ანტიქრისტე

რომელია მხეცის რიცხვი - 666 თუ 616?
აპოკალიფსისის ტექსტის მორიგი ფალსიფიკაცია
დეკანოზ ოლეგ სკნარის სტატიის "Самое страшное число" ("ყველაზე საშინელი რიცხვი") კრიტიკული კომენტარი

ავტორი: მღვდელმონაზონი სერგი (ტროიცკი)

"ერთია გზა, რომელიც ყველა თვალხილულისთვის მისაწვდომია და რომელიც განათებულია ზეციური ნათლით;
თუმცა ბევრია გზა ჩაბნელებული და უდაბური; პირველი ცათა სასუფევლის გზაა,
რომელიც ადამიანს აერთებს ღმერთთან, ხოლო მეორე - სიკვდილისა,
რომელიც ადამიანს ღმრთისგან განაშორებს"

მღვდელმოწმ. ირინეოს ლიონელი. "სამოციქულო ქადაგების ჭეშმარიტება"

სულ ახლახან, საიტზე oтрок.ua გამოჩნდა საინტერესო სტატია, რომელიც თემატიკისა და მასალის მიწოდების თვალსაზრისით საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ საშიშია ხასიათისა და აპოკალიფსისის განმარტების მეთოდიკის მხრივ. ეს არის მამა ოლეგ სკნარის პუბლიკაცია "ყველაზე საშინელი რიცხვი", რომელსაც გააჩნია პრეტენზია "ფარდა ახადოს" აპოკალიფსური მხეცის რიცხვს. სინამდვილეში ეს სტატია უარყოფს ეკლესიის სწავლებას, ანგრევს აპოკალიფსისისადმი, როგორც საღმრთო წერილისადმი დამოკიდებულებას და ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის ცნობიერებასა და ტრადიციას.

მოცემულ თემატიკაზე გამოქვეყნებულ სტატიათა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ და არც თუ მცირედი შეშფოთებით, რომ მრავალ ადამიანში და თვით სასულერო პირებს შორისაც კი, არსებობს ერთგვარი ბუნდოვანება ანტიქრისტეს რიცხვთან დაკავშირებით. გამონათქვამებსა თუ სტატიებში ხშირად ჭარბობს ავტორთა "კერძო შეხედულება", რომელმაც "ცრუ აზროვნების" ერთგვარი მიმართულებაც კი მიიღო; ამასთან დავიწყებულია ის უმთავრესი ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ეკლესიაში დიდი ხანია არსებობს საკმაოდ მკაფიო სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით, წმიდა მამათა კონსენსუსი.

წმიდა წერილის  განმარტების ჰერმენევტიკული მეთოდი, რომელიც წმიდა მამათა განმარტებას ავტორიტეტულ წყაროთა კატეგორიაში არ აყენებს და მას მხოლოდ მეორე ხარისხის როლს ანიჭებს სხვა პრინციპებთან და მიდგომებთან შედარებით, თანამედროვე კათოლიციზმისა და პროტესტანტული ჰერმენევტიკის პირდაპირი ზეგავლენის შედეგია.  მაგრამ ამგვარი ჰერმენევტიკული პრინციპი საერთოდ მიუღებელია მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომელიც ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებისას უმთავრეს ყურადღებას წმიდა წერილის სულიერ-საიდუმლო მნიშვნელობას და სოტერიოლოგიას (ბერძნ. "ცხოვნება". სწავლება მაცხოვრის ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვის შესახებ - რედ.) აქცევს. ის უპირველეს ყოვლისა ეყრდნობა არა ტექსტის ისტორიასა და არქეოლოგიას, არამედ წმიდა მამათა ეგზეგეზას. მართლმადიდებლურ ჰერმენევტიკაში ისტორია და არქეოლოგია, ასევე ლინგვისტიკა მხოლოდ დამხმარე როლს თამაშობენ და მხოლოდ წმიდა ტექსტის აზრობრივ ნიუანსებს აზუსტებენ. ზუსტად ასევე ორიგინალის ტექსტის "რესტავრირების" ყოველი მცდელობა დაცული თუ ახლადაღმოჩენილი ხელნაწერების მიხედვით ყოველთვის როდია მისაღები, რამდენადაც ზოგიერთ შემთხვევაში ამას წმიდა წერილის კანონიკური ტექსტის საშიშ კრიტიკამდე მივყავართ. თუ "აღდგენილი" ტექსტი ცვლის წმიდა წერილის კანონიკურ და ეკლესიის მიერ აღიარებულ ტექსტს, ამახინჯებს მის აზრს, ასეთი "მეცნიერული კომპილაციები" შეუძლებელია მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მიღებულ იქნას, რადგან ის ეწინააღმდეგება მის ორიათასწლოვან ცნობიერებას, მის სარწმუნოებას, მაშასადამე მოციქულთა რწმენას.

ჩვენ შემთხვევით როდი წავუმძვარეთ ჩვენს სტატიას წმ. მღვდელმოწ. ირინეოსის სიტყვები. მათში გადმოცემულია მაცხოვნებელი სარწმუნოებისთვის მნიშვნელოვანი და დაუმახინჯებელი ხატი, რომელიც ახალი აღთქმის წმიდა წერილში არაერთხელ გამოიყენება. ეს ხატი გამოსახულია იმ ჭეშმარიტებაში, რომ - გზა ერთია! წმ. ირინეოსი, რომელიც წმ. პოლიკარპე სმირნელის უშუალო მოწაფე იყო, შეგვახსენებს, რომ რწმენის გზა ნიშნავს ცხოვრების სიწმიდეს და ღმრთის ჭეშმარიტ შემეცნებას, რომელიც გამოცხადების შესატყვისია. მაგრამ, გამოცხადება, ისევე როგორც წმიდა წერილის ჭეშმარიტი აზრი, სწორად და დაურღვევლად მხოლოდ ეკლესიაში ინახება, იქ სადაც არის ცოცხალი გადმოცემა (Adversus haereses III, 2. 1-2). ამიტომაც არიან წმიდა მამები სამოციქულო სარწმუნოების, მოციქულთა გადმოცემების სარწმუნო და ასეთი ცოცხალი გამომხატველები.


