წამიკითხოს ვინმემ "სულთათანა"
თორემ უფალს ვეღარ ვეტყვი სათქმელს,
შენი სიყვარულის ელდით დასჯამ
დამამსგავსა მომაკვდავის სანთელს.
ვერ გელევი, თუმცა გულმა დაგთმო,
გონებამაც მიგაბარა ღამეს,
და დაიძრა გრძნობა სადღაც, ზემოთ,
გამეჩხირე, როგორხ ლუკმა, მწარედ.
რომ ამბობენ, გაწვალდაო, თითქოს,
სული სხეულს ვეღარ შეელია,
უკითხავენ ლოცვებს, შვების მომგვრელს,
დატოვებსო უტანჯველად ყოფას...
წამიკითხოს იქნებ ვინმემ ლოცვა,
რომ დამტოვოს შუალედად, გულში
გაჩხერილმა შენმა სიყვარულმა
და დამშვიდდეს სხეულიც და სულიც.
წამიკითხოს ვინმემ სულთათანა,
თორემ გული ვეღარ უძლებს ტკივილს,
რომ შემინდოს ცოდვა მეც უფალმა
და დამტოვო, თორემ მოკვდა სულიც.
თორემ ისევ ვეღარ შევძლებ ლოცვას,
მერე ისევ ამტკივდება ხორცი...
მერე მოხვალ და ჩავიდენ ცოდვას....
ჩათვალე, რომ შენთვის უკვე მოვკვდი...
წამიკითხოს ვინმემ სულთათანა...
10.02.2011წ
დილაა ჩუმი და ზეცაც ლურჯი,
რაღა გსურს გულო, რატომ ხარ ურჩი?
ქარია ვითომ?–თრთოლვაა სუსტი
და მოლოდინით ჩუმად კვნესს გული.
ასკდება ხეებს ჰაერი ლუში,
გაჰკვეთავს ლოდინს აკორდი ჩუმი.
შეკრთება ქარი, რაღა ქნას ფიქრობს
მღერა სურს თუკი...
და ძლიერდება ჰანგები სუსტი.
ქალი თვის წარსულს ფიქრით მოიარს
და ნანობს მასზე, რაც იყო გუშინ.
გარეთ კი მშფოთავ ქარში როიალს
მდუმარედ უკრავს ვიღაცა კუშტი.
ღრიალებს ქარი, ხეებთან ცეკვავს, ზეცაა ლურჯი.
აღარ ოცნებობს წარსულზე ქალი,
შიში აქვს გულში.
აფიქრებს ხეთა და ქარის ცეკვა,
შეკითხვა ჩუმი: მუსიკა ქარში?
ეს როიალი ასკდება ფანჯრებს და
გამარჯვებას ნაჩვევ ქარიშხალს
ისევ ახელებს ურჩობა ვერხვის,
შემკრთალი ქალი კვლავ უსმენს ჩუმად
ქარიშხალს შეშლილს.
მიხვდება გრძნობით გამთბარი გული:
ვიღაცა კუშტი აკორდებს გვჩუქნის.
...და ქარის გაშლილ თმებზე ნანაობს
განწყობა ჩემი, გრძნობათა გემი.
ვიღაცა ისევ უკრავს როიალს.
კვლავ ფიქრობს ქალი:
რას ცეკვავს ქარი?
შოპენის ვალსი?
ო, არა, ბახი!
განწყობა ჩემი
მუსიკა ქარში!
გმადლობ, დედაო,
ღვთისმშობელო,
დედავ უფლისა!
დედობის მადლით
დამიფარე,
გამომაღვიძე.
წუხელის, მძინარს
ხმა ჩამესმა,
გამომაფხიზლა...
შენი ხმა იყო,
ღვთისმშობელო,
შენ დამიფარე.
და ჩემს გარშემო
იყო ცეცხლი,
იყო უკუნი,
ხმა კი მესმოდა,
გაღვიძებას მაიძულებდა,
საწოლზე იწვა
გადაღლილი
ჩემი სხეული
და მძინარს ჩუმად
ცეცხლი სიკვდილს
ემუქრებოდა.
გმადლობ დედაო,
ღვთისმშობელო,
დედავ უფლისა,
წუხელ უგონოდ
მძინარი რომ
გამომაღვიძე,
დედობის მადლით
დამიფარე
წმინდა მარიამ
და ჩემი შვილი
უდედობას გადაარჩინე.
...
დღეს წმინდა დღეა,
ტაძრად შენი მიყვანებისა
და მეც გპირდები,
რომ დღეს მოვალ
ტაძრად, შენამდე.
...
გმადლობ, დედაო,
ღვთისმშობელო,
დედავ უფლისა,
რომ ლოცვის მადლი დამიბრუნე
და შემეწიე.
