|
ანტიქრისტე
ანტიქრისტეს ბეჭედი და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი
"იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (მარკ. 14:38)
თითქმის ორი ათასი წელია, რაც ადამიანები ელოდებიან ქრისტეს მეორედ მოსვლას და წინასწარმეტყველებათა აღსრულებას. ამასთანავე ტექნიკის ყოველი ახალი მიღწევა ხშირად სამყაროს აღსასრულისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აღიქმება. მრავალი ადამიანი ესქატოლოგიურ განწყობილებაში განსამტკიცებლად, ცდილობს თითქმის ყველა არსებული წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს მეუფებისა და მისი ბეჭდის შესახებ ყოველ ახალ გამოგონებას მიუზომოს. უნდა ითქვას, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებად განვიხილოთ ნებისმიერი სტიქიური უბედურება ან უბედური შემთხვევა, რაც ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდბა.
მსგავსად, თუკი მოვინდომებთ, ანტიქრისტეს ავბედითი რიცხვი - 666 შეიძლება ნებისმიერ სახელში ან ტერმინში მოვიკვლიოთ, თუ არჩეულ სიტყვას სხვადასხვა ენებზე გადავთარგმნით, გარკვეულ განსაზღვრებებს დავურთავთ და შესაბამის ციფრულ (იზოფსეფიურ) შესატყვისობას მივუყენებთ. მაგრამ რამდენად გონივრულია როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების ასეთი დაშინება?
როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოსდა ელექტრონული დენის, ველის ან ტალღების მეშვეობით შესაძლებელი იყოს ადამიანის მართვა; რომ შექმნილია ისეთი კომპიუტერები, რომელთაც დედამიწის მთელი მოსახლეობის "დამახსოვრება" ძალუძთ (თუმცა დღეს ტექნიკურად ეს სულაც არ არის შეუძლებელი - რედ.); რომ არსებობენ ისეთი მიკროსქემები, რომლებითაც შესაძლებელია არათუ ადამიანების დაჭდევა, არამედ მათი საქციელის მართვაც. მოდი გავერკვეთ, რამდენად საშიშია ქრისტეანთათვის ეს ყოველივე.
გარედან მართვა
გავიხსენოთ ფიზიკის სასკოლო კურსი. ელექტრობასთან დაკავშირებული პირველი ცდები. ანატომიის პროფესორმა, იტალიელმა ლუჯი გალვანიმ ჯერ კიდევ 1791 წელს ელექტრონული დენის ინდიკატორად ბაყაყის ბარძაყის კუნთები გამოიყენა. როდესაც კუნთს გალვანურ ბატარეას უერთებდნენ, კუნთი შეკუმშვას იწყებდა. ეს მოვლენა უკვე 200 წელია რაც ცნობილია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმში მარტო ძირითადი კუნთი ხომ 400-ზე მეტია. განსაზღვრული ტრაექტორიით, ძალითა და სისწრაფით, ადამიანის მარტო ერთი ხელის ამოძრავებისთვის 40 კუნთის ერთდროული და თნხმიერი ამოქმედებაა საჭირო. თითოეული კუნთი მცირე კუნთთა ათასობით კონისგან შედგება, რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, ასევე ათასობით კუნთოვან ბოჭკოს მოიცავს. ასე რომ, მარტოდენ ხელის ასამოძრავებლად დაახლოებით 50 მლნ-მდე კუნთოვანი ბოჭკოს შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რამდენი სადენი, მზომი თუ გამტარია საჭირო ამ ხელის ასამოძრავებლად. ხოლო თუ დენს არა კუნთოვან ბოჭკოებს, არამედ თვით კუნთებს მივუერთებთ, მხოლოდ 40 სადენი დაგვჭირდება. თუმც ამ შემთხვევაშიაც კი ხელოვნურად გამოწვეული ყველა მოქმედება კრუნჩხვით კონვულსიებს დაემსგავსება. თეორიულად ეს განხორციელებადია, მაგრამ პრაქტიკულად ხელოვნურად ამოქმედებული ხელი პარამეტრში რობოტის მექანიკურ მანიპულაციებს დაუთმობს. ჩვენ განვიხილეთ ელემენტარული სამოძრაო ქმედება. რაც შეეხება ტვინის მართვას, თუნდაც ზურგის ტვინისა და, შესაბამისად, ადამიანის მართვას ნერვული სისტემის მამოძრავებელი ცენტრების მეშვეობით, წარმოუდგენლად ძნელია და პრაქტიკულად შეუძლებელი.