როდის დაიწერა გამოცხადება - 95 თუ 68 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით?
უხეში შეცდომა აპოკალიფსისის დაწერის თარიღის განსაზღვრაში


იოანე ღვთისმეტყველის მიერ გამოცხადების დაწერის თარიღად მიღებულია იმპერატორ დომიციანეს მიერ კუნძულ პატმოსზე მისი გადასახლების პერიოდი. სწორედ ამ დროს უჩვენებს წმ. მღვდელმოწ. ირინეოსიც: "გამოცხადება ჩვენს დრომდე არცთუ დიდი ხნის წინათ იყო, თითქმის ჩვენს საუკუნეში, დომიციანეს მმართველობის ბოლო წლებში" (ირინეოსი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. V, XXX, 3; ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. III, 18; V, 17).

იმპერატორ დომიციანეს მმართველობამ, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 81-96 წლებს განეკუთვნება, დაასრულა ფლაბიოსთა დინასტიის მმართველობის ისტორიის ბრწყინვალე ფურცლები. დინასტიის მმართველობა რომში დაიწყო 69 წლის 20 დეკემბერს, როდესასც იმპერატორად ვესპასიანე აღიარეს. რატომ და როგორ ვითარებაში გადაასახლეს იოანე ღვთისმეტყველი კუნძულ პატმოსზე ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, რადგან მთელი მმართველობის განმვალობაში დომიციანეს სპეციალურად ქრისტეანები არ უდევნია. ცნობილია მხოლოდ იმ იუდეველთა დევნა, რომლებიც იმპერატორის მმართველობის ბოლო წლებში უარს ამბობდნენ ტაძრის ასაშენებლად საჭირო გადასახადების გადახდაზე, რაც ცნობილია fiscus judeicus-ის სახელწოდებით. ტაძარი, რომელიც უნდა აეშენებინათ იყო არა ტიტუსის მიერ ჩვ. წ. 70 წელს დანგრეული იერუსალიმის, არამედ იუპიტერის ტაძარი რომში.

მოგვიანებით ამავე იმპერატორმა გამოსცა განკარგულება ყველა იმ პიროვნების დევნის შესახებ, ვინც იუდეველურ რელიგიას მიჰყვებოდა და არ გააცხადებდა მისდამი თავის კუთვნილებას. ვ. ვ. ბოლოტოვი გვაუწყებს ასეთ მნიშვნელოვან დეტალს: დევნა-შევიწროებას ექვემდებარებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებდა იუდეველობას და წინასწარ არ გააცხადებდა ამის შესახებ (improfessi). ამ ფისკალურ ღონისძიებას ექვემდებარებოდნენ ქრისტეანებიც, რომლებიც ერეოდათ იუდეველებში, ასე რომ, სრულიად შესაძლებელია უსიამოვნო ფისკალური ღონისძიება მუდმივად ეხებოდა ქრისტეანთ".

ქრისტეანებზე, როგორც იუდეველთაგან განსხვავებული რელიგიური ჯგუფზე, დევნა-შევიწროება იმპერიის ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დომიციანეს მმართველობის ბოლო რვა თვეში განხორციელდა. და ისიც იმიტომ, რომ ამ დროისთვის, როგორც ვ. ვ. ბოლოტოვი მიიჩნევს, "გამორკვეულ იქნა, რომ ქრისტეანთაგან მრავალნი არასემიტური წარმომავლობისა იყო და, რომ ქრისტეანობა ძირითადად არსებობდა პროზელიტიზმის ხარჯზე". სრულიად სავარაუდოა, რომ დომიციანეს მმართველობის სწორედ ამ ბოლო პერიოდში შეეხო დევნა მოციქულ იოანეს და ისიც კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს.

აქედან გამომდინარე, გამოცხადების წიგნი ("აპოკალიფსისი"), მოციქულმა იოანემ დაწერა არა უადრეს 8 თვისა იმპერატორ დომიციანეს მკვლელობამდე, რომელიც 96 წლის 18 სექტემბერს მოკლეს, ამიტომაც გამოცხადების წიგნის დაწერის თარიღად ჩვენი წელთაღრიცხვის 96-ე წელი უნდა მივიჩნიოთ. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის შეიძლებოდა დაწერილიყო 95 წლის მიწურულს (Χαραλάμπους Δ. Βασιλοπούλου, Αρχιμανδρίτου. Αποκάλυψις εξηγημένη. Εκδ. Ορθόδοξος Τύπος. Αθήναι. 1991, τόμ.1, σ. 40). და თუ გავითვალისწინებთ, რომ წმ. მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი იმპერატორ მარკუს ავრელიუსის დროს ლიონის ეკლესიის პრესვიტერი იყო, ხოლო 177 წ., ეპისკოპოს პოფინეს გარდაცვალების შემდგომ, ლიონის ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს, ხოლო თავისი წიგნი "მწვალებლობატა წინააღმდეგ" (Adversus Haereses) მან დაახლოებით 180-182 წლებში დაწერა (Прот. П. Преображенский. О святом Иринее Лионском и его сочинениях.//Св. Ириней Линский. Творения. СПб. 1900, с. 15 См. Catholic Encyclopedia. Encyclopedia Press, 1913. http://oce.catholic.com/index.php?title=Apocalypse სადაც ევსები კესარიელის "ისტორიის" ცნობებზე დაყრდნობით ეს თარიღი დასტურდება ((Hist. Eccl., III, 18)), მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი. Piene sub nostro saeculo ad finem Domitiani imperii" (Adv. Hair., V. 4), ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "Quarto decimo anno, secundam post Neronem persecutionem movente Domitiano, in Patmos insulam relegatus, scripsit Apocalypsim" (Ex libro de Script. Eccl)), მაშინ მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ "გამოცხადება ჩვენს დრომდე არცთუ დიდი ხნის წინათ იყო, თითქმის ჩვენს საუკუნეში, დომიციანეს მმართველობის ბოლო წლებში" (ირინეოსი. მწვალებლობათა წინააღმდეგ. X:30; ევსები კესარიელი. ეკლესიის ისტორია. III, 18; V, 17), რაც შეუძლებელია მას ეთქვა იმ დროს, რა თარიღსაც მამა ოლეგი გვთავაზობს, ანუ 68 წელს ჩვენი წელთაღრცხვით.

ამგვარად, მამა ოლეგის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ "გამოცხადების წიგნის დაწერა დასრულდა 68 წ., როდესაც რომის საიმპერატორო ტახტზე ჯერ კიდევ გალბა იყო...", საშინელი ანაქრონიზმია და აბსოლუტურად არ შეესაბამება ეკლესიის გადმოცემას გამოცხადების დაწერის თარიღის შესახებ.