ცირა თევდორაშვილი
4 დეკემბერი 2012წელი
აღარ დამრჩა შენი რწმენა და სიბნელე
დაეფინა თეთრად ნაფერ ცას.
თოვლისფერად შეამცივნა შიშველ ლერწამს
გაეტირა უცბათ გამქრალ წამს.
ჰორიზონტი დააბნელა შავად თოვამ,
ისევ ცივი გული დარჩა ქვას,
გამოეხსნა წმინდა სული შეშლილ ხროვას,
დაემსგავსა შენს ნაფერებ ტანს.
ვეღარავინ რომ ვერ ახსნა უცხოდ თოვა
ერთი სიტყვა მხოლოდ მუნჯმა თქვა:
"ახლა უკვე განათების სიბნელეა
და სიცოცხლე თქვენებურად მწვავს."
მერე ყველას ერთი რამე გაუკვირდა:
"ნუთუ მუნჯმაც ამოიღო ხმა?!"
ჩამობნელდა უნაყოფო ზეცა,
წვეთი ცრემლის ვერ ელევა სანთელს
და სიკვდილის ოცნებებთან ერთად
ლურჯი თოვლის მიმოვფანტავ ფანტელს.
დამეკარგა სადღაც ჩემი ყოფნა,
ამ სიყვარულს ვერსად დავემალე;
თეთრი ჩრდილის სინაზე და ელვა
აღარ მყოფნის, ძლიერ დავიღალე!
შემოდგომის სინოტივის სითბო
დამეუფლა, ვერ ვიშორებ, ტანზე;
გაზაფხულზე ისევ მოვალ შენთან,
მოგიყვები ნაღალატევ წამზე.
უცაბედად ჩამობნელდა ზეცა,
თბილი სხივი გადაყლაპა ღამემ,
დამიმძიმა ცრემლიანი მზერა
ფიქრმა, ყველა უნაყოფო ქალზე.
უფალო, განკურნებას არ გთხოვ,
ეს ვიცი, სასჯელია ცოდვის,
მხოლოდ დრო მომეცი, შევძლო
ფეხზე დავაყენო შვილი.
ცხოვრების ბოლომდე შეძლოს,
კაცურად გალიოს წლები,
ვასწავლო,მეგობარს ენდოს,
არ შერცხვეს გულწრფელი ცრემლის.
შენი სიყვარულით, ღმერთო,
ავუვსო ფაქიზი გული,
მერე კი, მე გეტყვი თვითონ,
წაიღე დაღლილი სული.
.........
უფალო, განკურნებას არ გთხოვ,
მაცადე, გავზარდო შვილი...
შენ ჩემი უსაზღვრო სევდა ხარ,
და ჩემი ტანჯვის ნაპირი,
იმისთვის შემომეჩვიე, რომ მნახო
სევდისფრად, ნამდვილი...
მე ასეთ ცხოვრებას გავექეც, შემოგხვდი სიცოცხლის საზღვართან,
შენ მითხარ: ადრეა სიკვდილი.
თუმცა კი, ცხოვრებით გამასწარ.
მანდომე ხელახლა მზეობა,
მაწვიმე ციური მანანა,
მასწავლე ლექსი და ზეობა,
მანდომე, რომ ვიყო ქალად და...
მერე კი, უღმერთოდ დამტოვე,...
უგულოდ დამამხე ცა თავზე,
ისეთი სიცოცხლე მარგუნე,
სიკვდილიც უმწეო ჩანს ასე...
და ვდგავარ ასე გაჩხერილი
სიკვდილ და სიცოცხლის საზღვართან,
თუკი დამტოვებდი, რად მოხველ?
შენი სულის ის ლაბირინთები მინდა დავლოცო, დედი,
შენი მონასტრისკენ მიმავალი გზები, რომ გაფორიაქებს,
მინდა შენი გულის უხმო სიმებს ჩავწვდე, დედი,
ასე უფრო მალე დავამარცხებთ ერთად ჩვენს იარებს...
შენი სულის ცრემლებს მინდა წამლად ვექცე, დედი,
შენი გრძნობებისთვის, მინდა, შუქი ვიყო, დილის,
შენი ცხოვრება, რომ ჩემთვის მთავარია, იცი,
შენს წინ დანთებული თაფლის სანთლად ვიქცე იქნებ...
მინდა, შენი სულის ლოცვით შემწე ვიყო, დედი...
და ჩემი სიცოცხლით გზას რომ გინათებდე ისევ..
იმ გზას, შენი სულის მონასტრამდე რომ მიდის
სულ ხელით დავუგებ ჩემი ცრემლების ფილებს!
14 მარტი, 2011წ
მომენატრები, დაჩრდილულ თოვლს ნისლი დაფარავს,
გადაიდარებს სადღაც ავდარს მთები, ველები...
