მითითებულ სიტყვებში ლაპარაკია რომის ეკლესიის განდგომაზე აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან. შეიძლება თუ არა გავიზიაროთ ასეთი განმარტება? - ცხადია არა! ქრისტეანული სარწმუნოებისგან განდგომა ჯერ კიდევ მოციქულთა ცხოვრებაშივე დაიწყო; მათ დროსვე აღმოცენდა მრავალი უსჯულო სწავლება "ისინი ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ ჩვენთაგანნი არ ყოფილან", ბრძანებს ერთგან ამ განდგომილებზე მოციქული იოანე. ხოლო თუ იმას ვიფიქრებთ, რომ მოციქული აქ წინასწარმეტყველებს რომის ეკლესიის საყოველთაო, მართლმადიდებლური ეკლესიისგან განდგომაზე, რომელიც თითქოსდა უნდა უსწრებდეს სამყაროს აღსასრულს, მაშინ სამყარო დღემდე როგორ დგას?
მოციქულთა სიტყვების ჭეშმარიტ განმარტებას გვაძლევს წმ. იოანე ოქროპირი. თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტებაში ის ბრძანებს: "როდესაც დასრულდება რომაელთა ბატონობა, მოვა ანტიქრისტე. და სამართლიანადაც. რადგან მანამ, სანამ ყველას ეს სახელმწიფო აფრთხობს, ანტიქრისტეს ვინ დაემორჩილება? მაგრამ იმის შემდეგ, რაც ის დაინგრევა, დაისადგურებს ქაოსი და განუკითხაობა და ისიც (ანუ ანტიქრისტეც) შეეცდება მიიტაცოს როგორც კაცობრივი, ასევე ღვთიური ძალაუფლება. ზუსტად ასე ირღვეოდნენ ადრინდელი სახელმწიფოებიც: მიდიური - ბაბილოვნელთა მიერ, ბაბილოვნელთა - სპარსთა მიერ; სპარსთა - მაკედონიანელთა მიერ; მაკედონიანელთა კი რომაელთა მიერ. ასე იქნება ეს ამ ბოლო იმპერიის მიმართაც, რომელსაც გააპარტახებს და გაანადგურებს ანტიქრისტე, რომელსაც დაამარცხებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე" (მეოთხე ჰომილია თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქულის მე-2 ეპისტოლეზე).
ოქროპირის თანახმად განმარტავენ: წმ. კირილე იერუსალიმელი, თეოდორიტე, ამბროსი მედიოლანელი და სხვები.
იქნებ ვინმემ იკითხოს: რატომ პირდაპირ არ მიუთითა მოციქულმა რომის სახელმწიფოს დაცემა? - ამგვარ კითხვას, იმავე ჰომილიაში ასე პასუხობს წმ. იოანე ოქროპირი: "რადგან მოციქული რომის სახელმწიფოს დაცემაზე ლაპარაკობს, აშკარაა და ნათელი, მას მხოლოდ მინიშნებებითა და შეფარვით უნდა ელაპარაკა, რადგან არ სურდა უაზრო ხიფათი დაეტეხა საკუთარ თავზე და ქრისტეანებზე; პირდაპირ და დაუფარავად რომ ეთქვა "რომის სახელმწიფო უახლოეს დროში დაირღვევაო" მას, როგორც მშფოთვარების ამტეხს უეჭველად დააპატიმრებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ; გარდა ამისა, დაიწყებდნენ სხვა ქრისტეანთა დევნასაც. ამიტომაც მოციქულმა არ გამოიყენა ამგვარი გამოთქმა, არც ის უთქვამს, რომ ეს მალე მოხდება, თუმცა სხვადასხვა მინიშნებით ამას საკმაოდ ხშირად ამბობს: "საიდუმლო უსჯულოებისა უკვე მოქმედებს".
წმ. იოანე ოქროპირის განმარტება ეფუძნება დანიელისა (თ. 2 და 7) და აპოკალიფსისის წინასწარმეტყველებას (თ. 17). დანიელის წიგნში წინასწარმეტყველის პირით თვით სულიწმიდა ბრძანებს იმ ოთხ სამეფოზე, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით იარსებებენ სამყაროს აღსასრულამდე. სამეფოთა (იმპერიათა) ცვალებადობა გამოიხატება კერპით, რომელსაც აქვს ოქროს თავი, ვერცხლის მკერდი და ხელები, მუცელი და თეძოები სპილენძისა, წვივები - ნაწილობრივ რკინისა, ნაწილობრივ კი თიხისა. ეს კერპი აღნიშნავს ოთხ სამეფოს: ასირიელთა, სპარსელთა, ბერძენთა და რომაელთა. კერპს ორი განსხვავებული ნივთიერებისგან შემდგარი წვივები ჰქონდა, რაც რომის სამეფოზე მიანიშნებს, რომელიც გაიყო ორ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. რომის იმპერიის აღმოსავლეთმა ნაწილმა, რომელიც თურქებმა 1453 წელს დაიპყრეს, დაკარგა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა; დასავლეთი ნაწილი კი ანტიქრისტეს მოსვლამდე დარჩება. აი როგორ აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი ოთხი იმპერიის აღმოცენებასა და დაცემას: "აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება" (დანიელი 2:31-44).
უფრო ზუსტ განმარტებას ვხვდებით თვით დანიელ წინასწარმეტყველების ცხოვრებაში: " მეფეო, ნაბუქოდონოსორ შენა ხარ ის ოქროს თავი. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი _ ვერცხლისა. მკერდი და ორი ხელი ორ ხალხს - სპარსებსა და მიდიელებს ნიშნავს. შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს. ანუ აღსდგება იმ დროს ვინმე, რომელიც სპილენძით შეიმოსება და ეს იქნება ალექსანდრე მაკედონელი. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს. ორი წვივი მის ორ ნაწილზე მიანიშნებს: აღმოსავლეთსა და დასავლეთზე ანუ ბერძნებსა და რომაელებზე. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ – რკინისა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის სამეფოც მრავალ მცირე სახელმწოფოებად დაიყოფა. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე. ლოდი, მთას რომ ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო, ქრისტეს, ღმრთის ძეს მოასწავებს, რომელიც უთესლოდ იშვება ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება".
ამრიგად, წმიდა წერილის მოწმობითა და იოანე ოქროპირის განმარტებით, ანტიქრისტე მოვა მხოლოდ რომის იმპერიის (ანუ სახელმწიფოს) სრული დაცემის შემდეგ.
თავი II სახარების საყოველთაო ქადაგება
იესუ ქრისტემ თავის მოწაფეთა შეკითხვაზე თუ რა იქნება ნიშანი მისი დიდებით, მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულისა, უპასუხა: "ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:3-14).
მაშ ასე, ანტიქრისტე მსოფლიოში შემოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც სახარების ქადაგება მთელს დედამიწას გადასწვდება, _ როდესაც ყველა ტომი და ხალხი ქრისტეანული სწავლების ნათლით განათლდება. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "იესუ ქრისტე მოვა ღმრთის წინააღმდგომ იუდეველთა სამხილებლად იმის შემდეგ, რაც ყველა ხალხში ნაქადაგები იქნება სახარება" ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი IV, თ. 7).
ქრისტეანობის საყოველთაო გავრცელებაზე მოწმობს დავით ფსალმუნთმგალობელიც: "ყველა ხალხი დაემორჩილება" (ფსალმ. 71:11). ან კიდევ: "ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს" (ფსალმ. 85:9). და კვლავაც: "მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად" (ფსალმ. 2:8). წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ მან იხილა: "აღბეჭდილთა რიცხვი... ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან... და ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან" (გამოცხ. 7:4-9).
ყველამ იცის, რომ დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში არიან ისეთი ტომები და ხალხები, რომლებსაც ჯერაც არ სმენიათ სახარება და წარმოდგენაც არა აქვთ ქრისტეანულ რელიგიაზე. გავა მრავალი წელი და საუკუნე, სანამ ყველა ხალხი არ მიიღებს ქრისტეს რწმენას და ქრისტეს ნათლით არ განათლდება.
შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ მოციქულებმა უკვე უქადაგეს სახარება ყველა ხალხებს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: "მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ" (რომ. 10:18; შეად. ფსალმ. 18:5). მას ვუპასუხებთ: 1) უფალმა იესუ ქრისტემ, რომელმაც უწინასწარმეტყველა თავის მოწაფეებს სახარების საყოველთაო ქადაგება ("იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად") და დაამატა, რომ "მაშინ მოიწევა დასასრული". წმ. მოციქულთა დროებიდან 20 საუკუნე გავიდა, მაგრამ, სამყარო, ღმრთის წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს. მაშასადამე, უფალი მოციქულთა ქადაგებას კი არ გულისხმობდა, არამედ რომელიღაც სხვას, საბოლოოს, რომლის დამთავრების შემდეგ მოიწევა დასასრული. 2) ქრისტეან მეცნიერთა და მკვლევართა მიერ უზუსტესად არის დადგენილი მოციქულთა სამოღვაწეო ადგილები. ისინი ქადაგებდნენ ძველ სამყაროში, ხოლო ახლის შესახებ, რომელიც XV საუკუნიდან (1492 წლიდან) აღმოაჩინეს, არა თუ არაფერი უწყოდნენ, არამედ არც კი ვარაუდობდნენ. ამიტომაც, მოციქულთა ქადაგებამ მთელი ქვეყანა შემოიარა არა მათი უშუალო მონაწილეობით, არამედ მით სწორედ, რომ "დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდემდე უწია მათმა სიტყვამ".