უფრო მეტიც, მამა ოლეგის სიტყვებს იმის შესახებ, რომ გამოცხადების დაწერა "დასრულდა" უცილობლივ მივყავართ იმ აზრთან, რომ ის ჩაწერილი გამოცხადება კი არ არის, რომელიც ზეცითგან ებოძა მოციქულ იოანეს, არამედ "შემოქმედებითი ღვაწლის შედეგი". მოცემული აზრი სხვა არაფერია თუ არა მკრეხელობა. მის უარსაყოფად ჩვენ კიდევ არაერთხელ დავიმოწმებთ თვით წმ. იოანე მახარობელს.

"მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი, რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში" (გამოცხ. 1:9-11).


იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების რვა მეფე (გამოცხ. 17)


თავის სტატიაში მამა ოლეგი საკმაოდ გატაცებულია ისტორიული განმარტებებით და აპოკალიფსისის რვა მეფის განმარტებით, რომელთაც აიგივებს ცნობილ რომაელ იმპერატორებთან, ოქტავიანე ავგუსტუსიდან მოყოლებული მარკოზ სალვიუს ოტონით (Marcus Salvius Otho -  რომის იმპერატორი 69 წლიდან) დამთავრებული. ასეთი ეგზეგეტიკური რაკურსი, ნამდვილად მომხიბლავი და საინტერესოა. მაგრამ, რამდენად ჭეშმარიტი და საიმედოა იგი? ამ შეკითხვის პასუხს გაგვცემენ ეკლესიის ის მამები, ვინც აღიარებული ავტორიტეტია აპოკალიფსისის განმარტებაში, ასევე გამოცხადების 17-ე თავის ყურადღებითი შესწავლა და მისი ტექსტოლოგიური კონტექსტი. ერთ ერთი ამგვარ მამათაგანია ღირ. ანდრია კესარიელი და წმ. არეთა კესარიელი. ჩვენ წინდაწინვე უნდა გავაკეთოთ მცირედი შენიშვნა ეკლესიის ამ მამებთან დაკავშირებით. ისინი სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ, ანდრია კესარიელი ცხოვრობდა V-VI საუკუნეების მიჯნაზე, ხოლო არეთა IX-X საუკუნეებში.

მართლმადიდებლური ეკლესიის ეს ორი ავტორიტეტული ეგეზეგეტიკოს-ჰერმენევტიკოსი იოანეს აპოკალიფსისს უპირველეს ყოვლისა უყურებდნენ როგორც ღმრთის გამოცხადებას და მას მისტიკურ-წინასწარმეტყველურ წიგნად განიხილავდნენ, რომელშიც საიდუმლო-სიმბოლური სახით გახსნილია ის, რაც "უნდა მოხდეს მალე", ანუ ქრისტეს ეკლესიისა და მთელი მსოფლიოს მომავალში. თავისი გრანდიოზული შრომის დასაწყისში წმ. ანდრია კესარიელი წერს: "მე ვიცოდი, რომ წმინდანის მიერ ნანახი საიდუმლოს განმარტება, რომელიც მომავალში უნდა აღსრულდეს, მხოლოდ საღმრთო სულით განათლებული ((καὶ τῷ θείῳ Πνέυματι πεφωτισμένης)) უდიდესი გონის საქმეა ((εἰδώς μεγάλης τοῡτο εἶναι διανοίας) (Толкование на Апокалипсис святого Андрея, архиепископа Кесарийского. М. Правило веры. 2009, с. 16, PG. 11, p. 217).

წმიდა წერილი ტექსტი, იმავე წმ. ანდრიას თქმით, შესაძლოა სამი მიმართულებით განიმარტოს: ისტორიული (წარსული), სულიერ-დამრიგებლური (იგავები, მოძღვრებანი და დარიგებანი) და სულიერ-სიმბოლური (მომავალი, წინასწარმეტყველებანი) გაგებით. ამ უკანასკნელის წვდომა, შესაძლოა მხოლოდ "შემეცნებაში სრულყოფილთათვის" (Толкование на Апокалипсис святого Андрея, архиепископа Кесарийского. М. Правило веры. 2009, с. 17), რომელთაც სრულ უვნებობას, სულიერ სიმშვიდეს და მადლისმიერი განღმრთობის ნეტარ მდგომარეობას მიაღწიეს.

გამოცხადების 17-ე თავში მოხსენიებულ ათ მეფესთან და მერვესთან ("რომელიც იყო და არ არის") დაკავშირებულ, ისტორიულ განმარტებასთან დაკავშირებით, მამა ოლეგი რომ გვაძლევს, უნდა ითქვას შემდეგი: მამა ოლეგი გვაძლევს წმიდა წერილის მოცემული ადგილის არასწორ ისტორიულ ხედვას თუნდაც იმიტომ, რომ გამოცხადების დაწერის თარიღად გვთავაზობს იმპერატორ ნერონის, გალბასა და ოტონის პერიოდს, მაშინ როდესაც, როგორც უკვე ვაჩვენეთ, თვით გამოცხადება მოციქულ იოანეს მიეცა დომიციანეს იმპერატორობის ბოლო თვეებში, ანუ ოცდაათი წლით გვიან.

თვით წმ. ანდრია კესარიელი მანამ სანამ 18-19-ე მუხლების საკუთარ კომენტარს შემოგვთავაზებდეს, შენიშნავს: "სულიერი სიბრძნე საჭიროა, რათა გავიგოთ ის, რაზეც სულიერად არის ნათქვამი". ანუ აპოკალიფსისში აღწერილი მოვლენები არ გულისხმობენ ტექსტის ისტორიულ (წარსულ დროში) წაკითხვას, არამედ მხოლოდ სულიერ-სიმბოლურ, ანუ წინასწარმეტყველურ პლანში უნდა იქნეს გაგებული. ამიტომაც შვიდ მთაზე შემოდგმული ბაბილონი - ეს რომი კი არ არის, არამედ ბოლო ჟამის "მსოფლიოს მბრძანებლის" სიმბოლური ხატი, ანტიქრისტეს სამეფოს მსოფლიო დედაქალაქი, რომელიც "დაისჯება უსჯულოებისთვის"(იქვე. გვ. 185-186).