რეალურად შეუძლებელია ისეთი ადამიანის "შექმნა", რომლის მართვაც ე. გ. მ.-ის (ელექტრო გამომთვლელი მანქანის) მეშვეობით შეიძლებოდეს. ეს იგივე იქნებოდა, რაც ხელოვნური ადამიანის შექმნა. ადამიანი ხომ ღვთიური შემოქმედების გვირგვინია. ადამიანის შექმნას ღმრთის სიბრძნე და გონიერება დასჭირდა, ამიტომაც, როგორც ღვთის სიბრძნეა მიუწვდომელი, ასევე შეუძლებელია ხელოვნური ადამიანის შექმნაც.
მაგრამ თუ დავუშებთ იმ ვარაუდს, რომ შესაძლოა ჩვენმა შთამომავლობამ მიაღწიოს იმ დრომდე, როდესაც ადამიანთა მართვა ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, სულის ვნება მას მაინც არ შეეძლება, რამეთუ, თუკი სხვა შესძლებს ჩვენს მართვას, ჩვენი ნების წინააღმდეგ ჩადენილი საქმეებისთვის პასუხს აგებს ის, ვინც ასე ბოროტად გვიყენებდა. ჩვენზე აღსრულებული ძალადობა სულის ცხოვნებისკენ გზას არ დაგვიკეტავს, რამეთუ პასუხს ღვთის წინაშე საკუთარი, შეგნებული საქმეებისთვის ვაგებთ.
ეს რომ ასეა, შემდეგი მაგალითითაც მტკიცდება: ღვთის წინაშე უმძიმესი ცოდვაა თვითმკვლელობა. თვითმკვლელი შეგნებულად მოისწრაფებს არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს, არამედ საბოლოო სინანულის შესაძლებლობასაც. ამიტომაც ასეთი ადამიანები ეკლესიური წესით დაკრძალვასა და მოხსენიებას არ იმსახურებენ. მეტიც, მათ ქრისტეანთა სასაფლაოზეც კი არ ასაფლავებენ და მის საზღვრებს გარეთ მიუჩენენ ბინას. მაგრამ არსებობს გამონაკლისი, როდესაც თვითმკვლელს წესსაც აუგებენ, ეკლესიაში მოიხსენიებენ და სხვა გარდაცვლილ ქრისტეანთა შორისაც ასაფლავებენ. ეს გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თვითმკვლელობა შეურაცხად მდგომარეობაში აღესრულა, რამეთუ შეურაცხადმა, თავისი სულიერი დაავადების გამო, არ უწყის რას იქმს და ამიტომაც, ბუნებრივია, მას ეს ცოდვა არ მოეკითხება.
ასე რომ, ჩვენი საქციელის მართვა გარედან, როგორი ხერხებითაც უნდა განახორციელონ, ჩვენი სულის ცხოვნებას ხელს ვერ შეუშლის.
მიკროსქემები კანქვეშ
თანამედროვე ტექნიკაში ინფორმაციის შემნახველი უამრავი სხვადასხვა სახის მოწყობილობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინფორმაციის შენახვის პრინციპით, მოცულობით, პროგრამირების შესაძლებლობებით, ელექტროენერგიით კვების, დამზადების, კონსტრუქციის, გამოყენებისა და სხვა ნიშან-თვისებებით. ასეთ მიკროსქემებში ადამიანზე მთელი ინფორმაციის განთავსებაა შესაძლებელი, კერძოდ, საპასპორტო მონაცემების, სიმაღლის, წონის, თვალების ფერის და თვით სამუშაო ადგილიდან დახასიათების მონაცემების ჩათვლით. შესაძლებელია, აგრეთვე, გარკვეული მასალისგან ისეთი მიკროსქემის კორპუსის შექმნა, რომლის გადანერგვა სხეულის ნებისმიერ ადგილშია შესაძლებელი და რომელიც სხეულისგან არ განიყოფა.