თავი III ძველაღთქმისეულ მართალთა - ილიასა და ენოქის მოვლინება და მათი მოკვლა ანტიქრისტეს მიერ
წმიდა წერილის მრავალ ადგილას მოიპოვება მითითება იმაზე, რომ ანტიქრისტეს მეფობის დროს უფალი სამყაროში მოავლენს წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელსა და მართალ ენოქს.
1) მალაქიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის" (მალაქია 4:5, 6).
2) იესუ ზირაქის წიგნში: ა) ენოქის შესახებ: "ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა" (ზირაქის სიბრძნე 44:15); ბ) ილიას შესახებ: " შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს; ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე" (ზირაქი 48:9, 10).
3) მათეს სახარებაში: "ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს" (მათე 17:11).
4) აპოკალიფსისში, იდუმალთმხილველი დეტალურად აღწერს ილიასა და ენოქის ღვაწლსა და მოწამეობას, ასევე მათ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას: "მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს" (გამოცხ. 11:3-13).
ზემოთდამოწმებული წმიდა სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ა) ილია და ენოქი შემოსილი იქნებიან ძაძით; ბ) იწინასწარმეტყველებენ და იქადაგებენ ათას ორას სამოცი დღე; გ) მიეცემათ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, წყალი აქციონ სისხლად და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა; დ) ათას ორას სამოცი დღის, ანუ თავიანთი მსახურების აღსრულების შემდეგ, ისინი შეებრძოლებიან ანტიქრისტეს, რომელიც "შემუსრავს და მოაკვდინებს მათ"; ე) მათი გვამები დაუმარხავად ეყრება იერუსალემის მოედანზე სამდღენახევრის განმავლობაში, რომლის შემდეგაც ვ) ყველას დასაანახად აღსდგებიან მკვდრეთით და თავიანთი მტრების თვალწინ ღრუბლით ავლენ ზეცად; და ბოლოს ზ) იმავე საათს მოხდება საშინელი მიწისძვრა, რომლის გამო ქალაქის მეათედი დაიქცევა.
ილიასა და ენოქის მოსვლაზე წმ. იოანე დამასკელი ასე ბრძანებს: "ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან" (ღირ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი IV, თ. 27).
თავი IV ანტიქრისტეს დაბადება და ებრაელთა მიერ მისი მესიად აღიარება
სხვადასხვაგვარად განმარტავენ ანტიქრისტეს დაბადებას. ერთნი ამტკიცებენ, რომ ის ქალწულისგან იშვება სატანის შეწევნით, რაც მიუღებელია. რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ნათელს ბნელთან, ქრისტეს ბელიართან? ვინ მიემსგავსება უფალს? სხვები კი ამბობენ, რომ ანტიქრისტე დაიბადება ეშმაკის მიერ შებილწული დედაკაცისგან. მაგრამ არც ეს მტკიცებულებაა სარწმუნო! როგორ შეუძლია ეშმაკს, სულიერ არსებას შეეყოს დედაკაცს და როგორ მიიღებს თესლს ხორციელი უხორცოსგან? _ ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტე, თავისი ბუნებით, იქნება ნამდვილი ეშმაკი და, რომ მისი სხეული მხოლოდ მოჩვენებითად მიიღებს სახეს კაცისას. ამ შეხედულების მიმდევარნი უარყოფენ წმ. მოციქულ პავლეს, რომელიც აშკარად უწოდებს ანტიქრისტეს "ურჯულოების კაცს, ძეს წარწყმედისა" (2 თესალონიკ. 2:3).
ყველაზე სანდო და სხვებზე უფრო მისაღები განმარტებით, ანტიქრისტე იქნება ნამდვილი ადამიანი, მამაკაცი, რომელიც დაიბადება შებილწული ქალისა და კაცის უსჯულო შერევისგან. საპირისპიროდ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა, რომელმაც უბიწოდ შობა მაცხოვარი. ამასთან დაკავშირებით ღირ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუ მოხდება ეს!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი. ამრიგად, როგორც ვთქვით, სიძვისგან იშვება იგი, აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უფრო კი ტირანობის დასაწყისში სამართლიანობას იპირფერებს იგი, ხოლო როცა მპყრობელი გახდება, განდევნის ღვთის ეკლესიას და გამოაჩენს მთელ თავის უკეთურებას" (ღირ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი IV, თ. 27).
ზოგიერთი წმიდა მამა და ეკლესიის მოძღვარი (მაგ.: ამბროსი მედიოლანელი, თეოდორიტე, იპოლიტე რომაელი და სხვები) განმარტავენ, რომ ანტიქრისტე გამოვა დანის ტომიდან. ამაზე მითითებას ისინი ხედავენ: ა) დაბადების წიგნში, სადაც პატრიარქი იაკობი თავის შვილს, დანს ეუბნება: "გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი" (დაბ. 49:17) და ბ) წინასწარმეტყველ იერემიასთან: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერემია 8:16).
მსგავსადვე მოწმობს აპოკალიფსისიც: ანგელოზი ხედავს ისრაელის ყველა ტომიდან აღბეჭდულებს გარდა დანისა, რადგან ის, როგორც ანტიქრისტეს მშობელი, არ არის ჩაწერილი ღვთის რჩეულთა შორის (იხ. გამოცხ. თ. 7).
განსაზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ ანტიქრისტე მსოფლიოს გამოეცხადება. როგორც იესუ ქრისტე პირველად იუდეველთ მოევლინა, ასევე ანტიქრისტეც, წარმოშობით წინადაუცვეთელი იუდეველი, ჯერ ებრაელებთან მოვა, შემდეგ კი სხვა ხალხებს გამოეცხადება. ქრისტეს უარმყოფელი ებრაელები სიხარულით მიიღებენ ანტიქრისტეს, როგორც თავიანთ მესიას. საკუთარ ურწმუნოებასა და ცდომილებაში გახევებულ იუდეველთ თვით უფალი ეუბნება: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). იგივეს ვხედავთ მოციქულ პავლესთან: "ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:10-12).
წმიდა წერილის ამ სიტყვების თანხმიერად განმარტავენ წმიდა მამებიც: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე დამასკელი, რომელიც ამბობს: "იუდეველები, რომლებმაც არ მიიღეს უფალი იესო ქრისტე ღვთის ძედ და ღმერთად, მიიღებენ იმას, ვინც მაცდურია და ვინც იტყვის თავის თავს ღმერთად" (ღირ. იოანე დამასკელი. იქვე).
თავი V ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები
ანტიქრისტეს ცრუსასწაულები ნახსენებია მათეს სახარებაში: "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24; შეად. მარკ. 13:22). მრავლობითი სიტყვა "მოახდენენ" იმაზე მიუთითებს, რომ ცრუსასწაულებს მოიმოქმედებს არა მარტო ანტიქრისტე, არამედ მისი მიმდევრებიც.
უფლის რჩეული ჭურჭელი, წმიდა მოციქული პავლე, ამბობს: "ყოველი ძალით, ნიშებითა და ცრუსასწაულებით, ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს ძლიერად და ყოველს, ვისაც კი შეძლებს შაცდუნებს, თუმცა არაფერს იქმს ჭეშმარიტად" (ჰომილია მე-4). "და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:13, 14; შეად. 16:14; 19:10; მათე 24:24).
აპოკალიფსისი უთითებს სასწაულთმოქმედების სამ სახეს: 1) მრავალთა საცდუნებლად ანტიქრისტე ციდან ცეცხლსაც კი გადმოიყვანს. წმ. ანდრია კესარიელი ამბობს: "არ არის გასაკვირი, რომ ცდუნებულნი ციდან გარდამომავალ ცეცხლს იხილავენ. ჩვენ ვიცით, რომ უფლის დაშვებითა და სატანის მოქმედებით, ციდან გარდამოხდა ცეცხლი და დასწვა იობის სახლი" (ჰომილია XIII აპოკალიფსისზე). 2) ცრუწინასწარმეტყველისა და მოგვის ეშმაკობით, მოხდება ისე, რომ უწმინდური სული შევა მხეცის გამოსახულებაში და აალაპარაკებს.
ანდრია კესარიელი ბრძანებს: "ამბობენ, რომ დემონები არცთუ იშვიათად ქანდაკებათა და გამოსახულებათა, წყლისა და ხეების, თვით აპოლოსის ქანდაკების მეშვეობითაც ელაპარაკებოდნენ მოგვებს. ვფიქრობ, მიცვალებულთა გვამებსაც აალაპარაკებს, როგორც ეს ქნა სიმონ მოგვმა მოციქულ პეტრესთან დავის დროს და რომაელთა წინაშე "გააცოცხლა" მიცვალებული. მოციქულმა ამხილა იგი, როდესაც აჩვენა თუ როგორ აღსდგებიან მიცვალებულნი, რომელიც თვითონვე აღადგინა" (იქვე). 3) ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს მკვდრად და შემდეგ "აღსდგება". _ ამ და სხვა მრავალგვარი სასწაულებით ის გააკვირვებს მთელს მსოფლიოს!"
თავი VI ღვთის სჯულის დაკნინება ანტიქრისტეს მიერ; ქრისტეს აღმსარებელთა დევნა და წამება
ანტიქრისტე იქნება ქრისტეს დაუძინებელი მტერი. ის დაგმობს ქრისტეს სწავლებასაც და სასწაულებსაც. შეეცდება დაარღვიოს საღვთო სჯული, უარყოს ნათლობა, მირონცხება, ზიარება და სხვა საეკლესიო საიდუმლონი. წმ. მოწამე იპოლიტე რომაელი თავის სიტყვაში სამყაროს აღსასრულის შესახებ ბრძანებს, რომ "ანტიქრისტეს დროს შეწყდება ღმრთისადმი უსისხლო მსხვერპლშეწირვა; ღმრთის ეკლესიებს დაარბევენ და ავაზაკთა ბუნაგებად და ბოსლებად გადააკეთებენ. არ იქნება ფსალმუნება, რადგან დაირღვევა ყოველი წეს-განგება, ყოველი საეკლესიო კეთილწყობილება მოიშლება". წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: "როდესაც ის მოვა, კარგს არაფერს იტყვის, არამედ ყოველივეს უსჯულოსა და უკანონოს იტყვის" (ჰომილია მე-4). "თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს. არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება" (დანიელი 11:36, 37).