ხოლო "მხეცს" იოანე ღვთისმეტყველი იმ იმპერატორს კი არ უწოდებს, რომელიც "საშიშროებას წარმოადგენდა იმპერატორ ოტონისთვის", არამედ თვით ანტიქრისტეს. "მხეცი არის ანტიქრისტე; მას "მერვე" ეწოდება, რადგან აღსდგება კაცთა საცთუნებლად და დედამიწის მოსაოხრებლად შვიდი მეფის მეფობის შემდგომ. და მოვა ის, როგორც რომის მეფე... იმათ დასაღუპად ვინც მას არ დაემორჩილება, შემდეგ კი წარსაწყმედელში წავა" (იქვე. გვ. 190). ანუ, წმ. ანდრიას მიხედვით შვიდი მეფე ეს შვიდი სახელმწიფოს მეფენი არიან, რომლებიც მსოფლიო იმპერიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ყოველი მათგანი წინ უსწრებს ანტიქრისტეს მეფობასა და იმპერიას.

ზოგიერთი მათგანი ცნობილი იმპერია იყო, რომელიც ბიბლიაშიც არის მოხსენიებული, ესენია: აშურელთა, სპარსთა, ბაბილონის, ბერძნების და რომაელთა. ამიტომაც შვიდი მთა და აპოკალიფსისის შვიდი თავი - ეს ის შვიდი მთა კი არ არის, რომი რომ დგას, არამედ ის ადგილებია, რომლებზეც "სხვადასხვა დროს მსოფლიო იმპერიები აღმოცენდნენ" (იქვე. გვ. 187).

ამრიგად, აპოკალიფსისის 17-ე თავის არასწორი, ისტორიული ინტერპრეტაცია წარმოადგენს შედეგს იმისა, რომ ა) უარყოფილია წმიდა ტექსტის მოცემული ადგილის სულიერ-მისტიკური, საიდუმლო აზრი, ბ) უგულებელყოფილია წმიდა მამათა ავტორიტეტული მოწმობანი გამოცხადების წიგნის დაწერის თარიღთან დაკავშირებით.


წმ. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი და მისი კომენტარი მხეცის რიცხვთან დაკავშირებით

მამა ოლეგი თავის სტატიაში უპირატესობას აპოკალიფსისის ისტორიულ (წარსულ) წაკითხვას აძლევს, რაც მეთოდოლოგიის აშკარა შეცდომაა. გამოცხადების 13-ე თავის ტექსტოლოგიური სხვაობის მიზეზების გამორკვევისას ავტორი უგულებელყოფს წმ. ირინეოს ლიონელის ავტორიტეტს, არ იმოწმებს მის არგუმენტაციას და განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უჭერს მხარს ეკლესია გამოცხადების 13-ე თავის იმგვარ წაკითხვას, რაც დღეს არის მიღებული, კერძოდ რატომ მიიჩნევს ის "მხეცის რიცხვად" 666-ს (χξς) და არა 616-ს (χις).

არადა, წმ. ირინეოს ლიონელის ავტორიტეტი ისტორიულადაც ყოველთვის დიდი იყო ეკლესიისთვის და ეს დაკავშირებული იყო მის განსაკუთრებულ საქმიანობასთან - წმ. ირინეოსი იყო გნოსტიციზმისა და მწვალებლობების მამხილებელი. გარდა ამისა, ის აღიაზრდა მცირე აზიაში მღვდელმოწ. პოლიკარპე სმირნელთან (Adversus haereses IV, 27.1 τοῑς τελειοτέροις περὶ τὴν γνῶσιν θεόθεν) და სხვა პრესვიტერებთან, რომლებიც მოციქულებს პირადად იცნობდნენ (Бл. Иероним Стридонский, Epist. 75 ad Theodor. viduam).

"წმ. ირინეოსის ეს ურთიერთობა პოლიკარპესთან და პრესვიტერებთან, - წერს ცნობილი პატროლოგი ნ. ი. საგარდა, - საკმაოდ მნიშვნელოვანია წმ. ირინეოსის მოწმობათა ღირსებაზე მსჯელობისას" (Лекции по патрологии, с. 379). წმ. წერილის განმარტების პლანში წმ. მღვდელმოწ. ირინეოსს, როგორც წმ. პოლიკარპეს მოწაფეს, ჩვენამდე მოაქვს არა თავისი პირადი აზრები და კომენტარები, არამედ მოციქულთა სარწმუნოება. როგორც წმ. პოლიკარპე "ყოველთვის ასწავლიდა იმას, რაც მოციქულთაგან გაეგო და რასაც ეკლესია ასწავლიდა", ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ ზუსტად იმავეს ასწავლიდა და გადმოსცემდა წმ. ირინეოს ლიონელიც. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ წმ. პოლიკარპე დამოძღვრილი იყო მოციქულთა მიერ, "მოციქულებმა დაასხეს მას ხელი ასიაში სმირნის ეკლესიის ეპისკოპოსად" და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეც იყო. ანუ, წმიდა წერილის განმარტების ტრადიცია, მითუმეტეს იოანეს გამოცხადებისა, რომელიც მან პატმოსზე გადასახლების დროს მიიღო და ჩაწერა, მცირე აზიის ეკლესიებში მტკიცედ ეფუძნებოდა თვით სიყვარულის მოციქულის გადმოცემას. იგივე სამოციქულო ტრადიცია დაიმკვიდრა და დაიცვა წმ. ირინეოს ლიონელმაც.

ამიტომაც წმიდა წერილის მისი კომენტარები აუცილებელია განვიხილოთ როგორც სამოციქულო რწმენისა და ტრადიციის უეჭველი გადმოცემა. თვით წმ. ირინეოსის ღმრთისმოშიში და მოწიწებული დამოკიდებულება მოციქულთა გადმოცემასთან უსაფუძვლო როდია, რადგან მისი ღრმა რწმენით: "ჭეშმარიტების შემრყვნელებს უფალი მარადიულ ცეცხლს მოუვლენს" (dversus haereses III, 4. 2). ანუ ის, ვინც მოციქულთა სარწმუნოებას და გადმოცემებს შერყვნის გადაიხრება "სარწმუნოების გზიდან" და იმ ბნელ გზას დაადგება, რომელსაც წარწყმედამდე მიჰყავს ადამიანი.

გამომდინარე იქიდან, რომ წმ. ირინეოს ლიონელს არა ზოგადად, არამედ ზუსტად მოაქვს ჩვენამდე საღმრთო ჭეშმარიტება მის ყოველ კერძო გამოვლინებაში, შესაბამისად უნდა მოვეკიდოთ ესქატოლოგიური შინაარსის მქონე მის კომენტარებს, რომლებიც ეხება: სამყაროს აღსასრულს, ანტიქრისტეს, მისი სახელის რიცხვს, ქრისტეს მეორედ მოსვლას, მიცვალებულთა აღდგომას და ა. შ.