შესაძლებელია ე. წ. პლმ-ის (პროგრამული ლოგიკური მატრიცების) გამოყენება. მისი პროგრამა უცვლელია და ინფორმაციის შენახვისთვის არ საჭიროებს ელექტროენერგიას. ასეთი მიკროსქემების ადამიანთა სხეულებში იმპლანტირებით თავისუფლად შესაძლებელია ადამიანთა გარანტირებული იდენტიფიცირება; ამასთანავე, თუ პლმ-ს მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების საერთაშორისო ნომერ-კოდით დავტვირთავთ და არა ამა თუ იმ ადამიანზე მთელი ინფორმაციით, ეს მოგვცემს მიკროსქემათა ზომების შემცირების შესაძლებლობას და დღესვე გახდის რეალურს მათ იაფფასიან წარმოებასა და გამოყენებას. ამასთან, საჭიროა ყველგან, საზოგადოებრივ ადგილებში დაყენებულ იქნას მრციხველი მოწყობილობები (მაგ.: გადასატანი მეტალოდეტექტორი) და კომპიუტერები, რომლებიც მონაცემთა ბაზას დაუკავშირდება. ამის შემდეგ საკმარისი იქნება მხოლოდ მრიცხველ მოწყობილობასთან შეხება (მაგალითად, ხელით) და გარკვეული იქნება მისი ნომერი, რომლის მიხედვითაც კომპიუტერი დაუყოვნებლივ გასცემს დეტალურ ელექტრონულ დოსიეს, ინფორმაციებით უძრავი ქონების, საბანკო ანგარიშთა ნომრებისა და მათში ფულადი თანხის რაოდენობის შესახებ.
მიკროსქემის კონსტრუქციაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას მისი ამოღების შეუძლებლობა. ე. ი. მისი ამოღების შემთხვევაში ხდება მისი თვითგანადგურება. ამით ისპობა სხვისი მიკროსქემის მითვისების ან მოპოვების შესაძლებლობა. ხოლო, თუკი თავიდან მოვიცილებთ საკუთარს (ვთქვათ, ხელთან ერთად), ეს არაფერს მოგვცემს, რამეთუ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია პირადი ნომრების გარეშეც, სხვა პარამეტრების მიხედვით, რომელთა მოცილება შეუძლებელია (მაგ.: თვალების ფერი, ბადურის გამოსახულება, თითების ანაბეჭდი, თმის სტრუქტურა, ხელწერა, სისხლის ჯგუფი, რეზუს-ფაქტორი, გენეტიკური კოდი და ა. შ.) ნომერ-კოდის არსებობის შემთხვევაში ადამიანის დოსიეს მიღება შესაძლებელი გახდება სულ რამდენიმე წამში.
ასეთი სისტემის დანერგვა უკვე დღესვეა შესაძლებელი. მეტიც, ეგმ-ს მეშვეობით იგი რეალობად იქცა ჯერ კიდევ 80-იან წლებში. დოსიესთვის მონაცემების შეკრება ძალიან სწრაფად ხდება საპასპორტო მაგიდების, მმაჩის, პოლიციის, სამუშაო ადგილების გამოყენებით და, აუცილებლობის შემთხვევაში - სპეცსამსახურების ჩარევით.
ხუთი თაბახის ფურცლის ტევადობის დოსიეში შესაძლებელია როგორც ადამიანის, ასევე მთელი მისი ცხოვრების აღწერა: კომპიუტერული ქსელისთვის ხუთ მილიარდჯერ ხუთი გვერდის დამასხოვრება სრულებითაც არ არის ძნელი. ეს ინფორმაცია შესაძლებელია დაიცვან არა ერთ კომპიუტერში, რომლის განადგურებით მოისპობოდა ყველა ის მონაცემი, არამედ მსოფლიო კომპიუტერული ქსელის ბანკში, რომელიც ათასობით ნაწილად არის დანაწევრებული და ამდენჯერვეა დუბლირებული.
ეს მონაცემები დაცული იქნება ყველგან მსოფლიოში, მაგრამ კონკრეტულად არსად იქნება თავმოყრილი. მათში ინფორმაციის შეყვანა მკაცრად შეზღუდული, ხოლო არასანქცირებული შეჭრისგან მტკიცედ დაცული იქნება და ჩვენ, ყველანი გამონაკლისის გარეშე საკუთარი დოსიეებით შევავსებთ მონაცემთა ამ ბანკს. ჩვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ხელს ვერ შევუშლით ისევე, როგორც ვერ შევძლებთ, მაგალითად, ამოვიღოთ, საპასპორტო მაგიდებიდან, მმაჩიდან-დან, საკადრო განყოფილებებიდან, შემნახველი სალაროებიდან და ა. შ. ჩვენი მონაცემები.