ანტიქრისტე წინადაცვეთისა და შაბათის საყოველთაოდ დაცვის განკარგულებას გასცემს. იუდეველთა მიერ მესიად აღიარებული თვითონაც მიიღებს ყოველივე იუდეველურს; როგორც იუდეველთ არა სწამთ იესუ ქრისტესი, ღმრთის ძისა, ასევე მათი მესიაც, _ ანტიქრისტეც, დაგმობს და შეიძულებს მას.
"ვინ არის ცრუ, _ ბრძანებს წმ. იოანე მახარობელი, _ გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს" (1 იოანე 2:22, 23). თუკი ანტიქრისტეს წინამორბედნი _ ნერონი, არიოზი და სხვები უარყოფდნენ ღმრთის ძეს და დევნიდნენ ქრისტეანთ, მითუმეტეს დააკნინებს უფლის ღირსებას უსჯულოების კაცი, რომელიც აღმართავს ბრძოლას ქრისტეანთა წინააღმდეგ. ანტიქრისტეს ამ მოქმედებას დეტალურად აღწერს აპოკალიფსისი:
"მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოც. 13:5-7). იგივეს ბრძანებს წინასწარმეტყველი დანიელიც: "უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დანიელი 7:25). "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4).
საკუთარ თავს ღმერთად რომ გამოაცხადებს, თავადაც ეყოლება ღმერთად ეშმაკი, როგორც წმიდა დანიელ წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლიი, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს" (დანიელი 11:38).
თავი VII ანტიქრისტეს მიერ იერუსალემის ტაძარში საყდრის დადგმა
ენოქი და ილია იერუსალემში შეებრძოლებიან ანტიქრისტეს. "ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:5). _ ამ სიტყვებიდან ნათლად ვხედავთ, რომ ანტიქრისტეს იუდეველები მიიღებენ როგორც მესიას, მიიჩნევენ მას მიწიერ მეფედ, რომელიც თავის საყდარს დაიდგამს სულიერ სოდომში, ანუ იერუსალემში. მოციქულის მოწმობით, ის განაახლებს იერუსალემის ეკლესიას და "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). წმიდა მამები კვიპრიანე კართაგენელი, კირილე იერუსალიმელი, იპოლიტე რომაელი და იოანე ოქროპირი "ღმრთის ტაძრად" და წმიდა ადგილად მიიჩნევენ სოლომონის ტაძარს. წმ. იოანე დამასკელი შენიშნავს, რომ ""ტაძარი ღვთისა" არის არა ჩვენი, არამედ ძველი, იუდაური, რადგან ჩვენთან კი არ მოვა იგი, არამედ იუდეველებთან, არა ქრისტეს გამო, არამედ ქრისტეს და ქრისტესეულთა წინააღმდეგ. ამიტომაც ითქმის იგი ანტიქრისტედ" (ღირ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი IV. ანტიქრისტეს შესახებ). წმ. ანდრია კესარიელი ბრძანებს, რომ "თავის სამეფოს დააფუძნებს იგი იერუსალემში, დავითის მსგავსად, რომლის ძეც, ხორციელად, იყო ქრისტე (შეად. მათე 1:1), ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ასე გააკეთებს იმისთვის, რათა ყველა დაარწმუნოს, რომ ის არის ქრისტე, რომელზეც სრულდება წინასწარმეტყველის სიტყვები: "მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო" (ამოს. 9:11).
ანტიქტრისტეს ტახტზე ლაპარაკობდა უფალიც: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" (მათე 24:15 შეად. მარკოზი 13:14; ლუკა 21:20; დანიელი 9:27; 12:11). წმიდა მამათაგან ზოგიერთი, მაგალითად, იპოლიტე და ნეტ. იერონიმე "მოოხრების სისაძაგლეში" გულისხმობენ თვით ანტიქრისტეს; თეოფილაქტე ბულგარელის, ეფრემ ასურელის და ამბროსი მედიოლანელის აზრით, მაცხოვარი აქ ლაპარაკობს იერუსალემის მოოხრებაზე ვესპასიანეს მიერ. ხოლო წმიდა იოანე ოქროპირი "მოოხრების სისაძაგლეს" უწოდებს ზევსის კერპს, რომელიც დამპყრობლებმა დადგეს სოლომონის ტაძარში. ეს კერპი, მისი აზრით, იყო ანტიქრისტეს წინასახე, რომელიც აღსაყდრდება იერუსალემის ეკლესიაში.
არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ანტიქრისტეს ტახტი იქნება ძველ რომში, რომელიც მორწყულია ქრისტეანთა სისხლით და აპოკალიპსისში გამოსახულია მეძავი დედაკაცის სახით: "ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე" (გამოცხ. 17:3, 9).
თავი VIII ანტიქრისტეს სახელის გამოსახულება
ანტიქრისტეს უამრავ სახელწოდებას ანიჭებენ. წმიდა წერილში ის იწოდება "უსჯულოების ძედ, შვილად წარწყმედისა, უსჯულოდ, ცრუწინასწარმეტყველად, ცრუქრისტედ, მოოხრების სისაძაგლედ, მხეცად, სატანად და ა. შ." ეს ზოგადი სახელწოდებებია; მათით შეიძლება იწოდონ ანტიქრისტეს წინამორბედებიც. "ძედ წარწყმედისა" და "უსჯულოების მოქმედად" შეიძლება იწოდოს ნებისმიერი მოუნანიებელი ცოდვილი.
წინამდებარე თავში გვსურს განვიხილოთ ის სახელწოდებები, რომლებიც თვისობრივი და ჯეროვანია ჭეშმარიტი ანტიქრისტესთვის. წმ. იოანე ღვთისმეტყველი ანტიქრისტეს ამ სახელწოდების შესახებ ბრძანებს: "აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:8).
მრავალი ცდილობდა ამ საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ ყველა მათგანი წარუმატებლად დამთავრდა. კომენტატორთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ანტიქრისტეს სახელი ბერძნული იქნება, რადგან აპოკალიფსისი თავიდანვე დაწერილი იყო ბერძნულ ენაზე. ამიტომაც, უნდა გვიკვირდეს ზოგიერთი უმეცარი კომენტატორისა, რომელიც სლავურ და სხვა ენებში ეძიებს სახელწოდებებს, რომელიც რიცხვ 666-ის შესატყვისი იქნებოდა.
ბერძენი მწერლები გვაძლევენ ანტიქრისტეს შემდეგ სახელწოდებებს: (ბერძნული ასოების გვერდით მოთავსებულია მათი რიცხობრივი შესატყვისობა ბერძნულ ანბანში)
ΛΑΤΕΙΝΟΣ ("ლატინოს" - რომაელი)
Λ – 30
Α – 1
Τ – 300
Ε – 5
Ι – 10
Ν – 50
Ο – 70
Σ – 200
666
ΤΕΙΤΑΝ (მზე)
Τ - 300
Ε - 5
Ι - 10
Τ - 300
Α - 1
Ν – 50
666
ΛΑΜΠΕΤΙΣ (ბრწყინვალე, ნათელი)
Λ - 30
Α - 1
Μ - 40
Π - 80
Ε - 5
Τ - 300
Ι - 10
Σ – 200
666
ზუსტად ასევე გამოდის რიცხვი 666 შემდეგი სახელების იზოფსებიებით (ბერძნული ალფავიტის რიცხვითი შესატყვისობებით): Ο ΝΙΚΗΤΗΣ (მძლეველი), ΚΑΚΟΣ ΟΔΗΓΟΣ (ბოროტი ბელადი), ΑΛΗΘΗΣ ΒΛΑΒΕΡΟΣ (ჭეშმარიტად მავნე), ΑΜΝΟΣ ΑΔΙΚΟΣ (უსამართლო კრავი), ΜΑΟΜΕΤΙΣ (მუჰამედი), ΑΝΤΕΜΟΣ (მოწინააღმდეგე), ΣΑΞΟΝΕΙΟΣ (საქსონელი), ΒΕΝΕΔΙΚΤΟΣ (კურთხეული).
მრავალი ფიქრობს, რომ რიცხვით 666 მიანიშნებს არა ანტიქრისტეს სახელს, არამედ მისი მოსვლისა და სიკვდილის დროს. ისეც განმარტავენ, რომ მხეცის რიცხვით აღინიშნება ეშმაკის სამმაგი ცოდვა, რომელიც ანტიქრისტეში განხორციელდება. რადგან რიცხვი ექვსი არის გონიერი ქმნილების რიცხვი, რომელიც შთავარდა ცოდვაში და განვარდა მშვიდობისა და ნეტარებისგან, რომელიც რიცხვ 7-ში მოიაზრება ("აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა" (დაბ. 2:3).
არსებობს სხვა მრავალი განმარტება და ვარაუდი ანტიქრისტეს სახელთან დაკავშირებით. არ შევეხებით რა მათ, ვიტყვით მხოლოდ, რომ ეს არის გამოუკვლეველი საიდუმლო. ეკლესიის მამები ერთხმად ამბობენ, რომ ანტიქრისტეს სახელი არავინ იცის და არც შეიძლება იცოდეს, რადგან "გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!" (რომ. 11:33). აპოკალიფსისიდან ცნობილია, რომ ანტიქრისტე ყველა მის მიმდევარს თავისი სახელის გამოსახულებას მისცემს. "და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:15-17; შეად. 19:20).