ა) წმ. ირინეოს ლიონელის სწავლება ანტიქრისტეს შესახებ

ანტიქრისტეს შესახებ წმ. ირინეოსის სწავლება გადმოცემულია მეტად შემჭიდროვებული სახით მისი წიგნის ("მწვალებლობათა წინააღმდეგ") V ნაწილის 28-29-ე თავებში, რომელიც სრული სახით მხოლოდ ლათინურ თარგმანში შენარჩუნდა. ანტიქრისტეს შესახებ სწავლებაში წმ. ირინეოსი ეყრდნობა გამოცხადებას და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებს, თუმცა შეცდომით განსაზღვრავს მისი მოსვლის თარიღს "ღმრთის მიერ სამყაროს შექმნიდან ექვსი ათასი წლის გასვლის შემდეგ". წმ. ირინეოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მისი მოსვლა იქნება ღმრთის დაშვებით "თავის დროზე" (Adversus haereses. V., XXIX. 1).

ეს საღმრთო დაშვება მთელი კაცობრიობისთვის აუცილებელია, რათა ხორბალი გამორჩეულ იქნეს ბზისგან, ანუ კეთილი ადამიანები - ბოროტთაგან და ჭირვებათა გავლით რჩეულნი მოამზადოს ცათა სასუფეველისთვის. "ამიტომაცო, - ხაზს უსვამს წმ. ირინეოსი, - მართალთავის აუცილებელია ჭირი და დევნულება, რათა განსაცდელთა მიერ გამოხურვებულნი და განწმენდილნი, მოთმინებასა და რწმენაში განმტკიცებულნი ღირსეულნი იქნენ სამეფო ქორწილისთვის" (Adversus haereses. V., XXVIII. 4).

რაც შეეხება თვით ანტიქრისტეს, წმ. ირინეოს ლიონელის სწავლებით, ის იქნება ყოველგვარი ბოროტების განსახიერება, რომელიც კი ოდესმე ყოფილა დედამიწაზე და "აღადგენს საკუთარ პიროვნებაში მოუყრის თავს მთელს ღმრთისგანდგომილებას" (იქვე, 28, 2).

"ის იქნება ყოველგვარი მზაკვარებისა და უკეთურების აღდგენა და განსახიერება, რათა მთელი უსჯულოება და ღმრთისგანდგომილება, რომელიც ამ ერთ ადამიანში მოიყრის თავს, საბოლოოდ ცეცხლის გეჰენაში იქნეს შთაგდებულ". ის დაჯდება "ღმრთის ტაძარში" (იქვე), "იერუსალიმის ტაძარში" (იქვე), რათა "ცდუნებულმა კაცობრიობამ თაყვანი სცეს მას როგორც ქრისტეს". ანტიქრისტეს დროს კაცობრიობა ასე მწარედ იმიტომ ცდუნდება, რომ უარყოფს სახარებისეულ ჭეშმარიტებას, "არ მიიღებს ღმრთის სიყვარულს" (იქვე) და მიიდრიკება ყოველგვარი სიცრუისკენ და უსამართლობას შეიყვარებს.

ანტიქრისტე - ეს არის მხეცი, რომელიც გამოცხადებაში გამოხატულია "ჯიქის" სახით, რომელიც ძალუფლებასა და ტახტს გველისგან, ანუ ეშმაკისგან მიიღებს. ანტიქრისტე მრავალგვარი "დიდი ნიშებითა და სასწაულებით" აცდუნებს ადამიანებს (იქვე). მას ეყოლება თავისი წინამორბედი და "მეიარაღე" - ცრუწინასწარმეტყველი, "რომელიც პირველი მხეცის ძალით იმოქმედებს" (იქვე). მის მსახურ დემონთა და დაცემულ ანგელოზთა შემწეობით აღასრულებს ის ათასგვარ ცრუსასწაულს (იქვე). სწორედ ის "უბრძანებს გააკეთონ მხეცის ხატი და აამეტყველებს მას"; სწორედ ის დაიწყებს კაცობრიობის აღბეჭდვას ანტიქრისტეს ბეჭდით და ყველას მიაღებინებს მას "მარჯვენა ხელსა და შუბლზე" (იქვე). ეს ბეჭედი, ანუ გამოსახულება იქნება სწორედ ანტიქრისტეს სახელის რიცხვი, ანუ - χξς (666). მაგრამ ანტიქრისტეს მეფობა დედამიწაზე ხანმოკლე იქნება. "როდესაც მტარვალი ყოველივეს გააპარტახებს დედამიწაზე, სამი წელი და ექვსი თვე იმეფებს".

ანტიქრისტეს მოსლვა კაცთა მოდგმის ისტორიას თავის ბოლო, დამამთავრებელ სტადიაში შეიყვანს. როგორც წმ. ირინეოსი წერს, "ეს იქნება მართალთა უკანასკნელი ბრძოლა, რომელშიც ვინც გაიმარჯვებს უკვდავებასა და მარადიული ნეტარებას დაიმკვიდრებს" (იქვე. 29, 1).


ბ) ანტიქრისტეს რიცხვისა და ამ რიცხვის სიმბოლიკის შესახებ


ამრიგად, გადმოსცემს რა წმიდა წერილის სწავლებას ანტიქრისტესა და მისი წინამორბედის შესახებ, რომელიც იქნება ცრუწინასწარმეტყველი და ცრუმოძღვარი, წმ. ირინეოსი იმოწმებს გამოცხადებას, ცრუწინასწარმეტყველის მიერ ანტიქრისტეს სახელით კაცობრიობის აღბეჭდვის შესახებ: "და მიეცემა ყოველს ბეჭედი იგი შუბლსა და მარჯვენა ხელზე... და რიცხვი მისი სახელისა - ექვსას სამოც და ექვსი".

აქაც წმ. ირინეოსი სიმბოლურად განმარტავს ანტიქრისტეს სახელის რიცხვს, ანუ 666-ს და ამბობს: "ანუ ექვსჯერ ასი, ექვსჯერ ათი და ექვსი ერთეული, რათა აღადგინოს მთელი განდგომილება, რომელიც იყო მთელი ამ ექვსი ათასწლეულის განმავლობაში იყო" (იქვე. 28, 2). განსაზღვრავს რა სამყაროს არსებობის ჩარჩოებს ექვსი ათასი წლით, წმ. ირინეოსი 666-თან მთელს იმ ბოროტებასა და ღმრთისგანდგომილებას აკავშირებს, რომელიც კი ღმრთის მიერ სამყაროს გაჩენის დღიდან ამ ექვსი ათასწლეულის განმავლობაში აღსრულებულა.