აქ შეიძლება შემოგვედავონ და თქვან, რომ შესაძლებელია, მშობიარემ საკუთარ სახლში გააჩინოს ბავშვი და არ მოახდინოს რეგისტრაცია, არ გააფორმოს არანაირი დოკუმენტი, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს გამოიწვევს სამოქალაქო კანონების დარღვევას, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტამდე მიგვიყვანს და, მეორეც, ისეთ უზარმაზარ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია (ასევე, ნებისმიერ ურბანიზებულ ქვეყანაში - მთარგმნ.) (გაუვალ ტაიგას თუ არ ჩავთვლით), პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
და ბოლოს, რაც მთავარია, ყრმათა და ზრდასრულთა რეგისტრაცია სულაც არ არის ცოდვა. გავიხსენოთ, განა თვით ქრისტემ, რომელიც ბეთლემში დაიბადა, იოსებთან და მარიამთან ერთად კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით აღწერა ნაზარეთში არ გაიარა?! დღეს, ჩვენ, ამ პროცედურას "რეგისტრაციას" ვუწოდებთ და, თუკი ის მართალ იოსებთან და ღვთისმშობელთან ერთად თვით ქრისტეს ჯერ კიდევ სიყრმეში გაუვლია, იგივე რამის გაკეთება ჩვენთვის იქნება საძრახისი?
ადამიანთა იდენტიფიკაცია უკვე დიდი ხანია აღსრულებულია. ჩვენ ყველას გაგვაჩნია პასპორტები, ანუ ჩვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. საზღვრის გადალახვისას ან პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, ან ფულადი გადარიცხვების მიღებისას და სხვა, ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ პასპორტი. ამით შესაძლებლობას ვიძლევით მოახდინონ ჩვენი პიროვნების იდენტიფიცირება და მივაწოდოთ ის ძირითადი ცნობები, რომლებიც დოკკუმენტებშია შეტანილი. ჩვენი პასპორტის სურათი და ნომერი ამავე დროს ჩვენი პირადი ნომერ-კოდიცაა. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ "საკუთარი ნომრები" უკვე მიღებული გვაქვს.
მაგრამ საშინელი და შემაშფოთებელი ამაში არაფერია. პასპორტი ანალოგიური ინფორმაციის შემცველი მიკროსქემითაც რომ შეცვალონ, არსებითად მაინც არაფერი შეიცვლება. ბეჭდები, ლუქები, გენზელი, პირადობის დამადასტურებელი ნაბეჭდურები და ნიშნები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდანვეა ცნობილი. შუასაუკუნეებიდან დღემდე იწერება მინდობილობითი წერილები, მანდატები და ცნობები. ამ საქმეში დიდი ნაბიჯი გადაიდგა ფოტოგრაფიის გამოგონებით. მაგრამ ფოტოსურათი შეიძლება გადაწებებულ იქნეს, შეიძლება შეირჩეს მსგავსი პიროვნებაც, ესეც არ იყოს, თვით ადამიანის გარეგნობაც ხომ იცვლება დროთა განმავლობაში.
ტექნიკური პროგრესი აუცილებლად მოიტანს პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საჭირო და ელექტრობაზე დაფუძნებულ სრულყოფის საშუალებას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებათაგანი დაინერგება ადამიანის პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, რომელიც ფოტოსურათებიან საბუთებს შეიცავს და ამაში საგანგაშო და შემაშფოთებელი არაფერია, რამეთუ ამით მხოლოდ პიროვნების იდენტიფიკაციის ხერხი იცვლება.
პიროვნების იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალება თავისთავად უსაფრთხოა ადამიანისთვის
მიკროსქემის იმპლანტირება შეიძლება შუბლში ან ხელში და ეს რეალურია. მაგრამ ამ მიზნით შესაძლოა ასევე სხეულის სხვა ნაწილების გამოყენებაც. არსობრივად არაფერი შეიცვლება თუკი ინფორმაციის გადაცემა ხდება მრავალგვარი საშუალებით. მეცნიერებისთვის ცნობილია ისტორიუულად ჩამოყალიბებული ათეულობით სისტემა: იეროგლიფები, არაბული ხვეულა, ძველი ლურსმული დამწერლობა, ნაციონალური ალფავიტები, მორზეს ანბანი და სხვა. ამას ემატება ათასობით თანამედროვე, მეცნიერების მიერ შემუშავებული კოდ-შიფრები, თუ ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალებები.