წმიდა ეკლესიის მტრები ანტიქრისტეს გამოსახულებად მირონცხების საიდუმლოს მიიჩნევენ, რითაც ცდილობენ დაგმონ მართლმადიდებლობა და დააბრკოლონ მრავალნი. უგუნურნი, ვერ ამჩნევენ იმას, რომ ამგვარად, ისინი თვით წმიდა მოციქულებს და უფალ იესუ ქრისტესაც კი ანტიქრისტეებად აცხადებენ, რადგან სწორედ მათ დააწესეს ჩვენი სულების საცხოვნებლად საეკლესიო საიდუმლონი.
წმ. ანდრია კესარიელი ანტიქრისტეს ხატის (გამოსახულების) შესახებ ამბობს: "შეეცდება მტარვალი ყველაზე გამოსახოს განდგომილისა და მაცთურის სახელი, ნაწილობრივ - მარჯვენა ხელზე, რათა შეწყდეს კეთილ საქმეთა კეთება, ნაწილობრივ კი შუბლზე, რათა აიძულოს ცთუნებულნი კადნიერნი იყვნენ მლიქვნელობასა და ბნელ საქმეებში. და გავრცელდება მხეცის ბეჭედი ყველგან - უპირატესად აღებ-მიცემობაში, რათა ვინც ბეჭედს უარყოფს, მოკვდეს სიცოცხლისთვის ყოველივე საჭირო ნივთთა არქონით" (ჰომ. 13-ე).
თავი IX ანტიქრისტეს მეფობის ხანმოკლეობა
ანტიქრისტეს მეფობა ხანმოკლე იქნება, რაზეც მაცხოვარი გვამცნობს: "რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22). წინასწარმეტყველი დანიელი მისი მეფობის ვადასაც კი უთითებს: "უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დანიელი 7:25). საეკლესიო მოძღვრები წმმ. კირილე და იპოლიტე განმარტავენ, რომ "დრო"-ში ერთი წელიწადი იგულისხმება. "ორ დროში" - ორი წელიწადი, ხოლო "ნახევარ დროში" - ნახევარი წელიწადი (ექვსი თვე). ასე, რომ ანტიქრისტე იმეფეს სამწელიწადნახევარს. ამის შესახებ წინასწარმეტყველის წიგნის სხვა ადგილშიც არის ნათქვამი: "უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო? სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (12:6-7). "მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა" (დანიელი 12:11).
ანტიქრისტეს მეფობის კიდევ უფრო კონკრეტული და ზუსტი დრო მითითებულია აპოკალიფსისში: "მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (გამოცხ. 13:5); "მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი" (გამოცხ. 11:2). იქვე აღნიშნულია: ა) ენოქისა და ილიას შესახებ, რომ ისინი "ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი" (გამოცხ. 11:3); ბ) დედაკაცის შესახებ, რომელსაც ემოსა მზე, "ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე" (გამოცხ. 12:6). წმ. ანდრია კესარიელი განმარტავს: "რაც შეეხება წმიდა ქალაქს, იქნება ეს ახალი იერუსალემი თუ საყოველთაო ეკლესია, ორმოცდაორი თვე გარშემორტყმული იქნება წარმართთა მიერ, რაც, ჩემის აზრით, აღნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტეს მოსვლის დროს, მართლმორწმუნენი დევნილ იქნებიან სამწელიწად ნახევრის განმავლობაში (ჰომ. 10-ე).
წმიდა წერილის სხვა ადგილებში, თუმც მითითებული არ არის ანტიქრისტეს მეფობის ხანგრძლივობა, მაინც ნათლად არის მინიშნებული, რომ ის ხანმოკლე იქნება: "მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12). "უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს" (გამოცხ. 20:3).
წმიდა მამები ფიქრობენ, რომ ანტიქრისტე ვერ შესძლებს სამნახევერ წელზე მეტ ხანს იმეფოს, რადგან სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში ქადაგებდა ქრისტე ჩვენი სულების საცხოვნებლად. და ბოლოს, "რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22).
თავი X ანტიქრისტეს გაბრძოლება
ანტიქრისტეს მეფობის დახასიათებისას უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:
1. ანტიქრისტე სამეფოს მემკვიდრეობით კი არ მიიღებს, პაპის ან მამისგან; არამედ, როგორც მაცთური, მზაკვრობით ჩაიგდებს ხელთ. "მას არ მიაგებენ მეფურ პატივს. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს" (დანიელ 11:21). წმ. იოანე დამასკელი ამბობს, რომ "ის, დაიბადება მეძავი დედაკაცისგან, აღიზრდება საიდუმლოდ და ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდება, აღზევდება და გამეფდება".
2. თავისი გამეფების დროს, ანტიქრისტე შეებრძლოება - ეგვიპტის, ლივიისა და ეთიოპიის სამ მძლავრ მეფეს. დანიელ წინასწარმეტყველი ამ ოთხ სამეფოს ოთხი მხეცის სახით გვიხატავს: "ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა" (დანიელი 7:7, 8).
ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს საიდუმლო ხილვა. მეოთხე მხეცად იწოდება მეოთხე სამეფო, ანუ რომის მონარქია; ათი რქა - ათი მეფეა, რომელთა სამეფოებადაც დაიშლება რომის იმპერია; მომცრო რქა, სამი ძველი რქა რომ ძირიანად ამოაგდო, ანუ დაამხო - ეგვიპტის, ლივიისა და ეთიოპიის სამეფოები, ანტიქრისტეა. "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს" (დანიელი 7:23, 24). "ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი" (დანიელ 11:42, 34).
3. როდესაც ანტიქრისტე დაამარცხებს სამ ძლიერ მეფეს, დანარჩენი მთავრებიც მაშინ დაემორჩილებიან. და გახდება მთელი მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი. "ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან" (გამოცხ. 17:12-14).
4. როგორც უსჯულო მეფე, ანტიქრისტე თავისი ურიცხვი ჯარით დევნას გამოუცხადებს ქრისტეანებს "იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დანიელი 12:1). წმ. მახარობელი იოანე ასე აღწერს ქრისტეანთა ბოლო დევნას, გოგისა და მაგოგის ამ ბრძოლას და ანტიქრისტეს დაღუპვას: "ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 20:7-10).
რას ნიშნავს ათასი წელი, რომლის განმავლობაშიც შეკრული იქნება სატანა? - წმ. ანდრია ბრძანებს, რომ "სავალდებულო არ არის ეს ათასი წელი ზუსტად განსაზღვრულ რიცხვად ჩავთვალოთ, მსგავსად იმისა, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით არ გვესმის დავითის ნათქვამი: "ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე" (ფსალმ. 104:8). "ათას წლად" ჩვენ მივიჩნევთ სახარების ქადაგების პერიოდს. აქ "ათასით" მინიშნებულია სარწმუნოების სრული ნაყოფი და ამის შემდეგ მოვა "კაცი იგი უსჯულოებისა, შვილი წარსაწყმედელისა" (2 თესალონიკ. 2:3).
თავი XI რას ნიშნავს "გოგი" და "მაგოგი"?
"გოგთან" და "მაგოგთან" დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე განმარტება.
1) ანდრია კესარიელი ამბობს: "გოგი და მაგოგი, ჩრდილოეთის შორეული ხალხებია, რომელთაც ეწოდათ ჰუნები, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მებრძოლნი მიწიერ ხალხთა შორის. მხოლოდ ღმრთის მარჯვენა აკავებს მათ ეშმაკის განხსნამდე, რათა დაიპყრან მსოფლიო. სხვები კი ამბობენ, რომ "გოგი", ებრაულიდან თუ ვთარგმნით, ნიშნავს შეკრებას და შემკრებს, ხოლო "მაგოგი" - შემაღლებულ ადგილს ან თვით ამაღლებულს და რომ ამ სახელებით აღინიშნება ხალხთა კრებული ან მათი გაამპარტავნება და მედიდურობა. ეზეკიელი მათზე წინასწარმეტყველებს: "გამოვლენ უკანასკნელ დღეებში დიდი ძლიერებითა და დაეცემიან ისრაელის მიწაზე, ხოლო მათი იარაღი დაიწვება დიდი რაოდენობით და მისი ცეცხლი შვიდ წელიწადს იგიზგიზებს" (ეზეკ. 39:9). ამ სიტყვებს ზოგიერთი კომენტატორი განაკუთვნებდა იუდეველთა ბრძოლას ასურელთა და მათი მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ; მაგრამ ეს ომი ეზეკიელის წინასწარმეტყველებამდე ბევ რად ადრე იყო. სხვები მასში გულისხმობდნენ იმ ხალხთა დამარცხებას, რომლებიც თავს დაესხნენ იერუსალემს მაშინ, როდესაც ჯერ სპარსეთის მეფის კვიროსის, ხოლო შემდეგ დარიოსის განკარგულებით ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველნი ქალაქის კედლებს ამაგრებდნენ, ან კიდევ ანტიოქოსის მხედრობის დამარცხებას მაკაბელთა მიერ. მაგრამ ცნობილია, რომ ამ ხალხთა შემოსევა ბოლო ჟამს უფრო შეესაბამება, რადგან წმიდა წერილში არსად არის ნახსენები იუდეველთა ბრძოლა სკვითების წინააღმდეგ, არამედ ლაპარაკია მათ ბრძოლაზე მეზობელ ხალხებთან, რომლებსაც შურდათ მათი უეცარი გამდიდრება. და კიდევ იმიტომ, რომ "გოგის" შესახებ ნათქვამია: ოდითგანვე ემზადება იგი და მოვა ბოლო ჟამს. და კიდევ იმიტომ, რომ ამ გამოცხადებაში, რომელიც მომავალს წინასწარმეტყველებს, ნათქვამია - "გოგი და მაგოგი" სამყაროს აღსასრულის წინ მოვლენ".