ჩვენ არ შევჩერდებით წმ. ირინეოსის მცდარ თეორიაზე და მის არგუმენტაციაზე სამყაროს მხოლოდ ექვსი ათასი წლით არსებობის შესახებ. მაგრამ მთლიანობაში ეს თეორია ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ანტიქრისტეს რიცხვის, როგორც ბოროტების სიმბოლოს მისეულ გაგებასა და აღქმაზე.

უფრო მეტი სიცხადისთვის მოდი, თვით წმ. ირინეოსს მოვუსმინოთ:

"ამიტომაც მომავალ მხეცში აღსდგება და გაერთიანდება უკეთურებისა და მზაკვარების მთელი სისრულე, რათა ღმრთისგანდგომილების მთელი ძალა, მოქცეული მასში, შთაგდებულ იქნას ცეცხლის სახმილში. თანაც მისი სახელის რიცხვი იქნება ექვსას სამოცდა ექვსი, რადგან თავის თავში აღადგენს მთელ ბოროტებას რომელიც იყო წარღვნამდე და ანგელოზთა დაცემით წარმოიშვა. რადგან ნოე ექვსასი წლის იყო, როდესაც დაიწყო წარღვნა დედამიწაზე, რათა აღხოცილიყო ნოეს დროს არსებული მიწის მკვიდრთა უკეთური კერპთაყვანისმცემლობა. ასე, რომ ანტიქრისტეც აღადგენს წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ არსებულ ცთომილებებს, აღადგენს კერპებს, მოკლავს წინასწარმეტყველებს, ხოლო მართალთ ცეცხლს მისცემს" (იქვე 29:2).

იმოწმებს რა გადმოცემას ძველი კერპის შესახებ, რომელიც  საყოველთაო თაყვანისცემისთვის ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ჩამოასხეს, წმ. ირინეოსი აღნიშნავს მის ზომებს და ამბობს, რომ კერპი 60 წყრთა იყო სიმაღლით და 6 წყრთა სიგანით. ამით იქმნება რიცხვი 66. ეს კერპი იყო უკეთურებისა და უსჯულოების, ასევე ეშმაკის სიმბოლო. ანტიქრისტეს რიცხვი, როგორც ბოროტების სიმბოლო რომელიც აღესრულებოდა წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ, ასევე შედგება ორი რიცხვისგან: 600-სა და 66-სგან შედგება, სადაც 600 არის ნოეს წლოვანება, ხოლო 66 იმ კერპის რიცხვი, ნაბუქოდონოსორმა რომ ჩამოასხმევინა: "მაშ ასე, ნოეს 600 წელი, როდესაც დაიწყო წარღვნა ღმრთისგან განდგომილების გამო, ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის სიმაღლისა და სიგანის ზომები წყრთაში, რომელი კერპის გამო მართალნი შთაგდებულ იქნენ ცეცხლის სახმილში, მიანიშნებს იმის რიცხვს, რომელშიაც ისევ აღდგება ათასწლოვანი განდგომილება, უსამართლობა, უკეთურება, სიცრუე და ცრუწინასწარმეტყველება, რისთვისაც დედამიწაზე ცეცხლოვანი წარღვნა მოიწევა".

ამრიგად, წმ. ირინეოს ლიონელის მიხედვით ანტიქრისტეს რიცხვი 666 – χξς არის "ბოროტების, ღმრთისგან განდგომის, უსამართლობის, უკეთურების, ცრუწინასწარმეტყველებისა და სიცრუის" სიმბოლო.

გარდა ამისა, აპოკალიფსისის ავტორიტეტული კომენტატორები, წმ. ანდრია კესარიელი და წმ. არეთა კესარიელი მას უწოდებენ τό ψήφος (Арефа Кесарийский PG. t.104, p. 682 A число же считывамого имени его шесть сот шестьдесят шесть — Ἀριθμός δὲ τοῦ ὀνόματος τοῦ ψήφου, ἐξακόσα ἐξηκοταἐξ), რომელიც უფრო ღრმა აზრით გაიგება, როგორც საკუთარი, პერსონალური რიცხვი ანტიქრისტესი, რომელიც მის პიროვნებას აღნიშნავს.

როგორც ჯვარი წარმოადგენს ქრისტეს სიმბოლოს, ზუსტად ასევე 666 არის ქრისტეს ანტიპოდის, ანტიქრისტეს სიმბოლო. სიმბოლოს შესახებ მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, რომ ის წარმოადგენს მაკავშირებელ რგოლს ქმნილსა და არაქმნილს შორის; ის არის ღმრთის მადლის, ღმრთის ენერგიის მატარებელი და გადამცემი. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ სიმბოლო ღმერთს ეხება (Δ. ΤΣΕΛΕΓΓΙΔΗ, Συμβολική Θεολογία, Πανεπιστημιακές Σημειώσεις, Α.Π.Θ., έκδοση Υπηρεσίας Δημοσιευμάτων, Θεσσαλονίκη 1986, σ. 3., Π. ΣΚΑΛΤΣΗ, "Ἡ τῶν συμβόλων ἀλήθεια (Φαινομενολογική καί θεολογική προσέγγιση)", Λειτουργικές Μελέτες, τ. Α ́, εκδ. Π. Πουρναρά, Θεσσαλονίκη 1999, σ. 17.).

თუკი ღმრთიური სიმბოლოების მეშვეობით ადამიანი განიწმინდება და მადლს შეიძენს (При. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры.. кн 4, гл. 6. О кресте и о вере), დემონური რეალობის აღმნიშვნელი სიმბოლოებით ადამიანი განწმენდის მაგიერ შეიბილწება. სწორედ ამგვარ შემბილწველ სიმბოლოს წარმოადგენს 666 (χξς).


გ) რატომ არის გამოცხადების (13:18) ტექსტში რიცხვ 666 ნაცვლად 616 წაკითხვა არასწორი?


