უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 ოქტომბერი, 2008 წ.

„თქვენში ის გენებია, ის სისხლი და ხორცია, რომელიც იყო ჩვენს დიდ წინაპრებში - დავით აღმაშენებელში,
თამარ მეფესა და შოთა რუსთაველში. სწორედ ეს სისხლი და ხორცი, ეს გენები გვაერთიანებს!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“ - ეს სიტყვები წარმოთქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა, იხილა რა ღვთის საქმენი. დღეს ამ წმინდა ტაძარში მობრძანდნენ ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ დიდად მოხარულნი ვართ, რომ ვხვდებით მათ აქ სიყვარულითა და სასოებით. ეს ტაძარი არის გამაერთიანებელი ქართველი ერისა და სიმბოლო საქართველოს მთლიანობისა. როდესაც მეკითხებიან, თუ რას ნიშნავს ეს ტაძარი ჩვენთვის, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ამ ტაძრის სახით ქართველმა ერმა საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნა. აი, ასეთი ლამაზია ქართველი ადამიანის სული და ჩვენ ვმადლობთ უფალს - დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის!

გულითადად მოგესალმებით უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს და შევთხოვთ უფალს, რომ დადგეს ის ბედნიერი დღე და დრო,  როცა ჩვენ ყველანი კვლავ ერთად ვიქნებით. ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა საქართველოდან უცხო ქვეყნებში, მაგრამ მჯერა, რომ ისინი დროებით წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის ბედნიერი დრო, როცა უკანვე დაგვიბრუნდებიან. სულ მალე გამთლიანდება საქართველო და ჩვენი თანამემამულენიც დაუბრუნდებიან თავის კერას.

არაერთხელ შევხვედრივარ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მისაუბრია მათთან და ვიცი, რომ მათი პირველი და მთავარი ოცნება - საქართველოში ჩამოსვლაა. ახლა აქ ბრძანდებიან ჩვენი ქართველები ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მოხარულნი ვართ, რომ მოძებნეთ დრო და საშუალება და სამშობლოში ჩამობრძანდით. საქართველო თქვენი ერთადერთი სამშობლოა და ყველამ ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ თქვენ დაუბრუნდეთ სამშობლოს. მახსენდება ერთი ქართველი პოეტის სიტყვები, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მას ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „მთვარე დავტოვე სახლის დარაჯად“. წარმოიდგინეთ, ეს ხომ ტრაგედიაა, მას შინ აღარავინ დარჩა - შვილებმაც დატოვეს მშობლიური სახლი და ეს ქალი დიდი მწუხარებითა და ცრემლით ამბობს, რომ მარტო მთვარეა ახლა მათი სახლის დარაჯი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთვარე დარჩეს ჩვენი სახლების დარაჯად. თავადვე უნდა ვიყოთ საკუთარი სახლის დარაჯები, ჩვენ უნდა ვიშრომოთ, ვილოცოთ, სიკეთე ვთესოთ ჩვენს სამშობლოში.

მახსენდება ჩემი ბავშვობა. ჩემი მშობლები დიდი პატრიოტები იყვნენ და ბავშვებს დღენიადაგ მუდამ სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდნენ. მახსოვს, დედა შეგვკრებდა ხოლმე პატარებს, დავსხდებოდით ხოლმე მის გარშემო და გვარიგებდა: რაც უნდა გაგიჭირდეთ, არასდროს დატოვოთ თქვენი სამშობლო; თქვენ უნდა ზიდოთ ის ტვირთი, რომელიც ღმერთმა ჩვენს ერს დააკისრაო. დედის ეს სიტყვები სულ მახსოვს. სამშობლო - ყველაზე მეტად საყვარელია. ქართველ კაცს უთქვამს: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და საქართველო!

დღეს ჩვენი სიხარული კიდევ იმით ორმაგდება რომ დღეს ვლოცავთ ჯოხაძეების გვარს. ეს დიდი გვარია და ამ გვარში გამოჩენილი ადამიანები არიან, მათ შორისაა - ჩვენი ეკლესიის ერთი მღვდელმთავარი ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსი ელისე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მტკიცე სარწმუნოება, სიყვარული და სასოება! მამაზეციერმა მოგმადლოთ იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი მომავლისა.

კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და განსაკუთრებით მინდა, მადლობა მოვახსენო იმათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა თქვენს ჩამოყვანას.

მინდა კიდევ ერთხელ დავლოცო უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენი ქართველები. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენში ის გენებია, ის სისხლი და ხორცია, რომელიც იყო ჩვენს დიდ წინაპრებში - დავით აღმაშენებელში, თამარ მეფესა და შოთა რუსთაველში. სწორედ ეს სისხლი და ხორცი, ეს გენები გვაერთიანებს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37, 2008 წ.