2) წმ. ამბროსი (მედიოლანელი) და ნეტ. ავგუსტინე გოგსა და მაგოგში ანტიქრისტეს მიერ ეკლესიის დევნას გულისხმობენ. "გოგს" ისინი თვით ანტიქრისტეს უწოდებენ, ხოლო "მაგოგი" მისი ურიცხვი ჯარია სკვითებისა, რომლებიც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც, მოსეს მოწმობით, პირველად დასახლდა იაფეტის ძე - მაგოგი (დაბ. 10:2).
თავი XII ბაბილონის დაცემა
წმ. იოანე ღვთისმეტყველი დეტალურად აღწერს ბაბილონს მეძავი დედაკაცის სახით. "და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება" (გამოცხ. 17:3-6, 9).
მრავალი ვარაუდი არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ქალაქს უწოდებს მოციქული ბაბილონს. ერთნი ფიქრობენ, რომ ბაბილონად ყველა უკეთურის ერთობა იგულისხმება, ან მთელი ცოდვილი სამყარო მისი დიდებითა და საცთურებით. სხვები ბაბილონად მაჰმადიანებს ხმობენ, რომელთა ბოროტი და უკეთური სარწმუნოება ყოველგვარ სისაძაგლესა და მრავალცოლიანობას ასწავლის. ამ სახელწოდებას თურქეთის დედაქალაქ კონსტანტინოპოლსაც განაკუთვნებენ, რომელიც "მრავალ წყალს აზის" (გამოცხ. 17:1). კიდევ ფირქობენ, რომ მოციქული აქ ძველ ბაბილონს გულისხმობს, რომელშიც მეფობდნენ ანტიქრისტეს წინასახეები: ნებროთი, ნაბუქოდონოსორი და ანტიოქოსი. ხოლო მე ვფიქრობ, რომ ბაბილონში უნდა ვიგულისხმოთ ძველი რომი, რომელიც ბოლო ჟამს დაეცემა. წმ. პეტრე მოციქულმა თავის პირველ ეპისტოლეში ძველ რომს ბაბილონი უწოდა, როგორც ამას განმარტავს წმ. ანდრია კესარიელი. "წმ. წერილის მრავალი ადგილიდან ჩანს, რომ ქალაქებს სახელები ეძლევათ მათი ცხოვრებისა და საქმეების მიხედვით. ამიტომაც იწოდება ძველი ბაბილონი "განლაღებულ მეძავად" (ანუ იმად, რომელიც ხარობს თავისი მეძავობით), მბრძანებელი გრძნეულთა და ჯადოქართა. ამ მიზეზით იწოდება რომიც ბაბილონად. და იერუსალემისთვისაც ამიტომ ითქვა: "პირი მეძავისა იქმნა შენ ზედა" (იერ. 3:3). განჭვრიტა რა რომის დაცემა, წმ. იოანე ღვთისმეტყველმაც "შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა" (გამოცხ. 18:2).
ანტიქრისტეს საბოლოო დაღუპვას ასე აღწერს აპოკალიფსისი: "და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი" (გამოცხ. 20:8-9).
წმიდა ანდრია კესარიელი ამბობს: "ეს იქნება ან ხილული ცეცხლი, როგორც ილიას დროს იყო და რომელმაც შთანთქა ორმოცდაათკაციანი ორი რაზმი, ან ქრისტეს ბრწყინვალე მეორედ მოსვლა, რომელიც თავისი სიტყვის ძალით მოსრავს ეშმაკსა და ანტიქრისტეს და შთააგდებს მათ ცეცხლის გეჰენაში, რათა იტანჯებოდნენ იქ უკუნითი უკუნისამდე. ჩვენ კი, ქრისტესგან განსწავლულებმა, უნდა ვილოცოთ, რათა არც ანტიქრისტეს მოსვლა ვიხილოთ, არც ერთა ამბოხებანი და მომაკვდინებელი უბედურებანი, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ განეშორონ მაცხოვნებელ სარწმუნოებას. წმიდად დავიცვათ ჩვენი სინდისი და ვაჩვენოთ მაცხოვარს ჩვენი სიყვარული მის მიმართ კეთილ საქმეთა ქმნითა და სათნოებათა მოპოვებით. გვქონდეს სასოება მარადიული ნეტარებისა და ღმრთის წყალობისა; მივაგოთ პატივი ყოვლადწმიდა სამებას, მამას, ძეს და სულიწმიდას, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ".
თავი XIII მოვლენები, რომლებიც მოხდება ანტიქრისტეს მოკვლის შემდეგ
აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით იმ ნიშნებსა და მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღვიან ანტიქრისტეს მოსლვას და თან სდევენ მისი მმართველობის პერიოდს. წინამდებარე თავში მოკლედ განვიხილავთ მრავალათაგან ზოგიერთ მოვლენას, რომლებიც ანტიქრისტეს გაქრობის შემდეგ უნდა მოხდეს. ესენია:
1) მზისა და მთვარის დაბნელება;
2) ვარსკვლავთცვენა;
3) ზეციურ ძალთა შერყევა (ზეციური პერტრუბაციები);
4) ქმნილებათა განახლება და ცეცხლით განწმენდა;
5) მიცვალებულთა აღდგომა მკვდრეთით.
1. მზისა და მთვარის დაბნელება
ამ დაბნელების შესახებ მიგვითითებს წმ. წერილი:
1) წმ. წინასწარმეტყველი იოველი: "გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი" (იოველ 2:30-31). "მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი" (იოველ 3:15).
2) წმ. წინასწარმეტყველი ესაია: "რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს" (ესაია 13:10).
3) წმ. წინასწარმეტყველი ეზეკიელი: "დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით. ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი" (ეზეკ. 32:7-8).
4) წმ. მათე მახარობელი: "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი" (მათე 24:29).
5) წმ. იოანე ღვთისმეტყველი: "და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე" (გამოცხ. 6:12).
სამყაროს ყოფიერება ადამიანის სიცოცხლეს რომ შევადაროთ, შეუძლებელია არ დავინახოთ ერთგვარი მსგავსება მათ შორის. რადგან, როგორც ადამიანის სიბერისა და სიკვდილის მოახლოვების ნიშანია თვალის სინათლის მოკლება ან სიბრმავე, ასევე სამყაროს თვალთა, მზისა და მთვარის დაბნელება აშკარად მიუთითებს დაბერებული სამყაროს მოახლოვებულ აღსასრულზე; როგორც სახლის ბატონის სიკვდილის შემდეგ გლოვობენ მისი ახლობელნი, ეუფლებათ დაბნეულობა და იმოსებიან შავი ტანისამოსით, სამყაროს აღსასრულის დროსაც, მთელი ქმნილება იქნება ძლიერ მშფოთვარებაში, ხოლო ზეციური მნათობები, რომელთაც ნათელი წაერთმევათ, შეიმოსებიან შავი ბურუსით.
2. ვარსკვლავთცვენა
წმ. იოანე ოქროპირი ვარსკვლავთცვენას პირდაპირი მნიშვნელობით გებულობს, ხოლო ეკლესიის სხვა მამები მხოლოდ მათ დაბნელებას გულისხმობენ, ანუ ისინი ნათებას დაკარგავენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ აქ უნდა ვიგულისხმოთ კომეტები, ციალი, ელვა და ქუხილი, ასევე სხვა ატმოსფერული მოვლენები, რომლებიც დედამიწის უახლოეს სფეროებში წარმოიშვებიან.
3. ზეციურ ძალთა შერყევა (ზეციური პერტრუბაციები)
ამ ნიშანზე მიგვანიშნებდა თვით მაცხოვარი, როდესაც ამბობდა, რომ "შეირყევიან ციურნი ძალნი". ოქროპირი და თეოფილაქტე ციურ ძალებში ანგელოზთა მეშვიდე დასს - ზეცის ძალთ გულისხმობენ. მიუხედავად მათი ძალისა და სამყაროს მპყრობელი ღმრთისადმი სიახლოვისა ისინი, უდიდესი შიშითა და ძრწოლით მოცულნი, "შეირყევიან". იმდენად დიდი იქნება ძრწოლა, რომ ყველა ანგელოზი შეძრწუნდება, მსგავსად იმ შვილისა, რომელიც ხედავს მამის განრისხებულ სახეს, რომელმაც უნდა დასაჯოს ურგები და უკეთური მონები.
4. ქმნილებათა განახლება და ცეცხლით განწმენდა
როგორც ნოეს დროს კაცობრიობა ცოდვის მწიკვლისგან წარღვნით განიწმინდა, საბოლოო აღსასრულის წინაც განიწმინდება იგი, ოღონდ ცეცხლით. ამის შესახებ მოწმობენ:
1) წმ. დავით ფსალმუნთმგალობელი: "ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი" (ფსალმ. 10:6). "მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე" (ფსალმ. 49:3-4). "ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი, ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი" (ფსალმ. 82:15-16). "ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს" (ფსალმ. 96:3). "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ფსალმ. 101:26-27);
2) წმ. წინასწარმეტყველი ესაია: "რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა" (ესაია 65:17);
3) წმ. დანიელ წინასწარმეტყველი: "მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები" (დანიელი 7:10);
4) წმ. მათე მახარობელი: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მათე 24:35);
5) წმ. მოციქული პეტრე: "ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი... რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები? ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:10, 13).
6) წმ. იოანე ღვთისმეტყველი: "მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის" (გამოცხ. 21:1).