წმ. ირინეოს ლიონელი, როდესაც გვიხსნის ანტიქრისტეს რიცხვის, 666 (χξς)-ის სიმბოლოს მნიშვნელობას, მოჰყავს ძალზედ მნიშვნელოვანი მოწმობა იმისა, რომ "ეს რიცხვი დაფიქსირებულია აპოკალიპსისის ყველა საუკეთესო და ძველ ხელნაწერებში და თვით ისინიც, ვინაც პირადად იცნობდა იოანეს, მოწმობენ ამაზე" (Et testimonium per hibentibus his, qui facie ad faciem Joannem viderunt, καὶ μαρτυρούντων αὐτῶν ἐκείνων τῶν κατ’ὄψιν τὸν Ἰωάννην ἑωρακότων. Ibidem).

პრინციპში ეს არგუმენტები საკმაოდ ამომწურავია, განსაკუთრებით ბოლო არგუმენტი, რადგან სწორედ ის უთითებს ტრადიციაზე, რომელიც უშუალოდ აპოკალიფსისის დამწერიდან, იოანე ღვთისმეტყველიდან მოდის. ამიტომაც, უკვე ამ ავტორიტეტული მოწმობიდან გამომდინარე მამა ოლეგის სკნარის მტკიცება თითქოსდა "სრულიად შესაძლებელია ანტიქრისტეს რიცხვი 616 იყოს" და სწორედ ეს რიცხვი იყო მითითებული გამოცხადების ორიგინალურ ვარიანტში, რომელიც იოანემ დაწერა", არის მიუღებელი და არასწორი. მაგრამ ორიგინალურ ტექსტში ეს რიცხვი არც იყო, როგორ ამას წმ. ირინეოსი მოწმობს. მაშ როგორ მოხვდა ის გამოცხადების ზოგიერთ ხელნაწერში?

იმის დასამტკიცებლად, რომ ზოგიერთ ხელნაწერში ნამდვილად არსებობდა რიცხვი 616, მამა ოლეგს მოჰყავს ოქსირინხის პაპირუსი, რომელიც თარიღდება  III-IV საუკუნეებით (P 115 o P. Oxy LXVI 4499). მოგვყავს მისი ფოტოგამოსახულება, სადაც მესამე სტროფში ვხედავთ დაწერილობას χις – 616. მაგრამ რას გვეუბნება წმ. ირინეოს ლიონელი ანტიქრისტეს რიცხვის ამგვარი წაკითხვის შესახებ? წმ. ირინეოსი ბრძანებს, რომ "შეცდნენ ისინი", ვინც წმ. წერილის ტექსტში შეიტანეს 616 — χις. წმ. ირინეოსი მათ შესახებ წერს:

"იმ დროს, როდესაც ეს რიცხვი დაფიქსირებულია აპოკალიპსისის ყველა საუკეთესო და ძველ ხელნაწერებში და თვით ისინიც, ვინაც პირადად იცნობდა იოანეს, მოწმობენ ამაზე; და როდესაც გონებაც გვკარნახობს, რომ მხეცის სახელის რიცხვი, რომელიც ბერძნული იზოფსეფიით იკითხება, შეიცავს ექვსას სამოცდა ექვსს, ანუ იმდენივე ასეულს და ათეულს, რამდენ ერთეულსაც, - რადგან ციფრ ექვსის ერთნაირი განმეორება მიანიშნებს ანტიქრისტეს მიერ მთელი ღვთისგანდგომილების აღდგენას, რომელიც იყო თავიდანვე, იყო შუაში და იქნება ბოლოს, სამყაროს აღსასრულის წინ, - არ ვიცი, რატომ შეცდა ზოგიერთი და დაამახინჯა მხეცის რიცხვის შუა ნაწილი, მოაცილა მას ხუთი ათეული და მხოლოდ ათი დატოვა. ვფიქრობ, ეს გადამწერთა შეცდომით მოხდა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, რადგან ციფრები ხშირად გამოიხატებიან ასოებით და ბერძნული ასო, რომელიც გამოხადავს სამოცს, ადვილად შეიძლებოდა გადაქცეულიყო ასო იოტად (მისი ციფრობრივი შესატყვისობაა 10 - ადმ.). ზოგიერთს შეეძლო ეს მიეღო გამოუკვლეველად. ზოგიერთებმა ბრმად გამოიყენეს რიცხვი ათი, სხვებმა კი თავიანთი უგუნურებით, გამოძებნეს სახელი, რომელიც შეიცავს არასწორ და მცდარ რიცხვს. მათ, ვინაც ეს მოიმოქმედა არა წინასწარი ბოროტგანზრახვით, არამედ თავისი გონების უბრალოებით, ვფიქრობ, ღმერთი აპატიებს ამ შეცდომას; მაგრამ მათ, რომლებიც თავიანთი მედიდურობით ბედავენ მცდარი და მათ მიერ გამოგონილი სახელწოდებით განსაზღვრონ ანტიქრისტეს სახელი, საკმაო ზიანი მიადგებათ, რადგან ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და მათდამი მორწმუნეთაც". გარდა ამისა, აპოკალიფსისის სხვადასხვა ხელნაწერებში შეჰქონდათ სხვა ცდომილი რიცხვიც, კერძოდ - 606 ((Ευανγγέλια Αμοιρίδου. Ιστορία της ερμηνίας του αριθμού του θηρίου χξς (666) Αποκ. 13, 18. Διαδακτορική διατριβή... Θεσσαλονίκη 1998, σελ. 41). უეჭველად ესეც გადამწერთა შეცდომაა. რიცხვ 666-ის განმარტების ისტორიასთან დაკავშირებულ თავის სადოქტორო დისერტაციაში ევანგელია ამირიდუ წერს: χξς ან χις-ის დაწერის დილემას შეეძლო გამოეწვია დიდი პრობლემა; მაგრამ ის საბოლოოდ გაქრა, რადგან დაწერილობას χις, მიუხედავად იმისა, რომ აპოკალიფსისის დაწერის დროიდანვე გაჩნდა, სინამდვილეში არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია არც ხელნაწერ ტრადიციაზე და არც მომდევნო პერიოდის ჰერმენევტიკის ტრადიციაზე" (იქვე.σελ. 41).

გარდა ამისა, რიცხვ 666-ის ნაცვლად სხვა რიცხვების გამოენება ეწინააღმდეგება ძველაღთქმისეულ ტრადიციას, რომელიც სწორედ ამ რიცხვს უსადაგებს "მეფე სოლომონის გადასახადს" (3 მეფ. 10:14; 2 პარ. 9:13).