პირადი ნომერ-კოდის შესაქმნელად ნებისმიერი მათგანის გამოყენებაა შესაძლებელი. ჩაწერის მეთოდიც მრავალგვარია: ჩანაწერი კრისტალზე (მიკროსქემაზე), რომელიც შემდეგ შეიძლება იმპლანტირებულ იქნას ადამიანის სხეულზე, ლაზერული (თვალისთვის უხილავი) სვირინგი (ასეთ მეთოდს უკვე მიმართავენ აშშ-ში; დისნეილენდის გასართობ კომპლექსში ამ მიზნით გამოიყენება რიცხვი 666, მას აქ მოსულთ მარჯვენა ხელს ამოუსვირინგებენ - მთარგმნ.), მაგნიტური, ქიმიური (გავიხსენოთ ჩვენი არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა მარჯვენა ხელის მარკირება უკვე ჩვეული მოვლენა გახდა - მთარგმნ.), რადიოიზოტოპური, მექანიკური და სხვა ტატუირება.
ანტიქრისტეს ბეჭდის დასადებად პირობები ყოველთვის არსებობდა. ჯერ კიდევ ძველ სამყაროში მონებს ყადაღას ადებდნენ; კერძოდ, მონას ამოშანთული ან ამოტვიფრული უნდა ჰქონოდა პატრონის ვინაობა. ბოლო ჟამი მაშინ რომ დამდგარიყო, ცხადია, ამავე საშუალებით დადაღავდნენ ადამიანებს ანტიქრისტეს ბეჭდით.
ძველი დროისგან განსხვავებით, დღეს ადამიანის დაღდასმის მრავალი საშუალება არსებობს და უახლოეს მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მათდამი შიშ ამქვეყნად ყველაფრისადმი შიშის ტოლფასია. ნუ გეშინიათ აიღოთ ხელში მეტროს ან ტაქსოფონის მაგნიტური კარდები, რომლებიც ამჟამად ყველა დიდ სამრეწველო ქალაქში ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია, ინფორმაციის მაგნიტური ჩანაწერი გამოყენებულ იქნას ანტიქრისტეს ბეჭდისთვისაც. ნუ გეშინიათ იმ საქონლის შეძენა, რომლის ყადაღაზე მოცემულია საქონლის დასახასიათებელი შტრიხ-კოდი, თუმცა არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ შტრიხ-კოდით მოხერხდეს ანტიქრისტეს ბეჭდის რიცხვის ჩაწერა.
არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვენი სულებისთვის "ამერიკან ექსპრესის" ბარათები, "ვიზა", "მასტერ-კარდი" და სხვა. სულს ვერც ჩვენი, სამამულო წარმოების კარდები დაღუპავს, რამეთუ ეს ჯერ კიდევ არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. სახიფათოა ცოდვა, და არა ნივთიერი საშუალება, რომლის მეოხებითაც შეიძლება გვიბიძგონ მის ჩასადენად. ბოროტად ან სასიკეთოდ ნებისმიერი საგნის გამოყენება შეიძლება: ნაჯახით ქოხსაც ააშენებ, მაგრამ ნაჯახითვე ადამიანს თავს ჭრიან.
"არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი"
რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი? - პასუხი ამ კითხვაზე წმ. წერილში უნდა ვეძიოთ. "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:16-17).
"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე" (გამოცხ. 14:9-10).
შესაძლებელია, რომ "შუბლი" და "ხელი", რომლის შესახებაც არის ლაპარაკი, პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, მაგრამ ასევე დასაშვებია, რომ ისინი აქ გადატანითი მნიშვნელობით გვეძლევა. კერძოდ: შუბლი - როგორც აზროვნების სიმბოლო, ხოლო ხელი - შრომის სიმბოლო. ასეთ შემთხვევაში შუბლზე და ხელზე ბეჭდის დასმა ნიშნავს, რომ ადამიანის აზროვნება, გონება და ქმედება აღიბეჭდება ამ ნიშნით.
განვიხილოთ პირველი შემთხვევა: ფიზიკური ბეჭედი შეიძლება დაედოს ადამიანის შუბლს და ხელს, რაც ტექნიკურად მეტად ადვილია. მაგალითად: კოსმოსური თანამგზავრის დედამიწის ირგვლივ სულ რამდენიმე შემოვლაა საკმარისი, რათა უხილავი სხივით მთელი დედამიწის მოსახლეობის სკანირება მოახდინონ; ამ სხივის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ადამიანები დაღდასმულია ამ ბეჭდით, რომელსაც სულ რამდენიმე დღის განმავლობაში დედამიწის მთელი მოსახლეობა მიიღებს, თანაც ისე, რომ არაფერი ეცოდინება ამის შესახებ, მაგრამ რითი გვემუქრება? პასუხისთვის კვლავ წმ. წერილს მივმართოთ:
"ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4). ცხადია, რომ ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ასეთი საყოველთაო დადაღვა არასოდეს მოხდება, რამეთუ წმ. წერილის საწინააღმდეგოდ, სამყაროს აღსასრულამდე დარჩებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თავი აარიდონ ამ ბეჭედს, რადგან ღმრთისგან ჩვენ, ყოველ ადამიანს, მოგვენიჭა თავისუფალი ნება, ამიტომაც, სულის წარწყმედა თუ ცხოვნება ამ თავისუფალი არჩევანით ძალგვიძს.