ცეცხლით განწმენდის დროს წარიხოცება მხოლოდ ხატი ამ ქმნილებისა; არსება მისი იქნება უკუნისამდე. წმ. მოციქული პავლე ამბობს: "წარმავალია საწუთროს ხატი" (1 კორ. 7:31) "გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას" (ფსალმ. 103:30), - ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი.
5. მიცვალებულთა აღდგომა
სარწმუნოების სიმბოლოს ეს წევრი მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის. ამიტომაც, მას უნდა ვჭვრეტდეთ არა ჩვენი შეზღუდული გონებით, არამედ ურყევი რწმენით და არ უნდა გამოვეძიებდეთ ღმრთის საიდუმლოს. ამიტომაც, ეკლესიასთან ერთად უნდა ვაღიაროთ და შევღაღადოთ უფალს: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მას საუკუნოსასა, ამენ".
მაგრამ, რადგან რწმენა ეფუძნება და გამომდინარეობს საღმრთო წერილიდან, - ამ მაცოცხლებელი წყაროდან, - ჩვენც შევეცადოთ შევისრუტოთ მისგან თუნდაც მცირედი წვეთები, როგორც მდინარიდან, უფლის საყდრიდან რომ მოედინება ჩვენს დასარწყულებლად და აცოცხლებს ჩვენს უდაბნოსავით გაუდაბურებულ და გათანგულ სულს.
მიცვალებულთა აღდგომისთვის წმ. წინასწარმეტყველ ეზეკიელს ჰქონდა შემდეგი სახის ხილვა: "იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე. შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო. მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი" (ეზეკ. 37:1-14).
მიცვალებულთა აღდგომის ჭეშმარიტება დაადასტურა ქრისტე მაცხოვარმა, როდესაც თქვა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე?" (იოანე 11:25-26). "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა" (იოანე 5:25-29. იხ. აგრეთვე: ეფეს 2:1-5); ტიმ. 5:6; გამოცხ. 3:1; რომ. 6:4; გალ. 2:20).
მიცვალებულთა აღდგომაზე გვასწავლის წმ. მოციქული პავლეც: "ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ. მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო. ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას" (1 კორ. 15:12-23).
ჩვენი მსჯელობის ბოლოს აუცილებლად მივიჩნევთ პასუხი გავცეთ რამოდენიმე კითხვას, რომელიც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს.
1. ყველა მიცვალებული აღსდგება თუ არა საუკუნო სამსჯავროზე?
საუკუნო სამსჯავროზე აღსდგება ყველა ადამიანი, ვისაც კი დედამიწაზე უცხოვრია დაწყებული ადამიდან და ევადან, სამყაროს აღსასრულით დამთავრებული. რადგან ასე ბრძანებს წმ. წერილი: "ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას" (იოანე 5:28). "და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან" (მათე 25:31-32).
თუ ყველა მიცვალებული აღსდგება, როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნთმგალობლის სიტყვები: "ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში" (ფსალმ. 1:5); "ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ?" (ფსალმ. 87:11). დავითი, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, გულისხმობდა ორგვარ აღდგომას: ერთს - მარადიული სიცოცხლისთვის, მეორეს კი - მარადიული სიკვდილისთვის (ანუ ჯოჯოხეთისთვის). მაშასადამე, მას იმის თქმა სურდა, რომ უკეთურნი არ აღსდგებიან სამსჯავროზე მარადიული ცხოვრებისთვის, არამედ საგეჰენიოდ და ამას ადასტურებს თვით დავითი, რომელიც შემდგომ ამატებს: "განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში? შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?" (ფსალმ. 87:12-13). ამავე აზრით ბრძანებს ქრისტე: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა" (იოანე 5:25, 29).
2. ყველას ელოდება თუ არა სიკვდილი საშინელ სამსჯავრომდე?
წმ. იოანე ოქროპირი, თეოდორიტე და თეოფილაქტე ასწავლიან, რომ "ყველა როდი მოკვდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, არამედ ზოგიერთს საშინიელი სამსჯავრო ცოცხლად მყოფს მოუსწრებს". კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: "აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით" (1 კორ. 15:51). წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: "ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. შეიცვლებიან ისინიც, ვინც არ მოკვდებიან, რადგან ისინიც მოკვდავნი არიან. მათი სხეულებიც უნდა შეიცვალოს ვინც ცოცხლად შეხვდება უფლის მოსვლას და გადავიდეს უხრწნელებაში".
მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს ზოგიერთი ცოცხლად რომ შეხვდება დასტურდება აგრეთვე: 1) სარწმუნოების სიმბოლოს მეშვიდე წევრით, სადაც წერია: "და კვალად მომავალ არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა..."; 2) წმ. მოციქული პავლე: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თესალონიკ. 4:16-17). წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ სიტყვებს: "ჯერ აღსდგებიან მიცვალებულნი და ასე, ყველანი ერთად შეხვდებიან უფალს. აბელი, რომელიც ყველაზე ადრე მოკვდა, ცოცხლებთან ერთად შეხვდება უფალს".
შეიძლება იკითხოს ვინმემ: მაშ, რატომ ამბობს მოციქული: "და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (1 კორინთ. 15:22). ვპასუხობთ: ქრისტეს მოსვლამდე ცოცხლად დარჩენილი ყველა ადამიანი მოკვდება და გაცოცხლდება შეცვალებით და არა დასაფლავებით და აღდგომით. "აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორ. 15:51-52), "რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება" (1 კორ. 15:53). წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ სიტყვებს: "ხრწნადი სხეული არის მოკვდავი, ხოლო მოკვდავობა და ხრწნადობა განქარდება, როდესაც მასზე უხრწნელება და უკვდავება მოვა".
ზოგიერთი მოძღვარი ამტკიცებს, რომ "საშინელი სამსჯავროს წინ ყველა უნდა მოკვდეს. რადგან მთელმა კაცობრიობამ შესცოდა ადამში; ამიტომაც, ყველა ადამიანი დაქვემდებარებულია სიკვდილს; ბოლოს და ბოლოს, თვით აღდგომაც შეუძლებელია იყოს, თუ ჯერ არ იქნება სიკვდილი". მათი აზრით ამას ასწავლის მოციქული, როდესაც სიკვდილს ადარებს მიწაში ჩამარხულ თესლს, რომელსაც ათობით თავთავი მხოლოდ იმის შემდეგ გამოაქვს, რაც ჩაიფლობა მიწაში და ჩაიხრწნება მასში. თითქოსდა სწორედ ამას ვკითხულობთ მართლმადიდებლურ მრწამსში: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით". როგორ არის შესაძლებელი აღდგომა იყოს იქ, სადაც არ არის დამარხვა? - აღდგომა არის დაცემული ადამიანის მეორე დაბადება, ბრძანებს წმ. იოანე დამასკელი.
ამ ორი შეხედულებიდან ჩვენ გვწამს იმისი, რომელსაც მისდევს აღმოსავლეთის, მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდესი მნათობი, წმ. იოანე ოქროპირი.
3. როგორი სხეულები ექნებათ მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს - სხვა თუ ადრინდელი?
ამ კითხვას ვუპასუხებთ წმ. წერილის სიტყვებით: 1) "ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება" (ფსალმ. 33:21); 2) "რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს" (2 კორ. 5:10). "რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება" (1 კორ. 15:53).
წმ. წერილის ამ სიტყვებიდან ვასკვნით, რომ სხეული, რომელიც თანამოზიარეა მიწიერი ტანჯვისა ან სიამტკბილობისა, შესაბამისად იქნება მოზიარე ან მარადიული დიდებისა ან დაუსრულებელი სატანჯველისა. როგორც სხვა სხეულს აძლევს ღმერთი მიწაში ჩამარხულ ხორბლის თესლს, ასევე მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულ განა არ ექნებათ ახალი სხეული? განა არ ამბობს მოციქული: "უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს" (1 კორ. 15:36-38).
მოციქული ამბობს მარცვლის გარეგან მხარეზე და არა მის არსზე, რადგან მყარი და გახრწნილი მარცვლის არსი ერთი და იგივე რჩება; თუ ჩვენ დავთესავთ ხორბლის მარცვალს, ის ხორბლის თავთავს აღმოაცენებს და არა ღვარძლისას. როგორც ხორბლის მარცვალი ღებულობს სხვა სახეს აღმოცენების შემდეგ, ასევე ადამიანის სხეულიც აღდგომის შემდეგ დარჩება მისთვის დამახასიათებელ თვისებებში, მაგრამ შეიცვლება მისი გარეგნობა: "ითესება ხწნილებაში და აღსდგება უხრწნილებაში".
ჩვენი სიტყვების პირდაპირი დადასტურებაა იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეული "რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს" (ფილიპ. 3:21).
ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანის სხეული დაიფერფლა, ან გაიფანტა გათხრების დროს, დაიწვა ცეცხლში და ა. შ. განა უცნობია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ემსხვერპლებოდნენ გარეულ პირუტყვთ, ფრინველთ და წყლის ბინადართ. როგორ აღსდგებიან ამგვარ ადამიანთა სხეულები და მიიღებენ თავიანთ პირველყოფილ სახეს?
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მკვდრეთით აღდგომას უნდა მივუდგეთ არა ადამიანის უძლური გონებითა და გულისხმაყოფით, არამედ ურყევი რწმენით, რადგან ეს არის ღმრთის მიუწვდომელი საიდუმლო. "მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია" (მათე 19:26). "ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ" (ფსალმ. 142:5) ამბობდა თავისთვის დავითი, როდესაც ჭვრეტდა ღმრთის ყოვლისშემძლეობას და ურყევად სწამდა იმისი, რომ ცა, მიწა, ჰაერი, ზღვა და ყოველივე რაც მათშია, შექმნილია არაფრისგან, მხოლოდ ერთი სიტყვით: "იქმენინ". "რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს" (ფსალმ. 32:9).
