|
არმაგედონამდე ათასწლეულებით ადრე
ეს ისტორია მოცემულია წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში და თარიღდება დაახლოებით 603 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. სწორედ ამ წელს ბაბილონის მონარქს, ნაბუქოდონოსორს, დაესიზმრა უჩვეულო სიზმარი. სიზმარმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მონარქზე, რომ მეორე დილით მან შეჰკრიბა უშიშროების საბჭო – მოიწვია ყველა თავისი მრჩეველი, მკითხავი და ჯადოქარი. "მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: სიტყვა დამეკარგა; თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა. თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა" (დანიელ 2:5, 6). მრჩეველთ გარდაუვალი სიკვდილის საფრთხე დაემუქრა, რადგან ისინი უძლურნი იყვნენ აეხსნათ სიზმარი.
ბაბილონის ოკულტური ბიუროკრატიის სასიკვდილო განაჩენს ასევე უნდა დაქვემდებარებოდა ებრაელთაგან დატყვევებული რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც სამეფო კარის მოხელეებად სპეციალურად ამზადებდნენ. ისინი ბაბილონში აღმოჩნდნენ 605 წლის შემდეგ, როდესაც ნაბუქოდონოსორმა იუდეის (ებრაელთა სახელმწიფოს) წარმატებული დაპყრობის შემდეგ წარმოატყვევნა ებრაელ ყრმათა ჯგუფი, რომელთაგან შეირჩნენ განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდები, რათა შემდგომში ბაბილონელი მონარქის სამეფო კარზე ემსახურათ.
მათგან ერთ ერთი იყო დანიელი: "ურჩია დანიელმა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული. ჰკითხა არიოქს, მეფის მოხელეს და უთხრა: რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება? მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს. წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშვნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის. მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ტოლ-ამხანაგებს - ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი. რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ".
"მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ. მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებშთ. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე: მეფეო, შენს სარეცელზე მწოლარე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება. ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი" (დანიელ 2:27-30).
შემდგომ დანიელი განმარტავს სიზმარსა და მის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას. თვით ხილვა მოიცავს დროის გლობალურ მონაკვეთს - ნაბუქოდონოსორის დროიდან არმაგედონამდე:
"აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა, წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა" (დანიელ 2:31-35).
მოდი, ვილაპარაკოთ წინასწარმეტყველების განმარტებასა და მის აღსრულებაზე. განმარტება მოცემულია აქვე, დანიელის წინასწარმეტყველების მეორე თავში: " მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი" (დანიელი 2:37, 38). ოქროს თავი წარმოადგენდა ბაბილონის მსოფლიო იმპერიის სიმბოლოს, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 539 წლამდე იარსება (ოქრო ბაბილონის საყვარელი მეტალია).
შემდეგი მსოფლიო იმპერია წარმოდგენილია სპილენძის მკერდითა და ხელებით: "შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი..." (დანიელი 2:39). ბაბილონის მსოფლიო იმპერიას შეცვლის მიდიურ-სპარსული იმპერია. საინტერესოა, რომ, ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს მიხედვით, ამ იმპერიის ოქცი ოლქი ხარკს იხდიდა ვერცხლით. ოქრო მხოლოდ ინდოეთის ოლქს უნდა გადაეხადა, რადგანა ის ყველა სხვა ოლქზე უფრო მდიდარი იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც ოქროს რაოდენობა განისაზღვრებოდა ვერცხლის ექვივალენტით.
მიდიურ-სპარსულმა იმპერიამ იარსება 539 წლიდან ვიდრე 331 წლამდე ძველი წელთაღრცხვით, როდესაც სპარსეთის უკანასკნელი მეფე დარიუს III (მე-3) დაამარცხა ბერძენულ-მაკედონურმა ჯარმა არბელთან შეტაკებაზე: "შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს" (დანიელი 2:39).
სპილენძი ბერძნული იმპერიის სიმბოლოა. ძალზედ ხშირად სპილენძს (უფრო სწორედ მისი შენადნობი - ბრინჯაოს) იყენებდნენ ბერძენი მეომრები. მათი ჯავშანი, ჩაფხუტები, ფარები და თვით ნაჯახებიც კი - ყველაფერი, მზადდებოდა ბრინჯაოსგან. ბრინჯაოს აბჯრით, ბერძნები სახელი განთქმული ჰქონდათ ჯერ კიდევ ჰომეროსის დროიდან, განსხვავებით მიდიელ და სპარსი მეომრებისგან, რომლებიც უბრალო ტოგის მოსასხამებს ატარებდნენ. სულ რაღაც ოც წელიწადში, ალექსანდრე დიდის წყალობით, საბერძნეთი პატარა ქვეყნიდან იმ დროის უზარმაზარ იმპერიად გარდაიქცა. ამ მომენტიდან ბერძნული ენა და კულტურა სწრაფად ვითარდება და იძენს მსოფლიო მნიშვნელობას.
ბერძნული ჰეგემონია გაგრძელდა 331 წლიდან, როდესაც ალექსანდრემ დაამარცხა სპარსელები, 168 წლამდე (ძვ. წ.), როდესაც მაკედონია თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა რომმა: "მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს" (დანიელი 2:40).