წმ. ირინეოსი გვაფრთხილებს არ ვენდოთ ამ შემპარულ "კალმის შეცდომებს", რადგან ამან შეიძლება მრავალი შეიყვანოს შეცდომაში და წარწყმიდოს: "მაგრამ მათ, რომლებიც თავიანთი მედიდურობით ბედავენ მცდარი და მათ მიერ გამოგონილი სახელწოდებით განსაზღვრონ ანტიქრისტეს სახელი, საკმაო ზიანი მიადგებათ, რადგან ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და მათდამი მორწმუნეთაც" (Свмч. Ириней Лиоснкий. Творения. Против ересей., кн.5, гл 30, с. 510).

მაგრამ სწორედ ამ არასწორ და ცდომილ წყაროებს უცხადებს ნდობას მამა ოლეგი და აცხადებს, თითქოსდა გამოცხადების ტექსტში თავიდან ყოფილიყოს რიცხვი 616 და არა 666.


დასკვნა


ამრიგად, მამა ოლეგის არასწორმა მტკიცებამ, თითქოსდა აპოკალიფსისის პირვანდელ ტექსტში (გამოცხ. 13:18) იდგა რიცხვი 616 და არა 666, უცილობლივ მიიყვანა იგი გამოცხადების ტექსტის შემეცნებისა და განმარტების ყალბ სისტემამდე. ამან კი, თავის მხრივ, გამოიწვია არასწორი დასკვნები, როგორც რიცხვ 666-თან, ასევე გამოცხადების ტექსტის ამგვარად აღმქმელთა კრიტიკასთან დაკავშირებით. და თუ ანტიქრისტეს ამ რიცხვის წინაშე გამოხატული ზიზღი და სიძულვილი მამა ოლეგისთვის არის ველურობა, ნამდვილი ქრისტეანისთვის ჯანსაღი დამოკიდებულებაა იმ სიმბოლოსადმი, რომელიც ანტიქრისტეს და მის გლობალურ სისტემას უკავშირდება და, რომელიც მთელს მსოფლიოს გლობალურ საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევას უქადის, სადაც ადამიანი იქნება სახელწართმეული მონა, პირუტყვი, რომელსაც უკვე დღესვე კომპიუტერული სისტემა ანიჭებს ციფრულ კოდს, რომელიც ასე თუ ისე ანტიქრისტეს სახელთან და მის რიცხვთან არის დაკავშირებული. და მამა ოლეგისთვის ეს თუ არაფერს ნიშანვს, ქრისტეს ეკლესიისთვის არსებობენ სხვა მნიშვნელოვანი ორიენტირები, რომელიც წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების 13-ე თავის 11-18 მუხლებშია მოცემული. ასვე მნიშვნელოვანი კომენტარი წმ. ანდრია კესარიელისა, რომელიც ამბობს: "ანტიქრისტეს რიცხვის მნიშვნელობას და ყოველივეს, რაც მის შესახებ არის დაწერილი, მღვიძარეთა და საღი აზრის მქონეთ დრო და ჟამი გაუცხადებს" (PG. t. 104, p 310 C. Κεφαλ. ΛΗ, Περί τοῦ μιαροῦ ὀνόματος τοῦ Ἀντιχρίστου). ზუსტად იგივეს ბრძანებს წმ. არეთა კესარიელი: "ის რაც ზუსტად შეეხება ამ რიცხვს (666 - რედ.) და ყოველივე იმას, რაც მის შესახებ არის დაწერილი, დრო, გამოცდილება და ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოაჩენს" (PG. t. 104, p. 681 C Περί τοῦ ὀνόματος τοῦ θηρίου).


ელადის ეკლესიის სინოდმა 1997 წლის თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში (№ 2626. 7.04.1997 წ.) მკაფიოდ და არაორაზროვნად განაცხადა:

ა) რიცხვი 666, როგორც აპოკალიფსისი მოწმობს, - უეჭველად არის ანტიქრისტეს რიცხვი;

ბ) შედეგად, არ შეიძლება ქრისტეანი გულგრილი იყოს იმის მიმართ, რომ ასე სისტემატურად და მიზანმიმართულად ამკვიდრებენ მას ჩვენს ცხოვრებაში;

გ) არ მივიღოთ რიცხვი 666 სახელმწიფო ელექტრონულ სისტემებში, როგორც პიროვნების დამადასტურებელი ნიშანი;

დ) ოფიციალურად დადგეს საკითხი, ევროკავშირის ცენტრალურ ელექტრონულ სისტემაში რიცხვი 666 შეიცვალოს ნებისმიერი სხვა კოდური რიცხვით;

ე) არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული, რათა რიცხვი 666 შემოვიდეს ჩვენი ქვეყნის ახალ საპასპორტო სისტემაში.



ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, როდესაც წმიდა მთის (ათონის - რედ.) ბერები ამ შტრიხ-კოდით აღბეჭდილ საჭმელ პროდუქტს ჯერ ჩამოაცილებდნენ ამ კოდს, შემდეგ გულდასმით რეცხავდნენ მას და ბოლოს აუცილებლად აკურთხებდნენ. ამ ქმედებაში გამოხატულია ქრისტეანული დამოკიდებულება ანტიქრისტეანული სიმბოლიკისადმი, რომელიც პროდუქტებს "აკურთხებს" არა ღმრთის მადლით, არამედ ბილწავს თავისი დემონური ენერგიით.

რიცხვ 666-ის წინააღმდეგ გამართული პროტესტი, როგორც ამას ზუსტად აღნიშნავს არქიმანდრიტი გიორგი, ათონის წმიდა მთის წმ. დიდმოწამე გიორგის სახელობის მონასტრის იღუმენი, არის "მართლმადიდებლური გრძნობის სწორი ფუნქციონირების მოწმობა". "ჩვენი შეშფოთება, - ამბობს ის, - ეს არის ჩვენი სულიერი მღვიძარების, ქრისტესადმი სიყვარულისა და სულის ცხოვნებისაკენ მისწრაფების გამოხატულება" (Штрих-код и число 666, исследование монастыря Григориат.//Православная Церковь о номерах, электронных паспортах и Новом Мировом Порядке. М. 2003, с. 141).

რაც შეეხება მამა ოლეგის სტატიას "ყველაზე საშინელი რიცხვი", მივიჩნევთ, რომ ის დაწერილია ან წინასწარგანზრახვით, რათა არასწორი ცნებების დამკვიდრებით და აპოკალიფსისის არასწორი განმარტებით კიდევ უფრო დიდ ცდომილებაში შეიყვანოს ქრისტეანნი, ან კიდევ ეკლესიის სწავლებისა და მამათა განმარტებების უცოდინრობის შედეგი.


წყარო: "Православный Апологет", 2012г.