ეშმაკს არ შეუძლია წაგვართვას თავისუფალი ნება. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში სატანა მხოლოდ იმას ახერხებს, რომ აცდუნებს, არწმუნებს, ითანხმებს, აქეზებს კაცთა მოდგმას, ჩაიდინოს ცოდვა, მაგრამ ამ უფსკრულში ძალდატანებით ჩვენი დანთქმა მას არ ძალუძს; მას მხოლოდ მცირედმორწმუნე და უნებისყოფო კაცთა წარწყმედა შეუძლია, რომლებიც ნებაყოფლობით ემორჩილებიან ეშმაკს. ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით რომ შესძლებოდა კაცთა წარწყმედა, კაცობრიობის ისტორია დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა. მაშასადამე, თავისუფალი ნება მაშინაც შეგვინარჩუნდება, როცა ანტიქრისტე მოვა.
ანტიქრისტეს ბეჭედს ადამიანი მხოლოდ თანხმობით მიიღებს, რისკენაც მას ყოველგვარი საშუალებით წააქეზებენ ან აიძულებენ. ხელზე და შუბლზე მიღებული ანტიქრისტეს ბეჭედი განამტკიცებს ადამიანის კავშირს ანტიქრისტესთან. ეს, ფაქტობრივად, სულის გაყიდვა იქნება. მაგრამ თუ ნებაყოფლობითობის პრინციპი დაირღვა, ეს უკვე შეთანხმება აღარ იქნება. ნებისმიერ ბეჭედს ხომ დოკუმენტის გარეშე აზრი ეკარგება. ანტიქრისტეს ბეჭედი თუკი ის ადამიანის თანხმობის გარეშე დაისმება, რაღა ძალა ან აზრი ექნება?
ესეც ვიკითხოთ, როგორ აიძულებენ ადამიანებს მიიღონ ეს ბეჭედი? წმ. მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ შეუძლებელი იქნება რაიმეს ყიდვა ან გაყიდვა ამ ბეჭდის გარეშე, მაშასადამე, ის, ვინც ბეჭედზე უარს იტყვის, მაძღარ და ჩაცმულ-დახურულ, ოღონდ დაღდასმულ უმრავლესობაში იქნება მიუსაფარი, შიშველი, მშიერი და უსახლკარო. რა თქმა უნდა, ამასაც არ აკმარებენ - მას მიაგებენ უამრავ სხვა სატანჯველს, თვით სიკვდილით დასჯასაც კი, მაგრამ ვინც გაუძლებს და დაითმენს ამ ჭირვებას, ის ცხონდება.
მაშ, სამყაროს აღსასრულსა და ანტიქრისტეს ბეჭდის მოლოდინში პანიკას არ უნდა მივეცეთ: როდესაც ამისი დრო მოვა, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას არა ერთხელ და ორჯერ შემოგთავაზებენ, არამედ მრავალჯერ, - დაყვავებითაც და დაშინებითაც.
ბეჭდის უარმყოფელთათვის სატანჯველები და სასჯელები გამრავლდება. ჩვენ არ ვიცით როდის მოხდება ეს - "არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთა" (საქმე 1:7) და როგორი ხერხებით განხორციელდება ეს, მაგრამ ამის ცოდნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, აღსრულდება თუ არა იგი ჩვენგან გაცნობიერებულად და ჩვენი თანხმობით.
უარესი რომ არ შეგვემთხვეს, უნდა გვეშინოდეს ღმრთისა და მაშინ, უფალი ჩვენში დამკვიდრდება, ხოლო თუკი ღმერთი იქნება ჩვენთან, ჩვენთვის საშიში არ იქნება არც ანტიქრისტე და არც მისი ბეჭედი: "ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს" (ებრ. 2:18).
წყარო: ძველმართლმადიდებლური გამოცემა: "Духовные ответы". Москва 1997 г. |
|