ცხადია, აქ უკვე ლაპარაკია რომზე. ბრინჯაოს რკინით შეცვლა მოხდა რომის იმპერიის აღზევების პერიოდში. ლუკრეციუსის ბრინჯაოზე წერს, როგორც წარსულის დამახასიათებელ ნიშანზე, ხოლო რკინას მისი დროის აწმყოს აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევს.
"ბრინჯაოს გამოყენება წინ უსწრებდა რკინას... ათასობით მეომარი იბრძოდა ბრინჯაოს იარაღით... რაც შემდეგ თანდათანობით შეიცვალა რკინით და ჯარისკაცები უკვე რკინის ხმლებითა და აბჯრებით გამოდიოდნენ ბრძოლის ველზე; საბოლოოდ თვით ბრინჯაოს ცელიც კი გამოვიდა ხმარებიდან" (Лукреций. О природе вещей. V., 1286-1294).
რომის იმპერიის ძალა მდგომარეობდა მართვის სისტემაში, რომელსაც ის მისდევდა. რომს ჰყავდა რკინით აღჭურვილი ჯარი და რკინისებური ადმინისტრაციული მანქანა, ამიტომაც რა გასაკვირია, როცა რომის იმპერიას ადარებენ სახელმწიფოს, რომელიც ყოველივეს აღგვის პირისაგან მიწისა თავის გზაზე. ყველასთვის ცნობილია რომაელი ლეგიონერების შთამბეჭდავი გამარჯვებები ბრძოლის ველზე... მაგრამ, როდესაც რომზე ვლაპარაკობთ, ჩვენ გვახსენდება არა მარტო სამხედრო წარმატებები, არამედ ისიც, თუ როგორ ეპყრობოდა ის მათ, ვინც გაბედავდა მისდამი წინააღმდეგობას. სადამსჯელო ოპერაციები გალეას მხარეში, სადაც ფერფლად აქციეს მთელი სოფლები, კართაგენის დანგრევა და განსაკუთრებით იერუსალემის ალყა, ნათლად მეტყველებს თუ რას წარმოადგენდა რომის რკინისებური იმპერია. რომმა სრულიად დაიმსახურა ის სიმბოლო, რაც წინასწარმეტყველებაში განაკუთვნა მას უზენაესმა.
რომის იმპერიამ ყველა სხვა იმპერიაზე უფრო მეტ ხანს იარსება. მისი უკანასკნელი იმპერატორი გერმანელმა მხედართმთავარმა ოდოაკრმა დაამხო 476 წელს.
ხოლო ის, რომ კერპს "ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა", დანიელის განმარტების მიხედვით, ნიშნავს, რომ "ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის" (დანიელი 2:41-43).
აქ ჩვენ უკვე ვხედავთ მსოფლიო ისტორიის უკანასკნელ პერიოდს. როგორც დანიელის წინასწარმეტყველებიდან ჩანს ეს სამეფო იქნება გაყოფილი, ნაწილობრივ მტკიცე და ნაწილობრივ მყიფე. ეს გაყოფილი სამეფო შემდგარი იქნება მძლავრი და სუსტი ნაწილებისგან. ეს ახასიათებს მსოფლიოს, რომის იმპერიის დაცემიდან დღემდე. მეოთხე საუკუნის შუაწლებიდან მეხუთე საუკუნის შუამდე ბარბაროსები მრავალჯერ შეესივნენ რომის იმპერიას. ისტორიკოსი მაკიაველი (1469-1527) გვაძლევს იმ ათი ხალხის ჩამონათვალს, რომლებიც თანდათანობით იპყრობდნენ დასავლეთ რომის იმპერიას რომულუს ავგუსტუსის ჩამოგდების შემდეგ (476 წ.), რომელიც იყო უკანასკნელი რომაელი იმპერატორი. ეს ხალხებია: ლომბარდები, ფრანკები, ბურგუნდები, ოსტჰუთები, ვესტჰოთები, ვანდალები, ჰერულები, სვევები, ჰუნები და საქსები. იქ, სადაც ადრე იყო ერთიანი მსოფლიო მპყრობელობა, ცენტრალიზებული მმართველობით, უკვე ვხედავთ თავიანითი ძალითა და განვითარების დონით, არაერთგვაროვან სახელმწიფოებს.
ასწლეულების განმავლობაში ევროპის გაერთიანება მრავალჯერ მოინდომეს: ფრანც ფერდინანდი, ნაპოლეონი, კაიზერი ვილჰელმი, ჰიტლერი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები და მხედართმთავრები ოცნებობდნენ ერთიან ევროპაზე. ზოგიერთი მათგანმა თითქოსდა მიაღწია კიდევაც საწადელს.. მაგრამ წინასწარმეტყველება ნათლად ამბობს: "შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის" (დანიელი 2:43).
და ბოლოს, ჩვენ მივადექით მსოფლიო ისტორიის დამამთავრებელ სცენებს: "იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა" (დანიელი 2:44, 45).
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მსოფლიო წყობაში გრანდიოზულ ცვლილებებს შეიტანს თვით ღმერთი. ეს ცვლილებები მოხდება ევროპის ჰეგემონიის დასრულების დღეებში და მას ექნება გლობალური ხასიათი... |
|