შენს მოლოდინს კი არ აკლდება წლები, ჭაღარა,
არც ირმის ყვირილს არ მოვისმენ,> თუმცა ვბერდები....
დედის თვალები სხვა ხედვაა, სხვა სამყაროა...
ხედავს იმასაც, რასაც სხვები ვერა წვდებიან,
დედის გული კი რომ დაგითვლის შორს გულისცემას,
სუნთქვას დაგითვლის, არ აჩქარდეს, ცრემლად დაგღვარა...
სულ ყველგან შენ ხარ ჩემო ერთავ, ჩემო ცხოვრებავ,
ქვაშიც, ქვიშაშიც, ჰაერშიც და ზეცის სიღრმეშიც,
თუმც მე არ ვიცი სად გიპოვო, სად უფრო ჩანხარ,
ან სად გამათბობს შენი სუნთქვა, შენი სიშორე...
ჰო, დედის ლოცვა დაგიფარავს, ჩემო პატარავ...
ოღონდ იცოდე, დედის გულს რომ ცოტა უფრთხილდე,
თორემ წამია... გაჩერდება, შეკრავს კამარას...
მე კი ჯერ მინდა, ჩემი გული შენთვის ფეთქავდეს...
ჰო... დედის ლოცვა დაგიფარავს, ჩემო პატარავ...
ყურცქვიტამ და ნაცარამ
რომ შეჭამეს სტაფილო,
აუხირდნენ დედიკოს: მოგვიტანე აკიდო.
დედა კურდღელს ყურები დაეცქვიტა სიბრაზით,
გაზაფხულზე აკიდოს ვერ მოგიტანთ, გითხარით.
გუშინაც მოგიყევით შემოდგომის რთველზეო,
გადაპენტილ ვენახზე, გლეხის მარჯვე ხელზეო.
არ უსმინეს დედიკოს, აბაკუნეს ფეხები,
მოითხოვეს აკიდო, აღვარღვარეს ცრემლები.
ვერ გაიგეს ტყუპებმა ვერც იმ გრძელი ყურებით,
იყოს მკვახე, გვინდაო ტკბილი ყურძნის მტევნები.
ჰოდა, დედა კურდღელმა, სხვა გზა რომ ვეღარ ნახა,
მიგიტყიპათ ორივე: ყურცქვიტაც და ნაცარაც.
აი ასე, ბავშვებო, დედას თუ ეურჩებით,
ვერ გიშველით დასჯის დროს დაცქვეტილი ყურები.
ერთხელ მოგიკვდები, დედი,
იგრძნობ უჩემობის ელდას,
ერთხელ სიმარტოვე შეგშლის,
ვეღარ დაიძინებ ჩემთან...
ერთხელ ღმერთთან წავალ, დედი,
ალბათ სულს წავართმევ ეშმაკს,
შენზე დარდი იქაც შემშლის,
ვიღას დაუძახებ დედას...
ერთხელ გულს დავტოვებ დედი შენთან
და ჩუმად წავალ ღმერთთან...
5.12.2012
უფალო, იქნება გზას ვეღარ გამოვყვე,
ვგრძნობ,თითქოს ეს ხიდიც უეცრად ჩატყდება.
ერთსა გთხოვ, მოვასწრო და ლოცვის მაგიერ
მიიღო ღაღადი ცოდვილი სულისა:
ნათელი სულით და ჯანსაღი გონებით,
ჯანმრთელი სხეულით ის ერთი მიცოცხლე,
პატარა, ლამაზი, ცელქი ანგელოზი
დედას რომ მიწოდებს!
მაპატიე,
ვერ ჩავტიე ლექსში ცრემლად
გულში სევდად ამოსული გვირილები...
მაპატიე...
ტკივილშიც ვერ დაგატიე,
და ვერც დაგთმე,
შენ კი, ისევ მერიდები...
მაპატიე
ვერ ვაჯობე ამ ცხოვრებას,
სხვას რას ვერჩი,
დაგპირდი, რომ გივიწყებდი...
ამიფეთქდა მოგონება
სულში ცეცხლად...
მაპატიე
შენთვის უცხო ტკივილები...
და მე წავალ უკვე მოსულ
ზამთრის პირზე,
და გპირდები
უკან აღარ მოვბრუნდები...
ცოდვის მონა ვარ,
ვერ ვერევი, მამაო, სხეულს,
გონებით ვიცი,
სურვილები მოვთოკო უნდა...
სხეულს ჩაუცვამს ძაძები და
სიყვარულს გლოვობს,
სხეულს არ უნდა, რომ დამტოვოს
ცარიელ გულთან.
წლები კი გადის,
მოგონება კვლავ მიწვავს სხეულს...
სულს სხვა სწყურია,
სულს სულ უნდა, რომ იყოს ღმერთთან!
6.10.2013