თუკი ღმერთმა არაფრისგან ყოფიერებად მოიყვანა ყოველი და მიწის მტვრისაგან გამოსახა ადამიანი, განა არ ძალუძს მას განაახლოს იგი, თუნდაც მთელს დედამიწაზე იყოს გაფანტული მისი ფერფლი. წმ. იოანე დამასკელი, იმ ადამიანებით გაკვირვებული, რომლებიც კითხულობენ: როგორ აღსდგებიან მკვდრები? - პასუხობს: "როგორი უგუნურებაა! როგორი ურწმუნოება მის მიმართ, ვინაც მარტოდენ მოსურვებით მტვერი აქცია ხორცად და უმცირეს წვეთს უბრძანა აღმოეცენებინა თავისი მსგავსი! შენ კითხულობ: როგორ აღსდგებიან მკვდრები? - ო, უგუნურო! შენი სიბრმავე თუ გიშლის ხელს ირწმუნო ღმრთის სიტყვები, საქმეებს მაინც ერწმუნე! როცა შენ თესავ, განა ამოვა თესლი და გაიხარებს, ჯერ თუ არ დაიმარხა და დალპა მიწაში" და ა. შ.
4. ხომ არ აღსდგება ყველა მამრობით სქესში?
არა! - დასაბამიდანვე ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შეჰქმნა ადამიანი, ამიტომაც, აღდგომის შემდეგ მამაკაცები დარჩებიან მამაკაცებად, დედაკაცები კი - დედაკაცებად. უფალი ახსენებს ორივე სქესს, როდესაც ამბობს, რომ აღდგომის შემდეგ: "არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (მათე 22:30). ამდენად, ყველანი ჩვენ აღვსდგებით არა მამრობით სქესში, არამედ სრულყოფილ კაცად, ანუ მივიღებთ კაცობრივ ძალას და სიმტკიცეს. მივემსგავსებით ანგელოზებს არა სქესის, არამედ ხორციელი ვნებებისა და ცოლ-ქმრობის გაუქმებით.
5. დასჭირდება თუ არა მკვდრეთით აღმდგარ სხეულს საკვები და სასმელი?
მკვდრეთით აღმდგარ სხეულებს არ დასჭირდებათ ფიზიკური საჭმელი და სასმელი, რომელიც ამჟამინდელი, ხრწნადი სხეულებისთვის არის საჭირო. "ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (1 კორ. 15:42-44). მაშ, რატომ ჭამდა და სვამდა ქრისტე თავისი აღდგომის შემდეგ (ლუკა 24:30)? - იმიტომ, რომ მის აღდგომაში დაერწმუნებინა თავისი მოწაფეები, რათა არ ეფიქრათ მათ, რომ ხედავენ არა მკვდრეთით აღმდგარ ხორცს, არამედ სულს.
6. როგორი თვისებები ექნებათ მკვდრეთით აღმდგარ სხეულებს?
მკვდრეთით აღმდგარი წმინდანები იქნებიან:
1) უვნებონი, უხრწნელნი და უკვდავნი: "ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (1 კორ. 15:42-44). "ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან. თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან" (ლუკა 20:35-36);
2) სულიერნი. ისინი იქნებიან უხორცო, სულიერი ძალებივით, სწრაფნი, უხრწნელნი, მსუბუქნი და ფაქიზნი, როგორ მკვდრეთით აღმდგარი სხეული ქრისტესი, რომელმაც არ იცოდა არავითარი წინაღობა და ბარიერი, რადგან "ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (1 კორ., 15:44).
3) ნათელნი, როგორც მაცხოვარმა ბრძანა: "მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!" (მათე 13:43). მოციქულის მოწმობით, უფალი "რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს" (ფილიპ. 3:21).
7. როგორი თვისებები ექნება მკვდრეთით აღმდგარ ცოდვილთა სხეულებს?
1) მკვდრეთით აღმდგარ ცოდვილთა სხეულებიც უკვდავი და უხრწნელი იქნება. ამის შესახებ ასე მოწმობს უფალო იესუ: "და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში" (მათე 25:46). "იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ" (გამოცხ. 9:6). "რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება" (1 კორ. 15:35).
2) დაექვემდებარებიან ტანჯვას, რადგან იგრძნობენ საშინელ წამებას გეჰენიის ცეცხლში, რომელშიაც იქნებიან უკუნითი უკუნისამდე.
თავი XIV მოკლე შენიშვნები საშინელი სამსჯავროს შესახებ
საშინელი სამსჯავროს შესახებ შევნიშნავთ შემდეგს:
1) გამოჩნდება ცაში კაცის ძის ნიშანი, ანუ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა. გამოჩნდება იგი როგორც ნუგეში ჯვარცმულის თაყვანისმცემელთა და მისი ჯვრის მტვირთველთა და როგორც შერცხვენა იუდეველთა, რომლებმაც ჯვარს აცვეს უფალი დიდებისა.
2) ცხადი გახდება ყველა ადამიანის დაფარული აზრი და საქმიანობა. წმ. ანდრია კესარიელი ამბობს: "გაიხსნება წიგნები სინდისისა და ყოველივე დაფარული გაცხადდება".
3) თვით იესუ ქრისტე იქნება უფლებამოსილი მსაჯული "რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა" (იოანე 5:2). მართალია, სამსჯავრო ყოვლადწმიდა და განუყოფელი სამების სამსჯავროა, მაგრამ მთელი მსჯავრი უფალ იესუს გადაეცემა, რადგან სწორედ მან, ნებაყოფლობით დაითმინა ჯვარცმა ჩვენი სულების საცხოვნებლად და მიუკერძოებლად, სამართლიანი მსჯავრით განსჯის ყველას. წმიდა წერილი ამბობს, რომ ქრისტეს გარდა სხვა მსაჯულებიც იქნებიან: "ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად" (მათე 19:28). "ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?" (1 კორ. 6:2-3). "ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია. სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია" (მათე 12:41-42).
მოციქულები და ზოგიერთი წმინდანები გაასამართლებენ არა თვითნებურად და დამოუკიდებლად, არამედ უფალთან თანხმიერად. შეაქებენ რა ქრისტეს სამსჯავროს, მართალნი განიკითხავენ არა მარტო ადამიანთ, არამედ დემონებსაც.
4) ქრისტეს სამსჯავრო კაცობრივი სამსჯავროსგან განსხვავებული იქნება, რადგან იქ ყველანი მარტოდენ სიტყვით როდი იმხილებიან, არამედ აზრითაც. ყველას გასაგონად ქვეყნიერების მსაჯული იტყვის: "მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან... მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული... და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:34, 41, 46).
ასეთია წმიდა წერილის სწავლება საშინელი სამსჯავროს შესახებ, რომელსაც ჩვენ ყველანი რწმენით უნდა ვჭვრეტდეთ და არა ცნობისმოყვარეობითა და გამოძიებით. "არ გიხილავს, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - როგორ კიცხავს მოციქული მიმოწვლილვას" (1 ტიმ. 1:18-20). რადგან სადაც არის რწმენა, იქ ადგილი არა აქვს მიმოწვლილვას; იქ სადაც არაფრია გამოსაკვლევი, ზედმეტია ცნობისმოყვარეობაც. გამოკვლევა - რწმენის დამღუპველია, რადგან მას, ვინც იძიებს - რწმენა არ შეუძლია; ამიტომაც, ნუ დავიწყებთ გონებისთვის მიუწვდომელი საგნების გამოკვლევას, რათა მართალნი ვიყოთ ღმრთის წინაშე. კაცობრივი რომ იყოს საქმე, ჯეროვანი იქნებოდა მისი გამოკვლევა, მაგრამ საღმრთო საქმე მხოლოდ უნდა მოვისმინოთ და ვირწმუნოთ; თუ არ ვერწმუნებით სიტყვას, არ ვერწმუნებით იმასაც, რომ ღმერთი არსებობს. სარწმუნოების უპირველესი საფუძველი ის არის, რომ ვენდობით მის სწავლებას. სწორედ ამ რწმენისათვის აქებდნენ ძველ წმინდანებსაც (ჰომ. 1).
დასკვნა
ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულის შესახებ ჩვენს მსჯელობას დავამთავრებთ მოციქულთა თავის, პეტრეს სიტყვებით: "გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება" (2 პეტრე 1:16, 19-20). წინასწარმეტყველთა და მოციქულთა წერილით, ასევე ღმრთითგანბრძნობილ მამათა და ეკლესიის მოძღვართა სწავლებით, უარვყავით რა ყოველივე მწვალებლური, შევეცადეთ განგვემარტა ანტიქრისტეს მოსვლის ჭეშმარიტი ნიშნები. მისი მოსვლის დრო და თარიღი არავინ იცის, ვამტკიცებთ მხოლოდ იმას, რომ მისი მოსვლა იქნება სამყაროს აღსასრულის წინ.
შესაძლოა ვინმემ იკითხოს: კაცობრიობის საყოველთაო უბედურებანი განა არ უთითებენ იმაზედ, რომ ბოლო ჟამი უკვე დადგა და, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდება? და განა ამის შესახებ არ გვაუწყებს მოციქული: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18); "მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს" (გალატ. 4:4). "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორ. 10:11). - ამ შეკითხვებს ასე ვუპასუხებთ:
1) მრავალ უბედურებას განიცდის მსოფლიო ამ ბოლო პერიოდში. სისხლისმღვრელ და გამანადგურებელ ომებს ეწირება მილიონობით ადამიანი, გამუდმებული ხანძრები, საშინელი მიწისძვრები და წყალდიდობები, რომლებიც ანგრევენ სოფლებსა და ქალაქებს, გვალვა და შიმშილობანი... როდესაც ამ საყოველთაო ჭირვებას უყურებ უნებურად იფიქრებ, მოახლოვებული ხომ არ არის ბოლო ჟამი, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ წარსულში ყოფილა უარესი ჭირვებანი. გავიხსენოთ თუნდაც, რამდენი უდანაშაულო სისხლი დაუღვრიათ ნერონს, დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს და ქრისტეანთა სხვა მდევნელთ!
როგორი ჭირვება განუცდია მართლმადიდებელ ეკლესიას თუნდაც ხატთაყვანისცემის გულისთვის და რამდენი ქრისტეანი მოწყვეტილა ხატმებრძოლთა ხელით! და თუკი ამგვარი უჩვეულო უბედურებები არავის მიუჩნევია სამყაროს აღსასრულის ნიშნად, მითუმეტეს დღევანდელი ბოროტი დროება ჯერაც არ შეიძლება იყოს წარწყმედის შვილისა და მტარვალის, - ანტიქრისტეს მოსვლის უტყუარი ნიშანი. მსოფლიო მოვლენები, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების ყველა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, არ შეიძლება უთითებდნენ იმას, რაც მხოლოდ ერთ, განსაზღვრულ დროებას ეკუთვნის. "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" (მათე 24:6).
2) მოციქულის ზემოთმოტანილი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით რომ გავიგოთ, მაშინ ბოლო ჟამი მაცხოვარის მოსვლითანავე უნდა დამდგარიყო, რადგან მაშინ "ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან" (გალატ. 4:4). ჯერ კიდევ იმ დიად დროში წერდა მოციქული იოანე: "ყრმანო! ბოლო ჟამია". უკანასკნელ, ბოლო დროებად იგულისხმება მოციქულთა პერიოდი სიტყვებში: "„და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს" (საქმე 2:17). - აი, სად არის ბოლო ჟამის დასაწყისი! ამიტომაც, როდესაც ვინმეს ესმის, ან წმიდა წერილში იპოვის მოწმობას ბოლო ჟამის შესახებ, არ უნდა იფიქროს, რომ სამყაროს აღსასრულზე მინიშნება იპოვა. დე იცოდეს ყოველმა, რომ ამგვარ სიტყვებსა და გამონათქვამებში ლაპარაკია ისეთ დროზე, რომლის დადგომის ჟამი დაფარულია ჩვენთვის.
მაგალითად, ყველამ კარგად იცის, რომ მოხუც ადამიანს მცირე დარჩა სიცოცხლე, მაგრამ რამდენი დღე შეიძლება იცოცხლოს მან და რამდენი წელი, მიახლოებითაც კი არავინ იცის. უკანასკნელი ჯამი დაიწყო ქრისტეს შობიდან; ხოლო როდის იქნება მისი დასასრული, როდის იქნება "ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ" (მათე 24:36). მოციქული პავლე თესალონიკელებს წერდა: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 2:1-3).
უკანასკნელ ჟამზე, მოციქულები რომ წინასწარმეტყველებენ, გონიერი მოძღვარნი ასე გვასწავლიან: მთელი სამყარო, ადამიდან მოყოლებული დღევანდლამდე, ადამიანის ცხოვრების მსგავსად გამოიხატება. ადამიანს, როგორც მიკრო სამყაროს, სამი ასაკი გააჩნია, ისევე როგორც მაკროკოსმოსს, ანუ დიდ სამყაროს. კერძოდ, დიდი სამყაროს ეს სამი ასაკია:
პირველი სიყმაწვილის პერიოდი: ადამითგან - მოსემდე;
მეორე მოწიფული ასაკის პერიოდი: მოსედან - ქრისტემდე;
და მესამე, სიბერისა და მადლის პერიოდი: ქრისტედან - მის მეორედ მოსვლამდე.
კაცობრიობის ასაკს კიდევ სხვაგვარად გამოხატავენ ეკლესიის მამები. ზოგიერთი მათგანის აზრით წუთისოფელის ასაკს გააჩნია შვიდი საფეხური: ახალშობილობის ასაკი, სიყრმე, სიყმაწვილე, ახალგაზრდობა, მოწიფულობა, ასაკოვნება და სიბერე. კაცობრიობის ასაკს ეს პერიოდები შეესაბამება შემდეგი სახით: 1) სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე - ახალშობილობის ასაკი; 2) წარღვნიდან - ბაბილონის გოდოლამდე - სიყრმე; 3) ენათა აღრევიდან და აბრაამის დაბადებიდან მოსეს დაბადებამდე - სიყმაწვილე; 4) მსაჯულთა მთელი დროება მოსედან მეფეთა პერიოდამდე - ახალგაზრდობა; 5) ისრაელისა და იუდეის მეფეთა პერიოდიდან - ბაბილონის ტყვეობამდე - მოწიფულობა; 6)იუდეველთა თავადებისა და მღვდელმსახურთა პერიოდიდან ქრისტემდე - ასაკოვნება; 7) და ბოლოს, ქრისტედან ვიდრე საშინელ სამსჯავრომდე - სიბერე. ეს არის ბოლო პერიოდი, რომლის შესახებაც ლაპარაკობს წმიდა წერილი.
ახლა დავსვათ ასეთი კითხვა: მიუწვდომელის საზღვრები ვის შეუძლია იცოდეს? ვის გაეხსნა საიდუმლო "მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფნიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:36-39. 42-44).
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტე, როდესაც გვიბრძანებს მზად ვიყოთ თავისი მოსვლის დღისთვის, გვიკრძალავს ამ მოვლენის თარიღის გამოძიებას. რადგან "კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს" (ტობ. 12:7, 11). იესუ ზირაქის ძე ბრძანებს: "რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება. შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება. გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება" (ზირ. 3:21-24). ცნობისმოყვარეთა და მიმომწვლილველთა შესახებ მსჯელობს წმ. მოციქული პავლეც: "ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ" (რომ. 1:22). ამგვარი ცოდნის შესახებ სხვა ადგილას ასე მოწმობს: "ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს" (1 კორინთ. 8:2).
როგორი ბედნიერია გონიერი ადამიანი, რომლის ცნობიერება სიბრძნესთან არის შეერთებული, ვინც ემორჩილება წმიდა ეკლესიის სწავლებას, ვინც არ არღვევს მის დოგმატებს! წმ. მოციქული იაკობი ამბობს: "ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული... ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო" (იაკობი 3:14, 15, 17).
წმ. იოანე ოქროპირი გონებას გაჭენებულ ცხენს ადარებს: როგორც შეუპოვარი და გახურებული ცხენი არ ემორჩილება მხედარს და გაქელავს ყველაფერს აღვირი თუ არ ამოსდე, ასევე ეკლესიისა და წმიდა მამათა დოგმატებს დაუმორჩილებელი გონებაც, განხეთქილებას თესავს ქრისტეანებში და მრავალგვარ მწვალებლობებს შობს. ასეთი სნეულებით არიან შეპყრობილნი ურწმუნო იუდეველნი, მწვალებლები და განდგომილნი. "ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც" (საქმე 7:57).
ამიტომაც, ვისაც სულის ცხოვნება სურს, ვისაც უნდა იყოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგული შვილი და მასში, ვითარც ნოეს კიდობანში, ეძიებს წარღვნისგან გადარჩენას, ვისაც ანათემის საშინელი ქუხილის ეშინია, რომელიც წყლავს სულსა და სხეულს, აღიღოს ჯვარი თვისი, აღიჭურვოს ეკლესიის დოგმატებით, მოთოკოს თავისი გონების ამპარტავნება საეკლესიო კანონებით და ყოველივეში დედა ეკლესიას დაემორჩილოს.
ხოლო ვინც არ დაემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, არ ემორჩილება მას, ვისაც სულიწმიდა განაცხოველებს და მიუძღვის, ვინც უგულებელყოფს "მტკიცე ლოდს" და ეძლევა ამაოებას, ის თავის სახლს აშენებს ქვიშაზე. ასეთ ადამიანს ქრისტე ეშმაკს უწოდებს, რომელიც კეთილ თესლს შორის ღვარძლს თესავს. ასეთი ადამიანი ეკლესიიდან მოიკვეთება, როგორც დამპალი და აყროლებული ასო, და იქნება ეკლესიისთვის, როგორც "მებაჟე და წარმართი" (მათე 18:17).
ძვირფასო მკითხველო, უარვყოფთ რა ყოველგვარ ამაოებას, რომელსაც ეშმაკს ვუწოდებთ, ვეცადოთ ყოველი ძალით, ერთი სულითა და გულით და ერთი პირით ვადიდოთ ყოვლადპატიოსანი და ყოვლადქებული სახელი უფლისა. რადგან რა შეიძლება იმაზე მეტად ესათნოოს უფალს, თუ არა მისდამი სიყვარულით აღვლენილი ლოცვა, რომელსაც ერთობლივად ვგალობთ. ამის შესახებ გვევედრება წმიდა მოციქული პავლე: "ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა, აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს" (ფილიპ. 2:1-3). "მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით" (1 კორინთ. 1:10).
თავის მიმდევართა ერთსულოვნებას ევედრება თავის მარადიულ მამას იესუ ქრისტეც: "წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი" (იოანე 17:11). ჭეშმარიტად აღესრულება ხატი და მსგავსება სამიპოსტასოვანი ღმრთისა მის მორწმუნეებში, როდესაც ისინი იმყოფებიან ერთსულოვნად ღმრთის სიყვარულში, რომელსაც ეკუთვნის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|